Home Blog Page 4

იდიოტ საზოგადოებად გვთვლიან?! ერთი კონგრესმენის იდეა, მთლიან კონგრესს არ წარმოადგენს და მხოლოდ კონგრესმენები ვერ წყვეტენ ასეთი დონის საკითხს-ზურაბ ქადაგიძე

„ერთი კონგრესმენის იდეა, მთლიან კონგრესს არ წარმოადგენს! მხოლოდ კონგრესმენები ვერ წყვეტენ ასეთი დონის პოლიტიკურ საკითხს! ჰიპოთეტურად, პოლიტიკური ნებელობის შემთხვევაშიც კი საჭიროა კონგრესის ორივე პალატა, სენატი თავისი ვიცე-პრეზიდენტით, სახელმწიფო დეპარტამენტი და ბაიდენის ადმინისტრაცია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერს, რომლის მიხედვით, აშშ ვიზალიბერალიზაციას, სამხედრო მხარდაჭერას და შეღავათიან სავაჭრო რეჟიმს სთავაზობს საქართველოს, თუ ხელისუფლება შეწყვეტს ანტიდემოკრატიულ ნარატივს.

ქადაგიძის განცხადებით, საქართველო არ ვაჭრობს საკუთარი სუვერენიტეტით, ხოლო აშშ-ს თუ სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება სურს, მისი ნებაა.

„იდიოტ საზოგადოებად გვთვლიან?! 1) ერთი კონგრესმენის იდეა, მთლიან კონგრესს არ წარმოადგენს! 2) მხოლოდ კონგრესმენები ვერ წყვეტენ ასეთი დონის პოლიტიკურ საკითხს! 3) ჰიპოთეტურად, პოლიტიკური ნებელობის შემთხვევაშიც კი საჭიროა კონგრესის ორივე პალატა, სენატი თავისი ვიცე-პრეზიდენტით, სახელმწიფო დეპარტამენტი და ბაიდენის ადმინისტრაცია. თვალსაჩინოებისათვის, აქამდე რა არ იყო საკმარისი საფუძველი, ამერიკას მიეღო ე.წ „მეგობრობის აქტი” საქართველოსთან მიმართებაში, როდესაც: „ნატოს” ყველა სამხედრო მისიაში ვმონაწილეობდით! მოსახლეობის მიხედვით, ერთ ერთი მთავარი კონტრიბუტორი ვართ მისიებისა, სამხედრო კონტინგენტის თვალსაზრისით! ათობით დაღუპული ქართველი და ასობით დაზარალებული, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად! ყველა საერთაშორისო რეზოლუციითა და აქტით, საქართველო პასუხისმგებლობით ეკიდება აღებულ ვალდებულებებს! ნუ თუ საკმარისი არ იყო?

და ბოლოს: საქართველო არ ვაჭრობს საკუთარი სუვერენიტეტით! გინდათ სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება? ნება თქვენია, თუმცა როგორც ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს ასევეა, ერთი კონგრესმენის სურვილები, ამერიკის რეპუტაცია გადაარჩინოს ქართველების თვალში, რომელიც კელი დეგნანისა და ზოგიერთი უპასუხისმგებლო ამერიკელის განცხადებებითა და მოქმედებებით სერიოზულად დაზიანდა! P.S. დაგიძველდათ მეთოდები. თქვენი გენმოდიფიცირებული თაფლა კვერი დაობდა და მათრახით ქართველებს ვეღარ შეაშინებთ!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

„ქართული ოცნება“ დაადგა ღალატის გზას, მაგათ არაფერი ეშველებათ – ქვეყანას თავი დაანებონ და პოლიტიკურად კისერიც უტეხიათ – პაატა მანჯგალაძე

„ქართული ოცნება“ დაადგა ღალატის გზას, მაგათ არაფერი არ ეშველებათ – ქვეყანას თავი დაანებონ და პოლიტიკურად კისერიც უტეხიათ, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე  „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მანჯგალაძის შეფასებით, ვინც ამბობს რომ დასავლეთი, დასავლური სტრუქტურები, ევროპა და ამერიკა საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს – რუსია.

„ეს არის სინამდვილე და ახლაც რომ აგრძელებენ რიტორიკას, თუნდაც ამ წერილში, რომ თურმე დასავლეთიდან მოდის საფრთხე, რუსეთი არანაირ საფრთხეს არ ქმნის და მთავარი მტერი ამერიკა და ევროპა ყოფილა – ეს არის მავნებლობა და საქართველოს სუვერენული და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ძალიან მარტივი შეფასებაა, როგორ უნდა ამოვიცნოთ რუსი: თუ გვეუბნებიან, რომ საფრთხე დასავლეთიდან მოდის, ამერიკა პარტნიორი კი არა მტერია, რუსეთიდან მოდის სიკეთე, თუ გვეუბნებიან რომ ამერიკა და რუსეთი, ორივე მტერია იცოდეთ, რომ ამის უკან რუსები დგანან”,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” უამრავ მიზეზს იპოვის, რომ ამერიკის მხრიდან საქართველოს მოსახლეობისთვის „ამ უპრეცედენტო შეთავაზების რეალიზება არ მოხდეს“.

