Home Blog Page 4

ეს იყო დროებითი ვარდნა – ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი შედარებით სტაბილიზაციისკენ მიდის – გიორგი ცუცქირიძე

ეს იყო დროებითი ვარდნა, რომელმაც გამოიწვია აქციების დროებით გაუფასურება – გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიდის შედარებით სტაბილიზაციისკენ, უახლოეს დღეებში ვნახავთ [ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციებზე] ფასების ზრდას, – ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ისევ ეცემა.

როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, პოლიტიკური გამოსვლები და პროტესტი ნეგატიურ მოვლენებს ატარებს, აქციების ვარდნა კი პიკურ ფაზაში მოხდა და არა დასაწყისში.

“რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ეს არის მოკლევადიანი ვარდნები. საფონდო ბაზარს სხვანაირი სპეციფიკა აქვს. იქ პერიოდულად ხდება ვარდნა და ფასის აწევაც. ეს ატარებს მოკლევადიან ხასიათს. ასეთი ფაქტორები არის ნეგატიური მოლოდინები, რომელიც შესაძლოა, ამ აქციების მფლობელებს, ინვესტორებს ჰქონდეთ. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ეს ნეგატიური მოლოდინი წარმოიშობა, შესაძლოა, აქციების გაყიდვა დაიწყონ. მოხდეს მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ხდება ასეთი მოკლევადიანი ვარდნა, გარკვეულ პერიოდში ზრდაც ხდება. აქციები მიმზიდველი მაღალ ფასში კი არ არის, პირიქით დაბალი ფასისას. როდესაც ნეგატიური მოლოდინის დინამიკა იცვლება, აქციების შესყიდვა იწყება ინვესტორების მხრიდან. შედეგად, მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას და დისბალანსი იცვლება. ხშირად არის, როდესაც რა წერტილიდანაც ხდება ფასის ვარდნა, იმ წერტილზე ზევითაც ადის ფასი. რაც ახლა ხდება – ვარდნა იყო და ვნახავთ მომავალში მრუდის მაღლა ასვლას. ნებისმიერი კრიზისი, რასაც ვხედავთ, მაგალითად პოლიტიკური გამოსვლები და პროტესტი ნეგატიურ მოვლენებს ატარებს. პიკურ ფაზაში მოხდა აქციების ვარდნა და არა დასაწყისში. ეს კრიზისული ფაზა გადავლილია.

შევთანხმდეთ, რომ ეს იყო დროებითი ვარდნა, რომელმაც დროებით გამოიწვია აქციების გაუფასურება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი მიდის სტაბილიზაციისკენ, უახლოეს დღეებში ვნახავთ ფასების აწევას. ანალოგიური ვარდნა სხვა დროსაც მომხდარა. „თიბისი“ ბანკს ერთი პერიოდი ჰქონდა აქციების ვარდნა და აჟიოტაჟი ატყდა, ძალიან მოკლე პერიოდში ვნახეთ, რომ ზრდა დაიწყო აქციებმა. მომავალ დღეებში ვნახავთ, რომ ფასები სტაბილურობისკენ წავა და არა ვარდნისკენ“,- აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგი “კვირაში” .

ცნობისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციები ისევ ეცემა. 16 მაისს, ვაჭრობის გახსნიდან 30 წუთის განმავლობაში შემცირდა როგორც “საქართველოს ბანკის” და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე “საქართველოს კაპიტალის”. კლება ამ პერიოდისთვის საშუალოდ 3%-იან დიაპაზონშია.

15 მაისის კი ვაჭრობის შედეგად „საქართველოს ბანკის“ აქციები 12.08%-ით შემცირდა, „თიბისის“ – 14.92%-ით და „საქართველოს კაპიტალის“ – 8.8%-ით.

თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, წელს შშმ პირებისთვის გადაცემული საკურორტო ვაუჩერების რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

თბილისის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, შშმ პირებისთვის საქართველოს კურორტებზე სასტუმროს ხარჯი ვაუჩერის გზით ფინანსდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საკურორტო ვაუჩერის მფლობელებს მისი გამოყენება პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, მათთვის სასურველ დროს შეეძლებათ.

