Home Blog Page 4

ქართული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ირაკლი კობახიძე

ქართული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ძალიან ჰგავს რუსული კანონი ამერიკულ კანონს, მაგრამ სინამდვილეში არავითარი კავშირი, მსგავსება არ არის ქართულ კანონს, აქეთ რუსულ და იქით ამერიკულ კანონებს შორის.

„რაც შეეხება არის თუ არა კანონი რუსული – კონკრეტული ნიშნები უნდა იყოს მსგავსების და ეს ყველაფერი უნდა იყოს მტკიცებულებებით დადასტურებული. რაც შეეხება რუსულ კანონს, რას ითვალისწინებს რუსული კანონი – ყველაზე ძირითად პუნქტებს ჩამოვთვლი, მაგალითად რუსული კანონი ითვალისწინებს ორგანიზაციაში პირდაპირი სახელმწიფო კონტროლის შესვლას, პირდაპირ შეიძლება, შევიდეს ოფისში სახელმწიფო კონტროლი, ჩაჯდეს ორგანიზაციაში და ადგილზე აკონტროლოს ნებისმიერი დოკუმენტი, საქმიანობა შესაბამისი ორგანიზაციის. მეორე – კანონით გათვალისწინებულია ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერება, უფრო მეტიც, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, გაუქმდეს შესაბამისი ორგანიზაცია. ასევე რუსული კანონით გათვალისწინებულია ორგანიზაციებისა და არამარტო ორგანიზაციების, შესაბამისი ადამიანების ანუ ორგანიზაციის წარმომადგენლების ბრენდირება კონკრეტული ფორმით, მაგალითად, როდესაც ტელევიზიით გამოდის კონკრეტული პირი, ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქვევით უნდა იყოს აუცილებლად მიწერილი, რომ ის არის უცხოელი აგენტი. ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული რუსული კანონით – ეს არის ძირითადი პუნქტები. ჩამოვთვალე დაახლოებით 5-6 პუნქტი. ხედავთ, რომ არცერთი ეს პუნქტი ქართულ კანონში გათვალისწინებული არ არის ანუ თავიდან ბოლომდე ქართული კანონი არის შესატყვისობაში ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი. აქედან გამომდინარე, როცა არაფერი არ გაქვს, როცა ერთი მეორეს საერთოდ არ ჰგავს, ბუნებრივია, შეუძლებელია, რომ ორ კანონს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. ეს არის უმარტივესი ლოგიკა, რომელიც მარტივად უნდა წაიკითხოს ყველამ. ამაზე ბევრად მკაცრი კანონები, ეს არაერთხელ ითქვა, მოქმედებს აშშ-ში, აქაც არის მაგალითად გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ადამიანებზე ვრცელდება ამერიკული კანონი, რომელსაც ეწოდება უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და ა.შ. ძალიან ჰგავს რუსული კანონი ამერიკულ კანონს, მაგრამ სინამდვილეში არავითარი კავშირი, მსგავსება არ არის ქართულ კანონს, აქეთ რუსულ და იქით ამერიკულ კანონებს შორის, გამომდინარე იქიდან, რომ არც რუსული და არც ამერიკული კანონი არ არის შესატყვისობაში ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი და როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში ინტეგრაცია ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა” – ირაკლი კობახიძე

ჩემთვის, პირადად, მნიშვნელოვანი იყო ამ ფორმატში შეხვედრა, გვინდა, რომ თქვენს ყველა შეკითხვას გავცეთ პასუხი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უამრავი სპეკულაცია იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი და ეს კურსი არა მხოლოდ ზოგად დონეზეა განსაზღვრული, არამედ პირდაპირ წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

„მე, თქვენი ნებართვით, მოკლე შესავლით დავიწყებ და ამის შემდეგ შეგვიძლია თანმიმდევრობით გადავიდეთ კითხვა-პასუხზე. თითოეულ თქვენგანს ექნება საკმარისი დრო იმისთვის, რომ დასვათ შეკითხვები, მიიღოთ პასუხები, დააზუსტოთ შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში.

