Home Blog Page 4

ზელენსკი, ტრამპი და პუტინი: როგორც ჩანს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველას თავისი ინტერესი აქვს – The Economist

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ზელენსკი, ტრამპი და პუტინი: როგორც ჩანს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველას თავისი ინტერესი აქვს“, რომელშიც განხილულია საკითხი უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე. „პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას მეორე ვადითაც გეგმავს. არჩევნები შეიძლება უკვე ივლისში გაიმართოს, ანუ სავარაუდოდ, სამხედრო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, რომლის მიღწევასაც თეთრი სახლი 20 აპრილისთვის გეგმავს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

„უილიამ შექსპირის „მაკბეტის“ ახალი დადგმა, რომელიც 28 თებერვალს კიევის ცნობილ ივან ფრანკოს თეატრში გაიმართა, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო უკრაინის თეატრალურ ცხოვრებაში, მაგრამ სპექტაკლი სწორედ იმ დღეს თეთრ სახლში მომხდარმა დიპლომატიურმა კატასტროფამ დაჩრდილა… და მაინც მაყურებლები, რომლებსაც დიდი  შთაბეჭდილება დარჩათ „მაკბეტის“ ნახვის შემდეგ, გარკვეულ პარალელს ავლებდნენ შექსპირის პერსონაჟებსა და დღევანდელი დროის „გმირებს“ შორის. ვიღაცეები „მაკბეტს“ სისხლისმსმელ მოსკოველ დიქტატორს ამსგავსებდნენ. სხვებისთვის კი შექსპირის ტრაგედია  წარმოადგენს ისტორიას ამბიციებზე, ხელისუფლებაზე და ღალატზე“, – ნათქვამია პუბლიკაციის დასწყისში, შემდეგ კი სტატიაში უშუალოდ მოქმედი „ვადაგასული“ პრეზიდენტის შანსებია განხილული:

„კიევში ვოლოდიმირ ზელენსკიზე „ხანჯლებს ლესავენ“ – მის წინააღმდეგ ინტრიგები იხლართება. რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი საზღვარგარეთიდან ძლიერ ზეწოლას განიცდიდა: ვლადიმერ პუტინისაგან, რომელიც მის ლეგიტიმურობას ეჭვქვეს აყენებს  და დონალდ ტრამპისაგან, რომელიც კრემლის მეთაურის თეზისებს იმეორებდა. როგორც ჩანდა, ორივეს ვოლოდიმირ ზელენსკის ჯიუტობა აღიზიანებდათ. თეთრი სახლი და კრემლი – ორივე ითხოვდა არჩევნების ჩატარებას ომის დროს და, ალბათ, ვარაუდობდნენ, რომ უკრაინელი ამომრჩეველი ამერიკელ და რუს ლიდერს სურვილს შეუსრულებდა – „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელ პრეზიდენტის ხელისუფლებას დაამხობდა. ორი თვის წინათ ვოლოდიმირ ზელენსკი კატეგორიულად იყო არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი, მაგრამ თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა მისმა რეიტინგმა, ჟურნალ „ეკონომისტის“ ეგიდით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მნიშვნელოვნად მოიმატა, პრეზიდენტის განწყობა შეიცვალა, მან თავისი გათვლები შეცვალა. ამჟამად მიმდინარეობს სერიოზული მზადება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ამომრჩევლებს სიტყვით მიმართავს და საკმაოდ მალე. გასულ კვირას პრეზიდენტმა თათბირი ჩაატარა და თავის გუნდს დაავალა – მოემზადნონ არჩევნებში ხმის მიცემისათვის საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შემდეგ“, – წერს „ეკონომისტი“.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ არჩევნებისათვის მზადების პირველი ნიშანი შეიძლება გახდეს უკრაინის ვერხოვნა რადაში (საკანონმდებლო ორგანოში) ხმის მიცემა სამხედრო მდგომარეობის გაგრძელებისათვის (ან არგაგრძელებისთვის), რომელიც არა უგვიანეს 5 მაისამდე უნდა  განხორციელდეს.

როგორც „ეკონომისტი“ წერს, სხვადასხვა წყაროები არჩევნების სხვადასხვა თარიღს ასახელებენ, თუ როდის შეიძლება პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდეს, თუმცა წყაროთა უმრავლესობა იხრება იმ ვერსიისაკენ, რომ ამომრჩევლები საარჩევნო ყუთებთან უკვე მიმდინარე წლის ივლისში მივლენ. კანონის თანახმად, ხმის მიცემა შეიძლება ჩატარდეს არა უადრეს 60 დღის (ორი თვის) განმავლობაში სამხედრო მდგომარეობის გაუქმებიდან. „ეკონომისტის“ ზოგიერთმა მოსაუბრემ არ გამორიცხა არჩევნების ორგანიზება სამი თვის შემდეგაც: მათი თქმით, საარჩევნო ორგანოებს წინ უამრავი რთული საკითხის მოგვარება ელოდებათ, რომლებიც ძალზე ბევრია დაგროვილი – სიების შემოწმება, უცხოეთში მყოფი ლტოლვილების მონაწილეობა არჩევნებში და ა.შ.

