Home Blog Page 40

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი სახანძრო მანქანა შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო მანქანა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციაში ნათქვმია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი პირადად იმყოფებოდა კომპანია „მაგირუსის“ ქარხანაში და ახალი სახანძრო მანქანის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.
სახანძრო მანქანები, რომლებიც სპეციალურად საქართველოსთვის არის შექმნილი, ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდება.

ახალი, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები განკუთვნილია ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ყველა შესაბამისი თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილია აღჭურვილობისა და სპეცტექნიკის განახლების არაერთი პროექტი.

ერთადერთი რასაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ტიმოთი ბლაუველთისგან მოველი, არის ბოდიში დავით მათიკაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ – კითხვებისგან დამალვა არ არის გამოსავალი-შალვა პაპუაშვილი

გამაოგნებელია, რომ დონორი თავად არის ჩართული პოლიტიკოსებისა და მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ სიძულვილის კამპანიაში, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დავით მათიკაშვილზე თავდასხმის ფაქტს, რომელიც „ამერიკული საბჭოს“, ხელმძღვანელმა ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, კითხვებისგან დამალვა არ არის გამოსავალი.

„გამაოგნებელია, რომ დონორი თავად არის ჩართული პოლიტიკოსებისა და მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ სიძულვილის კამპანიაში. ორმაგად მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ „ამერიკული საბჭო“, რომელსაც ტიმოთი ბლაუველთი ხელმძღვანელობს, საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობს. კითხვებისგან დამალვა არ არის გამოსავალი. ერთადერთი, რასაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ ადამიანისგან მოველი, არის ბოდიში პარლამენტის წევრის, დავით მათიკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების სავარაუდო გადაცემის გამო

უკრაინა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების სავარაუდო გადაცემის გამო, ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობების გამო, რომლის თანახმადაც ირანმა შესაძლოა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა. ჩვენ მორიგ ჯერზე მოვუწოდებთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავოს რუსეთისთვის, რომელიც გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად აგრესორი სახელმწიფოა, ნებისმიერი სახის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყების მტკიცებით, რუსეთი უკვე ორი წელია ირანული წარმოების „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინული ქალაქების დასაბომბად იყენებს. გარდა ამისა, კიევი თვლის, რომ რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს.

ოფიციალური კიევი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გააძლიეროს ზეწოლა თეირანსა და მოსკოვზე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად. „ირანმა სრულად და საბოლოოდ უნდა შეწყვიტოს რუსეთის იარაღით მომარაგება, რათა ქმედებებით და არა სიტყვებით დაამტკიცოს საკუთარი პოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადებებისადმი ერთგულება იმის თაობაზე, რომ ის რუსულ სამხედრო მანქანას არ კვებავს“, – დასძინეს საგარეო უწყებაში.

კიევი აფრთხილებს თეირანს, რომ ბალისტიკური რაკეტების გადაცემის ფაქტი, დადასტურების შემთხვევაში, უკრაინულ-ირანული ურთიერთობებისთვის დამანგრეველი აღმოჩნდება.

ამერიკულმა გამოცემა The Wall Street Journal-მა 6 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანმა რუსეთს მცირე რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა. ოფიციალური თეირანი უარყოფს ამ ცნობებს.

ეს “ქართული ოცნების” მხრიდან, ჩვენი მეგობრების მიმართ, კიდევ ერთი დემარშია – ბადრი ჯაფარიძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრების ვიზიტზე

ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთი დემარშია, ჩვენი მეგობრების მიმართ, – ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ბუნდესტაგის წევრების საქართველოში ვიზიტს.

მისი შეფასებით, ბუნდესტაგის წევრები საქართველოში იმ პრობლემებზე სასაუბროდ ჩამოვიდნენ, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აქვს.

„ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთი დემარშია, ჩვენი მეგობრების მიმართ. ხელისუფლების მხრიდან ასეთი დემარშები ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა. ბუნდესტაგის მრავალპარტიული პარტია იმისათვის ჩამოვიდა, რომ ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შეიქმნა და ამის პასუხად პაპუაშვილი და მისნაირები მათ არ ხვდებიან. კვლავ ვისმენთ პაპუაშვილის მხრიდან აბსურდულ განცხადებებს, რომელიც აბსურდულობის განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა. მისი განცხადებები უსაფუძვლო და დამაზიანებელია”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გამოძიებამ გამოავლინა, რომ დავით კეზერაშვილი დადასტურებულად ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს -არჩილ გორდულაძე

გამოძიებამ, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობს, გამოავლინა, რომ დავით კეზერაშვილი კიდევ ერთხელ, დადასტურებულად ძარცვავს პირდაპირი მნიშვნელობით ევროპელ პენსიონერებს, – ასე გამოეხმაურა ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიებას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არჩილ გორდულაძე.

როგორც ის განმარტავს, უცხოეთიდან შემოსული თანხები წინასაარჩევნო კამპანიას არ უნდა ხმარდებოდეს.

„ეს ნაძარცვი ფული ჩვენ კარგად ვიცით და საზოგადოებაც საქმის კურსშია, რას ხმარდება და რა ქმედებები ფინანსდება. პირდაპირი მნიშვნელობით, ყველა ის ძალადობრივი ქმედება, რომლითაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი მედია არის ხოლმე წარმოდგენილი, სწორედ ამ ფულით ფინანსდება. ამავდროულად, ეს ორგანიზაციები ფინანსდებიან იმ თანხებით, რომელიც პირდაპირ, უცხოური გავლენის და პატრონების მხრიდან არის ხოლმე დაფინანსებული, რაც ძალიან სამწუხაროა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ უცხო ქვეყნებიდან ჩარიცხული თანხები არ შეიძლება წინასაარჩევნო კამპანიას მოხმარდეს და პოლიტიკაში უცხო ქვეყნიდან ჩარიცხულ თანხებს ადგილი არ აქვს. განსაკუთრებით, როცა ეს თანხები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხანდაზმული ადამიანების ნაძარცვი ფულია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 67 დრონიდან 58-ის ჩამოგდება შეძლეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 67 დრონიდან 58-ის ჩამოგდება შეძლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინული მხარის ცნობით, მოწინააღმდეგემ „შაჰედის“ ტიპის დრონები კურსკიდან და იეისკიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვა.

58 ჩამოგდებული საფრენი აპარატის გარდა, ექვსი დრონი უკრაინის ძალების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრციდან გავიდა რუსეთის, ბელარუსისა და ოკუპირებული ლუგანსკის მიმართულებით, ხოლო სამი დრონის ფრენის მიმართულება უკრაინის ძალებმა დაკარგეს.

რუსეთის ძალებმა დრონები უკრაინის სხვადასხვა ოლქის, მათ შორის კიევის მიმართულებით გაუშვეს.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქში დრონების ფრაგმენტები საცხოვრებელი სახლისა და საბავშვო ბაღის ეზოში ჩამოვარდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ასევე, უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები უმაღლესი რადას შენობასთან ჩამოვარდა, პარლამენტში აღნიშნავენ, რომ მომხდარის შედეგად დაზიანებები არ ფიქსირდება.

თურქეთში, კაჰრამანმარაშის რეგიონში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, კაჰრამანმარაშის რეგიონში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრა კაჰრამანმარაშის პროვინციაში, პაზარჯიკის რაიონში, ადგილობრივი დროით 09:31 საათზე მოხდა.

დაშავებულების შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, 2023 წლის 6 თებერვალს კაჰრამანმარაშის რეგიონში 7.7 და 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. საუკუნის კატასტროფას, რომელიც დაატყდა თავს კაჰრამანმარაშს, ასევე ჰათაის, ოსმანიეს, ადიამანს, დიარბაქირს, შანლიურფას, გაზიანთეფს, კილისს, ადანას, მალატიასა და ელაზიღს, 53 537 ადამიანი ემსხვერპლა, 107 213 ადამიანი კი დაშავდა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მსოფლიოს 93 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, იყო ჩართული.

დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ

დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ. საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი.

