Home Blog Page 4

 “ქართული ოცნება” ჩაგრავს პატრიოტიზმისთვის პროფესიონალებს და ათავისუფლებს მათ სამსახურებიდან, ამის თვალსაჩინო მაგალითია გიგა სოფრომაძე-მამუკა ხაზარაძე

“ქართული ოცნება” ჩაგრავს პატრიოტიზმისთვის პროფესიონალებს და ათავისუფლებს მათ სამსახურებიდან. ამის თვალსაჩინო მაგალითია გიგა სოფრომაძე, რომელიც 8 წელი ემსახურებოდა შშმ პირთა პროგრამების აღსრულებას თბილისის მერიაში და დღეს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს მას თბილისის მერი დაკავებული პოზიციიდან , – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“როგორც ჩანს კახა კალაძემ მერიაში სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო და ცდილობს ასე შეაშინოს განსხვავებული აზრის მქონე, თავისუფალი ადამიანები!

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, განსაკუთრებული საჭიროებების პირთა საკითხი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი გუნდის საქმიანობაში.

სოლიდარობას ვუცხადებთ გიგა სოფრომაძეს, ვთავაზობ მას, რომ ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა და მუშაობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებებისთვის.

გიგა სოფრომაძე და მისი ოჯახი არ დარჩება შემოსავლის გარეშე, არც წინასაახალწლოდ და არც შემდგომში. ამას ჩვენ სპეციალური ფონდით უზრუნველვყოფთ!“, – წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, გიგა სოფრომაძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ დაწერა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„8 – წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, აღარ ყოფილა საჭირო… არ ვიცი, რა ვთქვა, არ ვიცი, მეწყინოს თუ გავბრაზდე, მაგრამ კითხვები მაქვს… რა უნდა მითხრან, რით უნდა დამემუქრონ, რამდენი უნდა გადამიხადონ, რომ არამც თუ ჩემს თანამშრომელზე, არამედ ვინმეზე რამე ზედმეტი დავწერო?! თქვენს, მკადრებლების და მომწონებლების “ღირსებაზე” იყოს”, – დაწერა სოფრომაძემ.

გერმანიაც მიუერთდა ევროკავშირის იმ ქვეყნების „კლუბს“, რომელშიც შობადობის უმდაბლესი დონის მქონე ქვეყნები არიან – Financial Times

ევროპას პრობლემა აქვს – კონტინენტის ქვეყნები ზედიზედ ეშვებიან დემოგრაფიული ფსკერისაკენ – შობადობის დონე კატასტროფულად ეცემა, – წერს ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) სტატიაში სათაურით „გერმანიაც მიუერთდა ევროკავშირის იმ ქვეყნების „კლუბს“, რომელშიც შობადობის უმდაბლესი დონის მქონე ქვეყნები არიან“ (ავტორი – ვალენტინა რომეი). ბევრი ევროპული სახელმწიფოს დემოგრაფიული მონაცემები კრიტიკულია. ევროპელები  ეჭვებით არიან შეპყრობილნი – ღირს თუ არა შვილის გაჩენა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რომელიც მთელ ევროკავშირში ინფლაციასა და ცხოვრების გაძვირებას იწვევს, – ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ევროკავშირის კიდევ სამი წევრი სახელმწიფო, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული გერმანიის ჩათვლით, შევიდა შობადობის ზედაბალი (უმდაბლესი) დონის მქონე ქვეყნების სიაში, რითაც ხაზი ესმება რეგიონის დემოგრაფიული პრობლემების მასშტაბებს და მის სიმწვავეს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გერმანიაში შობადობის დონე გაეროს მიერ დადგენილ უმდაბლესი ზღვრის მიღმა დაეცა – თუ 2023 წელს ერთ ქალზე 1,4 ბავშვი მოდიოდა, ამჟამად მხოლოდ 1,35 ბავშვია. ასეთი სცენარის დროს შობადობის დაცემის დონის გამოსწორება და პროცესის უკუქცევით განვითარება უკვე ძალიან რთულია.

1,4 ბავშვიანი „ფსკერი“ უკვე „გახვრიტეს“ ესტონეთმა და ავსტრიამ, რომლებიც ევროკავშირის 9 ქვეყნის სიას დაემატნენ – ესპანეთის, საბერძნეთისა და იტალიის ჩათვლით: მათში შობადობის დონე უკვე კრიტიკული ნიშნულის მიღმაა დაკლებული.