„ამ პროგრამას დიდი ხანია ვახორციელებთ და ბევრი ადამიანია ჩართული. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური წლიდან წლამდე ზრდიდა ვაუჩერის ღირებულებას და დღეისთვის ერთ საკურორტო ვაუჩერს 800 ლარით აფინანსებს. აღსანიშნავია, რომ ასევე, იხვეწებოდა პროგრამის დიზაინი და დღეისთვის ვაუჩერით მოსარგებლე (კანონიერი წარმომადგენელი) თავად ირჩევს დასასვენებელ ადგილს და სასტუმროს. ადრე მუნიციპალიტეტი იღებდა გადაწყვეტილებას, თუ რომელი სასტუმრო უნდა ყოფილიყო, დღეს კი ვაუჩერის მეპატრონე თავად ირჩევს, თუ რომელ სასტუმროში განთავსდეს. საკურორტო ვაუჩერის გამოყენება პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი და მის მფლობელს, სასურველი დროის შერჩევა თავისუფლად შეუძლია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, წელს შშმ პირებისთვის გადაცემული საკურორტო ვაუჩერების რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა.

„თბილისის მერია ყოველ წელს ზრდის გაცემული ვაუჩერების რაოდენობას და თუ გასულ წელს 2 500 ვაუჩერი გაიცა, მიმდინარე წელს, მათმა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა. ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით ყველა იმ ოჯახს, ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება ჩვენი თანადგომა და ეს თანადგომა გაგრძელდება ყოველთვის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

“არ დაუჯეროთ არავის, გაქვთ იმის ინტელექტი, წაიკითხოთ ეს კანონი, სხვა ქვეყნებში მიღებულიც და შეადაროთ ერთმანეთს-კახა კალაძე ახალგაზრდებს მიმართავს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახალგაზრდებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, მიმართა, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და არავინ შეძლოს მათი შეცდომაში შეყვანა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაციის გზაზე სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

ამასთან, კალაძემ განაცხადა, რომ ამერიკაში, არც ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკოსებს არ ირჩევენ იმისთვის, რომ გაატარებს უცხო ქვეყნის ინტერესს, არამედ ირჩევენ, რათა პირველ რიგში, დაიცვას თავისი ქვეყნის ინტერესი.

„როგორ შეიძლება, ჩვენ გვინდოდეს რუსეთი, როგორ შეიძლება, მე მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი ხელმძღვანელობით კონსტიტუციაში ჩაიწერა ევროინტეგრაციის გზა და ქვეყნის ევროპული მომავალი. როგორ შეიძლება, მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი უშუალო მონაწილეობით მოხდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. როგორ შეიძლება, მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი უშუალო ჩართულობით მოხდა უვიზო მიმოსვლა, ვიზალიბერალიზაცია, როგორ შეიძლება, მინდოდეს რუსეთი, როცა ჩვენი უშუალო ჩართულობით მოხდა შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება, მე მინდოდეს რუსეთი, როდესაც გამოვიბრძოლეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო. ამიტომ, მინდა, ვთხოვო ახალგაზრდებს, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდით, მეგობრებო. მოვისმინე ახალგაზრდების განცხადება, აი, უცხოელებმა თქვეს,უცხოელებმა გააკეთეს განცხადებები. მერწმუნეთ, ადამიანურად და გულწრფელად გეუბნებით, არც ამერიკაში, არც ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკოსებს არ ირჩევენ იმისთვის, რომ ის გაატარებს უცხო ქვეყნის ინტერესს. მას ირჩევენ იმისთვის, რომ პირველ რიგში, დაიცვას თავისი ქვეყნის ინტერესი, არ ირჩევენ იმისთვის, რომ საგარეო მიმართულებით გაატარებს სხვა ქვეყნის ინტერესს და არა თავისი ქვეყნის ინტერესს. დაფიქრდით, ადამიანურად, მეგობრულად გთხოვთ ყველას.