ერთ-ერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა ივარაუდა, რომ „ვოლოდიმირ ზელენსკი შეეცდება თავისი მეტოქეები ანაზდეული მოქმედებით საგონებელში ჩააგდოს და არჩევნები ივლისში დანიშნოს – იმ იმედით, რომ შეკვეცილი ვადები მას შესაძლებლობას მისცემს ბრძოლა მოუმზადებელ  მოწინააღმდეგეებთან ჰქონდეს“. მისი თქმით, „ხანგრძლივი საარჩევნო კამპანია ქვეყანას ნაწილ-ნაწილად დაგლეჯს“.

ამასთან, უკრაინის ოპოზიცია უფრო ხანგრძლივი (სამთვიანი) საპრეზიდენტო კამპანიის მომხრედ გამოდის.

ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთი სავარაუდო მთავარი ოპონენტის, ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს აზრით, არჩევნები შეიძლება ჩატარდეს „აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით“ პერიოდში, ნებისმიერ დროს. მისი თქმით, ვოლოდმირ ზელენსკის საარჩევნო კამპანიის სტარტი იმ დროიდან დაიწყო, როცა მოქმედმა პრეზიდენტმა ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა.

თავის მხრივ, პარტია „ბატკივშჩინის“ დეპუტატი სერგეი ვლასენკო თვლის, რომ 8 მაისისათვის, როცა უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის ვადა ამოიწურება, ცეცხლის შეწყვეტაზე საიმედო შეთანხმების მიღწევა რთული საქმე იქნება. „კიდევ უფრო რთული იქნება იმ უკრაინელების საარჩევნო უფლების რეალიზება, რომლებიც ან საზღვარგარეთ იმყოფებიან, ან ფრონტის ხაზზე და ან რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

შენიშვნა: უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახური“ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადებას კატეგორიულად უარყოფს. როგორც დავით არახამიამ – „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა ვერხოვნა რადაში – განაცხადა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებლის («Суспiльне») ტელეეთერში, „არავითარი თათბირი არ გამართულა და საერთოდ, ამჟამად არავინ არ ფიქრობს არჩევნების მომზადებასა და მის ჩატარებაზე. ყველა საპარლამენტო ფრაქცია შეთანხმდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება სამხედრო მდგომარეობის გაუქმებიდან ექვსი თვის შემდეგ“.

წყარო

თიბისი კაპიტალმა საქართველოს საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა

თიბისი კაპიტალმა გამომწერებს ვებინარზე საქართველოს საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა – 2024 წლის შედეგები და 2025 წლის მოლოდინები გააცნო.

ბოლო წლებში, გაზრდილმა ეკონომიკურმა აქტივობამ და საცალო სექტორის ზრდამ პოზიტიური გავლენა მოახდინა კომერციული უძრავი ქონების სექტორზე, მათ შორის სავაჭრო ცენტრებზე, ქუჩის სავაჭრო ობიექტებსა და ბიზნეს ცენტრებზე.

ხელფასების ზრდამ მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი გაზარდა, რაც სამომხმარებლო პროდუქტებზე დანახარჯების ზრდაზე აისახა. ასევე, მზარდი ურბანიზაცია ქალაქებში საცალო და სამომხმარებლო სექტორზე მოთხოვნას ზრდის.

სავაჭრო ცენტრები

საქართველოში ეკონომიკური აქტივობა და შესაბამისად, კომერციული უძრავი ქონებაც, ძირითადად, თბილისშია კონცენტრირებული. თბილისში 10 თანამედროვე, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელთა ჯამური გასაქირავებელი ფართი 291 728 კვ.მ-ს შეადგენს. ბათუმში წარმოდგენილია 5 სავაჭრო ცენტრი, რომელთა ჯამური გასაქირავებელი ფართი 53 901 კვ.მ-ს შეადგენს. ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში წარმოდგენილი სავაჭრო ცენტრები ძირითადად სავაჭრო ცენტრებისა და ღია ბაზრობების კომბინაციას წარმოადგენენ. ზუგდიდს თანამედროვე სავაჭრო ცენტრი 2023 წელს შეემატა, სადაც წარმოდგენილია ქსელური მაღაზიები, საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდები.

2024 წელს თბილისის სავაჭრო ცენტრებში საშუალო იჯარამ კვ.მ-ზე $24.1 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 7.4%-ით მაღალია. იმავე პერიოდში, ბათუმის სავაჭრო ცენტრებში საშუალო იჯარა კვ.მ-ზე $23.1 იყო, 5%-ით მაღალი ვიდრე 2023 წელს. დადებითი დინამიკა ახალი სავაჭრო ცენტრების გახსნითა და აჭარაში არსებული დადებითი ეკონომიკური ტენდენციებით იყო განპირობებული.