შობადობის კატასტროფული შემცირება ნაწილობრივ იმის შედეგია, რომ ადამიანები აგვიანებენ მემკვიდრეების გაჩენას 30 წლამდე და უფრო გვიან, რაც მნიშვნელოვან რისკთან არის დაკავშირებული: „ვინც ასე გადაწყვეტს, ის უკვე ვეღარ შეძლებს იმდენი ბავშვის ყოლას, რამდენიც სურს – უბრალოდ, ადამიანის ბიოლოგიური საათები ასე მოქმედებს“, – განმარტავს ვილემ ადემა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უფროსი ეკონომისტი.

იმიგრაციის გარეშე, ძირძველ ევროპელთ ოჯახებში შობადობის დაბალი დონე იწვევს შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას, რაც სახელმწიფო ხაზიანას მძიმე ტვირტად აწვება და ეკონომიკურ ზრდას აბრკოლებს.

იმდენად, რამდენადაც ახალგაზრდები მნიშვნელოვან ქონებრივ მდგომარეობას – ისეთს, როცა ბინის შეძენა შეუძლიათ – გვიან ასაკში აღწევენ, შესაბამისად გვიანდება მათი დაოჯახება და გამრავლება. ევროკავშირში 2023 წელს იმ ქალების ასაკი, რომლებიც ბავშვს პირველად აჩენდნენ, 31,1 წლამდე გაიზარდა. არადა, ათი წლის წინ პირველმშობიარე ქალების ასაკი 30 წელს არ აღემატებოდა. დრეისათვის რიგ ქვეყნებში ამ მხრივ ძალიან რთული მდგომარეობაა: პირველმშობიარე ქალთა ასაკმა გერმანიაში 31,4 წელს მიაღწია, ხოლო ესპანეთში, იტალიაში და ირლანდიაში 32-ს გადააჭარბა.

ავსტრიამ გამოაცხადა, რომ შონადობა მოსახლეობაში დაეცა 1,32 ბავშვამდე ერთ ქალზე, როცა 2023 წელს 1,41 იყო. ესტონეთში ამ მაჩვენებელმა 1,31-მდე დაიკლო წინა წელთან (1,41) შედარებით

შობადობის დონე მთელ ევროპაში მცირდება – იმ ქვეყნებშიც კი, როგორიც ფინეთია, შვედეთი და საფრანგეთი, სადაც ოჯახებისადმი სოციალური ხელშეწყობის პოლიტიკა და გენდერული თანასწორობა ადრე ახალშობილების რაოდენობის ზრდას იწვევდა.

ფინეთში შობადობის დონე 2010 წლამდე ევროკავშირის მასშტაბით საშუალოზე მეტი იყო, მაგრამ 2023 წელს 1,26-მდე დაეცა, რაც ყველაზე უმდაბლესი მაჩვენებელია 1776 წლიდან, როცა ბავშვის დაბადების დაფიქსირება ცენტრალიზებულად დაიწყეს.

როცა შობადობის ყველაზე დაბალი დონე (1,79 ბავშვი ერთ ქალზე) საფრანგეთში 2022 წელს დაფიქსირდა, ყველა ამბობდა, რომ ეს კატასტროფული მაჩვენებელია, მაგრამ გასულ წელს დონე კიდევ უფრო დაეცა – 1,67-მდე, რაც ყველაზე უარესია მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, როცა შობადობის აღრიცხვა სახელმწიფომ დაიწყო.

შობადობის მაჩვენებლები შემცირდა იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ახალშობილების რაოდენობა ისედაც ზედაბალი (უმდაბლესი) იყო – ესპანეთში (ერთ ქალზე 1,12-მდე) და იტალიაში (1,2-მდე).

გაეროს წარმომადგენელმა დემოგრაფიულ საკითხებში გუანიუ ჩანმა ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა უფრო მეტი იზრუნონ ოჯახებზე და გაითვალისწინონ გენდერული სპეციფიკა  (ქალების ფერტილობის მხრივ), რაც შესაძლებლობას მისცემს მათ იმდენი ბავშვი ჰყავდეთ, რამდენიც მათ სურთ, ასაკის მიხედვით.

ექსპერტები თვლიან, რომ ახალშობილ ბავშთა რაოდენობის შემცირების ტენდენცია დიდწილად ეკონომიკური და პოლიტიკური რყევებით აიხსნება.

