Home Blog Page 4

იცხაკ ჰერცოგი მიხეილ ყაველაშვილს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების სახელით, გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.

ჩვენ ღრმად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან ურთიერთობებს, რომელიც გვაქვს საქართველოსთან, ვინაიდან გვაკავშირებს საერთო გეოპოლიტიკური ინტერესების არაერთი სფერო.

განვაგრძობ ძალისხმევას ჩვენი ერების პარტნიორობის გაღრმავებისა და გაფართოების მიმართულებით ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიც არის ვაჭრობა, ტურიზმი და კულტურული გაცვლები.

პოლიტიკის მიღმა, არსებობს ღრმა და ისტორიული კავშირი ჩვენს ორ ერს შორის. საქართველოში არსებული მრავალფეროვანი ებრაული საზოგადოება და ქართველი ებრაელები დღესაც წარმოადგენენ ცოცხალ ხიდს ჩვენს შორის, რომელიც ქმნის მტკიცე საყრდენს ჩვენი მეგობრული ურთიერთობების განსამტკიცებლად.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ ამ ეროვნული მნიშვნელობის დღეს თქვენ და ქართველ ხალხს. გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

იცხაკ ჰერცოგი

 ,,ეს აღიზიანებს ხალხს და იწვევს დაპირისპირებას”- თამარ ჩერგოლეიშვილი

პრობლემა არის არა სააკაშვილის ბანერში, არც იმის აღიარებაში, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, არამედ პრობლემა არის უზრდელობაში, აქციის მიტაცებაში, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტთან, სადაც სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

ჩერგოლეიშვილის თქმით, ეს აღიზიანებს ხალხს და იწვევს დაპირისპირებას.

„იქნებ რაღაცნაირად ისე გავაკეთოთ, რომ არ ჩამოეფარონ და არ სცადონ აქციის მიტაცება. პრობლემა ხომ სააკაშვილის ბანერში არ არის, არც იმის აღიარებაშია, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ეს ღარიბაშვილს აქვს აღიარებული. პრობლემა არის უზრდელობაში, აქციის მიტაცებაში, რაც შენი არ არის, იმის მითვისებაში და ეს აღიზიანებს ხალხს, ეს იწვევს დაპირისპირებას, თორემ თავისთავდ ის კი არა, რომ ვიღაც აქტივისტს სააკაშვილი მოსწონს და მისი პლაკატი უჭირავს, უზრდელობა არ მოსწონთ“, – აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ნიდერლანდები ადასტურებს, რომ უკრაინაში F-16 ავიაგამანადგურებლების ბოლო პარტია გაიგზავნა

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი 24 ერთეული F-16 ავიაგამანადგურებლის ბოლო პარტია კიევში გაიგზავნა. ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი ავრცელებს

უკრაინისთვის განკუთვნილი ბოლო ნიდერლანდური F-16-ები 26 მაისს ქვეყნის სამხრეთით მდებარე ვოლკელის საჰაერო ბაზიდან ბელგიაში გაფრინდა, სადაც ისინი მიწოდებისთვის მომზადდება.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი რუბენ ბრეკელმანსი F-16-ების გაგზავნის ცერემონიას პირადად დაესწრო.

„ეს ნოსტალგიური მომენტია, რადგან F-16-ები ათწლეულების განმავლობაში ჩვენი საჰაერო ძალების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა. თუმცა, ახლა, როდესაც F-35-ებზე გადასვლის შემდეგ მათ ვემშვიდობებით, უკრაინაზე უკეთეს დანიშნულების ადგილს ვერც კი წარმოვიდგენდი. რუსეთის ყოველდღიური საჰაერო იერიშების გამო, F-16-ები უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს მათ საშუალებას აძლევს, ჩვენთვისაც შეაკავონ რუსული აგრესია“, – განაცხადა ბრეკელმანსმა.

