აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 3 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა ვრცელი სტატია სათაურით: „უკრაინა აჩვენებს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია ომის სცენარის შეცვლა: კიევის დრონების შეტევამ ცხადჰყო, რომ იაფფასიან უპილოტო საფრენ აპარატებს ძვირადღირებული თვითმფრინავების განადგურება შეუძლიათ და თანაც უკრაინის საზღვრებიდან ძალიან შორს“ (ავტორები – ჰელენ კუპერი, ჯულიან ბარნსი, ერიკ შმიტი, ლარა ჯეიკსი და ადამ ენთოუსი). პუბლიკაციაში განხილული და გაანალიზებულია უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ პირველ ივნისს განხორციელებული ოპერაცია, რომლის შედეგად რუსეთის სამხედრო ძლიერებას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ავტორები ესაუბრებიან ექსპერტებს, რომლებიც პროგნოზებს აკეთებენ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების ბაზების დაცვის თაობაზე ახალი საფრთხეების გათვალისწინებით: „შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი „ოქროს გუმბათის“ ანტირაკეტული დაცვის პროექტით აშშ-ის დაცვის უზრუნველყოფას არამარტო ბალისტიკური რაკეტებისგან, არამედ ჩვეულებრივი დრონებისგან?“.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ამერიკელი ოფიციალური პირებისა და სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე აეროდრომებზე და თვითმფრინავებზე დრონებით განხორციელებული გაბედული შეტევებით კიევი აგრძელებს 21-ე საუკუნის ომების წარმოების მეთოდთა ცვლილებებს.
როგორც ამერიკული და ევროპული უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები აცხადებენ, ჯერ კიდევ არ დასრულებულა იმ ზარალის სრული დეტალური სურათის შედგენა, რომელიც უკრაინამ რუსეთს მიაყენა, მაგრამ მათი შეფასებით, უკვე ნათელია, რომ შორი მოქმედების სტრატეგიული დანიშნულების ავიაციის დაახლოებით 20-მდე ერთეული (ბომბდამშენ-ბირთვულრაკეტმზიდი და რადარული თვითმფრინავები) განადგურებულია ან სერიოზულადაა დაზიანებული, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობა, შორი მანძილიდან მიაყენოს დარტყმები მოწინააღმდეგეს.
ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის ავიაციის დანაკარგები შეადგენს 10 შორი მოქმედების სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენებს – ექვს Ту-95-ს და ოთხ Ту-22М-ს, აგრეთვე სამხედრო თვითმფრინავ-რადარს А-50-ს, რომელიც გამოიყენება ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებისა და მართვადი რაკეტების აღმოსაჩენად.
შემტევითმა ოპერაციამ, რომელიც ცნობილი გახდა კოდური სახელწოდებით „ობობას ქსელი“ („აბლაბუდა”), ერთია, რომ რუსეთის სტრატეგიულ ძალებს დიდი ზიანი მიაყენა, მაგრამ მეორე და უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინამ მოახდინა თავისი შესაძლებლობისა და უნარის დემონსტრაცია – დარტყმა მიაყენოს რუსეთის ნებისმიერ წერტილს და გაანადგუროს 100 მილიონ დოლარად შეფასებული სამხედრო თვითმფრინავები 500-დოლარიანი დრონებით.
როგორც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, უკრაინას დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წინასწარ საქმის კურსში არ ჩაუყენებია იმის შესახებ, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაგეგმა შეტევის განხორციელება, რომლის სამიზნეს რუსეთის ტერიტორიაზე, ღრმა ზურგში მდებარე რამდენიმე ავიაბაზა წარმოადგენდა, მათ შორის ერთი აღმოსავლეთ ციმბირში.
დარტყმის მისაყენებლად უკრაინამ თავისი აგენტები საზღვრიდან შორს, რუსეთის სხვადასხვა ოლქებში გაგზავნა (და გადაიბირა). მაგალითად, ავიაბაზა „ბელაია” ირკუტსკის ოლქში, ბაიკალის ტბასთან ახლოს არის დისლოცირებული და კიევიდან თითქმის 3 ათასი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები) კონტრაბანდული სახით ფარულად იქნენ შეტანილნი რუსეთის ტერიტორიაზე და ხისგან დამზადებულ კონტეინერებში იყვნენ შეფუთულები, მათი სახურავის გახსნა მოხდებოდა დისტანციურად, ადგილობრივ მობილურ კავშირთან მიერთებით. დრონები ჩაიტვირთა სატვირთო მანქანებში (ავტოტრაილერ-ფურებში) და დანიშნულების ადგილთან მაქსიმალურად ახლოს იქნა მიტანილი.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა უკრაინის მოქმედება ისრაელის მიერ გასულ წელს განხორციელებულ ოპერაციას შეადარა, როცა „მოსადმა“ „ჰეზბოლას“ მებრძოლებს ლიბანში კოდური სიგნალებით პეიჯერები აუფეთქა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ დრონების მეშვეობით მიყენებულმა დარტყმამ სერიოზულად დაასუსტა რუსეთის სამხედრო პოტენციალი და კრემლის მიერ წარმოებული საომარი ოპერაციები. „ოპერაცია „აბლაბუდამ“ აჩვენა, თუ როგორ გამოიყურება რეალურად თანამედროვე ომი და რატომ არის მნიშვნელოვანი ერთი ნაბიჯით წინ ყოფნა ტექნოლოგიების განვითარებაში“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ ოპერაცია წელიწადნახევრის განმავლობაში მზადდებოდა..
