Home Blog Page 4

“მეგობარი აქტი” რეალურად იყო მტრული და მეგობრობის იქ არაფერი ეწერა-კახა კალაძე

„მეგობარი აქტი“ რეალურად მტრული იყო და მეგობრობის იქ არაფერი ეწერა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის მიერ ჰელსინკის კომისიაში გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატების სენატი „მეგობარი აქტის“ მიღებას არ აპირებს.

კახა კალაძის შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტი სიცრუით იყო გაჯერებული.

„რეალურად მტრული აქტი იყო და მეგობრობის იქ არაფერი ეწერა. მხოლოდ და მხოლოდ იყო მტრული, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. ყველაზე მძიმე და მთავარი რაც არის, დოკუმენტი გაჯერებული იყო ტყუილებით, ცილისწამებაზე იყო დაფუძნებული. მაშინ, როდესაც გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, გადაიტვირთოს, რომ მეგობრობა, პარტნიორობა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის აქტის მიღება ძალიან მძიმე იქნება – აქტის, რომელიც მხოლოდ ტყუილებზეა დაფუძნებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში ძაღლს, რომელმაც მიმკედლებელი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა – ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი – სურსათის ეროვნული სააგენტო

მარტვილის მუნიციპალიტეტში მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა, ადგილზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაწყებულია დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და  უპატრონო და ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა.

„მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახავოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. 2 თვის ლეკვმა, რომლის დედა ოჯახმა რამდენიმე თვის წინ მიიკედლა, დაკბინა მიმკედლებელი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ინფორმაციის მიღებისთანავე, პათოლოგიური მასალა დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიაში გადააგზავნა. ლაბორატორიული გამოკვლევით, ცოფი დადასტურდა. აღნიშნული ფაქტის გამო, ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები – დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და  უპატრონო და ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა.

მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცოფის 5 შემთხვევაა გამოვლენილი. სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი/კატა) ცრის.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია, რათა   თავიდან აიცილონ   ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ სიცოცხლეს; ასევე, მიმართავს ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამას, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისაგან და ცხოველების  სიყვარული გამოხატონ აღნიშნული პროექტის მხარდაჭერით, რადგან ცოფის კონტროლის  საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები ერთხმად მიუთითებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების გავრცელების შემცირებასა და აღმოფხვრაში.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და დიაგნოსტიკურ ტესტირებას..

აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველთა პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.

პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად და შემდგომ მათი გარემოში დაბრუნება. დღეის მდგომარეობით, კასტრაცია/სტერილიზაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2000-ზე მეტ უპატრონო/მიკედლებულ ძაღლს ჩაუტარდა. საპილოტე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გრძელდება“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაიწყეთ სასწავლო წელი ჯანსაღი გონებით და ძლიერი იმუნიტეტით, GM PHARMA-ს ცნობილ ევროპულ ბრენდებთან ერთად!

დასვენებისა და თავგადასავლებით სავსე ზაფხულის შემდეგ, ჩვენი პატარები უკვე ახალი სასწავლო წლის ზღურბლზე დგანან. სექტემბრის დასაწყისიდან მშობლებისთვის აქტიური სასკოლო მზადება იწყება. ჩანთების, რვეულების, ფანქრების და ახალი ტანსაცმლის არჩევასთან ერთად, თითოეული მშობელისთვის მთავარი პრიორიტეტი ბავშვების ფიზიკური და გონებრივი მომზადებაა.

ახალი სასწავლო წელი საინტერესო გამოწვევების დასაწყისია, ამიტომ მნიშვნელოვანია ენერგიის, კონცენტრაციისა და სიმშვიდის შენარჩუნება. სწორად ორგანიზებული ძილი, ჯანსაღი კვება და ძლიერი იმუნიტეტი მტკიცე საფუძველია, რომელიც საშუალებას აძლევს პატარებს თავდაჯერებულად, ენერგიულად და სიხარულით შეხვდნენ ცხოვრების ახალ ეტაპს.

ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატებს, მათ შორის ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც ეხმარება ბავშვის სხეულის და ტვინის განვითარებას, ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებას: მაგალითად, D ვიტამინი – იმუნიტეტის მხარდასაჭერად, ან ომეგა 3 – ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერების გაუმჯობესების, კოგნიტური, წერისა და კითხვის უნარების განვითარებისთვის, ასევე B ჯგუფის ვიტამინები – ენერგიის შენარჩუნებისთვის. სწორად შერჩეული საკვები დანამატები დამატებით ხელს შეუწყობს თქვენს შვილებს წარმატებით გაართვან თავი სასწავლო თუ სხვა ყოველდღიურ გამოწვევებს.