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ F-16-ების გადაცემა არ ნიშნავს ქვეყნის მონაწილეობის დასრულებას „გამანადგურებელთა კოალიციაში“, რომელსაც ის დანიასთან და აშშ-სთან ერთად ხელმძღვანელობს.

სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყანა ხელს უწყობს გამანადგურებლების საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას და ორგანიზებას უწევს პილოტების წვრთნას რუმინეთში, ევროპის F-16-ის სასწავლო ცენტრში (EFTC).

ზუგდიდში 26 მაისი ღონისძიებები გურამ გაბესკირიას ბიუსტის გახსნით და დროშის აღმართვით დაიწყო

ზუგდიდში, 26 მაისის ღონისძიებები ეროვნული გმირების პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის, სოხუმის ყოფილი მერის, გურამ გაბესკირიას ბიუსტის გახსნით დაიწყო.

ეროვნული გმირების პარკში უკვე განთავსებულია მერაბ კოსტავას, ჟიული შარტავას, გენო ადამიას, მამია ალასანიას და 1924 წლის აჯანყებულთა ბიუსტები და მემორიალები.

ეროვნული გმირების ბიუსტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზუგდიდის დელეგატმა, მუნიციპალიტეტის მერმა, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა და აფხაზეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გვირგვინებით შეამკეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე გვირგვინით შეამკეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში მდებარე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი.

დღესვე ეროვნული გმირების პარკში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. პარკში სამომავლოდ დაგეგმილია სხვა ეროვნული გმირების ბიუსტების განთავსება.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობა.

700-მდე წვევამდელმა, დღეს, სამხედრო ფიცი დადო. თბილისში, თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელებმა, ქვეყნის მასშტაბით, ფიცი დადეს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილზე – ნოქალაქევში, გეგუთის სასახლესთან, სამთავისის ტაძართან, ვეჯინის ამაღლების მონასტერთან და ხევში, ელიას მთაზე.

ამასთან, ღონისძიების მსვლელობისას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასა და საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაღუპულ მეომართა ხსოვნას.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც, თავის გამოსვლაში, ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის დამოუკიდებლოსათვის ბრძოლაში ვეტერანების მიერ გაწეული ღვაწლი და დამსახურება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, თბილისის მერი, კახა კალაძე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე შიო (მუჯირი) წმინდა სინოდისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება. გამოფენები გაიმართება თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ამბროლაურში, ხონში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში.

ინფორმაციისთვის, 1918 წლის 26 მაისს, გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის ) გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიეკავკასიის სეიმმა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი”.

1991 წლის 31 მარტს, საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3 %-მა, რომელთაგან 98,9 %-მა კითხვას დადებითად უპასუხა.ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

1991 წლიდან, მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა იმავე წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად, მაინც 1918 წლის 26 მაისი აღინიშნება.

„ამ წუთში არ მაინტერესებს ე.წ. მმართველი გუნდი, მაინტერესებს ხალხი”- სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ აქ ვართ მოსული, რათა ყველას ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობა ქართველ ხალხს აერთიანებს და ქართველი ხალხი დამოუკიდებლობას დღეს, ხვალ და მუდამ დაიცავს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს საღამოს გააკეთებს განცხადებას და მოუწოდა ყველას, მოუსმინონ მას.

„ამ წუთში არ მაინტერესებს ე.წ. მმართველი გუნდი, მაინტერესებს ხალხი, მაინტერესებს ჩვენი, ყველას ერთიანი განწყობა. ჩვენ აქ ვართ მოსული, რათა ყველას ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობა ქართველ ხალხს აერთიანებს და დამოუკიდებლობას ქართველი ხალხი დღეს, ხვალ და მუდამ დაიცავს. დღეს საღამოს, 21:00 საათზე იქნება ჩემი განცხადება. თუ გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები, რეაქციები და მოწოდებები, ყველას მოგიწოდებთ, მოუსმინოთ. ახლა ვსეირნობ ხალხში, რადგან ეს განწყობები და ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს.

 სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს – შალვა პაპუაშვილი ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი უნდა აღადგინოს – ემანუელ მაკრონი, დონალდ ტუსკი, ფრიდრიხ მერცი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს ქართველ ხალხს სოლიდარობის და მეგობრობის მესიჯი გავუგზავნოთ და დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ „ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ და საქართველოს ხელისუფლების იმ ქმედებებს გმობენ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლას იწვევენ.

„მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს სურვილს, ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ. ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, და სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ თავდასხმებს. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადაჭარბებული ძალადობის შესახებ ცნობები უნდა გამოიძიონ. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს და აუცილებელი რეფორმების პროცესი უნდა განახლდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამი ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი უნდა აღადგინოს და ქართველ ხალხს ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები არ უნდა ჩამოერთვას.

„ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებას საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“სასწაულებს ნუ ელოდებით“: უკრაინა რუსეთის არმიის საზაფხულო შეტევის მოგერიებისათვის ემზადება – Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 24 მაისის ნომერში დაბეჭდილია ვრცელი სტატია სათაურით „სასწაულებს ნუ ელოდებით“: უკრაინა რუსეთის არმიის საზაფხულო შეტევის მოგერიებისათვის ემზადება“ (ავტორი – ქრისტოფერ მილერი), რომელშიც  ფრონტზე შექმნილი სიტუაცია საერთო ჯამში საკმაოდ სკეპტიკურად არის გადმოცემული, უკრაინელთა სამწუხაროდ.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

უკრაინის არმია 3-წლიანი გამუდმებული ბრძოლებით დაღლილია, მაგრამ ჯარისკაცები პირობას დებენ მანამდე იბრძოლონ, სანამ „რუსების უკრაინელებზე გამარჯვების რწმენა არ გაქრება“. დონალდ ტრამპის მუქარებმა, რომ უკრაინას აღარ დაეხმარებოდა და სამშვიდობო პროცესიდან გავიდოდა, კიევი შეაშფოთა, ხოლო რუსეთი წააქეზა: კრემლი დიდ საზაფხულო კონტრშეტევისათვის ნიადაგს ამზადებს. უკრაინელი ჩინოვნიკები და ჯარისკაცები ვარაუდობენ, რომ საბრძოლო მოქმედებები კიდევ უფრო მეტად სისხლისმღვრელი იქნება და შეიძლება მთელი ომის ტრაექტორია შეიცვალოს.

ქვეყნის ხელისუფლებას ძველებურად ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაზე აქვს აქცენტი, მაგრამ მისგან განსხვავებით, რიგით მოსახლეობას დაზავებისა და ომის დასრულებაზე ილუზიები არ აქვს. როგორც „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტებთან მათი საუბარი ადასტურებს, მოქალაქეების თქმით, არანაირი ნიშანი არ არის იმისა, რომ რუსეთი შეტევებს შეწყვეტს და რეალურ დათმობებზე დათანხმდება. მოსახლეობა ამაში დარწმუნდა, როცა უკრაინელი მომლაპარაკებლები თურქეთში ამას წინათ გამართული შეხვედრიდან კიევში, ფაქტიურად, ხელცარიელები დაბრუნდნენ.

ერთ-ერთი უკრაინელი ჩინოვნიკის თქმით, რუსი მთავარი მომლაპარაკებელი, კრემლის დელეგაციის მეთაური ვლადიმერ მედინსკი დაიმუქრა კიდეც, რომ მოსკოვის არმია დამატებით სუმისა და ხარკოვის ოლქებს დაიპყრობს. თვითონ ვლადიმერ პუტინსაც, როგორც ამბობენ, კურსკის ოლქში ყოფნისას თითქოსდა ნახევრად ხუმრობით უთქვამს – დადგა დრო მეზობელი სუმის ოლქიც ჩვენი იყოსო. მოგვიანებით კი მან უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთი სუმის ოლქში „უსაფრთხოების ბუფერულ ზონას“ ქმნის.