ამასთან, როგორც აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, არც რუსეთი არ დარჩება ვალში და უკრაინას საპასუხო შურისმაძიებლური დარტყმით უპასუხებს, თუმცა ამერიკულ დაზვერვას ჯერ-ჯერობით არ აქვს განსაზღვრული ის სამიზნეები, რომლებსაც რუსეთი დაარტყამს. როგორც ჩანს, კრემლი განაახლებს მნიშვნელოვანი სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას, მწყობრიდან გამოიყვანს ენერგოსისტემის ინფრასტრუქტურას ან გაუშვებს საშუალო მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტებს უკრაინის ზურგის ობიექტების გასანადგურებლად.
მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა 2022 წლის თებერვალში, უკრაინის შეიარაღებული ძალები მუდმივად აუმჯობესებენ მოძველებულ საბჭოურ და დასავლურ იარაღს და მათ მოდერნიზებას ახდენენ, თანამედროვე ტექნოლოგიების მიხედვით – მაგალითად, გადასატან სარაკეტო პორტატულ კომპლექსებს „ჯაველინებს“, „სტინგერებს“, „ჰარპუნის“ ტიპის რაკეტებს, სწრაფმავალ საზღვაო კატერებს, სახმელეთო და საზღვაო დრონებს და ა.შ. ამ საქმეში ამერიკამ თავის დროზე უკრაინას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია და მილიონობით დოლარი დახარჯა ადგილობრივი საწარმოო სიმძლავრეების აღდგენაში, ასევე გადასცა კიევს თანამედროვე მოწინავე ტექნოლოგიებიც.
„მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ უკრაინამ სამხედრო მოქმედებები ახალ დონეზე აიყვანა“, – ამბობს ეველინ ფარკასი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი თანაშემწე რუსეთისა და უკრაინის საკითხებში, რომელიც დღეს მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობს, – „კიევი აჩვენებს, რომ ახლა თვითონ უკრაინელებს შეუძლიათ ოპერაციების დაგეგმვა და მათი წარმატებით განხორციელება“.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსის ეკატერინე სტეპანენკოს თქმით, უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმები მოწმობს, რომ რუსეთის არცერთი ადგილი უსაფრთხო არ არის და რომ კიევის ხელი მტერს ყველგან მისწვდება: „უკრაინა ომის წარმოების ახალ ფორმებს და მეთოდებს აყალიბებს“.
როგორც ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი სამხედრო მოსამსახურე აღნიშნავს, ჯერ-ჯერობით ძალიან ადრეა უკრაინული ოპერაციის სრული ზეგავლენის შეფასება რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ავიაციაზე – იმიტომ, რომ რუსები, ალბათ, შეძლებენ ზოგიერთი დაზიანებული თვითმფრინავის აღდგენას. „დიახ, დრონებმა რუსეთის არმიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს, მაგრამ საეჭვოა რუსეთმა უკრაინის ფრონტზე თავისი შეტევითი ოპერაციები შეასუსტოს“, – ხაზი გაუსვა ჩინოვნიკმა.
ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ოპერაციის საიდუმლოდ შენახვა გასაკვირი არ არის იმდენად, რამდენადაც ინფორმაციის ნებისმიერი გაჟონვა მის წარმატებით რეალიზებას საფრთხეს შეუქმნიდა.
უკრაინა ყოველთვის ზრუნავდა თავისი უსაფრთხოების ოპერატიულ დაცვაზე, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ბოლო თვეებში, როცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა სოციალურ ქსელ Signal group-ში საუბრის დროს უნებლიედ გაამჟღავნეს აშშ-ის არმიის დარტყმების ოპერატიული გეგმები (იემენელი ჰუსიტების მიმართ).
როგორც ცნობილია, დღეისათვის აშშ არ მონაწილეობს უკრაინასთან რაიმე ერთობლივი ოპერაციის განხორციელებაში რუსეთის ტერიტორიაზე. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, მათი უკრაინელი კოლეგები, [როცა ოპერაციას გეგმავდნენ], ალბათ, აცნობიერებდნენ იმ გარემოებას, რომ [უმიზეზოდ] დარტყმის მიყენება რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენებზე, რომლებსაც ბირთვული იარაღის ტარება შეუძლიათ, აშშ-სათვის დაუშვებელია. ამიტომაც უკრაინელებმა ამერიკელები საქმის კურსში არ ჩააყენეს – კიევმა კარგად იცოდა, რომ ვაშინგტონი წინააღმდეგი იქნებოდა.
ნატოს წევრი ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ანონიმური წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა ბიძგი მისცა დისკუსიის დაწყებას – საჭიროა თუ არა მოკავშირეებმა გადახედონ თავიანთ უსაფრთხოებას ახალი მოწყვლადი ადგილების გამოსავლენად, რათა ისეთ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ, როგორშიც რუსეთი აღმოჩნდა.