„ქართული ოცნება” დაადგა ღალატის გზას, მაგათ არაფერი ეშველებათ. ქვეყანას თავი დაანებონ და პოლიტიკურად კისერიც უტეხიათ.

ეს საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის არის უპრეცედენტო შეთავაზება. [“ქართული ოცნება”] უამრავ მიზეზს იპოვის, რომ ამისი რეალიზება არ მოხდეს. ნუთუ მათ არ შეუძლიათ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე გაარკვიონ ეს არის რეალობა თუ არის ერთი კონგრესმენის შეთავაზება. ასევე, დიპლომატის ენაზე შეეძლოთ ეთქვათ, რომ თუ ეს კონგრესმენის ინიციატივა გადაიქცევა სახელმწიფო პოლიტიკად, მზად ვართ, რომ განვიხილოთ პარტნიორის შემოთავაზებები. ეს არ გვინახავს, ჩვენ ვნახეთ კიდევ უფრო დიდი ბრალდება, რომ ამერიკა ორჯერ აპირებდა თურმე რევოლუციის მოწყობას. ეს წერია ამ წერილში და ვინც ამას წერს, კარგად მოიკითხონ, დარწმუნებული ვარ “ეფესბეს” ან “გერეუს” ინსტიტურები უწერენ ამას “ქართულ ოცნებას”, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება რითაც მმართველი პარტია გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული, ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო – საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს.”

განცხადების თანახმად, ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება საქართველოს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ და „თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, ურთიერთობები ძალიან სწრაფად დალაგდება, მაგრამ თუ საქართველოს მიმართ იგივე მიდგომებით განაგრძობენ მოქმედებას, ამით საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც“.

ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველო, უპირველეს ყოვლისა- კახა კალაძე

„ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და ვიცავთ ხალხს. რამდენიმე თვით უკან რომ დავბრუნდეთ, ხომ გახსოვთ რა განცხადებები კეთდებოდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. პირდაპირ მოწოდებები იყო სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით“,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქართველოს რომ მეორე ფრონტი გაეხსნა და სანქციებს მიერთებოდა, ეს იქნებოდა დამანგრეველი ქართული ეკონომიკისთვის და ქვეყნისთვის.

„ე.ი. ჩვენ უნდა გადაგვედგა ნაბიჯი, რომელიც დამანგრეველი იქნებოდა ქართული ეკონომიკისთვის, უნდა მივერთებოდით სანქციებს და ამით გავაუბედურებდით საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას. ისევ ის ადამიანები დღეს ვინც გამოდიან და მოწოდებებს აკეთებენ, ისინი მოგვიწოდებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გამოუშვებთ ციხიდან, დემოკრატიის თვალსაზრისით უკან დგამთ ნაბიჯს და შორდებით ევროპულ ღირებულებებსო. წარმოუდგენელია. პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით და ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და გადაგვედგა ნაბიჯი, მეორე ფრონტი გაგვეხსნა ქვეყანაში, სანქციებს მიერთებოდა ჩვენი ქვეყანა, დღეს რა ვითარებაში იქნებოდა ჩვენი საქართველო? რა მდგომარეობაში ვიქნებოდით?! გვექნებოდა სრული ჯოჯოხეთი. შესაბამისად, მე მესმის ამ ადამიანების, მესმის მათი განცხადებები, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველო, ჩვენი სამშობლო, უპირველეს ყოვლისა- ეს არის ჩვენი პრინციპული მიდგომა და დამოკიდებულება აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით“-განაცხადა კახა კალაძემ.

მოხარულები ვართ, რომ EBRD-იმ საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია – ნათია თურნავა

მოხარულები ვართ, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა საქართველო ბაზრის განვითარების წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, EBRD-ის ხაზინისა და სებ-ის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების ახალი ანალიზის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთობლივ ღონისძიებაზე EBRD-ის ხაზინამ და სებ-მა ოფიციალურად წარმოადგინეს ნაშრომი სათაურით “ფინანსური ბაზრის განვითარების საფუძვლების შექმნა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქართველოში მუშაობის 10-ზე მეტი წლის რეტროსპექტივა”.

