Home Blog Page 4

ტრამპის სტამბოლში მოლაპარაკებებზე დასწრება დამოკიდებულია იმაზე, ჩავა თუ არა პუტინი – CNN

JPG resized with https://ezgif.com/resize

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სტამბოლში მოლაპარაკებებზე დასწრება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, დაესწრება თუ არა ვლადიმირ პუტინი შეხვედრას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ახლა ყველაფერი ძალიან დინამიურია. ბევრმა არაფერი იცის იმის შესახებ, როგორი იქნება ხუთშაბათი“, – აღნიშნა წყარომ.

წყაროს თქმით, ტრამპის მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესაძლებლობა დიდ ზეწოლას ახდენს პუტინზე.

აღინიშნება, რომ მიუხედავად იმისა, ტრამპი ჩავა თუ არა სტამბოლში, მისი სპეციალური წარმომადგენლები კიტ კელოგი და სტივ უიტკოფი გეგმავენ, დაესწრონ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს დამკვირვებლების სტატუსით.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას – ვოლოდიმირ ზელენსკი

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა შედგეს. თუ პუტინი ნამდვილად მზად არის შეხვედრისთვის არა მხოლოდ მედიაში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც. და მაშინ, ლიდერების დონეზე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ცეცხლის შეწყვეტაზე შევთანხმდეთ. ვინაიდან სწორედ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, რადგან მხოლოდ ის წყვეტს ამას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ მოლაპარაკებების დროს პუტინი ცეცხლის უპირობო შეწყვეტისთვის მზაობას გამოთქვამს, ეს გზას გახსნის მთლიანად ომის დასრულებისთვის უფრო დეტალური მოლაპარაკებებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ პუტინთან მოლაპარაკებებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც შეუერთდება.

“პრეზიდენტ ტრამპს შეერთება შევთავაზეთ. არ ვიცი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ის თავის მონაწილეობას დაადასტურებს, ვფიქრობ, ამას დამატებითი იმპულსი ექნებოდა იმისთვის, რომ პუტინი ჩამოფრინდეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა 18 წლის ბიჭმა გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ბრალდებულმა ის “რატის ბარის” უკანა სივრცეში ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, დაჭრილი მიატოვა და სუფრასთან დაბრუნდა – პროკურორი

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 18 წლის ბიჭმა გვერდით გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა ერთ-ერთ ბრალდებულს, ამ მიზეზით მოკიდა მას ხელი, შეიყვანა ამ ბარის უკანა სივრცეში არსებულ ერთ-ერთ ოთხში და ყოველგვარი მოტივის გარეშე ხელთარსებული დანით სხეულზე მიაყენა დაზიანებები, – ამის შესახებ „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა განაცხადა.

პროკურორის განცხადებით, შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა დაჭრილი მიატოვა და მეორე ბრალდებულთან ერთად ტერიტორია დატოვა.

„ერთ-ერთმა ბრალდებულმა სრულიად უმიზეზოდ, უმოტივოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, “რატის ბარში” ყოფნისას, მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 18 წლის ბიჭმა გვერდით გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ამ მიზეზით მოკიდა მას ხელი, შეიყვანა ამ ბარის უკანა სივრცეში არსებულ ერთ-ერთ ოთახში და ხელთარსებული დანით სხეულზე მიაყენა დაზიანებები. დაზიანებების მიყენების შემდეგ, დაჭრილი მიატოვა იქვე, გამოვიდა, დაბრუნდა თავის სუფრასთან, მეორე ბრალდებულთან, რომელსაც ბრალი აქვს წარდგენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს შეუტყობინებლობისთვის, უთხრა ჩადენილი ქმედების შესახებ, რის შემდეგაც ორივე ბრალდებული მიიმალა შემთხვევის ადგილიდან”, – განაცხადა პროკურორმა.

ინფორმაციისთვის, თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო მეორეს – დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

პროკურატურის ცნობით, 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე „რატის ბარში“, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციითვე, მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – განზრახ მკვლელობა – აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

ევროპის მთავარი ამოცანა საკუთარი უსაფრთხოების დაცვაა – ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი აცხადებს, რომ ევროპის მთავარი ამოცანა საკუთარი უსაფრთხოების დაცვა.

