Home Blog Page 4

საბრძოლო მზადყოფნის არმიის ყოლა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, სომხეთს არ აქვს სხვა მიზანი, გარდა თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვისა -სომხეთის საგარეო უწყება

საბრძოლო მზადყოფნის არმიის ყოლა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა და სომხეთს არ აქვს სხვა მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვის გარდა, – ამის შესახებ აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, არმიის რეფორმების პროცესში სომხეთის რესპუბლიკა მოქმედებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.

„სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის დიპლომატიური არხებით და საჯაროდ გაცხადებული წინადადებები სასაზღვრო ინციდენტების ან/და მათ შესახებ ინფორმაციის გამოსაძიებლად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი მექანიზმის შექმნის მიზნით, კვლავაც აზერბაიჯანის მხრიდან უპასუხოდ რჩება.

ასეთი მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელს გახდის, გაირკვეს ნებისმიერი ვითარება და თავიდან იქნეს აცილებული ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ამავე დროს, მიუღებელია სომხეთის რესპუბლიკის ესკალაციურ რიტორიკაში ჩართვის მცდელობები. სომხეთის მთავრობა რჩება მშვიდობის დღის წესრიგის ერთგული და არ გადაუხვევს ამ სტრატეგიას. ასევე, შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკამ დიპლომატიური არხებით და საჯაროდ შესთავაზა აზერბაიჯანს, შეიქმნას შეიარაღების კონტროლის ორმხრივი მექანიზმი და ხელი მოეწეროს შესაბამის შეთანხმებას, რაც აზერბაიჯანმაც უპასუხოდ დატოვა. მიუხედავად ამისა, ეს შეთავაზებაც ძალაში რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სომხეთში აშშ-ის სამხედრო წვრთნები, საფრანგეთისგან შეიარაღების მიღება მიუთითებს ერევნის მზადებაზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ მორიგი ომისთვის-აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო 

აშშ-ის სამხედრო წვრთნები სომხეთში, საფრანგეთისგან შეიარაღების მიღება და ევროკავშირის სამხედრო დახმარება ახალისებს სომხეთს, განახორციელოს პროვოკაციები და მიუთითებს მის მზადებაზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ მორიგი ომისთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადების თანახმად, ქალბაჯარის მიმართულებით მძიმე შეიარაღების გამოყენებით და თოვუზის მიმართულებით კვადკოპტერების გამოყენებით, სომხეთმა პროვოკაციები ჩაიდინა.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ სომხეთმა და მისმა მხარდამჭერებმა თავი უნდა შეიკავონ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი კონფლიქტის ზონის შექმნისგან. თუ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ეს პროვოკაციული ქმედებები არ შეჩერდება, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მიიღებენ აუცილებელ საპასუხო ზომებს თავდაცვის მიზნით მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით. ჩვენ ვაცხადებთ, რომ სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობას და მის მხარდამჭერებს დაეკისრებათ მთელი პასუხისმგებლობა რეგიონში სიტუაციის ესკალაციაზე“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობი აღმოჩნდა – “სურსათის ეროვნული სააგენტო” პროდუქტს ბაზრიდან იღებს

“სურსათის ეროვნული სააგენტო” სამომხმარებლო ბაზრიდან პროტეინის წასახემსებელ ფილებს იღებს.

როგორც სეს-ის განცხადებაშია აღნიშნული, პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობი აღმოჩნდა.

“სურსათის ეროვნული სააგენტო” განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული პროდუქცია არ შეესაბამება სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, NAMEDSPORT-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელი ფილების გამოყენება სასურსათო დანიშნულებით არ შეიძლება.

“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ“ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით, მიიღო „საინფორმაციო შეტყობინება რეაგირებისთვის“, რომელიც იტალიური ბრენდის NAMEDSPORT მიერ წარმოებულ სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობის აღმოჩენის ფაქტს შეეხება.

