Home Blog Page 4

“ევროპა უკრაინის ომში მარცხდება: ეს სამხედრო მარცხს კი არა, სტრატეგიულ წაგებას ნიშნავს”-Handelsblatt

ევროპამ უკრაინაში განიცადა არა იმდენად სამხედრო, რამდენადაც სტრატეგიული მარცხი, – წერს გერმანული პოპულარული გაზეთი „ჰანდელსბლატი“ (Handelsblatt) სტატიაში სათაურით „ევროპა უკრაინის ომში მარცხდება: ეს სამხედრო მარცხს კი არა, სტრატეგიულ წაგებას ნიშნავს“ (ავტორი – იაკობ ჰანკე-ველა). „სანამ აშშ და რუსეთი მშვიდობას ამყარებენ, ევროპას შორიდან ყურება მოუწევს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ევროპა უკრაინაში მიმდინარე ომს არამარტო სამხედრო თვალსაზრისით აგებს, არამედ სტრატეგიულ მარცხსაც განიცდის. იმას, ვინც მხოლოდ ფულს იხდის, მაგრამ თავის ინტერესებს არ იცავს, არ უნდა გაუკვირდეს, თუ მომავალს სხვები განსაზღვრავენ.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 2022 წლის იანვარში, ევროკავშირის დიპლომატებს შორის გავრცელდა ფოტოსურათი – რუსი და ამერიკელი მომლაპარაკებლები ჟენევაში ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას განიხილავენ – ჯერ კიდევ შეიძლება თუ არა სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება. ევროპელები იმ შეხვედრებში არ მონაწილეობდნენ.

დიპლომატების რეაგირება დამცინავი და იმედგამაცრუებელი იყო. მათ ფოტოსურათს ცინიკური წარწერა გაუკეთეს – „კონფერენცია ევროპის მომავლის შესახებ“ – როგორც დამცინავი მინიშნება იმაზე, რომ ამერიკა და რუსეთი წყვეტენ ევროპის პერსპექტივას, ანუ იმ საკითხს, რომელიც მათი საქმე არ არის. დაცინვა დაცინვად, მაგრამ რატომ არ მონაწილეობდა ევროპა თავისი მომავლის გადაწყვეტაში?

სამი წლის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა – ევროპა უკრაინას ეხმარება, შეიძლება ამერიკაზე მეტად (ზოგიერთი მონაცემებით, 170 მილიარდი ევროა დახარჯული), მაგრამ ესოდენ დიდი ხაეჯის მიუხედავად, მომავალი მშვიდობის საკითხების გადაწყვეტა ამერიკამ და რუსეთმა დაიწყეს, ევროპას კი მხოლოდ შორიდან  ყურების ნება მისცეს.

ეს არის უმაღლესი დონის სტრატეგიული და პოლიტიკური მარცხი, რომელსაც ევროპა განიცდის.

გამოდის, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი მშვიდობას დაამყარებენ (ამერიკა უკრაინაზე ზეწოლას მოახდენს და ცეცხლს შეაწყვეტინებს, რუსეთიც დათანხმდება), შემდეგ მიიწვევენ ევროპას და დაავალებენ,  რა უნდა გააკეთოს: უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეკონომიკური აღდგენა… მოკლედ, ძირითადი ხარჯები ისევ ევროპისგან, ამერიკა კი სასარგებლო წიაღისეულს გაიტანს. ევროპული სახელმწიფოების მეთაურები აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, როცა ისინი იხდიან, აძლევენ და იცავენ, მაგრამ სამაგიეროდ გეოპოლიტიკური გავლენის ბერკეტებს არ იღებენ.

კიდევ უფრო უარესია ის, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო ევროპა დასუსტდა და მისი მარგინალიზება მოხდა. ნატოს წევრი აშშ-ის არმია და იარაღი, რომელიც ბოლო დრომდე ევროპისათვის თავდაცვით ფარს და „ქოლგას“ წარმოადგენდა, უკვე შეეტყო და საიმედო აღარ არის. ევროპელებს სამომავლოდ თვითონ მოუწევთ მეტი ფულის ხარჯვა საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად. რა თქმა უნდა, სამხედრო ბიუჯეტის ზრდა გამოიწვევს სოციალური გადახდებისა და კომპენსაციების, ასევე ინვესტიციების შემცირებას. იმავდროულად ფასები ენერგომატარებლებზე გრძელვადიანი პერსპექტივაში უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო. იაფი რუსული გაზით ეკონომიკის ზრდა წარსულს ჩაბარდა.

ამას უნდა დაემატოს მზარდი შეშფოთება აშშ-ის ჯარების სავარაუდო გაყვანის გამო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან. თუ დონალდ ტრამპი გააგრძელებს უკანდახევას ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დროს, პოლონეთი, ბალტიისპირა ქვეყნები და ნატოს წევრი სხვა აღმოსავლეთევროპელი ქვეყნები სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ამერიკის ჯარების გაყვანა მკვეთრად შეცვლის ძალთა სტრატეგიულ ბალანსს ევროპაში და ეს იმ დროს, როცა რუსეთის თავის სამხედრო ყოფნას აფართოებს.

ევროპამ ამ დაპირისპირებაში წააგო – არა სამხედრო თვალსაზრისით, არამედ სტრატეგიული თვალსაზრისით. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ევროპა საკუთარი მომავლის განსაზღვრის ნებას სხვებს მისცემს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

60 წლის წინ მოხდა ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა და ტრამპი ამბობს, რომ ახლა უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი და თქვენ 12 წელი რატომ გიკვირთ? -სოზარ სუბარი

60 წლის წინ მოხდა ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა და ტრამპი ამბობს, რომ ახლა უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი და თქვენ 12 წელი რატომ გიკვირთ? 12 წლის განმავალობაში უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ საუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის დღევანდელ სხდომაზე მოუსმენენ პროკურატურიდან ირაკლი ნადარეიშვილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გიორგი სანტურიანს და შინაგან საქმეთა სამინისტროდან ალექსანდრე დარახველიძეს.

„საგამოძიებო კომისიაზე დაბარებას არ სჭირდება არავის ნდობა. ეს არის კანონით დადგენილი ვალდებულება. ვინც არ მოვა პასუხს აგებს კანონის წინაშე. კანონი ითვალისწინებს რამდენიმე სხვადასხვა სანქციას – ეს არის ჯარიმა, 3 წლით თანამდებობის აკრძალვა, ან ერთ წლამდე პატიმრობა. შესაბამისად, ეს საქმეები იქნება გადაგზავნილი შესაბამის უწყებებში, თუ ვინმე არ მოვა. როდესაც ლაპარაკია რომ კომისიაზე არ მოსვლა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, ეს გაწერილია კანონში. ჩვენ ბუნებრივია, არავის პასუხისმგებლობა არ გვინდა. პირიქით, გვინდა, რომ ადამიანები მოვიდნენ, გასცენ იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც კომისიას აქვს მათ მიმართ. თუ ვიღაც არ ემორჩილება კანონს, ამ შემთხვევაში კანონი მოქმედებს ავტომატურად და არა იმის გამო, რომ ამის სურვილი აქვს ვინმეს.

რაც შეეხება პარტიის აკრძალვას – პარტიის აკრძალვა-არ აკრძალვა არ არის მიზანი. მიზანი არის, ნათელი მოეფინოს იმ სისტემურ დანაშაულებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა და ამის შემდეგ მიღებულო იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა საუბარმა.

მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება -სპიროს კაპრალოსი

თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ რუმინეთისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება, – განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა და „ბაკურიანი 2025” შეაჯამა.

კაპრალოსმა ოლიმპიადის შეფასება მადლიერების გამოხატვით დაიწყო და ფესტივალის წარმატებულად ჩატარებაში ორგანიზატორების როლი ხაზგასმით აღნიშნა.

„ძალიან ბედნიერები და იღბლიანები ვართ, რომ გვყავს მამუკა ხაბარელი და სხვა ორგანიზატორები; მოხალისეები, ვინც ფესტივალის ყველა მონაწილის ცხოვრება გაალამაზა. ჩვენ საქართველოში გავატარეთ მთელი კვირა, 7 შთამბეჭდავი დღე და ბედნიერები ვართ – ჩვენ, დელეგაციები, რომ ასეთი ფანტასტიკური შეჯიბრება ჩატარდა. სრულყოფილი პირობები იყო შექმნილი – ეს არის, რისი თქმაც შემიძლია. თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ რუმინეთისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება!”, – განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა.

“ბაკურიანი 2025” 9 თებერვალს გაიხსნა. 16 თებერვალს გამართულ ოფიციალური დახურვის ცერემონიაზე, დროშა მომავალ მასპინძელ ქვეყანას – რუმინეთს გადაეცა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2027 წელს, ქალაქ ბრაშოვში ჩატარდება.

“საქართველო: მმართველი პარტია, რუსეთთან ომის რისკის გამო, მოსკოვთან ურთიერთობის დაძაბვას თავს არიდებს”-Der Freitag

გერმანულ ყოველკვირეულ გაზეთ „ფრაიტაგში“ (Der Freitag) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “საქართველო: მმართველი პარტია, რუსეთთან ომის რისკის გამო, მოსკოვთან ურთიერთობის დაძაბვას თავს არიდებს”  (ავტორი – მარტინ ლეიდენფროსტი), რომელშიც ჟურნალისტის შთაბეჭდილებებია გადმოცემული – საკუთარი თვალით ნანახი ქართული პოლიტიკური რეალობა, სამეგრელოს მაგალითზე.

