Home Blog Page 4

2024 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა

2024 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა, დეკემბრის ინფლაცია კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის განმავლობაში ფასებმა მოიმატა ბოსტნეულზე თითქმის 16 პროცენტით, შაქარსა და სხვა სახის ტკბილეულზე – 7 პროცენტით, უალკოჰოლო სასმელებზე – 5 პროცენტით. თევზეული ასევე 5 პროცენტით გაძვირდა, ხორცი და ხორცპროდუქტები – ერთი პროცენტით.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, თითქმის არ შეცვლილა ფასები ხილსა და რძის პროდუქტებზე. რაც შეეხება 2025 წლის პროგნოზს, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ერთპროცენტიანი ინფლაციაა ჩადებული, რაც ეროვნული ბანკის მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელზე დაბალია.

ახალი წლის ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 40 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით – 131 პაციენტი

ახალი წლის ღამეს თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავების გამო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში 33 ზარი შევიდა. მათ შორის ჰოსპიტალიზაცია 20 მოქალაქეს დასჭირდა.

რაც შეეხება სხვა ქალაქებსა და რეგიონებს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო დაფიქსირდა 25 შეტყობინება, აქედან 20 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია.

ცენტრის ინფორმაციითვე, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა. ამ მიზეზით ჰოსპიტალიზებულია 64 ადამიანი. რეგიონების მასშტაბით კი დაფიქსირდა კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა, ჰოსპიტალიზებულია 67 პაციენტი.

გოგა ხაინდრავა გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს მიმართავს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა  საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სოციალურ ქსელში მიმართავს.

“ხერ ფიშერ! “შიგ ევროპული” უწყვეტი! გაუნელებელი პროტესტის მონაწილე! აღშფოთებული პროდასავლელი პროტესტანტები! დაჟინებით მოვითხოვთ! სასწრაფოდ გამოუშვით შოლც-ბერბოკის პროპუტინული რუსული რეჟიმის მიერ დაპატიმრებული მშვიდობიანი პიროტექნიკოსი პოლიტპატიმრები! ვგმობთ დემოკრატიის უკუსვლას!”,-  წერს ხაინდრავა პლატფორმა X-ზე.
 

შეგახსენებთ, ბერლინში, ახალი წლის ღამეს მომხდარი თავდასხმების შედეგად, 30 პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაშავდა. სამართალდამცველებმა 400 ადამიანი დააკავეს.

https://x.com/KhaindravaGoga/status/1874994861558182148

ევროპაში გაზის ფასმა 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

2025 წლის პირველ სავაჭრო დღეს, 2 იანვარს ევროპაში გაზის ფასმა 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

სააგენტო გაზის გაძვირებას სამი ფაქტორის კომბინაციით ხსნის. პირველ მიზეზად ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება დასახელდა; მეორე მიზეზი არის ის, რომ ნორვეგიის ქალაქ ჰამერფესტში თხევადი ბუნებრივი აირის ქარხანამ კომპრესორის გაუმართაობის გამო მუშაობა 9 იანვრამდე შეაჩერა; მესამე ფაქტორად კი ჩრდილოეთ ევროპაში ცივი ამინდი სახელდება, რამაც გაზის მოხმარება რეგიონში გაზარდა.

„ამ კვირაში ნორვეგიული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირებამ, შეიძლება, გამოიწვიოს უფრო სწრაფი გადინება საცავებიდან. რეზერვები მთელ კონტინენტზე 2021 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპით ეცემა“, – წერს „ბლუმბერგი“.

დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ომის დასრულებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს-ზელენსკი

დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ომის დასრულებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი შესაძლოა, დაეხმაროს მათ რუსეთის დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის შეჩერებაში.