მათივე ცნობით, ნაშრომში მოცემულია საქართველოს ფინანსური ლანდშაფტის ფორმირებაში EBRD-ის, ეროვნული ბანკის და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობის ანალიზი. ნაშრომი შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით მომზადდა. დოკუმენტში ყურადღება ორ მნიშვნელოვან ელემენტზე გამახვილდა: ადგილობრივ ეკონომიკაში ქართული ლარის როლის გაზრდაზე და რეალური ეკონომიკის მდგრადი და ჯანსაღი დაფინანსებისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე.

EBRD-ის ხაზინის მიერ წარმოდგენილ ანალიზში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ საქართველო პატარა ქვეყნის საინტერესო მაგალითია ღია ეკონომიკითა და ფინანსური სექტორით და მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, წარმატებას მიაღწია.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკისა და მე ვიტყოდი, მთლიანად საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უძლიერესი პარტნიორია. ფინანსური ბაზრების განვითარების თვალსაზრისით, EBRD-თან განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს და დღევანდელი ნაშრომი, რომელიც პირველად წარვადგინეთ, სწორედ ამ 10 წლიან, ძლიერ თანამშრომლობას ასახავს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენს ერთობლივ გეგმებს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. გარდა ამისა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას ფინანსური ბაზრის და მასზე წარმოდგენილი პროდუქტების უფრო მეტად დივერსიფიცირების მიმართულებითაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ EBRD-ი დედოლარიზაციის პროგრამის მხარდამჭერია, ასევე ძალიან დიდი წვლილი აქვს და მომავალშიც მხარს დაუჭერს ეროვნული ვალუტის – ლარის შემდგომ განმტკიცებას და მის დომინირებას სხვადასხვა საფინანსო ინსტრუმენტის სახით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მგონი, გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ ერთი სენატორის ინიციატივას, რამდენად სასიამოვნოც არ უნდა იყოს – სანდრო რაქვიაშვილი

მგონი გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ ერთი სენატორის ინიციატივას რამდენად სასიამოვნოც არ უნდა იყოს. მაგრამ თუ ეს ინიციატივა ოდესმე მართლა მაგიდაზე სერიოზულად დაიდება, მგონი არ მოიძებნება ადამიანი, ვინც გაბედავს და უარს იტყვის ამაზე, – ამის შესახებ პარტია „გირჩის” დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს Politico -ს ინფორმაციის შეფასებისას განუცხადა.

ამასთან, რაქვიაშვილის თქმით, აღნიშნული შემოთავაზება ამერიკის მხრიდან ეკუთვნის ერთ სენატორს, რომელიც ჯერჯერობით სერიოზულად აღქმული ვერ იქნება.

„მგონი გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ ერთი სენატორის ინიციატივას რამდენად სასიამოვნოც არ უნდა იყოს. მაგრამ თუ ეს ინიციატივა ოდესმე მართლა მაგიდაზე სერიოზულად დაიდება, მგონი არ მოიძებნება ადამიანი, ვინც გაბედავს და უარს იტყვის ამაზე. თუ აქეთ ვიზალიბერალიზაცია გვაქვს ამერიკასთან, თავისუფალი ვაჭრობა და სამხედრო დახმარება, უბრალოდ თუ ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ არ მინდა ეს ყველაფერი და “აგენტების კანონს” გადააყოლებს, მგონი იქვე, ვინც გვერდზე ედგება პირველი სცემს ამ ადამიანს და არც კი მოუწევს დიდი მიტინგების მოწყობა. ეს მართლა ძალიან მაგარი ამბავი იქნებოდა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ერთი სენატორის ინიციატივაა. ერთი ადამიანის ინიციატივა საკმარისი არ არის, რომ სერიოზულად იყოს აღქმული. თან „რესპუბლიკელია“ და სენატში უმცირესობა აქვთ „რესპუბლიკელებს“. ამიტომ, ასე მარტივად არ გამოვა. ეს თუ ორმხრივი, ორპარტიული იქნება მაშინ უფრო რეალური იქნება. ამიტომ არ გადავაჭარბოთ ამ ინიციატივის მნიშვნელობა.

ზუსტად ვიცი, რომ გასალახი იქნება ის ადამიანი, ვინც არ დათანხმდება ამ შემოთავაზებას. ღმერთმა ქნას, შემოგვთავაზონ”,- აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, Politico -ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება. ამასთან, Politico-ს ცნობით, კანონპროექტის პირობების მიხედვით, რომელსაც „რესპუბლიკელი” ჯო უილსონი, კონგრესს წარუდგენს, აშშ საქართველოსთან „ძლიერი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოხდება.

