Home Blog Page 4

პროტესტის უკან დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან – კახა კალაძე

ამ რადიკალურ ქმედებებში, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება, დავით კეზერაშვილის თანხებიც არის ჩართული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანაში წამოწყებული საპროტესტო ტალღის უკან ასევე, დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.

„პროტესტი, რაც წინა დღეების განმავლობაში იყო, ცხადია მართულია. ვიცით, ამ ყველაფრის უკან ვინ დგანან – კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ასევე, ამ რადიკალურ ქმედებებში ჩართულია დავით კეზერაშვილის თანხები.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წამგებიანია. არასდროს ამ ქვეყანაში რადიკალიზმი არ და ვერ გაიმარჯვებს. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლების ცვლილება, არ მოსწონს აღნიშნული კანონი, ამისთვის არსებობს არჩევნები. თუ აქვთ მხარდაჭერა, არჩევნების გზით ცივილურად და დემოკრატიულად შეუძლიათ ხელისუფლება შეცვალონ და მიიღონ ისეთი კანონი, რომელიც მათთვის არის მისაღები. თუმცა, აქაც ძალიან კარგად იციან, რომ მათ საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს და არ მოხდეს ის, რაც უკრაინაში მოხდა.

„მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და იმ პოლიტიკას, რომელსაც ეს პარტია ატარებს. ყველა კარგად ხედავს, რომ დღეს, ქვეყანა საფრთხის წინაშე დგას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მშვიდობა და არ მოხდეს ის, რაც უკრაინაში მოხდა. ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი ფაქტი. ჩვენ ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე ვიდგებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“ის, რასაც აშშ-ს პოზიციად, ცდილობენ, დღეს გაყიდონ, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კონგრესმენის ინიციატივაა, რომლის მსგავსი არაერთი დაინიცირებულა, თუმცა უშედეგოდ”-მამუკა მდინარაძე

“ის, რასაც აშშ-ს პოზიციად, ცდილობენ, დღეს გაყიდონ, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კონგრესმენის ინიციატივაა, რომლის მსგავსი არაერთი დაინიცირებულა, თუმცა უშედეგოდ- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე  ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს,  რომელშიც ნათქვამია, რომ, ჯო უილსონის კანონპროექტის მიხედვით, „საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაში მდგრად პროგრესს თუ აჩვენებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს“.

1. ის, რასაც აშშ-ს პოზიციად, ცდილობენ, დღეს გაყიდონ, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კონგრესმენის ინიციატივაა, რომლის მსგავსი არაერთი დაინიცირებულა, თუმცა უშედეგოდ;

2. ⁠ინიციატივა ერთდროულად შეიცავს მუქარას და ქვეყანასთან ვაჭრობას მის სუვერენიტეტზე. მუქარას – სანქციებით, ვაჭრობას – ვიზალიბერალიზაციით, სამხედრო დახმარებით და თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობით;

3. რეალურად, ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება. ის ახალი მაშველი რგოლია ჩამოშლილი ოპოზიციისთვის. ვხედავთ მათ შესაბამის, ისტერიულ რეაქციებსაც;

4. ⁠წარმოუდგენელია მეგობარი ქვეყნის კანონმდებლისგან სანქციებით მუქარაც და ქვეყნის ბედზე და მის სუვერენიტეტზე ვაჭრობაც.

სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას ყოველგვარი ვაჭრობისა და მუქარის გარეშე, რაც ჩვენი არაერთგზის მოწოდებაც იყო!

სანაცვლოდ გაუმჭვირვალობისა და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა კიდევ უფრო მიუღებელია, ვიდრე აქამდე უსაფუძვლო უარი ზემოთ ჩამოთვლილ პარტნიორულ საკითხებზე.

