Home Blog Page 4

ევროკავშირის დელეგაციის წევრ საიმონ ვანდერბრუკთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, საკითხი ამოწურულია -საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრის, საიმონ ვანდერბრუკის საქართველში შემოსვლასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გაუგებრობას.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, ევროკავშირის მხარესთან ჰქონდათ კომუნიკაცია და საკითხი ამოწურულია.

„ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას. აღნიშნულზე ევროკავშირის მხარესთან გვქონდა კომუნიკაცია, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია“, – აცხადებენ სამინისტროში.

მანამდე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ 21 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრს, საიმონ ვანდერბრუკს თბილისის აეროპორტში შემოსვლის უფლება არ მისცეს. მათი განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეგზავნა და საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა.

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

19-20 ივნისს, თიბისის მხარდაჭერით, საგამოფენო სივრცე „ექსპო-ჯორჯია“ წელს პირველად ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. ღონისძიება „ექსპო-ჯორჯიასა“ და საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს თანაორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სწრაფად მზარდი სექტორის განვითარების ხელშეწყობაა. ლოგისტიკის გამოფენა გააერთიანებს ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო ლოგისტიკას, ასევე საწყობების ინფრასტრუქტურას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ფინანსურ მექანიზმებს.

ღონისძიება დარგისთვის მნიშვნელოვან ძირითად საკითხებს მოიცავს და ჩართულ მხარეებთან ერთად შექმნის პლატფორმას დისკუსიებისთვის არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე სასაუბროდ. ლოგისტიკის გამოფენა სხვადასხვა ფორმატში ჩატარდება და გააერთიანებს როგორც პრეზენტაციებს, ასევე პანელურ დისკუსიებს საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციებისა და კომპანიების ჩართულობით.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში ტრანსპორტირებისა და დასაწყობების სექტორი მკაფიო ზრდას აჩვენებს, მხოლოდ გასულ წელს 14%-იანი მატება დაფიქსირდა, მთლიანმა გამოშვებამ კი 9.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ლოგისტიკა, როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სექტორი, თიბისისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის დაფინანსებაც წლიდან წლამდე იზრდება.

„თიბისი აქტიურად უწყობს ხელს ლოგისტიკის სფეროს განვითარებას: ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენი პორტფელი ამ სექტორში 58%-ით გაიზარდა და 2024 წლისთვის 400 მილიონ ლარს მიაღწია. თიბისისთვის, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, საბანკო პროდუქტების პარალელურად ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარებას შეუწყოს ხელი და მხარი დაუჭიროს დარგის განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, როგორიც ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაა“-, გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

“ბოლო წლებში ლოგისტიკის სექტორი საქართველოში დინამიკურად ვითარდება და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ყალიბდება. სწორედ ამ პროცესებმა განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება – შევქმნათ ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია, რომელიც გახდება პლატფორმა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების, საერთაშორისო ინვესტორებისა და სფეროს ექსპერტების შეხვედრებისთვის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციასა და ლოგისტიკური ეკოსისტემის სისტემურ გაძლიერებას რეგიონში”, – რესან ქიქავა, “ექსპო-ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი.

®

“პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ჩერქეზთა გადასახლების ხსოვნის შესახებ”-TRT

თურქულმა ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის  – TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ჩერქეზთა გადასახლების ხსოვნის შესახებ“, რომელშიც მოცემულია თურქეთის ტრადიციული შეფასება ცნობილი ისტორიული მოვლენის – რუსეთის იმპერიის ხელისუფლების მიერ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩერქეზთა გადასახლებასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ გამოქვეყნებულ მასალას:

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განცხადება გააკეთა ჩერქეზების კავკასიიდან გადასახლების 161-ე წლისთავის აღსანიშნავად, რომელიც მე-19 საუკუნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ ფურცლად – უსამართლოდ და არაადამიანურად – ითვლება.

ოთხშაბათს, X პლატფორმაზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში რეჯეფ ერდოღანმა დაწერა: „კავკასიაში საკუთარი სამშობლოდან უსამართლოდ, უკანონოდ და არაადამიანურად გადასახლებული ჩერქეზი ძმების ხსოვნის დღეს, დაღუპულებს ალაჰის წყალობას ვუსურვებ და გულწრფელად ვიზიარებ მათ განუზომელ ტკივილს“.