მომდევნო წლებში ახალი სავაჭრო ცენტრები თბილისს, ბათუმსა და თელავს შეემატება. თბილისის სამომავლო მიწოდებიდან აღსანიშნავია სავაჭრო ცენტრებიდან აღსანიშნავია თბილისი აუთლეტ ვილიჯი, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გაიხსნება და ასევე, სავაჭრო სახლი – ბავშვთა სამყარო, რომელზეც სამშენებლო ნებართვა 2024 წელს გაიცა. მომდევნო წლებში ბათუმს ორი სავაჭრო ცენტრი შეემატება: ორბი სითი და მსოფლიო სავაჭრო ცენტრი. თელავში კი, ახალი სავაჭრო ცენტრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

ქუჩის სავაჭრო ობიექტები

2024 წელს საშუალო იჯარა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტებში ყველაზე მაღალი იყო და კვ.მ.-ზე $31-ს შეადგენდა, მეორე ადგილზე კი ბათუმი იყო  – კვ.მ.-ზე $25.5 -ით.

თბილისში ყველაზე მაღალი საშუალო იჯარა რუსთაველის (კვ.მ. – $33.3) და ჭავჭავაძის (კვ.მ. – $33.2) გამზირებზეა. ბათუმში გორგილაძის ქუჩა ლიდერობს, სადაც საშუალო იჯარა კვ.მ.-ზე $29.4-ს შეადგენს.  

თბილისში 2024 წელს 29 სავაჭრო ობიექტზე გაიცა სამშენებლო ნებართვა, რაც ნიშნავს, რომ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ თბილისის ბაზარზე კომერციული ფართების მიწოდება გაიზრდება.

ბიზნესცენტრები და ოფისები

2024 წელს თბილისის ბიზნესცენტრებში საშუალო იჯარა წლიურად 6%-ით გაიზარდა და კვ.მ.-ზე $23.4-ს გაუტოლდა. საშუალო იჯარა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბიზნესცენტრების ტიპების მიხედვით:  A კლასის ბიზნესცენტრში საშუალო იჯარა კვ.მ-ზე $28-ს შეადგენს, B კლასის ბიზნეცენტრში კი – $15.1-ს. C კლასის საოფისე სივრცეებზე, რომლებიც ძირითადად საცხოვრებელი შენობების პირველ სართულზეა განთავსებული საშუალო იჯარა კვ.მ-ზე $13-ს შეადგენს.

2024 წელს თბილისის ბიზნეს ცენტრებში ვაკანტურობის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი 12%-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით, 2 პროცენტული პუნქტით დაბალია. დატვირთულობის გაუმჯობესება განსაკუთრებით შესამჩნევია A კლასის ბიზნეს ცენტრებში, სადაც ვაკანტურობის კოეფიციენტი 10%-მდე შემცირდა.

2024 წელს თბილისში 18 ახალი ბიზნესცენტრის მშენებლობის ნებართვა გაიცა, რაც ნიშნავს, რომ  მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, თბილისში ახალი მსხვილი ბიზნესცენტრები გამოჩნდება. ახალი ბიზნესცენტრების მშენებლობის ნებართვები ძირითადად ვაკეში და საბურთალოზეა კონცენტრირებული.

ბათუმში საოფისე უძრავი ქონების იჯარა მიახლოებულია თბილისის საშუალო მაჩვენებელთან და კვ. მ-ზე $16.2 აშშ დოლარს შეადგენს.

ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდისა და თელავის საოფისე უძრავი ქონების ბაზარზე ორგანიზებული საოფისე ფართების ნაკლებობაა, ვინაიდან ქალაქებში ოფისების უმეტესობა საცხოვრებელი შენობების პირველ სართულებზეა განთავსებული. რაც შეეხება სამომავლო მიწოდებას, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში,  საოფისე ფართები სამომავლოდ, ძირითადად, მრავალფუნქციურ შენობებსა და სავაჭრო ცენტრებში იქნება განთავსებული.

საცხოვრებელი უძრავი ქონება

საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის 72% თბილისს უჭირავს, 20% – ბათუმს, 8% კი სხვა ქალაქებს.

უძრავი ქონების პირველად ბაზარზე 2022-2023 წლებში აქტივობა ძალიან გაიზარდა, 2024-ში კი ზრდის ტემპი დასტაბილურდა.

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრისთვის 2025 წელი შედარებით სუსტად დაიწყო. გაყიდვები პირველ 2 თვეში წლიურად 5%-ით შემცირდა, რაც ძველი ბინების გაყიდვების კლებითაა გამოწვეული. თბილისში ახალი ბინების გაყიდვები 2025 წლის იანვარში საგრძნობლად გაიზარდა წლიურად, თუმცა თებერვალში ტრანზაქციები შენელდა.

