Home Blog Page 40

გავა დრო და გაირკვევა, რომ ვიღაცას ფული გადაუხადეს და ევროპარლამენტში რეზოლუციაც შესაბამისად დაიწერა -კახა კალაძე

გავა დრო და გაირკვევა, რომ ვიღაცას ფული გადაუხადეს და ეს კონკრეტული რეზოლუცია იმის მიხედვით დაიწერა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის იმ რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეა საუბარი.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი, რისთვისაც სასჯელს იხდის.

„გულწრფელად ვამბობ, რომ რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს, რადგან ვიცით, თუ როგორ იწერება ისინი. გავა გარკვეული დრო და გაირკვევა, რომ ვიღაცას ფული გადაუხადეს და ეს კონკრეტული რეზოლუცია იმის მიხედვით დაიწერა. რა არის აღნიშნული რეზოლუციის შინაარსი? – გვეუბნებიან, გამოუშვით სააკაშვილიო. წარმოგიდგენიათ?! იღებენ რეზოლუციას, რომლითაც გვეუბნებიან, რომ ადამიანი, რომელსაც კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი და ამისთვის სასჯელს იხდის, უნდა გათავისუფლდეს. ასე ფუთავენ, რომ თურმე ეს არის დემოკრატია. ასევე, საუბარი იყო ლგბტ პროპაგანდაზე. ამ დროს კი მარტივი მოცემულობაა – ჩვენ ვეწინააღმდეგებით პროპაგანდას. ადამიანის უფლებებს უდიდეს პატივს ვცემთ და საზოგადოებას უმრავლესობად და უმცირესობად არ ვყოფთ. პირობითად თქვენ, ვისთან რას აკეთებთ და როგორ, ეს არც ჩემი და არც საზოგადოების საქმეა. ეს თქვენი პირადია და შეგიძლიათ, შეინახოთ თქვენთვის. ამ ყველაფრის პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი შეფასებები პოლიტიკური პროცესებში გარკვეული ინსტრუმენტია, რომლითაც მოქალაქეების დაპირისპირებას ცდილობენ.

„თქვენ გიცავთ კანონი, ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს ამ ქვეყანაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა ადამიანების დაყოფა და რაღაც მიმართულების პროპაგანდა, რომელიც ერთ-ერთი ინსტრუმენტია პოლიტიკურ პროცესებში, რათა გამოყენებული იყოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მოქალაქეების დაპირისპირება შედგეს და პოლარიზება გაღრმავდეს. ესეც ჩვეულებრივი ინსტრუმენტია, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები და კიდევ ბევრი რამ. ამ მოცემულობის წინაშე ვდგავართ დღეს. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება – რა არის ერთ მხარეს და რა მეორე მხარეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კითხვაზე – რა მოლოდინები აქვს საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის შესახებ, რომლის კენჭისყრაც ევროპარლამენტში 10 ოქტომბერსაა დაგეგმილი, კახა კალაძე პასუხობს, რომ მსგავსი რეზოლუციებით, მიზანმიმართულად ითხოვდნენ, საქართველო შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რომლითაც ისევ ქართველი ხალხი დაზარალდებოდა.

„უამრავი მსგავსი რეზოლუცია გვინახავს. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით. რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ, რომ იცავს თავისი ქვეყნის, ხალხის, ინტერესს? საკუთარ ქვეყანას იცავს. ვინ დაზიანდებოდა, სანქციებს რომ შევერთებოდით? ეკონომიკურად ვინ მიიღებდა ამ ზიანს? – მიიღებდა მაგალითად, ის გლეხი, რომელიც კახეთში შრომობს, წვალობს, რათა რაღაც შექმნას, გააკეთოს, მერე ამ პროდუქტის რეალიზება მოახდინოს. ამ ყველაფერს თუ ჩავუკეტავთ, ვინ დაზარალდებოდა? ისევ ის გაჭირვებული მოქალაქე დაზარალდებოდა. ესეც მიზანმიმართულად კეთდებოდა, რათა ქვეყანას ეკონომიკური კრიზისი განეცადა, შექმნოდა პრობლემები და მერე ხალხს ექნებოდა აბსოლუტური ლეგიტიმაცია იმისა, რომ მოვიდეს და ხელისუფლება ჩამოგამხოს. იმიტომ გირჩევს ხალხი და იმიტომ გიჭერს მხარს, რომ ვალდებული ხარ, გაატარო ისეთი პოლიტიკა, რომელიც დაიცავს ხალხის, სამშობლოს ინტერესებს. ამიტომაც არის, რომ უკვე 12 წელია, „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა

თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას „Women In Data Science“ აძლიერებს საქართველოში.