21 მაისი ჩერქეზთა გადასახლების 161-ე წლისთავი იყო. ეს ტრაგიკული მოვლენა რუსეთ-ჩერქეზების ომის დასრულების შემდეგ მოხდა. რუსეთის იმპერიის ბრძანებით, ასობით ათასი ჩერქეზი ჩრდილოეთ კავკასიიდან იძულებით გადაასახლეს და უმეტესობა ოსმალეთის იმპერიაში, სხვადასხვა ადგილებში გაგზავნეს. ძალადობითა და არაადამიანურ პირობებში განხორციელებული ეს გადასახლება, რომელსაც მასობრივი სიკვდილიანობა მოჰყვა, მე-19 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ეთნიკურ წმენდად ითვლება.

ჩერქეზთა გადასახლება მოიცავს 1864 წელს რუსეთ-ჩერქეზების ომის შემდეგ რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზების ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე წინაპართა მიწებიდან იძულებით გადაადგილების მოვლენებს. ამ პერიოდში 800 ათასიდან 1,5 მილიონამდე ჩერქეზი გადაასახლეს და უმეტესობა ოსმალეთის იმპერიაში გაგზავნეს. ხანგრძლივმა ლაშქრობებმა, გადატვირთულმა გემებმა, შიმშილმა და ავადმყოფობამ ათი ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

დღეს ჩერქეზული წარმოშობის ბევრი ადამიანი ცხოვრობს თურქეთში, სირიაში, იორდანიაში და ახლო აღმოსავლეთის სხვა რეგიონებში. ეს ტრაგედია ყოველწლიურად, 21 მაისს, მსოფლიოს ყველა ჩერქეზულ თემში აღინიშნება.

წყარო:

“ტრამპმა პუტინს მორიგი გამარჯვება მოუტანა”-The Atlantic

„წლების განმავლობაში დონალდ ტრამპი ტრაბახობდა, რომ მას წარმატებით შეუძლია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება – ყველას ახსოვს მისი ქადილი: „მე ამას 24 საათში შევძლებ“. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მან მრჩევლებს დაავალა უმაღლეს დონეზე მოემზადებინათ შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან იმ იმედით, რომ იგი საჯაროდ, ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში ოფიციალურად გამოაცხადებდა ცეცხლის შეწყვეტას“, – ნათქვამია აშშ-ის ერთ-ერთი უძველეს ჟურნალ  The Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ტრამპმა პუტინს მორიგი გამარჯვება მოუტანა“ (ავტორი – ჯონათან ლემირი).

პუბლიკაციაში განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის სავარაუდო შეწყვეტასთან დაკავშირებული მოვლენები. კერძოდ, გაანალიზებულია სიტუაცია დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ინაუგურაციიდან სამიოდე თვის გასვლის შემდეგ პრეზიდენტის გეგმები შეიცვალა: სარწმუნო პირების თქმით, დონალდ ტრამპს უკრაინის გარეშე სურს ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის განმტკიცება და აპირებს თავის რუს კოლეგასთან შეხვედრის მომზადების საკითხს ისევ დაუბრუნდეს, მაგრამ ამჯერად მათი სამიტის დროს უკრაინის თემატიკა – ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარების პერსპექტივა განხილული არ იქნება.

შთაბეჭდილება ისეთია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის რამდენიმეთვიანი სამშვიდობო მცდელობა – მიაღწიოს ზავს მოსკოვსა და კიევს შორის –  უშედეგო აღმოჩნდა. დონალდ ტრამპმა  თავისი სტრატეგიის ცვლილებაზე ნათლად მიანიშნა მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრები დაასრულა და განაცხადა, რომ აღარ სურს პირადად შუამავლის როლის შესრულება საზავო შეთანხმების მისაღწევად.

რუსეთმა გაიმარჯვა: კრემლმა თავიდან აიცილა (დროებით მაინც) არასასურველი სანქციები თეთრი სახლისგან ისე, რომ უკრაინასთან ომს არ შეწყვეტს და გააგრძელებს. ვლადიმერ პუტინისათვის ფრიად სასიამოვნოა დონალდ ტრამპის სიტყვები: „იმედი მაქვს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება. და თუ არ მოხდება, მე, უბრალოდ, უკან დავიხევ და მათ ომის გაგრძელება მოუწევთ. ბოლოსდაბოლოს, ეს ევროპული სიტუაციაა და ევროპულ სიტუაციად დარჩება“.