„ტრამპი შეიძლება, გახდეს გადამწყვეტი. ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი თვისებებია მნიშვნელოვანი. მას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი. უფრო სამართლიანი იქნება, ვთქვათ, რომ მას შეუძლია, დაგვეხმაროს ჩვენ პუტინის შეჩერებაში. მას შეუძლია ამის გაკეთება. მჯერა, რომ ის არის ძლიერი და არაპროგნოზირებადი. მინდა, რომ ტრამპის არაპროგნოზირებადობა პირველ რიგში, რუსეთს შეეხოს. ვფიქრობ, მას ნამდვილად სურს ომის დასრულება. ვფიქრობ, ეს სიმართლეა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღისთვის არაფერი დაგეგმოთ, რადგან, დიდი ალბათობით, მოვლენების მოულოდნელი განვითარება გეგმების შეცვლას გაიძულებთ. უმჯობესია, რომ ეს დღე მთლიანად გართობას და სასიამოვნო საქმეებს დაუთმოთ. გარშემო მყოფთა კრიტიკულ შენიშვნებს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. ეცადეთ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახალი ვალდებულებების აღებამდე ძველი დაასრულოთ და ამისთვის ეს ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ. ძველი კონტაქტები არ დაკარგოთ, რომ საჭირო დროს მათთან დაკავშირება შეძლოთ.

ტყუპები

ძველ მეგობრებთან და დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. წვეულებაზე შესაძლოა, ვიღაც ისეთის ყურადღება მიიქციოთ, ვინც მომავალში თქვენი მოკავშირე გახდება. არსებობს მოულოდნელი შემოსავლის მიღების შანსი, თუმცა საბოლოო შედეგი თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე – სასურველია, რომ ალკოჰოლის და ცხიმიანი კერძების მიღება შეზღუდოთ.

კირჩხიბი

დროა ჩატარებული სამუშაოს შედეგები შეაჯამოთ და პროფესიულ სფეროში ახალი მიზნები დაისახოთ. ეცადეთ საკუთარი თავს „გარედან“ შეხედოთ და საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები შეაფასოთ. ყველაზე მეტად, ნაჩქარევი, ემოციური გადაწყვეტილების მიღებას უნდა მოერიდოთ და კარგად შედგენილ გეგმას უნდა მიჰყვეთ.

ლომი

მეგობრებისა თუ ნაცნობების დახმარებით მნიშვნელოვან საკითხს მოაგვარებთ. გირჩევთ, თავდაპირველ გეგმას მიჰყვეთ და არაფერი შეცვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უამრავ დროს უშედეგოდ დაკარგავთ. ამ დღეს ყველაზე მეტად სხვის საქმეებში ჩარევას და რჩევების მიცემას უნდა მოერიდოთ – მით უფრო, თუკი ამის შესახებ არ გთხოვენ. არსებობს მოულოდნელი შემოსავლის მიღების შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

ქალწული

ამ დღისთვის მკაფიოდ შედგენილი გეგმა გჭირდებათ, რადგან ნაჩქარევი და იმპულსური მოქმედება სავალალო შედეგს მოგიტანთ. გირჩევთ, სიტყვები და ემოციები აკონტროლოთ, რათა უნებურად, თანამოსაუბრე არ შეურაცხყოთ. ამ დღეს დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე უნდა იმუშაოთ, რადგან ეს სასურველი შედეგის მიღწევას გაგიადვილებთ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სხვის საქმეებში არ ჩაერიოთ. ახლო მეგობრებთან ურთიერთობაში შესაძლოა, დაძაბულობამ თავი იჩინოს. გირჩევთ, პაუზა აიღოთ და გარკვეული დრო განმარტოებით გაატაროთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, უმჯობესია, სხვა დროისთვის გადადოთ.