რაც შეეხება უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტას მინისტრი ამას დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კომპრომისებით მიღწეული ზავი მხოლოდ პაუზა იქნება.

ლიპავსკი ამბობს, რომ ევროპისთვის რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, თავდასხმის საშიშროება კი უკრაინაში ომის დასრულებით არსად გაქრება, ამიტომ ჩეხეთმა საკუთარი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს.

სანქციების არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ შესაძლო შედეგები უნდა გავიაზროთ – ვლადიმერ პუტინი

სანქციების არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ შესაძლო შედეგები უნდა გავიაზროთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„შიში არ შეიძლება. ვისაც შიშის გრძნობა გაუჩნდება, მაშინვე ყველაფერს დაკარგავს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, „აუცილებელია იმის გააზრება, თუ რა შეიძლება მოხდეს“.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ჩვენი არაკეთილმოსურნეების ნებისმიერი ქმედებისთვის“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

PSP-სა და “MAGENTO”-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს “Bighorn Web Solution” შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა

“PSP ფარმას“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ და კომპანია “ბიგჰორნ ვებ სოლუშენის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კალებ ბრედლიმ “მაჯენტოს” ელექტრონული კომერციის განახლების კონტრაქტს ხელი მოაწერეს.

კომპანია „ბიგჰორნ ვებ სოლუშენს“ უზრუნველყოფს „PSP ფარმას“ ელექტრონული კომერციის პლატფორმის ტექნიკურ განვითარებას. თანამშრომლობა „PSP ფარმას“ ელექტრონული კომერციის პლატფორმის (PSP.GE და PSP App) გაძლიერებისა და სრულყოფის შესაძლებლობას იძლევა. შედეგად გაიზრდება პლატფორმის მოხმარების სიჩქარე, მომხმარებლისთვის სარგებლობის პროცესი კი უფრო მოსახერხებელი და გაუმჯობესებული გახდება.

“PSP ფარმა“ უახლოეს მომავალში გეგმავს ელექტრონული კომერციის პლატფორმის რეგიონის მასშტაბით განვითარებას; კერძოდ სიჯანსაღისა და თავის მოვლის კატეგორიის პროდუქტების ელექტრონული კომერციით ხელმისაწვდომობის გაზრდას კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში. ეს განახლება კომპანიას საშუალებას მისცემს მთლიანად რეგიონში წარმატებით განახორციელოს პროდუქციის ელექტრონული რეალიზაცია.

ელექტრონული კომერციის სრულყოფილი პლატფორმა წინა წლის ნოემბერში სრულად უნდა ყოფილიყო დასრულებული, თუმცა წინა კონტრაქტორმა კომპანიამ ამ დრომდე პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი სამუშაოებიც ვერ დაასრულა. გადახდილი სოლიდური ავანსის მიუხედავად, ქართულმა კომპანიამ “სვიფტ ჯორჯიამ”, რომლის დამფუძნებელია საერთაშორისო კომპანია Making Science Swift Internationa, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, PSP-ს რეგიონული ელექტრონული კომერციის პროცესი აქამდე შეაფერხა.

ციფრული ტექნოლოგიების განვითარება PSP-სთვის მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი პროექტია. კომპანიის ციფრული ტრანსფორმაცია დაიწყო WMS საწყობის მართვის სისტემის დანერგვით, რასაც მოჰყვა ფინანსური პროცესების, შესყიდვებისა და კორპორაციული გაყიდვების მართვის გაუმჯობესება.

Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგვა დასრულდება Microsoft-ის ERP მოდულების აფთიაქებში ERP სისტემის დანერგვით. საპილოტე აფთიაქებში უკვე გამარტივდა ასორტიმენტისა და დეფიციტების მართვის სისტემა, ავტომატიზაციის ხარჯზე 50%-ით შემცირდა ფარმაცევტის მომსახურების დრო და, შესაბამისად – რიგები, რაც მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას უწყობს ხელს.

PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. „Bighorn Web Solution“ გაფორმებული კონტრაქტი კომპანიას შესაძლებლობას მისცემს ელექტრონული კომერციის ფლაგმანი გახდეს რეგიონში.

(R)

უნდა შევაიარაღოთ ქართველი ხალხი სიმართლით, რომელიც შემდეგ უზრუნველყოფს სწორ არჩევანს და სწორ დამოკიდებულებას რეალობის მიმართ და არა იმ ფეიკების მიმართ, რომლებსაც აგენტები ავრცელებენ – მამუკა მდინარაძე

ჩვენ ვახდენთ დეკლარირებას, რამდენად თავმოყვარე სახელმწიფო შევქმენით და რამდენად კიდევ უფრო თავმოყვარე, სუვერენული, დამოუკიდებლობა განმტკიცებული სახელმწიფო გვინდა შევქმნათ, იმისთვის რომ არ გავატაროთ არცერთი უსამართლო აქტი, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მეგობარ აქტზე“ პასუხის შესახებ საუბრისას, რომელიც პარლამენტმა მოამზადა.

„აბსოლუტური უმეცრებაა იმის თქმა, რომ საქართველოს დღეს სჭირდება ჩინური გავლენებისგან გათავისუფლება. სისულელეა. ის რომ ათასი ისეთი რამ წერია, რაც ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს დოკუმენტი, რომელსაც კონგრესმა მხარი დაუჭირა.

გასაგებია ისიც, რომ შეიძლება [„მეგობარი აქტს“] შემდგომი განვითარება არ მოჰყვეს, არ დაუჭირონ საბოლოოდ მხარი ან დაუჭირონ და შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი არ მოაწეროს. ყველაფერი შეიძლება. შეიძლება მოაწეროს კიდევაც, რაც ნაკლებად სავარაუდოა – პრაქტიკულად გამორიცხულია, ჩემი აზრით, მაგრამ დაუშვებელი არაფერია. მაგრამ ეს ხომ ინდიკაცია იქნება იმისა, რეალურად რა შედეგებს მიაღწია „დიფ სთეითტან“ ბრძოლაში ახალმა ადმინისტრაციამ. ოლიგარქიულ, არაფორმალურ გავლენებთან ბრძოლაში რა შედეგებს მიაღწია. ისევ ის ძალები მართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ შორის გავლენები აქვთ ევროპაში და სხვადასხვა ქვეყნებზე თუ მართლაც მოახერხა პრეზიდენტმა ტრამპმა სადავეების ხელში აღება? შეიძლება ეს არ იყოს გადამწყვეტი მსოფლიოსთვის, მაგრამ ჩვენთვის ხომ ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია? და არა მხოლოდ ჩვენთვის – სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა ხომ უნდა დაინახონ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით იყო უსამართლო დამოკიდებულება და ეს უსამართლო დამოკიდებულება თურმე გაგრძელდა – ამას ცუდ შემთხვევაში ვსაუბრობ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ თითოეულ დეტალზე რეაგირება უნდა გვქონდეს. ჯერ ამას ვცდილობთ, რა თქმა უნდა „სცენის მიღმა“, არასაჯაროდ. მაგრამ როდესაც ამას შედეგი არ აქვს, ჩვენ თვითონვე უნდა შევაიარაღოთ ქართველი ხალხი სიმართლით, რომელიც შემდეგ უზრუნველყოფს სწორ არჩევანს და სწორ დამოკიდებულებას რეალობის მიმართ და არა იმ ფეიკების მიმართ, რომლებსაც აგენტები ავრცელებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 14 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7440 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7440 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7456 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0464 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1012 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0548 ლარი შეადგინა.

გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ პოზიციათა თანხვედრის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე -მამუკა მდინარაძე

ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პათოსი, განწყობა, დამოკიდებულება ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, ამას თავისი მიზეზები აქვს და ეს უნდა განმარტონ იმ ქვეყნის ხელმძღვანელებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალაში აქვთ დატოვებული ბაიდენის ადმინისტრაციის დანაშაულებრივი დამოკიდებულების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.