თბილისის უბნებში გაყიდვების კუთხით აღსანიშნავია კრწანისის გააქტიურება, სადაც 2025 წლის პირველ 2 თვეში ტრანზაქციების რაოდენობა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა. ეს უმეტესწილად, მეორადი ბაზრის გააქტიურებასთანაა დაკავშირებული.

მთაწმინდასა და ვაკეში, სადაც ფასების დონე ყველაზე მაღალია, თებერვალში დაახლოებით 6%-იანი წლიური კლება დაფიქსირდა.

2024 წელს ქირა დასტაბილურდა და ეს ტენდენცია 2025 წელსაც გრძელდება. როგორც მოსალოდნელი იყო, ქირის შემცირების და ფასის მაღალ დონეზე შენარჩუნების ფონზე, დასტაბილურდა უძრავი ქონების ამონაგებიც და მის გრძელვადიან საშუალო დონეს მიუახლოვდა.

2023-2024 წლებში, თბილისში ჯამურად დაახლოებით 2.7 მილიონ კვ.მ. საცხოვრებელ ფართობზე გაიცა სამშენებლო ნებართვა. ნებართვების მსგავსი ზრდა ძირითადად გამოწვეულია გაყიდვებსა და გასაყიდ ფასში არსებული გასული წლების პოზიტიური ტრენდებით. თუმცა, 2025 წლის იანვარსა და თებერვალში ნებართვებში კლება შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ თბილისში მშენებლობის ნებართვების 23% დიღომზე მოდის.

2025 წელი ბათუმისთვის შედარებით პოზიტიურად დაიწყო. ტრანზაქციების რაოდენობა პირველ 2 თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 4%-ით გაიზარდა, გასაყიდი ფასი კი – 20%-ით.

უკრაინაში არანაირი არჩევნები არ მზადდება – დავით არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არჩევნებისთვის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

არახამიამ უკრაინულ მედიასთან საუბარში განმარტა, რომ მსგავს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და ასეთი შეხვედრა საერთოდ არ შემდგარა.

„არანაირი არჩევნები არ მზადდება, არანაირი მზადება არ მიმდინარეობს. საპარლამენტო პარტიები და ჯგუფები შეთანხმდნენ, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან ექვსი თვის შემდეგ. პრინციპში, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა”, – აღნიშნა არახამიამ.

ცნობისთვის, გამოცემა The Economist-მა 30 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩევნები უკრაინაში, შესაძლოა, ივლისში ჩატარდეს და რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა მოიწვია.

შესაძლოა, დღესვე დამაკავონ, მზად ვარ, სახლში არ დავბრუნდე – ალეკო ელისაშვილი 

პოლიტიკურ დევნას მედავებიან კაცის, რომელიც რანაირი პოლიტიკოსია თვითონაც რომ არ იცის – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კლინიკა „ვივამედი“ და ნადირაძე დამნაშავედ ცნეს და თავისი სოციალური ქსელიდან ჩემი რენტგენის ფოტოს აღება დაავალეს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც საქმის არსებითი განხილვა მოხდება, შესაძლოა ის დააკავონ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ყველაფერი მოსამართლისა და „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„დღეს იქნება ჩემი საქმის არსებითი განხილვა, არ ვიცი, სასამართლო კი ჰქვია ამ უმსგავსობას, მაგრამ არანაირი სამართალი არ არის. არ ვიცი, შესაძლოა, დღესვე დამაკავონ, ან არ დამაკავონ, შესაძლოა მოწმედ დიდი სახელოვანი პოლიტიკური მოღვაწე ალი ბაბაევი მოიყვანონ.

მოვედი, მზად ვარ იმისთვის, რომ სახლში არ დავბრუნდე. ყველაფერი მოსამართლის ხასიათსა და განწყობაზე იქნება დამოკიდებული და იმაზე თუ რა გადაწყვიტეს „ქართულ ოცნებაში“ და მოსამართლეს რა დაავალეს.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შემეცვალა აღკვეთის ღონისძიება, რაც ციხეში ჩემი ყოფნის მე-12 დღეს მოხდა და პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება, საქართველოში ევროსაბჭოს დელეგაციის ჩამოსვლას.

პოლიტიკურ დევნას მედავებიან კაცის, რომელიც რანაირი პოლიტიკოსია, თვითონაც რომ არ იცის, გიორგი გახარია რომ სცემეს ბათუმში საქმე აღიძრა ცემის მუხლით. ანუ ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია არა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „ვივამედში“ მისი გადაყვანის შესახებ და აღნიშნა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა კლინიკა „ვივამედი“ და ნინო ნადირაძე დამნაშავედ ცნო და სოციალური ქსელიდან რენტგენის ფოტოს აღება დაავალა.