ღონისძიებაზე, დატას ქალმა პროფესიონალებმა, როგორც თიბისიდან, ასევე სხვა კომპანიებიდან გამოსვლებსა და პანელური განხილვების დროს ისაუბრეს მონაცემების შესახებ, როგორია ქალების როლი მონაცემთა მიმართულებით და რას აკეთებენ წამყვანი ქალი პროფესიონალები დღეს ამ სფეროში. ასევე, რას აკეთებს თიბისი, როგორც data-driven კომპანია.

Data ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო თიბისის ვორქშოფებში, სადაც მონაწილეები გაეცნენ თიბისის ინოვაციური მანქანური დასწავლების ხელსაწყოს AutoML და მისი დახმარებით განავითარეს მოდელი; დანერგეს მანქანური დასწავლების მოდელი ლოკალურად, გაეცნენ Self-service ინსტრუმენტ Power BI-ს და ისწავლეს, თუ როგორ მართონ სამსახურებრივი საქმე უფრო ეფექტურად.

თიბისიში ხელოვნური ინტელექტის და ავტომატიზაციის დანერგვა ბიზნეს პროცესებში, ისევე როგორც ქალების მხარდაჭერა და მათ პროფესიონალურ წინსვლაზე ზრუნვა  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თიბისის მიზანია, ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგოს დატა პლატფორმების გამოყენება და აქციოს მონაცემები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.

პრეზიდენტი პოლიტიკურ აბსურდში გვაცხოვრებს, რაც მისი მოგონილი არ არის და გარე გეგმაა – ირაკლი ქადაგიშვილი

პრეზიდენტი პოლიტიკურ აბსურდში გვაცხოვრებს, რაც მისი მოგონილი არ არის და გარე გეგმაა – გარედან ხედავენ, რომ ამ ოპოზიციის იმედზე ვერ იქნებიან და ხელისუფლებაში მათი მოყვანის შანსი არ არის! – ასე ეხმაურება დროებითი, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირების ინიციატივას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი.

ქადაგიშვილი იმასაც აცხადებს, რომ ტექნიკურ მთავრობის ინიციატივა და მასთან დაკავშირებული პროცესი პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევის ფაქტია.

„პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციას უხეშად არღვევს, რაც იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ერთადერთი მიზეზია. ეს ხდება იმისთვის, რომ მოქმედი თუ შემდეგი პრეზიდენტი კონსტიტუციური სივრციდან არ გავიდეს და ათასგვარი პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა არ მოხდეს.

რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევა. ოპოზიცია ხალხისთვის იმდენად მიუღებელია, რომ ეუბნებიან: – ნუ გეშინიათ, ამ ოპოზიციის მმართველობის ქვეშ არ მოგაქცევთ, პარლამენტი მხოლოდ ერთი წლით ავირჩიოთ და ისეთი მთავრობა არ მოვიყვანოთ, რომელიც თქვენი არჩეული იქნება და ჩემი დანიშნული იქნებაო.

პრეზიდენტი პოლიტიკურ აბსურდში გვაცხოვრებს, რაც მისი მოგონილი არ არის – ეს არის გარე გეგმა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

უკრაინის ომი კომპრომისით მთავრდება?! – რას წერს Financial Times-ი

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 8 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „უკრაინის ომი კომპრომისით მთავრდება?! კიევი ვერ იღებს ისეთ დახმარებას, რომლითაც რუსეთზე თავის უპირატესობას დაიბრუნებს“. მასში გაანალიზებულია უკრაინის მძიმე მდგომარეობა და ის არასასურველი პერსპექტივა, რომელიც კიევს წინ ელოდება. შესაბამისად, დასავლეთმა უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის უნდა მოამზადოს და კომპრომისებზე დაითანხმოს, უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინას ომის პერიოდის მესამე ზამთარი უახლოვდება, რომელიც ისეთი ბნელი და ცივი მოჩანს, როგორც არასდროს. აღმოსავლეთის ფრონტზე უკრაინის არმია რუსებთან  ბრძოლების შედეგად უკან იხევს – მართალია, კრემლისათვის დიდი დანაკარგების ფასად, მაგრამ მაინც. იმის გამო, რომ ელექტროენერგიის მწარმოებელ ობიექტთა ნახევარი დანგრეულია და მწყობრიდან არის გამოყვანილი, უკრაინელებს ზამთარში – წლის ყველაზე ცივ თვეებში – ყოველდღიურად რამდენიმე საათი შუქისა და სითბოს გარეშე ყოფნა მოუწევთ