ეს ყოველწლიური, გამუდმებული, ხელოვნური ტურბულენტობა და რევოლუციების მცდელობები ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და ჩვენ მეგობრებისგან ამაში მხარდაჭერას ველოდებით და არა – პირიქით!“ – წერს მამუკა მდინარაძე.

https://www.facebook.com/GDMamukaMdinaradze/posts/1031979584958336?ref=embed_post

ეს არის შანტაჟისა და მუქარის ენა – სანქციების დაწესების არავის ეშინია, თუმცა ეს არ არის სწორი დამოკიდებულება – კახა კალაძე სანქციებზე

ეს არის უბრალოდ შანტაჟისა და მუქარის ენა, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ.

კალაძის შეფასებით, სანქციების დაწესების არავის ეშინია, თუმცა ეს არ არის სწორი დამოკიდებულება.

“არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას, იმიტომ, რომ პარტნიორებს, მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ თუ გვინდა მართლა მეგობრობა, პარტნიორობა, კარი ღია არის, არავინ შეზღუდული არ არის ამ მიმართულებით, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის ეშინია ამ სანქციების და არანაირი პრობლემა არ იქნება ამ თვალსაზრისით, თუმცა წარმოუდგენელია ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული რის გამო? იმის გამო, რომ შენს ქვეყანაში შენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები იღებენ კანონს მის ქვეყანაში, რისი პირდაპირი ვალდებულებაც არის. ამის გამო დასანქცირდნენ ადამიანები? წარმოუდგენელი მგონია ეს ყველაფერი, თუმცა ისეთი უსამართლობა ხდება დღეს მსოფლიოში, გასაკვირი არაფერი იქნება”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, Politico-ს სცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ. გამოცემის მტკიცებით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „მზარდად და სამწუხაროდ ადგას რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების პოლიტიკას“. კანონპროექტის თანახმად, თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-სა და დასავლური დემოკრატიის სხვა ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას მაშინ, როცა ზრდის კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან.

Politico-ს ინფორმაციით, კანონპროექტს კონგრესს „რესპუბლიკელი“ ჯო უილსონი, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს. მისი პირობები ავალდებულებს ამერიკელ მაღალჩინოსნებს, აცნობონ კონგრესს „საქართველოში არსებული არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის კვანძების შესახებ“, ასევე რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებენ.

შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ კანონი“, საქართველოს მომავალი ევროკავშირია და არა რუსეთი – მაიკლ როთი

შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ კანონი“, საქართველოს მომავალი ევროკავშირია და არა რუსეთი, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე წერს.

„კიდევ ერთი კვირა, რათა ევროკავშირმა თბილისს სოლიდარობის ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს: ჩვენ ყველა იმ ქართველის გვერდით ვდგავართ, რომლებიც ევროპის გულში თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობენ. შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ კანონი“, საქართველოს მომავალი ევროკავშირია და არა რუსეთი“, – წერს მაიკლ როთი.

პოლონეთში, რუსეთის დაკვეთით დივერსიის მცდელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

პოლონეთში დააკავეს ცხრა პირი, რომლებიც რუსეთის დაკვეთით დივერსიის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„ამჟამად დაკავებული გვყავს ცხრა ეჭვმიტანილი, რომლებიც უშუალოდ რუსეთის დაზვერვის სამსახურების ბრძანებით იყვნენ ჩართული პოლონეთში დივერსიულ აქტებში. ეჭვიმატანილები უკრაინის, ბელარუსისა და პოლონეთის მოქალაქეები არიან“, – განაცხადა ტუსკმა.

ტუსკის თქმით, მომხდარის თაობაზე მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება.

ამასთან, როგორც დონალდ ტუსკმა აღნიშნა, დივერსიის მცდელობა იყო არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ ლიეტუვაში, ლატვიაში, სავარაუდოდ, შვედეთშიც და პოლონეთის შესაბამისი სამსახურები საკითხზე მოკავშირეებთან ინტენსიურად მუშაობენ.