კრემლის მიმართ აშშ-ის მოყოყმანე და ხშირად შემრიგებლური პოლიტიკური კურსის წყალობით, რუსეთის ლიდერს გამბედაობა მოემატა.  გასულ ორშაბათს, ვლადიმერ პუტინთან ორსაათიანი საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა, რომ უკრაინას, ალბათ, თვითონ მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკება, აშშ-ის შუამავლობის გარეშე.

არც ერვროპელები არ ჩქარობენ თავიანთი დაპირებების შესრულებას: მათი განცხადება უკრაინისათვის „უსაფრთხოების ძალების“ შექმნაზე, ალბათ, ქაღალდზე დარჩება

„დადგა დრო, რომ მკაცრ რეალობას თვალი გავუსწოროთ“, – ამბობს ეგორ ფირსოვი, უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, რომელიც იმავდროულად დრონების 109-ე ბრიგადის მეთაურიც არის, – „რუსეთის სიმტკიცემ შეიძლება დასავლურს გადააჭარბოს. პუტინი დარწმუნებულია, რომ უკრაინის დაჩოქებას შეძლებს. კრემლი თვლის, რომ ჩვენი კაპიტულაცია გარდაუვალია და მხოლოდ დროის საქმეა. ამერიკას ნებისმიერ დღეს შეუძლია დახმარების შეწყვეტა, ევროპას კი პუტინი სუსტად და გაუბედავად თვლის“.

ათასკილომეტრიანი ფრონტის ხაზის გასწვრივ ომი მკაცრ სასიკვდილო რიტმში შევიდა: ანალიტიკოსები და უშუალოდ ჯარისკაცები ვარაუდობენ, რიომ რუსების მასშტაბური შეტევა უახლოეს თვეებში დაიწყება.

უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტის სამხედრო მოსამსახურეების თქმით, რუსები სულ უფრო ფართოდ სარგებლობენ ბრძოლის ახალი მეთოდებით – ისინი აქტიურად სარგებლობენ მოტოციკლებით, „ბაგებით“ (მაღალი გამავლობის მქონე მცირე ავტომობილებით) და ელექტრო სკუტერებით. საიდ ისმაილოვი, რომელიც ადრე უკრაინელ მუსულმანთა მუფტია იყო, რუსების მოქმედებას „კალიების შემოსევას“ ადარებს, რომელიც ტალღისებური უსასრულო ნაკადით ესევიან ხოლმე უკრაინელთა პოზიციებს:  „დანაკარგები რუსებს არ ადარდებთ. ისინი წინსვლას აგრძელებენ და შეტევის შემდეგ დანგრეულ ინფრასტრუქტურას და დამწვარ სახლებს ტოვებენ“.

რუსებს დახმარებას უწევს მძიმე არტილერია და მაღალტექნოლოგიური არტილერია. უკრაინის ჯარების თავდაცვას დიდ ზიანს აყენებს „პლანერული“ ბომბები, ახალი რაკეტები და დრონები, რომლებიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით მოქმედებს და შესაბამისად, მათ წინააღმდეგ რადიოელექტრონული მეთოდებით ბრძოლა უშედეგოა.

უკრაინის არმიამ ქალაქებიდან – ტორეცკიდან და ჩასოვ იარიდან უკან დაიხია – მათი შენარჩუნება უიმედო  და ძვირადღირებული გახდა. არადა, ამ ქალაქებისთვის დასაპყრობად რუსეთის ჯარები ბრძოლას უკვე ერთ წელზე მეტი ხანია აწარმოებდნენ. 

ევროპელი ექსპერტები თავიანთი კომენტარებით უკრაინელებს ამხნევებენ: „რუსები, მართალია, წინ მოიწევენ, მაგრამ თქვენც გმირულად უწევთ წინააღმდეგობას. ევროპის ქვეყნები არტილერიას მოგაწვდით და რუსებს უპირატესობა მალე შესამჩნევი აღარ იქნება“. მაგრამ ბრძოლის ველზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები სხვანაირად ფიქრობენ.

