Home Blog Page 40

აშშ-ის საელჩოს „ქარდები“ პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და სახელისუფლებო გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას ასახავდა – გივი მიქანაძე 

1-ელ ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგისტრაცია. მან გაასაჯაროვა ორი პირის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცედურაში დაეხმარებიან, რაც ცალსახად წინასაარჩევნო პროცესებში უცხოური ჩარევაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მან ასევე მოიყვანა აშშ-ის საელჩოს მიერ განთავსებული „ქარდების“ მაგალითი, რომლებიც კონტექსტიდან გამომდინარე, მიქანაძის შეფასებით, სახელისუფლებო გუნდის საწინააღმდეგო პოზიციებს გამოხატავდა. ასევე, გაიხსენა ევროკავშირის ელჩის მიერ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების ნეგატიური შეფასება.

„1-ელი ოქტომბრიდან დაწყებული აშშ-ის საელჩო თავის Facebook გვერდზე სისტემატურად ათავსებდა „ქარდებს“, რომლის შინაარსიც კონტექსტიდან გამომდინარე პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და სახელისუფლებო გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას ასახავდა.

4 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საჯაროდ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბილბორდებზე ასახული ინფორმაცია არის „სამარცხვინო, შოკისმომგვრელი და ამაზრზენი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პროცესში ოპონენტების მხრიდან წარმოებულ კამპანიაზეც და ის „ნეგატიურად“ შეაფასა.

„26 სექტემბერს Facebook-ზე გავრცელდა „ქართული ოცნების“ ბანერის გაყალბებული სურათი, რომლითაც „ქართული ოცნების“ დევიზი „აირჩიე მშვიდობა“ გაიგივებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან.

სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა გაყალბებული ვიდეო მონტაჟი, რომლითაც თითქოს ქუთაისში განთავსებულ „ქართული ოცნების“ ბანერზე მითითებულია ყალბი დევიზი: „მხოლოდ დანგრეული გელათით, დანგრეული პარლამენტით, აშენებული კორუფციით, ევროპაში“.

3 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა ვიდეო მონტაჟი, სადაც გორში განთავსებულ „ქართული ოცნების“ ბანერზე გაყალბებულია პარტიის სლოგანი და მითითებულია „მხოლოდ ბოდიშით, მუხლებზე დგომით, დათმობით რუსეთისკენ“, – განაცხადა მიქანაძემ.

მგონი, ივანიშვილიც აღარ აპირებს 41 შემოხაზოს – ღარიბაშვილი რომ 41-ს არ შემოხაზავს, ასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ – გიორგი ვაშაძე

ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭიროს – ხალხო, უბრალოდ შეხედეთ, მგონი, ბიძინა ივანიშვილი აღარ აპირებს, რომ 41 შემოხაზოს, თქვენ რატომ უნდა შემოხაზოთ? – ირაკლი ღარიბაშვილი რომ 41-ს არ შემოხაზავს, ასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ,- ასე უპასუხა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კითხვას, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი მათი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე არ იმყოფებოდნენ.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა არის „იზოლაციის, სიღარიბის, მათი გამდიდრების და ხალხის გაღარიბების“.