იდიოტ საზოგადოებად გვთვლიან?! ერთი კონგრესმენის იდეა, მთლიან კონგრესს არ წარმოადგენს და მხოლოდ კონგრესმენები ვერ წყვეტენ ასეთი დონის საკითხს-ზურაბ ქადაგიძე

„ერთი კონგრესმენის იდეა, მთლიან კონგრესს არ წარმოადგენს! მხოლოდ კონგრესმენები ვერ წყვეტენ ასეთი დონის პოლიტიკურ საკითხს! ჰიპოთეტურად, პოლიტიკური ნებელობის შემთხვევაშიც კი საჭიროა კონგრესის ორივე პალატა, სენატი თავისი ვიცე-პრეზიდენტით, სახელმწიფო დეპარტამენტი და ბაიდენის ადმინისტრაცია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერს, რომლის მიხედვით, აშშ ვიზალიბერალიზაციას, სამხედრო მხარდაჭერას და შეღავათიან სავაჭრო რეჟიმს სთავაზობს საქართველოს, თუ ხელისუფლება შეწყვეტს ანტიდემოკრატიულ ნარატივს.

ქადაგიძის განცხადებით, საქართველო არ ვაჭრობს საკუთარი სუვერენიტეტით, ხოლო აშშ-ს თუ სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება სურს, მისი ნებაა.

„იდიოტ საზოგადოებად გვთვლიან?! 1) ერთი კონგრესმენის იდეა, მთლიან კონგრესს არ წარმოადგენს! 2) მხოლოდ კონგრესმენები ვერ წყვეტენ ასეთი დონის პოლიტიკურ საკითხს! 3) ჰიპოთეტურად, პოლიტიკური ნებელობის შემთხვევაშიც კი საჭიროა კონგრესის ორივე პალატა, სენატი თავისი ვიცე-პრეზიდენტით, სახელმწიფო დეპარტამენტი და ბაიდენის ადმინისტრაცია. თვალსაჩინოებისათვის, აქამდე რა არ იყო საკმარისი საფუძველი, ამერიკას მიეღო ე.წ „მეგობრობის აქტი” საქართველოსთან მიმართებაში, როდესაც: „ნატოს” ყველა სამხედრო მისიაში ვმონაწილეობდით! მოსახლეობის მიხედვით, ერთ ერთი მთავარი კონტრიბუტორი ვართ მისიებისა, სამხედრო კონტინგენტის თვალსაზრისით! ათობით დაღუპული ქართველი და ასობით დაზარალებული, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად! ყველა საერთაშორისო რეზოლუციითა და აქტით, საქართველო პასუხისმგებლობით ეკიდება აღებულ ვალდებულებებს! ნუ თუ საკმარისი არ იყო?

და ბოლოს: საქართველო არ ვაჭრობს საკუთარი სუვერენიტეტით! გინდათ სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება? ნება თქვენია, თუმცა როგორც ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს ასევეა, ერთი კონგრესმენის სურვილები, ამერიკის რეპუტაცია გადაარჩინოს ქართველების თვალში, რომელიც კელი დეგნანისა და ზოგიერთი უპასუხისმგებლო ამერიკელის განცხადებებითა და მოქმედებებით სერიოზულად დაზიანდა! P.S. დაგიძველდათ მეთოდები. თქვენი გენმოდიფიცირებული თაფლა კვერი დაობდა და მათრახით ქართველებს ვეღარ შეაშინებთ!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

„ქართული ოცნება“ დაადგა ღალატის გზას, მაგათ არაფერი ეშველებათ – ქვეყანას თავი დაანებონ და პოლიტიკურად კისერიც უტეხიათ – პაატა მანჯგალაძე

„ქართული ოცნება“ დაადგა ღალატის გზას, მაგათ არაფერი არ ეშველებათ – ქვეყანას თავი დაანებონ და პოლიტიკურად კისერიც უტეხიათ, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე  „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მანჯგალაძის შეფასებით, ვინც ამბობს რომ დასავლეთი, დასავლური სტრუქტურები, ევროპა და ამერიკა საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს – რუსია.