სწორედ ამიტომ, Back to School-ის კამპანიას საერთაშორისო მულტინაციონალური კომპანია GM PHARMA უერთდება და 10-დან 18 სექტემბრის ჩათვლით მომხმარებლებს ევროპული ხარისხის ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატებზე 1+1 აქციას სთავაზობს. დაიწყეთ სასწავლო წელი ჯანსაღი გონებით და ძლიერი იმუნიტეტით GM PHARMA-ს ცნობილ ევროპულ ბრენდებთან ერთად!

მომხმარებლებს საშუალება ექნებათ 1+1 აქციით შეიძინონ ომესამის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები.

ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი, კოგნიტური ფუნქციების (დასწავლის, ანალიზის უნარი) დაქვეითება, მშრალი თვალის სინდრომის ტიპური სიმპტომები, ხშირი ავადობა – ყველა ამ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც ყველაფერთან ერთად, სასწავლო პროცესსაც მნიშვნელოვნად აფერხებს, ომეგა 3-ს მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

✔️ ომესამი D3 კაფს. 1000 სე №20 (ომეგა-3 1000 მგ / ვიტამინი D3 1000 სე) – უნიკალური კომბინაცია, ომეგა-3-ისა და D ვიტამინის ბალანსის აღდგენა

✔️ ომესამი D3 კაფს. 2000 სე №20 (ომეგა-3 1000 მგ / ვიტამინი D3 2000 სე) – უნიკალური კომბინაცია, ომეგა-3-ისა და D ვიტამინის ბალანსის აღდგენა

✔️ ომესამი D3 კაფს. 5000 სე №20 (ომეგა-3 1000 მგ / ვიტამინი D3 5000 სე) – უნიკალური კომბინაცია, ომეგა-3-ისა და D ვიტამინის ბალანსის აღდგენა

✔️ ომესამი ჟელი №50 (ALA 65 მგ / ვიტამინი C 10 მგ / ვიტამინი D3 80 სე / ვიტამინი E 1.2 მგ) – ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობა

მოგეხსენებათ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს D ვიტამინს ბავშვის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის – ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობას, იმუნური სისტემის გაძლიერებას და ორგანიზმის სრულფასოვან ფუნქციონირებას. სწორედ ამიტომ, 10-18 სექტემბრის ჩათვლით მომხმარებლებს შეუძლიათ 1+1 აქციით სარგებლობა ე.წ. „მზის ვიტამინზე“ – დეტრივიტზე, რომელიც უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია ბავშვის ყოველდღიური D3 ვიტამინის საჭიროების უზრუნველსაყოფად.

✔️ დეტრივიტი კაფს. 1000 სე №60 (ვიტამინი D3 1000 სე) – D ვიტამინის დეფიციტის პრევენცია და შევსება

✔️ დეტრივიტი კაფს. 2000 სე №30 (ვიტამინი D3 2000 სე) – D ვიტამინის დეფიციტის პრევენცია და შევსება

✔️ დეტრივიტი ფორტე კაფს. №30 (ვიტამინი D3 5000 სე) – D ვიტამინის დეფიციტის შევსება

✔️ დეტრივიტი დროპსი, ფლაკონი 30 მლ. (ვიტამინი D3, 1 მლ – 400 სე) – გაუმჯობესებული გემოვნური თვისებების მქონე D3 ვიტამინის წვეთები ბავშვებში რაქიტის და ძვლოვანი პათოლოგიების საპრევენციოდ

✔️ დეტრი-დროპსი, ფლაკონი 10 მლ. (ვიტამინი D3, 15000 სე/მლ) – მაღალი კონცენტრაციით D3 ვიტამინის შემცველი წვეთები D ვიტამინის დეფიციტის საპრევენციოდ და სამკურნალოდ, როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა ასაკში

✔️ დეტრივიტი ჟელი, ჟელი №50 (ვიტამინი D3 400 სე) – D3 ვიტამინი 3 წლის ასაკიდან მყარი ძვლების, კბილებისა და ძლიერი იმუნიტეტისთვი

1+1 აქციის ფარგლებში GM PHARMA თავის მომხმარებელს ასევე სთავაზობს სხვა ევროპულ ბრენდებს, როგორიცაა:

✔️ ჟელი-ვიტი, ჟელი №50ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი სპეციალურად ბავშვებისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და მადის დასარეგულირებლად

✔️  ჰილსი ბეიბიკიდსი, ცხვირის სპრეი 20 მლ (ზღვის მარილის იზოტონური ხსნარი და სიმბიოფილმი) – ინოვაციური კომბინაცია გაციებისა და ნებისმიერი ტიპის რინიტის დროს მოზრდილებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან

✔️ ისმი-კიდი, ფლაკონი 10 მლ. (Lactobacillus Rhamnosus – 1,8 მლრდ; Streptococcus Oralis – 0,2 მლრდ; ვიტამინი D3 – 2,5 მკგ (100სე); ფოლის მჟავა – 100 მკგ) – პირის ღრუს მიკრობიოტის აღსადგენად

მომხმარებლები აქციით სარგებლობას 10-18 სექტემბერს, PSP-ს სააფთიაქო ქსელში შეძლებენ!

(R)

„თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა“ – თუ დაკვირვების სურვილი ჰქონდათ, საკმარისი დროა იმისთვის, რომ დააკვირდნენ – შალვა პაპუაშვილი ეუთო/ოდირზე 

x

„თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა“, თუ დაკვირვების სურვილი ჰქონდათ, საკმარისი დროა იმისთვის, რომ დააკვირდნენ – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ეუთო/ოდირის იმ გადაწყვეტილებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას ვერ შეძლებენ.

როგორც მან აღნიშნა, ახლა დაკვირვებას არაფერი წინ არ უდგას, რადგან აქტიური საარჩევნო კამპანია ერთი კვირის წინ დაიწყო.

„რაც შეეხება ეუთო/ოდირის განცხადებას დროსთან დაკავშირებით, „თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა“. თუ დაკვირვების სურვილი ჰქონდათ, საკმარისი დროა იმისთვის, რომ დააკვირდნენ. იცით, რომ სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც აქტიური საარჩევნო კამპანია დაიწყო და ერთ თვეში ვაპირებთ ჩვენც და სხვა პარტიებიც, რომ საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ. ახლა დაკვირვებას არაფერი წინ არ უდგას. ასე რომ, „თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა“. არანაირი პრობლემა არ იყო, ჩამოსულიყვნენ და დაჰკვირვებოდნენ. გუშინ ვნახე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ წუხან, დაკვირვებას ვერ შეძლებს ეუთოო. მოსახლეობას ვეტყვი, რომ შვედეთს არც ერთხელ არ მოუწვევია ეუთო/ოდირი ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ისტორიაში არც ერთხელ, არასდროს მოუწვევია. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია არ არის სხვა ქვეყნის არჩევნები, არანაირად არ ეხება შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს არჩევნებს ვინ დააკვირდება და ვინ არა. მეტიც, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, 2024 წლის 11 თუ 12 ნოემბერს იდგა ანტისამთავრობო მიტინგზე, არ აღიარებდა ეუთო/ოდირის დასკვნას და რადიკალურ ოპოზიციას მოუწოდებდა „მაიდნისკენ“. ასე რომ, ეს არის ფარისევლური განცხადება ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დირექტორმა, მარია ტელალიანმა განაცხადა, რომ საქართველოსგან არჩევნებამდე მოკლე დროში მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის. კერძოდ, ეუთო/ოდირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე, არჩევნების დღემდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე დამკვირვებელთა მოწვევა არ ტოვებს საკმარის დროს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის. როგორც ეუთო/ოდირის დირექტორმა განაცხადა, ოდირი ვერ შეძლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოში.

ხალხი ანალიზს აკეთებს, ვინ ვინ არის, ვინ რა პოლიტიკას ახორციელებს და ვინ ვის ინტერესს ემსახურება – ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს ვერ აკომპლექტებს, რაც იმის ნიშანია, რომ მათ გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ქართველი ამომრჩეველი კარგად ხედავს, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ინტერესს ემსახურება.