პირველ რიგში, რაც შეეხება ხელისუფლების პოლიტიკას და საერთო ხედვას. უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ბოლო პერიოდში, მათ შორის საგარეო კურსთან დაკავშირებით. ინიცირებულ კანონპროექტს უკავშირებენ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას, რაც არის უხეში სპეკულაცია, მანიპულაცია. მინდა, მკაფიოდ განვმარტო კიდევ ერთხელ ის, რაც ყველასთვის ცხადი და ნათელია, ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი და ეს კურსი არა მხოლოდ ზოგად დონეზეა განსაზღვრული, არამედ პირდაპირ წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

იცით, რომ 2017 წელს, „ქართულმა ოცნებამ”, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე შეიტანა ნორმა საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში ინტეგრაცია ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ცხადია ჩვენი პოლიტიკური კურსი, საგარეო კურსი და არა მარტო კურსია ცხადი, არამედ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიღწევები, შედეგები ამ მიმართულებით. ყველა ხელშესახები შედეგი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ იქნა სწორედ „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ეს არის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, DCFTA-ის – თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსის მიღება. ყველა ეს შედეგი არის მიღწეული სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ასევე მოგეხსენებათ, რომ სწორედ ჩვენი მოწოდებაა პარტნიორების მიმართ, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნის დაახლოება როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. ჩვენი თხოვნა არის, მოწოდება, მაგალითად აშშ-ს მიმართ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთის ვიზალიბერალიზაცია. ეს, დარწმუნებული ვარ, არ დაამძიმებს აშშ-ს. ასევე, ხელი მოეწეროს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, უზრუნველყოფილი იყოს პირდაპირი ფრენები აშშ-ში. რაც შეეხება ევროკავშირს, აქაც ჩვენი მოწოდებაა, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან დეკემბერში, როცა ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ნათელია, ვითხოვთ მეტ ურთიერთობას, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, თუმცა სამწუხაროდ არის თავშეკავებული პოზიცია, რასაც შეიძლება ჰქონდეს თავისი მიზეზები, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვუწოდებთ ანტიქართულ განწყობას, პირიქით, გვაქვს აბსოლუტურად ღია პოლიტიკა, მზაობა, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის და რაც მეტი ნაბიჯი გადმოიდგმება იქითა მხრიდან, მით უკეთესი. ეს არის ჩვენი განწყობა და ჩვენი პოზიცია,”- აღნიშნა პრემიერმა.

ერთ-ერთი დაკავებული აცხადებს, რომ აქციაზე გაიგო მელიას, ელისაშვილის, გვარამიას, ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძის საუბარი, რომ ისინი ახალგაზრდებს დავალებების შესრულებისთვის გადაუხდიდნენ თანხას – შსს

დაკავებულთა შორის, ერთ-ერთი პირი, სამართალდამცველებთან მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ ის 16 აპრილს, იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მან გაიგო პოლიტიკური ლიდერების, კერძოდ ნიკანორ მელიას, ალეკო ელისაშვილის, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და კიდევ ერთი, მისთვის უცნობი მამაკაცის საუბარი, იმის შესახებ, რომ ისინი ახალგაზრდებს გარკვეული დავალებების შესრულების სანაცვლოდ გადაუხდიდნენ გარკვეულ თანხას, – ამის შესახებ ინფორამციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაასახელებს იმ პირის სახელსა და გვარს, რომლის ჩვენებასაც საზოგადოებას გააცნობს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების შესახებ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიციამ 8-9 მაისს, ბოლო პერიოდში გამართული აქციების დროს ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე 6 პირი დააკავა.

ექვსივე დაკავებულს პროკურატურის მიერ ბრალი აქვს წარდგენილი და სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაასახელებს იმ პირის სახელსა და გვარს, რომლის ჩვენებასაც ახლა გავაცნობთ საზოგადოებას.