გარდა ამისა, როგორც politico-ს გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

„გუშინ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, საქართველო მიიღებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონს გაიწვევს, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს არ მიიღებს, არჩევნებს კარგად ჩაატარებს და ამერიკის მიმართ უარყოფითი რიტორიკისგან თავს შეიკავებს. საწინააღმდეგო შემთხვევაში კი, კანონპროექტი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციებს ითვალისწინებს.

კანონპროექტი ჯერ მიღებული არ არის და მისი მიღების პერსპექტივა ძალზე ბუნდოვანია. უკანასკნელ წლებში, ამგვარი სპეციალური კანონპროექტები საქართველოს შესახებ კონგრესში უკვე ორჯერ დაინიციირდა, მაგრამ, საბოლოოდ, დღის სინათლე ვერცერთმა მათგანმა ვერ იხილა. თუმცა, ვინაიდან ახალმა კანონპროექტმა ქართველ რადიკალებს უკვე შეუქმნა ნოყიერი ნიადაგი სპეკულირებისათვის, მასზე გამოხმაურება საჭიროდ მიგვაჩნია.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასაც და ამერიკელი ჩინოსნების კრიტიკასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. უკვე მრავალი წელია, საქართველოს ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში უწევს ცხოვრება, რაშიც საკვანძო როლს სწორედ გარედან დაფინანსებული ენჯეოები ასრულებენ. მეტიც, 2020 წლის ნოემბრიდან, ენჯეოებმა უკვე ორჯერ სცადეს საქართველოში რევოლუციის მოწყობა. გარდა ამისა, მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა არის მუდმივი თავდასხმის ობიექტი რიგი ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ჩინოსნების მხრიდან, რისგანაც საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური რიტორიკით უწევს თავის დაცვა.

ამ ყველაფრის ფონზე, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული. ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო. სამწუხაროდ, რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან.

საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს. ჩვენ ვიღებთ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონს იმის გამო, რომ ქვეყნის დამშვიდების სხვა შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ. როგორც უკვე აღინიშნა, „ენჯეოებმა“ 2020 წლიდანუკვე ორჯერ სცადეს ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა და მესამე მცდელობას გულხელდაკრეფილი ვეღარ დაველოდებოდით. ეს კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ. ვერც საქართველოზე უსამართლო თავდასხმებს დავტოვებთ უპასუხოდ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა.

საქართველოს მიმართ ღირსეული დამოკიდებულება სრულიად სხვაგვარად უნდა ყოფილიყო გამოხატული. ამგვარი დამოკიდებულების პირობებში:

– აშშ საქმით დაამტკიცებდა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, კერძოდ, ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა. როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, აშშ-ს ამის გაკეთება აქამდეც შეეძლო, თუმცა, საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ავლენდა;

– აშშ ჩადებდა ფულს ქართულ ეკონომიკაში, რაც მან ბოლოს 2009-11 წლებში გააკეთა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ეკონომიკური კოლაფსისგან იყო გადასარჩენი;

– აშშ უზრუნველყოფდა ენჯეოების ქცევის ცვლილებას, კერძოდ, მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის დასრულებას და რევოლუციური გეგმების გვერდზე გადადებას;

– შეწყდებოდა ევროკავშირის თემის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ მუდმივი შანტაჟის ინსტრუმენტად, წლის ბოლომდე გაიხსნებოდა მოლაპარაკებები საქართველოსთან, რითაც აღდგებოდა სამართლიანობა უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მიმართებით.
თუ ისინი ამ ყველაფერს გააკეთებენ, ამ შემთხვევაში აღარც ენჯეოების გამჭვირვალობის კანონი იქნება საჭირო და აღარც უსამართლო განცხადებებზე მოგვიწევს პასუხის გაცემა. თუმცა, თუ ენჯეოები რევოლუციის მცდელობებს არ მოიშლიან, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის წახალისებას, ლგბტ-პროპაგანდას, ნარკოტიკების პროპაგანდას, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის მცდელობას და ეკონომიკური პროექტებისთვის დაბრკოლებების შექმნას არ შეწყვეტენ, ხოლო რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები საქართველოზე თავდასხმებს განაგრძობენ, ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის შესახებ კანონიც დაგვჭირდება და თავდასხმების მოგერიებაც. შესაბამისად, დღეს ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ალტერნატივა არა აქვს.

ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება ჩვენს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ. თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, ურთიერთობები ძალიან სწრაფად დალაგდება, მაგრამ თუ საქართველოს მიმართ იგივე მიდგომებით განაგრძობენ მოქმედებას, ამით საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც.