მიუხედავად იმისა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ასარჩევად საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები არც დაწყებულა, და შესაბამისად, არც არის ცნობილი თუ ვის აირჩევენ აღნიშნულ პოზიციებზე, უკვე დაწყებულია ზოგადად ამ პროცესის და ასარჩევ პირთა დისკრედიტაციის მცდელობა. ჩართული მხარეების სხვადასხვა  წარმომადგენელი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ცდილობს ასარჩევ პირთა სტიგმატიზაციას და მიკერძოებულად წარმოჩენას.

ის, რომ დაინტერესებული მხარეები შეეცდებოდნენ პროცესის დაზიანებას,  გარკვეულწილად პროგნოზირებადი იყო, ვინაიდან ანალოგიური ვითარება იქმნება ყველა არჩევნების წინ და როგორც საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ჯერ კიდევ არჩევამდე ხდებიან  სტიგმატიზაციის მსხვერპლნი.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ჩართულ მხარეებს და დღეს კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ მათ, რომ ასეთი უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებები აზიანებს არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას და მის საქმიანობას, არამედ ზოგადად საარჩევნო  გარემოს. ამიტომ ნუ შეეცდებიან პოლიტიკური დღის წესრიგის გამო კონკრეტული ადამიანების სტიგმატიზაციას და ნუ შეუშლიან ხელს საოლქო საარჩევნო კომისიებს, კანონმდებლობის დაცვით წარმართონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესი. ასევე მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დააკვირდნენ არჩეულ პირთა საქმიანობას და მხოლოდ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით/ქმედებებით შეაფასონ საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეული წარმომადგენელი.

თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ყოველთვის იქნება საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების, მათ შორის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ინტერესების დამცველი. ამავდროულად, საარჩევნო ადმინისტრაცია თითოეული საარჩევნო მოხელისგან მოითხოვს პროფესიონალიზმისა და ეთიკის იმ მაღალი სტანდარტების დაცვას, რომელიც გაწერილია ცოტა ხნის წინ მიღებულ დოკუმენტში. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რითაც საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო აამაღლა.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავის საქმიანობას კანონმდებლობის სრული დაცვითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს და მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და ამ პროცესის ისეთ მნიშვნელოვან ეტაპს, როგორიცაა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება.

ახლა კი გაგაცნობთ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ 2- 5 სექტემბრის პერიოდში განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით. პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა,  რომელიც ასევე ხელმისაწვდომი იყო საოლქო საარჩევნო კომისიებში. სულ შემოვიდა 24 425 განაცხადი, საიდანაც 9111 საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებზე გამოცხადებულ კონკურსში  მიიღებს მონაწილეობას, დანარჩენი 15 314 კი კომისიის წევრობის კონკურსში.

აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, წელს პირველად საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს. კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო გახდა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით.

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიებს იხელმძღვანელონ კანონმდებლობის შესაბამისად და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევისას გაითვალისწინონ ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა.

აშშ და ერაყი ამერიკული ჯარის გაყვანის თარიღზე შეთანხმდნენ -Reuters

აშშ-მა და ერაყმა ამერიკული ჯარის გაყვანის თარიღზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამერიკა საკუთარი კონტინგენტის პირველ ნაწილს ერაყიდან 2025 წელს გაიყვანს, ხოლო მეორეს – 2026 წელს. გეგმა შეთანხმებულია და ის ორივე მხარის საბოლოო დამტკიცებასა და თარიღის გამოცხადებას საჭიროებს.

შეთანხმების შესახებ განცხადება ოფიციალურად რამდენიმე კვირის წინ უნდა გაკეთებულიყო, თუმცა ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ურთიერთობების გამწვავების გამო ღონისძიება გადაიდო. შესაძლოა, შეთანხმების შესახებ განცხადება სექტემბერში გაკეთდეს.

როგორც Reuters-ი იუწყება, ამერიკული ჯარის მცირე ნაწილი ძირითადი კონტინგენტის გაყვანის შემდეგ, შესაძლოა, ერაყში დარჩეს.