ამასობაში კი ვაშინგტონში და დასავლეთის ზოგიერთ დედაქალაქში – აგრეთვე კიევის სამთავრობო დერეფნებშიც – განწყობა იცვლება: რწმენა, რომ უკრაინაში ომი მხოლოდ დაკავებული ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის გაყვანის შემდეგ დასრულდება, თანდათანობით ადგილს უთმობს აღიარებას, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება აუცილებელია – კიევი თმობს ტერიტორიებს, ხოლო ქვეყნის დიდი ნაწილი ხელუხლებელი რჩება. ეს შეიძლება უკრაინისთვის საუკეთესო იმედი და გამოსავალი იყოს. მაგრამ კიევს ამ შეზღუდული მიზნის მიღწევაშიც კი დასავლეთი ხელს არ უწყობს.

უკრაინის პერსპექტივა უღიმღამოდ მოჩანს, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ აშშ-ში, სავარაუდოდ, 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, რომელიც, როგორც აცხადებს, პრეზიდენტად არჩევისთანავე, ომის სწრაფად შეწყვეტას შეეცდება. ზოგიერთი ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირი იმედოვნებს, რომ ისინი შეძლებენ დონალდ ტრამპს როგორმე გადაათქმევინონ უკრაინაზე ზეწოლის მოხდენა არამომგებიან გარიგებაზე ხელმოსაწერად, რომელიც თავის მხრივ, სერიოზულ რისკებს შეუქმნის ამერიკისა და ევროპის სამომავლო უსაფრთხოებას.

და მაინც, ახლო აღმოსავლეთში ომის ესკალაციის მიუხედავად, ის ევროპელი ლიდერები, რომლებსაც ადრე მტკიცედ სურდათ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დამარცხება, ახლა თავიანთ თვალსაზრისს ცვლიან. ასევე, ზოგიერთი კიეველი ჩინოვნიკი, კერძო საუბრებში ჩივიან იმის გამო, რომ მათ არ ჰქოფნით ცოცხალი ძალა და დასავლეთის სამხედრო დახმარება რუსეთის მიიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

დახურულ კარს მიღმა დაწყებულია მოლაპარაკება ისეთი გარიგების (შეთანხმების) დასადებად, რომლის მიხედვით, მოსკოვი დე-ფაქტო კონტროლს ინარჩუნებს უკრაინის ტერიტორიის ერთ მეხუთედ ნაწილზე, რომელიც რუსეთის არმიას აქვს ოკუპირებული (თუმცა მასზე რუსეთის სუვერენიტეტი იურიდიულად აღიარებული არ იქნება), პარალელურად კი ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიას უფლება მიეცემა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს, უსაფრთხოების ექვივალენტური გარანტიით. ასეთი სახით უკრაინას შესაძლებლობა მიეცემა ევროკავშირში ისეთივე ინტეგრირება განახორციელოს, როგორც დასავლეთ გერმანიამ  ცივი ომის პერიოდში.

თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ ეს სცენარი საკმაოდ ამბიციურ ვარაუდებზეა დაფუძნებული.

პირველ რიგში იმიტომ, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ერთხმად შესთავაზონ უკრაინას ნატოს წევრობა ან ისეთი გარანტიები, რომლებზეც ისინი დღემდე თავს იკავებდნენ – იმიტომ, რომ საჭირო გახდება აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან დამატებითი  დიდი ძალების განთავსება ახალ ტერიტორიაზე, რაც ძვირადღირებულია და უდიდეს ხარჯებს მოითხოვს, ცივი ომის დროინდელი სტილით.

მეორე ვარაუდი იმით გამოიხატება, რომ ზოგიერთებს სჯერათ – რუსეთის პრეზიდენტი შეიძლება როგორმე დათანხმდეს ასეთი სცენარის მქონე მოლაპარაკებაზე, მაგრამ გავიხსენოთ, რომ კრემლის ჯარების უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ მიზეზს სწორედ უკრაინის ნატოში გაწევრიანების თავიდან აცილება წარმოადგენდა. ასევე საეჭვოა, რომ დღეს ვლადიმერ პუტინს  მსგავს გარიგებაზე თანხმობის სურვილი ჰქონდეს, როცა მისი ჯარები წინ მიდიან და იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის დაკავება შეუძლია.

