Home Blog Page 4

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, როგორც დედაქალაქის მერი, გვაქვს სრული მზადობა, რომ აშშ-სთან ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან – კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილისა და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გამოქვეყნებულ ღია წერილებთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად განუცხადა, ხელისუფლება გულშემატკივრობს ტრამპს მისი მთავარი დაპირებების შესრულებაში.

„ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ მზადება და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი, გვაქვს სრული მზადება იმისა, რომ ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, გავაღრმავოთ, მეგობრული გავხადოთ. წერილშიც რცლად იყო ნახსენები, რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრულ ურთიერთობას, სტრატეგიულ პარტნიორობას. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამ ყველაფრისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსოფლიოში საკმაოდ მძიმე მოვლენები ვითარდება და საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით დაკვირვებისა და მოლოდინის რეჟიმშია.

„დაველოდოთ. მესმის, რომ ძალიან მძიმე პროცესები არის მსოფლიოში, ვხედავთ, რა მდგომარეობაა. ორი მთავარი დაპირება იყო, რომელიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპისგან – ომის დასრულება, რომელიც ჯერ შესრულებული არ არის, პროცესი მიმდინარეობს და „დიფსთეიტის“ დამარცხება, რომელიც დაკავებული იყო სხვადასხვა სახელმწიფოში ხელისუფლების დამხობით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით, რისთვისაც იყენებდა სხვადასხვა გზას – დაფინანსებებს არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით. ეს ყველაფერი ცხადი გახდა ყველასთვის, რა ემსახურებოდა ქვეყანაში ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს. პირველი დაპირება, რომელიც გულისხმობს ომის დასრულებას, ძალიან მნიშვნელოვანია, მშვიდობა გვინდა ვუსურვოთ უკრაინას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია „დიფსთეიტის“ დამარცხებაც. ეს ყველაფერი უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზე და ურთიერთობებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას ხელისუფლების მოლოდინთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებაში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლას და ურთიერთობების გადატვირთვას უკავშირდებოდა, მერის თქმით, დღეს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა, ვიდრე 20 იანვრამდე იყო.

„თქვენ ხედავთ, დღეს რა მდგომარეობაა – აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა იმასთან შედარებით, რაც იყო 20 იანვრამდე. ვერ ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში? ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, პრეზიდენტი ტრამპი გამოვიდა და პირდაპირ ყველაფერს თავის სახელით დაარქვა. როდესაც გლობალურ ომის პარტიაზე ვსუბრობდით, არ გახსოვთ კი, რომ ეს არ არის მართალი და რაღაცას ვიგონებთ. როდესაც ვსაუბრობდით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში რევოლუციას აანონსებდნენ და სახელმწიფო გადატრიალებაშიც ფულს ხარჯავდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ კეთილი საქმეებით არიან დაკავებული, მაგრამ ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი გამოვიდა და პირდაპირ დაასახელა ორგანიზაციები, სოცმედიაში უამრავი მასალა ვრცელდა, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით, რომ ამ ორგანიზაციების გავლით, თანხები შემოდიოდა ქვეყანაში, რომ სახელმწიფო გადატრიალებები მოეწყოთ. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროტური ფოთი 2025 – თიბისი წყალსათხილამურო საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერია

6-7 სექტემბერს, ფოთში, მალთაყვას წყალსათხილამურო სპორტის ისტორიულ ბაზაზე, საერთაშორისო ტურნირი – პროტური ფოთი 2025“ გაიმართება.

ტურნირი ჩატარდება საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაციის (IWWF), საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდითა და „ფოთის ტბის კლუბის“ ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერია თიბისი.

აგვისტოს ბოლოს, იტალიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ახლა სპორტსმენები თავს უკვე ფოთში მოიყრიან. შეჯიბრება ორ ეტაპად – ხტომასა და სლალომში ჩატარდება.

საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობის გამოცდილება ფოთმა პირველად 1991 წელს მიიღო, როცა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. 34 წლის შემდეგ, როცა ინფრასტრუქტურაც და სპორტის სახეობაც ვითარდება, კვლავ გაჩნდა კონტინენტის პირველობის მასპინძლობის ამბიცია. „პროტური ფოთი 2025“ კი, ამ განაცხადისთვის კარგი საფუძველი იქნება.

თიბისისთვის, რეგიონების სპორტული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა უცვლელ პრიორიტეტად რჩება; მითუმეტეს, როცა საქმე მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირს ეხება, რომელიც არაერთი მიმართულებით შეუწყობს ხელს რეგიონის ცნობადობის გაზრდასა და განვითარებას.

ტურნირის მიმდინარეობისას, მალთაყვაში თიბისი საკუთარი სივრცით იქნება წარმოდგენილი, სადაც შეძლებთ დასვენებას და ტურნირისთვის თვალის კომფორტულად მიდევნებას.

(R)

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ზრდა – ნორმალიზდება, თუმცა კვლავ ძლიერია

საქსტატის წინასწარი შეფასებით, ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 6.5% შეადგინა, ხოლო იანვარი-ივლისის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 8%-ია. ამავდროულად, აგვისტოში გაუმჯობესება იკვეთება უახლეს ინდიკატორებში. საკუთრივ, ივლისთან შედარებით გაზრდილია ჯამური უნაღდო დანახარჯები, ისევე როგორც არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვა, რომელიც ტურისტული შემოსავლების შეფასებისთვის გამოიყენება. მიგრანტების დანახარჯები კი, ბოლო რამდენიმე თვეა, მეტნაკლებად ერთ დონეზე ნარჩუნდება.

 მიმდინარე წელს, განსაკუთრებით მეორე კვარტლიდან, გააქტიურებულია ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები. აღნიშნულში იგულისხმება როგორც უცხოური ვალუტის დეპოზიტების უკან ლარში გადახურდავება, ასევე სესხებში, პირიქით, უცხოური ვალუტის წილის ზრდა. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ გასული წლის შემოდგომაზე, ლარის გაუფასურების მოლოდინებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვა. ამავდროულად, როგორც ჩვენს არაერთ პუბლიკაციაში იყო განხილული, ეს ერთგვარი დაგროვილი ბუფერის როლსაც ასრულებდა, რომელიც სენტიმენტების ცვლილებისას უკვე ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებდა. ჩვენი შეფასებით, ამ ბუფერის ჯამური მოცულობა დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ფარგლებშია, საიდანაც, სხვადასხვა ანალიტიკური შეფასების გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ ნახევარზე მცირედით ნაკლები უკან კონვერტაციების კუთხით ჯერ კიდევ ასათვისებელია. შესაბამისად, გაცვლითი კურსის მხრივ, ეს კვლავ ლარის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ფაქტორად რჩება, თუმცა სენტიმენტების ცვლილება, როგორც ყოველთვის, გამორიცხული არაა.

 უახლესი მონაცემების მხრივ, ივლისში სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა დეპოზიტების დოლარიზაცია და სესხების ლარიზაცია. რაც შეეხება ლარზე მოქმედ სხვა ძირითად ფაქტორებს, აშშ დოლარი გლობალურ ბაზრებზე კვლავ სუსტი რჩება, თუმცა ივლისში თვიურად გაუფასურების მასშტაბი საკმაოდ შემცირდა, ხოლო წმინდა სავალუტო შემოდინებები ივლისში მცირედით ისევ გაუმჯობესდა. ამის ფონზე, თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი და გრძელვადიანი წონასწორობის მოდელები კვლავ მიუთითებს, რომ ლარი წონასწორულ დონესთან შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც უფრო სუსტია. ლარის გამყარების მიმართულებით ზეწოლაზე მიანიშნებს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მხრიდან განგრძობითი სავალუტო ინტერვენციებიც, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. მხოლოდ ივლისში სებ-მა 417 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში კი – ჩვენი შეფასებით, ჯამურად, დაახლოებით, 1.5 მილიარდი აშშ დოლარი.

 საპირისპიროდ, მცირედი გაუარესება შეინიშნება შრომის ბაზარზე. მიმდინარე წლის ორივე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია უმუშევრობის დონე და შემცირებულია დასაქმება. წლიურ ჭრილში დასაქმების კლება თვითდასაქმებულთა რაოდენობის შეკვეცითაა განპირობებული, დაქირავებულთა რაოდენობა კი, პირიქით, მცირედით გაზრდილია. მიუხედავად ამისა, წინა კვარტალთან შედარებით, კლებაა როგორც თვითდასაქმებულთა, ასევე დაქირავებულთა რიცხვში, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით. 

 გასული თვეების დინამიკის მსგავსად, ინფლაცია კვლავ მზარდია და ივლისის მდგომარეობით წლიურად 4.3%-ს გაუტოლდა, ხოლო აგვისტოში – 4.6%-ს. ინფლაციის ტრაექტორია ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ გაიზრდება, წლის ბოლოსთვის კი, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, მცირედით შენელდება და, დაახლოებით, 4.5%-ს მიაღწევს.

 წლიური ინფლაციის აჩქარების საპირისპიროდ, თვიურ ჭრილში ინფლაციური ზეწოლის კლებაზე მიუთითებს ანალიტიკური საზომები, როგორებიცაა სეზონურად შესწორებული ყოველთვიური ინფლაცია და სხვადასხვა მეთოდით გაანგარიშებული საბაზო ინფლაცია. მომსახურების ინფლაცია, რომელიც ინფლაციური მოლოდინებისა და გრძელვადიანი ტენდენციის შეფასებისთვის ყველაზე შესაფერისია, რადგან ნაკლები მერყეობითა და იმპორტული კომპონენტის შედარებით მცირე წილით ხასიათდება, მიმდინარე წელს ჯამური მაჩვენებლის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთან, საყურადღებოა, რომ მომსახურების ფასების ზომიერი ზრდა, თუნდაც მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად, აუცილებლად ინფლაციურ ზეწოლაზე არ მიუთითებს, რადგან განვითარებად ეკონომიკებში მწარმოებლურობის დონის ზრდას არავაჭრობად სექტორებში ფასების ზრდა კანონზომიერად მოსდევს. მომსახურებასთან ერთად, გაზრდილია საქონლის ინფლაციაც, დიდწილად სურსათის ფასების მნიშვნელოვანი მატების გამო. ამავდროულად, ინფლაციის ზრდა ადგილობრივად წარმოებული  და შერეული პროდუქტებით არის განპირობებული,  იმპორტული პროდუქციის მხრივ კი დეფლაცია ფიქსირდება. ამდენად, სურათი განსხვავებულია 2021-2022 წლების ეპიზოდისგან, როდესაც ინფლაციის ზრდის მთავარი წყარო იმპორტული საქონელი იყო. როგორც არაერთხელ აღინიშნა, ინფლაციური ზეწოლის დამატებით მნიშვნელოვანი გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007095-monthly-macro-update-georgia

(R)

უახლოეს პერიოდში უფრო მძაფრი პროვოკაციაა მოსალოდნელი „დიფ სთეითის“ მართული ევროკავშირისგან და არა მხოლოდ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაიძლიეროს პოზიციები-ზაზა შათირიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილმა დონალდ ტრამპის მიმართ, პარალელურად კი ბოლო დღეებში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენს საზოგადოებას სასიცოცხლოდ ესაჭიროება ფსევდოლიბერალური პროპაგანდის ფასადს მიღმა დამალული ინფორმაციის მიწოდება, რადგან სიმართლით აღჭურვილი მოქალაქე ძლიერი სახელმწიფოს საკვანძო რგოლია სიმშვიდის და სტაბილურობის ჯაჭვში, ხოლო პირიქით – დაბნეული და სიცრუით გაბრუებული ადამიანი უმთავრესი იარაღია „დიფ სთეითის“ ხელში, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აცხადებს.

შათირიშვილის თქმით, „ოლიგარქიული ოჯახები, მათივე ხელწერის თანახმად, სწორედ საკუთარ მოქალაქეებს უპირისპირებენ მათ მიერ არაკონტროლირებად, არასასურველ მთავრობებს, ხალხის ხელითვე ამხობენ მათ და შემდეგ ამ ყველაფერს რევოლუციებად, „დემოკრატიის“ გამარჯვებად ასაღებენ“.

„მათთვის სასურველ, თითქოსდა ხალხის არჩეულ მთავრობას როდესაც მოიყვანენ, რა თქმა უნდა, იგი არა ხალხს, არამედ „დიფ სთეითს“ ემსახურება. სწორედ ესაა სახელმწიფოების დაპყრობის უახლესი მეთოდი, რომელიც რამდენიმე ოლიგარქიულმა ოჯახმა შეიმუშავა (თუ ვინ არიან ოჯახები, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან, ამაზე უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებ). დაპყრობის ეს ახალი, უნივერსალური იარაღი შემდეგში მდგომარეობს: ხალხმა არ იცის, რომ დაპრყობილია. მონოპოლიზებული მედიის, მოქრთამული და ნაყიდი პოლიტიკური ისტებლიშმენტის პირობებში, „დიფ სთეითს“ ამგვარი ქმედება არ უჭირს და ერთ მარიონეტს მეორეთი მარტივად ანაცვლებს. რეალურად კი არაფერი იცვლება. ამის საუკეთესო მაგალითია დიდი ბრიტანეთი, სადაც ბოლო წლებში ოთხჯერ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი: ბორის ჯონსონი, ლიზ ტრასი, რიში სუნაკი და კირ სტარმერი – ერთი შეხედვით, ოთხი განსხვავებული პოლიტიკოსი, თუმცა კი, ყველა მათგანი „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ მყოფი. ბრიტანეთის მსგავს, სუვერენიტეტდაკარგულ ქვეყნებში, როგორებიც ევროკავშირში 90%-ს წარმოადგენენ, არსებულ ვითარებას მთელი სიცხადით წარმოგვიდგენს დოსტოევსკის ცნობილი ციტატა: „საუკეთესო გზა, რათა პატიმარს გაქცევა არასოდეს მოუნდეს – მან არ უნდა იფიქროს, რომ ციხეშია“. „დიფ სთეითს“ სხვადასხვა ქვეყანაში, საკუთარი გეგმების შესრულებაში ეხმარება პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელსაც ჩვენ აგენტურას სრულიად დამსახურებულად ვუწოდებთ, თუმცა, ამ პროცესებში, აგენტების გარდა, მონაწილეობს მასა, რომელიც „სასარგებლო იდიოტებისგან“ შედგება. დღეს, რუსთაველზე მდგარი ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ საკუთარ ქვეყანას სუვერენიტეტი დააკარგვინონ, ამის ნათელი მაგალითია. საბედნიეროდ, სასარგებლო იდიოტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც დიდწილად დაკავშირებულია ქართველი ხალხის სიბრძნესთან, თუმცა, ასევე აღსანიშნავია ხელისუფლების მუდმივი მუშაობა, აქტიურობა, რათა საზოგადოება ფხიზლად იყოს, ეს პროცესი კი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამძაფრდა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან „დიფ სთეითის“ და ფონდების, USAID-ისა და NED-ის მწვავე კრიტიკა. მარტო ბოლო ერთ კვირაში: პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაქვეყნა სტატია „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შვიდი თვე“, სადაც აღნიშნავს, რომ აშშ-სთვის სახელმწიფოებრივი ინტერესია მისი დამარცხება. მარკო რუბიომ USAID-ს კიდევ ერთხელ უწოდა ანტიამერიკული, რევოლუციების დამფინანსებელი კორუფციული ფონდი, ხოლო ჯეი დი ვენსმა NED-ზე განაცხადა, რომ „გზას აცდენილი“ ორგანიზაციის დახურვა ამერიკელ ხალხს დაუბრუნებს კონტროლს მათ გადასახადებზე. მაშინ, როდესაც აშშ-ში ასე ღიად ამხელენ და აკრიტიკებენ კორუმპირებულ NGO ორგანიზაციებს, ნახეთ, როგორი კონტრასტია ევროპაში ამ კუთხით – საქართველოს პროკურატურის მიერ, ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში მხილებული NGO-ების ანგარიშების დაყადაღებამ „დიფ სთეითის“ მიერ ღიად მართული ევროკავშირის და ცალკეული ქვეყნების აღშფოთება გამოიწვია. ფაქტობრივად, ევროპამ უთხრა საქართველოს მთავრობას – როგორ გაბედეთ და შეეხეთ იმ ორგანიზაციებს, რომლის ხელით რევოლუციებს გიწყობთო… კიდევ ერთხელ, მოკლედ რომ შევაჯამოთ ერთი შეხედვით უცნაური კონტრასტი – აშშ აღიარებს არასამთავრობოთა დესტრუქციულ როლს, მათ მონაწილეობას რევოლუციებსა და არეულობებში, ხოლო „დიფ სთეითის“ მორჩილი ევროპა კბილებით იცავს აშშ-ის მიერ კორუმპირებულად შერაცხულ NGO-ებს.

რა ხდება? ნუთუ ტრამპის პოლიტიკასა და ევროპელთა მოსაზრებებს შორის ასეთი კარდინალური სხვაობაა? ნუთუ ეს დაპირისპირება და კონტრასტი რეალურია? სწორედ ეს არის მთავარი კითხვები და ვეცდები, მარტივად და გასაგებად ავხსნა რეალობა. ცხადია, არანაირი კონტრასტი და აზრთა სხვაობა არ არსებობს, ყველაფერი ერთი ხელით მართული პროცესია, რის უკანაც „დიფ სთეითი“ დგას. ოლიგარქიული ოჯახები ახლა გამალებით ცდილობენ, რომ მათი მმართველობის რებრენდინგი მოახდინონ და ის, რაც საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რაც გაცხადებულია მათ შესახებ – საერთოდ გააქრონ მოქმედებათა არეალიდან. ოჯახების მთელი ენერგია ახლა მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ამერიკა გაწმინდონ „დიფ სთეითის“ ნამოქმედარისგან, მოახდინონ მისი რებრენდინგი და ძველი, აპრობირებული მეთოდები მთლიანად ევროპაში ჩატოვონ, თანაც უფრო აგრესიულად და ღიად. ასე აიხსნება ის კონტრასტი NGO-ების მიმართ, რაც აშშ-სა და ევროპას შორის არის. რაც შეეხება „დიფ სთეითის“ რებრენდინგს და ამ ფარულ პროცესში ტრამპის მართლაც შესაშურ სამსახიობო ოსტატობას, მისი ხელით ოლიგარქიულმა ოჯახებმა თითქმის დაასრულეს ევროპის ძარცვა აშშ-ის სასარგებლოდ. რუსეთ-უკრაინის ომი მთლიანად ევროპას ჩამოჰკიდეს „კისერზე“, ამერიკული იარაღის ყიდვა ევროპის ვალდებულება გახადეს, ცალმხრივი, 15%-იანი სავაჭრო ტარიფები დაუწესეს, 600 მილიარდის ნავთობის შეძენასა და 750 მილიარდი დოლარის ინვესტიციებზე მათივე აგენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ხელი მოაწერინეს და საბოლოოდ დააყენეს ევროკავშირი მუხლებზე. ახლა ლოგიკური კვანძი გავხსნათ – აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ აღიარებულია, რომ ევროკავშირს, უნგრეთის, სერბეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით სწორედ „დიფ სთეითი“ მართავს, რასაც დიდი მიხვედრა და მტკიცება არ სჭირდება. როგორ ფიქრობთ, „დიფ სთეითის“ მიერ მართულმა ევროპამ იმ დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გააკეთა ყველაფერი, რომელიც თითქოს „დიფ სთეითს“ ებრძვის? როგორ ფიქრობთ, ოლიგარქიულმა ოჯახებმა საკუთარი თავის წინააღმდეგ ტრამპს გამარჯვების ქულები ჩაუწერეს? არა, ცხადია. ტრამპიც, რუბიოც და ვენსიც ამ დიდ გადალაგებაში მონაწილეობენ, რასაც „დიფ სთეითის“ ნამოქმედარისგან, მათი ღიად დაშავებულისგან აშშ-ს გაწმენდა ჰქვია. ისინი ყველაფერს წინა ადმინისტრაციას აბრალებენ და თავად სუფთა ფურცლიდან, ახალი მეთოდებით ასრულებენ პატრონების დავალებებს. ოლიგარქიულმა ოჯახებმა ევროპაში საკუთარი გეგმები 110%-ით შეასრულეს. დაანგრიეს ევროპის ეკონომიკა, დაასუსტეს რუსეთი, ჩაუჭრეს მას შუა აზია, ცხვირწინ ააცალეს სომხეთი და აზერბაიჯანი, აზიური ტვირთებისთვის გააკეთეს ალტერნატიული დერეფანი ზანგეზურზე და ეს დერეფანი 100 წლით იყიდეს… ახლა, როდესაც ყველაფერი სათავისოდ დაალაგეს, ოლიგარქიულ ოჯახებს, იგივე „დიფ სთეითს“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შელახული რეპუტაციის აღდგენა და იმ მეთოდების ცვლილება სჭირდება, რაც ხალხმა უკვე იცის და საყოველთაოდ გაუვრცელდათ. სწორედ ამას ვგულისხმობ „დიფ სთეითის“ რებრენდინგში“, – აღნიშნავს შათირიშვილი.

როგორც შათირიშვილი აცხადებს, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილში, რომელიც მან დონალდ ტრამპის გაუგზავნა, სწორად არის გადმოცემული ყველა წუხილი თუ გარკვეული წყენა.

„პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილს რაც შეეხება, რომელიც თავში ვახსენე, იმედი მაქვს, ეს წერილი, რომელშიც სწორად არის გადმოცემული ყველა წუხილი თუ გარკვეული წყენა, მანიშნებელია, რომ სამთავრობო ვერტიკალში აცნობიერებენ პროცესების სინამდვილეს და აცნობიერებენ იმას, რომ არანაირი „დიფ სთეითთან“ მებრძოლი ტრამპი არ არსებობს. ის უზარმაზარი ვაკუუმი, რაც აშშ-მა ხელოვნურად შექმნა საქართველოსთან ურთიერთობაში და რაზეც ბატონი ყაველაშვილი მიანიშნებს, სწორედ რომ ამის დასტურია. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი წერს ტრამპს – თუ მთელი მსოფლიო დაალაგეთ, როგორც ამბობთ, საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება რა გაგიხდათო – სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ტრამპი, ანუ „დიფ სთეითი“ არ ჩქარობს, მას უნდა, რომ ნაბიჯის გადადგმამდე მაქსიმალურად დაასუსტოს, პრობლემები შეუქმნას მის მიერ არაკონტროლირებად საქართველოს მთავრობას და როდესაც საუბრის დრო მოვა, მათ სურთ, მაგიდასთან საქართველო მაქსიმალურად „გალახული“ იჯდეს. ამიტომ, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო ბევრი და მძაფრი პროვოკაციაა მოსალოდნელი „დიფ სთეითის“ მართული ევროკავშირისგან, და არა მხოლოდ. ფრთხილად უნდა ვიყოთ ნებისმიერი მიმართულებით! მიუხედავად სიტუაციის სიმძიმისა, მაინც ვფიქრობ, რომ, ერთი მხრივ, არსებული ვაკუუმის, მეორე მხრივ, „დიფ სთეითის“ რებრენდინგის პროცესი და ვადები ხელისუფლებამ სათავისოდ უნდა გამოიყენოს, მაქსიმალურად გაიძლიეროს პოზიციები ქვეყანაში და საბოლოოდ ჩახსნას პოლიტიკური პროცესიდან კრიმინალების ბანდა, რასაც დღეს „ოპოზიცია“ ეწოდება. შედეგად კი, როდესაც „ლაპარაკის დრო“ დადგება, ჩვენი ქვეყანა ნებისმიერ ოპონენტთან არათუ სუსტად, არამედ მტკიცედ და მყარად წარდგება“, – აღნიშნავს შათირიშვილი.

თიბისი კონცეპტის ტრადიციულად მრავალფეროვანი- Back To School შეთავაზებები

სექტემბერი თითქმის ყველასთვის ახალ დასაწყისების თვეა, ამიტომ Back To School კამპანიის ფარგლებში, თიბისი კონცეპტმა  მომხმარებლებს შეთავაზებები, ტრადიციულად, მრავალფეროვან კატეგორიებში მოუმზადა.

6-7 სექტემბერს, 50-მდე პარტნიორ ობიექტში, თიბისის პოს-ტერმინალზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით გადახდისას, თანხის 40%, ჯამში მაქსიმუმ 200 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ.

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ტექნიკა – შეთავაზებები დაგხვდებათ პარტნიორი ობიექტების ყველა იმ კატეგორიაში, რაც სექტემბერში განსაკუთრებით გჭირდებათ.

ობიექტების ჩამონათვალი, სადაც 6-7 სექტემბრის Back To School შეთავაზებით ისარგებლებთ:

Bata, Bambino, AW-Lab, Geox Studio, Shoes Gallery, Ecco, Corso, Okaidi, Replay, Jacadi, Scarpiera, Pepe Jeans, Mayoral, Original Marines, Dressarium, Dressarium Kids, Shoes Loft, Dan John, Adidas, Nike, Puma, Giordano, Under Armour, Topsport, Crocs, OVS/OVS kids, Matalani, Xiamo/icity, Wortmann, Salamnder, iSpace, Espacho, Superdry, Kids Gallery, Lee, Wrangler, Vero Moda, Jack & Jones, Hummel, Gstar, Grayder, Bershka, Stradivarius, Pull & bear, Mango, Mango kids, Zippy, Aldo, Parfois, Kiko Milano, Charles & Keith.

თუ ყველა სასურველი ნივთის შესაძენი თანხა 6-7 სექტემბრისთვის არ გაქვთ გათვალისწინებული, იდენტური შეთავაზება მოქმედებს ერთგულ საკრედიტო ბარათზეც, რომლის აღება და დამტკიცება უკვე რამდენიმე წუთში, თიბისის მობაილბანკიდანაც შეგიძლიათ.

შეთავაზების დამატებითი პირობები იხილეთ ბმულზე.

გახდით კონცეპტ მომხმარებელი, ისარგებლეთ პრივილეგირებული საბანკო მომსახურებით და მუდმივად გამორჩეული შეთავაზებებით!

(R) 

4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ვერძებს არა მხოლოდ საკუთარ ქცევებსა და გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება, არამედ მათ ირგვლივ განვითარებული მოვლენების კონტროლიც მოუწევთ. გირჩევთ, ნებისმიერი მანიპულაციისგან თავი შეიკავოთ, რადგან ეს მხოლოდ არასასურველ შედეგებამდე მიგიყვანთ. სერიოზული სირთულეები ახლო მომავალში არ ჩანს, მცირე შეფერხებებზე კი ყურადღების გამახვილება არ ღირს. დღის უმეტესი ნაწილი ყურადღების ცენტრში ყოფნა მოგიწევთ. სამწუხაროდ, გადაღლა თქვენს პირად ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.

კურო

ეს დღე ხელსაყრელია დაგროვილი საქმეებისა და პრობლემების გადასაჭრელად. მოლაპარაკებები ბიზნესპარტნიორებთან წარმატებით ჩაივლის. მზად იყავით ფინანსურ საკითხებში მოსალოდნელი სირთულეებისთვის. თუ საქმეს გონივრულად მიუდგებით, წარმატებას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ. ამ დღეს პროფესიულ ვალდებულებასა და დიდი ხნის ნანატრ დასვენებას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ექსპერიმენტებს მოერიდოთ, რადგან შეიძლება სწორ გზას ასცდეთ და მძიმე შეცდომა დაუშვათ, რაც ურთიერთობების მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს. პირად ურთიერთობებში იმედგაცრუება გელით. უთანხმოება შეიძლება უბრალო წყენას ან ეჭვიანობას მოჰყვეს. ნერვული დაძაბულობისა და დაღლილობის მოსახსნელად, ასევე ძალების აღსადგენად სასურველია, რომ საღამო ერთგული ადამიანების წრეში გაატაროთ.

კირჩხიბი

ამ დღეს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ცვლილებები გელით. ეს შეიძლება საქმიანობის სფეროს შეცვლა ან შრომის პირობების გადახედვა იყოს. გარშემო მიმდინარე ცვლილებები თქვენს ცხოვრებაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს და ახალ სირთულეებს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია, გაწუხებთ, პასუხს იპოვით. ამაში ძველი ნაცნობები დაგეხმარებიან. სასურველია, კოლეგებს თქვენი მოსაზრება თავზე არ მოახვიოთ. ნურც თქვენი სიმართლის დამტკიცებას ეცდებით – ეს მალე ისედაც ცხადი გახდება.

ლომი

ხელსაყრელი დროა რთული ამოცანების გადასაჭრელად, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში სამომავლოდ ინახავდით. ენერგიით სავსე ხართ, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ეს დღე მარტოხელა ლომებისთვის ხელსაყრელია სასიყვარულო შეხვედრებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ მსუბუქი, ფლირტი თქვენთვის მნიშვნელოვან და ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

ქალწული

ამ დღეს მაქსიმალური ძალისხმევის, სიჯიუტისა და მოთმინების გამოჩენა მოგიწევთ. დღის განმავლობაში შესანიშნავ განწყობაზე იქნებით, რაც მუშაობაში დაგეხმარებათ. სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაში მცირე სირთულეები გელით – გამოიჩინეთ მოთმინება, სიბრძნე და სიმშვიდე. თუ შესაძლებელია, ურთიერთობები შეამცირეთ, რათა მოსალოდნელი კონფლიქტი და გაუგებრობა თავიდან აიცილოთ, სასურველია, ღამით დასაძინებლად დროულად დაწვეთ, რათა რთული დღის შემდეგ ძალები აღიდგინოთ.

სასწორი

ვარსკვლავები ამ დღეს ახალი საქმის დაწყებას ან დამატებითი ვალდებულებების აღებას არ გირჩევენ. ის, რაც ახლა მარტივად გეჩვენებათ, სინამდვილეში საკმაოდ რთული აღმოჩნდება. ერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს და კოლექტიურ ღონისძიებებში მონაწილეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხარე კამათისა და დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდეთ. ამ დღეს ახალი ნაცნობობა თქვენს ცხოვრებაში კარგს და სასარგებლოს არაფერს მოიტანს. ასევე, არასასურველია საქმიანობის სფეროს ან სამუშაო ადგილის შეცვლა.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტების დაწყებისა და ახალი ნაცნობობისთვის. თქვენში არსებული ენერგია და პოზიტიური განწყობა ყველაფრისთვის საკმარისი იქნება. მოემზადეთ საინტერესო შეხვედრისთვის, რომელიც მალე ნათელ და თვალისმომჭრელ რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება. გაითვალისწინეთ, რომ თუ ახალი რჩეულის მიმართ ყურადღებას არ გამოიჩენთ, ეს ურთიერთობა მალე დასრულდება.

მშვილდოსანი

დღევანდელი დღე ცხოვრებაში მკვეთრ და მოულოდნელ ცვლილებებს გპირდებათ. სცადეთ, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოთ და ემოციური იმპულსები აკონტროლოთ, რათა სირთულეებს ცივი გონებით მიუდგეთ. ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც შეიძლება თავიდან მოგეჩვენოთ. პირად სფეროში გაჩენილ პრობლემებს ნუ მიიყვანთ სულიერ დისკომფორტამდე – ეცადეთ მინიმუმამდე შეამციროთ ნეგატიური ზეგავლენა, შეზღუდოთ კომუნიკაცია და დრო საკუთარ ფიქრებთან მარტო გაატაროთ.

თხის რქა

გახსოვდეთ, რომ თქვენს საქმეში წვრილმანი არ არსებობს და ყველაფერს ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. ნერვებს გაუფრთხილდით — მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტებში ჩართვას და ის აკეთეთ, რაც კარგად გამოგდით ან გსიამოვნებთ. ეცადეთ, ნაკლებად მომთხოვნი იყოთ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. დღეს თქვენი მოლოდინები შეიძლება რეალობას არ დაემთხვეს.

მერწყული

ახალმა ინფორმაციამ, რომელსაც პარტნიორებისგან მიიღებთ, შეიძლება თქვენს გეგმებში სერიოზული ცვლილებები შეიტანოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ და არცერთი წვრილმანი არ გამოგრჩეთ. მეგობრების მხარდაჭერა და კეთილგანწყობა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება სამომავლოდ გადადოთ. დაელოდეთ, სანამ სიტუაცია დამშვიდდება.

თევზები

ეს დღე თევზებისთვის სერიოზული დანაკარგების გარეშე ჩაივლის. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია პროვოკაციები კოლეგების ან პარტნიორების მხრიდან. სიმშვიდის შენარჩუნებით თქვენ მათ უკან დახევას აიძულებთ. აქტივობები, მათ შორის სპორტულიც, სხვა დღისთვის უნდა გადადოთ, რადგან დღეს ტრავმის მიღების ალბათობა მაღალია. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმოთ. მოუცლელობის გამო, მასთან სულიერი კავშირი თანდათან წყვეტთ, რაც შეიძლება მალე სანანებელი გაგიხდეთ.

 ,,კახა კალაძე და მისი გუნდი არიან გარანტი, რომ თბილისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო განვითარდება”- ირაკლი კობახიძე

ვფიქრობ, ეს არჩევნები კახა კალაძისთვის რეკორდული იქნება პროცენტული მაჩვენებლით, გვექნება ამბიციური მიზანი, პარტიული კუთხით მოვხსნათ ყველა რეკორდი, ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კახა კალაძის ცენტრალური საარჩევნო შტაბის გახსნისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კახა კალაძე და მისი გუნდი არიან გარანტი, რომ თბილისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო განვითარდება.

„ყველას მინდა, მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. მინდა, კახი კალაძეს მივულოცო დღევანდელი დღე, საარჩევნო შტაბის გახსნა. უკვე საბოლოო ფაზაში შედის ჩვენი საარჩევნო კამპანია. ეს არჩევნები, მე ვიტყოდი, შედარებით მოსაწყენია წინა არჩევნებთან შედარებით, რადგან კონკურენტები, უბრალოდ, არ ჰყავს კახა კალაძეს. არც პარტიულად გვყავს მაინცდამაინც კონკურენტები, თუმცა, ჩვენით უნდა გავიხალისოთ ეს არჩევნები და მიზნად დავისახოთ რეკორდების დამყარება. მე ვფიქრობ, ეს არჩევნები კახა კალაძისთვის რეკორდული იქნება პროცენტული მაჩვენებლით. გვექნება ძალიან ამბიციური მიზანი და პარტიული კუთხით უნდა მოვხსნათ ყველა რეკორდი, ამისათვის ყველა საფუძველი არსებობს. მთავარი საფუძველი არის ის საქმეები, რაც პირადად კახა კალაძესა და მის გუნდს აქვს გაკეთებული თბილისისთვის.

ყველას გვახსოვს, როგორი იყო ჩვენი დედაქალაქი რვა წლის წინ და, როგორ შეიცვალა ამ წლების განმავლობაში. გამორჩეული გემოვნებითა, სიყვარულითა და გულისხმიერებით კეთდებოდა თითოეული საქმე. ამაში უპირველესი და მთავარი დამსახურება ეკუთვნის კახა კალაძეს. მე, როგორც რიგითმა თბილისელმა, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ საქმისთვის, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის უკეთებია. გუნდის გარეშე შეუძლებელია ამ საქმეების კეთება. კახა კალაძეს ზურგს უმაგრებს ძალიან ძლიერი გუნდი. ცოტა ხნის წინ გვქონდა თბილისის საკრებულოს ჯერ მაჟორიტარების, შემდეგ პროპორციული სიის წარდგენა. ვიცით, როგორ ძლიერია მერიაში კახა კალაძის გუნდი. ეს გუნდი და უპირველესად კახა კალაძე არიან გარანტი, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მეტად გალამაზდება და განვითარდება შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში. გაუმარჯოს ჩვენს გამარჯვებას, გაუმარჯოს კახა კალაძეს. წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

,,ვისურვებდი, რომ ქართველების, როგორც ხელისუფლების, ისე მოსახლეობის თვალში, ევროპელი პარტნიორები ძმებსა და დებს და არასდროს დამპყრობლებს წარმოადგენდნენ”- საფრანგეთის ელჩი

ვისურვებდი, რომ ქართველების, როგორც ხელისუფლების, ისე მოსახლეობის თვალში, ევროპელი პარტნიორებით წარმოადგენდნენ ძმებსა და დებს და არასდროს დამპყრობლებს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, ოლივიე კურტომ ფრანგული სათვისტომოსადმი მიმართვისას განაცხადა.

როგორც კრუტო აღნიშნავს, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესაძლებლობა აქვს, მისთვის პატივია, საფრანგეთის წარმომადგენელი იყოს.

„საქართველოში მცხოვრებო ძვირფასო ფრანგებო, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, სიამაყით ვიწყებ დღეს ჩემი მოვალეობის შესრულებას თბილისში საფრანგეთის ელჩის რანგში. ვინაიდან ჩვენი თანამემამულეების მსახურება საელჩოს მისიის საფუძველია, მინდოდა დაუყოვნებლივ გაგცნობოდით, ვიდრე თქვენთან შესახვედრად გამოვემართები. კავკასიის ფრანგული სკოლის, ინსტიტუტის საქმიანობის, სავაჭრო პალატის, ჩვენი კომპანიებისა და ასოციაციების მეშვეობით ჩვენს ქართველ მეგობრებთან დამყარებული კავშირებით გამდიდრებული ჩვენი სათვისტომო, რომელსაც ემსახურება საელჩო და წარმოადგენს ჩვენი მრჩეველი უცხოეთში მყოფი ფრანგების საკითხებში, ცხოვრობს, ბრწყინავს და აგრძელებს ჩვენი ხალხის ხანგრძლივ მეგობრობას საქართველოსთან. მოხარული ვარ, რომ დღეს მის სამსახურში ვდგები.

საზღვარგარეთ დიპლომატიურ პოსტებსა და შეიარაღებული ძალების სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებს შორის მონაცვლეობით, ჩემი თაობის ბევრი კაცისა და ქალის მსგავსად, მძლავრად ვიყავი ჩართული 1990-იანი წლების ბოლოდან საერთაშორისო ასპარეზზე ტერორიზმის აღმოცენებით გამოწვეულ პოლიტიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებში. ამან მიბიძგა, რომ პასუხისმგებლობა ამეღო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი ქმედების საერთაშორისო განხრით და, სულ ბოლოს, პარიზის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩავრთულიყავი. ამ პასუხისმგებლობების შესრულებისას, ისევე როგორც საზღვარგარეთ მუშაობის დროს, დიდ საერთაშორისო პოლიტიკურ კრიზისებში მონაწილე პარტნიორებისგან ვისწავლე ეფექტური და მოწესრიგებული თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომლის კოლექტიური ფასი გაცილებით აღემატება ეროვნული პოლიტიკების ჯამს. ამ პარტნიორობის მშენებლობა დიპლომატების პროფესიაა. ის მოითხოვს სხვებისკენ სვლას, მათ მოსმენას, ჩვენი ინტერესების დაცვას, სწორი ურთიერთშემავსებლობის ძიებას, მზა გადაწყვეტილებების თავს მოხვევის გარეშე, რომელთა შემოტანა არასდროს მუშაობს“, – აღნიშნა კურტომ.

ელჩის თქმით, ქართველი ერის იდენტობა მდიდარი და ამასთან მტკივნეული ისტორიით ჩამოყალიბდა.

„პარიზის თამაშების წარმატების შემდეგ, რომელიც ყველა ფრანგისთვის ზეიმისა და დიდი კოლექტიური სიამაყის მომენტი იყო, სხვა მოვალეობებზე გადასვლა მოვისურვე. ალექსანდრე დიუმასა და კავკასიის სხვა მოგზაურების მონათხრობით გატაცებულმა, საუკუნეების განმავლობაში ქართველი ერის იდენტობის გამძლეობით გაოცებულმა, ტრადიციებისა და მიწის სილამაზით მოხიბლულმა, რომლებიც მდიდარი და ამასთან მტკივნეული ისტორიით ჩამოყალიბდა, ბუნებრივი იყო, რომ ჩემი კანდიდატურა შერაზ გასრის შემცვლელად, თბილისში ელჩის თანამდებობაზე წარვადგინე. კინორეჟისორები, პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები, მეღვინეები, ხელოსნები, მეცნიერები: ამ მიწაზე შემოქმედთა თაობები აყვავდა. როგორ შეიძლება, რომ ფრანგებმა, ღრმა კავშირი არ ვიგრძნოთ საქართველოსთან, რომელიც გვმასპინძლობს? საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ევროპული მისწრაფებების რეალიზების უპრეცედენტო შესაძლებლობა არსებობს, სწორედ თბილისში მინდოდა, რომ საფრანგეთის წარმომადგენლობის პატივი მქონოდა, იმ ქართველებთან, რომელთა ევროპაში გაწევრიანების დიდი ხნის მისწრაფებას ჩვენ მხარს ვუჭერთ. ეს გზა ისეთივე ლამაზია, როგორც რთული. ის ნამდვილად ლამაზია: ფრანგებს აღაფრთოვანებს ევროპული დროშების დანახვა ოფიციალურ შენობებში, მაღაზიებსა და საქართველოს ქუჩებში: ეს მოწადინება, ეს მოწოდება საჭიროებს მხარდაჭერას.

ეს გზა ასევე რთული და ციცაბოა: პირველ რიგში, არის სივრცე, გეოგრაფია, რომელსაც არასდროს ირჩევ და რომელიც ზღუდავს საქართველოს. რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიული ომის დაწყებიდან სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ, მაშინ როცა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია და 2008 წლის ომის ტრავმა ჯერ კიდევ მოუშუშებელია, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა სამუდამოდ არასდროსაა მოგებული. ასევე არსებობს ევროპულ კანონმდებლობასთან გათანაბრების ნებაყოფლობითი თანხმობის გრძელი პოლიტიკური პროცესი, ყველა იმ კომპრომისის ძიებით, რასაც ეს გულისხმობს. ამ სტრატეგიული ევროპული არჩევანის ხელახლა დადასტურება ძალიან ძლიერი ვალდებულებაა, რადგან ის გულისხმობს იმ კავშირთან თანხვედრის აუცილებელ ძალისხმევას, რომლის წევრობაც საქართველოს სურს და რაზეც მან განაცხადი გააკეთა. ეს თანხვედრაა, უპირველეს ყოვლისა, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო თავისუფლებებისა და თავისუფლად მიღებული ჩარჩოსი, რომელიც ჩვენი კავშირის საერთო საფუძველს წარმოადგენს. თანხვედრა არ არის ნაცრისფერი ერთგვაროვნება, არც ძვირად მოპოვებულ სუვერენიტეტზე უარის თქმა და არც ქართული კულტურული თავისებურებების წაშლა; ეს არის მშვიდობისა და განვითარებისკენ მიმართული ღრმა კოლექტიური არჩევანი. ის არის პოლიტიკური ნებისა და გრძელვადიანი კოლექტიური ვალდებულების ნაყოფი“, – განაცხადა კურტომ.

როგორც ოლივიე კურტომ აღნიშნა, საქართველო მარტო არ არის და შეუძლია, ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით ისარგებლოს.

„ამ მხრივ, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, საქართველო თავისი არჩევანის ბატონ-პატრონია. ეს რთული გზაა, მაგრამ საქართველო მარტო არ არის და იცის, რომ შეუძლია მრავალი წლის განმავლობაში ყველა სფეროში ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით ისარგებლოს, რომლებიც მზად არიან მას დაეხმარონ, ყურადღებით მოსმენისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით. საქართველოსა და საფრანგეთს ძალიან გრძელი და ლამაზი საერთო ისტორია აქვთ, რომელიც ყოველდღიური ამბების ზღვარს სცილდება. არის მნიშვნელოვანი ეპიზოდები, როგორიცაა 1921 წელს რესპუბლიკის აღიარება, საფრანგეთში მათი მიღება, ვინც დამოუკიდებლობის მოგიზგიზე ცეცხლი შეინარჩუნა, 1924 წლის აჯანყების გმირები, რომელთა ხსოვნა ლევილ-სიურ-ორჟში ცოცხლობს, სადაც გასულ ხუთშაბათს ვიყავი. თუმცა, ეს მეგობრობა, უპირველეს ყოვლისა, ხალხებს შორის ყალიბდება, სადღაც ჩვენი თავისუფლების, ჩვენი ფესვებისა და ჩვენი ენისადმი მიჯაჭვულობის ირგვლივ. მონასტერი მდიდარი ხელნაწერებით, აბრეშუმის გზის მედრესეზე მიყრდნობილი ძველი მეჩეთი, ადამიანების თაობების მიერ დამუშავებული ვენახი, ძველი სიმღერები, სტმართმოყვარეობისა და მხატვრული გამოხატვის უნიკალური ფორმა: ჩვენს ხალხებს იმდენი რამ აქვთ საერთო.

ეს ბუნებრივი სიახლოვე უპირატესობაა ერთმანეთის გასაგებად და ამ საერთო ისტორიის ახალი და თანამედროვე გვერდების დასაწერად. ჩემი ევროპელი კოლეგების მსგავსად, აქ იმისთვის არ ვარ, რომ კარგი და ცუდი საკითხი გამოვყო ან ფუჭი საჯარო პოლემიკა ვასაზრდოო. პირიქით, ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით, მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვიმუშაო, გავმართო დიალოგი ყველა ქართველთან მათი მრავალფეროვნების გათვალისწინებით, მათი მოსმენისა და უკეთ გაგების მიზნით. და ბოლოს, მე აქ ვარ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რათა ხელი შევუწყო საქართველოს სუვერენიტეტს, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას, რაც, როგორც ყველგან, თავისუფალ, შემოქმედებით და დინამიკურ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ფუნქციონირებს. ეს არის სულისკვეთება, რომლითაც ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ და გავაფართოოთ ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე ჩვენს ხალხებს შორის დიალოგით: ლინგვისტური, საუნივერსიტეტო, სამეცნიერო, სახელოვნებო, სპორტული და მემკვიდრეობითი თანამშრომლობა. ეს უკანასკნელი განზომილება, ჩემთვის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ქვაკუთხედია. ის წარმოადგენს საფრანგეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის საყრდენს, რომელიც მათ ყოველთვის გააერთიანებს.

ძვირფასო თანამემამულეებო, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, ეს საელჩო საფრანგეთის სახლია საქართველოში, ხოლო ფრანგული საზოგადოების მსახურება თბილისში საფრანგეთის გუნდის ძირითადი მისიაა. მზად ვართ რომ მოგისმინოთ და რაც შეიძლება ხშირად გამოვემართოთ თქვენს შესახვედრად. ძალიან მალე, სიამოვნებით გაგიცნობთ ახალი სამუშაო წლისადმი მიძღვნილ მეგობრულ შეხვედრაზე 14 სექტემბერს, სადაც ყველა სასურველი სტუმარი იქნებით. ჩემი ქართული ენის გაკვეთილებზე, მასწავლებელი იაკობ გოგებაშვილის ძალიან ლამაზ მეთოდზე „დედა ენა“ მამეცადინებდა, სადაც პატარა პოპულარული სტროფია:

„მზე – დედაა ჩემი,
მთვარე – მამაჩემი,
მოციმციმე ვარსკვლავები
და და ძმაა ჩემი“.

ვისურვებდი, რომ ქართველების თვალში, როგორც ხელისუფლების, ისე მოსახლეობის მთელი თავისი სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით, საფრანგეთი, საქართველოში მცხოვრები ფრანგები, მისი ევროპელი პარტნიორები წარმოადგენდნენ ამ მოციმციმე ვარსკვლავებს, ძმებსა და დებს, არასდროს დამპყრობლებს, არამედ ყოველთვის თქვენ გვერდით მდგომებს“, – განაცხადა ოლივიე კურტომ.

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივების საკითხი ჩინეთის ლიდერმა წამოწია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ პეკინში გამართული აღლუმის დროს მან და ჩინეთის ლიდერმა, სი ძინ პინმა ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ისაუბრეს.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს თემა ჩინეთის ლიდერმა წამოწია. ამავე თემას თავის დროს აქტიურად ავითარებდა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. დიახ, თანამედროვე საშუალებები, გამაჯანსაღებელი და სამედიცინო საშუალებები, თუნდაც ქირურგიული, რომლებიც დაკავშირებულია ორგანოების ჩანაცვლებასთან, იძლევიან საშუალებას, კაცობრიობას ჰქონდეს იმედი, რომ აქტიური სიცოცხლე გაგრძელდება არა იმდენ ხანს, როგორც ეს დღესაა, და სხვადასხვა ქვეყანაში საშუალო ასაკი სხვადასხვაა, არამედ მნიშვნელოვნად გახანგრძლივდეს სიცოცხლის ხანგრძლივობა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მანამდე სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პეკინში, სამხედრო აღლუმზე მიმავალი სი ძინ პინი და ვლადიმერ პუტინი ბიოტექნოლოგიებზე, ორგანოების გადანერგვასა და 150 წლამდე სიცოცხლის შესაძლებლობაზე საუბრობდნენ.

ნიკა კაცია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტის, ნიკა კაცია სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია და ის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულის საბოლოო სიტყვა მოისმინა, რის შემდეგაც მან განაჩენი გამოაცხადა.

მოსამართლემ მის მიერ მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით ვრცელი განმარტება გააკეთა.

“რაც მევალებოდა და რა შესაძლებლობაც მქონდა, საპროცესო კოდექსის 191 პრიმა მუხლის შესაბამისად სპეციალური საგამოძიებო ორგანონს მივამრთე[კაციას განცხადებასთან დაკავშირებით, მის მიმართ შესძლო დამამცირებელ მოქმედებებთან დაკავშირებით].

რაც შეეხება იმას, რასაც ბრალდების მხარე გედავებათ, მტკიცებულება უნდა შეფასდეს მისი ნეიტრალურობის და უტყუარობის შესაბამისად.

სასამართლო მტკიცებულებათა ერთობლიობას აფასებს. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ნარკოტიკული საშუალება ნიკოლოზ კაციას ეკუთვნოდა. დაცვის მხარის განმარტებით, ეს საშუალება ნიკოლოზ კაციას არ ეკუთვნოდა.

სასამართლომ უნდა შეაფასოს დაცვის და ბრალდების მხარის მტკიცებულებები. სასამართლო პირადი ჩხრეკის ჩამატარებელი პირების ჩვენებებს აფასებს. ამასთან, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეეძლოთ თუ არა ნეიტრალური მტკიცებულება მოეპოვებინათ, როგორც ვიდეოჩანაწერი, ასევე ნეიტრალური მოწმის დასწრება.

სასამართლო ხაზს უსვამს რომ მან ხელმოწერით დაადასტურა პირადი ჩხრეკის ნამდვილობა, ამასთან, მოწმეები ამბობდნენ, რომ წინააღმდეგონის გამო მათ ვერ შეძლეს ვიდეოს გადაღებ. გამომძიებელს შეეძლო ადგილზე შეედგინა ოქმები და დამშვიდებულ ნიკოლოზ კაციას ხელი მოეწერა…

ნიჯოლოზ კაციამ ოქმეზე მოაწერა ხელი, მისი სისწორე დაადასტურა, თუმცა, აღნიშნული ფაქტი უარყო და აღნიშნა, რიმ სტრესული ფაქტის გამო, არ იცოდა, რას მოაწერა ხელი. დაცვის მხარის ვერსიით არსებობდა შესაძლებლობა, ჩხრეკას დასწრებოდა ნეიტრალური პირი.

კიდევ ერთხელ და ათასჯერ აღვნიშნავ, ოირადი ჩხრეკის ოქმს აწერს ნიკა კაცია და მის სისწორეს ადასტურებს, თუმცა, სასამართლოზე გაჩნდა ეჭვი, იყო თუ არა შესაძლებელი ნეიტრალური პირი ამ საგამოძიებო მოქმედებას დასწრებოდა. მოცემულ შემთხვევაში, არსებობს ეჭვი, რიმ სამართალდამცავებს შესძლოთ ეწარმოებინათ ვიდეოგადაღება, რაც ვერ განხორციელდა, მათ შეეძლოთ მოეწვიათ ნეიტრალური მოწმე”,- განაცხადა მჭედლიშვილმა.

მისი განმარტებით, ყველა ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა იყოს გაზიარებული.

4 და 7 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 4 და 7 სექტემბერს საქართველო-თურქეთისადა საქართველო-ბულგარეთის ნაკრებებს შორის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართება, რის გამოც, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება.

შეზღუდვა ორივე დღეს, 10:00 საათიდან00:00 საათამდე იმოქმედებს, რა დროსაც, მოძრაობა აიკრძალება გიორგი ცაბაძის, დიმიტრი ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე, ასევე აკაკი წერეთლის გამზირზე.

გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების, თამარ მეფის გამზირის, ასევე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩების საშუალებით.

შეზღუდვის პერიოდში, ავტობუსები: N384, N386, N311, N320, N315, N327, N306, N308 და N381 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, სვლას განაგრძობენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის, მიროტაძის ქუჩის, პეკინის გამზირის გავლით და კვლავ, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის საშუალებით, გმირთა მოედანს დაუკავშირდებიან. გმირთა მოედნიდან N320, N327, N386, N381, N315 და N384 მგზავრებს დადგენილი მარშრუტით, თამარ მეფის გამზირის გავლით მოემსახურება, ხოლო N306, N308 და N311 არსებული სქემით, ვარაზისხევის საშუალებით იმოძრავებენ.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N541, N551, N536 და N431 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით და დაუკავშირდებიან სააკაძის მოედანს, საიდანაც: N541 მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება კონსტანტინე გამსახურდიას გამზირს და გმირთა მოედნიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით; N551 მიროტაძის ქუჩიდან დაუკავშირდება პეკინის გამზირს და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N536 მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება გამსახურდიას გამზირს, რის შემდეგაც, გმირთა მოედნიდან გადაადგილდება თამარ მეფის გამზირზე და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N431 სააკაძის მოედნიდან შარტავას ქუჩაზე გადაადგილდება, საიდანაც გამოიყენებს უკვე დადგენილ მარშრუტს.

აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებისას წერეთლის გამზირს ანალოგიური გზებით დაუკავშირდება.

მიკროავტობუსი N476 ჟიული შარტავას ქუჩიდან სააკაძის მოედნისა და მიროტაძის ქუჩის გავლით, პეკინისა და კონსტანტინე გამსახურდიას გამზირებს დაუკავშირდება, ხოლო თამარ მეფის გამზირიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, აღნიშნული მიკროავტობუსი გამოიყენებს ანალოგიურ მარშრუტს; N504 მოძრაობას დაასრულებს მეტროსადგურ „წერეთელთან“, ხოლო N538 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, დაუკავშირდება გენერალ კვინიტაძის ქუჩას, თამარ მეფის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით.

უკუმიმართულებისას, N538 თამარ მეფის გამზირიდან დაუკავშირდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და მეტროსადგურ „დიდუბისკენ“ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

რა ეღირება დოლარი და ევრო 4 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6971 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6971 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6935 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1397 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1336 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.