იტალიის კომპეტენტური ორგანოს მიერ ბიზნესოპერატორთან – NAMEDSPORT განხორციელებული სახელმწიფო კონტროლისას, სხვადასხვა დასახელების პროტეინის ფილაში – THUNDER BAR Exotic Coconut Flavour – 50g, THUNDER BAR Exquisite Chocolate Flavour – 50g, THUNDER BARExcellent Pistachio Flavour – 50g (ვარგისიანობის ვადა 31.10.24) აღმოჩნდა ობი. შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ მწარმოებელმა მყისიერად გაააქტიურა ზემოაღნიშნული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცედურები.

საქართველოში აღნიშნული დასახელების სურსათის – პროტეინის ფილების იმპორტი 2023 წელს, შპს „პსპ ფარმას“ მიერ განხორციელდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს შპს „პსპ ფარმას“ (ს/კ: 202203123, მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი N148) კუთვნილ ობიექტში. ბიზნესოპერატორს აეკრძალა სურსათის (THUNDER BAR Exotic Coconut Flavour – 50g, THUNDER BAR Exquisite Chocolate Flavour – 50g, THUNDER BAR Excellent Pistachio Flavour – 50g (ვარგისიანობის ვადა: 31.10.24) რეალიზაცია და დაევალა სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა, ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა/დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. აღნიშნულ პროცესებზე ზედამხედველობას სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“ განახორციელებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო“ აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული პროდუქცია არ შეესაბამება სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, NAMEDSPORT-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელი ფილების გამოყენება სასურსათო დანიშნულებით არ შეიძლება“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოწმე ხარ, ადვოკატი, „ნაცი“ თუ მისი ტელევიზია, რატომ უნდა მოგაფიქრდეს, გაამხილო მხოლოდ შეთქმულების და დამალო ტერორიზმის მუხლი, თუ რაღაცაში არ არის საქმე?-მდინარაძე

პირველ დღეებში მალავდნენ ტერორიზმის მუხლს, შემდეგ საგულდაგულოდ მალავდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ფიგურირებდა, რატომ უნდა დამალო ეს ყველაფერი, თუ რაღაცაში არ არის საქმე? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ბევრი მსგავსი მოვლენა „ემთხვევა“ ერთმანეთს, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევაა საჭირო და ზუსტად ამას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

„პირველ დღეებში, როდესაც გახმიანდა ეს ამბავი, საერთოდ მალავდნენ ტერორიზმის მუხლს. ერთი წამით დაუშვით, რომ არავინ არაფერი იცოდა მათი მხრიდან. რატომ უნდა მოგაფიქრდეს ამ შემთხვევაში, ორი მუხლია შენთვის ცნობილი, მოწმე ხარ, ადვოკატი, „ნაცი“ თუ მისი ტელევიზია, რატომ უნდა მოგაფიქრდეს, გაამხილო შეთქმულების მუხლი და დამალო ტერორიზმის მუხლი? შემდეგ, როდესაც ინფორმაცია გახმოვანდება და სამი დღის თავზე ყველა გაიგებს, რომ ტერორიზმის მუხლიც არის, საგულდაგულოდ მალავდნენ იმას, რომ ბიძინა ივანოშვილის სახელი და გვარი ფიგურირებდა, როგორც სავარაუდო მსხვერპლი ამ სავარაუდო დანაშაულისა. რატომ უნდა დამალო ეს ყველაფერი, თუ რაღაცაში არ არის საქმე? ამის იქით ალბათ მსჯელობითაც ვერ წავალთ და თუ ისინი ახლა უბრალოდ ღლიცინებენ, რომ ადამიანების მოკვლას აპირებდა ვიღაც, საღლიცინო ამბავი არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეცვლის კურსს, საზოგადოების განწყობა არის ის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, ეს არის ევროპული გზა, რაც გვიწერია კონსტიტუციაში -მამუკა მდინარაძე

საქართველო არასდროს შეცვლის კურსს, რადგან ჩვენი საზოგადოების განწყობა არის ის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და ეს გვიწერია კონსტიტუციაში. ეს არის ევროპული გზა და საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეცვლის ამ კურსს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, თუ ვინმეს უნდა, კურსის ცვლილებაში იგულისხმოს თავდახრილი, ცალ ფეხზე დგომა, „ქართული ოცნება“ ამაზე ვერ წაჰყვება.