დაკავებულთა შორის, ერთ-ერთი პირი, სამართალდამცველებთან მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ ის 16 აპრილს, იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მან გაიგო პოლიტიკური ლიდერების, კერძოდ ნიკანორ მელიას, ალეკო ელისაშვილის, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და კიდევ ერთი, მისთვის უცნობი მამაკაცის საუბარი, იმის შესახებ, რომ ისინი ახალგაზრდებს გარკვეული დავალებების შესრულების სანაცვლოდ გადაუხდიდნენ გარკვეულ თანხას.

დაკავებული აცხადებს, რომ ის, თავისი ნებით მივიდა აღნიშნულ პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად მყოფ მამაკაცთან და გამოთქვა მზაობა, თანხის მიღების სანაცვლოდ, შეესრულებინა მათ მიერ მითითებული დავალება.

ბრალდებულის თქმით, მან დავალების მიმცემი პირებისგან მაშინვე მიიღო თანხა, 1200 ლარი.

ბრალდებული ასევე აცხადებს, რომ მთავარი დავალება იყო პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, მათი გაღიზიანება, გამოწვევა, სამართალდამცველების ყურადღების მიქცევა და ასევე, სხვადასხვა საპოლიციო ინფრასტრუქტურის დაზიანება.

დაკავებული აღიარებს, რომ მან მიღებული დავალება შეასრულა, რაზეც მეტყველებს კადრებიც და მან დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტომობილი.

მისი განმარტებით, ავტომობილის დაზიანების შემდეგ, მან ძალადობრივი ქმედების ამსახველი ვიდეომასალა ატვირთა, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში, კონკრეტულად „ინსტაგრამ“-ზე. აღსანიშნავია, რომ ესეც დავალების ნაწილს წარმოადგენდა.

ვაქვეყნებთ დაკავებულის თანხმობით ჩაწერილ ვიდეოჩანაწერს, ჩვენების ნაწილს, სადაც ბრალდებული ყველაფერს თავად აფიქსირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამართალდამცველები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ტორესა მოსი აცხადებს, აქცია-პერფორმანსი პროტესტის ერთ-ერთი გამოხატულებაა და ამისთვის პირველი გიმნაზიის წინ ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლები „აამეტყველეს“.

„გადავწყვიტეთ სხვადასხვა საშუალებებით, ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა. მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს ამ პერფორმანსით ვაჩვენოთ, რომ მათი ხმა ყველაზე დიდი ინსტრუმენტია. გამოვიყენეთ 3D ვიზუალიზაცია და მწერლების ძეგლები ავამეტყველეთ”, – განაცხადა მწერალმა ტორესა მოსმა.

ძალადობაა, როცა ზეწოლის გზით გაიძულებენ გაიმეორო მათი „მესიჯები“, ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს – კახა კალაძე

ძალადობაა, როცა ზეწოლის გზით გაიძულებენ გაიმეორო მათი „მესიჯები“, ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს, სხვა შემთხვევაში ქვეყნის მტრად შეგრაცხავენ, ძალადობას კი მივყავართ საშინელ შედეგებამდე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” ვიდეომიმართვისას განაცხადა.

კახა კალაძემ ძალადობა უწოდა კამპანიას, რომელიც მისივე თქმით, საზოგადოების გახლეჩას და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის მტრის იარლიყის მიკერებას ისახავს მიზნად.

„დღეს ჩვენ ვხედავთ აგრესიულ კამპანიას, რომელიც აგებულია საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე პირისთვის ქვეყნის მტრის იარლიყის მიკერების მცდელობაზე. მათი ლოზუნგია-„ვინც ჩვენთან არ არის, ის ქვეყნის მტერია”. ამ ლოზუნგით იფუთება უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე, რომელიც უარს ამბობს უცხო ქვეყნის გავლენებზე, მათ ჩარევაზე საქართველოს შიდა პოლიტიკაში და მხარს უჭერს გამჭვირვალობას.

ძალადობაა, როცა ზეწოლის, ბულინგის, შეურაცხყოფის გზით სურთ, გაიძულონ, გაიმეორო მათი „მესიჯები“. ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს, სხვა შემთხვევაში ქვეყნის მტრად და მონად შეგრაცხავენ.