ალბათ, ასეთი შედეგი გარდაუვალი იყო. დონალდ ტრამპი დიდი ხნის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს პატივისცემით ექცეოდა, სკეპტიკურად უყურებდა ევროპას და დარწმუნებული იყო, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტული ყურადღება უნდა დასთმობოდა ბიზნესის და ვაჭრობის განვითარებას. იგი ხშირად ადასტურებდა და იმოწმებდა რუსულ ვერსიას ომთან დაკავშირებით, რომ კონფლიქტის პროვოცირება უკრაინამ მოახდინა და ამიტომ დათმობებს უმეტესად კიევისაგან მოითხოვდა, მოსკოვს კი ნაკლებ პრეტენზიებს უყენებდა. დონალდ ტრამპის დამოკიდებულება თავისი რუსი კოლეგის მიმართ უფრო ლოიალური და მომთმენი იყო, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტისადმი. იგი იშვიათად ავლენდა თავის უკმაყოფილებას კრემლის მიმართ: ერთადერთი მეტ-ნაკლებად სერიოზული ანტიპუტინური განცხადება ტრამპმა რომის პაპის ფრანცისკას დაკრძალვის დროს გააკეთა, როცა იგი რუსეთს სანქციებით დაემუქრა, ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაზე კრემლის უარის გამო, თუმცა მის ნათქვამს გაგრძელება არ მოჰყოლია – სანქციები დღემდე არ არის შემოღებული.

ვლადიმერ პუტინისათვის მომგებიანია დონალდ ტრამპის სტრატეგიის შეცვლა ომის მიმართ. რუსეთის ლიდერმა მიიღო ის, რაც სურდა – მოლაპარაკების უსასრულოდ გაჭიანურება. ცხადია, რომ რუსეთის არმია დარტყმებს გააგრძელებს და სულ უფრო მეტ ტერიტორიებს დაიპყრობს, რითაც კრემლი მდგომარეობა განიმტკიცებს სამომავლო მოლაპარაკებისათვის. ადრე თუ გვიან, საზავო შეხვედრა მაინც გაიმართება – ასე რომ, ვლადიმერ პუტინის გამბიტი მომგებიანია. რა თქმა უნდა, აშშ-ის პრეზიდენტისათვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის იმის აღიარება, რომ მისი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა.

ევროპას ძალიან გაუჭირდება უკრაინისადმი სრულყოფილი დახმარების გაწევა და უსაფრთხოების გარანტიით უზრუნველყოფა ამერიკის გარეშე. დიდი სურვილის მიუხედავად, ევროპა ამერიკას ვერ ჩაანაცვლებს და ვერც ევროპული  არმიები ვერ შეედრებიან ამერიკის არმიას. და თუ აშშ თავის ჯარებს ევროპიდან გაიყვანს, ამით რუსეთი კვლავ მოგებული დარჩება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ელჩებისგან იგრძნობოდა, რომ ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს, თეთრი სახლიდან გამარჯვება მაშინ მიულოცეს, როცა ცესკო-ს ჯერ არ ჰქონდა გამოცხადებული შედეგები, ამას მოჰყვა პუტინის მილოცვაც -ლევან გაჩეჩილაძე

ელჩებისგან პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს. არჩევების გამარჯვების მოლოცვა თეთრი სახლიდან მოხდა იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ცესკო-ს ოფიციალურად გამოცხადებული არ ჰქონდა, ვინ მოიგო და წააგო, – ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

ლევან გაჩეჩილაძის თქმით, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მილოცვას მალევე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მილოცვაც მოჰყვა.

„ინტენსიური შეხვედრები მქონდა აშშ-ის ელჩთან და სხვადასხვა ელჩთან, პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი ოპოზიციის მხარეს არ იყვნენ. არჩევნების გამარჯვების მილოცვა თეთრი სახლიდან იმ დროს მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ცესკო-ს, ლევან თარხნიშვილს გამოცხადებული, ვინ მოიგო და ვინ წააგო ოფიციალურად. სხვათა შორის, ეს იყო ბუშის მილოცვა, რომელსაც ნახევარ საათში მოჰყვა პუტინის მილოცვაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან სერიოზული არაფორმალური ხიდები იყო გაჩაღებული რუსეთთან. ესეც მსმენია. იმდროინდელი რუსეთის ელჩი ეროსი კიწმარიშვილი ამბობდა, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ შეიძლებოდა, მთლიანად ავცილებოდით ამ ომს და ავცილებოდით აფხაზეთის, ოსეთის არაღიარებას, შეგვენარჩუნებინა ტერიტორიული მთლიანობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს ყველაფერი დავკარგეთ. დავკარგეთ უამრავი სოფელი, მივიღეთ ბევრი დაჩაგრული დევნილი. ომის წაგებამ ჩვენ მეტი არაფერი მოგვიტანა, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წკიპზე ვიყავით“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

ამასთან, კომისიის სხდომაზე ლევან გაჩეჩილაძემ 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ „სააკაშვილი უაზრო ავანტიურაში ჩაერთო“.