„ჩვენს საარჩევნო სლოგანშიც შემთხვევით არ ჩაგვიწერია ეს სიტყვა – მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით მხოლოდ ევროპისკენ. ეს არის ჩვენი პოლიტიკური მრწამსიც და ეს არის ჩვენი მიმართულებაც. თუ ფიქრობთ, რომ ევროპული გზა ომით, უბედურებით, საკუთარი ჯარისკაცების და მოსახლეობის დახოცვის ხარჯზე უნდა იყოს, ეს არ იქნება და ვერც იქნება. სულ რომ თავი შესწირო ამ იდეას, ეს ევროპასთან არ დაგაახლოებთ, არ გაგიჩნდეთ ამის ილუზია. ეს თან დაგაშორებთ და თან ფიზიკურად განადგურდებით. ამით გავნადგურდებით და ვერც ევროპას დავუახლოვდებით ეკონომიკურად, ფიზიკურად. ვიღაც თუ გატყუებთ და გაჯერებთ, რომ ეს ევროპასთან დაგვაახლოებს, ესეც ცალკე ტყუილია. ამიტომ, თავის გაწირვა ტყუილისთვის არ ღირს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ComCom-მა „მთავარი არხი” პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის დაასანქცირა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსებისთვის წერილობით გააფრთხილა.

კომისიის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ივლისში, აღნიშნულ ტელევიზიაში გავიდა ვიდეორგოლები, სადაც ნეგატიურ კონტექსტში ნაჩვენები და დასახელებული იყვნენ პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირეს.

კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლები ემსახურებოდა 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პოტენციურად მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების არჩევის ხელშეშლას, შესაბამისად, ვიდეორგოლები განეკუთვნა პოლიტიკურ რეკლამას.

პოლიტიკური რეკლამის შემცველი ვიდეორგოლები კი ეთერში განთავსდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და ნორმების დარღვევით. კერძოდ, კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური რეკლამის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პერიოდისა და პროცედურის მიღმა განთავსება დაუშვებელია.

გამომდინარე იქიდან, რომ „მთავარი არხი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა და ვიდეორგოლების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო არ ასრულებს მითითებას „შეეხიდოს“ უკრაინას და აქ მეორე ფრონტი გახსნას -მიხეილ ყავლაშვილი

„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საფრთხეზე საუბრობს და მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წერილის კომენტირებისას განაცხადა, უცხოური ძალების მხრიდან ამ მიმართულებით ძალისხმევა შენელებული არ არის.

მიხეილ ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების თემა, კერძოდ, მისი წინასწარ გაყალბებულად გამოცხადება, იქნება ერთ-ერთი შესაძლებლობა, ქვეყანაში მოხდეს მოქმედი ხელისუფლების შეცვლა.

„ომი უკრაინაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, არის ინტერესი, საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება, რადგან ეს ხელისუფლება იცავს მშვიდობას. საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო არ ასრულებს მითითებას, „შეეხიდოს“ უკრაინას და აქ მეორე ფრონტი გახსნას. საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად უნდა იყვნენ მზად იმისთვის, რომ ეს ძალისხმევა არ შენელებულა და გამოიჩინონ სიფრთხილე. ეს ყველაფერი ეხება არჩევნების თემას, რადგან გადაწყვიტეს, რომ, წინასწარ გაყალბებებზე საუბრით, ძალადობრივი გზებით შეცვალონ არჩევნების შედეგები, რათა როგორმე მოხდეს მოქმედი ხელისუფლების ცვლილება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