პუბლიკაცია იწყება საქართველოში შექმნილი სიტუაციის ზოგადი მიმოხილვით – ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მიზეზებით (ოპოზიციის ბრალდებები: პრორუსული კანონმდებლობა, არჩევნების გაყალბება…), რუსეთთან, უკრაინასთან და ევროკავშირთან დამოკიდებულებით (დასავლური ანტირუსული სანქციების უარყოფა, მმართველი პარტიის კრიტიკა ევროკავშირის მიერ – პროდასავლური კურსიდან გადახვევისა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევის გამო…).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს მთავრობა, ქვეყანაში შექმნილ არასტაბილურ სიტუაციის გამო, ბრალს სდებს დასავლეთის „ომის გლობალურ პარტიას“, რომელიც საქართველოს რუსეთთან ომისაკენ უბიძგებს, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნით. თუმცა უნდა ითქვას, რომ უკრაინაში რამდენიმე ათეული ქართველი მაინც იბრძვის – მოხალისის სტატუსით – უკრაინის არმიის „ქართულ ლეგიონში“, რომელსაც  მამუკა მამულაშვილი მეთაურობს. ეს ის პიროვნებაა, რომელიც ამას წინათ უკრაინის მეზობელი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ქვეყანაში  შეთქმულების მომწყობად დაასახელა: მისი თქმით, მამულაშვილი სლოვაკეთის   მოსახლეობას უკრაინის მაიდანის მსგავს ანტისამთავრობო გამოსვლებისაკენ მოუწოდებს და სურს, რომ ხელისუფლება ძალადობრივი გზით დაამხოს“.

(…)

საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, მაგრამ ამჯერად ქართული პოლიტიკის ასპექტები ჩემთვის ბევრად უფრო რთულად აღსაქმელი გამოდგა. აზერბაიჯანისა და სომხეთისაგან განსხვავებით, საქართველო მკვეთრად გამოირჩევა თავისი საოცარი ეთნიკურ-რელიგიური სიჭრელით, და თუ ამას დავამატებთ მენტალურ პარტიკულარიზმს, როცა თითოეულ ქართველს თავისი საკუთარი ხედვა საგარეო პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებით, მაშინ მეტ-ნაკლებად გასაგები იქნება შექმნილი პოლიტიკური რეალობის სირთულეები.

პალმები, მანდარინები და ევროპის დროშა აფხაზეთის საზღვართან

იანვრის ბოლოს გადავწყვიტე თბილისიდან საკმაოდ შორს, ეთნოლინგვისტურად მცირედ განსხვავებულ, მაგრამ იმავდროულად ჰიპერ ქართულ რეგიონში – სამეგრელოში, ანუ უძველეს კოლხიდაში, შავი ზღვის პირა მხარეში გავმგზავრებულიყავი. იმედი მქონდა, რომ სეპარატისტული აფხაზეთის საზღვართან ახლოს მცხოვრებ ადგილობრივი მოსახლეობიდან მივიღებდი ინფორმაციას, თუ როგორ გადაიტანეს მათ 1992 და 2008 წლის ომები რუსეთთან.

კოლხეთის ზღვისპირა დაბლობი ცნობილია თავისი სუბტროპიკული ბუნებით, პალმებით და მანდარინის ხეებით. ვიყავი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, რომელიც ადრე ჩაის პლანტაციებით იყო განთქმული, ახლა კი ძველი დიდებისაგან თითქმის არაფერია დარჩენილი – ჩაის ბუჩქები გახმა, ყოფილ პლანტაციებში კი ღორები დანავარდობენ და ზამთრის ბალახით თავს იქცევენ. რუხის ბავშვთა სოციალურ-კულტურულ ცენტრის კედელზე ერთგვარი ფუტურისტული ფრესკაა გამოხატული – საქართველო ევროკავშირის დიდი დროშის ფონზე.

სოფელში გავიარ-გამოვიარე და აფხაზეთის საზღვართან მდებარე ხიდამდე მივედი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „მსოფლიოში ყველაზე დიდ ფეხით გადასასვლელ საავტომობილო ხიდად“ თვლის. იქვე ახლოს არსებული კაფე-მაღაზიის მფლობელს გავესაუბრე, 63 წლის ბიზნესმენს, რომელიც ძველი საბურავებითაც ვაჭრობს, ჰყავს აგრეთვე შინაური ცხოველებიც, მაგალითად, ძროხა, „რომელიც დღეში თითქოსდა ცხრა ლიტრ რძეს იწველის“. როგორც მაღაზიის მფლობელი ჰყვება, 1992 წლის ომის დროს იგი საქართველოდან საზღვარგარეთ წავიდა, შემდეგ დაბრუნდა, ხოლო 2008 წლის ხანმოკლე ომის დროს მან დაინახა, თუ როგორ გაიარა ამ ხიდზე 260-მა რუსულმა ტანკმა ზუგდიდისაკენ. იგი ეთანხმება „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკურ კურსს: „არ გვინდა არც ამერიკის და არც რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი… ვინა არის ისეთი, რომელსაც ომის არ ეშინია?“.

„ევროპა გვინდა, მაგრამ რუსეთთან ომი არ გვსურს“

მოვინახულე საზღვაო კურორტი ანაკლია, რომლის მშენებლობა 2004-2013 წლებში საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერიოდში შენდებოდა, მაგრამ ახლა მიტოვებულია. გავისეირნე ზღვის წყნარ სანაპიროზე, სადაც ადგილობრივი მაწანწალა ძაღლები საძოვარზე მყოფ საქონელს უყეფდნენ.

ანაკლიაში ვესაუბრე ორ ხანდაზმულ მეგრელ ქალბატონს, რომლებსაც ყოფილი კინოთეატრის შენობაში ერთს მაღაზია ჰქონდა, მეორეს კი სასტუმრო. ორივეს  ახლობლები რუსეთში ჰყავდათ („მოსკოვში ხალხი მდიდრულად ცხოვრობს!“). 84 წლის ქალბატონები ევროკავშირთან ინტეგრაციის მომხრენი არიან („ჩვენ ევროპაში ყოფნა გვინდა“), მაგრამ ევროპის თხოვნით რუსეთის საწინააღმდეგოდ ომში ჩაბმა მათთვის მიუღებელია: „განა ჩვენ რუსეთს რაიმეს ვუზამთ? ომში ხომ ისევ ჩვენი ჯარისკაცები დაიღუპებიან“.

ანაკლიაში მდებარე ინდურ საკურორტო სპა-სასტუმროში Pratap’s Signature Beachside Resort & Spa კარგად დავნაყრდი და მომეცა შემთხვევა მცირე ხნით მზარეულ ქალებს შესვენების დროს გავსაუბრებოდი. ისინი რუსეთთან ომის მიმართ შიშს გამოხატავდნენ. ერთ-ერთი ქალბატონი პარიზში იყო სამუშაოდ წასული, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ახლა ინდოელი ინვესტორის წყალობით, ინდურ სასტუმროში მუშაობს.

ზუგდიდში, პროევროპულ დემონსტრაციაზე…

სამეგრელოს მთავარ ქალაქ ზუგდიდში კი ანაკლიისაგან განსხვავებული სურათია შექმნილი: საშაურმის მფლობელი ბიზნესმენი, მეგრელი ქალბატონი, რომელიც მოსკოვშია გაზრდილი, რუსულ ყაიდაზე ლაპარაკობდა („უკრაინელებზე თავხედი ხალხი არ არსებობს!“), ხოლო მის კოლეგას, რომელიც აფხაზეთიდან იძულებით იყო გამოდევნილი, ანტირუსული განწყობა ჰქონდა („რუსები ოკუპანტები არიან!“). ისინი დაეთანხმნენ იმ აზრს, რომ უკრაინელ ლტოლვილებს საზღვარგარეთ ბევრად მეტი მხარდაჭერა აქვთ, ვიდრე თავის დროზე ქართველებს ჰქონდათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 51% მიიღო. ადგილობრივი საკრებულოს შენობის წინ ოპოზიციის დემონსტრაცია მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეები საქართველოს მთავრობის მიერ ანტიევროპულ კურსს აპროტესტებდნენ. წვიმის გამო მომიტინგეთა რაოდენობა 30 ადამიანს არ აჭარბებდა, იმდენივე იყვნენ პოლიციელებიც. გავესაუბრე ახალგაზრდა წყვილს. მათ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ კამპანიამ სავარაუდო ომის შესახებ მოსახლეობაზე გარკვეული გავლენა მოახდინა. „თუმცა ობიექტურად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი სიცრუეა“, – განაცხადა ცოლმა. ქმარმა დუმილი ამჯობინა.

გვიან საღამოს ადგილობრივ სქაი-ბარში შევედი. ხუთი გოგონა ადგილობრივ ენაზე ლაპარაკობდა, მაგრამ როგორც კი სიგარეტის მოსაწევად გარეთ გავიდნენ და იტალიურ მუსიკაზე ხელიხელჩაკიდებულებმა ცეკვა დაიწყეს, ერთ-ერთის ტელეფონმა როცა დარეკა, მან რუსულ ენაზე ჰკითხა: „რა გინდა?“. ცოტა ხნის შემდეგ კი საუბარი იტალიურ ენაზე დაასრულა: „არივედერჩი“ (შეხვედრამდე), – თქვა და ტელეფონი მაგიდაზე დააგდო.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ბრიტანეთი მზადაა უკრაინაში ჯარები განათავსოს -კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარები განალაგოს.

ამის შესახებ ინფორმაციას Daily Telegraph-ი  ავრცელებს.

„მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ჯარები განვალაგოთ ადგილზე. ნებისმიერი როლი უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებაში არის ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტირებაში დახმარება“, – ამბობს სტარმერი.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი მზადაა, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის დაჩქარებაში, რომელიც მოიცავს უკრაინელი სამხედროების შემდგომ მხარდაჭერას. კირ სტარმერის ცნობით, ბრიტანეთმა აიღო ვალდებულება, წელიწადში სამი მილიარდი ფუნტის უზრუნველყოფაზე, მინიმუმ, 2030 წლამდე.

„მაგრამ ეს ასევე ნიშნავს მზადყოფნას და სურვილს, წვლილი შევიტანოთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ჯარების განთავსებით და ეს ცარიელი სიტყვები არ არის. მე ძალიან ღრმად ვგრძნობ იმ პასუხისმგებლობას, რაც თან ახლავს ბრიტანელი სამხედროების პოტენციურ საფრთხის წინაშე დაყენებას“, – განაცხადა სტარმერმა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, ეს არ უნდა იქცეს დროებით პაუზად პუტინის ხელახლა თავდასხმამდე.

მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამპარტია – “გახარია საქართველოსთვის”

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, მათ ლიდერ გიორგი გახარიას, რომელიც მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში დაბრუნდა, აეროპორტში წინასწარ ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრეს.

„დღეს გამთენიისას, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიასა და ჩვენს თანაგუნდელს, გერმანიაში ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანიშვილმა დაახვედრა წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერჯგუფი, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო ადგილზე მყოფმა, ასევე წინასწარ გაფრთხილებულმა პოლიციამ.

ისტერიაში მყოფი მოძალადე ე.წ. ხელისუფლება უკონტროლო ხდება.

გასაგებია, რომ ივანიშვილი შეშინებულია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებით და ეს ისტერიაც ამითაა გამოწვეული.

ჩვენი პოლიტიკური ძალა გააკეთებს ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი – ფული და ძალაუფლება, რომ ვეღარასოდეს შეძლოს ქართველ ხალხზე ძალადობა“, – აცხადებენ პარტიაში.

დამოუკიდებელი საქართველოს სტრატეგია გუშინ და დღეს -ნიკოლოზ სანებლიძე

ვფიქრობთ, განმარტებას მოითხოვს 90-იანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასთან. აგრეთვე საჭიროდ მივიჩნევთ, დღევანდელ ვითარებასთან მის შედარებას.

უზენაესი საბჭოს არჩევნები შედგა 1990 წლის 28 ოქტომბერს. მანამდე, 1989 წლის დეკემბერში კუნძულ მალტაზე, ხელი მოეწერა შეთანხმებას საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის. იგი გულისხმობდა ძირითადად შემდეგს: – განახლებულ საბჭოთა კავშირს უნდა დაეტოვებინა აღმოსავლეთ ევროპა (ე.წ. სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნებიდან უნდა გაეყვანა ჯარები, რაც ვარშავის ხელშეკრულების და აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა სოციალისტური სისტემის დაშლას მოასწავებდა). ამასთან, უნდა გათავისუფლებულიყვნენ ბალტიის რესპუბლიკები (ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი). ეს ქვეყნები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად. საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობამ ზემოხსენებული ხელშეკრულების სრული დენონსაცია მოახდინა, რითაც შემზადდა სამართლებრივი ნიადაგი ბალტიელების საბჭოთა კავშირიდან გასასვლელად. პარალელურად საბჭოთა ხელმძღვანელობამ წარმოადგინა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების პროექტი. იგი გულისხმობდა საბჭოეთის ტერიტორიაზე არსებული უკლებლივ ყველა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის მიერ ამ დოკუმენტის თანასწორუფლებიან ხელმოწერას (ბალტიისპირეთის გამოკლებით, რომელიც ამ სივრცეში აღარ მოიაზრებოდა). ეს დოკუმენტი უდიდეს საფრთხეს უქმნიდა ყველა იმ მოკავშირე რესპუბლიკას, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებოდნენ ავტონომიები (ნებისმიერი სახით). აშკარა იყო, რომ ის მოკავშირე რესპუბლიკა, რომელიც ხელს მოაწერდა ამ დოკუმენტს, ტერიტორიული დანაკარგების გარეშე საბჭოთა კავშირიდან ვერ გავიდოდა. ცხადია ამგვარი პოლიტიკური სვლა გაკეთდა უპირველესად რუსეთის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის მოსათვინიერებლად (მას რამდენიმე ათეული ავტონომიური წარმონაქმნი ჰქონდა). ამგვარი წნეხის ქვეშ უეჭველად მოექცეოდა საქართველოც თავისი სამი ავტონომიით. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, რომ ეროვნული მოძრაობის ერთმა ფრთამ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით სერიოზულად დაიწყო ფიქრი (და მზადება) არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

მალტის ხელშეკრულებით ცხადია, კმაყოფილი დარჩა ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაცია. ამ პაქტის ძალით იგი რუსეთის იმპერიას მთლიანად აცლიდა თავდაცვის აღმოსავლეთ ევროპულ სარტყელს და სერიოზულ წარმატებას აღწევდა ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრთაზე ბალტიის ზღვის ჩათვლით (ამ უკანასკნელის დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მეორე მსოფლიო ომის მოვლენებიც ნათლად მიუთითებენ). ამ ეტაპზე ეს წარმატება სრულიად საკმარისი იყო. ამასთან, მას განმტკიცება, მოპოვებულ ტერიტორიებს კი შესაბამისი მოწყობა-ათვისება ესაჭიროებოდა. გასატარებელი იყო სხვადასხვა სახის რეფორმა, რაც საკმარისად ხანგრძლივ დროს მოითხოვდა. ამასთან, დინჯი და აუჩქარებელი წინსვლა იმის გარანტიაც უნდა ყოფილიყო, რომ არ მოხდებოდა მიუღებელი ესკალაცია. სახიფათო პარტნიორის გაღიზიანების, ან ამ უკანასკნელის მმართველობაში არასასურველი ცვლილებების გამო. არსებობდა კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც დასავლეთი ითვალისწინებდა. მიუხედავად ა.შ.შ.-ს ოფიციალური პირების მტკიცებისა, რომ ამ ქვეყანას არასოდეს უღიარებია ბალტიისპირეთის რესპუბლიკების საბჭოთა კავშირთან მიერთების კანონიერება (ამ აზრს დღესაც ხშირად გაიგონებთ), ეს ძალზე სადავო დებულებაა. ვინაიდან არსებობდა ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიც იყო 1978 წლის ჰელსინკის თათბირის პაქტი (რომლის ერთ-ერთი პარაგრაფიც ითვალისწინებდა საზღვრების ურღვეობას). შესაბამისად, საბჭოთა კავშირიდან ბალტიის ქვეყნების ჩამოცილება ამ მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ნაწილობრივ გადახედვასაც მოასწავებდა (დასავლეთის სასარგებლოდ). მისი სრული გაუქმება კი (მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მსგავსად), შეუძლებელი აღმოჩნდა. ვინაიდან სწორედ ეს დოკუმენტი იყო ფუძემდებლური აქტი საბჭოეთისა და დასავლეთის მომავალი თანამშრომლობისა (ურთიერთგაგების და კეთილდღეობის სივრცისათვის ვლადივოსტოკიდან მადეირას კუნძულებამდე). ასე რომ საბჭოთა ხელისუფლება დიდ დათმობაზე მიდიოდა. ამ ქვეყნის შემდგომი დეზინტეგრაცია კი ძალზე ბუნდოვანი და პოტენციურად უაღრესად სახიფათო შედეგების შემცველი იყო. თავი რომ დავანებოთ საყოველთაოდ ცნობილი ბირთვული იარაღის გავრცელების პრობლემას, თავად ევროპაშიც ბევრი რამ იყო მოსაგვარებელი. ერთიანი გერმანია ყურადღებას ითხოვდა (გაერთიანების პროცესს განსაკუთრებული შეშფოთებით აკვირდებოდა დიდი ბრიტანეთი). ძალზე სახიფათო პროცესები დაიწყო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ცხადი იყო, რომ ამგვარი უზარმაზარი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოითხოვდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ რეფორმებს, რასაც დრო და მშვიდობა ესაჭიროებოდა. კანონი და კანონიერება (დემოკრატიასთან ერთად) ახალი სამყაროს გასაღებ სიტყვებად და ცნებებად უნდა ქცეულიყო ევრაზიის მთელ ერთიან სივრცეზე. ყველას, ვინც აპირებდა ამ დიდ სპექტაკლში მონაწილეობას და საკუთარი სიტყვის თქმას, ეს უნდა გაეთვალისწინებინა.

სწორედ ამ სიღრმისეულმა გარემოებებმა განსაზღვრეს “მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს“ მონაწილეობა არჩევნებში. თუმცა შექმნილმა ვითარებამ განაპირობა ამერიკის შეერთებული შტატების (და თითქმის ყველა წამყვანი სახელმწიფოს) ნეგატიური მიმართება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისადმი. ყოველივე ზემოთქმული ვფიქრობთ, ნათელს ხდის ორ გარემოებას.

