Home Blog Page 40

თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში გვახარებს ეს წარმატება -ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს მიმართა

თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში გვახარებს ეს წარმატება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო დაკავშირებადობა და შუა დერეფნის პროექტი.

„პირისპირ შეხვედრისას ვისაუბრეთ დაკავშირებადობასა და შუა დერეფნის პროექტზე. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ და პარტნიორები არიან. ჩვენი ჩართულობა რეგულარულია და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ ამ მიმართულებებით. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებული იქნება. ბუნებრივია, ამ პროექტში ჩვენ მჭიდრო კავშირი უნდა შევინარჩუნოთ სხვა ქვეყნებთან სამეზობლოში და ეს მოიცავს ფართო გეოგრაფიას. აზერბაიჯანი და საქართველო იქნება ის კავშირი და ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ამას და ვიცი, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ფართოვდება საქართველოშიც, ისევე როგორც აზერბაიჯანში. განსაკუთრებით ეს შეეხება გაციფროვნებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაციფროვნებას. ეს პარალელურად მიმდინარეობს ორივე ქვეყანაში, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. ჩვენ ვართ ძლიერი პარტნიორები და ძალიან ფასეული სერვისები შეგვიძლია შევთავაზოთ სხვა ქვეყნებსაც.

ჩვენ ბევრი რამის მიღწევა მოვახერხეთ, რასაც გაფართოებულ ფორმატში განვიხილავთ. აქვე მინდა დავამატო, რომ თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში გვახარებს თქვენი წარმატება, გისურვებთ მომდევნო წარმატებებს მომავალშიც“, – აღნიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

გოგა ხაინდრავა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს ღია წერილით მიმართავს

გოგა ხაინდრავა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა“

ათი მცნება

მედიასივრცეში შემთხვევით წავაწყდი საჯარო განცხადებას, შემდეგი წინათქმით:

„მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია, მით უფრო, თუ ეს მოქალაქეები ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში იბრძვიან თავისი სამოქალაქო უფლებების და უკეთესი მომავლისთვის“.

ინფორმაციის წყარო − „მთავარი არხი“ (6 იანვარი 2025 წ. 22:44).

არ შევაჩერებდი ყურადღებას, რომ არა ერთი გარემოება. აღმოჩნდა, რომ ეს არის ამონარიდი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილის საშობაო მილოცვიდან. როდესაც ვკითხულობდი ამ მილოცვას, ჩემდა უნებურად გონებაში ამომიტივტივდა მეცხრე მცნება, რომელიც ამ წერილის სათაურში მაქვს გამოტანილი.

მიტროპოლიტო გრიგოლ!

თქვენს „საშობაო მილოცვაში“ ბრძანებთ:

„დღეს, საქართველოში, ჩვენ თვალწინ იბადება ახალი საზოგადოება“.

საინტერესოა, რომელი ახალი საზოგადოების დაბადებას გულისხმობთ, მღვდელმთავარო?
იმ საზოგადოების, რუსთაველის გამზირზე, მჩხიბავების მიერ ნემსებით დაჩხვლეტილი ცოცხალი ადამიანის ფიტულის, უფლის გამოსახულებით შემკულ კუბოში, საშობაო ნაძვის ხის ქვეშ დაწვას აღტაცებული ტაშით რომ ეგებება?! თუ იმ, ჩვენ თვალწინ დაბადებული ახალი საზოგადოების, შობის კვირაში, ქაშვეთის ეკლესიის წინ, ქალის ჭრელ ტანსაცმელში გამოწყობილი წვერებიანი მამაკაცის თავდავიწყებული როკვით რომ ერთობა?! თუ იმ ყმაწვილი ქალების გუნდს გულისხმობთ, ახალდაბადებულ საზოგადოებაში, უშვერი ბილწსიტყვაობით გაჯერებულ სიმღერას რომ გაჰკივიან სახალხოდ ქუჩებში, შობის მარხვაში, და ამით იწონებენ თავს?! ან იქნებ იმ ახალდაბადებულ საზოგადოებას, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ლანძღვა-გინებისას დუჟი რომ ადგათ პირზე?! თუ იმ, ლგბტ-ატრიბუტიკაში გახვეულ ახალდაბადებულ საზოგადოებას გულისხმობთ, ევროპელ მამათმავალ პოლიტიკოს-პროპაგანდისტებს, ანტისახელმწიფოებრივ მიტინგებზე ოვაციებს რომ უწყობენ?! იმათ ხომ არა, მღვდელმთავარო გრიგოლ, რესტორნებში და სასტუმროებში, სტუმრებს კერძების შარდით და ნერწყვით შეკაზმვას რომ უქადიან?!