როგორც უკვე ითქვა, ყველაფერი პარტნიორების ხელშია და საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, ცალმხრივად არაფრის შეცვლა შეუძლია. შესაბამისად, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამერიკაში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს, რითაც ორივე ქვეყანა მხოლოდ სარგებელს მიიღებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ

„კურიერის“ ინფორმაციით, პარტია „ახლის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, გვარამია-მელიას კეზერაშვილთან შეხვედრის თემა მიმდინარე მოვლენები და საპროტესტო აქციები იქნება.

როგორც მედია წერს, საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროტესტის შედეგით და დახარჯული თანხებით უკმაყოფილოა.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, ცალკეული პოლიტიკოსების უცხოეთში ვიზიტებზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ზუსტად იცის, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს.

“ოპოზიცია, დემოკრატიული ძალები აპირებს გაერთიანებას. ამისთვის ჩვენ ვმუშაობთ. არ ვიცი ცალკეული პოლიტიკოსები სად მიდიან ან მოდიან. ერთი ვიცი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი. ვიზიტზე ვერაფერს ვერ გიპასუხებთ, ვინ სად მიდის და მოდის მე არ ვიცი, თუმცა ერთვი ვიცი, რომ ოპოზიცია აუცილებლად უნდა გაერთიანდეს”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ევროკავშირს სურს, უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მწვანე შუქი ივნისში აუნთოს – Politico

ბრიუსელის ოფიციალური პირების განცხადებით, ევროკავშირს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება ივნისში სურს, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ხუთი დიპლომატი მათ ანონიმურობის პირობით ესაუბრა და განუცხადა, რომ ბლოკის მიზანია, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების ოფიციალური მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყოს, როდესაც ევროპული საბჭოს სამიტია დაგეგმილი.

გამოცემის თანამოსაუბრეები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს მორალურად გააძლიერებს უკრაინას, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკვე მესამე წელია იბრძვის.

Politico-ს წყაროების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა დაარწმუნონ უნგრეთის მთავრობა, დაეთანხმოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.

„როგორც დეკემბერში მოხდა, უკრაინის წევრობის მისწრაფების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი უნგრეთია. ის ეწინააღმდეგება კიევის წინადადებას, რადგან, სხვა მიზეზებთან ერთად, აცხადებს, რომ აქვს გადაუჭრელი საკითხები უკრაინაში უნგრელ უმცირესობებთან დაკავშირებით“, – წერს Politico და დასძენს, რომ უკრაინა და ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ბუდაპეშტთან უკრაინაში უნგრელ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.

ბუნებაში არ არსებობს არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს მიღებული კანონი – კახა კალაძე

მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ჯერ პრემიერი გამოვიდა და ყველა ბრიფინგზე აბსოლუტურად ღიად საუბრობდა იმაზე, რომ თუ ვინმეს კითხვები აქვს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ელჩებთან მიმართებითაც კი გაკეთდა განცხადებები, რომ თუ არსებობს რაიმე კითხვები, მზად ვიყავით დისკუსიისთვის საჯარო ფორმატში, ღია ფორმატში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული ხანგრძლივი პროცესის განმავლობაში, საზოგადოებას არ მოუსმენია არგუმენტირებული განცხადებები, თუ რატომ ეწინააღმდეგება კანონი ევროპას და ევროპულ მომავალს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ მაინც დატოვა სივრცე და ვეტოს ფარგლებში გამოთქვა სრული მზადყოფნა, შინაარსობრივად სწორი შენიშვნები გაეთვალისწინებინათ, თუმცა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ ოპონენტებს არგუმენტები არ გააჩნიათ.

„თუ არის რაიმე კითხვები, თუ არის შენიშვნები, ეს, რა თქმა უნდა, გაზიარებული უნდა იყოს, მაგრამ ბუნებაში არ არსებობს არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს მიღებული აღნიშნული კანონი. ამდენი ხანია ვაკვირდებით პროცესს, ამდენი ხანია მიმდინარეობს პროცესი, მოგისმენიათ ერთი არგუმენტირებული განცხადება, თუ რა არის პრობლემა შინაარსობრივად და რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონი ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ მომავალს. მე არ მომისმენია, ეგეთი განცხადება ვინმეს გაეკეთებინოს. არის ზედაპირული განცხადებები და მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც დავტოვეთ სივრცე და განვაცხადეთ, რომ პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში თუკი მოიტანთ რამე შინაარსობრივ საგანს, რისი შეცვლა შეიძლება, რაზე შეგვიძლია წავიმუშაოთ – ჩვენ გამოვთქვით სრული მზადყოფნა, რომ ვეტოს ფარგლებში შეგვიძლია გავითვალისწინოთ რაღაცები, თუ შინაარსობრივად სწორი იქნებოდა, მაგრამ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილებაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ და შესაბამისად, ჩვენ დავძლევთ ვეტოს და იმ ფორმით, როგორითაც არის წარდგენილი აღნიშნული კანონპროექტი, შევა ძალაში,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი. მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტი ქვეყნის შიგნით იღებს კანონებს და პოლიტიკოსები ამის გამო უნდა დასანქცირდნენ? -კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ გამოცემა „politico”-ს სტატიის შესახებ ისაუბრა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის კონგრესში შესულია კანონპროექტი, რომლითაც შესაძლებელია მოხდეს გარკვეული პოლიტიკოსების თუ ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება.