„მე ხშირად თავს ადამინად აღარ ვგრძნობ – უბრალოდ, ზომბი ვარ. ჩემი გონებრივი არეალი შეტევიდან შეტევამდე შემოიფარგლება. ახალ ამბები აღარ მაინტერესებს, მოვისმენ და ბრაზი კიდევ უფრო მემატება“, – ამბობს ქალაქ პოკროვსკთან ახლოს დისლოცირებული ერთ-ერთი უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური.

უკრაინის არმიას იმედგაცრუება ეუფლება. ოპტიმიზმი სულ უფრო მცირდება, ჯარისკაცები ქანცგაწყვეტილები არიან. მორალური სულისკვეთების დაქვეითება გრძელდება. ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ საომარი მოქმედებების მკაფიო გეგმა არ არსებობს. ამ დროს კი სიკვდილი ზეიმობს: რისთვის სწირავენ ჯარისკაცები თავიანთ სიცოცხლეს, ბევრისთვის უკვე გაუგებარი ხდება.

უკრაინის არმიის ელიტური ქვედანაყოფის – 47-ე მექანიზებული ბრიგადის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურმა ალექსანდრე შირშინმა, რომელიც ამერიკული „აბრამსებით“ და გერმანული „ლეოპარდებით“ იბრძვის, ამას წინათ საყვედური გამოხატა სარდლობის მიმართ -სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველაზე საუკეთესო ტექნიკითაც კი შეუძლებელი ხდება დაგეგმვის დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორება, რომლის შედეგად პირადი შემადგენლობის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგება. „ბოლო თვეებში ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენს გასრესვას ჩვენივე სარდლობა ცდილობს. ჯარისკაცების სიცოცხლე მათ არ აღელვებთ და ისე გვექცევიან, თითქოსდა ჩვენ ფულიანი ხალხი ვართ და აქ სასეირნოდ ვართ წამოსულნი“, – ამბობს შირშინი, რომლის საყვედური უკრაინის გენშტაბშიც გახდა ცნობილი – სარდლობა საკითხს სწავლობს.

ომმა უკრაინის არმიის სარდლობაში მნიშვნელოვანი სისუსტეები გამოავლინა: კაცმა რომ თქვას, შეცდომები ადრეც ხდებოდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით, ანუ ოფიცრებისა და ჯარისკაცების მომზადება ჯეროვნად არ ხდება. ბევრ შეცდომას სისტემური ხასიათი აქვს. ზოგიერთი რეფორმა მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან ნელა და გაჭიანურებულად.

უკრაინის არმიის ერთ-ერთ მთავარ და უმწვავეს პრობლემას ცოცხალი ძალით შევსება წარმოადგენს. კიევმა ყურად არ იღო დასავლელი მოკავშირეების რჩევა და ჯარში გასაწვევი ასაკის მინიმალური დონე არ შეამცირა – 25 წლამდე დატოვა. მონილიზაციას ისევ თან სდევს კორუფცია და იძულება – კვლავ ხშირია ჩასაფრებები, ქუჩაში ახალგაზრდების დაჭერები და მათი შავ ავტოფურგონებით წაყვანის შემთხვევები. კამპანია ჯარში მოხალისეების ჩაწერის თაობაზე ფაქტიურად უშედეგო აღმოჩნდა – მთელი უკრაინის მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე ასეულმა ახალგაზრდამ განაცხადა თავისი სურვილი ომში წასვლაზე. ამ დროს კი რუსეთის არმია წარმატებით „მარაგდება“ ახალწვეულებითა და მოხალისეებით (კონტრაქტების საფუძველზე).

ერთადერთ იშვიათ ნათელი წერტილი უკრაინის თავდაცვაში ისაა, რომ სწრაფი ტემპით ვითარდება დრონების წარმოება, რომლებიც მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ.