სხვა, მშობიარობის ჭინთვები, ახალი საზოგადოების დაბადების პროცესის მანიშნებელი, ანდა მშობიარეთა გულშემატკივრების თავყრილობები, თბილისის ქუჩებში თუ სრულიად საქართველოში არ შეიმჩნევა! იქნებ თქვენს ეპარქიაში ხდება რაიმე განსხვავებული და ჩვენ ეს გამოგვრჩა?

„მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია, მით უფრო, თუ ეს მოქალაქენი ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში იბრძვიან თავისი მოქალაქეობრივი უფლებების და უკეთესი მომავლისთვის…“ − ბრძანებთ თქვენს საშობაო მილოცვაში, მიტროპოლიტო გრიგოლ.

საინტერესოა, თქვენთან ერთად კიდევ ვის მიაჩნია (მილოცვაში მრავლობით პირში ბრძანებთ, იმიტომ ვკითხულობ), რომ „მოლოტოვის კოქტეილის“, პიროტექნიკის, ქვების, ნავთით, წყლით და ქვიშით სავსე ბოთლების პოლიციელებისთვის მიზანმიმართულად სროლა, მათ მიმართ ძალადობა, მათი ცოცხლად დაწვის მცდელობა და დასახიჩრება! პარლამენტის შენობის შტურმი! სახელმწიფო და კერძო ქონების განადგურება, ქუჩებში მანქანების დაწვა და თბილისის ცენტრალური გამზირის გავერანება! დაშვებულია კონსტიტუციის ფარგლებში და მოქალაქეობრივი უფლებებისთვის და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას ნიშნავს! ქართველი პოლიციელები კი, ქვეყნის მოქალაქეების კატეგორიას არ განეკუთვნებიან?!

იქნებ თქვენ, მვღდელმთავარო, ან იმ ადამიანებმა, რომლებსაც ერთნაირად მიგაჩნიათ, მიგვითითოთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში, კონკრეტულად რომელი მუხლები გულისხმობენ და განსაზღვრავენ, იმ ვანდალური აქტების განხორციელების უფლებას, რომლის მოწმენი გავხდით ჩვენ თბილისის ქუჩებში, ახალი საზოგადოების მშობიარობის პროცესში.

„ადამიანის ღვთივბოძებული თავისუფალი ნების ჩახშობისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა არის ძალადობა ადამიანის მიმართ. ადამიანის თავისუფალი ნების მიმართ ხელშეუხებლობა კი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ქრისტიანული აზროვნების, ამასთანავე, წარმმართველი პრინციპი უძველესი ქართული კულტურის“, – აღნიშნავთ თქვენს საშობაო მილოცვაში, მიტროპოლიტო გრიგოლ.

შეუძლებელია არ დაეთანხმო, მღვდელმთავარო, თქვენს ამ მოსაზრებებს. თუმცა იმის გაფიქრებაც კი, რომ თქვენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარს, მიგაჩნიათ, რომ იმ ბარბაროსულ აქტებს, დაბადების პროცესში მყოფი ახალი საზოგადოების წარმომადგენლები – „ღვთივბოძებული თავისუფალი ნების და ქრისტიანული აზროვნების, ამასთანავე, უძველესი ქართული კულტურის წარმმართველი პრინციპებით“ შთაგონებულები სჩადიოდნენ?! წარმოუდგენელია!

„ქრისტიანული მრწამსი ჩვენ გვავალებს, რომ ამ პრინციპების უგულებელყოფის შემთხვევაში ხმა ავიმაღლოთ და ვამხილოთ კიდეც ძალადობა!“ – სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ, მიტროპოლიტო გრიგოლ!

მე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წევრი, მოკრძალებით მოგმართავთ თხოვნით, მიტროპოლიტო გრიგოლ, გაგვარკვიოთ, როგორ მიგაჩნიათ, ახალი საზოგადოების დაბადების პროცესში, ვის მიერ და რა შემთხვევაში იყო „უგულებელყოფილი ქრისტიანული მრწამსის პრინციპები“?

რათა ჩვენც, თქვენი კურთხევით, ხმა ავიმაღლოთ და ვამხილოთ ძალადობა!

ქრისტესმიერი მორჩილებით,
გიორგი ხაინდრავა“.

პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მივეცი ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, ის ამას იკვლევს -ჯო უილსონი

მე პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მივეცი ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, ის ამას იკვლევს,- ამის შესახებ „რესპუბლიკელმა კონგრესმენმა“, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა განმა განაცხადა.

უილსონის თქმით, შთაგონება არის ქართველი ხალხი, რომელიც მშვიდობიან პროტესტს აგრძელებს და ითხოვს სამართლიან, თავისუფალ არჩევნებს.

„ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მტკიცედ იდგებიან ქართველი ხალხის გვერდით. მე თვითონ ძალიან მოხარული ვარ, რომ ვავრცელებ ინფორმაციას საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შესახებ. ისევ და ისევ, ჩვენ გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში. ნამდვილად არსებობს მსგავსება, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოს ოჯახი თავად გამოიქცა კომუნისტური ქვეყნიდან. მას კარგი აღქმა აქვს იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მასზე უკეთესი სახელმწიფო მდივანი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების წასახალისებლად ვერ გვეყოლებოდა. იგივეს ვიტყვი, დონალდ ტრამპზე, რომელიც ის ადამიანია, ვისაც მთელ მსოფლიოში სურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

მე პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მივეცი ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ის, ამას იკვლევს, მაგრამ გავიმეორებ, ჩვენ შთაგვაგონებს ქართველი ხალხი, რომელიც მშვიდობიან პროტესტს აგრძელებს და ითხოვს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. პრეზიდენტ ტრამპისთვის პრიორიტეტია, რომ მსოფლიოს ქვეყნები ატარებდნენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საკუთარი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ჯო უილსონმა, რომლის კომენტარსაც „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

სამშაბათს დილიდან ახალი მზე ამოვა დასავლურ სამყაროზე -ვიქტორ ორბანი

სამშაბათს დილიდან ახალი მზე ამოვა დასავლურ სამყაროზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხდა.

ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის საერთაშორისო პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩსი ავრცელებს.

ვიქტორ ორბანმა დემოკრატების ადმინისტრაციის „მწარე, რთულ და მტკივნეულ“ დასასრულს გარდამტეხი მომენტი უწოდა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები პრეზიდენტ ტრამპს გაყალბების გზით მოპარეს და ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა.

ორბანმა ასევე ხაზი გაუსვა კონტრასტს რესპუბლიკურ ნაციონალიზმსა და დემოკრატიულ გლობალიზმს შორის, რომელიც, მისი თქმით, მოქმედებს ისეთი ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ჯორჯ სოროსის ქსელი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა დემოკრატები ეკონომიკური ინტერესებისთვის პრიორიტეტის მინიჭებისთვის, მასობრივი მიგრაციისა და გენდერული სიგიჟის ხელშეწყობისთვის და კონფლიქტის გზით მათი მიზნების განხორციელებისთვის, როგორც ეს, მისი თქმით, უკრაინის ომში ჩანს.

2025 წელი: ომი თუ მშვიდობა? -ავთანდილ წულაძე

რამდენიმე დღეში დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად შეუდგება. ეს ფაქტი დიდ შეშფოთებას იწვევს როგორც თავად ამერიკაში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი ჩავიდა კიევში ვიზიტით, რომლის მიზანი არის ორ ქვეყანას შორის „100-წლიანი პარტნიორობის“ შესახებ შეთანხმების გაფორმება უსაფრთხოების სფეროში.

https://edition.cnn.com/2025/01/16/europe/uk-starmer-ukraine-zelensky-pact-intl-hnk/index.html

ევროკავშირის ლიდერებიც უკრაინას უცხადებენ მხარდაჭერას, იმის შიშით, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მოსვლით შეერთებული შტატები შეწყვეტს კიევისთვის სამხედრო დახმარებას.

ევროპელები შეშფოთებულნი არიან ტრამპის სავარაუდო შეთანხმებით პუტინთან, რაც უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის უსაფრთხოებაზე. ამავე დროს, ახლო აღმოსავლეთში იზრდება შიში ისრაელსა და ირანს შორის აშშ-ს მხარდაჭერით სამხედრო კონფლიქტის შესახებ. ირანი ემზადება რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების გასაფორმებლად, მაგრამ ამავდროულად, სიგნალებს უგზავნის ვაშინგტონს ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ.