ჩვენი არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი. შეუძლებელია, ჩვენ ვიყოთ მხარეები და ვუპირისპირდებოდეთ ერთმანეთს, რადგან მთავარი სულისკვეთება, რაც არის ევროპული მომავალი, არის საერთო. და თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ამ გზაზე, ეს მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ჩვენი უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ინტერესს უცხოელი ვერ გაატარებს. ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ ჩვენ. თქვენს საკუთარ ოჯახს ვინ უფრო მოუვლის, თავად თქვენ, თუ ვიღაც უცხო ადამიანი? ეს ქვეყანა იგივე ოჯახია და პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოვუაროთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი სახელმწიფოს რყევა, ვერავინ უნდა შეძლოს ყოველ წელს რევოლუციების მოწყობის მცდელობა. ეს არ არის მეგობრობა, პარტნიორობა, როდესაც ერთი ხელით რაღაც კარგ პროექტებს გვიფინანსებენ და ამაზე მადლობის მეტი რა გვეთქმის, როგორ შეიძლება, ამაზე ადამიანმა თქვას უარი, მეორე ხელით, რომელიც არ ჩანს და დაფარულია, შავი ფულით ხდება რევოლუციების დაფინანსება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება. როდესაც კუთხეში აყენებ და ეკითხები, ეს რატომ დააფინანსე, 2020 წელს რატომ დააფინანსე არჩევნების პარალელური დათვლების გაყალბება, რატომ დააფინანსე რევოლუციური ტრენინგები, როდესაც თუ არ  ვცდები, სერბი მოქალაქეები იყვნენ ჩამოსული, როდესაც სათქმელი არ აქვთ, გამოდიან და გვეუბნებიან, იცით, ჩვენ დავაფინანსეთ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლების ტრენინგი. აი, ზუსტად ეს უხერხულობები რომ იყოს აცილებული თავიდან, ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა, ამიტომაა მნიშვნელოვანი უცხოეთიდან შემოსული თანხები, რომლითაც ფინანსდება არასამთავრობო სექტორი, იყოს გამჭვირვალე, საზოგადოებამ იცოდეს, რომელი კონკრეტული პროექტი იქნა ამა თუ იმ ორგანიზაციის მხრიდან დაფინანსებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, შეუძლებელია, გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს ევროპას და ევროპულ მომავალს.

„რაიმე არგუმენტი თუ გაქვთ, თუ არსებობს რაიმე არგუმენტი, გვითხარით, აქ ვართ, მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ახალგაზრდებს, რომ არ დაუჯეროთ არავის, თქვენ გაქვთ იმის ინტელექტიც, შესაძლებლობაც, რომ თავად წაიკითხოთ აღნიშნული კანონპროექტი, სხვა ქვეყნებში მიღებული კანონპროექტები და გააკეთოთ მარტივი შედარება. არ დაუჯეროთ, უცხოეთიდან რას გეტყვიან, მათ თავიანთი ინტერესი აქვთ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი. ზუსტად ამისთვის იბრძოლეს ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა წინა თაობებმა და ერთხელ მოპოვებულ დამოუკიდებლობას სჭირდება განმტკიცება, ბრძოლა ყოველთვის საჭიროა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩემს ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ყველაფერი გახდება ნათელი. მე არ ვსაუბრობ რადიკალებზე, ექსტრემისტული და რევოლუციური დაჯგუფებების წარმომადგენლებზე, არამედ იქ არის ახალგაზრდობა, რომელიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნება, ეს ადამიანები ძალიან მნალე მიხვდებიან, რომ ის, რასაც ვსაუბრობდით, იყო სიმართლე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ესაჭიროება მეგობრები და მხარდაჭერა და არა ფარისევლობა და ძირის გამოთხრა – შალვა პაპუაშვილი

ნატო-ს წევრობის გაჭიანურებული პერსპექტივის გამო, უცხოეთიდან მომავალი გამოწვევების გამკლავება, საქართველოს, მეტწილად, მარტოს უხდება. ერთ-ერთი ამგვარი გამოწვევა გაუმჭვირვალე უცხოური ფულია, რომელიც თავისუფლად შემოედინება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, მათ შორის, რადიკალურ ჯგუფებშიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან აღნიშნა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალების კანონმდებლობა ამ გამოწვევის საპასუხოდაა მიღებული, რომელსაც აქვს პრეცედენტი დასავლეთში და დემოკრატიული მმართველობის ფარგლებშიც ჯდება.

მისი თქმით, ამ კანონის მონათვლა „რუსულად“ მას არადემოკრატიულად არ აქცევს, “მეტიც, არ ამართლებს საქართველოს მთავრობაზე თავდასხმას”.

,,საქართველოს მთავრობამ, დიდი ხანია, დაამტკიცა ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართ. თუმცა, დღესდღეობით, ნატო-ს წევრობის გაჭიანურებული პერსპექტივის გამო, უცხოეთიდან მომავალი გამოწვევების გამკლავება, საქართველოს, მეტწილად, მარტოს უხდება. ერთ-ერთი ამგვარი გამოწვევა გაუმჭვირვალე უცხოური ფულია, რომელიც თავისუფლად შემოედინება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, მათ შორის, რადიკალურ ჯგუფებშიც.