„ჩემი აზრით, ომის წამოწყების, ამ ავანტიურაში ჩართვის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ სააკაშვილი მიხვდა, მან საზოგადოებაში ნდობა დაკარგა და ყველაფერს აკეთებდა, რათა ნდობა აღედგინა. ისიც გამიგია, რუსული სამშვიდობოების გენერლისთვის ფულიც კი იყო გადახდილი, რომ შესულიყვნენ ცხინვალში, გასულიყვნენ ბოლომდე და ასე დაებრუნებინათ ცხინვალის რეგიონი. ასე გამიგია, რომ იქ ფულიც იყო გადახდილი, მაგრამ ფაქტები არ მაქვს. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილი ჩაერთო ამ უაზრო ავანტიურაში, დაუწყო ცხინვალს დაბომბვა და დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა: საქართველომ, პრაქტიკულად, დაკარგა სახელმწიფოებრიობა, ისინი, ვინც ომი წამოიწყო, ყველა „წითელ ხიდზე“ გაიქცა, ისევ ღირსეული ნაწილი შერჩა ომს და არც იცოდა, რა გაეკეთებინა“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს.

კენჭისყრა საკრებულოს სხდომაზე დღეს გაიმართა. ზურაბ აბაშიძეს მხარი დაუჭირა საკრებულოს 26-მა წევრმა.

ზურაბ აბაშიძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ
ირაკლი კობახიძეს, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, გიორგი ტყემალაძეს და საკრებულოს წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის.

„ეს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ საქმიანობას ჩვენი დედაქალაქის, მისი თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ. ყველა გამოწვევას ერთობლივი ძალისხმევით გადავჭრით. ვხედავთ, რამდენი რამე გაკეთდა უკანასკნელი წლებში თბილისის განვითარებისთვის. ყველა მნიშვნელოვანი საქმე უკავშირდება თბილისის მერ კახა კალაძეს და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ინიციატივებს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ სასიკეთო პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამასთან, თბილისის საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ გიორგი ტყემალაძეს, რომელიც საკრებულომ დედაქალაქის ვიცე-მერის თანამდებობაზე დაამტკიცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„გიორგი ტყემალაძე ახლა უკვე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან გააგრძელებს საქმიანობას და ჩვენს ქალაქსა და თანამოქალაქეებზე ზრუნვას. მსურს, წარმატებები ვუსურვო მას მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის პოსტი დაიკავა.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალურივიდეორგოლის პრემიერა შედგა

ქართული სცენის ლეგენდის, ნანი ბრეგვაძის, პირველი ვინილისა და ბიოგრაფიული წიგნის გამოცემის შემდეგ, თიბისი კონცეპტის ინიციატივითა და მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის ერთობლივ ნამუშევარზე, სიმღერაზე  „მთვარეო“ ვიდეორგოლი შეიქმნა.

ყველასათვის საყვარელი სიმღერა „გზები მაინც გამინათე მთვარეო“ 1973 წელს კინოფილმისთვის „ვერის უბნის მელოდიები“ მორის ფოცხიშვილის ტექსტზე გოგი ცაბაძემ შექმნა. ფილმში სიმღერას ნანი ბრეგვაძე ასრულებს, მას შემდეგ ეს სიმღერა ნანის შემოქმედების განუყოფელი ნაწილი გახდა.

ალექსანდრე კორძაიამ (Kordz) ამ სიმღერაზე ნანისთან ერთად იმუშავა და ერთად ახალი ვერსია შემოგვთავაზეს.

„ნანისთან ერთად ვიმუშავე ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ ქართულ სიმღერაზე, რომელიც მან პირველად 1973 წელს ჩაწერა. მთელი ეს პროცესი ჩემთვის ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი იყო” – ალექსანდრე კორძაია.

სიმღერის ახლებური ვერსიის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი ახალი თაობისთვის განსხვავებულად წარმოჩენა და ამ გზით სიმღერისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა იყო.

®

7 ნოემბერს, დილის ექვს საათზე სამი ათასამდე ადამიანი გამოვიდა კინო „რუსთაველიდან“ და 30 მოშიმშილეს უმოწყალოდ დაგვიწყეს ცემა, იმ დღეს სასიკვდილოდ სცემეს კობა დავითაშვილი -ლევან გაჩეჩილაძე

ლევან გაჩეჩილაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე 7 ნოემბრის აქცია და განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, კინო „რუსთაველიდან“ გამოსულმა დაახლოებით სამი ათასმა კაცმა უმოწყალოდ სცემეს 30 კაცი, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძე, რომლებიც იმ დროს შიმშილობდნენ.