„ეს არის სინამდვილე და ახლაც რომ აგრძელებენ რიტორიკას, თუნდაც ამ წერილში, რომ თურმე დასავლეთიდან მოდის საფრთხე, რუსეთი არანაირ საფრთხეს არ ქმნის და მთავარი მტერი ამერიკა და ევროპა ყოფილა – ეს არის მავნებლობა და საქართველოს სუვერენული და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ძალიან მარტივი შეფასებაა, როგორ უნდა ამოვიცნოთ რუსი: თუ გვეუბნებიან, რომ საფრთხე დასავლეთიდან მოდის, ამერიკა პარტნიორი კი არა მტერია, რუსეთიდან მოდის სიკეთე, თუ გვეუბნებიან რომ ამერიკა და რუსეთი, ორივე მტერია იცოდეთ, რომ ამის უკან რუსები დგანან”,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” უამრავ მიზეზს იპოვის, რომ ამერიკის მხრიდან საქართველოს მოსახლეობისთვის „ამ უპრეცედენტო შეთავაზების რეალიზება არ მოხდეს“.

„ქართული ოცნება” დაადგა ღალატის გზას, მაგათ არაფერი ეშველებათ. ქვეყანას თავი დაანებონ და პოლიტიკურად კისერიც უტეხიათ.

ეს საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის არის უპრეცედენტო შეთავაზება. [“ქართული ოცნება”] უამრავ მიზეზს იპოვის, რომ ამისი რეალიზება არ მოხდეს. ნუთუ მათ არ შეუძლიათ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე გაარკვიონ ეს არის რეალობა თუ არის ერთი კონგრესმენის შეთავაზება. ასევე, დიპლომატის ენაზე შეეძლოთ ეთქვათ, რომ თუ ეს კონგრესმენის ინიციატივა გადაიქცევა სახელმწიფო პოლიტიკად, მზად ვართ, რომ განვიხილოთ პარტნიორის შემოთავაზებები. ეს არ გვინახავს, ჩვენ ვნახეთ კიდევ უფრო დიდი ბრალდება, რომ ამერიკა ორჯერ აპირებდა თურმე რევოლუციის მოწყობას. ეს წერია ამ წერილში და ვინც ამას წერს, კარგად მოიკითხონ, დარწმუნებული ვარ “ეფესბეს” ან “გერეუს” ინსტიტურები უწერენ ამას “ქართულ ოცნებას”, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება რითაც მმართველი პარტია გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული, ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო – საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს.”

განცხადების თანახმად, ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება საქართველოს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ და „თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, ურთიერთობები ძალიან სწრაფად დალაგდება, მაგრამ თუ საქართველოს მიმართ იგივე მიდგომებით განაგრძობენ მოქმედებას, ამით საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც“.

ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველო, უპირველეს ყოვლისა- კახა კალაძე

„ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და ვიცავთ ხალხს. რამდენიმე თვით უკან რომ დავბრუნდეთ, ხომ გახსოვთ რა განცხადებები კეთდებოდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. პირდაპირ მოწოდებები იყო სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით“,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქართველოს რომ მეორე ფრონტი გაეხსნა და სანქციებს მიერთებოდა, ეს იქნებოდა დამანგრეველი ქართული ეკონომიკისთვის და ქვეყნისთვის.