„ვივამედს“ რაც შეეხება, დაკავების შემდეგ ნეკნი მქონდა მოტეხილი. დაკავებული დუშეთის იზოლატორიდან „ვივამედში“ მიმიყვანეს, გადამიღეს რენტგენი და არაფერი არ გჭირსო. თვენახევრის შემდეგ, მივედი ჰოსპიტალში და მითხრეს, რომ დაბეჟილობა კი არ მქონდა, არამედ ნეკნი მქონია მოტეხილი. „ვივამედმა“ ეს მონაცემი დამალაა და როდესაც ეს ხმამაღლა ვთქვი გამოხტა „ვივამედის“ ის უცნაური ქალი, დირექტორი და ჩემი რენტგენის ფოტო გამოაფრიალა, ჩემი პერსონალური ინფორმაცია, ამით კი მეორედ დაარღვია ჩემი უფლებები. შემდეგ მივმართე პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს და კლინიკა „ვივამედი“ და ნადირაძე დამნაშავედ ცნეს და თავისი სოციალური ქსელიდან ჩემი რენტგენის ფოტოს აღება დაავალეს“, – ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ის 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.

შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

GEC Consulting – მეწარმეების და მენეჯმენტ საკონსულტაციო სივრცე, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

თანამედროვე ბიზნესგარემო მუდმივ ცვლილებებს განიცდის, რომელიც კომპანიებს უბიძგებს, მიიღონ სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ დაარსდა 2010 წელს GEC Consulting — საერთაშორისო მენეჯმენტ- საკონსულტაციო სივრცე, რომელიც თანამშრომლობითი მიდგომით მხარს უჭერს პარტნიორების სტრატეგიული განვითარების დაგეგმვას, ბიზნესპროცესების სტანდარტიზაციასა და გაციფრულებას.

კომპანიები GEC Consulting-ს მაშინ აკითხავენ, როცა სწრაფი ზრდის მართვა სჭირდებათ, ეფექტიანობის გაზრდას ცდილობენ ან პროცესების სტრუქტურირებას და სტანდარტიზაციის შესაძლებლობებს ეძებენ, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ საკუთარი პოზიციები ბაზარზე.

წლების განმავლობაში, GEC Consulting-ს უკვე 200-მდე პროექტი აქვს განხორციელებილი, მათ შორისაა პარტნიორი ორგანიზაციების სტრატეგიის განვითარება, ბიზნესანალიტიკა და პროცესების ოპტიმიზაცია.

„ჩვენი პროექტები ყოველთვის პარტნიორი კომპანიის საჭიროებებზეა მორგებული. ინდივიდუალური და თანაშექმნითი (co-creation) მიდგომით, მენეჯმენტთან ერთად ვქმნით სტრატეგიებს, ვაანალიზებთ შესაძლებლობებს და ვგეგმავთ ნაბიჯებს პარტნიორი კომპანიის წინსვლისთვის“ — ამბობს გიორგი სიმონგულაშვილი, GEC Consulting-ის დამფუძნებელი.

საკუთარი საქმიანობის განვითარება და ინოვაციური მიდგომების დანერგვა GEC Consulting-ისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პარტნიორების მხარდაჭერა. კომპანიის წარმატების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სათანადო გარემოს შექმნა იყო, რომელიც ოფისის შეძენით განხორციელდა. ამ პროცესში მათ ფინანსური მხარდაჭერა თიბისიმ გაუწია.

GEC Consulting-ი და თიბისი ბიზნესს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. გიორგი სიმონგულაშვილი უკვე რამდენიმე წელია TBC Awards-ის ჟიურის წევრია, ასევე, ბიზნეს მოდელებისა და სტრატეგიების ქოუჩ-მენტორი. ეს ურთიერთობა ორივე მხარისთვის ღირებული აღმოჩნდა და როგორც გიორგი ამბობს,  სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

გუშინ პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით – მოველი, საელაჩოების მხრიდან, შენობაზე თავდასხმის დაგმობას – შალვა პაპუაშვილი

გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით – მოველი, საელაჩოების მხრიდან, შენობაზე თავდასხმის დაგმობას, მით უმეტეს, რომ ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის აცხადებს, ენჯეო „ადამიანის უფლებათა სახლი“, პარლამენტთან ძალადობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში ჩართულ აქციების მონაწილეებს, დაკისრებული კანონიერი ჯარიმებისთვის თავის არიდებაში ეხმარება.

,,ორი დღის წინ, ჩეხეთის, გერმანიის, ნორვეგიის ელჩები და ბრიტანეთის და ჰოლანდიის საელჩოების წარმომადგენლები ესტუმრნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს ენჯეოთა გაერთიანებას „ადამიანის უფლებათა სახლს“, რომელიც, პროკურატურის გამოძიების თანახმად, ეხმარებოდა პარლამენტთან ძალადობაში ჩართულ აქციის მონაწილეებს, დაკისრებული კანონიერი ჯარიმებისთვის თავის არიდებაში, რაც, ამავე დროს, შემდგომი ძალადობისთვის კარტ-ბლანშის მიცემა და მისი წახალისებაა.

გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით.