ძალადობას მივყავართ საშინელ შედეგებამდე, რასაც ვერ გაუძლებს ჩვენი ქვეყანა. რასაკვირველია, არავის უნდა დავუხაროთ თავს, რადგან ჩვენ ხელშია სიმართლე. არ არსებობს ქვეყნად სიმართლეზე დიდი იარაღი”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, „კანონი გამჭვირვალობის შესახებ” ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, შეამციროს უცხო ქვეყნების გავლენები და არჩევნების გზით საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

„ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ისევე როგორც თავის დროზე ამერიკამ, როგორც ახლა ცდილობს კანადა, ისევე როგორც ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე შეძლო კანონის ამოქმედება, საქართველომაც უნდა შეამციროს უცხოური გავლენები, იქნება ეს პირველ რიგში რუსეთის, თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის გავლენა. ამისთვის კი საჭიროა კანონის ამოქმედება.

ჩვენ ვერ მოვისმინეთ პასუხი ოპონენტებისგან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ: რატომ არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ რუსული? რატომ არა აქვს უფლება საქართველოს აამოქმედოს კანონი, რომელიც მოქმედია ამერიკის და ევროპის რიგ ქვეყნებში? როგორ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნა იქცეს ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად? ეს კითხვები უპასუხოდ რჩება, არადა პასუხი ძალიან მარტივია – არ მივიდეს ქვეყანა არჩევნებამდე და ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა. ამიტომ ჩვენ, საზოგადოებამ არ უნდა დავტოვოთ უპასუხოდ ეს კითხვები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა – მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განიხილეს.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის.

პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძემ აგვიხსნა, თუ რას შეეხება კანონი – თემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე

ცვლილებების რესურსი არსებობს, კი, მაგრამ რაც არ უნდა შეცვალონ, პრობლემა ის არის, რომ კანონი რუსულთან ასოცირდება, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესმენებსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრემიერი აპირებს დასავლეთთან საუბარს იმაზე, რომ საბოლოო შედეგით ყველა კმაყოფილი იყოს, მაგრამ კანონის გაწვევაზე საუბარი არ ყოფილა.

„ირაკლი კობახიძემ აგვიხსნა, თუ რას შეეხება კანონი. ჩემი პოზიცია არის ის, რაც თქვენი, ყველასი. მე არ დამრჩა შთაბეჭდილება იმის, რომ კანონს გაიწვევენ. პრობლემა კანონის შინაარსი იმდენად არ არის, რამდენადაც მისი სახელი, ის, რომ რუსული დაერქვა.

სერიოზული საუბარი გვქონდა. ისეთი სერიოზული თემები წამოიჭრა, როგორიც ახალგაზრდების მიმართ ძალადობაა აქციებზე. პრემიერ უთხრეს ისიც, რომ სამართალდამცველები გააფრთხილონ, რათა ასეთი რაღაც აღარ მოხდეს.

ასევე ვისაუბრეთ არჩევნების თემაზე. როგორ იქნება ის გამჭვირვალე, სწორი…

ცვლილებების რესურსი არსებობს, კი, მაგრამ რაც არ უნდა შეცვალონ, ის რომ კანონი რუსულთან ასოცირდება, ეს არის პრობლემა. პრემიერი აპირებს დასავლეთთან საუბარს იმაზე, რომ საბოლოო შედეგით ყველა კმაყოფილი იყოს, მაგრამ კანონის გაწვევაზე საუბარი არ ყოფილა.

ბიზნესმენებზე არ ყოფილა ზეწოლა, რანაირად უნდა იყოს. ყველა ბიზნესმენმა ინდივიდუალური პოზიციით უნდა იზრუნოს საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე. ჩვენ ჩვენი მხრიდან სერიოზული მოთხოვნები არ გვქონია”, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

11-12 მაისს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა რუსთავში, თელავში, ბორჯომსა და გორში გაიმართება

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით, 11-12 მაისს, რუსთავის, თელავის, ბორჯომისა და გორის მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.

„საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია”.

ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, კონსტიტუციური კანონის პროექტით ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი განისაზღვრება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ეს ქვეყანა ყველასია, ყველას აქვს ერთი ხმა, ეს არის დემოკრატია – შალვა პაპუაშვილი 

დღეს არის მცდელობა ეიჯიზმისა, თითქოს რომელიღაც ასაკის ადამიანს მეტი, რომელიღაცას ნაკლები ეთქმის. ეს ჩვეულებრივი ეიჯიზმია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის განცხადებით, ეს ქვეყანა ყველასია, უფროსის და უმცროსის, ქალის და კაცის და ყველას ეთქმის სიტყვა. მისი თქმით, ყველას აქვს ერთი ხმა, ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ.

„ასაკოვანი ადამიანის მიმართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა დამოკიდებულება ჰქონდა, ფაქტობრივად ჩარეცხეს გარკვეული ასაკის ადამიანები, ეს იყო ეიჯიზმი. „ნაციონალური მოძრაობის“ გამოგონილია ეს ეიჯიზმიც, რომელიც გამოყენებული აქვთ სხვა მხრივ. გარკვეულ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს რატომღაც თურმე მეტი უნდა ეთქმოდეთ, ვიდრე სხვებს. ეს ქვეყანა ყველასია, უფროსის და უმცროსის, ქალის და კაცის და ყველას ეთქმის სიტყვა. ყველას აქვს ერთი ხმა, ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. ეს არის დემოკრატია. 200 000 ადამიანი მოვიდა 29 აპრილს ამ იდეების მხარდასაჭერად და იმათი ხმა ხმა არ არის? თუ რანაირად ზომავენ? ასაკით, სქესით, თვალის ფერით? თუ სხვა რა მიდგომები აქვთ კიდევ ეიჯისტური თუ ფაშისტური?! მთავარი სათქმელი ზუსტად ეს არის. აქ საამაყო, სათქმელი ან ხაზგასასმელი ასაკი კი არ არის. მთავარი შინაარსია. არა ფორმა, არამედ შიგთავსი. ზოგი ასაკოვანი ახალგაზრდულად გამოიყურება და ზოგი ახალგაზრდა ასაკოვანად, ფორმა ხომ არ არის მთავარი, მთავარი შინაარსია. შინაარსი და კითხვა არის მარტივი – რა არის ამ კანონში ისეთი, რაც არის მიუღებელი, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო? ეს კანონი ზუსტად ამ თითოეული ახალგაზრდის ინტერესშია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მოვუწოდებთ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გადახედონ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას – ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გადახედონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად განიხილება საქართველოს პარლამენტში, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან.

„ჩვენ, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველოს მიენიჭა მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და შემდგომ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუმცა, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად განიხილება საქართველოს პარლამენტში, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. მიღების შემთხვევაში, კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაჩუმებლად, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ევროკავშირის კანონპროექტთან ქართული კანონპროექტის მსგავსებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დამაბნეველია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გადახედონ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა საქართველოსა და მისი ხალხის სუვერენული არჩევანია. ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში, წინაპირობების შესრულება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. საქართველოს ხელისუფლების ანტი-დასავლური რიტორიკა სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ არჩევანს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ შეთანხმების საფუძველზე, რომ 9 ნაბიჯი შესრულდებოდა. ამ ეტაპზე, აღნიშნული ნაბიჯების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებამ პროგრესს ვერ მიაღწია. ჩვენ გვაქვს ძლიერი სურვილი ვიხილოთ საქართველოს წარმატება მის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, როგორც ეს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილია. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარას გამოიყენებს, რაც გაძლიერებულმა ევროკავშირის გაფართოების პროცესმა წარმოქმნა და დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების კურსს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ერთადერთი, რაც ევროკავშირის ღირებულებასთან შეუთავსებელია, ეს არის „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ მიერ საქართველოში ფულის ფარული ხარჯვა სპეცსამსახურების მეთოდებით – შალვა პაპუაშვილი