„ე.ი. ჩვენ უნდა გადაგვედგა ნაბიჯი, რომელიც დამანგრეველი იქნებოდა ქართული ეკონომიკისთვის, უნდა მივერთებოდით სანქციებს და ამით გავაუბედურებდით საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას. ისევ ის ადამიანები დღეს ვინც გამოდიან და მოწოდებებს აკეთებენ, ისინი მოგვიწოდებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გამოუშვებთ ციხიდან, დემოკრატიის თვალსაზრისით უკან დგამთ ნაბიჯს და შორდებით ევროპულ ღირებულებებსო. წარმოუდგენელია. პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით და ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და გადაგვედგა ნაბიჯი, მეორე ფრონტი გაგვეხსნა ქვეყანაში, სანქციებს მიერთებოდა ჩვენი ქვეყანა, დღეს რა ვითარებაში იქნებოდა ჩვენი საქართველო? რა მდგომარეობაში ვიქნებოდით?! გვექნებოდა სრული ჯოჯოხეთი. შესაბამისად, მე მესმის ამ ადამიანების, მესმის მათი განცხადებები, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველო, ჩვენი სამშობლო, უპირველეს ყოვლისა- ეს არის ჩვენი პრინციპული მიდგომა და დამოკიდებულება აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით“-განაცხადა კახა კალაძემ.

მოხარულები ვართ, რომ EBRD-იმ საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია – ნათია თურნავა

მოხარულები ვართ, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა საქართველო ბაზრის განვითარების წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, EBRD-ის ხაზინისა და სებ-ის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების ახალი ანალიზის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთობლივ ღონისძიებაზე EBRD-ის ხაზინამ და სებ-მა ოფიციალურად წარმოადგინეს ნაშრომი სათაურით “ფინანსური ბაზრის განვითარების საფუძვლების შექმნა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქართველოში მუშაობის 10-ზე მეტი წლის რეტროსპექტივა”.

მათივე ცნობით, ნაშრომში მოცემულია საქართველოს ფინანსური ლანდშაფტის ფორმირებაში EBRD-ის, ეროვნული ბანკის და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობის ანალიზი. ნაშრომი შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით მომზადდა. დოკუმენტში ყურადღება ორ მნიშვნელოვან ელემენტზე გამახვილდა: ადგილობრივ ეკონომიკაში ქართული ლარის როლის გაზრდაზე და რეალური ეკონომიკის მდგრადი და ჯანსაღი დაფინანსებისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე.

EBRD-ის ხაზინის მიერ წარმოდგენილ ანალიზში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ საქართველო პატარა ქვეყნის საინტერესო მაგალითია ღია ეკონომიკითა და ფინანსური სექტორით და მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, წარმატებას მიაღწია.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკისა და მე ვიტყოდი, მთლიანად საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უძლიერესი პარტნიორია. ფინანსური ბაზრების განვითარების თვალსაზრისით, EBRD-თან განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს და დღევანდელი ნაშრომი, რომელიც პირველად წარვადგინეთ, სწორედ ამ 10 წლიან, ძლიერ თანამშრომლობას ასახავს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენს ერთობლივ გეგმებს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. გარდა ამისა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას ფინანსური ბაზრის და მასზე წარმოდგენილი პროდუქტების უფრო მეტად დივერსიფიცირების მიმართულებითაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ EBRD-ი დედოლარიზაციის პროგრამის მხარდამჭერია, ასევე ძალიან დიდი წვლილი აქვს და მომავალშიც მხარს დაუჭერს ეროვნული ვალუტის – ლარის შემდგომ განმტკიცებას და მის დომინირებას სხვადასხვა საფინანსო ინსტრუმენტის სახით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მგონი, გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ ერთი სენატორის ინიციატივას, რამდენად სასიამოვნოც არ უნდა იყოს – სანდრო რაქვიაშვილი

მგონი გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ ერთი სენატორის ინიციატივას რამდენად სასიამოვნოც არ უნდა იყოს. მაგრამ თუ ეს ინიციატივა ოდესმე მართლა მაგიდაზე სერიოზულად დაიდება, მგონი არ მოიძებნება ადამიანი, ვინც გაბედავს და უარს იტყვის ამაზე, – ამის შესახებ პარტია „გირჩის” დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს Politico -ს ინფორმაციის შეფასებისას განუცხადა.

ამასთან, რაქვიაშვილის თქმით, აღნიშნული შემოთავაზება ამერიკის მხრიდან ეკუთვნის ერთ სენატორს, რომელიც ჯერჯერობით სერიოზულად აღქმული ვერ იქნება.