მორიელი

ახლო მეგობრებთან ურთიერთობაში შესაძლოა დაძაბულობამ თავი იჩინოს, ამიტომ ეცადეთ ურთიერთობები შეზღუდოთ და ემოციები აკონტროლოთ. მალე პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ახალი მოკავშირეების პოვნას და ოპონენტების დარწმუნებას შეძლებთ. ეცადეთ, თქვენი პირადი ურთიერთობები გააანალიზოთ და კომუნიკაციის სტილი შეცვალოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მოზღვავებული ემოციები მუშაობაშიც და ურთიერთობებშიც ხელს გიშლით, ამიტომ უმჯობესია რთულ ამოცანებსა და მოლაპარაკებებზე უარი თქვათ. ახლობლებმა ადამიანებმა შეიძლება რაღაც სიურპრიზით გაგახარონ. ყურადღებით იყავით – შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც მალე მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

თხის რქა

გავლენიანმა ადამიანებმა, რომლებსაც დღეს შეხვდებით, შესაძლოა დახმარება ან მფარველობა შემოგთავაზონ, ამიტომ მიწვევაზე უარს ნუ იტყვით და ყველა იმ შესაძლებლობით ისარგებლეთ, რომელიც ამ დღეს გექნებათ. ნუ ცდილობთ, სასურველი რეალობად აღიქვათ – ეს აუცილებლად დანაკარგებს გამოიწვევს.

მერწყული

მოერიდეთ კამათს, საკუთარი სიმართლის მტკიცებას და დაპირისპირებას. გირჩევთ, ახალ გარემოებებს არ შეეწინააღმდეგოთ და შეძლებისდაგვარად, მოერგოთ. დაგეგმილი მოგზაურობა საინტერესო და ნაყოფიერი იქნება – შეიძლება თქვენი მომავალი პროექტისთვის მშვენიერი იდეა იპოვოთ.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ 3 იანვარს დაწყებული საოჯახო საქმეები დროულად დაასრულოთ და საღამოს საყვარელი საქმისთვის დრო გამონახოთ. დაგეგმილი მოგზაურობა საინტერესო და ნაყოფიერი იქნება – თქვენ შეძლებთ, იპოვოთ იდეები მომავალი პროექტისთვის. უმჯობესია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სამომავლოდ გადადოთ.

ბრიტანეთში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს – ილონ მასკი

ამერიკელი მილიარდერი, ილონ მასკი, რომელიც აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად არის დასახელებული, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

„ბრიტანეთში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს“, – დაწერა ილონ მასკმა, რომელიც ახალი გამოკითხვის ერთ-ერთ ანგარიშს გამოეხმაურა.

ილონ მასკმა სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სტარმერის მუშაობას აკრიტიკებს, ციხიდან ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის გათავისუფლებას ითხოვს და ამბობს, რომ ბრიტანეთის გადარჩენა მხოლოდ ნაიჯელ ფარაჟის პარტიას შეუძლია.

 უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტის მთავარი ბენეფიციარი შეერთებული შტატებია-მარია ზახაროვა

მოსკოვი უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობას ვაშინგტონს და კიევს აკისრებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, კიევმა გადაწყვიტა შეწყვიტოს ცისფერი საწვავის გადატუმბვა რუსეთიდან ევროპის ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ „გაზპრომი“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს.

„კონკურენტული და ეკოლოგიურად სუფთა რუსული ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტა არა მხოლოდ ასუსტებს ევროპის ეკონომიკურ პოტენციალს, არამედ ძალიან უარყოფითად აისახება ევროპის მოქალაქეების ცხოვრების სტანდარტზე“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, კიევის გადაწყვეტილების „მთავარი ბენეფიციარი შეერთებული შტატებია“.

„რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება შეერთებულ შტატებს, მარიონეტულ კიევის რეჟიმს, ისევე როგორც ევროპული სახელმწიფოების ხელისუფლებებს, რომლებმაც თავიანთი მოქალაქეების კეთილდღეობა ამერიკის ეკონომიკის ფინანსურ მხარდაჭერას შესწირეს“, – აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, 1-ელი იანვრიდან უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი შეწყვიტა.

დონალდ ტრამპი 19 იანვარს, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, ვაშინგტონში ღონისძიებას გამართავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 19 იანვარს, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე ვაშინგტონში ღონისძიებას გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ჰილი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ღონისძიება, რომელსაც ტრამპი „გამარჯვების მიტინგს“ უწოდებს, ვაშინგტონის ცენტრში, Capital One Arena-ზე გაიმართება.