„დავუშვათ, თქვენ გსურთ ბავშვი გყავდეთ, მაგრამ თუ გეშინიათ, რომ მას დაკარგავთ, ან ძალიან გადარდებთ ინფლაციის მაღალი დონე და ცხოვრების გაძვირება, ან რომელიმე კონფლიქტის, ვთქვათ რუსეთ-უკრაინის ომის გადაზრდა უფრო ფართომასშტაბიან, გლობალურ დაპირისპირებაში, თქვენ დაეჭვდებით და იტყვით – განა ასეთ არასტაბილურ სიტუაციაში ღირს ბავშვის გაჩენა?“, – განმარტავს ენ ბარინგტონი, საუნთჰემპტონის უნივერსიტეტის დემოგრაფიის პროფესორი.

შობადობის მდგომარეობაზე ნეგატიური როლის შესრულება შეუძლია გარკვეული ტრადიციული წარმოდგენების ცვლილებას თანამედროვე საზოგადოებაში.

როგორც ვილემ ადემა ამბობს, თანამედროვე წარმოდგენები იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო კარგი მშობელი და რამდენად უნდა იზრუნოს მშობელმა შვილზე, ისეთია, რომ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა, მომავალი დედები და მამები, ამბობენ: „მე ბედნიერებისათვის შვილები არ მჭირდება. ვფიქრობ, რომ ვერ გავუმკლავდები გამოწვევებს და დარწმუნებული არა ვარ, გავუძლებ თუ არა მშობლის პასუხისმგებლობის ტვირთს“.

წყარო

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი 42 წლის გიორგი ლელაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარდაცვლილ მეხანძრე-მაშველს პატივი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მიაგეს.

„დაკრძალვის ცერემონიას ასევე დაესწრნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. იგი მეხანძრე-მაშველად 12 წელი მუშაობდა და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.

საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მისი ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 27 დეკემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8021 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8130 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0109 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9142 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9241 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0099 ლარი შეადგინა.

პირს, რომელმაც გარდაბანში დას ავტომობილი დააჯახა შემდეგ კი, დანით დაზიანებები მიაყენა, მკვლელობისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც გარდაბანში, დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით დაზიანებები მიაყენა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, მომხდარის შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა, სასამართლომ კი ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნო.

„რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 მაისს, გარდაბანში, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, დას ავტომანქანა შეაჯახა, რის შემდეგაც უმწეო მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ე“ , „თ“, „კ“ და „მ“ (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით წარედგინა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კითხვა, რომლის დასმას ვლადიმერ პუტინს ვერავინ უბედავს – რას წერს The Daily Telegraph-ი

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „კითხვა, რომლის დასმას ვლადიმერ პუტინს ვერავინ უბედავს“ (ავტორი – ფრენსის დირნლი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ქრისტეშობის წინ, ბოლო სამუშაო კვირაში ევროკავშირის ლიდერები ერთმანეთის შესახვედრად შეიკრიბნენ. შეხვედრა შეიძლებოდა ისტორიული გამხდარიყო, მაგრამ არა იმ მიზეზით, რომლის იმედიც მონაწილეებს ჰქონდათ.

ესტონეთის ყოფილი პრემიერისა და ახლა უკვე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტორის, საომრად შემართული კაია კალასის მეთაურობით ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა კიევისადმი. ევროსაბჭოს თავმჯდომარემ, პორტუგალიელმა ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ „უკრაინას თვითონ შეუძლია განსაზღვროს სამშვიდობო ზავის პირობებიო“, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დელ ლაიენმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის მიმართ მხარდაჭერის აუცილებლობას და მიანიშნა, რომ უკრაინის განაცხადი ევროკავშირში მიღების თაობაზე დადებითად არის აღქმული და პროგრესი შესამჩნევიაო.

მაგრამ სამიტი, შეიძლება ითქვას, ისტორიული გახდა არა იმიტომ, რომ ერთიანობა გამოიხატა, არამედ უფრო იმიტომ, რომ სამიტამდე ევროკავშირში არსებული ბზარები კიდევ უფრო მეტად  გაფართოვდა.

„ევროკავშირის შიგნით კონსენსუსს ვერ ვხედავ და როცა კონსენსუსი არ არსებობს, არავის არ აქვს უფლება ევროსაბჭოს სახელით იმოქმედოს“, – დასჭექა უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ხიწვივით აქვს შერჭობილი ბრიუსელს და რომელიც რუსეთის მიმართ ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას ხელს უშლის ხოლმე.