აშშ-შიც დიდი შეშფოთებით ელიან დონალდ ტრამპის მოსვლას. მაგალითად, ჟურნალმა Foreign Affairs-მა გამოაქვეყნა მარგარეტ მაკმილანის სტატია სათაურით „სტრესის ტესტი“.

https://www.foreignaffairs.com/united-states/stress-test-trump-margaret-macmillan

ანალიტიკოსი იყენებს ისტორიულ მაგალითებს იმ პიროვნებების როლზე, რომლებმაც რადიკალურად შეცვალეს მოვლენების მიმდინარეობა მსოფლიოში. ნაპოლეონი, ჰიტლერი, ლენინი, სტალინი, რუზველტი, ჩერჩილი, ავტორის გადმოსახედიდან, „ცვლილებების აგენტები“ იყვნენ. ასეთი პიროვნებები ცვლიან ერების და მთელი მსოფლიოს ბედს. მაგრამ ეს ცვლილებები შეიძლება არ იყოს უკეთესობისკენ.

არის თუ არა დონალდ ტრამპიც გლობალური „ცვლილებების აგენტი“? თუ გავითვალისწინებთ იმ რეზონანსს, რომელიც მისმა განცხადებებმა გამოიწვია ჯერ კიდევ ტრამპის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებამდე, ცვლილებების პროცესი უკვე დაწყებულია. განადგურებულია ძველი წესები და ბალანსის სისტემები. დონალდ ტრამპი არ სცემს პატივს  მსოფლიოში დადგენილ წესებს. გამოცდილმა შოუმენმა, ტრამპმა იცის როგორ იმუშაოს მასობრივ აუდიტორიასთან. ის თავისთვის ქმნის იმიჯს, როგორც არაპროგნოზირებადი „მკაცრი ბიჭის“, რომელიც არღვევს ძველ წესებს და ქმნის საკუთარს.

ჰოლივუდის ეს სურათი იზიდავს ამომრჩევლების სიმპათიებს მის მიმართ, მაგრამ ამავე დროს ზრდის გაურკვევლობას, როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე აშშ-ს შიდა პოლიტიკაში. როგორც მარგარეტ მაკმილანი წერს: „როდესაც ტრამპი თეთრ სახლში თანამდებობას დაიკავებს, ძნელია წინასწარ განსაზღვრო, მოჰყვება თუ არა მის ქმედებებს საერთაშორისო დაძაბულობის  ტემპერატურის დაწევა, თუ პირიქით, გაზრდის მას“.

https://www.foreignaffairs.com/united-states/stress-test-trump-margaret-macmillan

დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ ის არ იწყებს ომებს არამედ აჩერებს მათ. მსახიობმა ვლადიმერ ზელენსკიმ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთთან მშვიდობისა და შეთანხმების მიღწევის დაპირებით. მაგრამ რეალობაში, პრეზიდენტ ზელენსკის დროს დაიწყო მასშტაბური ომი უკრაინასა და რუსეთს შორის.

ზელენსკის მაგალითი ერთგვარი გაფრთხილებაა სხვა პოპულისტებისთვის. ზღაპრული დაპირებები იზიდავს ამომრჩევლებს, მაგრამ მათი განხორციელება რთულია პრაქტიკაში.

ტრამპმა უკვე არ ახმოვანებს წინასაარჩევნო სლოგანს 24 საათის განმავლობაში უკრაინაში ომის შეჩერების შესახებ. ტრამპის მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კიტ კელოგმა განაცხადა, რომ  კონფლიქტის  მოგვარებას 100 დღე დასჭირდება, მაგრამ ეს პერიოდიც შეიძლება ბევრად უფრო გრძელი გახდეს.

დონალდ ტრამპი  საპრეზიდენტო ვადას ლოს-ანჯელესის ხანძრის ფონზე იწყებს.  მსოფლიოს „ოცნების ქარხანა“ ჰოლივუდიც კი დაიწვა.  ამაში არის ერთგვარი მეტაფორა. იწვის ილუზიები და „ქარხანა“, რომელიც მათ აწარმოებს. თანამედროვე სამყაროს რეალობა არის მძიმე საერთაშორისო კრიზისში, რომელიც მოითხოვს გადამწყვეტ მოქმედებას წამყვანი ქვეყნების ლიდერებისგან.

სანახაობრივი შოუები ვერ შეცვლის აუცილებელ გადაწყვეტილებებს უსაფრთხოების, ეკონომიკის, ტექნოლოგიური განვითარების სფეროებში. მსოფლიოში კრიზისი და გაურკვევლობა გაძლიერდება.  ახალი ომები და კონფლიქტები უფრო სავარაუდო სცენარია, რადგან ტრამპი გლობალური „ცვლილებების აგენტია”.