თბილისის მერი აღნიშნავს, რომ მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი.

მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორს ამ ფორმით არ უნდა ელაპარაკებოდნენ.

„აბსოლუტურად მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი. მგონია და ვფიქრობ, რომ სტრატეგიულ პარტნიორს ამ ფორმით არ უნდა ელაპარაკებოდნენ, თუმცა ერთი რამ ცხადია, როდესაც შენ აკეთებ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს და მეორე მხრიდან ისმის შანტაჟის შემცველი განცხადებები, მუქარები, რომ პოლიტიკოსები იქნებიან დასანქცირებული, რის გამო? რატომ? რატომ უნდა დაასანქცირონ საქართველოს პოლიტიკოსები, რატომ უნდა დაგვასანქციროს ვინმემ? ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტი ქვეყნის შიგნით იღებს კანონებს და პოლიტიკოსები ამის გამო უნდა იყოს დასანქცირებული? წარმოუდგენელია ისეთ აბსურდში ვართ შესული, თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოში ხდება, ნამდვილად არაფერი მიკვირს“-განაცხადა კახა კალაძემ.

ითვლება თუ არა ისევ ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად – რას წერს „ნიუსვიქი“

„20 მაისიდან ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება არალეგიტიმურ პრეზიდენტად ჩაითვალოს. მისი გადაწყვეტილება – არ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი სტატუსის ლეგიტიმურობის დასადასტურებლად – დასავლეთში პრეზიდენტის ავტორიტეტს შებღალავს. უკვე არის იმის ნიშნები, რომ ბევრ დასავლელ პოლიტიკოსს უკრაინის ლიდერმა თავი მოაბეზრა. ისინი ეძებენ საბაბს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრებს თავი აარიდონ“, – ნათქვამია ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიაში სათაურით „ითვლება თუ არა ისევ ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად“ (ავტორი – სერგეი მაიდუკოვი, უკრაინელი მწერალი).


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


„ომი რომ არ მიმდინარეობდეს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მარტში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.


განა შეეძლო ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მას შემდეგ, რაც უკვე ხუთი წელი მართავდა ქვეყანას? განა შეეძლო წარმატების მიღწევა მას შემდეგ, რაც მან მთელ მსოფლიოს აჩვენა თავისი უუნარობა – ან სურვილის არქონა – ებრძოლა იმ კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინას შიგნიდან ჭამს? კორუფციისა, რომელიც მშვიდობიან პერიოდში ბატონობდა, ახლა კი, სამხედრო პერიოდშიც გრძელდება?
ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვებზე შეუძლებელია იმდენად, რამდენადაც ისტორიული ფაქტისათვის შეუთავსებელია კავშირებითი კილოს გამოყენება – ანუ ისეთი მოქმედება, რომელიც სასურველია, შესაძლებელია ხდებოდეს, მოხდეს ან მომხდარიყოს. თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ: ვოლოდიმირ ზელენსკი თვითონვე დარწმუნდა, რომ დამარცხდებოდა და ამიტომ არჩევნები გააუქმა.


იანვარში, როცა უკრაინა მოუთმენლად ელოდებოდა ვაშინგტონის კაპიტოლიუმიდან ამბავს დახმარების პაკეტის თაობაზე, ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებდა, რომ არჩევნების ჩატარება შეუძლებელია ქვეყანაში გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობის გამო, რომლის იურიდიული გაუქმება მხოლოდ აგვისტოში იქნება შესაძლებელიო. ბრიტანული ტელეარხის Channel 4 News-თვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი ხაზს უსვამდა, რომ კანონი კრძალავს ომის დროს არჩევნების ჩატარებას.


ინტერვიუმ მძაფრი დისკუსია გამოიწვია მასობრივ მედიაში და სოციალურ ქსელებში. მრავალრიცხოვანი პოლიტოლოგები და ექსპერტ-მიმომხილველები ხაზს უსვამდნენ, რომ უკრაინაში გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობა და არჩევნები კონსტიტუციას არ შეესაბამება. საბოლოო ჯამში მივიდნენ კომპრომისამდე: დავა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ 25 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე კრემლის იდეოლოგიურ დივერსიად ითვლება. მან არჩევნების შესაძლებლობა არამარტო „ცუდ იდეად“ შერაცხა, არამედ უფრო შორს წავიდა – განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარების მხარდამჭერები „ქვეყნის ყველაზე დიდი მოღალატეები არიან“.