უცხოური გავლენის გამჭვირვალების კანონმდებლობა ამ გამოწვევის საპასუხოდაა მიღებული, რომელსაც აქვს პრეცედენტი დასავლეთში და დემოკრატიული მმართველობის ფარგლებშიც ჯდება. ამ კანონის მონათვლა „რუსულად“ მას არადემოკრატიულად არ აქცევს. მეტიც, არ ამართლებს საქართველოს მთავრობაზე თავდასხმას.

ზოგი, ვისაც კანონი შეეხება, მას აპროტესტებს. პროტესტი, ხშირად, რადიკალური და ძალადობრივია. უცხოელი ოფიციალური პირების მიერ ამ პროტესტში მონაწილეობა, საქართველოს სუვერენიტეტისა და დიპლომატიური პრაქტიკის უგულებელყოფით და „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების“ სახელით, უკეთეს შემთხვევაში, ფარისევლობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში – ქვეყნის აყირავების მცდელობა.

საქართველოს ესაჭიროება მეგობრები და მხარდაჭერა და არა ფარისევლობა და ძირის გამოთხრა. ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ, ჩრდილოეთიდან,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე პლატფორმა X-ზე.

ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ – ამის საუკეთესო მაგალითი იყო აქციაზე მისვლა – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, უცხოელი პოლიტიკოსები ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას ხელს უწყობენ.

როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა ამის საუკეთესო მაგალითია.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას ხელს უცხოელი პოლიტიკოსები უწყობენ. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამის საუკეთესო მაგალითი იყო გუშინდელი აქცია. უცხოელი პოლიტიკოსები პირდაპირ მივიდნენ და სიტყვით გამოვიდნენ აქციაზე. ეს არის პირდაპირი ჩარევა უცხო ქვეყნის საქმეებში. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ადგეს, ჩავიდეს ერევანში, ან იტალიაში და ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! ეს არის ის ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ბოლო დღეებისა და თვეების განმავლობაში. ეს არის ძალიან კარგი ლუსტრაცია და საუკეთესო მაგალითი იმის, რომ კიდევ ერთხელ საზოგადოება დარწმუნდეს თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, საიდან იმართება ეს ყველაფერი და ვინ დგას ამის უკან.

რადიკალიზმი, ძალადობა, ყოველთვის იქნება წაგებული და, რა თქმა უნდა, ყოველთვის სიკეთე და სინათლე გაიმარჯვებს ბოროტებასა და წარსულზე. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია და დააპირისპიროს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ერთმანეთთან. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა გამოიყენოს სათავისოდ და ქვეყანაში შეიქმნას იგივე ვითარება, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ხდება უკრაინაში. ჩვენ ომგამოვლილი ქვეყანა ვართ და არაერთი ომი გვიწარმოებია. ვიცით რამხელა უბედურების მომტანია ეს ყველაფერი“,- განაცხადა კალაძემ.

თუ არის სამართლებრივი არგუმენტი, რისი შესწორებაც შეიძლება, თანამშრომლობისთვის მზად ვართ – კახა კალაძე

თუ არის რაიმე სამართლებრივი არგუმენტი, რისი შესწორებაც შეიძლება, მზად ვართ, თანამშრომლობისთვის – ამას ვითხოვთ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ვინმე, ერთმა დალოცვილმა ადამიანმა წარმოადგინოს, რატომაა პრობლემური აღნიშნული [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] კანონპროექტი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს არაფერი შეუშლის.

„პრეზიდენტი ამ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] სავარაუდოდ, ვეტოს დაადებს. ეს მისი გადასაწყვეტია. ვეტოს შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის მხრიდან განცხადება გაკეთდა, რომ თუ არის რაიმე სამართლებრივი არგუმენტი, რისი შესწორებაც შეიძლება, მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ამას ვითხოვთ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ვინმე, ერთმა დალოცვილმა ადამიანმა წარმოადგინოს, რატომაა პრობლემური აღნიშნული კანონპროექტი და ზოგადად, რატომ შეიძლება, გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, ევროპულ მომავალს. რატომაა ეს ცუდი, აბსოლუტურად გაუგებარია. ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიანმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყანას ევროპული კურსი კონსტიტუციით გაამყარა. დიახ, საქართველოს არაფერი შეუშლის ხელს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროპული მომავალი „ქართული ოცნების“ დაპირებაა და რაც მთავარია, ჩვენი ხალხის ურყევი სურვილი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი – ევროპარლამენტარები

ვწუხვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების კანონის“ მიღების გამო. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ მმართველმა უმრავლესობამ უგულებელყო ადამიანის უფლებათა დაცვის დამკვირვებლებისა და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის შეშფოთება, – ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი და სვენ მიქსერი ავრცელებენ.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი მანამ, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს საქართველოს შიგნით და კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას და მის ევროპულ მომავალს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები გამოხატავენ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც, მათი თქმით, იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს და დემონსტრაციებს მართავს საკუთარი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის.

„საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს დეესკალაცია, თავი შეიკავოს ძალის შემდგომი გამოყენებისგან მშვიდობიანი მომიტინგეების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებენ კანონს. აქციის მონაწილეების მიმართ ნებისმიერი ძალადობა ან დაშინება არის მშვიდობიანი პროტესტის უფლების დარღვევა და, შესაბამისად, მიუღებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლებისთვის მეგობრული გარემოს შექმნა არის ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების გადამწყვეტი მოთხოვნა.

„მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს და ევროკომისიას გადახედონ ევროკავშირ- საქართველოს ურთიერთობებს, მათ შორის ჩვენს პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას ქვეყნისთვის. მოვუწოდებთ კომისიას, დაუყოვნებლივ ზეპირი შეფასება მისცეს, თუ როგორ იმოქმედებს „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, როგორც უკვე შემოთავაზებულია 12 საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

აშშ უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ახალ პაკეტს ამზადებს – თეთრი სახლი

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ახალი პარტიის გასაგზავნად ემზადება, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა განაცხადა.

„ჩვენ ასევე ვმუშაობთ უკრაინის გადაუდებელი დახმარების კიდევ ერთ პაკეტზე“, – განაცხადა კარინე ჟან-პიერმა.

მან არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რა შედის ახალ პაკეტში.

ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, შეერთებული შტატები ცდილობს დახმარება გაუწიოს უკრაინელ დამცველებს ხარკოვის ოლქში, რადგან იქ „უკრაინული ძალები სასტიკ ბრძოლებს აწარმოებენ“.

კარინე ჟან-პიერის განმარტებით, საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქში თავდასხმის მცდელობა დაიწყეს და შესაძლოა მალე გააძლიერონ შეტევითი ოპერაციების ტემპი. მისი თქმით, რუსეთი ამას აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის საზღვრის გასწვრივ ზედაპირული ბუფერული ზონა შექმნას.

„მჭიდრო კოორდინაცია გვქონდა უკრაინასთან, რათა დავეხმაროთ მას მომზადებაში“, – აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დადგენილება შეეხება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებს, თუმცა ასევე დასახელებულია ის საქმიანობები და მოხელეები, რომელთაც შესაძლოა, არ შეეხოთ 17 მაისს დასვენების დღე.

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი განისაზღვროს უქმე დღედ.

ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას აქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის 15 მაისით დათარიღებულ დადგენილებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა.

ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო – შალვა პაპუაშვილი

ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ უბრალოდ არამეგობრული ჟესტი კი არა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ბალტიელი პარტნიორების მთავრობებში ზოგიერთი მეტისმეტად შორს გაიტაცა საკუთარმა რიტორიკამ. სამყაროს შავ-თეთრად წარმოდგენამ ისინი მიიყვანა მდგომარეობამდე, რომელშიც ყველა, ვინც მათ რიტორიკას არ ეთანხმება, ავტომატურად მტრად იქცევა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ, დიდი ხანია, დაამტკიცა ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართ.

`ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ უბრალოდ არამეგობრული ჟესტი კი არა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში.

მიმართო აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებსაც რადიკალური ოპოზიციური პარტიები მთავრობის წინააღმდეგ მართავენ და უწოდო მათ „მთელი ერი“ ისეთი საქციელია, რომელსაც საბჭოთა ან რუსი პროპაგანდისტებისგან უფრო მოელი, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან. თანაც, ხელი შეუწყო დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის მცდელობას იმის გამო, რომ მის მიერ მიღებული კანონმდებლობა არ მოგწონს, საბჭოთა სახელმძღვანელოდან გადმოწერილს ჰგავს.