არსებობს კულისებში საკითხები, რომლებზეც ვერ და არ ვლაპარაკობთ, ღმერთმა არ ქნას, რომ მოგვიწიოს ყველაფრის თქმა, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ქვეყნის გადასარჩენად -მდინარაძე

x

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესის უკან დგანან კონკრეტული ძალები, რომლებსაც „გლობალურ ომის პარტიად“ მოიხსენიებენ.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არასდროს უთქვამთ, რომ „გლობალურ ომის პარტიაში“ აშშ-ს და ევროკავშირს გულისხმობენ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, დარწმუნებული არიან თავიანთ ვერსიაში, რომ გარკვეული ძალების მხრიდან არის საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი და კულისებში არსებობს საკითხები, რომლებზეც დღეს ხმამაღლა არ საუბრობენ.

„გამახსენეთ ერთი შემთხვევა, როცა ჩვენ ვამბობდით, რომ ამერიკას ომი უნდა. როგორც ბრძანებთ, ადამიანი გვამხელს სიცრუეში და გვეუბნება, ტყუილია, რომ ამერიკას ომი უნდა. ჩვენ არცერთხელ არ გვითქვამს, რომ „გლობალურ ომის პარტიაში“ ვგულისხმობთ, როგორც ასეთი, აშშ-ს და, როგორც ასეთი, ევროკავშირს. გვაძალებენ, რომ თქვენ მაინცდამაინც ამას გულისხმობთო და არ ვგულისხმობთ. ადამიანებმა ტყუილში ტყუილით მხილება გადაწყვიტეს. პირიქით, მე ვამხელ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამას იტყვის. ტყუილია, რომ ამერიკას ომი უნდა. არ გვითქვამს ასეთი და იქით უნდა ვამხილოთ ტყუილში ნებისმიერი, ვინც არ უნდა იყოს. უნდა გავბედოთ ეს და ამას ვბედავთ, ამისთვის ცდილობენ ჩვენს დასჯას ვიღაც-ვიღაცები. რაც შეეხება „გლობალური ომის პარტიას“, ესენი არიან ძალები, რომლებიც დგანან მეორე ფრონტის ინტერესის უკან. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ, როგორც ასეთი, ეს არის აშშ, როგორც ასეთი, ეს არის ევროკავშირი, ჩვენ ასეთი არ გვითქვამს. ყოველთვის ხაზს ვუსვამთ კონკრეტულ ძალებს და ვაკავშირებით ამ კონკრეტულ ძალებთან, მათ შორის, მაგალითად, ბატონი ტრამპის მოკვლის ინტერესს, ვაკავშირებთ ბატონი ფიცოს მკვლელობის მცდელობის და მკვლელობის ინტერესს, ვაკავშირებთ ირაკლი კობახიძეზე ირიბი მუქარის ინტერესს და მინიშნების ინტერესს, ვაკავშირებთ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის და მის მიმართ ტერორისტული აქტის მოწყობის ინტერესს. და როდესაც უსამართლო კრიტიკას ვიღებთ ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა კონკრეტული პოლიტიკოსისგან, ისმება კითხვა, თუ ეს ვერსია, რასაც ჩვენ ვავითარებთ, არასწორია, მაშინ რა არის სწორი ვერსია? და ამაში დარწმუნებული კი არ ვართ, ვიცით, არსებობს კულისებში საკითხები, რომლებზეც ვერ და არ ვლაპარაკობთ, რათა არ გადავლახოთ წითელი ხაზები. ღმერთმა არ ქნას, საქართველოს გადასარჩენად ესეც მოგვიწიოს. ხაზგასმით ვამბობ, ღმერთმა არ ქნას, რომ მოგვიწიოს ყველაფრის თქმა, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება, მათ შორის, რაღაც მტკიცებულებებზე საუბარი და ა.შ. ამას შემთხვევით არ ვლაპარაკობ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ივლისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7160 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7160 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7152 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9469 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9446 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა.