„2 ნოემბერს დავნიშნეთ მიტინგი, უკვე სამ თუ ოთხ ნოემბერს, შიმშილობა გამოვაცხადეთ, რადგან შტურმზე არ წავსულიყავით. 7 ნოემბერს, დილის ექვს საათზე ვიყავით 30 მოშიმშილე. დაახლოებით სამი ათასი ყვითელ „პლაშებში“ ჩაცმული კაცი გამოვიდა კინო „რუსთაველიდან“ და უმოწყალოდ დაგვიწყეს არა დარბევა, აწიოკება, ცემა. სპორტსმენებს, რომლებიც საჩხუბრად იყვნენ მოსული, ეხმარებოდნენ ყვითელფორმიანებს, რომლებზეც შემდეგ ამბობდნენ, დასუფთავების სამსახურიდან არიანო. ენით აღუწერელი ჟლეტა იყო. ეს 30 კაცი ყველა სერიოზულად დავზარალდით. მე 7 ნოემბრის დაზარალებულიც ვარ. ასე გაგვყარეს ტერიტორიიდან, სადაც ვიყავით და ვშიმშილობდით. შიმშილობის დროს პარლამენტის წევრებიდან ვიყავით მე და კობა დავითაშვილი. მივედით „რესპუბლიკელების“ ოფისში, სადაც ვთქვით, რომ ასე ნაცემი წამოსვლა არ შეიძლებოდა. მაშინ ჯერ კიდევ მუშაობდა „იმედი“. დალეწეს კამერები, ყველაფერი, ჟურნალისტები წაიყვანეს. საერთოდ გააქრეს იმ მოედნიდან ყველა, ვისაც ფოტოაპარატი და კამერა ეჭირა. უცებ გაქრა ეს ხალხი. ისეთი იზოლაცია მოუწყვეს, რომ ფიზიკურად ვეღარ დაინახავდი, სად წავიდნენ. მიუხედავად ამისა, „რესპუბლიკელების“ ოფისში მოვიდნენ ტელევიზიები, რაც შეგვეძლო, მოვუწოდეთ საზოგადოებას, გამოსულიყო. სოზარიც იყო და სოზარსაც ბევრი დეტალი, ნიუანსი ემახსოვრება. მე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ და დავიბრუნოთ ის ტერიტორია, რაც დავკარგეთ-მეთქი. უკვე გაბევრებული, დაახლოებით ხუთი ათას კაცამდე წამოვედით და დავბრუნდით. სხვათა შორის, მშვიდობიანად შემოვედით, გაიწიენ, აღარ გვეჩხუბენ, რადგან დაგვინახეს, რომ ძალიან აღგზნებული, ძირითადად კაცების მასა მოვდიოდით, ხუთი დღის ნაშიმშილარი ხალხი. ასეთი დასისხლიანებულები რომ დაგვინახეს, შეიძლება გადარეულებადაც ჩაგვთვალეს და გახსნეს, ისევ შეგვუიშვეს იქ“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

ასევე ლევან გაჩეჩილაძემ გაიხსენა, როგორ წაიყვანეს კობა დავითაშვილი და სცემეს.

„კობა დავითაშვილმა მითხრა, სულ დალეწილია აპარატურა, წავალ ბაზარში და ახალს ვიყიდი, თუ ნებას დამრთავო. ვუთხარი, წადი-მეთქი. იქიდან მოიპარეს კობა დავითაშვილი და სასიკვდილოდ სცემეს. მართალი გითხრათ, არც დაბრუნებულა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ძალიან ბევრი იყო, არ გვაკეტინებდნენ გზას. ბევრი ხალხით მივაწექით და, საბოლოო ჯამში, რუსთაველიც გადავკეტეთ“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

 ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების „არალეგიტიმურად“ მოხსენიება დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა, რისი მიზანიც ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა -შალვა პაპუაშვილი

ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების „არალეგიტიმურად“ მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე.

„ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების „არალეგიტიმურად“ მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა. ესტონეთში რეგისტრირებულ „ენჯეოს“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ყველაზე დიდი დაფინანსება ევროკომისიისა და შვედეთის ბიუჯეტიდან აქვს. საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე. პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა, რომელიც „დახმარების ეფექტიანობის შესახებ“ პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა.