ჩვენი ბალტიელი პარტნიორების მთავრობებში ზოგიერთი მეტისმეტად შორს გაიტაცა საკუთარმა რიტორიკამ. სამყაროს შავ-თეთრად წარმოდგენამ ისინი მიიყვანა მდგომარეობამდე, რომელშიც ყველა, ვინც მათ რიტორიკას არ ეთანხმება, ავტომატურად მტრად იქცევა; მტერს ნებისმიერი საშუალებით უნდა გაუსწორდე; და ამიტომაც, დიპლომატია პროპაგანდით უნდა ჩაანაცვლო. ყველა, ვინც საბჭოთა და რუსეთის თანამედროვე ისტორიაშია გარკვეული, უცებ იცნობს ამ სტილს.

ეს ყოველივე არასწორია. საქართველოს მთავრობამ, დიდი ხანია, დაამტკიცა ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართ. თუმცა, დღესდღეობით, ნატოს წევრობის გაჭიანურებული პერსპექტივის გამო, უცხოეთიდან მომავალი გამოწვევების გამკლავება, საქართველოს, მეტწილად, მარტოს უხდება. ერთ-ერთი ამგვარი გამოწვევა გაუმჭვირვალე უცხოური ფულია, რომელიც თავისუფლად შემოედინება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, მათ შორის, რადიკალურ ჯგუფებშიც.

უცხოური გავლენის გამჭვირვალების კანონმდებლობა ამ გამოწვევის საპასუხოდაა მიღებული, რომელსაც აქვს პრეცედენტი დასავლეთში და დემოკრატიული მმართველობის ფარგლებშიც ჯდება. ამ კანონის მონათვლა „რუსულად“ მას არადემოკრატიულად არ აქცევს. მეტიც, არ ამართლებს საქართველოს მთავრობაზე თავდასხმას.

ზოგი, ვისაც კანონი შეეხება, მას აპროტესტებს. პროტესტი, ხშირად, რადიკალური და ძალადობრივია. უცხოელი ოფიციალური პირების მიერ ამ პროტესტში მონაწილეობა, საქართველოს სუვერენიტეტისა და დიპლომატიური პრაქტიკის უგულებელყოფით და „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების“ სახელით, უკეთეს შემთხვევაში, ფარისევლობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში – ქვეყნის აყირავების მცდელობა.

საქართველოს ესაჭიროება მეგობრები და მხარდაჭერა და არა ფარისევლობა და ძირის გამოთხრა. ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ, ჩრდილოეთიდან“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე პლატფორმა X-ზე.

ბოიკოტს თუ დაწერენ, ამ შემთხვევაში ხელფასი არ დაექვითებათ, ეს არის მათი მზიანი, რომ ხელფასები აიღონ, შავი ფული აიღონ – გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

ბოიკოტს თუ დაწერენ, ამ შემთხვევაში ხელფასი არ დაექვითებათ. ეს არის მათი მზიანი, რომ ხელფასები აიღონ, შავი ფული აიღონ, – ასე აფასებს რადიკალური ოპოზიციის მიერ საკანონმდებლო საქმიანობაზე ბოიკოტის გამოცხადებას გურამ მაჭარაშვილი.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა ასევე რადიკალების გაერთიანებასა და საერთო სიის შექმნაზე ისაუბრა.

„უჩა აბაშიძის პორნოს სერიალის მერე, ძალიან კარგი სერიალია სანახავი, ვინ ჩაჯდება პირველ ოცეულში ამ პოლიტიკური ცენტრებიდან, როგორც თვითონ დააანონსეს. მერე ალბათ ზურაბიშვილი გამოვა და თავისი გამართული ქართულით ეტყვის, პირველიდან ოცამდე, ვინ რა ნომერი იქნება სიაში“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

„ლუზერები“, ხელმოცარულები, ჩახდილები, მავნებლები, რადიკალები, ეს ყველა უნდა გაერთიანდეს, რომ საზოგადოებისთვის მარტივი იყოს არჩევანის გაკეთება – ირაკლი ზარქუა

x

სიმართლე გითხრათ ერთადერთი თემაა რასაც, მე ვეთანხმები, სწორია, მათ უნდა შექმნან ერთი სია იმიტომ, რომ სხვადასხვა განშტოებებია „ლუზერების“, ხელმოცარულების, ჩახდილების, მავნებლების, რადიკალების, – ასე აფასებს ოპოზიციის გაერთიანების იდეას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.

„ეს ყველა უნდა გაერთიანდეს ერთად, ერთ სიაში. რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის მარტივი იყოს არჩევანის გაკეთება“, – აღნიშნა ზარქუამ.