პირველი – ა.შ.შ. იმთავითვე უარყოფითად იყო განწყობილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობისადმი (ბალტიისპირეთის გამოკლებით); და მეორე – საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას, ბრძოლა უხდებოდათ უკიდურესად მძიმე პირობებში, ვინაიდან მსოფლიო პოლიტიკისა და კონიუნქტურის ძირითადი მიმართულება მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა მათ მიერ დასახულ ამოცანას – სახელმწიფოებრივ თავისუფლებას. რაც შეეხება ჩინეთს, იმ დროისათვის ეს ქვეყანა უმთავრესად შიდა რეფორმებით იყო დაკავებული. ამასთან, ჩინეთი დღესაც დიდი ეჭვით ეკიდება სახელმწიფოებრივი დეზინტეგრაციის პროცესებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

ცისქვეშეთს ეს პოზიცია ეკავა მაშინაც. ისიც უნდა ითქვას, რომ ა.შ.შ.-ს ოფიციალური პოლიტიკა არ ვრცელდებოდა განწყობებზე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებში. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სიმპათიითა და გაგებით ეკიდებოდა ამ ქვეყნის 37-ე პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი (რომელიც სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა მაშინ საქართველოში). კეთილგანწყობილთა შორის იყო პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც (მაშინ სენატორი). ეს დაადასტურა ვაშინგტონში უზენაესი საბჭოს დელეგაციის შეხვედრებმა აკაკი ასათიანის ხელმძღვანელობით. ეს შემამსუბუქებელი გარემოებანი ვითარებას პრინციპულად ვერ ცვლიდა. ა.შ.შ.-ს ხელმძღვანელობა ბოლომდე (საბჭოთა კავშირის დაშლამდე) მტკიცედ იცავდა მალტის შეთანხმებას.

რასაკვირველია ყოველივე ზემოთქმული მაინც არ ქმნიდა საკმარის საფუძველს იმისათვის, რათა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უფროსს საბჭოთა კავშირის დაშლამდე სულ ორიოდე თვით ადრე ზვიად გამსახურდიასათვის ეწოდებინა „დინების წინააღმდეგ მცურავი პოლიტიკოსი“. მას რასაკვირველია, ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რათა კარგად დაენახა საბჭოთა კავშირის მოკლე დროში დეზინტეგრაციის რეალობა (და მაშინ ვინ გამოვიდოდა დინების წინააღმდეგ მცურავი?).

ვფიქრობთ, რომ ამის მიზეზი მხოლოდ მალტის ხელშეკრულება არ იყო. დასავლეთი უბრალოდ არ აღმოჩნდა მზად იმ მოვლენებისათვის, რაც შეიძლებოდა განვითარებულიყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მათ არ გააჩნდათ არანაირი გეგმა და უფრთხოდნენ გაურკვეველ ვითარებას მთელს მსოფლიოში. ეს შიში სულაც არ იყო უსაფუძვლო. რაც დამტკიცდა კიდეც შემდგომი ათწლეულების მანძილზე.

შექმნილ პარადოქსულ ვითარებაში, საქართველო და რუსეთის ფედერაცია მოკლე, თუმცა ძალზე მნიშვნელოვანი დროით, ერთმანეთის მოკავშირეები აღმოჩნდნენ. ვინაიდან ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება ორივეს ფაქტობრივად დაშლით ემუქრებოდა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი გარემოება იყო, თუმცა ამგვარი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მას შემდეგ, რაც თანდათანობით ნათელი გახდა, რომ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება შორს არის განხორციელებისაგან, მით უფრო კი აგვისტოს პუტჩის ჩავარდნის შემდგომ, როცა ელცინმა და Co-მ აშკარად აჯობა გორბაჩოვის ხელისუფლებას. ეს იმას ნიშნავდა, რომ ძალაუფლებასთან ერთად რუსეთის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი საბჭოთა კავშირისაგან მემკვიდრეობით იმპერიულ ამბიციებსაც მიიღებდნენ. სწორედ ამ გარემოებათა მიზეზით საქართველოსა და რუსეთს შორის  ვითარება გართულდა და დაიძაბა.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აგრეთვე დასავლეთის ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური პოზიციის გამო, ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა კავკასიურმა პოლიტიკამ. ეს აუცილებლობით იყო გამოწვეული. ქვეყანას სჭირდებოდა უსაფრთხოების მინიმალური სარტყელი მაინც. ამასთან, რუსეთის ფედერაციის გააქტიურებისა და მის მიერ საბჭოთა კავშირის სტრატეგიულ სივრცეში პირველობის მოპოვების კვალდაკვალ (განსაკუთრებით 1991 წლის აგვისტოს შემდეგ), საჭირო შეიქნა პრევენციული თავდაცვითი ღონისძიებების გატარება. აშკარა იყო, რომ მომძლავრებული და ამბიციური რუსეთი კავკასიას (და განსაკუთრებით საქართველოს) არ მოასვენებდა. ამიტომ გაძლიერდა უკვე არსებული თანამშრომლობა იჩქერიის (ჩეჩნეთის) მმართველ წრეებთან და დაიწყო სერიოზული მუშაობა თათრეთის ავტონომიის ხელმძღვანელობასთან (დამოუკიდებლობის ორმხრივად აღიარების მიზნით). პოლიტიკურად ეს ცხადია ძალზე სარისკო ნაბიჯები იყო. მკვეთრად შეიცვალა დამოკიდებულება რუსეთთან (და პირადად პრეზიდენტ ბორის ელცინთან), რაც კიდევ უფრო ართულებდა საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობას (იგი ფაქტობრივად ორ ფრონტზე იბრძოდა. თანაც ქვეყანა საერთაშორისო აღიარებასაც მთელი ძალებით ესწრაფოდა). სამაგიეროდ რუსეთს სერიოზული პრობლემები გაუჩნდა კავკასიაში ათ წელზე მეტი ხნით. ეს საგრძნობლად ასუსტებდა მის აგრესიას საქართველოს მიმართულებით. რაც შეეხება აფხაზეთის პრობლემას, მისი გამწვავება და ტრაგიკული ფინალი მთლიანად ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მოქმედების შედეგია. ცხინვალის რეგიონის საქართველოდან დროებით მოწყვეტის ოპერაცია კი შესაძლებელი გახდა მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის შემდეგ. უფრო მეტიც, – ის, რომ სადღეისოდ თითქმის მთელი მსოფლიო სამართლებრივად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს განუყოფელ ტერიტორიად აღიარებს სწორედ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მოქმედების შედეგია. აქ უპირველესად დამოუკიდებლობის რეფერენდუმი უნდა გავიხსენოთ. ძალზე მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება და საბჭოთა კავშირის შენარჩუნების შესახებ რეფერენდუმის საქართველოს ტერიტორიაზე არდაშვება. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნის მიერ სწორედ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში მოხდა (1991 წლის 26 დეკემბერი – 1992 წლის 6 იანვარი).

საქართველოს ხელისუფლებამ და პირადად ზვიად გამსახურდიამ მიღწიეს უმთავრეს სტრატეგიულ მიზანს – საქართველო გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. უფრო მეტიც, რომ არ მომხდარიყო გადატრიალება (სამხედრო პუტჩი) ჩვენი ქვეყანა ასცდებოდა მრავალ განსაცდელს, ტრაგიკულ მსხვერპლსა და საკუთარ ტერიტორიებზე კონტროლის დროებით დაკარგვას, რასაც 1992 წლის იანვრის შემდეგ ჰქონდა ადგილი. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება არ დაუშვებდა საქართველოს მოსახლეობის ტოტალურ ძარცვასაც, რაც სახელმწიფო გადატრიალების შედეგი იყო. სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე გამდიდრება წარმოადგენდა ამბოხებულთა ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს, რასაც მიაღწიეს კიდეც.

გარდასრულ მოვლენათა დაწვრილებითი გადმოცემა იმიტომ გახდა საჭირო, რომ ცხადი გაგვეხადა – დასავლეთისა და ა.შ.შ.-ს დამოკიდებულება და მოთხოვნები საქართველოს სახელმწიფოს მიმართ 33 წლის წინ და დღეს სრულიად განსხვავებულია. გარკვეულ მნიშვნელოვან გარემოებათა გამო სამი ათეული წლით ადრე ეს ქვეყნები არ უჭერდნენ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ხოლო მ. გორბაჩოვის ხელისუფლების მიერ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ინიციატივის რეალიზაციის შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა ან განუსაზღვრელი დროით დარჩებოდა რუსეთის იმპერიაში, ან მოხდებოდა მისი ფაქტობრივი და იურიდიული დეზინტეგრაცია. აი ამგვარი გამოწვევების წინაშე იდგა ზვიად გამსახურდია, იმდროინდელი მთავრობა და პარლამენტი.