უკრაინის არმიაში არსებულ არასახარბიელო სიტუაციას ადასტურებს გენერალი ვალერი ჟალუზნიც, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად მუშაობს. „სასწაულებს ნუ ელოდებით, რომლებიც უკრაინას მშვიდობას მოუტანს. ქვეყანას კოლოსალურად აკლია ადამიანური რესურსები, ასევე კატასტროფულია ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ მხოლოდ მაღალტექნოლოგიური ბრძოლის იმედი უნდა გვქონდეს, ანუ უკრაინის პრიორიტეტი ასეთი უნდა იყოს: მინიმუმი ცოცხალი ძალა და ეკონომიკური ხარჯები მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად“, – თქვა ელჩმა. უნდა ითქვას, რომ გენერალი ელჩის განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

სერიოზულ პრობლემად რჩება რუსეთის სარაკეტო დარტყმები უკრაინის ქალაქების საცხოვრებელ კვარტლებზე და ღრმა ზურგში. ამჯამად რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მუდმივი სამხედრო რეჟიმით მუშაობს და რაკეტებს გაორმაგებული რაოდენობით უშვებს. იგივე ითქმის რუსული დრონების წარმოებაზეც. უკრაინელებს კი ჰაერსაწინააღმდეგო „პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან გასაშვები რაკეტები უმთავრდებათ.

„რუსებმა დრონების გაუმჯობესება სწრაფად განახორციელეს, მათი ჩამოგდება სულ უფრო რთულდება. ადრე ტყვიამფრქვევებით ვაგდებდით, ახლა კი მათი სიჩქარე მაღალია და ვერ ვასწრებთ. დეფიციტურია „პეტრიოტის“ რაკეტები და F-16 ავიაგამანადგურებლები, რომლებსაც თანდათან ვკარგავთ“, – ამბობს ერთ-ერთი ოფიცერი.

უკრაინელი ჯარისკაცების თქმით, ქვეყანა ხანგრძლივი, ასიმეტრიული ბრძოლისათვის უნდა მოემზადოს. ამასვე იმეორებენ ჩინოვნიკებიც. „კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე?“, – ამ რიტორიკულ კითხვას უკრაინელები თვითონვე პასუხობენ: „მანამ, სანამ რუსებს იმის რწმენას არ გავუქრობთ, რომ ჩვენზე გამარჯვება შეუძლიათ“.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

ბოლო ორი დაძაბული კვირის განმავლობაში რუსეთის პოზიციები განმტკიცდა, უკრაინა კი მშვიდობას ვერ მიუახლოვდა – BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ბოლო ორი დაძაბული კვირის განმავლობაში რუსეთის პოზიციები განმტკიცდა, უკრაინა კი მშვიდობას ვერ მიუახლოვდა“ (ავტორი – სტივ როზენბერგი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ შექმნილი პოლიტიკურ-დიპლომატიური ფონი და გაკეთებულია დასკვნა, რომ ბოლო ხანებში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების მიუხედავად, დაზავება ჯერ კიდევ შორს არის და „ურმი ისევ იქ დგას“.

პუბლიკაციის დასწყისში ავტორი აღწერს კრემლში ყოფნის შთაბეჭდილებებს (იგი მონაწილეობდა ვლადიმერ პუტინის მიერ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაში) და იხსენებს ბოლოდროინდელ გაცხადებებს, კომენტარებს, მოლაპარაკებებს, განსაკუთრებით კი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარს…

„მოახლოვდა თუ არა მშვიდობა ოდნავ მაინც უკრაინისათვის? ისეთი სიტუაციაა დღეს, რომ მას მშვიდობას ვერ უწოდებ: საომარი მოქმედებები არ შეწყვეტილა. რუსეთი ისევ ძველებურად უარს აცხადებს დაზვებაზე და უფრო მეტიც – იგი უფრო შორს იყურება და მეტი სურს..

და მაინც, ბოლო კვირეებში რაღაც-რაღაცეებს ნათელი მოეფინა.