სემიუელ ბენდეტი, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ანალიზის ცენტრის ექსპერტი რუსულ დრონებთან დაკავშირებულ საკითხებში, ამბობს: „ჩვენ თანდათანობით ვაცნობიერებთ იმ საფრთხეს, რასაც უპილოტო საფრენი აპარატები უქმნიან აშშ-ის სამხედრო ბაზებს. როცა საქმე ეხება მსხვილ ავიაბაზებს, რომელთა ასაფრენ-დასაშვებ ზოლზე ბევრი თვითმფრინავი დგას, უკრაინის შეტევის გაკვეთილი გამოიხატება იმაში, რომ ასეთი დარტყმა პოტენციურად ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. დღეისათვის უკვე ნაკლებად ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენს ბაზებს კომპლექსური დაცვა აქვთ ახლო რადიუსის მქონე საფრთხეებისგან“.
ჯეიმს პატონ-როჯერსი, დრონების წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტი კორნელის უნივერსიტეტიდან, ამბობს, რომ დასავლეთის ის სახელმწიფოები, რომლებთაც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში აქვთ სამხედრო ბაზები, განსაკუთრებით მოწყვლადები ხდებიან, ვთქვათ, ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში, სადაც მრავალრიცხოვანი ექსტრემისტული დაჯგუფებები მოქმედებენ. უკრაინის შეტევის გათვალისწინებით, მათი დაცვა სტანდარტული ზომებით პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. მსგავსი ინციდენტი მოხდა 2024 წელს, იორდანიაში, სადაც, სირიის საზღვართან ახლოს, უდაბნოში დისლოცირებულ ამერიკულ პოსტზე თავდასხმა განახორციელა ერაყელი ექსტრემისტების მიერ მართულმა დრონმა და რომლის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების შეტევის შედეგები აშშ-სათვის ერთგვარ საჩუქარს წარმოადგენს.
ლინდსი გრემმა, რესპუბლიკელმა სენატორმა სამხრეთ კაროლინიდან, რომელიც ბოლო დროს არაერთგზის ამტკიცებდა, რომ უკრაინას რუსეთისათვის – როგორც აშშ-ის მოწინააღმდეგისათვის – მნიშვნელოვანი ზარალის მიყენება და მისი დასუსტება შეუძლიაო, ორშაბათს სოციალურ ქსელში ასე დაწერა: „უკრაინა მუდმივად იყენებს კრეატიულ ტაქტიკას და ომის წარმოების ისეთ მეთოდებს იგონებს დრონების დახმარებით, რომ წარმატებით ასუსტებს რუსებს – მათი სტრატეგიული ბომბდამშენების განადგურებით“.
ბენ ჰოჯესის, აშშ-ის ევროპული არმიის ყოფილი სარდლის განცხადებით, „შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის შესაძლებლობები ფრთოსანი ბირთვული რაკეტების გაშვების საკითხებში მნიშვნელოვნად შესუსტდა“. იმავდროულად გენერალმა ჰოჯესმა და რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანმა სამხედრო პირმა აღნიშნეს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწევს გადასინჯოს თავისი გეგმები რაკეტსაწინააღმდეგო ფარის „ოქროს გუმბათის“ შექმნის მიზნით, რომელიც პრეზიდენტმა გასულ თვეში გააჟღერა.
პენტაგონის წარმომადგენლების თქმით, „ოქროს გუმბათის“ პროექტი (ისრაელის „რკინის გუმბათის“ მსგავსად) ახალი თაობის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას წარმოადგენს, რომლის მიზანია ქვეყანა დაიცვას ისეთი სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური, ჰიპერბგერითი და ფრთოსანი რაკეტების ზემოქმედებისაგან, რომლებიც აქვს აშშ-ის ზოგიერთ მოწინააღმდეგეს, მაგალითად, რუსეთს.
მაგრამ ანტირაკეტული ფარი ისეთი სახით, როგორითაც არის ჩაფიქრებული, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ალბათ, ვერ დაიცავს იმ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებისაგან, რომლებსაც უკრაინა ქმნის და იყენებს.
„უკრაინის შეტევები რუსეთის აეროდრომებზე აჩვენებს, რომ 175 მილიარდი დოლარი, რომლის დახარჯვას მისტერ ტრამპი პროექტის რეალიზების მიზნით აპირებს, რესურსების არამიზნობრივ ხარჯვას წარმოადგენს“, – ამბობს ალექსანდრე ვიდმანი, უკრაინული წარმომავლობის მქონე აშშ-ის არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელიც 2019 წელს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუშაობდა, – „უკრაინის დაზვერვის მიერ წარმატებით განხორციელებული ოპერაცია რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების წინააღმდეგ იმაზე მიანიშნებს, რომ შეერთებული შტატები უნდა დაფიქრდეს, თუ როგორ უნდა დაიცვას საიმედოდ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები არამარტო ბალისტიკური რაკეტებისგან, არამედ სრულიად ჩვეულებრივი დრონებისაგან“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო