Home Blog Page 4

“მათთვის, ვინც არ ადევნებს თვალს, ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში. -გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი

“ვინც ამ მოვლენებს ადევნებს თვალს, ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში ისევე, როგორც რუსეთი აკეთებს, რა თქმა უნდა, უფრო აგრესიულად, უკრაინაში შეჭრით”-ასე აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, Sky-News-თან ინტერვიუში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი.

“მათთვის, ვინც არ ადევნებს თვალს, ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში. ზუსტად ისევე, როგორც უკრაინაში. თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო აგრესიული. პუტინს არ შეუძლია არ ჩაერიოს ზოგჯერ სამხედრო გზით, ზოგჯერ კი გავლენის გამოყენებით სხვა ქვეყნებში. რაც კარგი არ არის ამ სამყაროსთვის, კარგი არ არის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის. ამგვარად, ვგმოთ ამ გავლენას და მხარს ვუჭერთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის გავლენას. პუტინმა სულ მცირე საქართველოს შემთხვევაში მაინც აჩვენა, რომ ის სასიკეთო რამ არ არის მსოფლიოსთვის და მისი მეზობლებისთვის”-განაცხადა გრანტ შაპსმა.

მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით
საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ
საზოგადოებრივ წესრიგს.
მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ
მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების
განხორციელება.
ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ვქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა – დროა, ევროკავშირმა ოლიგარქს მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს – მირიამ ლექსმანივ

ქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას და ჯოზეფ ბორელს, შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ივანიშვილის ინტერესები საქართველოს ინტერესებზე წინ დგას.

„ქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა. დროა, ევროკავშირმა ოლიგარქს მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს და ქართველ ხალხს გვერდით დაუდგეს“, – წერს მირიამ ლექსმანი X-ზე.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე კიდევ ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე პროტესტის დროს, კიდევ ორი პირი დააკავეს.

ისინი პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც პარლამენტის შენობაზე სხვადასხვა შინაარსის წარწერებს აკეთებდნენ.

აღნიშნულ ფაქტს საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების გაღიზიანება მოჰყვა.

პროტესტის მონაწილეები პარლამენტის წინა შესასვლელთან გადავიდნენ, სადაც რკინის ჯებირებია დამონტაჟებული. ისინი პროტესტის ნიშნად ჯებირებზე აბრახუნებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 აპრილის ქუჩაზე პოლიციელთა რაოდენობა გაზარდა.

არავის გვეშინია – აბა მოვიდეს და დამიძახოს! – არჩილ თალაკვაძე აქციის მონაწილეების რეპლიკებზე

არასერიოზულია და არავის გვეშინია, სისულელეა, – ასე უპასუხა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის კითხვას, გრძნობდა თუ არა ის უხერხულობას „რუსული კანონის“ მიღებით.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით მიიღო, უმრავლესობის წევრებს სხდომათა დარბაზის ხმაურის ფონზე დატოვება მოუწიათ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომლის მიხედვითაც, „ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ქვეყანას ღალატობს“, თალაკვაძემ უპასუხა, რომ „ქვეყანას უღალატა მან, ვინც მხარს არ უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას, დემოკრატიის დაცვას უცხოური ჩარევისგან“.

ასევე, ჟურნალისტის კიდევ ერთ რეპლიკაზე, რომ პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები უმრავლესობის წევრებს, „მონებს და მოღალატეებს“ ეძახიან, თალაკვაძემ ასე უპასუხა: „აბა, მოვიდეს და დამიძახოს“, რის შემდეგაც მან პარლამენტის შენობა დატოვა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები ხმაურით შეხვდნენ – ისმის შეძახილები: „მონებო“, „რუსებო“

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები ხმაურით შეხვდნენ. ისმის შეძახილები: “მონებო”; “რუსებო”. ასევე, დემონსტრანტები პროტესტს საყვირებით აფიქსირებენ.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას დილიდან მართავენ და პარლამენტმა კანონი ხმაურის ფონზე მიიღო.

ამით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დადებას გეგმავს.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს მესამე მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 84-მა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 30-მა წევრმა.

ცვლილებები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

ამავე დროს, ცვლილებებით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

ამასთან, პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“. მონიტორინგის განხორციელების მიზნით კი იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, კანონის შესაბამისად, საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი მოიძიოს. ერთსა და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ იქნება დასაშვები.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; თუ დოკუმენტებში ხარვეზები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, ჯარიმა 10 ათასი ლარი იქნება; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ათასი ლარის ოდენობით.

საქართველოს გაუმარჯოს ღირსეულად ევროპაში, არა “ნაციონალურ მოძრაობას” თავის რუსებიანად -ალუდა ღუდუშაური

საქართველოს გაუმარჯოს ღირსეულად ევროპაში. არა „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის რუსებიანად. ეს ის ხალხია, რომლებმაც რუსეთის საქმე აკეთეს და დღესაც ამას აკეთებენ, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, დარბაზში სხედან ადამიანები, რომლებსაც ოფიციალურად, დეკლარირებულად ხელი აქვთ მოწერილი ამ ქვეყნის ღალატზე და საქართველოსთვის დაბრალებული აქვთ აგრესიული ომის წარმოება.

„დარბაზში სხედან ადამიანები, რომლებიც ტაშს უკრავდნენ არა ჩვენი იდენტობის დაცვას, არამედ მათი პრემიერ-მინისტრის, მერაბიშვილის გამოსვლას, რომელიც იძახდა, რომ რუსულ ფულს სუნი არ აქვს. აქ სხედან ადამიანები, რომელთა იდეოლოგია პირდაპირ ძალადობა და ფაშიზმია. მინდა გაიგოს ყველამ, თითოეულმა ქართველმა – ჩვენ ვითხოვთ თანასწორთა შორის თანასწორად ყოფნას.

მეგობრებო რაზე ვლაპარაკობთ? ძალადობა რომ დაუშვებელია ამაზე ვლაპარაკობთ? ჩვენი კოლეგის მცირეწლოვან შვილზე მესიჯებს რომ აგზავნით და ერთი არ დაგიგმიათ, თქვენ რა გგონიათ, რომ ეს ყველაფერი ქართველ ხალხს გამოეპარება? ჩვენ შევპირდით ქართველ ხალხს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სიბოროტით ვერასოდეს ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებოდა. მე პირადად გეუბნებით, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, თქვენი ნასახი არ იქნება ხელისუფლებაში!“ – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა

მივმართავ განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, რა წესია, კოლეგებს სახეში უჩრით თქვენი ტელეფონის კამერას – ფარული ჩანაწერები, რაც 2012 წლამდე გაქვთ გაკეთებული, გეყოფათ – შალვა პაპუაშვილი

კოლეგებს მივმართავ, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, ზოგადად, რა წესია ეს კამერების ჩართვა ტელეფონში, მისვლა და კოლეგებზე დამბეზღებელი დამოკიდებულებაა, თუ რა არის?! მედია აქ არის, ყველაფერი ფიქსირდება, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციიდან იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში დღეს, არაერთხელ მომხდარ დაპირისპირებას ტელეფონით იღებდნენ.

თავდაპირველად,აღნიშნული შინაარსის შენიშვნა, პაპუაშვილმა „ევროპტიმისტების“ წევრს, ხატია დეკანოიძეს მისცა.

„ქალბატონო ხატია, თქვენ, როგორც უკრაინის ყოფილი მოქალაქე, ალბათ, ამ სტატუსით იღებთ ამ ვიდეოებს? არ შეიძლება, რა ზრდილობაა, დადიხართ ჩართული ტელეფონით და კოლეგებს სახეში უშვერთ კამერებს. არის აქ, მედია წარმოდგენილი და იღებენ და ფარულ ჩანაწერებს თუ აკეთებთ, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი რომ არის, გასაგებია. ეგ ტელეფონი შეინახეთ, ადგილზე დაბრძანდით, თუ შეიძლება. კოლეგებს სახეში უჩრით თქვენი ტელეფონის კამერას. რა წესია?! ფარული ჩანაწერები, რაც 2012 წლამდე გაქვთ გაკეთებული, გეყოფათ! გამორთეთ ტელეფონი და დასხედით!

კოლეგებს მივმართავ, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, ზოგადად, რა წესია ეს კამერების ჩართვა ტელეფონში, მისვლა და კოლეგებზე მაბეზღრული დამოკიდებულებაა, თუ რა არის?! მედია აქ არის, ყველაფერი ფიქსირდება. რა წესია უბრალოდ, რამე ფარულ ჩანაწერები გინდათ, თუ რა გინდათ? ან რა ქცევაა, ან რა კოლეგიალობაა, ტელეფონში რთავთ კამერას, დადიხართ და კოლეგებს ასე უშვერთ, რა გინდათ გააკეთოთ?! მედია არის, აფიქსირებს ყველაფერს, უბრალოდ, ეს, არ არის ის ქცევა, რომელიც ეკადრება კოლეგიალურ ქცევას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამის შემდეგ, მან მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს და აღნიშნა, ოპოზიციის პროვოკაციულ განცხადებებს არ აჰყვნენ.