ახლა შევხედოთ თანამედროვე მდგომარეობას. დღეს საქართველო საერთაშორისოდ ცნობილი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და როგორც ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ადასტურებენ, მას ნამდვილად შეუძლია საკუთარი არჩევანის გაკეთება. ეს კი ყველაფრის მიუხედავად, ადასტურებს მის რეალურ საერთაშორისო სამართალსუბიექტობას. ოღონდ გასარკვევია, როგორი არის ეს არჩევანი. ცნობილია, რომ არჩევანის თავისუფლება მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს მოქმედების ნებისმიერ სუბიექტს. რამდენად ადეკვატურად იყენებს საქართველოს ხელისუფლება თავისუფლების ამ დოზას და თვითმოქმედების შესაძლებლობას, რომელიც მას რეალურად გააჩნია? სწორად ესმის თუ არა  მას ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და პრობლემები. უნდა ითქვას, რომ 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში აგრესიის დაწყების დღიდან განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოს დაუცველობის პრობლემა მისი ჩრდილოელი მეზობლის შესაძლო სამხედრო მოქმედებების წინაშე. აშკარა იყო, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს შესაძლებლობა საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს ამგვარ ეგზისტენციალურ საფრთხეს და საქმე საქმეზე რომ მიდგეს მას ფაქტობრივად ვერავინ დაიცავს (ამასვე ადასტურებდა 2008 წლის აგვისტოს 5 დღიანი ომი, მისი მიმდინარეობა და მძიმე შედეგები). ამგვარად, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთთან ურთიერთობის პრობლემისადმი უკიდურესად ფრთხილი მიდგომა იმ ეტაპზე სრულიად გამართლებული იყო. ვინაიდან არავინ იცოდა რეალურად რა შესაძლებლობებს ფლობდა რუსული არმია და არც ის ვიცოდით რამდენად შეძლებდა უკრაინის ხელისუფლება და მოსახლეობა წინააღმდეგობის გაწევას. ჩვენს წინაშე იყო თავად თავხედური და ფაქტობრივად არამოტივირებული აგრესიის ფაქტი და მეორეს მხრივ, ძალზე არასახარბიელო გამოცდილება რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტისა. სახეზე იყო აგრეთვე 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, ოკუპაცია და ინკორპორაცია (რომელმაც აგრესორისათვის ფაქტობრივად გართულებების გარეშე ჩაიარა). მოგვიანებით რუსეთმა ჯარები გადასხა სირიაში, რის შედეგადაც ბაშარ ალ ასადის კლანმა ხელისუფლება რამდენიმე წლით შეინარჩუნა. თანაც, წინასწარ არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ომის დროს, რომლის შედეგიც აურაცხელ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათი წინასწარი განჭვრეტა სრულიად უპერსპექტივო წამოწყებაა (შემთხვევითი როდი იყო, რომ შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან სულ მოკლე ხანში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის). ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთის მიერ მოკლე დროში კიევის აღება სავსებით რეალურად მიიჩნეოდა.

თუმცა სულ ორიოდე თვის შემდეგ აშკარა გახდა, რომ რუსეთი კარგა ხნით ჩაეფლო ამ კონფლიქტში. ეს კი უკვე შესამჩნევად ამცირებდა ამ ქვეყნის საქართველოში შემოჭრის ალბათობას (და მოსკოვის მიერ მეორე ფრონტის გახსნას კავკასიაში). თანდათანობით ცხადი შეიქნა, რომ პუტინის ხელისუფლებამ მთელი ძალები უკრაინის ფრონტზე გადაისროლა. სწორედ ამიტომ იგი იძულებული გახდა სამხედრო შენაერთები გამოეყვანა სირიიდან და უკრაინაში გაეგზავნა (რასაც შეეწირა კიდეც ასადის რეჟიმი და იმავდროულად ძალზე სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსეთის ინტერესებს ახლო აღმოსავლეთში). ამასთან 2024 წლის არჩევნების შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა დონალდ ტრამპი, ვისი საგარეო პოლიტიკური დოქტრინაც რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტას და მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად. ყველა ამ გარემოებამ რუსეთის აგრესიის შესაძლებლობა კავკასიაში მინიმუმამდე შეამცირა. სხვათა შორის მოსკოვის მიერ მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა ჯერ კიდე აზერბაიჯან-სომხეთის ბოლო შეიარაღებული დაპირისპირების დროსაც დადგა ეჭვის ქვეშ. მაშინ ბევრი ექსპერტი ამტკიცებდა, რომ ვლადიმერ პუტინმა დასაჯა სომხეთის ხელისუფლება (და პირადად პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი) პროდასავლური პოლიტიკის გამო და ამ მიზეზით სომხეთი ომში მარტო დარჩა. შეიძლება ეს გარემოებაც თამაშობდა გარკვეულ როლს, თუმცა განმსაზღვრელი მაინც იყო რუსეთის არასაკმარისი ძალმოსილება ჩართულიყო კონფლიქტში ორ ერთმანეთისაგან დაშორებულ სამხედრო თეატრზე. ყოველივე ზემოთქმული ადასტურებს, რომ რუსეთი არ დაიწყებს ომს კავკასიაში (და კონკრეტულად საქართველოს წინააღმდეგ). თანაც ამ ქვეყნის ხელმძღვანელობას იმედი აქვს პრეზიდენტ ტრამპთან მისთვის მომგებიანი მოლაპარაკების დაწყების. ისიც ცხადია, რომ თუკი პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ მიაღწია შეთანხმებას რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ცეცხლს შეწყვეტის თაობაზე, იგი იძულებული იქნება უკრაინას მიაწოდოს თავდაცვისათვის საკმარისი საშუალებები. მართლაც, თუ მოლაპარაკებები ჩაიშალა, ეს უმთავრესად რუსეთის მიზეზით მოხდება. ერთი სიტყვით, საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე ამჟამად ყველაზე დაბალია 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული (და ეს საფრთხე მთელი ამ დროის განმავლობაში 2022-2025 წლებში პროგრესულად მცირდებოდა). ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისათვის ეს აშკარა უნდა იყოს.

რაც შეეხება ე.წ. გლობალური ომის პარტიას და მის ზემოქმედებას საქართველოს ხელისუფლებაზე ჩვენი ქვეყნის კონფლიქტში აქტიურად ჩართვის მიზნით. ძალზე მაღალი ალბათობით შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების პირველ ეტაპზე (საორიენტაციოდ იმ დრომდე, ვიდრე რუსეთი უკან დაიხევდა კიევიდან და სხვა ოლქებიდან), ამგვარ დაბეჯითებით ქმედებებს მართლაც ჰქონოდა ადგილი. საქართველოს ხელისუფლება სწორად მოიქცა, როცა ამგვარ ზემოქმედებას მტკიცე უარით უპასუხა. მართლაც, ომის დაწყებით სტადიაზე გაურკვევლობისა და უკიდურესი დაძაბულობის ფონზე, მრავალი უსიამოვნო რამ შეიძლება მოხდეს. ნებისმიერი ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა თავიდან აიცილოს საფრთხე, რომელიც მათგან მოდის. დასავლეთის მხრიდან ამგვარი მიდგომების რეალურობა ფაქტობრივად დაადასტურა კიდეც ა.შ.შ.-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში ქალბატონმა კელი დეგნანმა, როცა განაცხადა – სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების ყველა დეტალს არ ასაჯაროებენო. თუმცა ცხადად და გასაგებად უნდა ითქვას ისიც, რომ არცერთ სახელმწიფოს (მათ შორის უკრაინასაც) ოფიციალურად საქართველოს ხელისუფლებისათვის არ მოუთხოვია რუსეთის წინააღმდეგ კონფლიქტში ჩართვა. ხოლო ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მოვალეობა უეჭველად იყო (და არის) ამ ტიპის წინადადებების ოფიციალური და საჯარო ჩამოყალიბების მოთხოვნა ნებისმიერი სახელმწიფოსათვის (ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი). ომსა და მშვიდობაზე კულისებს მიღმა არაოფიციალური ლაპარაკი სრულიად მიუღებელია ჩვენი ქვეყნისათვის (და საერთაშორისო სამართლისთვისაც).

როგორც ითქვა, ამგვარი (ყოველთვის არაოფიციალური) მოთხოვნების ინტენსივობა მაღალი ალბათობით, პროგრესულად იკლებდა. როგორც ჩანს, მოქმედი ელჩის, ქალბატონი რობინ დანიგანის მხრიდან ამგვარი სერიოზული მცდელობები ამ მიმართულებით არ დაფიქსირებულა. მნიშვნელოვანი გარემოებები კი იქითკენ მიუთითებენ, რომ საქართველოს, ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ბოლო და ყველაზე სერიოზული გამწვავება მაინც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მიერ ე.წ. აგენტების კანონის შემობრუნებას პარლამენტში. აგრეთვე აგრესიულ წინასაარჩევნო განცხადებებს, როცა გარკვევით ითქვა, რომ საჭიროა კოლექტიური ნაცმოძრაობის (ანუ თითქმის მთელი ოპოზიციის) პოლიტიკიდან ჩამოშორება და სამართლებრივი დევნა. კოლექტიური პასუხისმგებლობის აქტიური პროპაგანდა აგრეთვე აღმოჩნდა პარტნიორთა შეშფოთების სერიოზული მიზეზი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ამას დაემატა ძალზე უცნაური საკადრო გადაწყვეტილებები და 28 ნოემბრის უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე. დაპირებამ, რომ 2028 წელს (არჩევნების აუცილებლად ჩატარების და ახალი ხელისუფლების მოსვლის წელს) საქართველოს ხელისუფლება განაახლებს მოლაპარაკებას ევროპასთან პარტნიორთა სრული გაუგებრობა და გაღიზიანება გამოიწვია. ეს გასაგებიცაა. ვინაიდან, როგორი პოლიტიკა ექნება საქართველოს ხელისუფლებას 2028-2030 წლებში და შემდგომ იქნება იმ პოლიტიკური ძალების გადასაწყვეტი, ვინც 2028 წელს მოვა ხელისუფლებაში. განა ასე არ არის? შესაბამისად, ხელისუფლება ამ განცხადებით ადასტურებს, რომ მისი ისედაც სადავო უფლებამოსილების გასვლამდე იგი არ აპირებს ევროპასთან ურთიერთობის საკუთარი ინიციატივით გაუმჯობესებას. ამასთან,  მდგომარეობა რომელიც დღეს გვაქვს ყალიბდებოდა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ და ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეს პოლიტიკა კიდევ უფრო გამოკვეთილი გახდა.

