Home Blog Page 4

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

თიბისის სტუდენტურ შეთავაზებებს კიდევ ერთი სიახლე დაემატა- 31 ოქტომბრის ჩათვლით, 18-23 წლის სტუდენტები, რომლებსაც აქვთ ახალი თიბისი ბარათი, Wendy’s-ის, Subway-ის და Dunkin-ის ფიზიკურ ობიექტებში თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას, 20%-იანი მომენტალური ქეშბექით ისარგებლებენ. კამპანიის პერიოდში, მათ ჯამში მაქსიმუმ 30 ლარი დაუბრუნდებათ (სამივე ობიექტში ერთად). აღნიშნული შეთავაზების დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.

ახალი თიბისი ბარათის მფლობელი სტუდენტები (18-23 წელი) 20%-იანი ქეშბექ შეთავაზებით სარგებლობენ შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებშიც:

  • საქართველოს უნივერსიტეტი
  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის | KIU შერჩეულ ობიექტში: პიკნიკი
  • ევროპის უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი | CU
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის | GIPA შერჩეულ ობიექტში: გურმე
  • თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების კაფეტერიის შერჩეულ ობიექტებში: Meama, ნუში, მსუნაგი ფისო
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში | IBSU შეთავაზება ვრცელდება აგროჰაბში
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში | TSMU შეთავაზება ვრცელდება აგროჰაბში
  • ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ყოველდღე, დეკემბრის თვის ბოლომდე, თუმცა მხოლოდ თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ერთი მომხმარებელი თვის მანძილზე, ჯამში მაქსიმუმ 20 ლარს დაიბრუნებს.

აიღეთ, ახალი თიბისი ბარათი და ისარგებლეთ თქვენზე მორგებული შეთავაზებებით.

სტუდენტების შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.

(R)  

ვრცელდება ინფორმაცია 4 ოქტომბრის დანაშაულზე დაკავებულების ნაწილზე, რომ მათ ან მათ შვილებს აქვთ მძიმე დაავადებები. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არც ერთი დამადასტურებელი დოკუმენტი -პროკურატურა

ორი დღეა, მთელ რიგ საინფორმაციო საშუალებებში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია შსს-ს თანამშრომლების მიერ 4 ოქტომბრის დანაშაულთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა ნაწილზე, რომ მათ ან მათ მცირეწლოვან შვილებს აქვთ მძიმე დაავადებები და თითქოს აღნიშნულ გარემოებას ბრალდების მხარე ყურადღებასაც კი არ აქცევს, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

პროკურატურის განცხადებით, მსგავსი ინფორმაციები კამპანიურად ვრცელდება, მაგალითად, ალექსანდრე გოგოლაძეზე, გიორგი ჩახუნაშვილზე, მათ შორის მის ასაკზე მითითებით და ა.შ.

„ამ ფონზე, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არცერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ინფორმაციას ხსენებული მძიმე დაავადებების შესახებ.

შესაბამისად, საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს დაცვის მხარეს, ნაცვლად ინფორმაციების კამპანიურად გავრცელებაში ჩართულობისა, პარალელურად მაინც წარმოადგინონ გავრცელებული ინფორმაციების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც საშუალებას მოგვცემს, ვიმსჯელოთ აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახის შეფარდების მიზანშეწონილობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო ნათელი გახდება, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციები ემსახურება მხოლოდ სუბიექტურ პიარულ მიზნებს და არა ბრალდებულების ინტერესებს – განსაკუთრებულ შემთხვევაში შეეფარდოთ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“დონალდ ტრამპის წარმატება ღაზაში აჩვენებს იმას, თუ რამდენად სცდებოდნენ ევროპელი ლიდერები მშვიდობის მიღწევაში”-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph), რომელიც აქტიურად აშუქებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით კი ღაზას სექტორში ისრაელისა და „ჰამასის“ ომს, აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით: “დონალდ ტრამპის წარმატება ღაზაში აჩვენებს იმას, თუ რამდენად სცდებოდნენ ევროპელი ლიდერები მშვიდობის მიღწევაში”. პუბლიკაციაში პოზიტიურად არის შეფასებული აშშ-ის პრეზიდენტის ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის დამყარებისა და მისი განმტკიცების მიზნით.

გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

ორწლიანი საომარი მოქმედებების შემდეგ შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ხუთშაბათს, 9 ოქტომბერს იქნა მიღწეული, არის დიდი ხნის ნალოდინევი ნაბიჯი სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის გზაზე.

ამჟამინდელი მდგომარეობის მიხედვით, ის მძევლები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან „ჰამასის“ ტყვეობაში (2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ) მალე იქნებიან გათავისუფლებულები და თავიანთ ოჯახებს შეუერთდებიან, დაღუპულები კი ღირსეულად დაიკრზალებიან. ისრაელი არმია უკან დაიხევს, თუმცა ჯერ-ჯერობით ღაზას სექტორის დიდ ნაწილზე კონტროლს შეინარჩუნებს.

გარიგების დანარჩენი მომენტები საკმაოდ არაერთგვაროვანია: წინ ჯერ კიდევ დიდი მუშაობაა ჩასატარებელი იმ გეგმის მიხედვით, რომელიც თეთრი სახლის მიერ არის შემუშავებული. ყველაზე გადაუდებელი და მნიშვნელოვანია ის ვალდებულება (დათმობა), რომ „ჰამასმა“, უპირველეს ყოვლისა, იარაღი უნდა დაყაროს, შემდეგ ყურადღება გადატანილი იქნება ღაზას სექტორის გრძელვადიან მართვაზე, ანუ მართვის ორგანოს შექმნაზე გარდამავალი პერიოდისათვის და იმ ამოცანის შესრულების უზრუნველყოფა, რომლის მიხედვით, „ჰამასს“ და მის წევრებს სამუდამოდ უნდა აეკრძალოთ ღაზას სექტორის მართვაში მონაწილეობა.

დიახ, ძალიან რთული და ხანგრძლივი გზა იქნება გასავლელი შეთანხმების მიზნების სრულად მისაღწევად. და მაინც, ამ სიძნელეთა მიუხედავად, დღეს უფრო მეტი ოპტიმიზმი არსებობს, რომ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის შანსი უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე და როგორც პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აღნიშნა, „ეს არანაირად არ მოხდებოდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ლიდერობის გარეშე“.