„მგონი გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ ერთი სენატორის ინიციატივას რამდენად სასიამოვნოც არ უნდა იყოს. მაგრამ თუ ეს ინიციატივა ოდესმე მართლა მაგიდაზე სერიოზულად დაიდება, მგონი არ მოიძებნება ადამიანი, ვინც გაბედავს და უარს იტყვის ამაზე. თუ აქეთ ვიზალიბერალიზაცია გვაქვს ამერიკასთან, თავისუფალი ვაჭრობა და სამხედრო დახმარება, უბრალოდ თუ ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ არ მინდა ეს ყველაფერი და “აგენტების კანონს” გადააყოლებს, მგონი იქვე, ვინც გვერდზე ედგება პირველი სცემს ამ ადამიანს და არც კი მოუწევს დიდი მიტინგების მოწყობა. ეს მართლა ძალიან მაგარი ამბავი იქნებოდა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ერთი სენატორის ინიციატივაა. ერთი ადამიანის ინიციატივა საკმარისი არ არის, რომ სერიოზულად იყოს აღქმული. თან „რესპუბლიკელია“ და სენატში უმცირესობა აქვთ „რესპუბლიკელებს“. ამიტომ, ასე მარტივად არ გამოვა. ეს თუ ორმხრივი, ორპარტიული იქნება მაშინ უფრო რეალური იქნება. ამიტომ არ გადავაჭარბოთ ამ ინიციატივის მნიშვნელობა.

ზუსტად ვიცი, რომ გასალახი იქნება ის ადამიანი, ვინც არ დათანხმდება ამ შემოთავაზებას. ღმერთმა ქნას, შემოგვთავაზონ”,- აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, Politico -ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება. ამასთან, Politico-ს ცნობით, კანონპროექტის პირობების მიხედვით, რომელსაც „რესპუბლიკელი” ჯო უილსონი, კონგრესს წარუდგენს, აშშ საქართველოსთან „ძლიერი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოხდება.

გარდა ამისა, როგორც politico-ს გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

„გუშინ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, საქართველო მიიღებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონს გაიწვევს, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს არ მიიღებს, არჩევნებს კარგად ჩაატარებს და ამერიკის მიმართ უარყოფითი რიტორიკისგან თავს შეიკავებს. საწინააღმდეგო შემთხვევაში კი, კანონპროექტი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციებს ითვალისწინებს.

კანონპროექტი ჯერ მიღებული არ არის და მისი მიღების პერსპექტივა ძალზე ბუნდოვანია. უკანასკნელ წლებში, ამგვარი სპეციალური კანონპროექტები საქართველოს შესახებ კონგრესში უკვე ორჯერ დაინიციირდა, მაგრამ, საბოლოოდ, დღის სინათლე ვერცერთმა მათგანმა ვერ იხილა. თუმცა, ვინაიდან ახალმა კანონპროექტმა ქართველ რადიკალებს უკვე შეუქმნა ნოყიერი ნიადაგი სპეკულირებისათვის, მასზე გამოხმაურება საჭიროდ მიგვაჩნია.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასაც და ამერიკელი ჩინოსნების კრიტიკასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. უკვე მრავალი წელია, საქართველოს ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში უწევს ცხოვრება, რაშიც საკვანძო როლს სწორედ გარედან დაფინანსებული ენჯეოები ასრულებენ. მეტიც, 2020 წლის ნოემბრიდან, ენჯეოებმა უკვე ორჯერ სცადეს საქართველოში რევოლუციის მოწყობა. გარდა ამისა, მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა არის მუდმივი თავდასხმის ობიექტი რიგი ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ჩინოსნების მხრიდან, რისგანაც საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური რიტორიკით უწევს თავის დაცვა.

ამ ყველაფრის ფონზე, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული. ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო. სამწუხაროდ, რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან.

საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს. ჩვენ ვიღებთ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონს იმის გამო, რომ ქვეყნის დამშვიდების სხვა შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ. როგორც უკვე აღინიშნა, „ენჯეოებმა“ 2020 წლიდანუკვე ორჯერ სცადეს ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა და მესამე მცდელობას გულხელდაკრეფილი ვეღარ დაველოდებოდით. ეს კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ. ვერც საქართველოზე უსამართლო თავდასხმებს დავტოვებთ უპასუხოდ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა.

საქართველოს მიმართ ღირსეული დამოკიდებულება სრულიად სხვაგვარად უნდა ყოფილიყო გამოხატული. ამგვარი დამოკიდებულების პირობებში:

– აშშ საქმით დაამტკიცებდა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, კერძოდ, ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა. როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, აშშ-ს ამის გაკეთება აქამდეც შეეძლო, თუმცა, საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ავლენდა;

– აშშ ჩადებდა ფულს ქართულ ეკონომიკაში, რაც მან ბოლოს 2009-11 წლებში გააკეთა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ეკონომიკური კოლაფსისგან იყო გადასარჩენი;

– აშშ უზრუნველყოფდა ენჯეოების ქცევის ცვლილებას, კერძოდ, მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის დასრულებას და რევოლუციური გეგმების გვერდზე გადადებას;

– შეწყდებოდა ევროკავშირის თემის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ მუდმივი შანტაჟის ინსტრუმენტად, წლის ბოლომდე გაიხსნებოდა მოლაპარაკებები საქართველოსთან, რითაც აღდგებოდა სამართლიანობა უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მიმართებით.
თუ ისინი ამ ყველაფერს გააკეთებენ, ამ შემთხვევაში აღარც ენჯეოების გამჭვირვალობის კანონი იქნება საჭირო და აღარც უსამართლო განცხადებებზე მოგვიწევს პასუხის გაცემა. თუმცა, თუ ენჯეოები რევოლუციის მცდელობებს არ მოიშლიან, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის წახალისებას, ლგბტ-პროპაგანდას, ნარკოტიკების პროპაგანდას, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის მცდელობას და ეკონომიკური პროექტებისთვის დაბრკოლებების შექმნას არ შეწყვეტენ, ხოლო რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები საქართველოზე თავდასხმებს განაგრძობენ, ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის შესახებ კანონიც დაგვჭირდება და თავდასხმების მოგერიებაც. შესაბამისად, დღეს ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ალტერნატივა არა აქვს.

ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება ჩვენს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ. თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, ურთიერთობები ძალიან სწრაფად დალაგდება, მაგრამ თუ საქართველოს მიმართ იგივე მიდგომებით განაგრძობენ მოქმედებას, ამით საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც.

როგორც უკვე ითქვა, ყველაფერი პარტნიორების ხელშია და საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, ცალმხრივად არაფრის შეცვლა შეუძლია. შესაბამისად, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამერიკაში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს, რითაც ორივე ქვეყანა მხოლოდ სარგებელს მიიღებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ

„კურიერის“ ინფორმაციით, პარტია „ახლის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, გვარამია-მელიას კეზერაშვილთან შეხვედრის თემა მიმდინარე მოვლენები და საპროტესტო აქციები იქნება.

როგორც მედია წერს, საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროტესტის შედეგით და დახარჯული თანხებით უკმაყოფილოა.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, ცალკეული პოლიტიკოსების უცხოეთში ვიზიტებზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ზუსტად იცის, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს.

“ოპოზიცია, დემოკრატიული ძალები აპირებს გაერთიანებას. ამისთვის ჩვენ ვმუშაობთ. არ ვიცი ცალკეული პოლიტიკოსები სად მიდიან ან მოდიან. ერთი ვიცი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი. ვიზიტზე ვერაფერს ვერ გიპასუხებთ, ვინ სად მიდის და მოდის მე არ ვიცი, თუმცა ერთვი ვიცი, რომ ოპოზიცია აუცილებლად უნდა გაერთიანდეს”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.