აქციაზე გამომსვლელების ვინააობა ჯერ ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, იქ შეკრიებილებს სიტყვით თავად არჩეული პრეზიდენტი მიმართავს.

ცნობისთვის, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება. ტრამპი ფიცს კაპიტოლიუმში დადებს.

შოკირებული და დამწუხრებულები ვართ ცნობებით ახალ ორლეანში მომხდარი თავდასხმის შესახებ-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

x

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალ ორლეანში მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„შოკირებული და დამწუხრებულები ვართ ცნობებით ახალ ორლეანში მომხდარი თავდასხმის შესახებ. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და გვერდში ვუდგავართ, სოლიდარობას ვუცხადებთ მსხვერპლებს, მათ ოჯახებსა და შეერთებული შტატების მოსახლეობას ამ რთულ დროს”, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ში, ახალ ორლეანში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, შეჯახების შემდეგ მძღოლი გადმოვიდა და იარაღიდან სროლა დაიწყო, რასაც პოლიციამ საპასუხო ცეცხლით უპასუხა.

https://x.com/MFAgovge/status/1874770196080255102

2025 წლის მთავარი ევროპული პროგნოზი: რა მოხდება უკრაინასთან მიმართებით – Berliner Zeitung

„რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტა ხომ რთულია, მაგრამ უარესი პრობლემები მაშინ გაჩნდება, როცა საომარი მოქმედებები მართლაც შეწყდება და დღის წესრიგში საზავო პირობების რეალიზაცია დადგება“, – წერს გერმანული გაზეთი „ბერლინერ ცაიტუნგი“ (Berliner Zeitung) სტატიაში სათაურით „2025 წლის მთავარი ევროპული პროგნოზი: რა მოხდება უკრაინასთან მიმართებით?“ (ავტორი – თომას ფესბენდერი).

„მოსკოვსა და კიევს შორის მიღწეული შეთანხმების (სავარაუდოდ) კონტროლი აუცილებელია, მაგრამ ამის განხორციელება ძნელი იქნება – ამ მხრივ ევროკავშირში სერიოზული განხეთქილება არსებობს: ბერლინს, პარიზს და ვარშავას ერთმანეთში უთანხმოება აქვთ. ევროპას თამამი და ძლიერი პოლიტიკოსები დაჭირდება“, – ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის კონფლიქტმა თითქმის სამი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გვაჩვენა და დაამტკიცა ერთი რამ: ევროპელთა უუნარობა, როცა საქმე ეხება საკუთარ ეზოში მიმდინარე ომების შეწყვეტას. ეს უკვე აჩვენა ბალკანეთის ომებმა 1990-იან წლებში, მაგრამ კონტინენტმა ამ გაკვეთილებით ვერაფერი ასწავლა. ევროპა ვერ უმკლავდება მის წინაშე მდგარ ამოცანებს.

როგორც ადრე, ისე ახლაც ევროპულ ომის დასრულებაზე ისევ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა იზრუნოს (იგულისხმება დეიტონის შეთანხმებები – რედ.), მაგრამ კონფლიქტის შედეგები, თუ ის გაიყინება, ევროპელებს სულ სხვა ამოცანების წინაშე დააყენებს, ვიდრე ბალკანეთში. როგორც კი ქვემეხების გრიალი შეწყდება, ამერიკელები წავლენ. დონალდ ტრამპი ერთ ცენტსაც კი არ დახარჯავს უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად და არც მაინცდამაინც თავს არ თავს არ გამოიდებს ქვეყნის დანგრეული ეკონომიკის აღდგენაზე (ერთადერთი გამონაკლისი, ალბათ, უკრაინის ნაყოფიერი შავმიწიანი ნიადაგის შესყიდვა იქნება).

რა მოხდება 20 იანვრის – დონალდ ტრამპის ინაუგურაციის – შემდეგ?