„ოპოზიციური პარტიების მხრიდან კანდიდატების არდაყენება იმაზე მიუთითებს, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს არანაირი შესაძლებლობა, მხარდაჭერა არ აქვთ. ყველანაირად დემოტივირებული, რესურსობრივად განულებულები არიან. ქართველი ხალხი ხომ ხედავს და გრძნობს ამ ყველაფერს? დღეს ხომ არ არის 2012 წლამდე არსებული პერიოდი, როდესაც ერთი კაცის ჯიბეში იყო ტელევიზია, სააგენტოები. სოციალური მედია შეიძლება მაშინ არ იყო, დღეს კი უკვე სხვადასხვა პლატფორმა არსებობს და ადამიანი ინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე აბსოლუტურად ყოველგვარი პრობლემის გარეშე იღებს. ხალხი ანალიზს აკეთებს, ვინ ვინ არის, ვინ რა პოლიტიკას ახორციელებს და ვინ ვის ინტერესს ემსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერობის, ისე საკრებულოს დონეზე, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

„მეამეყება, რომ ჩვენ ქართველ ხალხს ვემსახურებით. ქართველი ხალხი არის ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, მათ უფლებებს დავიცავთ ყველგან, სადაც და როგორც არ უნდა ვიყოთ. შესაბამისად, ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნია. იციან, რომ დამარცხებულები არიან ყველგან. ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერობის, ისე საკრებულოს დონეზე, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

სხვისი ქონების დაზიანება, თუ შესაბამისი ნივთი 150 ლარზე მეტი ღირებულების არის, სისხლის სამართლის დანაშაულია, 35 წელია ასეა – პრემიერი

სხვისი ქონების დაზიანება, თუ  შესაბამისი ნივთი 150 ლარის  ზევით ღირებულების არის, სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ არ მოგვიგონია, 35 წელია ასეა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აქტივისტის, მეგი დიასამიძის დაკავებას ეხებოდა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დანაშაულისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისაჯოს.

„მე არ ვიცი, 5 წელი იქნება თუ რამდენი, ამას გადაწყვეტს სასამართლო. 35 წელია ასეთი რამ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, ჩვენ არ მოგვიგონია.  სხვისი ქონების დაზიანება, თუ  შესაბამისი ნივთი 150 ლარზე  მეტი ღირებულების არის, სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ არ მოგვიგონია, 35 წელია ასეა. 

დანაშაული არის დანაშაული და დანაშაულისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისაჯოს”, –  განაცხადა პრემიერმა.

კახა კალაძემ საზოგადოებას გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები გააცნო

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები წარუდგინა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ესწრებოდნენ.

სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციული სივრცეების არსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ გასულ წლებში მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, დედაქალაქში საპარკო კულტურა დაბრუნდა.

„როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის მერობის კანდიდატი და თბილისის აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებელი პირი, განვაგრძობ ჩვენი მოსახლეობისთვის სამომავლო გეგმების გაცნობას. დღეს უნდა ვისაუბრო იმ პოლიტიკასა და მიმართულებაზე, რაზეც ყველაზე უკეთ თავად თბილისის რეალობა საუბრობს. როდესაც 2017 წელს მოვედით დაპირებით, რომ თბილისი იქნებოდა „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, ვგულისხმობდით სწორედ იმას, რაც დღეს სახეზეა – სხვადასხვა ასაკის მქონე ადამიანებით სავსე პარკები, სკვერები, რეკრეაციული სივრცეები, ახალგაზრდები ყველა სპორტულ მოედანსა და სკეიტ პარკებში.

უზარმაზარი მასშტაბის სამუშაო ჩატარდა გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით. არ დაგვიტოვებია თბილისის არცერთი უბანი და რაიონი, არცერთი სკვერი, ბაღი, პარკი, ხეივანი, გზაგამტარი თუ სატრანსპორტო კუნძულიც კი თბილისის გასამწვანებლად. ერთ დროს ნაგავსაყრელად და ჭაობად ქცეულ ტერიტორიებზე დღეს ულამაზესი პარკებია გაშენებული, რომლითაც თითოეული ჩემი თანამშრომელი ამაყობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველი ნაბიჯი, რაც გადაიდგა, იყო ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება – დამტკიცება, რომელშიც მკაფიოდ არის გაწერილი ის არეალები, რომელთა გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ რეკრეაციული მიმართულებით არის შესაძლებელი.

„2017 წელს დაგვხვდა ძალიან ცუდი და მავნე პრაქტიკა, როდესაც ხდებოდა რეკრეაციული არეალების გასხვისება იმისთვის, რომ იქ სამშენებლო კუთხით, სხვადასხვა სამუშაო ჩატარებულიყო. ბევრი ტერიტორია იყო გასხვისებული. ჩვენ მთლიანად შევცვალეთ ის მძიმე პრაქტიკა, რომელიც ამ მიმართულებით არსებობდა. ჩვენ ბიზნესისა და ქალაქის აღმშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში, არ და ვერ მოხდება რეკრეაციული სივრცეების განადგურების, ტყის გაჩეხის, ჰაერის დაბინძურების ხარჯზე, რაც ძალიან ცუდი, დამკვიდრებული პრაქტიკა იყო.