„დღეს, ოპოზიციას აქვს ამოცანა, ერთი, რომ ან ჩაშალოს ეს სხდომა ასეთი ექსცესებით ან გაწელოს უკიდეგანოდ და ნუ მივცემთ ამის საშუალებას. პროცესის ინტერესშია, რომ იყოს მშვიდი გარემო. კიდევ იქნება ბევრი პროვოკაციული განცხადება, არ ავყვეთ ამ ყველაფერს!“ – განაცხადა პაპუაშვილმა უმრავლესობის მისამართით.

საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც ორმხრივ ძალისხმევასა და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს-პრემიერი

საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს.

კობახიძის თქმით,  ჯიმ ო’ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა.

„შეხვედრა მქონდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯიმ ო’ბრაიენთან. ხანგრძლივ შეხვედრაზე, შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის, საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე, რასთან დაკავშირებითაც ერთმანეთს საკუთარი წუხილები გავუზიარეთ. ჯიმ ო’ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განვუმარტე და კიდევ ერთხელ გამოვთქვი მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს. ასევე აღვნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს“, – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

თუ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, პატივი უნდა სცენ დემოკრატიის პრინციპებს – შარლ მიშელი

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ნათელს მოჰფენს თავის განზრახვებს, მაგრამ თუ მათ ევროკავშირთან მიახლოება სურთ, თუ ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და დემოკრატიის პრინციპებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე განაცხადა.

„გულწრფელად რომ ვთქვა, მე, პირადად, იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. რატომ? იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ მქონდა საშუალება შემესრულებინა როლი და დავხმარებოდი პოლიტიკური სისტემის განბლოკვაში, ეს ერთი. მეორე, რამდენიმე თვის წინ, ევროპულ საბჭოში არ იყო 27 წევრი სახელმწიფოს უმრავლესობის მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, მაგრამ ერთობლივად, რამდენიმე ევროპელი ლიდერი დავრწმუნდით, რომ ბევრი მიზეზის გამო ეს სწორი არჩევანი იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ დაგვერწმუნებინა რამდენიმე რეფორმის გატარებაში, რომლებიც აბსოლუტურად საჭირო იყო და ჩვენ მათ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი. რამდენიმე კვირაში ვხედავთ ამ კანონმდებლობის მიღების მცდელობებს. ვნახოთ, რას იზამს პრეზიდენტი, მან თქვა რომ ვეტოს უფლება აქვს,“- აღნიშნა მიშელმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტში იმყოფებიან.

„ვაკვირდებით გარკვეულ რიტორიკას, რომელიც არ არის პოზიტიური რიტორიკა, ასე ვიტყოდი. საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტში ვიმყოფებით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ნათელს მოჰფენს თავის განზრახვებს, მაგრამ თუ მათ ევროკავშირთან მიახლოება სურთ, თუ ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და დემოკრატიის პრინციპებს და ჩვენ ამას გარკვევით ვაცხადებთ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ წარმატებას მივაღწევთ, დავარწმუნოთ ისინი, შეასრულოს პირობები, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – აღნიშნა მიშელმა.

სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთისა და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, არა მხოლოდ მისი ევროპული მომავლისათვის, არამედ მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. მისი თქმით, საქართველო და ქართველი ხალხი იმ გზას ადგას, რომელიც დიდი ხნის წინ აირჩია, ქართველი ხალხი ერთიანია ევროპული მიზნის ირგვლივ. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზას შეეწინააღმდეგება.

„პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება ნამდვილი რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის, რომელშიც კიდევ ერთხელ, ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს.

დელეგაციამ შემაშფოთებელი უწოდა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო ევროპისაგან სიცხადესა და მხარდაჭერას ელოდება, რათა ამ გზაზე, საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ასე თავგანწირვით იბრძვის ევროპული მომავლისათვის, თავი მიტოვებულად არ იგრძნოს.

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე, ამ ეტაპზე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება, რაზეც დელეგაციამ აღნიშნა, რომ დღეს მათი ვიზიტი სწორედ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერის დასტურია.

დელეგაციამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს იმ ლიდერობისათვის, რომელიც პრეზიდენტმა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ევროპული მომავლის დაცვისა და მისი ადვოკატირებისათვის აჩვენა საერთაშორისო თანამეგობრობას.

პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპული პლატფორმის შესახებ მის ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ევროპული სამოქმედო გეგმა იქნება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.