P.S. სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არა „ცუდად საუბარი“ ან „თავდასხმა“, არამედ „ლეგიტიმური კრიტიკაა“, რომელსაც პასუხი სჭირდება“, – დაწერა შალვა პაპაუშვილმა.

https://www.facebook.com/shpapuashvili/posts/pfbid02mpskcMgtpFzisQ2VGsUHLvgXEP4PNAFcUbauhaLrWbWpHdWP9SrjJ2mhvhas62o3l

“თუ კი ოდესმე წლების შემდეგ ვინმე იკითხავს, როდის დადგა საქართველოში დიქტატურა, თამამად შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ის დადგა 2025 წლის 22 მაისს”-თინა ხიდაშელი

თუ კი ოდესმე წლების შემდეგ ვინმე იკითხავს, როდის დადგა საქართველოში დიქტატურა, თამამად შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ის დადგა 2025 წლის 22 მაისს, – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელმა, თინა ხიდაშელმა არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო ბრიფინგზე განაცხადა.

ხიდაშელის შეფასებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება „არის კლასიკური შემთხვევა პოლიტიკური ანგარიშსწორების”.

„საქართველოში ყოველდღიურად პოლიტპატიმრების რაოდენობა იზრდება. ამ ქვეყანაში ყოველდღიურად ადამიანები ციხეში მიდიან, იმიტომ, რომ განსხვავებულად ფიქრობენ, რადგან მათ აქვთ გამბედაობა რეჟიმს დაუპირისპირდნენ და იმ ხელოვნურად შექმნილ ტყუილ ნარატივებს არ ეგუებიან, რომელსაც „ქართული ოცნება” იგონებს.

ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მთელი ქართული საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს. იმიტომ, რომ ის არის მოქმედი პოლიტიკური ლიდერი. ეს არის კლასიკური შემთხვევა პოლიტიკური ანგარიშსწორების და პატიმრობის.

ჩვენ, პირველად საქართველოს ისტორიაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქმედი პოლიტიკოსი საქართველოს ციხეში მივიღეთ. ასეთი რამ ჯერჯერობით საქართველოში არ მომხდარა. ის პარლამენტიდან რომ არ წასულიყო, ჩვენ გვეყოლებოდა პარლამენტის წევრი ციხეში, იმიტომ, რომ რეჟიმს არ დაემორჩილა.

თუ ვინმე საქართველოში სრულ ჭკუაზე მყოფი მეტყვის, რომ არსებობს რაიმე კავშირი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მომხდარ დანაშაულებზე ზურაბ ჯაფარიძის, როგორც ან მონაწილის, ან მოწმის, ან რაიმე სხვა სტატუსით დაბარების, გამოკითხვის შესახებ, მაშინ ასეთივე წარმატებით ამ ქვეყანაში ნებისმიერი მოქალაქე შეუძლია თეა წულუკიანმა დაიბაროს და პასუხად თუ მიიღებს – „მე რა შუაში ვარ, არ მოვდივარ“, ციხეში ჩასვას. ამ მასშტაბის უსამართლობასთან გვაქვს საქმე. გარდა იმისა, რომ ტიპიურ, კლასიკურ, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ვუყურებთ. ამიტომ ეს რეჟიმი სახიფათოა.

იმდენად არარსებული შემადგენლობიდან გაჩნდა პატიმარი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რეჟიმმა ხელი მოკიდოს, ციხეში ჩასვას და შემდეგ თავი ამართლებინოს, რომ გვირაბი ბომბეიდან ლონდონამდე არ გაჰყავდა.

თუ კი ოდესმე წლების შემდეგ ვინმე იკითხავს, როდის დადგა საქართველოში დიქტატურა, თამამად შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ის დადგა 2025 წლის 22 მაისს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

“იმედში” შეჭრა იმის დემონსტრირება იყო, რომ არავინ არსებობს ამ ქვეყანაში, არავითარი ჟურნალისტი, თუ გადამეღობები -სოფო ნიკოლაიშვილი

„იმედში“ შეჭრა იმის დემონსტრირება იყო, რომ არავინ არსებობს ამ ქვეყანაში, არავითარი ჟურნალისტი, თუ მე გადამეღობები. „ტელეიმედი“ აშუქებდა იმას, რაც არ აწყობდა სააკაშვილის რეჟიმს, მათი აღქმით, და ასეც იყო, ღუპავდა ამ რეჟიმის რეპუტაციას, – ამის შესახებ „იმედის“ პროდიუსერმა, სოფო ნიკოლაიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „იმედის“ დარბევის შემდეგ თანამშრომლების გადაბირება დაიწყო „ჩაძირული გემიდან“.