დონალდ ტრამპი უზრუნველყოფს ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ რადგანაც მას სხვა საზრუნავიც აქვს – ირანთან და ჩინეთთან დაკავშირებული პრობლემებიც უნდა მოაგვაროს (რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, აშშ-ისათვის უფრო მნიშვნელოვან მოწინააღმდეგეებს წარმოადგენენ), დონალდ ტრამპი უკრაინის პრობლემებზე ზრუნვას ევროპელებს გადააბარებს და პარალელურად შეეცდება რუსეთი და ევროპა ერთმანეთს ისევ დაუახლოვოს.

იმ შემთხვევაშიც, კი, თუ ცეცხლის შეწყვეტა ერთმნიშვნელოვანი არ იქნება (თქვათ, თუ კრემლი ვაშინგტონისათვის მიუღებელ პირობებს წამოაყენებს), აქტიური საომარი მოქმედებები ფრონტის ხაზის გასწვრივ, ალბათ, გაზაფხულამდე გაიყინება. თავის მხრივ დასავლეთი, სავარაუდოდ, კიევს უსაფრთხოების დაცვისა და ეკონომიკის აღდგენის გარანტიებს მისცემს, ხოლო ევროპის სახმალეთო ჯარების გარკვეული კონტინგენტი უკრაინის ტერიტორიაზე განლაგდება, მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ამის შემდეგ ევროპელებისათვის ნამდვილი გამოცდა დაიწყება: იმ სიტუაციაშიც კი, თუ მოსკოვი და კიევი ოფიციალურად ერთგულები იქნებიან მიღწეული შეთანხმების მიმართ, ვინ განახორციელებს კონტროლს არარეგულარული სამხედრო ფორმირებების კონტროლს? ან ვინ გააკონტროლებს პარტიზანების მოქმედებას, რომლებსაც საზღვრების საკითხის გადაწყვეტა არ მოეწონებათ? ზოგიერთ რუსს მეტი მიწის მიღება მოესურვება, ზოგიერთ უკრაინელს კი რაც შეიძლება ნაკლები მიწის დათმობა.

დასავლეთში ბევრი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ უკრაინის 1991 წლის საზღვრები უნდა აღდგეს, რომლებიც საერთაშორისო დონეზე არის აღიარებული. საეჭვოა, რომ გერმანიის ბუნდესტაგის ისეთი „ქორი“ წევრები, როგორიცაა როდერიხ კიზელვეტერი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან), კმაყოფილები იქნებიან ცეცხლის შეწყვეტით ფრონტის ხაზის გასწვრივ. რა თქმა უნდა, ასეთი დროებითი ზავით ბევრი სიცოცხლე გადარჩება, მაგრამ ის არ ქმნის სტაბილურობას, რომელიც აუცილებელი საფუძველია ყოველი რეალური სამშვიდობო პროცესის განმტკიცებისთვის.

დონალდ ტრამპის პირისპირ დარჩენილ ევროპელებს რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ: ჩაერევიან თუ არა მათი სამშვიდობო ძალები სიტუაციაში, თუ სადემარკაციო ხაზზე სროლები დაიწყება? გავიხსენოთ, რომ სრებრენიცაში (ყოფილ იუგოსლავიაში) 1995 წელს მომხდარი ბოსნიელ მუსლიმთა გაჟლეტვა ბოსნიელი ქრიტიან სერბების მიერ გარკვეულწილად ნიდერლანდელი სამშვიდობო ძალების („ცისფერი ჩაფხუტების“) უმოქმედობამაც განაპირობა.   

ევროპული უთანხმოება რუსეთთან მიმართებით

დღეს ევროპელები ბევრად უფრო დაპირისპირებულნი არიან ერთმანეთთან, ვიდრე ეს ათწლეულების წინ იყო. იმ მომენტშიც კი, როცა ევროპელი ლიდერები ერთმანეთს ძმობა-მეგობრობას ეფიცებიან და კონსენსუსზე ერთხმად ლაპარაკობენ, თითოეული კი ფარულად თავისი ინტერესების დაცვაზე ფიქრობს: ვარშავა იქნება ეს თუ ბერლინი და პარიზი – მათ თავიანთი მომავლის მიმართ ხედვა სულ სხვაგვარი აქვთ. პოლონეთს ყოველთვის შიში ექნება მის საზღვრებთან ახლოს მდებარე რუსეთის მიმართ, გერმანიის ბიზნესი და ეკონომიკა ისევ რუსეთთან თანამშრომლობას დაიწყებს, ფრანგებსაც თავიანთი პრობლემები აქვთ და არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვთან ურთიერთობას აღადგენენ, მაგრამ გარკვეული თავშეკავებით.