ის, რომ ჩვენ ამჟამად ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც გრძელვადიანი გარიგებების დადება შესაძლებელია და რომელიც შესაძლებლობას იძლევა მთლიანად შესრულდეს პალესტინის პრობლემის ყველა მხარის მოთხოვნები, არის თეთრი სახლის მზადყოფნის შედეგი – იმუშაოს ისრაელის სახელმწიფოსთან ერთად და არა შორიდან უყუროს და დაგმოს. რა თქმა უნდა, მშვიდობის მიღწევაში უდიდესი როლი მიუძღვის „ცახალს“ – ისრაელის თავდაცვის ძალებს, რომელიც სისტემატურად ანადგურებდა „ჰამასის“ ტერორისტულ ქსელს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველივე  ეს მიღწეული იქნა სწორედ ისეთი მოქმედებით, რომელიც დაგმეს სწორედ იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ პალესტინის სახელით მოქმედებენ. ემანუელ მაკრონს, ფრიდრიხ მერცს, გარკვეულწილად კირ სტარმერს და სხვა ევროპელ ლიდერებს, რომლებიც ამას წინათ რიგში დამწკრივდნენ და „ჰამასს“ ჯერ კიდევ არარსებული პალესტინის სახელმწიფოს აღიარება შესთავაზეს, დღეს თავიანთი სისუსტის გამო უნდა რცხვენოდეთ. ისინი ასევე უნდა დაფიქრდნენ იმაზეც, თუ რამდენად უნებისყოფოდ და უპრინციპო იყო მათი ძალისხმევა „ჰამასის“ დასაოკებლად.

ისრაელის გამარჯვება ამ კონფლიქტში არის იმის შეხსენება ზოგიერთებისათვის, რომ მშვიდობა საბოლოო ჯამში მიიღწევა ძალით და არა შორიდან მორალური შეძახილებითა და პოზიორობით. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმატება შუამავლობის განხორციელებაში დაზავების მიზნით ასევე ემსახურება იმის ილუსტრაციას, რომ მოლაპარაკების ეფექტიანობის მისაღწევად აუცილებელია დიალოგი მეორე მხარესთანაც, მხოლოდ დაგმობა საქმეს არ უშველის. ეს არის გაკვეთილები, რომელიც ევროპის კონტინენტმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააცნობიეროს და შეითვისოს, სანამ მას თავისი როლი და მნიშვნელობა საბოლოოდ არ დაუკარგავს.

წყარო:

“გეგმავს თუ არა ქართული ოპოზიცია “ფერად რევოლუციას” სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის უკანასკნელი ბასტიონის დასამხობად? -Al Jazeera

„საქართველოს ხელისუფლებამ აქტიური მოქმედება დაიწყო ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც ქუჩაში გამოვიდა და მუნიციპალურ არჩევნებში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გამარჯვებას აპროტესტებდა. აქციის მონაწილეები ასევე აკრიტიკებდნენ ქვეყნის ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას“, – ასეთი დასაწყისი აქვს კატარის ტელეკომპანიის „ალ ჯაზირას“ (Al Jazeera) ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით: “გეგმავს თუ არა ქართული ოპოზიცია „ფერად რევოლუციას სამხრე კავკასიაში, რუსეთის უკანასკნელი ბასტიონის დასამხობად?” (ავტორი – ფაჰიმ ას-სურანი).

პუბლიკაციაში განხილულია არჩევნებისშემდგომი მდგომარეობა საქართველოში, მთავრობისა და ოპოზიციის მოქმედება, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციამ მმართველი პარტიის გამარჯვება გააპროტესტა – თბილისის ქუჩებში გამოვიდა და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას შეეცადა, ხელისუფლების რეაქციამ არ დააყოვნა: პოლიციის სპეცრაზმმა ჯერ ანტისახელმწიფოებრივი აგრესიული აქციები აღკვეთა, მოგვიანებით კი ხუთი ოპოზიციოინერი პოლიტიკოსი დააკავა და მათ ბრალდება წაუყენა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის თაობაზე. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირისაგან ბოდიშის ოფიციალური მოხდა მოითხოვა იმისათვის, რომ ბრიუსელი ოპოზიციონერებს ხელისუფლების დამხობაში მხარს უჭერდა…

ოპოზიციის ლიდერთა დაპატიმრება, სავარაუდოდ, ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციას გაამწვავებს – განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს დაწყებული საპროტესტო აქციები  ბოლო თვეებში მინავლებული იყო. ოპოზიცია აცხადებს, რომ ბევრი ამომრჩეველი არ ენდობა ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს (ანუ მმართველი პარტიის გამარჯვებას) და აქციებში 80 ათასი ადამიანის მონაწილეობა – ეს მხოლოდ დასაწყისია.

Quo vadis, საქართველო?

„ვიდრე ხვალ“ – საით მიდის საქართველო? არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის – საკვანძო ასპექტს წარმოადგენს ქართული პოლიტიკური ძალების დაპირისპირებაში. ეს კონფლიქტი გამწვავდა ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, 2012 წელს, რომელმაც, თავდაპირველი პროდასავლური პოზიცია წლების განმავლობაში პრორუსულად შეცვალა და გასულ წელს გარკვეული მოსაზრებით ოპერატიულად შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი.

საქართველო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ოფიციალური თბილისი მეტ-ნაკლებად ნეიტრალურად ეკიდება რუსეთ-უკრაინის ომს და არ აჰყვა არც დასავლეთის და არც ოპოზიციის მოწოდებებს რუსეთის მიმართ მტრული განწყობა გამოევლინა და სანქციები დაეწესებინა. თავის მხრივ, მოსკოვმა, რასაკვირველია, შენიშნა საქართველოს მიდგომა ომის მიმართ და განაცხადა, რომ თბილისის საგარეო პოლიტიკურმა კურსმა რუსეთის „პოზიტიური გაკვირვება“ გამოიწვია. მართლაცდა, საქართველო ხომ ის ქვეყანაა, რომელიც ესწრაფვის ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს და რომლის პოლიტიკურ ძალები დასავლეთის კეთილგანწყობისათვის იბრძვიან, ამ დროს კი თბილისმა ბრიუსელის სურვილები უარყო და ანტირუსული ნაბიჯები არ გადადგა.

ობიექტურად თუ ვიტყვით, მოსალოდნელია, რომ საქართველო უახლოეს მომავალში უარს არ განაცხადებს თავის ევვროატლანტიკურ გზაზე. თუმცა იმავდროულად, სავარაუდოდ, თბილისი გააფართოვებს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას და საგარეო პოლიტიკაში მეტ ყურადღებას რეგიონულ თანამშრომლობას დაუთმობს. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ საქართველო ყურადღებას ამახვილებს სამხრეთ კავკასიაში გამავალ ჩინური „შუა დერეფნის“ პროექტის რეალიზებაზე და თურქული გაზის ჰაბის შექმნაზე, რომელიც მოიცავს არამარტო რუსულ, არამედ აზერბაიჯანული და თურქმენული გაზის ტრანზიტს ევროპისაკენ. შესაბამისად, საქართველოს აქვს იმის პერსპექტივა, რომ მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყნად გადაიქცეს  როგორც საზღვაო-სატვირთო გადაზიდვების, ასევე ენერგომატარებლების მიწოდებაში.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამასწინანდელი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების მიღებით საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაურთულდება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როცა თბილისმა მკაცრად განაცხადა, რომ არ დაუშვებს ქვეყანაში ბრიუსელის მიერ დაგეგმილი „ფერადი რევოლუციის“ რეალიზებას.

ამასთან, როგორც პოლიტოლოგი გივი აბაშიძე თვლის, „ფერადი რევოლუციის“ ტაქტიკამ, რომელიც მუნიციპალური არჩევნების შედეგების გაპროტესტებას ეფუძნებოდა, არ გაამართლა და წარუმატებელი გამოდგა. საერთოდ, ასეთი ტაქტიკის განსახორციელებლად აუცილებელია რამდენიმე საკვანძო ელემენტის არსებობა, მათ შორის, უნდა იყოს გავლენიანი გარეშე ძალები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ მთავრობაზე.

პოლიტოლოგი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ძალები, რომლებიც ადრე აქტიურად ერეოდნენ საქართველოს საშინაო საქმეებში, ახლა სხვა ამოცანების შესრულებაზე არიან გადართულნი. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ აშშ ამჟამად სიტუაციას უბრალოდ აკვირდება და განსაკუთრებულ ინტერესს არ ამჟღავნებს. ასევე ევროკავშირიც სერიოზული საშინაო პრობლემების წინაშე დგას, რომლის დამალვა უკვე შეუძლებელია. შესაბამისად, ამ სიტუაციამ გამოიწვია ოპოზიციური ძალებისადმი გაწეული ხარჯების შემცირება. ამრიგად, ოპოზიციის გეგმები და ოცნებები ახალი „მაიდნის“ შესახებ არ გამართლდა.

საქართველო – რუსეთის უკანასკნელი ბასტიონი?!

ალექსანდრე იუდინი, რუსი ანალიტიკოსი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, თვლის, რომ ერთი მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თავის სასარგებლოდ გამოიყენებს ოპოზიციის აგრესიულ მოქმედებას, შეეცდება ჩაახშოს რადიკალების „რევოლუციური სულისკვეთება“ და ევროპელ ლიდერებს აჩვენოს, რომ ბრიუსელის გეგმებს მათთვის სასურველი შედეგები არ მოაქვს. ანალიტიკოსის აზრით, ოპოზიციური ძალები და ისინი, რომლებიც ბრიუსელში გადაწყვეტილებებს იღებენ, თანდათანობით შეეგუებიან ახალ პირობებს და ახალ მეთოდებს მოძებნიან საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის მოსახდენად იმ შემთხვევაშიც კი, თუ თბილისი მზადყოფნას განაცხადებს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობის აღსადგენად.

მეორე მხრივ, ალექსანდრე იუდინი ვარაუდობს, რომ ხელისუფლების შემდგომმა ზეწოლამ ოპოზიციაზე, ეს იქნება მისი ლიდერების დაპატიმრება თუ საქმიანობის შეზღუდვა, შეიძლება ნეგატიური შედეგები მოიტანოს ქვეყნის საშუალო- და გრძელვადიან პერსპექტივაში. ექსპერტის მტკიცებით, „აუცილებელია ხელისუფლება გარკვეულ დათმობაზე წავიდეს, მაგალითად, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ოპოზიციონერებიც შეიყვანოს და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას შეეცადოს.

იმავდროულად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუს პოლიტიკოსებს მეტი ყურადღება დაუთმონ საქართველოს იმდენად, რამდენადაც ეს ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის უკანასკნელ ბასტიონს წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ მხედველობაში მივიღებთ საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას – ეს ქვეყანა ხიდის როლს ასრულებს ევროპასა და აზიას შორის, ასევე ორი მეზობელი ქვეყნისა და ხალხების ისტორიულ ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს

საქართველოსა და რუსეთს შორის საკმაოდ რთული დამოკიდებულების მიუხედავად , რომელიც უკვე მრავალი წელი გრძელდება 2008 წელს მომხდარი ომის გამო, თბილისს ძველებურად აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა მოსკოვისათვის: ევროპისა და აზიის გზების გადაკვეთაზე მდებარე ეს ქალაქი, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში დიდი იმპერიების მეტოქეობის ობიექტს და კავკასიის პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა, დღესაც ინარჩუნებს  ისტორიულ სტატუსს.

რუსეთი ასევე ისწრაფვის გამოიყენოს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნები და შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქართული ნავსადგურები თავისი კომერციული და ენერგეტიკული პროექტების რეალიზებისათვის. თავის მხრივ, საქართველო რუსული წარმოების პროდუქციის მსხვილ მომხმარებლად ითვლება.

წყარო: 

რადიკალების უტიფრობის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ, როცა „ევროპის სახალხო პარტიამ“ მოძალადედ „ქართული ოცნება“ გამოაცხადა, ევროკავშირის პრესსპიკერმა კი, რუსულ პროპაგანდაში დაადანაშაულა -გიორგი გრძელიშვილი

7 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოხატა ჩვენი პოლიტიკური გუნდის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ორგანიზებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა არცერთ ევროპულ  ქვეყანას, მათ შორის, არც ამერიკის ახალ ადმინისტრაციას არ დაუგმია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალების მხრიდან 4 ოქტომბერს ჩადენილი ანტიკონსტიტუციური ქმედებების შემდეგ, დაგმობის ნაცვლად, პოლიტიკური უტიფრობის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ როგორც „ევროპის სახალხო პარტიის“, ისე ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან“.

გრძელიშვილის განცხადებით, ამ პროცესების პარალელურად, მსჯავრდებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა.

„უფრო მეტიც, რადიკალების მხრიდან ანტიკონსტიტუციური ქმედებების შემდეგ არათუ დაგმობა, არამედ, ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური უტიფრობის მორიგი გამოვლინება, როდესაც ჯერ ევროპის სახალხო პარტიამ 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებში მოძალადედ „ქართული ოცნება“ გამოაცხადა, ხოლო ევროკავშირის პრესსპიკერმა მმართველ გუნდს რუსული პროპაგანდის წარმოებაში დასდო ბრალი. ამ პოლიტიკური პროცესების პარალელურად, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელს, რომელიც მსჯავრდებულია ძალადობის ფაქტზე საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და მისჯილი აქვს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთაშორისო პრესის ინსტიტუტისა და საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის პარტნიორობით დაწესებული მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა“, – აღნიშნა გიორგი გრძელიშვილმა.

როგორც გრძელიშვილმა აღნიშნა, ამაღლობელისთვის ჯილდოს გადაცემა, საქართველოს მიმართ არსებული უსამართლო პოლიტიკური დამოკიდებულების გაგრძელებაა და ქართული საზოგადოების მორიგ დაცინვას წარმოადგენს. მისივე თქმით, მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა მკაფიოდ აჩვენებს, რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია.

„ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა არის ერთგვარი გაგრძელება იმ უსამართლო პოლიტიკური დამოკიდებულების ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც რამდენიმე წელია გაუჩერებლად გრძელდება. გადაწყვეტილება, რომ გმირის ჯილდო გადასცენ დამნაშავეს, რომელიც მიზანმიმართულად თავს დაესხა პოლიციელს და ამ ქმედებით სილა გააწნა არა ერთ კონკრეტულ სამართალდამცველს, არამედ მთელ სისტემას და სახელმწიფოს, წარმოადგენს მორიგ  უტიფრობას, დაცინვას ქართული საზოგადოების, თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი მედიის მიმართ

მეორე მხრივ, მსჯავრდებული მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია, საერთაშორისო პრესა, რომელიც ზუსტად ისე, როგორც ბრიუსელის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ერთი ცენტრიდან იმართება, ერთი ხელით ტოტალურად კონტროლდება და ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ამ შემთხვევაში, მსჯავრდებული ამაღლობელი მიზანმიმართული ძალადობისთვის, სახელმწიფოსა და მის ინსტიტუციებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, ხოლო შედეგად ვხედავთ, რომ „დაუფასეს“ დავალების პირნათლად შესრულება და საერთაშორისო ასპარეზზე არც მეტი, არც ნაკლები – გმირად გამოგვიცხადეს,“ – განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ეს არის „დიფ სთეითის“ ხელწერა – პოლიტიკაშიც და მედიაშიც მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი – გაუკუღმართებული სტანდარტი, როდესაც ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებს მსხვერპლად აცხადებენ – კანონის აღმსრულებელ ხელისუფლებას კი მოძალადედ.

„როდესაც მოძალადე ჟურნალისტს გმირის ჯილდოს აძლევენ, ხოლო საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად შემსრულებელ ჟურნალისტებს რუსული პროპაგანდის გამხმოვანებლად მოიხსენიებენ ისე, რომ ერთი ფაქტის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ. მაშინ, როდესაც ქართული პოლიტიკური და მედია სივრცე გაჯერებულია უცხო ქვეყნის აგენტებით, რომლებსაც საკუთარი პატრონები უმეტეს შემთხვევაში აიძულებენ, რომ კედელს თავით დაეჯახონ, გადადგან ნებისმიერი უკანონო ნაბიჯი კანონიერი ხელისუფლების დასამხობად, მათ ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელის მოხდა საპატიმრო დაწესებულებებში უწევთ. გვარამია, მელია, ჯაფარიძე და სხვა აგენტები დღესაც იხდიან სასჯელს მზია ამაღლობელის მსგავსად, მაგრამ როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ გმირის წოდება მხოლოდ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა. საზოგადოებას აქვე შევახსენებ, რომ დიპ სტეიტის ფონდებიდან – რანგით შედარებით დაბალი, თუმცა არაერთი პრიზი გადაეცათ გასულ წლებში ნიკა გვარამიას და ნინო ლომჯარიას, ერთს მედიის, ხოლო, მეორეს – ადამიანის უფლებების სფეროში. ამ დროს, გვარამიას ერთადერთი დამსახურება ქართულ მედიაში არის ის, რომ ნორმად აქცია  დედის გინება და ბილწსიტყვაობა, რაც შეეხება ლომჯარიას, ის სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ პირადი  ომბუდსმენი იყო“, – განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.

რუსთაველის ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის “საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების” ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2025 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები ცნობილია

გამოვლინდა რუსთაველის ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2025 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები!

კონკურსის მიზანი

ა)  საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე;

ბ)   ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ – ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში;

გ) საქართველოსა და რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების გამოყენებით თანამშრომლური კონტაქტებისა და კვლევითი კონსორციუმების ჩამოყალიბება, მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებლად შეირჩა 2 სამეცნიერო პროექტი .

დეტალური ინფორმაცია გამარჯვებული პროექტების შესახებ გთხოვთ , იხილოთ ფონდის ვებგვერდზე :

https://shorturl.at/ZDwjl

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე სავსეა ენერგიით, რომელიც აუცილებლად სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ.
იმ პროექტებში, სადაც ლიდერის თვისებები და სიმამაცეა საჭირო, ვარსკვლავები ძლიერ მხარდაჭერას გპირდებიან. თქვენი თავდაჯერება თანამოაზრეებს მიიზიდავს და გაგიხსნით კარს, რომელიც ადრე დახურული გეჩვენებოდათ. პირად ურთიერთობებში გრძნობების გამოხატვის დროა. რომანტიკული თავგადასავალი ან მოულოდნელი ყურადღება სტაბილურ კავშირებს განაახლებს.
ვარსკვლავები მარტოხელებს ვნებით სავსე, საინტერესო ნაცნობობას ჰპირდებიან.
შემოქმედებაში ან განათლების სფეროში ჩადებული ინვესტიციები მომავალში შესანიშნავ დივიდენდებს მოიტანს.

კურო

თქვენი ყურადღება ოჯახურ საქმეებსა და სახლთან დაკავშირებულ საკითხებზეა გადატანილი. შესანიშნავი დღეა ინტერიერისთვის ლამაზი ნივთების შესაძენად, სტუმრების მისაღებად ან ახლობლების წრეში გულითადი საღამოს გასატარებლად.
სამუშაო პროცესები მოთმინებასა და მეთოდურ მიდგომას მოითხოვს. ხელმძღვანელობა თქვენს შრომისმოყვარეობასა და საიმედოობას დააფასებს. შესრულებული სამუშაოს ხარისხი თქვენს პროფესიულ პოზიციებს გაამყარებს.
ეცადეთ დასვენებისთვის დრო გამონახოთ. ეს ძალების აღდგენასა და შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ამ დღეს თქვენ გარშემო ინფორმაციული ნაკადები განსაკუთრებით ინტენსიური და საინტერესო გახდება. ხანმოკლე მოგზაურობა, შეხვედრები და მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის. პიროვნული ხიბლი და გამჭრიახობა ადამიანებთან საერთო ენის პოვნაში დაგეხმარებათ, ხოლო ახალი ნაცნობობა არამხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც აღმოჩნდება.
შესანიშნავი დროა სწავლისა და ახალი უნარების დასაუფლებლად. გონება ორმაგი სისწრაფით იმუშავებს და ნებისმიერ ინფორმაციას მარტივად აითვისებს.
გულწრფელი საუბარი ძველი გაუგებრობის გარკვევაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ამ დღის ამოცანა მატერიალური საკითხების მოგვარებაა. ვარსკვლავები დამატებითი შემოსავლის მისაღებად და ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესანიშნავ შესაძლებლობებს გთავაზობენ. ხელსაყრელი დროა ბიუჯეტის დაგეგმვისა და დიდი შესყიდვებისთვის.
დააფასეთ ის, რაც გაქვთ და თქვენი შრომის შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნა ნუ მოგერიდებათ.
ამ დღის ენერგია პირადი საზღვრებისა და ინტერესების დაცვაში დაგეხმარებათ.
საღამოს შეგიძლიათ საკუთარი თავი გემრიელი ვახშმით, სპა-სალონში ვიზიტით ან დიდი ხნის ნანატრი ნივთის შეძენით გაახაროთ.
სხეულის კომფორტზე ზრუნვა დადებით ენერგიას და პოზიტიურ განწყობას მოგიტანთ, რაც შრომის ნაყოფიერებაზე აისახება.

ლომი

ამ დღეს თქვენი პიროვნული მიმზიდველობა და სიცოცხლისუნარიანობა მწვერვალს მიაღწევს. დროა, საკუთარი შესაძლებლობები თამამად გამოავლინოთ და თქვენი პროექტები წარადგინოთ.
ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თქვენი ნებისმიერი ინიციატივა ღირსეულად დაფასდება. ნუ დაელოდებით, რომ თქვენ ნაცვლად, გადაწყვეტილება სხვამ მიიღოს — დამოუკიდებლად იმოქმედეთ. თქვენი ლიდერული თვისებები გუნდს გააერთიანებს და საერთო მიზნისკენ წაიყვანს.
ამ დღეს გარეგნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება — გარდერობის განახლება, ვარცხნილობის შეცვლა ან ახალი სამოსი განწყობას გაგიუმჯობესებთ და თქვენს ბუნებრივ მაგნეტიზმს გააძლიერებს.

ქალწული

ამ დღეს ინტუიცია უჩვეულოდ გამძაფრდება და ფასეულ მინიშნებებს მოგცემთ, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. სამუშაო, რომელიც წვრილმანებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს უმჯობესია ხმაურისა და აურზაურისგან მოშორებით შეასრულოთ. ძველი საქმეების დასრულება და დოკუმენტების მოწესრიგება შინაგან კმაყოფილებას მოგანიჭებთ.
იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და ყურადღება მიაქციეთ თქვენი სხეულიდან მომავალ სიგნალებს. მშვიდი დასვენება, ჯანსაღი კვება და ზომიერი ფიზიკური აქტივობა ახალ, აქტიურ პერიოდზე გადასასვლელად მოგამზადებთ.

სასწორი

საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა ან ახლობლებთან არაფორმალური შეხვედრა შესანიშნავად ჩაივლის.
ხელსაყრელი დღეა პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად. რაც უფრო სწრაფად დაეშვებით ღრუბლებიდან, მით უფრო მალე მიაღწევთ სასურველ შედეგს.
ამბიციური გეგმების ნუ შეგეშინდებათ — გარშემომყოფთა მხარდაჭერა გარანტირებულია. გუნდური მუშაობა წარმატების გასაღები გახდება.
პასუხისმგებლობები გაანაწილეთ და პარტნიორების აზრს ყურადღებით მოუსმინეთ —ერთობლივ საქმეში გენიალური იდეა დაიბადება, რომელიც საერთო წარმატებამდე მიგიყვანთ.

მორიელი

ამ დღეს გაჩნდება შანსი, რომ პროფესიული ცოდნა გამოავლინოთ და ხელმძღვანელობის ან გავლენიანი ადამიანების აღიარება დაიმსახუროთ. სამსახურში თუ პირად ურთიერთობებში სასურველი შედეგის მისაღწევად ერთადერთი საშუალება ინიციატივის გამოჩენაა. შეგიძლიათ მაღალი მიზნები დაისახოთ — ვარსკვლავები მათ მისაღწევად მხარდაჭერას გპირდებიან.
საჯარო გამოსვლები და პრეზენტაციები ბრწყინვალედ ჩაივლის. შესაძლოა, საღამოს ხალხმრავალ წვეულებაზე მიგიწვიონ, მაგრამ დიდხანს ნუ დარჩებით – ახლა ძალების აღდგენისთვის მშვიდი დასვენება და სრულყოფილი ძილი გჭირდებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენს მოქმედებებს ახალი ცოდნისა და შთაბეჭდილებების სურვილი განსაზღვრავს. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის დაწყების, მგზავრობის დაგეგმვის ან სხვა საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისთვის. თვალსაწიერის გაფართოება არა მხოლოდ სიამოვნებას, არამედ ახალ, პერსპექტიულ იდეებსაც მოგიტანთ. საგანმანათლებლო საქმიანობა განსაკუთრებით წარმატებული იქნება — ჩაეწერეთ კურსებზე, დაესწარით ლექციას ან პროფესიული ლიტერატურა წაიკითხეთ. ცოდნის გაზიარება თქვენს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებთ და გააფართოებს.

თხის რქა

ამ დღეს გარშემო მყოფებისგან ძალიან ბევრს ელით ან ძალიან ცოტას იღებთ, მაგრამ შედეგით ყველა უკმაყოფილოა. შესაძლოა, შეიქმნას სიტუაცია, რომელიც ნებისყოფას და შინაგან ძალას მოითხოვს. სირთულეების გადალახვა გაგაძლიერებთ და უფრო ბრძენს გაგხდით. ფინანსურ საკითხებს, რომლებიც საერთო რესურსებს, კრედიტებს ან ინვესტიციებს უკავშირდება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ინტუიცია რთულ სიტუაციაში სწორ გზას მიგასწავლით. შესაძლებელია მოულოდნელი მხარდაჭერა პარტნიორის მხრიდან. ახლობლებთან ურთიერთობები უფრო ღრმა და ნდობით სავსე გახდება.
რთული თემების განხილვის ნუ შეგეშინდებათ — გულწრფელობა სწორედ ის გასაღებია, რომელიც კავშირს გაამყარებს და ახალ დონეზე აიყვანს.

მერწყული

ამ დღეს მთელი ყურადღება პარტნიორული ურთიერთობებისკენ გაქვთ გადატანილი. თანამშრომლობა სხვა ადამიანებთან – იქნება ეს საქმიანი პარტნიორი თუ საყვარელი ადამიანი, წარმატებისა და ჰარმონიის გასაღები გახდება. თქვენი უნარი, იპოვოთ კომპრომისი და მოუსმინოთ სხვას, სათანადოდ დაფასდება. ყველა კავშირი, რომელიც დღეს დამყარდება, ხანგრძლივი და ნაყოფიერი იქნება.
მარტოხელა მერწყულების ცხოვრებაში ახალი ადამიანი მოულოდნელად გამოჩნდება და მაშინვე ყურადღებას მიიქცევს თავისი ინტელექტითა და პიროვნული ხიბლით.

თევზები

ყოველდღიური საქმეები და სამუშაო ვალდებულებები თქვენს ყურადღებასა და ორგანიზებულობას მოითხოვს. სამუშაო ადგილის მოწესრიგება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვან სარგებელს მოგიტანთ. ამოცანები, რომლებიც ადრე რთულად და რუტინულად გეჩვენებოდათ, ახლა მარტივად დასალევი გახდება. კოლეგები თქვენს დახმარებასა და გონივრულ რჩევებს დააფასებენ.
ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტად იქცევა. მიაქციეთ ყურადღება დღის რეჟიმსა და კვებას. პროფილაქტიკური პროცედურები და სპორტი შესანიშნავ შედეგს მოგიტანთ და ენერგიასა დიდხანს შეგინარჩუნებთ.

შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ რვა პირი დააკავა

შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ რვა პირი დააკავა, ოთხი კი მიმალვაში იმყოფება,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში უკვე დაკავებულია 44 პირი.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ იმ პირების გამოვლენასა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

გამოძიების ფარგლებში, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ დაკავებულია კიდევ რვა პირი: ზ.ა., ⁠ა. დ., ⁠ი. ჩ.,⁠ ხ.გ., გ.ჩ., გ.მ., რ.მ., ი.დ., ხოლო ოთხი პირი მიმალვაში იმყოფება.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გავრცელებული არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად – შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

ვიდეოსამეთვალყურეო მასალების გაშიფვრისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს სასახლის ეზოს ჯებირები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სიახლეებს საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა თანამდებობის პირის ქმედებებს -ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით რუსული მხარე ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა კომპენსაციების თვალსაზრისით, სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა თანამდებობის პირის ქმედებებსაც.

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა დუშანბეში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, თვითმფრინავის კატასტროფიდან მალევე, სატელეფონო საუბრის დროს, აზერბაიჯანელ კოლეგას ბოდიში მოუხედა, რომ „ტრაგედია სწორედ რუსეთის ცაში მოხდა“.

„ვისურვებდი ამის გამეორებას, განახლებას და თქმას, რომ ჩვენ უდავოდ, როგორც შევთანხმდით, ყველანაირ დახმარებას ვუწევთ გამოძიებას. გამოძიება დასასრულს უახლოვდება და ახლა, საერთო ჯამში, შეიძლება ამ ტრაგედიის, ამ კატასტროფის მიზეზებზე საუბარი“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, კატასტროფა რამდენიმე გარემოებას უკავშირდება. პირველი არის ის, რომ შემთხვევის დროს რუსეთის საჰაერო სივრცეში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი იმყოფებოდა. კიდევ ერთ მიზეზად პუტინმა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ტექნიკური ხარვეზი დაასახელა, რის გამოც გაშვებული ორი რაკეტა თვითმფრინავის სიახლოვეს აფეთქდა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, თვითმფრინავის ეკიპაჟს ასევე შესთავაზეს მაჰაჭყალაში დაშვება, თუმცა მან ბაზირების აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

„უდავოდ, რუსული მხარე ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებში, კომპენსაციების თვალსაზრისით და ყველა თანამდებობის პირის ქმედებებს მიეცემა სამართლებრივი შეფასება. რა თქმა უნდა, ამ ტრაგედიასთან დაკავშირებული ეს სიტყვები, რომლებიც მიზნად ისახავს ოჯახების მორალურ მხარდაჭერას, არ წყვეტს მთავარ პრობლემას – არ აღადგენს იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომლებიც ტრაგედიის შედეგად დაიღუპნენ. ვიმეორებ, ჩვენი მოვალეობაა და, ამაზე თავიდანვე შევთანხმდით, რომ საჭიროა ყველაფრის ობიექტური შეფასება და რეალური მიზეზების გამოვლენა. თუმცა, ამას გარკვეული დრო სჭირდება. საბოლოო წერტილის დასმას ალბათ, კიდევ რაღაც დრო დასჭირდება. საერთო ჯამში, მე ძირითადად მოკლედ გადმოგეცით ის, რაც ჩვენს შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, გუშინ, გუშინწინ მომაწოდეს. გულწრფელად რომ ვთქვა, გუშინ ღამით მოსკოვშიც კი დავრეკე და ვკითხე, იყო თუ არა რაიმე დამატებითი დეტალი. პრაქტიკულად ყველაფერი გითხარით, რაც ვიცი“, – თქვა პუტინმა.

თავის მხრივ, ალიევმა მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს, რომ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებული სიტუაცია პირად კონტროლზე აქვს აყვანილი.

„თქვენ პირადად აკონტროლებთ გამოძიების მიმდინარეობას და ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ის ყველაფერს ობიექტურად გაარკვევდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ საჭიროდ ჩათვალეთ ამ საკითხის განხილვა ჩვენს შეხვედრაზე“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან კატასტროფა 2024 წლის 25 თებერვალს განიცადა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი გამოძიებით, თვითმფრინავი რუსული რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა.

სუს-მა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, გიორგი ქემოკლიძე დააკავა

თანამშრომლებმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავეს.

ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, გიორგი ქემოკლიძის დაკავება გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს უკავშირდება.

სუს-ის ცნობით, გიორგი ქემოკლიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

„საზოგადოებას დეტალურად გვინდა გავაცნოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები პენიტენციურ დეპარტამენტში გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რასაც, თავის მხრივ, უკავშირდება გ.ქ.-ს დაკავება, ასევე, საგამოძიებო მიმართულებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გ.ქ.-მ პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის საკანში შეიყვანა სპეციალურად შერჩეული ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ, რისი განხორციელებაც იმ ეტაპზე  ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ, განზრახვის ბოლომდე მისაყვანად გ.ქ.-მ ბაჩიაშვილის საკანში შეიყვანა პატიმარი კ.მ. მისი შესვლისთანავე გიორგი ბაჩიაშვილმა, წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაძაბა კ.მ.-სთან ურთიერთობა, რასაც მათ შორის მოყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება. აღნიშნული ინციდენტის შემდგომ, როგორც დაგეგმილი იყო, ეს ამბავი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელდა ისე, თითქოს პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს, რაც თავის მხრივ პირველ რიგში, გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესებში შედიოდა და წარმოადგენდა გ.ქ.-სთან ერთად დაგეგმილი ინსცენირების პირველად მიზანს.

საბოლოო მიზნად განსაზღვრული იყო გავრცელებული ინფორმაციის გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ გამოყენება, როგორც შიდა პიარული მოხმარებისთვის და საქმის  დაზარალებულის წინააღმდეგ,  ასევე, იგივე მიმართულებით სტრასბურგის სასამართლოში.

აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეთანხმების საფუძველი, მაღალი ალბათობით, შესაძლოა, ყოფილიყო კორუფციული გარიგება, რის გამოც საქმე იუსტიციის სამინისტროდან გამოსაძიებლად სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს გადმოგვეცა.

გამოძიების მიერ მოპოვებულმა მასალებმა კიდევ უფრო გაამყარა ზემოთ ხსენებული ინფორმაცია, ვინაიდან არსებული მტკიცებულებებით დასტურდება რომ:

გ.ქ.-მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება.  კერძოდ, მისი ბრძანებით, 2025 წლის ივნისში, მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში მდებარე იმ საკანში, სადაც იმყოფებოდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი, ყოველგვარი აღრიცხვის (ე.წ. გატარების) გარეშე შეასახლეს სხვა პენიტენციური დაწესებულებიდან გადმოყვანილი ორი პატიმარი ნ.ჯ. და ი.გ., რომლებმაც გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად აღნიშნულ საკანში დაჰყვეს 10 დღე. გ.ქ.-ს ბრძანებით მოხდა  საკნის შესასვლელი კარის სამეთვალყურეო კამერების გათიშვა, რათა არ დაფიქსირებულიყო ხსენებული პირების ბაჩიაშვილის საკანში შესვლა და გამოსვლა, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ ბაჩიაშვილის საკანი დატოვეს, გ.ქ.-ს დავალებით მთლიანად წაიშალა საკანში ზემოთ აღნიშნული ორი პატიმრისა და გიორგი ბაჩიაშვილის ერთად ყოფნის ამსახველი ვიდეომასალა.

ძალიან საყურადღებო და ნიშანდობლივია ერთი გარემოება, ამ დრომდე, არც გ.ქ.-ს და არც გიორგი ბაჩიაშვილს, როგორც გამოძიებაში, ასევე საჯარო სივრცეში, არსად დაუფიქსირებიათ ჩვენ მიერ ზემოთ ხსენებული ორი პატიმრის გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად საკანში ყოფნის ფაქტი. მათ ეს დაუმალეს, როგორც საგამოძიებო ორგანოს, ასევე საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი და მისი გარემოცვა საზოგადოებასთან კომუნიცირებდა დეტალების დონეზე. აქვე უნდა აღნიშნოს ისიც, რომ მრავალტომიან სისხლის სამართლის საქმეში გუშინდელ დღემდე, არცერთ მოწმეს არ უხსენებია ზემოთ აღნიშნული ორი პატიმრის გიორგი ბაჩიაშვილთან ათდღიანი შესახლების შესახებ.

გარდა ამისა, 2025 წლის 11 ივლისს, გ.ქ.-ს ბრძანებით, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში შეასახლეს, ასევე სხვა პენიტენციური დაწესებულებიდან გადმოყვანილი პატიმარი კ.მ. რის შემდეგაც საზოგადოებას პატიმარ ბაჩიაშვილის მხარემ აცნობა, რომ თითქოს ბაჩიაშვილი საკანში სხვა პატიმარმა სცემა, თუმცა გამოძიებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ რეალურ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე გ.ქ.-ს ბრძანებით ბაჩიაშვილის საკნის სამეთვალყურეო კამერები  გათიშეს, რათა არ მომხდარიყო ვიდეოჩანაწერის გაკეთება, შესაბამისად, არ გამჟღავნებულიყო რა მოხდა რეალურად გიორგი ბაჩიაშვილის საკანში. აღნიშნული, თავის მხრივ, ადასტურებს ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირებასთან დაკავშირებული განზრახვის ფაქტს“, – აცხადებენ სუს-ში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი ქმედების შესახებ კვალიფიკაციის დაზუსტების, საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა დეტალებისა და დანაშაულში სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობის დასადგენად.

 “რა არის “ანტიფა”, რომლის წინააღმდეგ დონალდ ტრამპი გამოდის?” -Financial Times

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რა არის „ანტიფა“, რომლის წინააღმდეგ დონალდ ტრამპი გამოდის?“ (ავტორები – სტეფ ჩავესი და სტეფანია პალმა). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ში ფართოდ ცნობილი ტერმინის “ანტიფას“ არსი და განმარტებულია, თუ რა იგულისხმება ამ სახელწოდების უკან. ასევე გაანალიზებულია აშშ-ის ხელისუფლების ბრძოლის ფორმები და მეთოდები “ანტიფას” წინააღმდეგ.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

თეთრ სახლში გამართული „მრგვალი მაგიდის“ დროს დონალდ ტრამპმა გააორმაგა კამპანია „რადიკალური მემარცხენეების“ ანუ „ანტიფას“ (ანტიფაშისტური მოძრაობის) წინააღმდეგ, რომელიც მან ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

ოთხშაბათს, დიდ მაგიდასთან, რომლის ირგვლივაც მისი ადმინისტრაციის ცნობილი პირები ისხდნენ, პრეზიდენტმა განაცხადა: „ყველა ამერიკელისათვის ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ძალიან სერიოზული მემარცხენე რადიკალური ტერორისტული საფრთხე, ანუ არსებობენ რადიკალები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ადგილობრივ ტერორისტულ დაჯგუფება „ანტიფასთან“.

ჩამოთვალა რა აშშ-ის ქალაქებში მომხდარი ძალადობის ფაქტები, დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა: „ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის დანგრევა სურთ. ჩვენ არ მივცემთ მათ ამის ჩადენის ნებას. მათი მიზანი მიუღწეველია“.

რა არის ანტიფა?

„ანტიფა“ – არის ტერმინ „ანიტიფაშისტის“ შემოკლებული ფორმა და წარმოადგენს დეცენტრალიზებულ მოძრაობას რომელიმე გამოკვეთილი ლიდერის გარეშე და შედგება უკიდურესად მემარცხენე პირებისაგან, რომლებიც გამოდიან ყოველივე იმის წინააღმდეგ, რასაც ისინი ფაშისტებად და მემარჯვენე ორგანიზაციებად თვლიან.

„ანტიფა“ – ეს არის იარლიყი იმ ადამიანებისათვის, „რომლებიც მხარს უჭერენ განსაზღვრულ იდეოლოგიას და რომლებიც თვლიან, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებული ფაშისტური წარმონაქმნების წინააღმდეგ საბრძოლველად ძალადობა გამართლებულია“ – კონკრეტული ორგანიზაციებისა და თვით მთავრობის  ჩათვლით, – განმარტავს დევიდ შანცერი, ტერორიზმისა და ეროვნული უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის Triangle-ს დირექტორი, რომელიც დიუკის უნივერსიტეტში (ჩრდილოეთი კაროლინას შტატი) არსებობს.

„ანტიფას“ არ აქვს წევრთა სია ან რაიმე დოქტრინა, ის არ კრეფს ფულს, არ ატარებს კრებებს და არ გააჩნია თავისი ვებ-საიტი, რომელიც თითქმის ყველა აღიარებულ ორგანიზაციას და მოძრაობას აქვს.

დევიდ შანცერის თქმით, „კონსენსუსი“ ტერორიზმის ამერიკელ ექსპერტებს შორის იმაში გამოიხატება, რომ ანტიფა არის „იდეოლოგია“, რომელიც „არ გამოვლენილა ორგანიზაციულად და არ გაფორმებულა ორგანიზაციად“.

მაშ რატომ გამოცხადდა „ანტიფა“ ტერორისტულ ორგანიზაციად?

თავის ბრძანებულებაში ამ დაჯგუფების აკრძალვის შესახებ დონალდ ტრამპმა მიუთითა, რომ „ანტიფა“ არის „მილიტარისტული, ანარქისტული მოძრაობა, რომელიც ღიად მოუწოდებს აშშ-ის მთავრობის დამხობისაკენ, გამოდის სამართალდამცველი ორგანოებისა და ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის წინააღმდეგ“.

მოძრაობამ საყოველთაო ყურადღება მიიპყრო 2020 წელს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ, რომელმაც მასობრივი პროტესტების ტალღა გამოიწვია აშშ-ში. მართალია, დემონსტრაციების უმრავლესობას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა „ანტიფა“  ძალადობასა და მაროდიორობაში დაადანაშაულა. ბოლო დროს კი იმ საპროტესტო აქციებში, რომლებიც ადმინისტრაციის მიერ საიმიგრაციო ზომების გამკაცრებამ და რიგ ქალაქებში, რომლებსაც დემოკრატები მართავენ, ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების შეყვანამ გამოიწვია, ისევ „ანტიფა“ იქნა დადანაშაულებული.

„იმ ადამიანების ტერორისტებად გამოცხადება, ვინც აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამოდის, შესაძლოა ტრამპის „პოლიტიკურ მცდელობას“ წარმოადგენს – აჩვენოს თავის მომხრეებს, რომ ხელისუფლება ზომებს იღებს ბევრი არასასურველი ელემენტის მიმართ, რომლებიც აკრიტიკებენ რესპუბლიკური ადმინისტრაციის მოქმედებასა და პოლიტიკურ კურსს, არ ეთანხმებიან MAGA-ს („დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) მოძრაობის იდეებს“, – ამბობს დევიდ შანცერი, – „ვფიქრობ, ეს არის მცდელობა, რომ ყურადღება არ მიექცეს სხვა ექსტრემისტულ მოძრაობებს, რომელიც უკეთესად არიან ორგანიზებულები, მაგრამ ულტრამემარჯვენეებს  მიეკუთვნებიან“.

წარმოადგენს თუ არა „ანტიფა“ ტერორისტულ საფრთხეს?

მონაცემები აჩვენებენ, რომ მემარცხენე ექსტრემისტები შედარებით ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ აშშ-ის უსაფრთხოებისათვის ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში, ვიდრე მემარჯვენე დაჯგუფებები, რომლებიც თავისი მიზნების მისაღწევად ძალადობას მიმართავენ.

აქვე ვიტყვით იმასაც, რომ ბოლო დროს მემარცხენეების მიერ მოწყობილი თავდასხმების რაოდენობაც მატულობს.

ანალიტიკური ორგანიზაციის „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ (CSIS) ინფორმაციით, 1994 წლის ივლისიდან 2025 წლის ივლისამდე მემარჯვენეების მიერ 495 ტერორისტული ოპერაციაა მოწყობილი, ხოლო მემარცხენეების მიერ – მხოლოდ 68. მაგრამ საყურადღებოა, რომ მიმდინარე წელს მემარცხენეთა მხრიდან ხუთი თავდასხმა მოხდა, მემარჯვენეების მიერ კი მხოლოდ ერთი.

„2025 წელს, პირველად 30 წლისა და მეტი ხნის განმავლობაში, მემარცხენეთა მიერ ჩადენილმა ტერაქტების რაოდენობამ მემარჯვენეების ჩადენილს გადააჭარბა“, – ნათქვამია CSIS-ის ამასწინანდელ მოხსენებაში.

სეტ ჯონსი, CSIS-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი, ამბობს: „ჩვენი მონაცემები მართლაც აჩვენებს იმას, რომ შეინიშნება უკიდურეს მემარცხენეთა აგრესიული აქტიურობის დონის ზრდა, განსაკუთრებით მიმდინარე წელს. მაგრამ რამდენად არის ეს ზრდა დაკავშირებული „ანტიფას“ აქტიურობასთან? საკმაოდ შეზღუდულად“.

„აშშ-ში შიდა ტერორიზმის უმეტესი შემთხვევები ჩადენილია არა იმდენად რომელიმე ჯგუფების, არამედ უფრო ცალკეული პირების მიერ“, – განმარტავს ექსპერტი.

რას ნიშნავს „ტერორისტულ დაჯგუფებად“ აღიარება?

დონალდ ტრამპის ბრძანებულება ფედერალურ ორგანოებს მოუწოდებს, რომ „ანტიფას“ ნებისმიერი უკანონო ოპერაცია გამოიძიოს, აღკვეთოს და მისი ლიკვიდაცია მოახდინოს, მაგრამ არ არსებობს არანაირი იურიდიული მექანიზმი, რომლის მიხედვით, მოხდება რომელიმე ადგილობრივი დაჯგუფების მიკუთვნება „ანტიფას“ მოძრაობისადმი.

ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარება არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ სამართალდამცველებმა თავიანთი რესურსების ნაწილი სპეციალურად მიმართონ ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად და მათ აღსაკვეთად.

იმ დროს, როცა ევროპის ქვეყნები ბევრ ადგილობრივ ორგანიზაციას ტერორისტულთან აიგივებენ, აშშ-ში ამას თავს არიდებენ – დიდწილად იმის გამო, რომ მოქალაქეებს აქვთ მტკიცე საკონსტიტუციო დემოკრატიული უფლებები და მათი დარღვევა აშშ-ში, ტრადიციულად, რეზონანს იწვევს.

„დონალდ ტრამპის ბრძანებულება უფრო პერფორმატიულ („სიტყვიერ“) აქტს ჰგავს“, – ამბობს დევიდ შანცერი, – როგორც ჩანს, მის ადმინისტრაციაში  არარსებული ორგანიზაციის ლიკვიდირებას ცდილობენ“, – [ირონიულად] ამბობს დევიდ შანცერი.

და მაინც, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ, რომელიც დონალდ ტრამპთან ერთად იჯდა ოთხშაბათს თეთრ სახლში გამართული სადისკუსიო „მრგვალი მაგიდის“ დროს, პირობა დადო, რომ „ანტიფას“ ბოლოს მოუღებს.

„ჩვენ არ გავჩერდებით მხოლოდ იმ დამნაშავეების დაპატიმრებებზე, რომლებსაც ქუჩებში ვხედავთ“, – გამაფრთხილებად თქვა მან, – „ჩვენთვის დამნაშავეობასთან ბრძოლა – ეს უფრო სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ეს არის ტერორისტული ორგანიზაციების აგურ-აგურ დაშლა და დანგრევა, ანუ იგივე, რასაც ტერორისტული კარტელების წინააღმდეგ ვაკეთებდით. ჩვენ იგივე მეთოდის გამოყენება გვინდა „ანტიფას“ წინააღმდეგაც“.

წყარო:

რა ეღირება დოლარი და ევრო 10 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7125 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7125 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7128 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1517 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1550 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0033 ლარი შეადგინა.