ვფიქრობთ, დასავლეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ უფრო დაწვრილებით გამოკვლევას ითხოვს. ერთგვარი დაეჭვება ჩვენი ხელისუფლების პროდასავლური კურსის მიმართ ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა საქმე შეეხო ევროპაში თავისუფალ მიმოსვლას. თუმცა ეს წინააღმდეგობა წარმატებით იქნა დაძლეული. მნიშვნელოვანი პრობლემები 2022 წლის თებერვლის შემდეგ დაიწყო. რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული დაპირისპირების პირველი ეტაპის შესახებ უკვე საკმარისად ვილაპარაკეთ. თუმცა არსებობდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – საქართველოს ხელისუფლება დასავლეთიდან მასზე ზემოქმედების დაწყებისთანავე ალაპარაკდა “გლობალური ომის პარტიაზე“, რომელსაც სურს ომის სივრცის გაფართოება კავკასიაში (კერძოდ საქართველოში). ეს თეზისი დღესაც დომინანტური და ფუძემდებლურია ყველა ოფიციალურ გამონათქვამში. ამგვარი მიდგომა არ იყო სწორი. საჭიროება მოითხოვდა უფრო დიფერენცირებულ და ფაქიზ მიდგომას. მართლაც, ომის დაწყებისთანავე “გლობალური ომის პარტიის“ კონსტანტირება ნიშნავს, რომ დასავლეთი, როგორც მინიმუმი, არანაკლებ არის დამნაშავე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ვიდრე რუსეთი. რაც უფრო მწვავდება დაპირისპირება (როგორც ბრძოლის ველზე, ისე პოლიტიკურად), ეს ბრალდება კიდევ უფრო მეტ დამაპირისპირებელ ფუნქციას იძენს. იმავდროულად საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ერიდებოდა (და დღესაც ერიდება) რუსეთის, როგორც უპირობო აგრესორის კვალიფიკაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ მხარეს იმთავითვე უნდა გაერჩია ერთმანეთისაგან დასავლეთის დაინტერესება საქართველოს ანტირუსულ კოალიციაში გაწევრიანებისა ერთის მხრივ და ომის გახანგრძლივებაში სერიოზული დაინტერესებისა მეორეს მხრივ. ბრძოლაში შესაძლო მოკავშირეების ძებნა ერთია და კონფლიქტის გაჩაღებაში სრულფასოვანი თანამონაწილეობა და ომის გახანგრძლივების სურვილი – მეორე. “გლობალური ომის პარტიაში“ რუსი, ბელორუსი, ჩინელი ან ჩრდილოეთ კორეელი აქტორები ხომ არ მოიაზრებიან? ისინი ევროპასა და ამერიკაში უნდა ვეძიოთ. იმთავითვე, კონფლიქტის დასაწყისშივე, “გლობალური ომის პარტიაზე“ მითითება სერიოზული შეცდომა იყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირველ ეტაპზე (ანუ დასავლეთის მხრიდან მაქსიმალური ზეგავლენის დროს) ფსიქოლოგიურად ამგვარი რამ გასაგები (მაგრამ არა მისაღები) იყო, ამ პოლიტიკური გამოთქმის ძირითად „სლოგანად“ ქცევა სამი წლის განმავლობაში ნამდვილად სრულიად გაუმართლებელი და საზიანოა ქვეყნისათვის. არადა ევროპა (და არამხოლოდ) სისხლხორცეულად არის დაინტერესებული, რომ რუსეთი არ შეუშვას „ევროპის დიდ ველზე“. უკრაინის მიერთება რუსეთის იმპერიის პასუხისმგებლობის სივრცესთან (ბელორუსიასთან ერთად) გამოიწვევს დიდ გეოპოლიტიკურ ძვრებს დასავლეთის საზიანოდ. სწორედ ამ მიზეზებით (მრავალ სხვასთან ერთად), დასავლეთის ქვეყნები მაქსიმალური ყურადღებით ეკიდებიან არა მხოლოდ მოქმედებებს, არამედ სიტყვებს და სტაბილურ გამოთქმებს (როგორიცაა „გლობალური ომის პარტია“ ან „სიღრმისეული სახელმწიფო“ ე.წ. deep state). ევროპამ კარგად იცის, რომ ომის დროს აბსოლუტური ნეიტრალიტეტი არ არსებობს (XX საუკუნეში მას დიდი გამოცდილება დაუგროვდა ამ მიმართულებით). შესაბამისად ძალიან არ მოსწონს, როცა ქართული ნეიტრალიტეტი რუსეთისკენ არის გადახრილი. მიიჩნევს, რომ ეს მდგომარეობა სერიოზულ ზიანს აყენებს მას. ისიც ნათელია, რომ ე.წ. რუსული კანონი გადახრილი ნეიტრალიტეტის ერთი (თუმცა მნიშვნელოვანი) რგოლია დასავლეთის გავლენის მაქსიმალურად შესამცირებლად (ვფიქრობთ, ამ კანონის ანტიდასავლური პოლიტიკური შინაარსი სრულიად აშკარაა). დასავლეთის გავლენის შემცირება საქართველოში ხელისუფლების ოფიციალურად გაცხადებული მიზანიც კი არის. ომის დროს ამგვარი ერთმნიშვნელოვანი გამონათქვამები ნამდვილად აჩვენებს ქართული ნეიტრალიტეტის ანტიდასავლურ მიმართულებას. ერთი სიტყვით, ორივე პარტნიორი მხარე (საქართველო და ჩამავალი მზის ქვეყნები) თანმიმდევრულად და კონსტანტური სისწრაფით მიდის არჩეულ გზაზე. შედეგიც სახეზე გვაქვს. ფრიად არასასურველი შედეგი. რასაკვირველია დასავლეთს (ისევე როგორც საქართველოს) ყოფნის საკუთარი ნაკლოვანებები და პრობლემები. თუმცა უკანმოუხედავი დაპირისპირება (რამაც თითქმის შეუქცევადი ხასიათი მიიღო) არ არის ხელსაყრელი ორივე მხარისათვის. ამასთან, სრულიად არ დაგვჭირდება ბრძენთა ხმობა იმის დასადგენად, თუ ვინ უფრო დაზარალდება. ერთი სიტყვით, შექმნილი მდგომარეობა არ შეიძლება დახასიათდეს როგორც თვითნებობა ორივე მხრიდან. საქმე ეხება სერიოზულ სტრატეგიულ კონფლიქტს. ამიტომ იმედის დამყარება მხოლოდ ხელისუფლებათა შეცვლაზე მართებული არ არის.

ვფიქრობთ, ევროპასთან დამოკიდებულების მოქმედი ქართული სტრატეგია მინიმუმ ერთ სერიოზულ შეცდომას გულისხმობს. როგორც ჩანს, მმართველი წრეები მიიჩნევენ, რომ ევროპელთა პოლიტიკური ძალმოსილება მკვეთრად დაბალია. თანაც ამ ქვეყნებს მიაკუთვნებენ არა მხოლოდ შეერთებული შტატების უმცროს პარტნიორთა რიგს, არამედ მათ ამერიკის ნების უბრალო აღმსრულებლად წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, საქართველოს წამყვანი პოლიტიკური ძალების თვალთახედვით, ევროპელი ქვეყნები და მათი საერთაშორისო სტრუქტურები უპირატესად დაკავებულნი არიან არა სერიოზული ამოცანების გადაწყვეტით, არამედ ე.წ. deep state-ის ანტიქართული წამოწყების რეალიზაციით და გარკვეული ტიპის ქცევების თუ მორალური კატეგორიების დანერგვით ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებათ (მათ შორის საქართველოშიც). უეჭველია, რომ ამგვარი მიდგომები საფუძველშივე მცდარია. ევროპას საკუთარი სერიოზული და სპეციფიკური მიზნები აქვს და ძალაც შეწევს მათთვის საბრძოლველად. ევროკავშირი არის მინიმუმ მესამე ეკონომიკა მსოფლიოში. მას გააჩნია საკუთარი მყარი და გრძელვადიანი ინტერესები დიდ ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში. მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ერთგვარად ეწინააღმდეგებიან შეერთებულ შტატებისას (მაგ. ჩინეთთან მიმართებით). კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინტერესების სფეროს ევროკავშირისათვის წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპა და კერძოდ უკრაინა (ამ საკითხზე ზემოთ გვქონდა საუბარი).

ცოტა რამ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ტაქტიკაზე. – როგორც ამბობენ, ჩვენი ქვეყნის მმართველმა წრეებმა deep state-თან აქტიური, დაუფარავი და შეურიგებელი ბრძოლა პრევენციულად ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დაიწყეს. მათ წინასწარ განჭვრიტეს პოლიტიკური ტენდენციები ევროპასა და ამერიკაში, რასაც ადასტურებს კიდეც პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვება და მისი სადებიუტო ნაბიჯები (ევროპაში კი საქმე ამ „წინასწარმეტყველის“ მიხედვით ჯერ არ მიდის. ვნახოთ რას გვიმზადებს უახლოესი მომავალი, განსაკუთრებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში). თუმცა გაკვირვებას იწვევს ერთი გარემოება. თუკი საქართველოს ხელისუფლებამ სწორად გამოიცნო და გათვალა ევროპასა და ამერიკაში კონსერვატიული, იზოლაციონალისტული ძალების გამარჯვება, რატომ არ გამოიჩინა მცირეოდენი მოთმინება? ასეთ შემთხვევაში რატომ წარმოადგენდა აუცილებლობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობების მაქსიმალური დაზიანება? თვით საქართველოს ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, განა უფრო სწორი არ იქნებოდა ამ მიდგომების გამოყენება დონალდ ტრამპის ოფიციალური გაპრეზიდენტების შემდეგ. შესაძლოა დრამატულ ვითარებას არც პარტნიორებმა დააკლეს ხელი. თუმცა „ქართული ოცნება“ მაინც ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას 26 ოქტომბრის შემდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო (რომელთა მკვეთრად უარყოფით ეფექტზეც ზემოთ მივუთითეთ). სწორედ ამ დროიდან ჩართო ბოლო სიჩქარე პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლებასთან ბრძოლაში. შედეგიც სახეზე გვაქვს.  ყოველივე ზემოთქმულის გამო ვფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას და შემდგომ ნაბიჯებს და ქცევის ლოგიკას ძირითადად წარმართავდა პოლიტიკური გაღიზიანება, რესენტიმენტები და დიდი ხნის მობეზრებული, თავისნათქვამა მოწინააღმდეგის საჯაროდ მწარედ დასჯის, მისი ერთხელ და სამუდამოდ თავიდან მოცილების დაუძლეველი სურვილი. რასაკვირველია თავისი როლი ითამაშა გადამეტებულმა და ჰიპერტროფირებულმა ეჭვიანობამ „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერების წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულების თაობაზე. ერთი წუთითაც რომ დავუშვათ ახალი (თუ მეორე) იალტის შეთანხმების რეალურობა (დასავლეთსა და რუსეთს შორის), ამ შემთხვევაშიც კი საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები მხოლოდ გაუადვილებს რუსეთს ჩვენი ქვეყნის (და კავკასიის) საკუთარი გავლენის ქვეშ დატოვებას მთლიანად (ან ნაწილობრივ). ყველა შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ „დასწრებაზე თამაში“ და იმთავითვე არჩეული შეტევითი ტაქტიკა იყო შეცდომა.

ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას თავად deep state-ის არსის შესახებ. გაუგებარია, თუ როგორ ესმის საქართველოს ხელისუფლებას  „deep state”-ის არსი და არსებობის წესი. თუ აქ იგულისხმება გავლენის ჯგუფები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებაში არ არიან, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მასზე, ამგვარი რამ ყველა დროში და ყველა სახელმწიფოში არსებობს (განსაკუთრებით ძლიერსა და გავლენიანში). მათ წინააღმდეგ დისტანციური ბრძოლა  ყოველგვარ აზრს მოკლებულია. თუ ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა იმას გულისხმობს, რომ ამა თუ იმ დიდი ქვეყნის (მაგ. საფრანგეთის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ან ა.შ.შ.-ს) ხელისუფლებაში მყოფი ძალები რაღაც მიზეზით საქართველოს ძირეული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, მაშინ საჭიროა უფრო მეტად არგუმენტირებული და დასაბუთებული პოზიციის წარმოდგენა, თანაც ეს სრულებითაც არ ათავისუფლებს ხელისუფლებას modus vivendi-ს გამომუშავების საჭიროებისაგან ამ ქვეყნებთან. აუცილებელია აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით და არა „განკერძოების სტრატეგიის“ ამოქმედება. დასავლეთთან მკვეთრად დასაპირისპირებლად საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება უფრო მეტი საფუძველი, ვიდრე აქვს დღეს და უფრო მეტი ძალმოსილება ვიდრე დღეს გააჩნია. საქართველოს აქვს დრო საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა იგი უსასრულო არ არის, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რათა ჩვენმა ქვეყანამ მოძებნოს საკუთარი ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე. მიგვაჩნია, რომ სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უნდა დამდგარიყო ეს ეტაპი. თუმცა საქართველოს ხელისუფლება სწორედ საპირისპირო გზით წავიდა. სადღეისოდ საქართველოს უპირველეს მოკავშირედ გვევლინება ჩინეთი. ა.შ.შ.-სთან და ევროპასთან შესაბამისი ხელშეკრულება კი გაყინულია. ამ ვითარებაში ვაშინგტონის მომავალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგება უტოპიურ ოცნებად მოჩანს. იმ შემთხვევაში, თუ შავი ზღვის (და შესაბამისად „დიდი ხმელთაშუა ზღვის“) აღმოსავლეთი აკვატორია მთლიანად ჩინეთისა და რუსეთის ხელში აღმოჩნდება (რაც საქართველოს დღევანდელი პოლიტიკის პირობებში სრულიად რეალურია). მოვლენათა ამგვარ განვითარებას ვაშინგტონთან მხოლოდ ურთიერთობათა გაუარესება თუ მოჰყვება.[1]

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება დასავლეთის პოლიტიკისა და ღირებულებებისადმი ვერ იქნება ისეთი, როგორიც აქვს მაგალითად ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანს (ამ ქვეყნისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად). რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩინური კომპანიების მიერ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მშენებლობა შავ ზღვაზე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება შემთხვევით არ დაემთხვა ერთმანეთს. ეს საფუძველმდებელი ფაქტია, რომელსაც ანგარიშს გაუწევს ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაცია. კიდევ უფრო რთულად არის საქმე ევროპის ქვეყნებთან (ამას საქართველოს ხელისუფლებაც აღიარებს). ისიც ცხადია, რომ ასეთი პოლიტიკის პირობებში კავკასიის (და უპირველესად ჩვენი ქვეყნის) ტრანზიტული ფუნქციის შესრულება ძალზე გართულდება (და ბოლოს შეუძლებელიც გახდება). ამგვარი პოლიტიკის თანმიმდევრული გატერება (რომლითაც ასე მოსწონთ თავი საქართველოს მმართველ წრეებს) ახლო მომავალში ძალზე სერიოზულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ღირებულებით კრიზისს გვიქადის. აშკარაა, რომ ბალანსის პოლიტიკაზე უარის თქმა საბოლოოდ ჩინეთსაც უბიძგებს საქართველოსთან პოლიტიკის გადახედვისკენ. რასაკვირველია ჩინეთი სერიოზული პარტნიორია და მასთან ურთიერთობა ძალზე მნიშვნელოვანია. ოღონდ ეს არ უნდა გახდეს დასავლურ პოლიტიკურ და ზოგად ცივილიზაციურ ორიენტაციაზე უარის თქმის საბაბი, რისი საფრთხეც დღეს აშკარად იგრძნობა. ჩინეთის საჭიროება რუსეთის აგრესიულობის გასანეიტრალებლად ყოველგვარ ეჭვგარეშეა. თუმცა, როგორც უკვე ითქვა, საფრთხე ჩრდილოეთიდან სადღეისოდ ნაკლებად რეალურია. თანაც ეს არ უნდა გახდეს საქართველოს ტრანზიტული  ფუნქციის ეჭვის ქვეშ დაყენების მიზეზი, ასეთ არჩევანს სხვა კიდევ უფრო სერიოზული დამაზიანებელი შედეგებიც მოჰყვება და საბოლოოდ დაგვაკარგვინებს ყველა მნიშვნელოვან პარტნიორს, ვინც საქართველოს ტრანზიტული ფუნქციით იქნება დაინტერესებული (ჩინეთის ჩათვლით).

უნდა ითქვას, რომ ძალზე უცნაურია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება არჩევნების შედეგებისადმი. დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნები კრიზისიდან თავის დაღწევის მძლავრი და რაციონალური მექანიზმია. უეჭველია, რომ ბოლო სამი თვის მანძილზე სახეზე გვაქვს სერიოზული კრიზისი. ყველაზე დიდ გაკვირვებას მაინც იწვევს ერთი გარემოება. არჩევნების შედეგები (სწორად ჩატარდა იგი თუ არასწორად) არც გამოცხადების ჭეშმარიტებაა, არც რელიგიური დოგმა და ფილოსოფიური მაქსიმა. ყველა წესის მიხედვით და უნაკლოდ ჩატარებული არჩევნების შემდეგაც მოკლე დროში (სხვადასხვა მიზეზით) შეიძლება ჩატარდეს ახალი არჩევნები და ამაში უჩვეულო და ანტიკონსტიტუციური არაფერია. დამოუკიდებელი ქვეყანაში არჩევნები არის კონკრეტული მექანიზმი კონკრეტულ წინააღმდეგობათა დასაძლევად. ვიმეორებთ, არჩევნები არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საუკეთესო საშუალება. 20 იანვრის ეფექტი (როგორიც არ უნდა იყოს იგი), თავისთავად საქართველოში ვითარებას ვერ განმუხტავს. არჩევნები უკეთესია, ვიდრე სამოქალაქო ცემა-ტყეპა, რომელშიც სამწუხაროდ ქვეყნის პარლამენტარებიც აქტიურად არიან ჩართულნი. ეს ძალზე სახიფათო სიმპტომია, რადგან ადასტურებს არასამართლებრივი ცნობიერების გაბატონებას ყველა დონეზე. რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას საერთოდ.

ყოველივე ზემოთქმული ცხადად მიუთითებს, რომ დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ზვიად გამსახურდიას დროს სრულიად სხვაგვარი იყო, ვიდრე დღეს. 1990-91 წლებში საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების პრობლემა იდგა და ამის წინააღმდეგი იყო ყველა მეტ-ნაკლებად ძლიერი საერთაშორისო პოლიტიკური ძალა თუ აქტორი. დამოუკიდებლობის ალტერნატივად კი de facto და de jure დაშლა-დაქუცმაცება ილანდებოდა. სადღეისოდ პრობლემად არის ქცეული საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია და მისი ადგილი მსოფლიო თანამეგობრობაში. ეს რასაკვირველია დღევანდელ პოლარიზებულ მსოფლიოში რთულად გადასაწყვეტი საკითხია, თუმცა არა დაუძლეველი. სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში წარმატების მოპოვება ძალზე რეალურია და თანაც შედარებით ნაკლები დანაკარგებით. ამასთან ისიც აშკარაა, რომ დღევანდელი ხელისუფლების კურსი ძალზე სერიოზულ და დროულ კორექტირებას ითხოვს. ამ ამოცანის შესასრულებლად ყველა რესურსის სწორი მობილიზებაა საჭირო.