ოპოზიცია ცდილობს, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, სხვა მიზანი ფიზიკურად არ აქვთ -მამუკა მდინარაძე

ჩვენი ამომრჩეველი ახლა არის დაახლოებით 60 პროცენტი და დავმალოთ? გვიჩნდება შანსი, ეროვნული პოლიტიკის გასატარებლად მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ აღნიშნული კომენტარით უპასუხა კითხვას, რის საფუძველზე ელოდება „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ხმების 60 პროცენტს და როგორ უპასუხებდა ოპოზიციის მოსაზრებას, რომ მმართველ გუნდს აღნიშნული ციფრი მხარდამჭერების გასამხნევებლად სჭირდება?

„დავუშვათ, 54 პროცენტი ვერ გაამხნევებდა მხარდამჭერს? რა სისულელე არგუმენტია, საიდან მოიტანეს? აქამდე ერთხელ გაგიგიათ ჩვენგან 60 პროცენტი? საიდან მოგვეჩვენა 60 პროცენტი? ყოველი მეორე ამომრჩეველი როდესაც იყო ჩვენი ამომრჩეველი და ამ ფარგლებში ვიღებდით 47, 48 და 49 პროცენტებს, ამას ვამბობდით, ხომ? ახლა არის დაახლოებით 60 პროცენტი, დავმალოთ? ამას დამშვიდება კი არ სჭირდება, არამედ ჩვენი ამომრჩევლის, მხარდამჭერის მხრიდან გამყარება, რადგან გვიჩნდება შანსი, ეროვნული პოლიტიკის გასატარებლად მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. მათ შორის, ბევრი საკითხია, თუნდაც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და სხვები.

ოპოზიცია ცდილობს, საკონსტიტუციო უმრავლესობას არ გაგვაკაროს. მათ ილუზიაშიც, ყველაზე კარგ ოცნებაშიც კი არ აქვთ წარმოდგენილი, რომ უმრავლესობას მოიპოვებენ, გამორიცხული ამბავია. ცდილობენ, ბარიერი გადალახონ, რათა შიგნიდანაც საბოტაჟი მოაწყონ. აუცილებლად დაიწყებენ ქვეყნის საბოტაჟს 26 ოქტომბრის ღამიდან, ეს ხომ წინასწარ ვიცით, მაგრამ ამის გარდა, ცდილობენ, საკონსტიტუციო და მყარი უმრავლესობა არ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“. სხვა მიზანი მათ ფიზიკურად არ აქვთ, ეს არის მათი გარედან მიღებული დავალება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 ალეკო ელისაშვილსა და ხაზარაძეს შორის კომიკური ერთობა შედგა -მაია ბითაძე

ალეკო ელისაშვილსა და ხაზარაძეს შორის კომიკური ერთობა შედგა, ეს უპრინციპო ადამიანების კავშირია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.

როგორც ბითაძემ ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, მათი საერთო მიზანია, ზიანი მიაყენონ სახელმწიფოს.