ასეთი ლიდერები ანადგურებენ მსოფლიო წესრიგს. ტრამპის მეორე ვადის პერიოდი  არის ძველი მსოფლიო წესრიგის განადგურების ეპოქა. დიდი ქვეყნების მეტოქეობაში გაირკვევა ვინ შექმნის ახალ მსოფლიო წესრიგს.

ავთანდილ წულაძე –პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი

რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას -ირაკლი კობახიძე

ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული, განვახორციელოთ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას რეგიონში, საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კომისიის სხდომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის დინამიურ თანამშრომლობას.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ვიმყოფები ბაქოში, ქალაქში, რომელიც ყოველ ვიზიტზე გვაოცებს თავისი სილამაზით და განვითარების ტემპით. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, პირველად გავუწიო თანათავმჯდომარეობა საქართველო-აზერბაიჯანის რიგით მე-10 მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიას. ღრმად ვარ დარწმუნებული, დღევანდელი სხდომა გამოკვეთს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო დინამიური და ნაყოფიერი გავხადოთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა. აქვე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და აზერბაიჯანს მივულოცო გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენციის (COP-29) წარმატებით ჩატარება. მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო COP-29-ის მუშაობაში. მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, როგორც საკვანძო მოცემულობას რეგიონული განვითარებისა და მდგრადი კეთილდღეობისათვის.

„დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით არა თუ გადავლახავთ ყველა გამოწვევას, არამედ გამოვიყენებთ არსებულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობისათვის. ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული, განვახორციელოთ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას რეგიონში. საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით“, – აღნიშნა პრემიერმა.

მინდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა და საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება კიდევ ერთხელ მოგილოცოთ -ალი ასადოვი ირაკლი კობახიძეს

დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა.

მისი თქმით, დანიშვნიდან ცოტა ხნის შემდეგ აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების პატივისცემას.

„დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. 2024 წელი, როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო. აზერბაიჯანის ისტორიაში პირველად, ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საქართველოშიც ჩატარდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგები აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების ნების გამომხატველი იყო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა და საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლებები, კონსტრუქციულად და მჭიდროდ იმუშავებენ და ჩვენი ხალხების განვითარებას და კეთილდღეობას ხელს შეუწყობენ. დანიშვნიდან ცოტა ხნის შემდეგ აზერბაიჯანში თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების პატივისცემას თქვენი მხრიდან და ჩვენ დიდად ვაფასებთ ამას“, – განაცხადა ალი ასადოვმა.

დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობათა განვითარებას -ალი ასადოვი

მიმდინარე ვიზიტისას, თქვენი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრაცაა დაგეგმილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასდოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა.

მანვე მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს COP29-ის კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი აფასებს საქართველოს წვლილს გლობალური მასშტაბის კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში.

„გასული წლის განმავლობაში ორჯერ იმყოფებოდით აზერბაიჯანში. თქვენთან როგორც მარტში, ასევე ნოემბერში COP29-ის ფარგლებში შეხვედრები ძალიან კარგად მახსენდება. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაგიხდით აქტიური მონაწილეობისთვის COP29-ის ფარგლებში. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს გლობალური მასშტაბის კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში. დღეს ჩვენ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 საიუბილეო სხდომას ვატარებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მსჯელობები მიღებული გადაწყვეტილებები და ოქმები, ასევე ორმხრივი დოკუმენტები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას“, – განაცხადა ალი ასადოვმა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საელჩოს ახალი შენობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დათვალიერება.

„აღნიშნული მიწის ნაკვეთი გამოყოფილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დავალებითა და მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით. ის ბაქოს ცენტრში, ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილზე მდებარეობს,“- აღნიშნა აზერბაიჯანის პრემიერმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ბრიუსელში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურთა სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდა, რომელსაც სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი ხელმძღვანელობდა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მოქმედ თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს საქართველოსა და ნატო-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მედალი „დიდგორის ჯვარი“ გადასცა.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ახლად არჩეულ თავმჯდომარესთან, ადმირალ კავო დრაგონესთან. გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველო-ნატო-ს შორის სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ნატო-ს შტაბბინაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ასევე, გამართა ორმხრივი შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან, სადაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ახალ ადმინისტრაციას საქართველოზე ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ -მაიკლ კარპენტერი