შეშფოთება გააძლიერა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც, რომელმაც აღიარა: „ჩვენ მეტი უნდა ვიცოდეთ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმებზე ევროკავშირთან მიმართებითო“.

მართლაცდა, ამაშია საკითხის არსი: მიუხედავად მრავალჯერ გაფრთხილებისა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა რეალობას წარმოადგენდა, ევროპამ ვერ მოახერხა შემუშავება ისეთი სტრატეგიისა, რომელიც აშშ-ზე არ იქნებოდა დამოკიდებული. ახლა ევროპისა და, რა თქმა უნდა, მათ შორის უკრაინის ბედიც ძველებურად ისევ ოკეანისიქითა მოკავშირის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რომელიც შეიძლება სულ მალე არასაიმედო აღმოჩნდეს.

ამრიგად, ისტორიკოსებს სრულიად თავისუფლად შეუძლიათ ევროკავშირის ეს სამიტი ისეთად ჩათვალონ, რომელზეც ევროპამ აღიარა – მას მეტი არჩევანი არ აქვს, თუ არა ის, რომ დაელოდოს საშობაო სასწაულს ატლანტიკის გაღმა ნაპირიდან, იმ იმედით, რომ დონალდ ტრამპი მალე გააფორმებს მომგებიან სამშვიდობო შეთანხმებას ვლადიმერ პუტინთან. ეს ყველაფერი ეფუძნება ერთ მნიშვნელოვან ვარაუდს, რომ რუსეთი აშშ-სთან ერთად ნამდვილად დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან 2025 წლის დასაწყისში.

მაგრამ, როგორც ჩანს, არავინ საკუთარ თავს კითხვას არ უსვამს: და რა მოხდება, თუ ისინი – დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი – ამას არ გააკეთებენ?

ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენათა დინამიკისა და მოსკოვის მიზნების  გათვალისწინებით, აშკარად ჩანს, რომ ვლადიმერ პუტინი გააგრძელებს ომს მანამდე, სანამ მას ამის შესაძლებლობას ქვეყნის ეკონომიკა მისცემს. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ კრემლი შეიძლება იანვარში უფრო შემრიგებლურად მოიქცეს და განაცხადოს, რომ მზადაა დაჯდეს კონსტრუქციულად  მოსალაპარაკებლად, მაგრამ რა იქნება იმის შემდეგ, თუ ამ დროს ვლადიმერ პუტინი ადგება და ისეთ რამეს იტყვის, რომელიც მიუღებელი იქნება უკრაინისთვის და მისი მოკავშირეებისათვის?

ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელსაც, როგორც ჩანს, ევროპა მთლიანად იგნორირებას უწევს. ამერიკისათვის არჩევანი მარტივი იქნება – ადგება მაგიდიდან და წავა. და რას გააკეთებს ამ სიტუაციაში ევროპა, რომელმაც ვერ მოახერხა სათანადოდ მომზადება ასეთი სცენარისათვის და რომელსაც არ შეუძლია კიევის მიტოვება და მისი გაწირვა?

ამგვარ ჩიხურ სიტუაციაზე ფიქრისას უნებლიედ მახსენდება ვუდრო ვილსონის (აშშ-ის ის 28-ე პრეზიდენტის) განცხადება, რომელიც მან 1917 წელს გააკეთა: „მხოლოდ მშვიდი ევროპა შეიძლება იყოს სტაბილური. უნდა იყოს არა ძალთა ბალანსი, არამედ ძალთა თანაზიარობა. უნდა იყოს არა ორგანიზებული მეტოქეობა, არამედ ორგანიზებული საყოველთაო მშვიდობა“. იმ დროს ვუდრო ვილსონის ძალისხმევით შექმნილმა ერთა ლიგამ ოცი წლის შემდეგ კრახი განიცადა, თუმცა მისი მთავარი ფასეულებებისადმი – მშვიდობისა და თავისუფლების – რწმენამ გაეროში გადაინაცვლა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს. არადა, დასავლეთში, როგორც ჩანს, ბევრმა უარი თქვა ამ პრინციპებზე და მის ნაცვლად, უხეშ ძალაზე გადავიდნენ. დააკვირდით ბოლო დროს როგორი სიხშირით გაისმის ტერმინები – „ძალთა ბალანსი“, „გავლენის სფეროები“ და ა.შ.