რა თქმა უნდა, ბიზნესი უნდა განვითარდეს, ქალაქი უნდა განაშენიანდეს ურბანულად სწორად, მაგრამ რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე, ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, მომგებიანი პროექტები ზუსტად რომ ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოს შექმნას უნდა ემსახურებოდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, ქალაქს შევმატოთ მეტი გამწვანებული სივრცე. ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი თუ სამშენებლო ნებართვის გაცემა, აუცილებლად ითვალისწინებს გამწვანების კომპონენტს, რაც ჩვენთვის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტმა რთული ნაბიჯები გადადგა და კერძო მესაკუთრეებისგან, ადგილმონაცვლეობის გზით, არაერთი მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიბრუნა.

„დღეს შემიძლია, თამამად დაგპირდეთ, რომ არ დაგზარდებით, არ დავიღლებით და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს, რათა ოთხი წლის შემდეგ, ქალაქს, ჩვენს შვილებს და თუნდაც ჩვენს ოპონენტებს დავუტოვოთ ბევრად უფრო მოწესრიგებული გარემო, რადგან ეს ქალაქი ყველასია და არ წარმოადგენს ვინმეს პოლიტიკურ საკუთრებას. ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია რეალურად მოუაროს და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს ქალაქში, ეს სწორედ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობების თითოეულ თანამშრომელს.

„უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეებს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს, „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც უვლიან გამწვანებულ ტერიტორიებს და ყოველდღიურად ალამაზებენ მათ. მადლობა რაიონული გამგეობების თანამშრომლებს, ყველას, ვისაც თუნდაც პატარა წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქალაქის გამწვანებაში.

რაც მთავარია, მადლობას ვუხდი თბილისელებს, რომლებიც კარგად ხედავენ იმ სასიკეთო ცვლილებებს, რაც ქალაქს თვალნათლივ დაეტყო და თავიანთი მხარდაჭერით გვაძლევენ სტიმულს, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ, მეტად გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი. უამრავი ადამიანი შემხვედრია, ვინც ქვეყნიდან იყო გასული – ყველა საუბრობს და ხაზს უსვამს, თუ როგორი გამწვანებულია დედაქალაქი და რამდენად მოვლილია იგი. მჯერა, 4 ოქტომბერს გაიმარჯვებს თბილისი. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. გამარჯვება და წარმატებები ჩვენს ქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციას მინისტრთა კაბინეტის, თბილისის მერიის, საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, ახალგაზრდები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ამბროლაურში ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით საღამო – „მუსიკალური შემოდგომა“  გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, ქალაქ ამბროლაურში კონცერტი „მუსიკალური შემოდგომა“ გაიმართა.  

მსმენელის წინაშე მუსიკალური პროგრამით ყველასთვის ცნობილი ქართველი შემსრულებლები წარსდგნენ. საღამოზე მრავალფეროვანი ქართული ჰანგები შესრულდა რომა რცხილაძის, მაია ჯაბუას, თამთა ჭელიძის, დათუნა სირბილაძის, თემურ თათარაშვილის, მარიკა თხელიძისა და  მარიამ მამისმედიაშვილის მონაწილეობით. ასევე, ახალგაზრდებისთვის ჯგუფმმა რეზო და ბავშვებმა იზრუნეს.

მუსიკალურ საღამოს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებითან ერთად დაესწრო.

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წელს კახეთი მეცხრედ მასპინძლობს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს, რომელიც წინანდლის მამულებში, 11 ოქტომბერს გაიმართება. წლევანდელ ფესტივალში მსოფლიოს გამოჩენილ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობას 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს.

13:00 | ღვინის დეგუსტაცია.

14:00 და 16:00 | ამფითეატრის სცენა დაეთმობა იტალიურ ჯგუფს სალთ ფინათსი (SALT PEANUTS), რომლისსპეციალური სტუმარი მომღერალი რეიჩელ დოუ (RACHEL DOE) იქნება.