ერთი წელი, მე ამაზე მქონდა საუბარი, მათ შორის ევროკომისიის წარმომადგენლებს, საელჩოებს, ელჩს, ყველას მივმართე ამასთან დაკავშირებით, რომ შეუთავსებელია, ევროკავშირის ღირებულებებთან უცხო ქვეყანაში სპეცსამსახურების მეთოდით ფულის ფარული ხარჯვა, რადიკალური ოპოზიციისა და ჯგუფების დაფინანსება,– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ზოგიერთ აქტორს ურჩევნია, აირიოს სიტუაცია საქართველოში, ვიდრე ის, რომ გასაჯაროვდეს, ვის, რას და რატომ აფინანსებენ.

,,ამ საკითხებზე მაღალი დონის რიგ წარმომადგენლებთან დახურულ კარს მიღმა ვთანხმდებით, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ დაფინანსების პრინციპები ეწინააღმდეგება ამ ღირებულებებს ორი მიზეზის გამო. ერთი, რომ ის არის ფარული და არ საჯაროვდება და მეორე, რომ შინაარსშიც ჩვენ რამდენიმე შემთხვევაზე გვქონდა მსჯელობა და შევთანხმდით იმაზე, რომ ნამდვილად, ეს იყო გადაცდომა, უფრო სწორად, ეს იყო ისეთი ხარჯვა, რომელშიც ჩადებული პოლიტიკური მიზნები. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია „დროა“, რომელიც არის პირდაპირი პოლიტიკური ფულად კონვერტირებული ვითომ დახმარების ფული.

რაც შეეხება მოწოდებებს, რომელიც გვესმის ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, საელჩოებისგან, თუ სხვადასხვა ქვეყნისგან ღირებულებებთან დაკავშირებით, თუკი ღირებულებები მათთვის მართლაც ფასეულია, ერთადერთი, რაც ეწინააღმდეგება ამ მთლიან ისტორიაში ევროპულ ღირებულებებს, ეს არის „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ მიერ საქართველოში ფულის ფარული ხარჯვა სპეცსამსახურების მეთოდებით, რაც უნდა შეწყდეს. ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურას შეუძლია, რომ ეს გააკეთოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჯობინებენ, ქართული საზოგადოება მიიყვანონ ისტერიამდე, საზოგადოება აჩხუბონ ერთმანეთთან, მათ შორის იმით, რომ დაბრენდონ ეს კანონპროექტი, თითქოს არის ანტიევროპული. სინამდვილეში, ნაცვლად იმისა, რომ ხუთი წუთი დახარჯონ და EED-ის ფონდის დაფინანსებები გაასაჯაროონ. რატომ მალავენ EED-ის დაფინანსებას. ეს მარტივი კითხვაა, რომელსაც როგორც ჩანს, მარტივი პასუხი არ აქვს და ზოგიერთ აქტორს ურჩევნია, აირიოს სიტუაცია საქართველოში, ვიდრე ის, რომ გასაჯაროვდეს, ვის, რას და რატომ აფინანსებენ, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარადოქსია, რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებლებმა, რუსები ეძახონ ხალხს, რომელთა მმართველობის დროს უზრუნველყოფილი იქნა წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე – მამუკა მდინარაძე

რაც არ უნდა დეტალური განმარტებები ვაკეთოთ კანონპროექტთან დაკავშირებით, სინამდვილეში ის არავის აინტერესებს, კანონპროექტი მხოლოდ საბაბია სიტყვა “რუსულის” გამოსაყენებლად, ხოლო არგუმენტი არა თუ რუსულობის, ოდნავი, ობიექტური პრობლემის შესახებაც კი ვერ წარმოადგინეს! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, უპასუხოდ დარჩა კითხვა, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა რუსული იყოს.

მისივე თქმით, არსებობს მრავალი პარადოქსი, მათ შორის ის, რომ ოპონენტები, რომლებმაც რუსეთს ტერიტორიების ნაწილი ჩააბარეს, სტრატეგიული ობიექტები გადასცეს და საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყება დააბრალეს, რუსებს ეძახიან ხალხს, რომელთა მმართველობის დროს გადაიდგა ყველა ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე.