„2007 წლის 7 ნომებერს მთელი დღის განმავლობაში იყო ხმები, რომ შეიძლება, „იმედშიც“ შემოვიდნენ. მას მერე, რაც რიყე დაარბიეს, ეს უფრო რეალისტური გახდა. ყოველი შემთხვევისთვის მანქანა ტელევიზიიდან მოშორებით გადავაყენე. ავტომატურად ხდებოდა ეს, ნამდვილად ვერ ვუშვებდით აზრად, რომ გაბედავდნენ და ტელევიზიასაც დაესხმებოდნენ თავს. ზუსტად 20:40 საათი იყო, „ქრონიკა“ გადიოდა, შემოჭრა დასასრულისკენ მოხდა. საშინელი ხმები ისმოდა. კოლეგებისგან ვიცი, მერე კადრებშიც ვნახეთ, ეს არ იყო შემოსვლა, არც შემოჭრა, ეს იყო თავდასხმა. სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით. ლეწავდნენ ყველაფერს – აპარატურას და რაც კი შეხვდებოდათ. პირველ სართულზე ჩვენი კოლეგები ხელებით წინ, იატაკზე დააწვინეს. შეანგრიეს საეთეროს კარი. მიზანი იყო სასწრაფოდ ტელევიზიის მაუწყებლობის გათიშვა. ეძებდნენ, საიდან გაეთიშათ, ამიტომ ყველაფერს ლეწავდნენ“, – განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მედიის განადგურება დაიწყო, მან მედიები მიიტაცა და ერთი აუღებელი ციხესიმაგრე „იმედი“ იყო.

„„იმედში“ შეჭრა იმის დემონსტრირება იყო, რომ არავინ არსებობს ამ ქვეყანაში, არავითარი ჟურნალისტი, თუ კი მე გადამეღობები. „ტელეიმედს“ ჰქონდა თავისი სარედაქციო თავისუფალი, ობიექტური პოლიტიკა და „ტელეიმედი“ აშუქებდა იმას, რაც არ აწყობდა სააკაშვილის რეჟიმს, მათი აღქმით, და ასეც იყო, ღუპავდა ამ რეჟიმის რეპუტაციას. ეს მოვლენები ასე არ დასრულებულა. „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა მეთოდი აქვს, თუ როგორ გაანადგუროს თავისუფალი მედია. მინდა, აღვნიშნო, რომ ეს დროის საკითხი იყო. მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე კარგად იცოდა თავისუფალი მედიის ფასი. სწორედ მედიამ მოიყვანა ის, შევარდნაძის ოპონენტი იყო და ოპოზიციაში ახალგაზრდა ლიდერი და ა.შ. მედია ედგა მხარში რევოლუციის პერიოდში. მე მაშინ „მზეში“ ვმუშაობდი და „მზეს“ განსხვავებული პოზიციები ჰქონდა და ამის გამო ხშირად მოღალატეს მეძახდნენ მაშინაც. ამით იმის დაფიქსირება მინდა, რომ მე სააკაშვილის მხარდამჭერი არასდროს ვყოფილვარ. მიშა სააკაშვილმა რაც დაიწყო, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, ეს იყო მედიის განადგურება. მიიტაცა მედიები და ერთი აუღებელი ციხესიმაგრე იყო „იმედი“. დარბევის შემდეგ დაიწყო უმძიმესი პროცესები, ეს იყო „იმედის“ გამოშიგვნა შიგნიდან. გადაბირება თანამშრომლების „ჩაძირული გემიდან“. ასე გვარწმუნებდნენ, რომ „იმედი“ მაინც ვერ აღდგებოდა. თანამშრომლებზე იყო უდიდესი ზეწოლა“, – განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

როგორც პოლიტიკაში გარკვეულს, ძალიან მეცინება იმ მეთოდებზე, პოლიტიკური ბრძოლის უჭკუო სტრატეგიებზე, რასაც დღეს ქუჩაში ან ქუჩის მიღმა ვხედავთ ჩვენი ხელისუფლების დასამარცხებლად -თეა წულუკიანი

მე, როგორც პოლიტიკაში გარკვეულს, ძალიან მეცინება იმ მეთოდებზე, პოლიტიკური ბრძოლის უჭკუო სტრატეგიებზე, რასაც დღეს ქუჩაში ან ქუჩის მიღმა ვხედავთ ჩვენი ხელისუფლების დასამარცხებლად, – ამის შესახებ  „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, „პოლიტიკურ ბრძოლაში თუ შედიხარ, მართალი უნდა იყო და სიმართლისთვის იბრძოდე“.