ვფიქრობ, ჩვენ ახალ ადმინისტრაციას საქართველოზე ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმასთან” განაცხადა.
მისი თქმით, საბოლოოდ, ცხადია, საკუთარი ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
„ვფიქრობ, ჩვენ ახალ ადმინისტრაციას ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ. ჩვენ გავყინეთ ყველანაირი დახმარება – 95 მილიარდ დოლარზე მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის, დავასანქცირეთ საქართველოს მთავრობის ბევრი ოფიციალური პირი ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობისთვის, რაც პროტესტის და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას ეხებოდა. ჩვენ დავასანქცირეთ ამ რეპრესიების წამყვანი არქიტექტორები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია საქართველოს, არა მხოლოდ შიდა ორიენტაციის, არამედ მისი საგარეო პოლიტიკის შესახებაც, რომელიც სულ უფრო ემსგავსება რუსეთისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკას.
ასე რომ ჩვენ ახალ გუნდს, ეს სიტუაცია, ამ ადმინისტრაციისგან ძალიან მრავალფეროვანი ქმედებების ნაკრებით გადავეცით, საბოლოოდ კი, ცხადია, საკუთარი ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, – განაცხადა კარპენტერმა.

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებმა ქართველი ხალხის ნება კიდევ ერთხელ აჩვენა.

„მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებსა და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს.

აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა.

ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სამმხრივ დიალოგს და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 343 პირი, მათ შორის, 49 ჟურნალისტი.

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, თითოეულ შემოსულ შეტყობინებაზე სწრაფი სამართლებრივი რეაგირება მოახდინა. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 343 პირი, მათ შორის, 49 ჟურნალისტი.

აქციაზე დაშავებული 226 პირის მიმართ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

სამსახური დეტალურად სწავლობს საპროტესტო აქციის გამართვის ადგილსა და მიმდებარე ქუჩებზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების, ასევე სხვა წყაროებიდან მოპოვებულ ჩანაწერებს, რომელთა ჯამური ხანგრძლივობა 1 400 საათს აღემატება. მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა 59 პირის ტანსაცმელი, რომელზეც ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები დაინიშნა. დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარეობს აქციაზე დაკავებულ პირთა ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალების გამოთხოვა და შესწავლა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ასევე, მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებასა და დაშავებულ მოქალაქეთა დაკავებაში მონაწილე სამართალდამცავების გამოკითხვები.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ დაზარალებულის სტატუსი უკვე 52 პირს მიენიჭა.

სამსახური აქციაზე დაშავებული მოქალაქეების უფლებების დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას იყენებს, ამ მიზნით თითოეულ მათგანს უტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, მათი დაზიანების დოკუმენტირებისთვის კლინიკებიდან ხდება სამედიცინო დოკუმენტების გამოთხოვა, გამოძიება სწავლობს გამოკითხვაში მათ მიერ დაფიქსირებულ ყველა გარემოებას. თითოეულ პირს და მათ უფლებადამცველებს სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის და გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა, მაქსიმალურად ინფორმირებული არიან მიმდინარე გამოძიების პროცესის თაობაზე.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახური, დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, ასევე, აქტიურად აწარმოებს გამოძიებას 2024 წლის 7 დეკემბერს, ქ. თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა 52 პირი.

თავდასხმის ამსახველ კადრებზე, ასევე, გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილიდან და მიმდებარე ქუჩებიდან მოპოვებულ სამეთვალყურეო ვიდეო კამერის ჩანაწერებზე, სადაც აღბეჭდილია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გადაადგილება, პირთა იდენტიფიცირების, მათ შორის გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებებთან შესადარებლად, ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა.

ტელეკომპანია ,,ტვ პირველის” მომართვის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით 2025 წლის 16 იანვარს ამოღებულ იქნა მეხსიერების ბარათი, რომელშიც დაცულ მასალას შესაბამისი ექსპერტიზები ჩაუტარდება.

პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონებზე და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთებზე, მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა.

გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებების დაზარალებულთან შესაძლო ფიზიკური შემხებლობის და გენეტიკური პროფილების დასადგენად ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბიოლოგიურ-გენეტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები ტარდება.

მიმდინარე ექსპერტიზებთან დაკავშირებით, სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული ცნობილი არიან დაზარალებულად.

საქმეზე გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, ძარცვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის, 118-ე მუხლის მეორე ნაწილის და 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

სამსახური გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას დამატებით მიაწვდის“, – ნათქვამია განცხადებაში.