აშშ ერაყში 2003 წელს შევიდა და დიქტატორი სადამ ჰუსეინი დაამხო. 2011 წელს ამერიკულმა ჯარმა ერაყი დატოვა, თუმცა 2014 წელს ის კვლავ დაბრუნდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად. დღესდღეობით ერაყში 2 500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე: საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად არასერიოზული იყო, „ჰელსინკის კომისიის“ განცხადება, რომ თითქოსდა, „ქართული ოცნების“ სქემაა ეს მთელს მსოფლიოში გაშლილი-ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულთა პროცესს ეხმიანება.

„საზოგადოებას შევახსენებ, როდესაც ჩვენ სერიოზული კომენტარებიც არ გაგვიკეთებია „ჰელსინკის კომისიის“ ჰაერიდან მოტანილ ბრალდებაზე, თითქოსდა, „ქართული ოცნების“ სქემაა ეს მთელს მსოფლიოში გაშლილი, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ჰელსინკის კომისიამ“ ეს ყველაფერი აბსოლუტურად არანაირ ფაქტზე, არანაირ არგუმენტზე დაყრდნობით გააკეთა და რაღაც ჰაერიდან მოიტანა ბრალდება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ სერიოზული კომენტარიც არ გაგვიკეთებია. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად არასერიოზული იყო, „ჰელსინკის კომისიის“ ის განცხადება“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების ფარგლებში, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.

 ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა

„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციით, ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა.

გამოცემის ცნობით, საუბარია მცირე რადიუსზე მოქმედ რაკეტებზე, რომლის გამოყენებასაც მოსკოვის უკრაინის წინააღმდეგ ომში შეძლებს. თუმცა რაკეტების მოდელისა და რაოდენობის შესახებ დეტალები უცნობია.

ცოტა ხნით ადრე სააგენტო „როიტერი“ იუწყებოდა, რომ ირანი ბალისტიკურ რაკეტებს გასაგზავნად ამზადებდა – საუბარია, სავარაუდოდ, FATH-360-ის სისტემაზე, რომლის მაქსიმალური დაფარვის მანძილის 120 კმ-ს შეადგენს.

ოფიციალურად ირანი რუსეთის დახმარებას უარყოფს. თეირანის თქმით, ირანმა რუსეთს უკრაინაში ომის დაწყებამდე მხოლოდ „კამიკაძე“ დრონების მცირე პატია გაუგზავნა.

უკრაინის ნორმალურად აღდგენის პირობა გაყინული კონფლიქტის გარეშე ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობაა – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის ნორმალურად აღდგენის პირობა გაყინული კონფლიქტის გარეშე უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიაში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე – “ამბროზეტი” განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა უნდა იყოს ევროკავშირის, ევროპის ოჯახის, ასევე [ჩრდილოატლანტიკური] ალიანსის, უსაფრთხოების კავშირის, ნატო-ს ალიანსის ნაწილი.

“რას გვაძლევს ეს? ეს შეუძლებელს ხდის რუსეთის ან ვინმეს აგრესიის დაბრუნებას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევთან უსაფრთხოების გარანტიები მინსკის შეთანხმებებისგან უნდა განსხვავდებოდეს, რომლებიც “ხაფანგი იყო”, ვინაიდან მინსკის შეთანხმებებმა კონფლიქტი გაყინა, რამაც რუსეთს ფართომასშტაბიანი ომისთვის მომზადების საშუალება მისცა, “ამიტომ მინსკის [შეთანხმებების] უკრაინასთან რეალური უსაფრთხოების გარანტიებთან შედარება არ შეიძლება”. “მაშიმ ნორმანდიის ფორმატზე ჩავედი, გვქონდა შეხვედრა გერმანია-საფრანგეთი-რუსეთი-უკრაინა. ვესაუბრე მას [პუტინს]. და მასთან შევთანხმდით, რომ იქნება ცეცხლის შეწყვეტა… რაღაც დროის შემდეგ მათ კონტაქტის ხაზზე ჩვენი დახოცვა დაიწყეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მაშინ პუტინს დაურეკა და დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეახსენა. “მან თქვა კი, ახლა გამოვასწორებთო. რაღაც დრო გავიდა და მათ კვლავ დაიწყეს ჩვენი დახოცვა. ისინი ემზადებოდნენ. ამიტომ არანაირი გაყინული კონფლიქტი”,- განაცხადა ზელენსკიმ.