„ეს პროგრამა არის იზოლაციის, სიღარიბის, მათი გამდიდრების და ხალხის გაღარიბების. რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ 12 წლის განმავლობაში? მილიონი ადამიანი ქვეყნიდან გააქცია იმიტომ, რომ აქ შემოსავალი არ არის; 20 ათასით შემცირდა შობადობა; კორუფცია, კრიმინალი, ნარკომანია და მეტი რუსეთი – ეს მოიტანა 12 წლის განმავლობაში. ამიტომ, მათი ტყუილები დამთავრებულია, ფარსი იყო თავიდან ბოლომდე. რაც შეეხება ივანიშვილის არ მოსვლას, როგორც ჩანს ივანიშვილი უკვე ემიჯნება კობახიძეს, მათ გუნდში სერიოზული პრობლემა აქვთ. აღარაფერს ვიტყვი ღარიბაშვილის და კობახიძის ჩხუბზე. ეს არის, ფაქტობრივად, ამ პოლიტიკური ძალის ჩამოშლა. ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭიროს, ხალხო, უბრალოდ შეხედეთ, მგონი, ივანიშვილი აღარ აპირებს, რომ 41 შემოხაზოს. თქვენ რატომ უნდა შემოხაზოთ? მართლა ვამბობ. ღარიბაშვილი რომ 41-ს არ შემოხაზავს, ასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ. ვფიქრობ, 80%-ით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი 41-ს არ შემოხაზავს. არ ვიცი, 5 ნომერს შემოხაზავს თუ არა, მაგრამ თუ შემოხაზავს, მასაც ვეუბნებით, რომ საქართველო ძალიან სწრაფად წავა წინ. იმ სიღატაკეში აღარ იქნება, რომელიც მან მოიტანა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, პარტიის ლიდერი გამოეხმაურა მმართველი გუნდის მიერ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ხელახალი იმპიჩმენტის დაწყების პროცესს და აღნიშნა, რომ მათ „კიდევ ერთი წაგებული პროცესი“ წამოიწყეს.

„ქართული იქნება“ მარცხდება. 20%-ზე მეტს ვერ აიღებს. ახლა კიდევ ერთი წაგებული პროცესი წამოიწყო. არ ვიცი, ამით რას ამტკიცებენ. ვფიქრობ, რომ ისეთი დაბნეულობაა მათ წრეებში, რომ ვეღარაფერს იგონებენ, გარდა ასეთი სისულელეებისა, თორემ აგერ, მთელი საქართველოს იურისტები აქ არიან, ჰკითხეთ, თუ სისულელე არაა მათი ინიციატივა. ნუ გეშინია ბიძინა! დამარცხდები, წახვალ სახლში, მეტი არაფერი. ან პარლამენტში დაჯდები იმუნიტეტისთვის, რომლისთვისაც სიაში ჩაეწერე. უკვე, საზოგადოება გადაწყვეტს თქვენი პოლიტიკური ძალის ბედს“, – განაცხადა ვაშაძემ.

თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია.

სპეციალური შეთავაზების ფარგლებში გაიცემა 50,000-დან 500,000 ლარამდე სესხი უზრუნველყოფის გარეშე. სესხის პროცენტი: არაუმეტეს 10%-ისა პირველი 60 თვის განმავლობაში.

დამატებით, თუ თანხა მოხმარდება საინვესტიციო მიზნობრიობას და მოხდება ევრო სტანდარტის აქტივის შეძენა, მომხმარებელი შეძლებს დაიბრუნოს სესხის თანხის 10-15%.

გარდა ამისა, თიბისი ქალ მეწარმეებს სთავაზობს კიდევ სხვა შეღავათებსაც სხვადასხვა საბანკო პროდუქტზე, მათ შორის:

  • თიბისის ტერმინალის საკომისიოზე 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი
  • თიბისის ბარათებით შესრულებულ ტრანზაქციაზე – 1.4%, მინ. 0.1 ლარი (ნაცვლად 1.5% სა)
  • პარტნიორი ბანკების ბარათებით შესრულებულ ტრანზაქციაზე – 1.4%, მინ. 0.1 ლარი (ნაცვლად 1.7% სა)

R

პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებზე და შედეგებზე, რომლებიც ყველა მიმართულებით თვალსაჩინოა – ოთარ შამუგია 

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებზე და შედეგებზე, რომლებიც ყველა მიმართულებით თვალსაჩინოა. ეს შედეგები არაერთი კვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მათი კვლევებითა და შეფასებებითაა დადასტურებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მედიასთან განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომლის თანახმად, მომავალი 4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის 3 მილიარდი ლარი გამოიყოფა და აღნიშნა, რომ ეს არის უპრეცედენტო თანხა, რაც მიმართული იქნება აგრარული დარგის დასაფინანსებლად.

„ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ხელშესახებ შედეგზე ყველა მიმართულებით, თუმცა მე ყურადღებას გავამახვილებ სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვაზე. ბოლო 12 წლის განმავლობაში გვაქვს სამჯერ გაზრდილი ექსპორტი, დაახლოებით 10 მილიარდი ლარითაა გაზრდილი აგრობიზნესის გამოშვება; ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 4-ჯერ. ძალიან მნიშვნელოვანია გეგმები და იმ მხარდაჭერის გაგრძელება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გვქონდა სოფლის მეურნეობაში და ასევე, ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც გარემოს დაცვის მიმართულებით გავატარეთ; ეს რეფორმები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება.

პრემიერმა ასევე, ისაუბრა იმ მიღწევებსა და პროგრესზე, რაც გაქვს გარემოს დაცვის კუთხით. კერძოდ, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, ადრეული გაფრთხილების სისტემის მიმართულებით. ჩვენ შვეიცარიელ ექსპერტებთან, ფინეთის მეტეოსამსახურთან ერთად, დაწყებული გვაქვს სრულიად თანამედროვე სისტემების დანერგვა ქვეყანაში, რომელიც დროთა განმავლობაში, უკვე მომავალ წლებში სრულად იფუნქციონირებს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ, რომლის განცხადებასაც სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ. საქართველოს შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი გააკეთებს.

დებატების თემაა: „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელთან ერთად განიხილავენ საქართველოში დემოკრატიის გაუარესებას ამ საკითხთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ხუთშაბათისთვის დაგეგმილი კენჭისყრის წინ.

„მაშინ, როცა ქვეყანა 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, შეშფოთება გაჩნდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო, განსაკუთრებით მედიის თავისუფლებასთან და ლგბტქ+ უფლებებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, პარტია კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა პროდემოკრატიული საპროტესტო აქციების ჩახშობისა და კანონის დანერგვის გამო, რომელიც დასავლეთის მიერ დაფინანსებულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოურ აგენტებად“ ასახელებს. თუკი „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებში მნიშვნელოვან უმრავლესობას მოიპოვებს, არსებობს შიში, რომ საქართველოში მრავალპარტიული სისტემა და პოლიტიკური პლურალიზმი კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის ინფორმაციაში.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

9 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. 9-ში კი გამოიდარებს და ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9 ოქტომბრის დილამდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. შემდგომში გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 9 ოქტომბრის დილამდე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +24 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 8 ოქტომბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, + 29 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 8 ოქტომბერს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი იქნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თანმიმდევრული განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

ევროკომისიას 2023 წლის თანმიმდევრულობის ინდექსი აქვს გამოქვეყნებული, რომელიც განმარტების მიხედვით ზომავს, აფასებს და ადარებს ქვეყნების ერთგულებას მდგრადი, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ადამიანური განვითარებისადმი მსოფლიოს 148 ქვეყანაში.

საქართველომ შეფასების 100-ბალიანი სისტემით 53,84 ქულა მიიღო და 33-ე ადგილიდან საუკეთესო ოცეულში, მე-12 პოზიციამდე დაწინაურდა. ეს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაა, რაც საქართველოს აქამდე დაუფიქსირებია.

რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს და დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას.

ინდექსის ისეთ წაყვან ინდიკატორში, როგორიცაა „დემოკრატიული წინსვლა“, საქართველომ შეფასების 100-ბალიანი სისტემით 80 დაიმსახურა და მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა. ამ მაჩვენებლით საქართველომ გაასწრო დიდი შვიდეულის 6 სახელმწიფოს, ევროკავშირის და მსოფლიოს წამყვან რამდენიმე ქვეყანას: შეერთებულ შტატებს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, იტალიას, იაპონიას, ავსტრალიას, ესპანეთს, ხორვატიას, პოლონეთს, საბერძნეთს, უნგრეთს, სამხრეთ კორეას და ა.შ.
ანგარიშს საერთაშორისო შემფასებელი ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმა „კოორდინატორი“ ესპანეთში აწარმოებს. ინდექსს ევროკომისია აქვეყნებს.

ევროინტეგრაცია რჩება ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად-ირაკლი კობახიძე

ევროინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად. 2030 წლსითვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს 2028 წლისთვის შესრულებული ექნება ასოცირების შეთანხმების 90%.