Salt Peanuts Show გთავაზობთ დაუვიწყარ მუსიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს მოგზაურობისა და ცოცხალი შესრულების უნიკალურ სინთეზს. შოუ მსმენელს მუსიკის სხვადასხვა ეპოქასა და ჟანრში ამოგზაურებს: ლეგენდარული ლუი არმსტრონგისა და ლუი პრიმას ჯაზ-სვინგით დაწყებული, ელვის პრესლის, როი ორბისონისა და ჯერი ლიუისის როკ ენ როლით დამთავრებული; დამატებული იტალიური მუსიკის ელემენტები, ფრედ ბუსკალიონეს ირონიული სტილი, რენატო carosone-ს ენერგიულობა და ადრიანო ჩელენტანოს სახასიათო შესრულება, ყველაფერი ეს ერთად ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს და კიდევ უფრო ამდიდრებს შოუს დინამიკას.

შოუს პარალელურად ფესტივალის სტუმრებს, იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო მუსიკის ფონზე, ტრადიციულად იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება.

19:00 | სადღესასწაულო განწყობას, ბოლრუმში, გააგრძელებს ჯაზის ამომავალი ვარსკვლავი პიანისტი და მომღერალი ფრანჩესკა ტანდოი (FRANCESCA TANDOI TRIO) თავისი ტრიოთი. იტალიელი მუსიკოსი კრიტიკოსებისა და კოლეგების მხრიდან აღიარებულია, როგორც ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ახალგაზრდა ტალანტი. სულ რამდენიმე წელიწადში მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც მსოფლიო დონის პიანისტმა და ვოკალისტმა.

21.00 | ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგება ამერიკელი ბასისტი ნიკ ვესთი (NIK WEST)

ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია „ისთერნ ფრომოუშენსი“

ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი. ოფიციალური სპონსორია ვიზა.

სპონსორები: პორშე, თეგეტა, ისი პარი. მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრცია და საქართველოს კულტურის სამინისტრო; კომპანია ალმა და Homeland of Wine Magazine.  მასპინძელი სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი.

ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე. თიბისის კონცეპტ Visa ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ბილეთები 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.

R

დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე – სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოსა და საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ბ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მიერ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“-ს შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ ე.ბ. ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ჩარლი კირკი, რომელსაც ღონისძიებაზე ესროლეს, გარდაიცვალა

“Turning Point USA“-ს დამფუძნებელი, კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე სროლის შედეგად გარდაიცვალა.

ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა.

“დიდი და ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა…

მას ყველა უყვარდა და აღმერთებდა, განსაკუთრებით მე, და ახლა ის ჩვენთან აღარ არის. მელანიასა და ჩემი სამძიმარი მის მშვენიერ მეუღლეს, ერიკას და ოჯახს. ჩარლი, გვიყვარხარ!“, – დაწერა ტრამპმა.

კონსერვატორ, ახალგაზრდული ორგანიზაცია Turning Point USA-ს აღმასრულებელ დირექტორსა და თანადამფუძნებელს, ჩარლი კირკს იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ესროლეს. აქტივისტი პრეზენტაციას ატარებდა, როცა სროლა მოხდა.

რუსეთის წინააღდეგ სანქციებს მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ – კაია კალასი პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე

უმკაცრესად ვგმობთ 10 სექტემბერს რუსული დრონების მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცის განზრახ დარღვევას. ეს აგრესიული და უგუნური ქმედება რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაციის ნაწილია, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ევროკავშირის სახელით ავრცელებს.

კალასის შეფასებით, რუსეთის აღნიშნული ქმედება საფრთხეს უქმნის ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოებას, რეგიონულ სტაბილურობას და საერთაშორისო მშვიდობას.

„ევროპის საჰაერო სივრცის ეს სერიოზული დარღვევა მხოლოდ უფრო ამტკიცებს ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და მის ხალხს რუსეთისგან თავის დაცვაში და ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ სწრაფვაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი რუსეთისა და მისი ხელშემწყობების მიმართ სანქციებს გააძლიერებს.

„კიდევ უფრო გავზრდით მოსკოვის ხარჯებს რუსეთისა და მისი ხელშემწყობების მიმართ სანქციების მნიშვნელოვნად გაძლიერებით. ასევე ვიმუშავებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, რომ დაასრულოს ეს ომი. გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას პოლონეთის მიმართ და ვაგრძელებთ იმ მხარდაჭერის შეთავაზებას, რომელიც პოლონეთს სჭირდება აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად. მუდმივ მჭიდრო კონტაქტზე ვართ პოლონეთის ხელისუფლებასთან“, – აცხადებს კალასი.