სახელმწიფოს ღალატის ბრალდება ომის დროს სერიოზულ დანაშაულს წარმოადგენს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მომხრეები ამან ვერ შეაჩერა. ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურმა ოპონენტებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს იმის განცხადება, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 20 მაისის შემდეგ ამოწურული იქნება, ანუ ქვეყნის მეთაურის შემდგომი ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა შეეცადა არ დაეშვა რეჟიმის „პოლიტიკური ნავის შექანავება“ და 10 მაისს ბრიტანული BBC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამინდელი მომენტი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვისათვის ხელსაყრელი და მიზანშეწონილი არ არის. „რთული სიტუაციისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, ამჟამად პრეზიდენტის ლეგიტიმურობის მიმართ ეჭვების გაჩენა ოფიციალურად და საჯაროდ დიდ შეცდომად მიმაჩნია, ამიტომაც ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა უაზრობა იქნებოდა“. მინისტრმა აღიარა, რომ პრეზიდენტის მიმართ შესაძლოა სერიოზული კრიტიკული დამოკიდებულება გაჩნდეს, მაგრამ ამგვარ მომენტებს ხელისუფლება მხედველობაში არ მიიღებს.


მე პირადად მხარს არ ვუჭერ არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარების იდეას, მაგრამ ვთვლი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება – არ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის გამოსატანად – სერიოზულ რისკს წარმოადგენს როგორც თვითონ მისთვის, ასევე მთელი უკრაინელი ხალხისთვისაც.


საკითხები, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის ავტორიტეტს უკავშირდება, ისეთია, რომ უცხოელი ლიდერების თვალში შეიძლება ვოლოდიმირ ზელენსკი ე.წ. „კოჭლ იხვად“ გადაიქცეს (ანუ პრეზიდენტად, რომელსაც თანამდებობის შენარჩუნების შანსი არ აქვს. უფრო მარტივად კი – უფუნქციო და ლეგიტიმაციაგალეულ პრეზიდენტად). ზოგიერთი უცხოელი უმაღლესი რანგის პოლიტიკოსი უკრაინის პრეზიდენტს კომპრომისების ხელის შემშლელ ადამიანად თვლის: მსოფლიოს სულ უფრო მეტი ქვეყნების ლიდერები მიიჩნევენ, რომ ომის შეწყვეტის ყველაზე კარგ გამოსავლად სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვა წარმოადგენს. თუმცა არის ერთი პრობლემა – მთავარ შუამავლებად თურქეთი და ჩინეთი გამოდიან, რომლებიც კრემლის პოზიციების მომხრენი არიან (ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნების საკითხში), რაც, თავის მხრივ, უკრაინას არ აწყობს.


თურქეთისა და ჩინეთის ლიდერების – რეჯეფ ერდოღანისა და სი ძინპინის გააქტიურებას ამ მიმართულებით იზიარებენ სხვა ევროპელი ლიდერებიც, მაგალითად, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი. საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონის კი იმედი აქვს, რომ „ოლიმპიურ ზავს“ მიაღწევს – პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პერიოდში. ასევე შვეიცარიაში უახლოეს ხანში უნდა დაიწყოს საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები და მონაწილეები მიზნად ისახავენ უკრაინისათვის მშვიდობის ფორმულის შემუშავებას.
ამასთან, ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სავარაუდო შეხვედრას ხელს უშლის ქვეყნის შიგნით არსებული ზეწოლის რისკი – არ არის გამორიცხული, რომ საპროტესტო აქციები დაიწყოს, რომლებსაც პრეზიდენტის დამხობა შეიძლება მოჰყვეს. მეორე მხრივ, პრეზიდენტის რადიკალური უარი მოლაპარაკების გამართვაზე შეიძლება საკვანძო მოთამაშეებისათვის [ჩათვალე – დასავლეთისათვის] მიუღებელი აღმოჩნდეს და ასეთ სიტუაციაში ისინი შეეცდებიან ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომას მიაღწიონ – პოლიტიკური და სამართლებრივი არალეგიტიმურობის საბაბით და იმ იმედით, რომ პრეზიდენტის სავარძელს ვინმე უფრო მორჩილი პერსონაჟი დაიკავებს.