“რაც არ უნდა დეტალური განმარტებები ვაკეთოთ კანონპროექტთან დაკავშირებით, სინამდვილეში ის არავის აინტერესებს, კანონპროექტი მხოლოდ საბაბია სიტყვა “რუსულის” გამოსაყენებლად, ხოლო არგუმენტი არა თუ რუსულობის, ოდნავი, ობიექტური პრობლემის შესახებაც კი ვერ წარმოადგინეს! ასე დარჩა უპასუხოდ ჩემი წინა დღეების პოსტებიც და მთავარი კითხვაც: როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს არაევროპული და გაუმჭვირვალობა – რუსული?!

პარადოქსები კი სხვებიც მრავლად გვაქვს:

1.პარადოქსი და საზოგადოების მძიმე შეურაცხყოფაა რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებლებმა, ომის დაწყების და ომის დანაშაულის საკუთარ ჯარისკაცებზე დამბრალებლებმა, სტრატეგიული ობიექტების რუსებზე გამსხვისებლებმა, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გარანტორმა ადამიანებმა რუსები ეძახონ ხალხს, რომელთა მმართველობის დროს იქნა უზრუნველყოფილი წარმატების აბსოლუტურად ყველა ეტაპი ევროინტეგრაციის გზაზე, კანდიდატის სტატუსის მიღების ჩათვლით!

2.აქციების პარალელურად გასაჯაროვდა ხელისუფლების წარმომადგენლების პირადი ნომრები, დაიწყეს რეკვები, შეურაცხმყოფელი მესიჯები (რაზეც ნაცებივით პანიკა და ტირილი არ აგვიტეხავს, ან შესაბამისად ვპასუხობდით, ან ვაიგნორებდით), საზოგადოებას აჩვენეს ვირთხული ძალადობის მაგალითები პარლამენტშივე, იძალადეს პოლიციელებზე პარლამენტს გარეთაც, იძალადეს ჟურნალისტებზე და ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში, დაიწყეს ბულინგის ფაშისტური კამპანია – როცა ამ ყველაფერმა განვრცობა მათზეც ჰპოვა, ძალადობა, ბულინგი, მუქარა მხოლოდ მაშინ გახდა ცუდი, მანამდე საამაყო საქციელი და სამშობლოსთვის ბრძოლა იყო

❗️აქვე, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ფიზიკურიც, ფსიქოლოგიურიც და ნებისმიერი სახის, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ის! იმედი მაქვს შესაბამისი უწყებები დეტალურად გამოიძიებენ ნებისმიერ შემთხვევას და დამნაშავეებიც მკაცრად დაისჯებიან!

3.პარადოქსია, როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გამჭვირვალობის კანონპროექტზე ავრცელებს არასწორ ინფორმაციას და ამბობს, რომ ამერიკაში ის მხოლოდ სხვა სახელმწიფოების მთავრობებისგან დაფინანსებას ეხება…

ამ განცხადებას თუ დავუჯერებთ, გიული ალასანია და ტელეკომპანია “ფორმულა” მთავრობის სახელით მოქმედი პირები ყოფილან.

სინამდვილეში კი, ამერიკული “ფარა” არა მხოლოდ სხვა მთავრობების, არამედ ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას ეხება!

4.გამჭვირვალობის კანონს იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც მკაცრად აკრიტიკებენ, რომელ ქვეყნებსაც გაცილებით მკაცრი რეგულაციები ან კანონპროექტები აქვთ ამ სფეროს დასარეგულირებლად.

5.მეხუთე სიმბოლური და განსაკუთრებულად ცინიკური პარადოქსი – ნაცები და ნაცების ტელევიზიების თანამშრომლები “იმედის” თანამშრომლების დაბულინგებას ცდილობენ და მიმართავენ, არ გრცხვენიათ? სად მუშაობთო…” – წერს მამუკა მდინარაძე.