„მინდა, პირველ რიგში, გამოვეხმაურო კომიკურ ერთობას, რომელიც ალეკო ელისაშვილსა და ხაზარაძეს შორის შედგა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო მათი როგორც ერთობა, ასევე გამონათქვამი, რომ გვერდზე გადადეს ყველა პირადი გაუგებრობა და პოლიტიკურად გაერთიანდნენ. ჩემთვის გაუგებარია, პირად სივრცეში რას ვერ იყოფდნენ, რის სიყვარულს ვერ იყოფდნენ და რა ძალამ გააერთიანათ. ეს არის უპრინცოპო ადამიანების კავშირი, რომელთაც აერთიანებთ მხოლოდ ერთი რამ – როგორმე ზიანი მიაყენონ სახელმწიფოს. ისინი კიდევ ვინმეს თუ მიიერთებენ იმ ფლანგიდან, რომელიც ამ ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა, პასუხი გაეცემათ მიმდინარე წლის ბოლოს. ყველაზე დიდი აბსურდი არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია ახლა გვესაუბრება, თითქოს ახლები და უმწიკვლოები არიან. ეს არის დემაგოგია და შეურაცხყოფა საქართველოს მოსახლეობის, რომელსაც კარგად ახსოვს თითოეული პოლიტიკოსის წარსული. ასევე, აბსოლუტურად უტოპიურია მათი გამონათქვამები იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ევროპულს აკეთებენ ამ ქვეყანაში. ევროკავშირის დროშის ფრიალი არ არის საქმიანობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან და რაიმე ევროპულთან აკავშირებს. ბოლო პერიოდში ნათლად ვხედავთ ამ ადამიანების გაერთიანებას მხოლოდ ერთი საკითხის მიმართ, რასაც ჰქვია ზიზღის, სიძულვილის და პოლარიზაციის გამწვავება. შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნებზე რა ფორმით მოგვევლინებიან. რამდენადაც არ უნდა დაიყონ და გაერთიანდნენ, იმ ადამიანების კავშირი იქნება,  რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ, ქვეყანა დიდ შარში გახვიონ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მაია ბითაძეს სალომე ზურაბიშვილის მეორე ვადით პრეზიდენტობის საკითხზეც დაუსვეს კითხვა, რაზეც ბითაძემ აღნიშნა:

„სალომე ზურაბიშვილი, ეს ქალბატონი დღეს შემთხვევით არის საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი არის მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა. მას თუ სურს, მეორე ვადით იყოს საქართველოს პრეზიდენტი, კარგად უნდა დაინახოს, რომ მისი მხარდამჭერები საფუძველს მოკლებული და ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობით დაკავებული რადიკალები თუ იქნებიან, მას პრეზიდენტობის არანაირი გარანტია არ აქვს. მინდა, ჩემს სახელმწიფოს ვუსურვო, რომ დაცული ოყოს სალომე ზურაბიშვილის მეორე ვადით პრეზიდენტად ყოლისგან“.

პირდაპირ ფინანსურ ტრანსფერებსა და დახმარებებს საქართველო საჩუქრის სახით არ იღებს -ლევან დავითაშვილი

უნდა დავაფასოთ ის თანამშრომლობა და პარტნიორობა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან გვაქვს, უნდა ვიყოთ მადლიერები, როდესაც საუბარია დახმარებებზე, მაგრამ საკრედიტო დახმარებები არ არის საჩუქარი, –  ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრს დაუსვეს კითხვა საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „2012 წლიდან, საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკამ – 415 მლნ ევრო, სოციალურმა დაცვამ კი 201 მლნ ევრო მიიღო, ეს იმ ფონზე, როდესაც შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება არ არსებობს საფრანგეთიდან“.

როგორც კითხვაზე პასუხისას დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო პირდაპირ ფინანსურ ტრანსფერებსა და დახმარებებს საჩუქრის სახით არ იღებს.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი შალვას განცხადება იყო მართალი. ჩვენ პირდაპირ ფინანსურ ტრანსფერებს, დახმარებებს საჩუქრის სახით არ ვიღებთ, თუმცა უნდა დავაფასოთ ის თანამშრომლობა და პარტნიორობა, რომელიც გვაქვს სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ღირებულია პარტნიორობა და თანამშრომლობა საფრანგეთთან, ვფიქრობ, უნდა ვიყოთ მადლიერები, როდესაც საუბარია დახმარებებზე, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია საკრედიტო დახმარებებზე, ეს არ არის საჩუქარი, ეს არის სესხი. აქ არის რაციონალური ურთიერთობები ქვეყნებს შორის. ეს სხვადასხვა სექტორს, მათ შორის ენერგეტიკასაც ხმარდება, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ამის უკან პასუხისმგებლობები გვაქვს და ჩვენ ამ სესხებს უნდა მოვემსახუროთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.