მოველი, ამ საელჩოების მხრიდან, პარლამენტის შენობაზე თავდასხმის დაგმობას. მით უმეტეს, რომ ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების ორგანიზებულ აქციაზე მოხდა“, – წერს პაპუაშვილი.

რუსეთმა ზაპოროჟიე ავიაბომბებით დაბომბა – დაიღუპა ერთი ქალი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქი ავიაბომბებით დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ქალი დაიღუპა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ივან ფიოდოროვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

დაღუპულის ასაკი 66 წელს შეადგენდა. მაშველებმა მისი ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ფიოდოროვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი მამაკაცია, ხოლო სამი – ქალი. სამ ადამიანს სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

როგორც ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რუსების სამიზნეს წარმოადგენდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, საცხოვრებელი სახლები და სოციალური სფერო.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

პირველ აპრილს, ქუთაისში დღისით +25 და ღამით 16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი 14 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით 15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანია ამინდია, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 9 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი 12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 7 გრადუსი იქნება.

მზიანი დღეა ბორჯომში, +21 იქნება დღისით, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა 21 გრადუსი იქნება, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +15, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზეა. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც მზიანი დღეა, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიან ამინდის ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში – აპრილის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში. –  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე საუბრობს.

მომდევნო 1 თვე, სწორედ აპრილისთვის დამახასიათებელი ამინდები იქნება,~ ხანმოკლე წვიმა, სეტყვა, გამოდარება და ა.შ

„1 აპრილს, უმეტესად უნალექო ამინდი არის მოსალოდნელი, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. 2 აპრილს, დღის ბოლოდან, დასავლეთ საქართველოში დაიწყება წვიმა ელჭექით.

3-ში, უმეტეს რაიონში იქნება წვიმა, მაღალ მთაში თოვლჭყაპი და ტემპერატურაც დაიკლებს, 12-17 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში, 18 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა და იქროლებს ძლიერი ქარი.

მომდევნო დღეებში, 4 აპრილიდან, ცოტას გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.

ზოგადად აპრილის თვეში, ტემპერატურა 1-2 გრადუსით მაღალია, საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან.

ცალკეულ დღეებში, აპრილის შუა რიცხვებში, შესაძლებელია ტემპერატურის მომატება, +30 +32 გრადუსამდე. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

ნალექებს რაც შეეხება, ცოტა უფრო ნაკლებია. თუმცა, გაზაფხული ყველაზე წვიმიანი პერიოდია და ამდენად ეს არ ნიშნავს, რომ უნალექო დღეები იქნება, უბრალოდ, ძლიერი ნალექები ნაკლებად იქნება.“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე. 

1-ელი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს შეიძლება, დაგეგმილზე მეტი დახარჯოთ. ამიტომ შოპინგის ცდუნებებს არ აჰყვეთ – შეიძლება რაღაც ისეთი იყიდოთ, რაც მოგვიანებით უსარგებლოდ მოგეჩვენებათ. თუ საქმე დიდ ფინანსურ ინვესტიციებს ეხება, უმჯობესია გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე დღით გადადოთ, რათა სიტუაციაში უკეთ გაერკვეთ.

რჩევა: ფულის უაზროდ ფლანგვას მოერიდეთ და ოჯახური ბიუჯეტი რაც შეიძლება მომჭირნედ დაგეგმეთ.

კურო

ვარსკვლავები გიჩევენ, რომ ოჯახურ ურთიერთობებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. თუ გვერდით საყვარელი ადამიანი გყავთ, ერთობლივი ვახშამი ან კულტურული დასვენება დაგეგმეთ – ეს რომანტიკული კავშირის გაღრმავებაში დაგეხმარებათ. მარტოხელა კუროს შეიძლება ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდეს. მთავარია, არ დაიზაროთ და ინიციატივა თავადაც გამოიჩინოთ.

რჩევა: იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე და ისინიც იმავეთი გიპასუხებენ. ურთიერთობის გაძლიერება ყურადღების პატარა ნიშნებსაც კი შეუძლიათ.

ტყუპები

ტყუპებს საკუთარ დაბნეულობასთან გამკლავება მოუწევთ. თავში უამრავი იდეა მოგივათ, მაგრამ მათი ორგანიზება და ბოლომდე მიყვანა რთული იქნება. საქმეების დაგროვება რომ თავიდან აიცილოთ, დღის მკაფიო გეგმა შეადგინეთ და ნელ-ნელა მიჰყევით. გირჩევთ, გარშემო მყოფებს კითხვებით ნუ შეაწუხებთ, განსაკუთრებით, თუ ეს კითხვები პირად ცხოვრებას ეხება.

რჩევა: ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და იზრუნეთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე. შეამცირეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც გაღიზიანებენ.