„უკვე 2028 წლისთვის გვაქვს გეგმა, რომ 90 პროცენტს გადააჭარბოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და DCFTA-ს შესრულება, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ასევე ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ეკონომიკური, ისე პოლიტიკური ინტერესით. გვაქვს უკვე კონკრეტული ინიციატივები“, – განაცხადა კობახიძემ.

პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი -ირაკლი კობახიძე

ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად უწყობს ხელს მშვიდობას ჩვენს რეგიონᲨი და ეს იქნება ჩვენი მიდგომა შემდეგი წლების განმავლობაშიც, პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, მომავალ წელს შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მიმართულებით.

„ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა. ბუნებრივია, არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს დღეს. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალ წელს, მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი, შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მიმართულებით. ევროინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად. 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. უკვე 2028 წლისთვის ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ 90%-ს გადააჭარბებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამ და DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების 90% იქნება უკვე შესრულებული უკვე 2028 წლისთვის, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. აქ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. შარშან მოეწერა ხელი შესაბამის შეთანხმებას და გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, რომელიც არის განხორციელების პროცესში და მადლობა ჩინელ პარტნიორებს ამ მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე, პრემიერის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ საქართველომ აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს.

„რაც შეეხება სამეზობლო პოლიტიკას, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან გვაქვს არაჩვეულებრივი, კეთილმეზობლური ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა. მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები გავაღრმაოთ. ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად უწყობს ხელს მშვიდობას ჩვენს რეგიონᲨი და ეს იქნება ჩვენი მიდგომა შემდეგი წლების განმავლობაშიც. არაღიარების პოლიტიკა მთელი ამ წლების განმავლობაში იყო ძალიან წარმატებული. 2012 წლისთვის ოთხი სახელმწიფოს ჰქონდა აღიარებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა და ეს ოთხი სახელმწიფო დარჩა ოთხ სახელმწიფოდ, რაც არის მთლიანად ხელისუფლების, კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი. დიდი მადლობა სამინისტროს და პირადად მინისტრს ილია დარჩიაშვილს მათი საქმიანობისთვის. პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – განაცხადა პრემიერმა.

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს შეიძლება თქვენ მიმართ ვიღაცისგან ძლიერი შური იგრძნოთ. ამიტომ ნუ ცდილობთ, ყველას აჩვენოთ თქვენი წარმატება და ბედნიერება. სასურველია, დასვენების დღე სიმშვიდეში გაატაროთ და მომავალი სამუშაო კვირისთვის ძალები აღიდგინოთ.

კურო

ზედმეტად ემოციური დღეა, ამიტომ თქვენი მთავარი ამოცანაა გარშემო განვითარებულ მოვლენებს მშვიდად შეხვდეთ. თუ ვინმესთან შერიგებას და მობოდიშებას აპირებთ, უკეთეს დროს ვერ იპოვით. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – დღეს მათ თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

ტყუპები

დღის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რადგან ნებისმიერმა დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება ვითარება დაძაბოს. საღამოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაადვილდება და შესაძლოა, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნაც შეძლოთ. შეიძლება საინტერესო, მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა მშვიდი დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც გსიამოვნებთ და დადებით ემოციებს გგვრით. ნუ უპასუხებთ საქმიან ზარებს და ნუ იფიქრებთ სამუშაო პრობლემებზე. სრული უფლება გაქვთ, რომ განმარტოებით დაისვენოთ ან მეგობრებთან ერთად გაერთოთ.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე აქტიურად გაატაროთ, საჭირო ადამიანებს შეხვდეთ და ინიციატივა გამოიჩინოთ. გამოცდილ ადამიანებთან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა კარიერულ წინსვლაში და საქმიან პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებაში დაგეხმარებათ. საღამოს მოულოდნელი სიახლეებს მიიღებთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

ქალწული

ამ დღეს ახლობელ ადამიანებს თქვენი რჩევა და დახმარება დასჭირდება და რა თქმა უნდა, უარი არ უნდა უთხრათ. თავის მხრივ, ამ ადამიანების ქება და აღიარება თვითშეფასების ამაღლებაში დაგეხმარებათ. დროა ჯანსაღი კვების და სპორტდარბაზში სიარულის დაწყებაზე იფიქროთ.