პირველ რიგში, გასაგები გახდა, რომ რუსეთი ახდენს პოტენციური საფრთხე-მუქარებისა და ზეწოლის წერტილების ნეიტრალიზებას. კრემლის კრიტიკოსები ამ სიტუაციას „რუსეთის მიერ დროის გაჭიანურებას“ უწოდებენ. ევროკავშირის ლიდერებმა კრემლს ულტიმატუმი წაუყენეს – თუ ორ დღეში ცეცხლს არ შეწყვეტ, რაც მოგივა შენს თავს დააბრალე – უმკაცრეს სანქციებს გამოგიცხადებთო. მას შემდეგ ორი დღეც გავიდა და მეტიც – არავითარი კატასტროფული სანქციები და არავითარი სანქციები არ გამოცხადებულა.

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით საუბრის შემდეგ დაწერა, რომ მოსკოვი დაკიევი დაუყონებლივ მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას და დაიწყებენ საუბარს არამარტო ცეცხლის შეწყვეტაზე, არამედ ომის დასრულებაზე“. არავითარი ამის მსგავსი არ მომხდარა, პირიქით, რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ძველებურად დაიწყო: რა მოლაპარაკება, რის მოლაპარაკება… ვის უნდა მოველაპარაკოთ – უკრაინის ვადაგასულ პრეზიდენტს?.

რუსული მასმედია მივიდა დასკვნამდე, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად რუსეთმა თავისი პოზიციები მნიშვნელოვნად განიმტკიცა.

„უეჭველია, რომ რუსეთმა ამ რთულ, დაძაბულ დიპლომატიურ პოკერში გაიმარჯვა – გაიმარჯვა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ძალისხმევით“, – დაწერა გაზეთმა „იზვესტიამ“.

„დონალდ ტრამპმა მაქსიმალურად პრორუსული პოზიცია დაიკავა: მან ფაქტიურად მხარი დაუჭირა რუსეთის ფორმულას „ჯერ მოლაპარაკება, შემდეგ კი ცეცხლის შეწყვეტა“ და უარი განაცხადა რუსეთისადმი სანქციების გამკაცრებაზე“, – დაწერა გაზეთმა „კომერსანტმა“, -„დონალდ ტრამპი ჩვნი იდეოლოგიური პარტნიორია თუ ყველა საკითხში არა, ზოგიერთში მაინც. მისი ხედვები უფრო ახლოს დგას რუსულთან, ვიდრე ევროპულთან“.

ულტრაკრემლურმა გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ კი ევროპელ ლიდერებს ასე მიმართა: „ჩვენ ხომ გაფრთხილებდით – ნუ იქნევთ მუშტებს, ნუ იმუქრებით და ნუ აყენებთ ულტიმატუმებს დათვის წინ. ნუ მიძვრებით სხვის მოლაპარაკებებში თქვენი რჩევებითა და რეკომენდაციებით. ხომ გითხარით – დაჯექით ტამბურში და ისუნთქეთ ახალი მსოფლიო წესრიგის ჰაერით-თქო. ვერ გაიგეთ ჩვენი გაფრთხილება? ჰოდა, რაც მოგივათ, თქვენს თავს დააბრალეთ“.

მოსკოვი საკუთარ თავში დარწმუნებულია: საქმე ისე მიდის, როგორც მას სურს. უფრო მეტიც – ფრონტზე შექმნილი სიტუაციაც მის სასარგებლოდ მეტყველებს.

დონალდ ტრამპი სულ იმას გაიძახოდა – აი, ნახავთ, როგორც პრეზიდენტად ამირჩევთ, ამ საშინელ ომს 24 საათში (ერთ კვირაში, ერთ თვეში) დავამთავრებო. ერთი თვეც გავიდა და ნახევარი წელიც, „საშინელი ომი“ კი ისე გრძელდება. აშშ-ის პრეზიდენტი იშვიათად თუ აკრიტიკებს ვლადიმერ პუტინს.