კირჩხიბი

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. შეიძლება გადაღლილობა და ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს – გადახედეთ კვების რაციონს და მძიმე საკვებს მოერიდეთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა და მსუბუქი ფიზიკური აქტივობა სასიცოცხლო ენერგიით აგავსებთ.

რჩევა: უსმინეთ საკუთარ ორგანიზმს და ზედმეტი საკვებისა და კოფეინის მიღებას მოერიდეთ. დროა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ვარჯიში დაიწყოთ.

ლომი

ამ დღეს ერთადერთი სურვილი გაქვთ – დასვენება გინდათ, მაგრამ საქმიანი ვალდებულებები ამის საშუალებას არ გაძლევთ. თუ საქმიან შეხვედრას მყუდრო გარემოში მოაწყობთ, დღე უფრო ნაყოფიერად ჩაივლის. ყურადღება მიაქციეთ შეთავაზებებს, რომლებსაც ამ დღეს მიიღებთ – ისინი შეიძლება პერსპექტიული აღმოჩნდეს.

რჩევა: სასურველია, საღამო მეგობრებთან ერთად გაატაროთ. შემოქმედებითი მიდგომა თქვენი საქმეებისთვის სასარგებლო იქნება.

ქალწული

ეს დღე მოულოდნელი შემოსავლით ან ლამაზი საჩუქრებით დაგამახსოვრდებათ. გამორიცხული არ არის, რომ მეგობარმა ძველი, დავიწყებული ვალი დაგიბრუნოთ, პრემია მიიღოთ ან მოგებიანი შეთანხმების დადება შეძლოთ. უფულობას რომც არ უჩიოდეთ, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დიდ ხარჯებს მოერიდოთ ან ფული რაიმე სასარგებლოზე დახარჯოთ.

რჩევა: ამ დღეს ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით — უცნობ ადამიანებთან.

სასწორი

სასურველია, რომ ეს დღე მთლიანად საყვარელ ადამიანს დაუთმოთ. უბრალო ყურადღების ნიშნებიც კი საკმარისია, რომ ურთიერთობაში ემოციები გააცოცხლოთ. მარტოხელა სასწორებმა შეიძლება ძველი ურთიერთობები გაიხსენონ, მაგრამ სანამ ძველ კავშირებს აღადგენთ, დაფიქრდით, ეს ნამდვილად გჭირდებათ თუ არა.

რჩევა: რომანტიკა მხოლოდ საჩუქრები არ არის — პირველ რიგში, ეს ზრუნვა და ყურადღებაა. ეცადეთ საყვარელი ადამიანი გაახაროთ.

მორიელი

პრობლემები შეიძლება დილიდანვე დაიწყოს, ამიტომ რთული დღისთვის უნდა მოემზადოთ. შუა დღეს შეიძლება ენერგიის დონემ მკვეთრად დაიკლოს და დაწყებული საქმეების დასრულება გაგიჭირდეთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ, საღამოს სიტუაცია შეიცვლება.

რჩევა: ყველაზე მოსაწყენ საქმესაც კი ადვილად გაუმკლავდებით, თუ შემოქმედებითად მიუდგებით.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ ნერვიული სისტემის მდგომარეობას. ხლსაყრელი დღეა იმისთვის, რომ ემოციების კონტროლი და მოდუნება ისწავლოთ. სასურველი შედეგის სწრაფად მისაღწევად, გირჩევთ თქვენი გეგმა მცირე ნაწილებად დაყოთ და მოვლენები არ დააჩქაროთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ – პარტნიორებს და მოკავშირეებს ახლა თქვენთვის არ სცალიათ.

რჩევა: თუ მოსალოდნელ რისკებს გაითვალისწინებთ, შეიძლება შეცდომები თავიდან აიცილოთ.

თხის რქა

ამ დღეს შეიძლება შინაგან კონფლიქტს შეეჯახოთ – ერთი მხრივ, დასვენება გსურთ, მეორე მხრივ კი ხვდებით, რომ საქმეს თქვენს ნაცვლად საქმეს არავინ გააკეთებს. ეცადეთ კომპრომისი მოძებნოთ – დილას ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დაასრულოთ, საღამოს კი გაერთოთ და დაისვენოთ. ხელსაყრელი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის.

რჩევა: ეცადეთ ფინანსურად მოგებიან გარიგებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მერწყული

ამ დღეს შეიძლება საინტერესო ფინანსური შემოთავაზება მიიღოთ. სავარაუდოდ, საქმე ახალ ინვესტიციას ან მოულოდნელ შემოსავალს ეხება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ – ეს დღე შესაფერისია დაგეგმვისა და ფიქრისთვის, მაგრამ არა — იმპულსური გადაწყვეტილებებისთვის. მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს.

რჩევა: ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ, მაგრამ პერსპექტიული შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვათ.

თევზები

შესაძლოა, სურვილი გაგიჩნდეთ, რომ პირად ცხოვრებაში რამე შეცვალოთ. ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, თქვენი ერთგული მოკავშირეები და კარგი მეგობრები გახდებიან, ამიტომ, მიწვევაზე უარს ნუ იტყვით და წვეულებაზე გაემგზავრეთ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა — შეძენილი ნივთი იმედს მალე გაგიცრუებთ.