სასწორი

უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და აკეთეთ ის, რასაც ის გკარნახობთ. შესაძლოა, ამ დღეს იპოვოთ პასუხი კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მომავალში ბევრჯერ გამოგადგებათ. მთავარია, არ გაჯიუტდეთ და ახლობელი ადამიანების რჩევებს დაუჯეროთ.

მორიელი

ამ დღეს სახლში ჯდომა არ შეიძლება. გირჩევთ ახალი, საინტერესო ადგილები დაათვალიეროთ, სადაც დაუვიწყარი თავგადასავლები და ნათელი ემოციები გელით. ეცადეთ, ნებისმიერი კამათი ან დისკუსია თავიდან აიცილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად უწყინარი საუბარი შეიძლება სკანდალით დასრულდეს.

მშვილდოსანი

დილიდან რომანტიკულ განწყობაზე ხართ, ამიტომ გირჩევთ, მთელი დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ და თქვენი გრძნობების შესახებ უამბოთ. თუ ჯერ მარტოხელა ხართ, ეს დღე საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. შეიძლება მცირე ფინანსური ზარალი განიცადოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ – მალე უფრო დიდ შემოსავალს მიიღებთ.

თხის რქა

ეცადეთ, დასვენების დღე მშვიდად, სასიამოვნო საქმეების კეთებაში გაატაროთ. გირჩევთ ახლობელი ადამიანების კრიტიკისგან თავი შეიკავოთ და ამის ნაცვლად, ქათინაურებით გაანებივროთ. ბინის დასუფთავება და ნივთების მოწესრიგება სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ბოლო დღეების ემოციური სტრესი თავს იჩენს, ამიტომ დასვენების დღის მარტოობაში და სიმშვიდეში გატარება მოგინდებათ. შეგიძლიათ ახალი საინტერესო საქმე დაიწყოთ, რომელსაც დიდი ხანია გეგმავთ. საღამოს შეიძლება უცხო ქვეყნიდან სასიამოვნო ამბავი გაიგოთ.

თევზები

მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება, შესაძლოა, კამათიც, თუმცა ძველი მეგობრის დახმარებით, ყველა გაუგებრობა მალე დასრულდება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა განწყობას აგიმაღლებთ.

ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველა ნაბიჯი იდგმება-ირაკლი კობახიძე

ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ურთიერთობების გადატვირთვას.

„ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება ურთიერთობების გადასატვირთად. დარწმუნებული ვართ, რომ მომავალ წელს, მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი, სად არის დაპირებული 100 საწარმოო, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით, შეიქმნა 700 ახალი საწარმო, ხოლო 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა -ირაკლი კობახიძე

2012 წლიდან დღემდე საქართველოში შეიქმნა 700 ახალი საწარმო და 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ახორციელებს პროგრამებს ბიზნესის მხარდაჭერის ხელშეწყობისათვის და სამომავლოდ, დაგეგმილია აღნიშნული პროგრამების გაფართოება, რაც დამატებით ქვეყანაში 70 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

„გარდა იმისა, რომ შექმნილი გვაქვს სათანადო გარემო, პოლიტიკური და საკანონმდებლო ჩარჩო ბიზნესის განვითარებისთვის, მთავრობა ახორციელებს პროგრამებს ბიზნესის მხარდაჭერისათვის. არის ყბადაღებული თემა, ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი – სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო. მხოლოდ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 2012 წლიდან დღემდე საქართველოში შეიქმნა 700 ახალი საწარმო და 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომელიც ამ პროგრამამ მოიტანა. სამომავლოდ, დაგეგმილია ამ პროგრამების გაფართოება, საერთო ბიუჯეტით შემდეგი ოთხი წლისთვის – 1.5 მლრდ ლარი. ამ პროგრამით ისარგებლებს 11 000-მდე მეწარმე, გეგმის მიხედვით, გაჩნდება 5 000 ახალი მეწარმე სუბიექტი და მხოლოდ ამ პროგრამების საფუძველზე ქვეყანას დაემატება 70 000 ახალი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა პრემიერმა.