იქნებ თეთრ სახლს ომის დამთავრება არ სურს? ეს საფუძვლიანი კითხვაა: არის იმის მკაფიო ნიშნები, რომ დონალდ ტრამპი რუსეთს მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად განიხილავს და ამ დროს მისთვის უკრაინის კონფლიქტს მნიშვნელობა არ აქვს

მოსკოვში ამ ყველაფერს კარგად ხედავენ: „აშშ-ის პრეზიდენტი აღარ აკავშირებს ერთმანეთთან უკრაინის ომს და რუსეთთან ორმხრივი დიალოგის განვითარებას“ – ასეთი სათაური აქვს სტატიას რუსეთის სამთავრობო გაზეთ „როსიისკაია გაზეტაში“.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრემლს აბსოლუტურად არაფრის შიში აღარ აქვს. ჯერ-ჯერობით კიდევ არის შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვები – მაგალითად, აშშ-ის სენატისაგან.

მაგრამ ასეა თუ ისე, დღემდე კრემლი ახერხებდა თავი დაეძვრინა ნებისმიერი ისეთი პრაქტიკული დასავლური ზეწოლებისაგან, რომელიც მას კომპრომისებზე წასვლას აიძულებდა უკრაინის მიმართ. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ ასე გაგრძელდება მომავლშიც.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

უკრაინის სახელმწიფო ვალი აპრილში 5%-ით გაიზარდა და 180 მილიარდ დოლარს მიაღწია – რადის დეპუტატი

უკრაინის სახელმწიფო ვალი აპრილში 5%-ით გაიზარდა და 180 მილიარდ დოლარს მიაღწია, იტყობინება უმაღლესი რადას დეპუტატი დანილო გეტმანცევი.

აპრილის ბოლოს, უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის სახელმწიფო ვალმა მარტში 171,73 მილიარდ დოლარს მიაღწია.

„2025 წლის აპრილში სახელმწიფო ვალი 5%-ით გაიზარდა და 180 მილიარდ დოლარს მიაღწია“, – დაწერა გეტმანცევმა თავის Telegram არხზე. მან დააკონკრეტა, რომ გრივნაში სახელმწიფო ვალი 5%-ით გაიზარდა, დოლარში კი – 4.8%-ით. იანვარ-აპრილში უკრაინის სახელმწიფო ვალი 8.4%-ით გაიზარდა. „სახელმწიფო ვალის სტრუქტურა: 74.5% საგარეო ვალია, 25.5% კი – შიდა“, – აღნიშნა გეტმანცევმა.

უკრაინა, რომელსაც 2024 წლისთვის ბიუჯეტის რეკორდული დეფიციტი 43.9 მილიარდი დოლარის ოდენობით აქვს, ფინანსური საჭიროებების მნიშვნელოვანი ნაწილის დასაფარად კვლავ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებაზეა დამოკიდებული. ამასობაში, დასავლეთში ახალი დახმარების პაკეტების გამოყოფა ხანგრძლივი განხილვების შემდეგ ხდება.

უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, გევინ გრეიმ, ადრე აღნიშნა, რომ დროთა განმავლობაში კიევისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა შემცირდება და ქვეყნის ხელისუფლებას თვითდაფინანსებისთვის შიდა რესურსების შემუშავება დასჭირდება.

ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას – ემანუელ მაკრონი, დონალდ ტუსკი, ფრედრიც მერცი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს ქართველ ხალხს სოლიდარობის და მეგობრობის მესიჯი გავუგზავნოთ და დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ „ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრედრიც მერცი ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ და საქართველოს ხელისუფლების იმ ქმედებებს გმობენ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლას იწვევენ.

„მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს სურვილს, ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ. ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, და სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ თავდასხმებს. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადაჭარბებული ძალადობის შესახებ ცნობები უნდა გამოიძიონ. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს და აუცილებელი რეფორმების პროცესი უნდა განახლდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამი ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი უნდა აღადგინოს და ქართველ ხალხს ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები არ უნდა ჩამოერთვას.

„ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებას საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გარსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.