რუსეთის ბოლოდროინდელი შეტევა უკრაინისათვის სახიფათოა იმ მხრივაც, რომ კიევი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება უცხოურ სამხედრო და ფინანსურ დახმარებაზე, მისგან გამომდინარე კი, დასავლელ მფარველებზე. სხვაგვარად რომ ვტქვათ, უკრაინის პრეზიდენტი მათ დაუკითხავად ნაბიჯსაც ვერ გადადგამს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მის ლეგიტიმურობას დაადასტურებს, მაშინ მითქმა-მოთქმა ხელისუფლების უზურპაციისა და მოწოდებები არჩევნების შესახებ ნელ-ნელა ჩაცხრებოდა.


უკრაინისათვის პოლიტიკური სტაბილურობა თავისი მნიშვნელობით პირველხარისხოვან საკითხს წარმოადგენს, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის დროს, მაგრამ არანაკლებ სერიოზულია პოლიტიკური ლეგიტიმურობის პრობლემაც. ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც ომის წლებში ვერაფერი გაიგო დიპლომატიისა და პოლიტიკური კომპრომისების შესახებ, შეიძლება სამუდამოდ წაერთვას შანსი იმისა, რომ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთოს.


წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს მინდა მოვუწოდო, სანამ ვეტოს დაძლევის ღილაკს მიაჭერენ თითს, დაფიქრდნენ, რას აძლევენ ხმას – გიორგი ვაშაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს მინდა მოვუწოდო, სანამ ვეტოს დაძლევის ღილაკს მიაჭერენ თითს, დაფიქრდნენ, რას აძლევენ ხმას – თავიანთი თავის სანქცირებას თუ უვიზო მიმოსვლას ამერიკაში? – ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომლიც გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, აშშ-ს მხრიდან ეს საქართველოსთვის უპრეცედენტო შეთავაზებაა და მიიჩნევს, რომ ეს არა მმართველი პარტიის, არამედ ქართველი ხალხის დამსახურებაა.

„უპრეცედენტო შეთავაზება აქვს საქართველოს ამერიკელი პარტნიორებისგან – უვიზო მიმოსვლა, მეორე მხრივ ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც მილიარდობით ინვესტიციას ნიშნავს საქართველოში, უსაფრთხოების გაძლიერება და სამუშაო ადგილების შექმნა. სწორედ ეს არის შედეგი იმ ასობით ათასი ქართველის ქუჩაში გამოსვლისა და ქუჩაში პროტესტის. იმ ახალგაზრდების ბრძოლის, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს. ეს რომ მოვიდეს მოქმედებაში, აუცილებელია, ღიად ვთქვათ, რომ ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო. საქართველო უნდა დაუბრუნდეს დასავლური განვითარების კურსს. რომ ამ ქვეყანაში არ იყოს რუსული კანონების, რუსული რეჟიმების, ანტიმედასავლეთეების, ანტიქართველების ადგილი.

ჩვენ არაერთხელ, მანამდე ამერიკაში ვიზიტის დროს ვსაუბრობდით ამ შესაძლებლობებზე, ახლა ხმამაღლა საუბრობენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები. მე მაინტერესეს, რა პასუხს გასცემენ ამას “ქართული ოცნების“ დეპუტატები? ისევ „რუსული კანონის“ მიღებას აპირებენ? ისევ აპირებენ, რომ საქართველო დასავლური განვითარების გზას ააცილონ და ეს პერსპექტივა ჩაუხშონ და მოუკლან?

საჭიროა საერთო ეროვნული კონსოლიდაცია, არჩევნების მექანიზმით ხელისუფლების ცვლილება, დემოკრატიული პროდასავლური კოალიციური მეთოდით ხელისუფლებაში მოსვლა.

ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი ამერიკული კომპანიების საქართველოში გახსნას გულისხმობს, რომელიც მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის. ეს არის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და ფაქტობრივად დიდი ნახტომისებრი განვითარება იქნება საქართველოსთვის. ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობისკენ და გზა ძლიერი, ერთიანი საქართველოსკენ, რომელიც ყველას გვინდა.

ეს ნაბიჯი არის ქართველი ხალხისთვის, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ პარტნიორებს აღარ ელაპარაკება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები „ქართულ ოცნებაში“ პარტნიორს ვერ ხედავენ. ორი არჩევანია, ან კომპანიები – apple, google, amazon და ა.შ. შემოდიან საქართველოში და ამერიკაში ხალხი უვიზოდ წავა, ან რუსეთის პროვინცია ხდები.

“ქართული ოცნების” დეპუტატებს მინდა მოვუწოდო, სანამ ვეტოს დაძლევის ღილაკს მიაჭერენ თითს, დაფიქრდნენ, რას აძლევენ ხმას – თავიანთი თავის სანქცირებას, თუ უვიზო მიმოსვლას ამერიკაში?” – განაცხადა ვაშაძემ.