რჩევა: ეცადეთ, ურთიერთობის დროს ოპონენტი არ შეურაცხყოთ და საჭირო სიტყვები დიდი სიფრთხილით შეარჩიოთ.

„ნაცმოძრაობის“ და მათი სატელიტი პარტიების მიზნები ერთმანეთისგან არ განსხვავდება”- მამუკა მდინარაძე

„ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან, რაც გაუჭირდებათ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ და მათი სატელიტი პარტიების მიზნები ერთმანეთისგან არ განსხვავდება.

„მათი ასეთი რეაქცია მიანიშნებს მხოლოდ პანიკასა და აგონიაზე, იქიდან გამომდინარე, რომ საკუთრივ „ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს თავისი წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი მათ და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ იმაზე, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან და არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტიები, თუმცა ამის მტკიცება მათ გაუჭირდებათ, რადგან ჩართული არიან აგენტურულ საქმიანობაში, პირდაპირი და გადატანითი პოლიტიკური მნიშვნელობით, ისინი ცდილობენ ამ ქვეყნის დანგრევას, ომში ჩართვას და ყველაფრის ფასად ხელისუფლებაში მოსვლას, რასაც ასევე ძალიან ცუდი შედეგები უნდა მოაყოლონ.

მათ აქვთ ასეთი დავალება. იმიტომ არ განსხვავდება მათი ე.წ. მესიჯბოქსი ერთმანეთისგან, არ განსხვავდება მათი მიზნები ერთმანეთისგან და რადგან ეს არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნები, ამაზე სახელმწიფო რეაგირებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. აქ მეტი არაფერი ხდება.

თუკი რომელიმე პარტიის საქმიანობა იქნება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, და აქ მტკიცებულებების დონეზე ვსაუბრობთ ჩვენ, არამხოლოდ პოლიტიკური შეფასებების დონეზე, მაშინ პირიქით, მივესალმებით, რომ ოპოზიციურ ველზე რაც შეიძლება მეტი და ძლიერი პარტია იყოს.

ეს არის, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, მაგრამ დღეს აგენტურულ პარტიებს მთლიანად იმდენად აქვთ ოპოზიციური ნიშა ათვისებული, რომ ვერცერთი ახალგაზრდა თუ არაახალგაზრდა, ნიჭიერი, პატრიოტი ადამიანი ვერ ახერხებს ამ ველზე ოდნავ მაინც რაღაც ხარისხით შესვლას, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ფულით დაფინანსებული აგენტურული პარტიები ამ გასაქანს არავის აძლევენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოდის

მიზნის მისაღწევად საჭიროა, ქუჩის პროტესტთან ერთად არსებობდეს პოლიტიკური ფორმატიც, ამიტომ საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, პლატფორის წევრებმა გვერდზე უნდა გადადონ საკუთარი პოლიტიკური შეუთავსებლობები და ერთად იბრძოლონ.

„მთავარი პრინციპია, რომ პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან, გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და ბოლომდე გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მიზანი – დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები, გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები. ამ მიზნების მისაღწევად წინააღმდეგობის პლატფორმა თანხმდება, რომ შეაჯეროს პოლიტიკური პოზიციები, რათა კოორდინირებულად, ეფექტურად ამხილოს და დაუპირისპირდეს რეჟიმს, მის ქმედებებს, წინააღმდეგობა გაუწიოს რეჟიმის მცდელობას, გაანადგუროს საქართველოს განვითარების ყველა პერსპექტივა და მისი ევროპული მომავალი. კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ეგიდით შეიკრიბებიან პლატფორმის მონაწილე სუბიექტები, შეაფასებენ პოლიტიკურ გამოწვევებს, შეაჯერებენ პოზიციებს და შესაძლო ქმედებებს. ამის შესახებ საზოგადოება სრულად და მყისიერად იქნება ინფორმირებული და მჭიდრო კომუნიკაცია დამყარდება სამოქალაქო საზოგადოებასთან და პროტესტის მონაწილე ჯგუფებთან, რათა ერთობლივი სტრატეგია იყოს მიღწეული. წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილე პარტიები თანხმდებიან არჩევნების ახალ პირობებზე და ხმების ერთიანად, ეფექტურად დაცვის მექანიზმის აუცილებლობაზე. მზადყოფნა არჩევნებისთვის, მიუხედავად იმისა, როდის დაინიშნება, ჩვენი მოვალეობაა. მმართველმა პარტიამ  ვერ უნდა შეძლოს და გაატაროს თავისი მორიგი სცენარი, მოულოდნელად დანიშნოს არჩევნები უცვლელი მოცემულობით და გაყალბების შესაძლებლობაც შეინარჩუნოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.