[1] მართლაც, თუკი სტრატეგიული მნიშვნელობის პორტს საქართველოში ჩინელები ააშენებენ და იქ საკუთარი სტრატეგიული ინტერესებით იმოქმედებენ, შავი ზღვის აფხაზეთის აკვატორიას კი რუსები გააკონტროლებენ (მითუმეტეს, რომ ისინიც დაჟინებით ცდილობენ ამბიციური საზღვაო-აღმშენებლობითი პროექტების რეალიზაციას), მაშინ დიდი ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი და საკუთრივ აღმოსავლეთი ნაწილი მთლიანად ანტიამერიკულ ძალებს ჩაუვარდებათ ხელში. ეს იმ დროს, როცა შავი ზღვის ჩრდილოეთი სანაპიროსათვის გააფთრებული ომია გაჩაღებული (უკრაინაში). ასეთ შემთხვევაში, ვაშინგტონის ნებისმიერი ადმინისტრაცია (პრეზიდენტ ტრამპის გუნდის ჩათვლით), ყველა შემთხვევაში უკმაყოფილო დარჩება ქართული პოლიტიკით. იმაზე მითითება, რომ ზემოხსენებული ნავსადგურის აქციების 51% საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნის, დიდი იმედების მომცემი არ არის. ჯერ ერთი, არითმეტიკა პოლიტიკაში ყოველთვის სანდო როდია (ვინ იტყვის, რომ ქართული 51% ჩინურ 49% აჯობებს). ამას გარდა, მაშინ, როცა ევროპასა და შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა ფაქტობრივად გაყინულია, რუსეთთან კი დიპლომატიური ურთიერთობებიც არ არსებობს, დამატებით კიდევ ჩინეთთან ვითარების დაძაბვის უფლებას საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავს ვერ მისცემს.

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს საკუთარ თავს და ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. სიყვარულში იმედგაცრუება მსუბუქ დეპრესიამდე მიგიყვანთ, თუმცა მალე ახალი სიყვარული ძველს დაგავიწყებთ. დროა, იმ ადამიანთან შერიგებაზე იფიქროთ, სულელური მიეზით რომ ეჩხუბეთ და დიდი ხანია არ გინახავთ.

კურო

შესანიშნავი დღეა ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობისთვის. თუ ფინანსური მდგომარეობა ჰავაის კუნძულებზე გამგზავრების საშუალებას არ გაძლევთ, ეცადეთ უბრალოდ, ქალაქგარეთ გაისეირნოთ. დიდი მცდელობის მიუხედავად, უსიამოვნო საუბარს ვერ აიცილებთ.

ტყუპები

შესაძლოა, სახელმწიფო მოხელეებისგან თხოვნაზე უარი მიიღოთ. თავს საშინლად გრძნობთ, მაგრამ სავარაუდოდ, შეხვდებით ადამიანს, რომელიც ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. ამ დღეს მოსალოდნელია კუჭთან და საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ გირჩევთ მარილიანი და ცხარე საკვები მენიუდან გამორიცხოთ. ეცადეთ ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

კირჩხიბი

ძალიან აქტიური, შეხვედრებითა და სიახლეებით სავსე დღეა. ეცადეთ, ახალი პროექტის დაწყებამდე „თაროზე შემოდებული“ საქმეები დაასრულოთ და ვალები დროულად გაისტუმროთ, მით უმეტეს, რომ ფინანსურ სირთულეებს მალე წარმატება შეცვლის.

ლომი

აქტიური და ყველა მიმართულებით ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ საყვარელ ადამიანთან კამათი და დაპირისპირება თავიდან აიცილოთ – ეს დღეს შესაძლოა გართულდეს. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან – ამის დრო ჯერ არ დამდგარა.

ქალწული

გამჭრიახობისა და გამოცდილების წყალობით, ამ დღეს ფინანსების სწორად მართვას შეძლებთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ადვილად მოხიბლავთ. შესაძლებელია შეხვედრა ადამიანთან, ვისთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ და დიდი ხანია არ გინახავთ.

სასწორი

ამ დღეს ბევრი გაუგებრობა და წინააღმდეგობრივი ვითარება მოაქვს, რაც თქვენი მხრიდან სიმშვიდეს და გამძლეობას მოითხოვს. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას – სავარაუდოდ, ეს ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება და ვეღარაფერს შეცვლით. სექსისთვის არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მორიელი

ამ დღეს საინტერესო სიახლე გელით. სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების პრობლემის გადაჭრას შეძლებთ, რომელიც მოსვენებას გიკარგავთ. გახსოვდეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე ემუქრება, რადგან ერთ-ერთი თქვენგანი დაშორებას გადაწყვეტს. იზრუნეთ უფროს ნათესავებზე, რომლებსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში დიდი წარმატება გელით. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. ეცადეთ ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

თხის რქა

შეიძლება ამ დღეს თავი შეუძლოდ იგრძნოთ. არ არის გამორიცხული, რომ ადამიანმა, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით, იმედი გაგიცრუოთ. ხელსაყრელი დღეა უცხოელ მეგობრებთან შესახვედრად. ადამიანი, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ, ახლა თქვენს დახმარებას საჭიროებს.

მერწყული

ამ დღეს მთელი ყურადღება საყვარელი ადამიანების პრობლემებზე გაქვთ გადატანილი. დღის პირველი ნახევარი გაცილებით წარმატებული და ნაყოფიერი იქნება, ამიტომ ეცადეთ შეხვედრები და მოლაპარაკებები დილით დაგეგმოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა შემოქმედი თევზებისთვის. გირჩევთ ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმე არ დაიწყოთ – უბრალოდ, რამდენიმე დღე მოიცადეთ. ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციეთ და მხედველობიდან დიდი ხნით არ დაკარგოთ.

როგორი ამინდი იქნება 17 თებერვალს საქართველოში

17 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები წვიმას, მაღალ მთაში კი თოვას ვარაუდობენ.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +7 – წვიმა

სოხუმი +9 – წვიმა

ზუგდიდი +11 – წვიმა

მესტია +2 – თოვლი 

ფოთი +13 – მოღრუბლული

ბათუმი +12 – უმეტესად მოღრუბლული

ოზურგეთი +13 – უმეტესად მოღრუბლული

ქუთაისი +12 – ღრუბლიანი

ამბროლაური +7 – წვიმა

ახალცხიხე +8 – უმეტესად მოღრუბლული

ბორჯომი +6 – უმეტესად მოღრუბლული

ბაკურიანი +3 – უმეტესად მოღრუბლული

გორი +10 – უმეტესად მოღრუბლული

ცხინვალი +8 – მოღრუბლული

სტეფანწმინდა 0 – თოვლი

გუდაური -3 – თოვლი

თელავი +11 – მოღრუბლული

რუსთავი +15 – უმეტესად მოღრუბლული

თბილისი +13 – უმეტესად მოღრუბლული

,, ყველას ძალიან ვთხოვ, ასეთი ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ”- ბათუმში გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა

ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის ბაბუა ნუგზარ ცეცხლაძე „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბავშვები მასთან ახლოს თამაშობდნენ, როდესაც თხრილი ვერ დაინახეს და ჩავიდნენ. მისი თქმით, ტრაგედიასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციები ვრცელდება.

„მანქანას ვაკეთებდი, ჩემთან ყურადღების ქვეშ მყავდა ბავშვები და აქვე თამაშობდნენ. წყლის დაგუბება მოხდა წვიმის შედეგად, ვერ შეამჩნია ბავშვმა და ჩავარდა. იმის გაჭირვება ჩვენ არ გვქონდა, რომ ჯართი მოეკრიბა. ჯართიც არ იყო საერთოდ, ეს არის ცრუ ინფორმაცია. თამაშობდნენ ბავშვები, უბრალოდ თამაშობდნენ, სეირნობდნენ და უცბად ჩავარდნენ. მე ისედაც გამწარებული კაცი ვარ და ყველას ძალიან ვთხოვ, ასეთი ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ“, – განაცხადა გარდაცვლილის ბაბუამ.

ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ, წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

,,ევროპას მოუწევს რთული არჩევანის გაკეთება”- საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროპას მოუწევს რთული არჩევანის გაკეთება და მსხვერპლის გაღება არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ამერიკის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ ბარომ აღნიშნა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ჯერ კიდევ აყალიბებს თავის პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.

აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს კითხვარი გაუგზავნა, რომლითაც სთხოვს, განმარტონ, რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს კითხვარი გაუგზავნა, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შეერთებული შტატები ევროპელ მოკავშირეებს სთხოვს, განმარტონ, როგორ ხედავენ ისინი უკრაინაში გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებს და თავიანთ როლს მათ უზრუნველყოფაში.

ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც სააგენტო „როიტერმა“ მოიპოვა.

ექვსი პუნქტისა და კითხვისგან შემდგარ დოკუმენტში აშშ ინტერესდება, რომელ ქვეყნებს შეუძლიათ წვლილის შეტანა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში, მზად არიან თუ არა სამშვიდობო დარეგულირების ფარგლებში უკრაინაში ჯარების შეყვანისთვის და რა იქნება ევროპელების მეთაურობით უკრაინაში გასაგზავნი ძალების რაოდენობა.

დოკუმენტში ასევე არის კითხვა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთებისთვის არიან მზად ევროპული ქვეყნების მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად, ასევე არსებული სანქციების უფრო მკაცრად აღსასრულებლად.

ორმა ევროპელმა დიპლომატმა „როიტერს“ განუცხადა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დებატები იმაზე, თუ როგორი პასუხი უნდა გასცენ ევროპელმა მოკავშირეებმა აშშ-ს, თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს კოლექტიური პასუხი უნდა იყოს.