გასულ თვეში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში თავისი „გამარჯვების გეგმა“ წარადგინა, რომლის მიზანს კიევის დასავლელი მოკავშირეების დარწმუნება წარმოადგენდა – მეტი სამხედრო და დიპლომატიური დახმარება გაუწიონ უკრაინას, რათა რუსეთი იძულებული გახდეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-დან ხელცარიელი დაბრუნდა, მან ვერ მიიღო მკაფიო პასუხი ორ საკვანძო საკითხთან დაკავშირებით: ნატოს წევრად გარანტირებულ მიღებაზე და დასავლური რაკეტების გამოყენებაზე რუსეთის  სიღმეში მდებარე ობიექტების გასანადგურებლად.

რასაკვირველია, დასავლეთმა ყველა სიტუაციაში უკრაინის პოზიციები უნდა განამტკიცოს, მაგრამ კრემლის იძულება ისეთ გარიგებაზე დათანხმდეს, რომელიც მომგებიანია მხოლოდ კიევისა და დასავლეთისათვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მოსკოვი იგრძნობს, რომ ბრძოლის გაგრძელების ფასი ძალიან მაღალია.

ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დარულებამდე კიდევ სამი თვე რჩება. ამ ხნის განმავლობაში თეთრმა სახლმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინას მაქსიმალური დახმარება უნდა გაუწიონ. დასავლეთმა უკრაინა, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, მაქსიმალურად მომგებიანი პოზიციით უნდა უზრუნველყოს, ხოლო კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში – შექმნას ისეთი ფუნდამენტი, რომელსაც იგი დაეყრდნობა. ჩვენ ჯერ-ჯერობით არ ვიცით, თუ როგორ დასრულდება ომი, მაგრამ შეგვიძლია – და ეს ჩვენს ინტერესებში შედის – უკრაინას ისე დავეხმაროთ, რომ კიევმა უპირატესობა დაიბრუნოს მტერთან მიმართებით.

წყარო

ზურაბიშვილის იმპიჩმენტი – „ქართული ოცნების” მეორე მცდელობა – რას წერს Voice of America

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“ – ფინანსდება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ზურაბიშვილის იმპიჩმენტი – „ქართული ოცნების” მეორე მცდელობა“, რომელშიც განხილულია საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მიმდინარე დაპირისპირების ახალი ასპექტები, კერძოდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ქვეყნის მეთაურის იმპიჩმენტის მეორე მცდელობა.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„სიმბოლური“, თუმცა „ძალზედ პრინციპული” – „ქართული ოცნება” საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის ახალ პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება, მმართველი გუნდის სახელით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა. შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის კონსტიტუციის “უხეშ დარღვევას” აგრძელებს.

წინა იმპიჩმენტის პროცედურის მსგავსად, “ქართული ოცნება” საქართველოს პრეზიდენტს საზღვარგარეთ გამართული ვიზიტების გამო ედავება. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ პრეზიდენტმა საერთაშორისო ვიზიტები მთავრობის ნებართვის გარეშე გამართა.

“ის მთავრობის თანხმობის გარეშე, მათ შორის, გასულ კვირას იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში”, – ამბობს საქართველოს პარლამენტის თავდმჯომარე, შალვა პაპუაშვილი.

პარტია “ქართული ოცნების” ინიციატივასა და გადაწყვეტილებას დღეს დუმილით უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტს მმართველი პარტიის შესახებ კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს, თუმცა ზურაბიშვილს კითხვისთვის არ უპასუხია.

რა არის ახალი იმპიჩმენტის პროცედურის მიზანი?

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წელს ეწურება. ვადის მიწურულს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას კი “ქართული ოცნება” მნიშვნელოვან პრეცედენტად განიხილავს. ეს მაშინ, როცა ზუსტად 20 დღეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი და ამ ეტაპზე უცნობია, შეძლებს თუ არა მმართველი “ქართული ოცნების” პარტია იმდენივე ან იმაზე მეტი დეპუტატის შეყვანას პარლამენტში, ვიდრე დღეს ჰყავს. “ქართული ოცნების” გაცხადებული მიზანია პარლამენტში ახალი არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს. თუმცა, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ 20 დღეში “ქართული ოცნება” უმცირესობაში გადავა.

„სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა, მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზედ პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა. არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახ, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ.

კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მომავალში თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, – თქვა “ქართული ოცნების” ოფისში შალვა პაპუაშვილმა.

ახალ ინიციატივას მხარს უჭერს თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც აცხადებს, რომ კონსტიტუციასა და კანონებს ყველამ პატივი უნდა სცეს, განსაკუთრებით პრეზიდენტმა.

“სტატუსობრივად პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც კონსტიტუციას უნდა იცავდეს და წარმოუდგენელია, რასაც აკეთებს! ყველაფერს პირდაპირ ხაზი გადაუსვა, მისთვის არანაირი კანონი, კონსტიტუცია არ არსებობს. სასამართლომაც კი დაადანაშაულა კონსტიტუციის დარღვევაში. უბრალოდ, ეს ადამიანი ამ დამოკიდებულებას აგრძელებს. როგორც იცით, ძალიან მალე, ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა გასდის, შესაბამისად, ის იქნება არა როგორც ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი, იმის გამო, რომ ამ ადამიანმა სახელმწიფო ინსტიტუტებს და კონსტიტუციას შეურაცხყოფა მიაყენა”, – თქვა კახა კალძემ.

„არ დაეხმარება დეპოლარიზაციას”

ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ახალ პროცედურასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც. მისი თქმით, ეს პროცესი საქართველოში “დეპოლარიზაციას” ხელს არ შეუწყობს. ჰერჩინსკიმ პარალელები პოლონეთში არსებულ ვითარებასთან გაავლო.

„ევროკავშირში, ჩვენ, დემოკრატიის გვჯერა. საქართველო ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ე.წ. კოჰაბიტაციური სიტუაციაა, რომელშიც მთავრობასა და პრეზიდენტს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მე ვარ ქვეყნიდან [პოლონეთი], სადაც ზუსტად მსგავსი ვითარებაა. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა, შარშანდელიც და ახლაც, დაეხმარება დეპოლარიზაციას და შექმნის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელ ატმოსფეროს. ეს არის ის, რისი თქმაც ახლა შემიძლია”, – ამბობს ჰერჩინსკი.

„ოცნების” ინიციატივას ოპოზიცია მხარს კვლავ არ დაუჭერს

ისე, როგორც წინა იმპიჩმენტის პროცედურის დროს, როცა “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის გადაყებენა ვერ შეძლო, საპარლამენტო ოპოზიცია არ აპირებს მხარი დაუჭიროს ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მეორე მცდელობას.

“რა იმპიჩმენტი, რის იმპიჩმენტი? ეგენი ხელისუფლებაში აღარ იქნებიან და მორჩება. მორიგი თემა წამოწიეს, რადგან არ იციან, რაზე ილაპარაკონ, მორიგი ნეგატივი გამოაგდეს, რომ საკუთარ ამომრჩეველს სალაპარაკოდ მიუგდონ. ეს არის და ეს, მეტი არაფერი”, – ამბობს “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

“ქართულმა ოცნებამ” საქართველოს პრეზიდენტის პირველი იმპიჩმენტის პროცედურა გასულ წელს დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ პრზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა, თუმცა პარლამენტში “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭირო ხმების მობილიზება მაშინ ვერ მოახერხა. იმისათვის, რომ პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადონ, 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

წყარო

Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, დაგენერირებული მოგება, გლობალური დაფარვის მასშტაბები, კლიენტების მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები. 

თიბისი, ყველაზე დიდი წილით, სავალუტო სერვისების ბაზრის ლიდერის პოზიციას იკავებს, რაც მოიცავს ტრანზაქციებს მიკრო, მცირე, საშუალო და კორპორაციული კლიენტებისთვის.

თიბისის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მართვის მიმართულებას სავალუტო პროდუქტების გაყიდვების საკუთარი გუნდი ჰყავს, რომელიც 40 სექტორში 7300 კორპორაციულ კლიენტს ემსახურება. თითოეული ინდუსტრია დარგის ექსპერტულ ცოდნასა და კლიენტების საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს მოითხოვს. თითოეულ სექტორს შესაბამისი პროდუქტის მენეჯერი ფარავს, რომელიც სავალუტო ბაზრებზე დიდი გამოცდილების დახმარებით, ეფექტურად მართავს პორტფელს.

ბოლო 12 თვის განმავლობაში, თიბისიმ 308 მილიონ ლარზე მეტი სავალუტო შემოსავალი მიიღო, რაც სავალტო ბაზრებზე ზრდადი კონკურენციის მიუხედავად, 10%-ითაა გაზრდილი.

თიბისის კორპორაციული კლიენტებისთვის სავალუტო პროდუქტების მოხმარება სრულად ციფრულია, რაც ზოგავს მათ დროს და ზრდის მათ კმაყოფილებას.

თიბისის კორპორაციულ კლიენტებს კონვერტაციის გატარებისთვის მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდებათ. თიბისის ინტერნეტ ბანკში ჩაშენებულია “კონვერტაციის კურსის მოთხოვნის ფანჯარა”, საიდანაც კლიენტს შეუძლია შეღავათიანი კურსით კონვერტაციაზე მოთხოვნა გამოაგზავნოს და პირდაპირ, შეტყობინების საშუალებით დაეკონტაქტოს ბანკს.

თიბისის მისიის – “ადამიანების ცხოვრების გამარტივების” შესაბამისად, თიბისის გუნდმა, სავალუტო ოპერაციების მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად, 2023 წლის ბოლოს ახალი სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიის პირველი ეტაპი ძირითადი რეგიონული ვალუტებისთვის მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული საკურსო ტარიფების შეთავაზებას გულისხმობს თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში.

პროდუქტის შექმნის დღიდან, 500-ზე მეტი კორპორაციული კლიენტი იყენებს საკურსო ტარიფების მოდულს ინტერნეტ ბანკში. შედეგად, ჯამში 130 000-ზე მეტი სავალუტო ოპერაცია, სავალუტო მენეჯერის გარეშე, ავტომატურად შესრულდა.

“გვეამაყება, რომ ჩვენს კლიენტებს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას და სავალუტო პროდუქტებს ვთავაზობთ. შეუფერხებელი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გამოცდილება ჩვენი მთავარი უპირატესობაა, რისი დასტურიცაა 2024 წელს საკურსო ტარიფების ინსტრუმენტის ჩაშენება თიბისის ციფრულ არხებში. ახალი ინიციატივით, მომხმარებლებს ციფრულ არხებში წვდომა აქვთ სპეციალურ სავალუტო ტარიფებზე. ასევე, შესაძლებლობა აქვთ სავალუტო ტრანზაქციები 24/7-ზე, მომენტალურად შეასრულონ. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ძირითადი და რეგიონული ვალუტით სავაჭრო შესაძლებლობებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ჩვენი საქმიანობით და შედეგებით, იურიდიული პირების სავალუტო ბაზარზე ყველაზე დიდი წილი და ლიდერის პოზიცია მოვიპოვეთ”, – ქეთევან კანდელაკი – თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის უფროსი.

აშშ-ის საელჩოს „ქარდები“ პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და სახელისუფლებო გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას ასახავდა – გივი მიქანაძე 

1-ელ ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგისტრაცია. მან გაასაჯაროვა ორი პირის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცედურაში დაეხმარებიან, რაც ცალსახად წინასაარჩევნო პროცესებში უცხოური ჩარევაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მან ასევე მოიყვანა აშშ-ის საელჩოს მიერ განთავსებული „ქარდების“ მაგალითი, რომლებიც კონტექსტიდან გამომდინარე, მიქანაძის შეფასებით, სახელისუფლებო გუნდის საწინააღმდეგო პოზიციებს გამოხატავდა. ასევე, გაიხსენა ევროკავშირის ელჩის მიერ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების ნეგატიური შეფასება.

„1-ელი ოქტომბრიდან დაწყებული აშშ-ის საელჩო თავის Facebook გვერდზე სისტემატურად ათავსებდა „ქარდებს“, რომლის შინაარსიც კონტექსტიდან გამომდინარე პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და სახელისუფლებო გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას ასახავდა.

4 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საჯაროდ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბილბორდებზე ასახული ინფორმაცია არის „სამარცხვინო, შოკისმომგვრელი და ამაზრზენი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პროცესში ოპონენტების მხრიდან წარმოებულ კამპანიაზეც და ის „ნეგატიურად“ შეაფასა.

„26 სექტემბერს Facebook-ზე გავრცელდა „ქართული ოცნების“ ბანერის გაყალბებული სურათი, რომლითაც „ქართული ოცნების“ დევიზი „აირჩიე მშვიდობა“ გაიგივებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან.

სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა გაყალბებული ვიდეო მონტაჟი, რომლითაც თითქოს ქუთაისში განთავსებულ „ქართული ოცნების“ ბანერზე მითითებულია ყალბი დევიზი: „მხოლოდ დანგრეული გელათით, დანგრეული პარლამენტით, აშენებული კორუფციით, ევროპაში“.

3 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა ვიდეო მონტაჟი, სადაც გორში განთავსებულ „ქართული ოცნების“ ბანერზე გაყალბებულია პარტიის სლოგანი და მითითებულია „მხოლოდ ბოდიშით, მუხლებზე დგომით, დათმობით რუსეთისკენ“, – განაცხადა მიქანაძემ.

მგონი, ივანიშვილიც აღარ აპირებს 41 შემოხაზოს – ღარიბაშვილი რომ 41-ს არ შემოხაზავს, ასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ – გიორგი ვაშაძე

ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭიროს – ხალხო, უბრალოდ შეხედეთ, მგონი, ბიძინა ივანიშვილი აღარ აპირებს, რომ 41 შემოხაზოს, თქვენ რატომ უნდა შემოხაზოთ? – ირაკლი ღარიბაშვილი რომ 41-ს არ შემოხაზავს, ასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ,- ასე უპასუხა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კითხვას, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი მათი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე არ იმყოფებოდნენ.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა არის „იზოლაციის, სიღარიბის, მათი გამდიდრების და ხალხის გაღარიბების“.

„ეს პროგრამა არის იზოლაციის, სიღარიბის, მათი გამდიდრების და ხალხის გაღარიბების. რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ 12 წლის განმავლობაში? მილიონი ადამიანი ქვეყნიდან გააქცია იმიტომ, რომ აქ შემოსავალი არ არის; 20 ათასით შემცირდა შობადობა; კორუფცია, კრიმინალი, ნარკომანია და მეტი რუსეთი – ეს მოიტანა 12 წლის განმავლობაში. ამიტომ, მათი ტყუილები დამთავრებულია, ფარსი იყო თავიდან ბოლომდე. რაც შეეხება ივანიშვილის არ მოსვლას, როგორც ჩანს ივანიშვილი უკვე ემიჯნება კობახიძეს, მათ გუნდში სერიოზული პრობლემა აქვთ. აღარაფერს ვიტყვი ღარიბაშვილის და კობახიძის ჩხუბზე. ეს არის, ფაქტობრივად, ამ პოლიტიკური ძალის ჩამოშლა. ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭიროს, ხალხო, უბრალოდ შეხედეთ, მგონი, ივანიშვილი აღარ აპირებს, რომ 41 შემოხაზოს. თქვენ რატომ უნდა შემოხაზოთ? მართლა ვამბობ. ღარიბაშვილი რომ 41-ს არ შემოხაზავს, ასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ. ვფიქრობ, 80%-ით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი 41-ს არ შემოხაზავს. არ ვიცი, 5 ნომერს შემოხაზავს თუ არა, მაგრამ თუ შემოხაზავს, მასაც ვეუბნებით, რომ საქართველო ძალიან სწრაფად წავა წინ. იმ სიღატაკეში აღარ იქნება, რომელიც მან მოიტანა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, პარტიის ლიდერი გამოეხმაურა მმართველი გუნდის მიერ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ხელახალი იმპიჩმენტის დაწყების პროცესს და აღნიშნა, რომ მათ „კიდევ ერთი წაგებული პროცესი“ წამოიწყეს.

„ქართული იქნება“ მარცხდება. 20%-ზე მეტს ვერ აიღებს. ახლა კიდევ ერთი წაგებული პროცესი წამოიწყო. არ ვიცი, ამით რას ამტკიცებენ. ვფიქრობ, რომ ისეთი დაბნეულობაა მათ წრეებში, რომ ვეღარაფერს იგონებენ, გარდა ასეთი სისულელეებისა, თორემ აგერ, მთელი საქართველოს იურისტები აქ არიან, ჰკითხეთ, თუ სისულელე არაა მათი ინიციატივა. ნუ გეშინია ბიძინა! დამარცხდები, წახვალ სახლში, მეტი არაფერი. ან პარლამენტში დაჯდები იმუნიტეტისთვის, რომლისთვისაც სიაში ჩაეწერე. უკვე, საზოგადოება გადაწყვეტს თქვენი პოლიტიკური ძალის ბედს“, – განაცხადა ვაშაძემ.

თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია.

სპეციალური შეთავაზების ფარგლებში გაიცემა 50,000-დან 500,000 ლარამდე სესხი უზრუნველყოფის გარეშე. სესხის პროცენტი: არაუმეტეს 10%-ისა პირველი 60 თვის განმავლობაში.

დამატებით, თუ თანხა მოხმარდება საინვესტიციო მიზნობრიობას და მოხდება ევრო სტანდარტის აქტივის შეძენა, მომხმარებელი შეძლებს დაიბრუნოს სესხის თანხის 10-15%.

გარდა ამისა, თიბისი ქალ მეწარმეებს სთავაზობს კიდევ სხვა შეღავათებსაც სხვადასხვა საბანკო პროდუქტზე, მათ შორის:

  • თიბისის ტერმინალის საკომისიოზე 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი
  • თიბისის ბარათებით შესრულებულ ტრანზაქციაზე – 1.4%, მინ. 0.1 ლარი (ნაცვლად 1.5% სა)
  • პარტნიორი ბანკების ბარათებით შესრულებულ ტრანზაქციაზე – 1.4%, მინ. 0.1 ლარი (ნაცვლად 1.7% სა)

R

პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებზე და შედეგებზე, რომლებიც ყველა მიმართულებით თვალსაჩინოა – ოთარ შამუგია 

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებზე და შედეგებზე, რომლებიც ყველა მიმართულებით თვალსაჩინოა. ეს შედეგები არაერთი კვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მათი კვლევებითა და შეფასებებითაა დადასტურებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მედიასთან განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომლის თანახმად, მომავალი 4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის 3 მილიარდი ლარი გამოიყოფა და აღნიშნა, რომ ეს არის უპრეცედენტო თანხა, რაც მიმართული იქნება აგრარული დარგის დასაფინანსებლად.

„ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ხელშესახებ შედეგზე ყველა მიმართულებით, თუმცა მე ყურადღებას გავამახვილებ სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვაზე. ბოლო 12 წლის განმავლობაში გვაქვს სამჯერ გაზრდილი ექსპორტი, დაახლოებით 10 მილიარდი ლარითაა გაზრდილი აგრობიზნესის გამოშვება; ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 4-ჯერ. ძალიან მნიშვნელოვანია გეგმები და იმ მხარდაჭერის გაგრძელება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გვქონდა სოფლის მეურნეობაში და ასევე, ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც გარემოს დაცვის მიმართულებით გავატარეთ; ეს რეფორმები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება.

პრემიერმა ასევე, ისაუბრა იმ მიღწევებსა და პროგრესზე, რაც გაქვს გარემოს დაცვის კუთხით. კერძოდ, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, ადრეული გაფრთხილების სისტემის მიმართულებით. ჩვენ შვეიცარიელ ექსპერტებთან, ფინეთის მეტეოსამსახურთან ერთად, დაწყებული გვაქვს სრულიად თანამედროვე სისტემების დანერგვა ქვეყანაში, რომელიც დროთა განმავლობაში, უკვე მომავალ წლებში სრულად იფუნქციონირებს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ, რომლის განცხადებასაც სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ. საქართველოს შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი გააკეთებს.

დებატების თემაა: „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელთან ერთად განიხილავენ საქართველოში დემოკრატიის გაუარესებას ამ საკითხთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ხუთშაბათისთვის დაგეგმილი კენჭისყრის წინ.

„მაშინ, როცა ქვეყანა 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, შეშფოთება გაჩნდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო, განსაკუთრებით მედიის თავისუფლებასთან და ლგბტქ+ უფლებებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, პარტია კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა პროდემოკრატიული საპროტესტო აქციების ჩახშობისა და კანონის დანერგვის გამო, რომელიც დასავლეთის მიერ დაფინანსებულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოურ აგენტებად“ ასახელებს. თუკი „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებში მნიშვნელოვან უმრავლესობას მოიპოვებს, არსებობს შიში, რომ საქართველოში მრავალპარტიული სისტემა და პოლიტიკური პლურალიზმი კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის ინფორმაციაში.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

9 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. 9-ში კი გამოიდარებს და ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9 ოქტომბრის დილამდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. შემდგომში გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 9 ოქტომბრის დილამდე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +24 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 8 ოქტომბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, + 29 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 8 ოქტომბერს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი იქნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.