მოკლედ, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება რუსეთთან დამოკიდებულების დონე. ევროპამ თავისი „ძრავა“ ახალ სიჩქარეზე უნდა გადართოს – მებრძოლი მხარის დახმარებიდან სამშვიდობო პროცესის ერთობლივ მართვაზე. ამ კონტექსტში გერმანული საზოგადოებისა და ეკონომიკის ნაწილის ტრადიციულ სიახლოვეს რუსეთთან სიტუაციაზე კონსტრუქციული გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

2025 წელი სიმტკიცეზე გამოცდის წელი იქნება. უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა – ეს დიდი მიზნის შედარებით მცირე ნაწილს წარმოადგენს. მსოფლიოში მშვიდობიანი თანამშრომლობის აღდგენა ბევრად უფრო რთული იქნება. ამისათვის საჭირო გახდება სცენაზე ახალი პოლიტიკოსების გამოსვლა, რომლებსაც რუსეთთან კონტაქტების არ შეეშინდებათ და ვაშინგტონის პარალელურად, ჩავლენ მოსკოვში და კიევში, დაელაპარაკებიან ორივე მხარეს – რუსებს და უკრაინელებს, ჩამოაყალიბებენ ახალ იდეებს და პრობლემების გადაწყვეტის გზებს.

თუ ჩვენ უკრაინის კონფლიქტის განმუხტვას ვერ შევძლებთ, კონტინენტს წინ საშინელი დრო ელოდება. რუსეთთან გარდაუვალ ომზე ლაპარაკი უკიდურესად სახიფათოა. რუსეთთან ომი, თუნდაც ხუთი ან მეტი წლის შემდეგ, ევროპის გეოპოლიტიკური ფინალი იქნება.

წყარო

ვლადიმერ პუტინის ბოდიში: როგორ შეიცვალა აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობა – BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვლადიმერ პუტინის ბოდიში: როგორ შეიცვალა აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობა“. პუბლიკაციაში განხილულია ის რეზონანსი და გამოხმაურება, რომელიც რუსეთის საჰარეო სივრცეში დაზიანებული აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას მოჰყვა.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) თვითმფრინვის ეკიპაჟის დაღუპულ პილოტებს და სტიუარდესას, პრეზიდენტის ბრძანებულებით, აზერბაიჯანის ეროვნული გმირის წოდებები მიენიჭათ. ეკიპაჟის ცოცხლად გადარჩენილი წევრებიც მაღალი ორდენებით დაჯილდოვდნენ. მოსახლეობა ყურადღებით აკვირდება და კომენტარებს უკეთებს იმას, თუ რას და როგორ წერენ უცხოეთის მასმედიაში.

რას ფიქრობენ აზერბაიჯანელები

ბევრი ფიქრობს, რომ პილოტებმა უმაღლესი კლასის პროფესიონალიზმი და მამაცობა გამოავლინეს, როცა დასაღუპავად განწირული საჰაერო ლაინერით როგორღაც ყაზახეთის აქტაუს აეროპორტამდე მიფრინდნენ და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხისტი დაშვება განახორციელეს, მგზავრების მნიშვნელოვანი ნაწილი გადარჩა.

ვლადიმერ პუტინმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ რუსეთის ბრალი არ უღიარებია (თუმცა პრეზიდენტმა ახსენა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის მუშაობა). კომპენსაციის გადახდაზე მას არაფერი არ უთქვამს, რაც ბევრ აზერბაიჯანელს არ მოსწონს.

ამასობაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორჯერ შეამცირა რუსეთის მოქალაქეების აზერბაიჯანში ყოფნის ხანგრძლივობის ვადები – 90 დღემდე წელიწადში და ამ  გადაწყვეტილებამ ქვეყანაში დადებითი რეზონანსი გამოიწვია.

ამასთან, სოციალურ ქსელებში გაისმის მოწოდებები, რომ აზერბაიჯანში რუსების ადგილი  არ არის და რომ რუსეთი ავიაკატასტროფის გამოძიებას გააყალბებს – „საკუთარ თავს არ დაადანაშაულებს“. ზოგიერთებს კითხვები უჩნდებათ: პუტინის ბოდიში მხოლოდ ტელეფონით დარჩება თუ იგი საჯაროდაც მოიხდის ბოდიშს აზერბაიჯანელი ხალხის წინაშე?“.

აზერბაიჯანში ისიც შენიშნეს, რომ რუსეთის ტელევიზია აქცენტს აკეთებს უკრაინის დრონებზე და საკითხს ისე წარმოაცენს, რომ უკრაინამ განგებ გაუშვა დრონები იმ დროს, როცა აზერბაიჯანის თვითმფრინავი რუსული რაკეტების ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდებოდა.

უკვე ძალიან გვიანია…

ოპოზიციური პოლიტიკური მიმომხილველი რაუფ მირკადიროვი თვლის, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება უფრო ნაკლები იქნებოდა, ვლადიმერ პუტინს რომ ბოდიშის მოხდა მთელი ოთხი დღით არ დაეგვიანებინა. „ამ მოვლენამ ცხადჰყო, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის გარკვეული უთანასწორობის ფაქტორი არსებობს. ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციას იმედი ჰქონდა, რომ მომხდარ შეცდომას (თუ დანაშაულს) დაფარავდა და რომ მსგავსი იმედების არსებობა მიანიშნებს იმას, რომ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული პრობლემები არსებობს. არავის არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა თავს დახრის და ყველაფერს უსიტყვოდ მიიღებს“.

როგორც რაუფ მირკადიროვი თვლის, პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის გამოქვეყნებული ტექსტიდან ჩანს, რომ ვლადიმერ პუტინმა ბრალი პირდაპირ არ აღიარა, ხოლო ილჰამ ალიევმა არ ისარგებლა შანსით, რომ რუსეთის ლიდერზე ზეწოლა მოეხდინა და უფრო მკაფიოდ გამოეხატა რუსეთის ბრალი.

აზერბაიჯანის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრი რასიმ მუსაბეკოვი ვარაუდობს, რომ რადგან რუსეთმა საბოლოო ჯამში სეცდომა აღიარა, ბაქოსა და მოსკოვს შორის დამოკიდებულება არ გაუარესდება. „იქ, კრემლში, გააცნობიერეს, რომ სიცრუე და დეზინფორმაციის პროპაგანდა რუსეთს არც სახელს არ შემატებს და არც პატივისცემას“, – თქვა მან „ბიბისთან“ ინტერვიუში, – რუსეთს შეცდომის აღიარება და ამ შეცდომის ჩამდენების დასჯა უფრო მეტად განუმტკიცებს ავტორიტეტს და უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობას. პუტინმა ბაქოში საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბისტრიკინი გამოგზავნა და დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვი კომპენსაციასაც გადაიხდის“.