„ცუდი გამოცდილების შედეგად, მაგრამ, ვინც ნაბრძოლია რეჟიმთან, ის დღეს გამობრძმედილია და ხელისუფლებაშია. ამ ყველაფერს თავი მოუყარა ბიძინა ივანიშვილმა და მისი ხელმძღვანელობით დადგა გამარჯვების დღე. შესაბამისად, ეს გამოცდილება თითოეულმა ჩვენგანმა – ზოგმა ძალიან დიდი უბედურების, ზოგმა მეტ-ნაკლებად პრობლემების ხარჯზე მივიღეთ ბრძოლისას. ამიტომაც, მე, როგორც პოლიტიკაში გარკვეულს, პატარა გამოცდილების მქონე ადამიანს, ძალიან მეცინება იმ მეთოდებზე, პოლიტიკური ბრძოლის უჭკუო სტრატეგიებზე, რასაც დღეს ქუჩაში ან ქუჩის მიღმა ვხედავთ ჩვენი ხელისუფლების დასამარცხებლად. ცოტა მეტი ჭკუა და დაფიქრებაა საჭირო, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დღეს ვინც ებრძვის, იმ ექსტრემისტულ ჯგუფებს არც მორალი უმაგრებთ ზურგს. პოლიტიკურ ბრძოლაში თუ შემოდიხარ, მართალი უნდა იყო, სიმართლისთვის უნდა იბრძოდე“, –  აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ამასთან, როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მართალი ბრძოლა არ არის, როდესაც პატიმრების გამაუპატიურებელი ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის იბრძვი.

„კომისიის გუშინდელი სხდომა იყო მორიგი უმძიმესი, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ გლდანის ციხეში არსებობდა ასეთი „ინსტიტუტი“: „კაციჭამია ფლოსტები“. ეს იყო „ფლოსტები“, რომლებსაც პატიმარს აძლევდნენ ფეხზე ჩასაცმელად. ეს ფლოსტები იყო გაცილებით უფრო გამძლე, ვიდრე ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე – ეს ფლოსტები აგრძელებდა ცხოვრებას და ადამიანები კვდებოდნენ. ციხეში კლავდნენ ადამიანებს და ამ ფლოსტებს შემდეგ გადაიბარებდა სხვა ცოცხალი პატიმარი, რომელიც ასევე მოკვდებოდა. ამის შემდე, ალბათ, საერთოდ აღარაფერზე უნდა ვმსჯელობდეთ, მაგრამ ამ დარბაზში ვინც შემოვიდა, ვგულისხმობ დაზარალებულებსა და მსხვერპლებს, მათ არცერთი წუთით არ აქვთ ტკივილი დავიწყებული. ისინი არ დაუშვებენ, „ქართულმა ოცნებამ“ ისე გადავულოცოთ ახალგაზრდა თაობას ხელისუფლება, რომ მავნებლების პრობლემა მოგვარებული არ იყოს. მათ გვერდით როცა დგები, ეს არ არის მართალი ბრძოლა. „კაციჭამია ფლოსტებისთვის“, სააკაშვილისთვის, ყავარჯნით, „კასტილით“ და ცოცხით ადამიანის გაუპატიურებისთვის ვერავის დავაბრუნებთ ხელისუფლებაში. ამის დაბრუნებისთვის რომ იბრძვი, ეს არ არის მართალი ბრძოლა, სულ რომ 17 წლის იყო. ასაკი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მართალი ხარ. ამიტომ, ბრძოლა, რომელშიც ერთვები, უნდა იყოს მართალი ბრძოლა, სიმართლისთვის, უკეთესისთვის ბრძოლა. ამას უნდა ცოტა მეტი ჭკუა, გამოცდილება. თავი არ უნდა გამოაყენებინო უსინდისო პოლიტიკოსს, რომელსაც მხოლოდ მავნებლობის გამოცდილება აქვს და არაფერი უკეთესი. ღიმილის მომგვრელია ის ვითომ სტრატეგიები, რაც პოლიტიკურ ოპონენტებს აქვთ. ჩვენ, „ქართული ოცნება“ მათ მცდელობებს ამ კომისიის ფარგლებითაც და კომისიის დასკვნითაც შევებრძოლებით, რათა აღარ დაბრუნდეს „კასტილით“, ცოცხით გაუპატიურებული პატიმრის ინსტიტუტი, პატიმრის წამება, სკამზე გამობმა და 24-საათიან რეჟიმში ცემა. მოსამართლე, რომელიც ათავისუფლებს პატიმარს რადგან ევროკავშირის ელჩმა ასე გადაწყვიტა – ეს არ გვინდა. მოსამართლემ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, გაათავისუფლოს თუ არა. ჩვენ არასდროს დავაბრუნებთ იმ რეჟიმს, სადაც უცხოელი არის საქართველოში ბატონი. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით კვლავ და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.