„პირველ რიგში, ძალიან კარგია, მათ შორის საამაყოც კი შეიძლება, იყოს ის ამბავი, რომ ასეთი გაბედული ტონით საუბარი დღეს ჩვენს ქვეყანას შეუძლია. მეორე – ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პათოსი, განწყობა, დამოკიდებულება, განსაკუთრებით მათ მიერ გახმოვანებული მესიჯები და გაცილებით ადრე ჩვენ მიერ გახმოვანებული, ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე. ამას თავისი მიზეზები აქვს. ამას ჩვენ ვერ განვმარტავთ, ეს უნდა განმარტოს იმ ქვეყანამ, იმ ქვეყნის ხელმძღვანელებმა, ლიდერებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალაში აქვთ დატოვებული ბაიდენის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები, მისი ადმინისტრაციის დანაშაულებრივი დამოკიდებულების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. ვიდრე ეს არ იქნება განმარტებული, ეს გადაწყვეტილებები არ იქნება შეცვლილი. მანამდე მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ საქართველოში, ვისაც კი ეს ხმა მისწვდება და იქნება შეკითხვა, რატომ ხდება, რომ პოზიციათა აბსოლუტური თანხვედრის მიუხედავად, მეტიც, საქართველო ასეთ პოზიციებს, რომლებსაც დღეს აშშ ახმოვანებს, თვეებით და წლებით ადრეც კი ახმოვანებდა, ამის მიუხედავად, ერთი მხარდამჭერი განცხადებაც კი არ გახმოვანებულა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა.

საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურორად გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, გენერალური პროკურორის მოადგილედ კი ზურაბ ბელთაძე.

„გენერალური პროკურორის მოადგილედ ზურაბ ბელთაძე დაინიშნა, რომელსაც პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის ცხრა წლიანი გამოცდილება აქვს, მას ასევე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საადვოკატო საქმიანობაში.

ასევე, თბილისის პროკურორად გიორგი გვარაკიძე დაინიშნა. გიორგი გვარაკიძე აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გიორგი გვარაკიძე საქართველოს პროკურატურაში წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.

რაც შეეხება თბილისის პროკურორს ლევან გეგეჭკორს, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, ხოლო აღნიშნული დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ კაპანაძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დაიკავა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა ახალ მოადგილესთან, თბილისის ახალ პროკურორთან და დეპარტამენტის უფროსებთან საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს თუ იტყვის, ეს იქნება საბოლოო სიგნალი, რომ მოსკოვს ომის დასრულება არ სურს” – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს თუ იტყვის, ეს იქნება რუსეთის მიერ ომის დასრულების სურვილის არქონის საბოლოო სიგნალი.

ანდრეი ერმაკის თქმით, ამ დროისთვის რუსეთს არანაირი პასუხი არ გაუცია ვლადიმერ პუტინის თურქეთში მოლაპარაკებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. კიევმა კი დაადასტურა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა და თურქეთში ჩავა.

ანდრეი ერმაკმა დასძინა, რომ 12 მაისს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან „ძალიან ძლიერი და მკაფიო“ განცხადება გაკეთდა, რომ თურქეთში ორივე ლიდერის დასწრებას ელოდება.

„მჯერა, რომ ვლადიმერ პუტინი თუ უარს იტყვის თურქეთში ჩასვლაზე, ეს იქნება საბოლოო სიგნალი, რომ რუსეთს არ სურს ამ ომის დასრულება, რომ რუსეთს არ სურს, არ არის მზად რაიმე მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

მიკრობანკმა “ემბისიმ“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 21.3 მილიონი ლარის 2-წლიანი ობლიგაციები განათავსა.  აღნიშნული ემისია 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანშია. მოზიდულ სახსრებს კომპანია არსებული ფინანსური ვალდებულებების რეფინანსირებისთვისა და სასესხო პორტფელის ზრდისთვის გამოიყენებს.

ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR 3M + 4.0%-ით განისაზღვრა, რაც წინა ემისიასთან შედარებით 0.25 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული. ხაზგასასმელია, რომ ობლიგაციების ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდია – ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც  საქართველოს საპენსიო ფონდი მიკრობანკის ფასიან ქაღალდებს ყიდულობს.

„ემბისიმ“ წარმატებით განახორციელა 21.3 მილიონი ლარის ობლიგაციების პირველი ტრანში თიბისი კაპიტალის ხელშეწყობითა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ფაქტს, რომ ობლიგაციების  ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდი გახდა. აღსანიშნავია, რომ „ემბისი“ პირველი მიკრობანკია ქართულ ბაზარზე, რომელმაც საქართველოს საპენსიო ფონდის მსგავსი მხარდაჭერა მიიღო, რაც კომპანიის ფინანსურ სტაბილურობასა და საინვესტიციო პოტენციალზე მიუთითებს და მისი შემდგომი განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.“ გია პეტრიაშვილი, „ემბისის“  გენერალური დირექტორი

“მოხარულები ვართ, რომ თიბისი კაპიტალსა და მიკრობანკ „ემბისის“  შორის პირველი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. ემიტენტთან წარმატებული კოლაბორაციის შედეგად, კომპანიამ წინა ემისიასთან შედარებით 0.25 საპროცენტო პუნქტით გაუმჯობესებული პირობებით გამოუშვა ბონდები. ასევე, წარმატებით მოხერხდა ინვესტორთა ბაზის გაფართოება. თიბისი კაპიტალი აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში, წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 100 მილიონ ლარამდე მოცულობის ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში მივიღეთ მონაწილეობა, რითიც ხელს ვუწყობთ დაინტერესებულ მხარეებს, ახალი საინვესტიციო და დაფინანსების მექანიზმების მოძიებაში”,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრის სტრუქტურული რეფორმის პროცესში, რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდების სახეობებისა და რაოდენობის გაზრდა და მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. რეფორმა ასევე ხელს უწყობს ადგილობრივ ინვესტორთა ბაზის გაძლიერებას. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წლის აპრილიდან ამოქმედდა და მან საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია კომპანიებში. ამ მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში შემოსულია 16 კომპანიის 20 განაცხადი და მხარდაჭერილია 6 კომპანიის მიერ განთავსებული 8 ემისია.  აღნიშნული ემისიების შედეგად, საფონდო ბაზარზე მოზიდულია დაახლოებით 241 მილიონი ლარის ოდენობის დამატებითი საინვესტიციო კაპიტალი. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ემბისი“ პირველი მიკრობანკია საქართველოში, რომელმაც აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა.“ მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს საპენსიო ფონდმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ადგილობრივი კორპორატიული ობლიგაციების ბაზრის გაღრმავებისკენ და მონაწილეობა მიიღო მიკრობანკ „ემბისის” ობლიგაციების წარმატებულ განთავსებაში. ეს ჩვენი მეცხრე ინვესტიციაა ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში და ვაგრძელებთ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციას ადგილობრივ ფინანსურ ინსტრუმენტებში. მივესალმებით, რომ ტრანზაქცია განხორციელდა სააგენტო „აწარმოე საქართველოში”-ს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბაზრის სტიმულირებასა და ქართული კომპანიებისთვის დაფინანსების ახალი წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული წარმატებული განთავსება და მასში ჩვენი მონაწილეობა გახდება დამატებითი სტიმული ახალი ადგილობრივი ემისიებისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს, საპენსიო დანაზოგები დავაბანდოთ ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში და ხელი შევუწყოთ ქვეყნის კაპიტალის ბაზრის გრძელვადიან განვითარებას ჩვენი მონაწილეების საუკეთესო ინტერესების დაცვით.” – ანა ნაჭყებია, საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი

“ემბისი” პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. „ემბისი“ 8 რეგიონში, 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მომხმარებლებს საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. წამყვანი ევროპული სარეიტინგო სააგენტო Scope Rating-საგან ემბისის მინიჭებული აქვს B+ საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით (B+ Stable).