ილჰამ ალიევი საზღვრებს არ ხსნის

აზერბაიჯანს 2020 წლის მარტიდან თავისი სახმელეთო საზღვრები დახურული აქვს – ფორმალურად კორონავირუსის პანდემიის გამო, მაგრამ „კოვიდ-19“-ის საფრთხემ დიდი ხანია გაიარა, საზღვრები კი არ გახსნილა. ამ ხნის განმავლობაში, როგორც აზერბაიჯანის სახსტატის მონაცემებით ირკვევა, აზერბაიჯანელელთა ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლა შემცირდა, მაგრამ ვისაც გასვლა ჭირდებოდა, ის ძირითადად ავიატრანსპორტით გადიოდა, ანუ თვითმფრინავების  მგზავრთა რაოდენობა გაიზარდა. მაგალითად, იგივე ბაქო-გროზნოს ავიარეისი AZAL-მა პირველად 2022 წელს შეასრულა და მას შემდეგ ამ მარშრუტით 77 ათასმა მგზავრმა ისარგებლა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის სემდეგ აზერბაინანის ხელისუფლების კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ სახმელეთო საზღვრები რომ ღია ყოფილიყო, მაშინ ადამიანები (შრომითი მიგრანტები ან მათი ახლობლები) ისევე როგორც 2020 წლამდე, რუსეტში ტრადიციულად ავტოტრანსპორტით ან რკინიგზის მატარებლებით გაემგზავრებოდნენ და შესაბამისად, ისინი რუსული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის მსხვერპლი არ გახდებოდნენ – ყველასათვის ცნობილი იყო, რომ ჩრდილოეთ კავკასია საკმაო ხანია უკრაინის დრონების მოქმედების რეალად გადაიქცა.

„რასაკვირველია, ასეთ სიტუაციაში აზერბაიჯანიდან რუსეთში გამგზავრება ყველაზე უსაფრთხოდ ავტომობილებით და რკინიგზით შეიძლება, მაგრამ, სამწუხაროდ, აზერბაიჯანი მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის სახმელეთო საზღვრები უკვე ოთხი წელია დახურულია თითქოსდა პანდემიის გამო“, – ამბობს უფლებადამცველი და პოლიტემიგრანტი არიფ იუნუსი, – ილჰამ ალიევი ამაყად და მუდმივად აცხადებს, რომ საზღვრების დახურვით აზერბაიჯანმა ბევრ საფრთხეს თავი აარიდაო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის“.

დამსხვრეული ავიალაინერის ბორტზე აზერბაიჯანის 30 მოქალაქე იყო და მათგან ნახევარი ბელაქანელი (ქალაქი რუსეთის საზღვართან, ყოფილ ზაქათალის ოლქში, ანუ საინგილოში – ქართული ტოპონიმიკით – მთარგმნ.). ბელაქანელი მგზავრებიდან ბევრი შრომითი მიგრანტი იყო ან მათი ნათესავები.

როგორც ბელაქანის ერთ-ერთი მცხოვრები გიუნაი ამბობს, გროზნოში მის ძმა სამირ დავრიშევი მიფრინავდა,  რომელიც მშენებლობზე მღებავად („მალიარად“) მუშაობდა. მისი ახლობლები თითქმის 20 წელია გროზნოში ცხოვრობენ. „როცა საზღვრები  ღია იყო, დავდიოდით სახმელეთო ტრანსპორტით, ხოლო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, რუსული სამგზავრო ავიაციით, რომელსაც მოგვიანებით „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავებიც დაემატა“. საბედნიეროდ, გიუნაის ძმა სამირი ცოცხალი გადარჩა და მხოლოდ ნაკაწრები გაუჩნდა.

20 წლის აიჰან ბაირამზადე გროზნოში სამუშაოდ თვითმფრინვით მიფრინავდა და ცხოვრებაში პირველად მოუწია თვითმფრინავით მგზავრობა. საბედნიეროდ, ისიც ცოცხალი გადარჩა. დეიდამისი  შახლა მურადოვა ჰყვება, რომ ჩეჩნეთში აიჰანის ძმა ოჯახით ცხოვრობს. „დიდი ხანია უკვე, რაც ნათესავები არ მინახავს, საზღვრები დახურულია და წასვლა არ შეგვიძლია“, – ამბობს მურადოვა.

რუსეთს აზერბაიჯანისათვის, მგზავრთა ნაკადის რაოდენობით, მეორე ადგილი უკავია თურქეთის შემდეგ.

ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კავკასიისაკენ ავიარეისები გააუქმა და „განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი“ გააგრძელა, ანუ სახმელეთო საზღვრები დახურული რჩება.

წყარო