ძალის გამომხატველი პრინციპები ხშირადაა დამახასიათებელი ისეთი ავტორიტარული მმართველობისათვის, რომელთა ლეგიტიმურობა საეჭვოა. მათ დასაკარგი არაფერი აღარ აქვთ. თუ რეჟიმი უარს აცხადებს პრინციპზე, რომლის თანახმად, ყველა ხალხს აქვს უფლება თვითონ განსაზღვროს საკუთარი მომავალი, მაშინ ეს თვითონ დემოკრატიის უარყოფას ნიშნავს. ზოგიერთები დღეს რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმს ამართლებს: „ნატო რუსეთს მიუახლოვდა, შესაბამისად, რა უნდა ექნა ვლადიმერ პუტინს? მას აქვს უფლება უკმაყოფილო იყოს“. თუ ასეა, მაშინ უკრაინასაც აქვს უფლება თავისი მზერა ნატოსა და ევროკავშირისაკენ მიმართოს და მათი წევრი გახდეს, რუსული იმპერიალისტური სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინს არ ჰქონდა უფლება ძალის გამოყენებით ჩარეულიყო უკრაინის პოლიტიკაში. ასე იქცევა ადამიანი, რომელიც მე-19 საუკუნეშია ჩარჩენილი და იმდროინდელი ძალადობრივი წესებით მოქმედებს.

საერთოდ, მორალური თვალსაზრისით, დასავლეთმა არც უნდა დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან. პირიქით, დასავლეთი ვლადიმერ პუტინის დამარცხებას უნდა ცდილობდეს. და თუ დასავლეთი ამას არ აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი პოლიტიკა მცდარ იდეებს ემყარება.

მოლაპარაკება თუნდაც რომ დაიწყოს, მისი შედეგები შეიძლება ნამდვილად სატირელი გახდეს. რუსეთს შეუძლია შუა მოლაპარაკებიდან ადგეს და კარის გაჯახუნებით წავიდეს, ევროპა კი უკრაინის დახმარებას ამერიკის გარეშე თავს ვერ გაართმევს. ალტერნატიულ შემთხვევაში ვლადიმერ პუტინს შეუძლია ჯერ კეთილსინდისიერ ადამიანად მოგვევლინოს, შემდეგ მოლაპარაკება გააჭიანუროს და ბოლოს საშინელი გარიგება შემოგვთავაზოს: დამითმეთ ტერიტორიები უკრაინისათვის რაიმე უსაფრთხოების გარანტიების გარეშეო.

ამას წინათ მომხდარმა გეოპოლიტიკურმა ძვრებმა – უპირველეს ყოვლისა, ახლო აღმოსავლეთის ყველაზე მკაცრი რეჟიმის მქონე ბაშარ ასადის კრახმა – გაბედულება შემატა მათ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დიქტატურა ძლიერი ჩანს მანამ, სანამ ისინი ანაზდეულად დანგრევას არ დაიწყებენ. სირიის რეჟიმის კრახი რუსეთის მარცხსაც ნიშნავს. შედეგები ნამდვილად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მალე ისეთი ადამიანი დაჯდება, რომელიც გამარჯვებულებს მხარს უჭერს. კრემლის სირიული მარცხის გამო დონალდ ტრამპმა შეიძლება მოსკოვი ზედმეტ ტვირთად ჩათვალოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსული ეკონომიკა დაცემას დაიწყებს, როგორც ამას ზოგიერთები ამბობენ. რუბლი უკვე ირყევა, ძირითად საკვებ პროდუქტებზე ფასები მატულობს, თავდაცვის ხარჯები კი სწრაფად იზრდება. არაფერი მუდმივი არ არის: ყველაფერს აქვს თავისი დასასრული. მაგრამ მაინც რამდენ ხანს გასტანს რუსული „საკვირველება“?

უკეთეს შემთხვევაში, თუ რუსეთი სერიოზულ მოლაპარაკებაზე უარს იტყვის, მოვლენათა მიმდინარეობა შეიძლება შეიცვალოს. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი სამშვიდობო  მოლაპარაკებისათვის მთავარ დაბრკოლებად გადაიქცეს. შესაძლოა, სწორედ ამ დროს გადაწყვეტს ვაშინგტონი უკრაინისადმი დახმარების გაორმაგებას, რითაც მოსკოვს სწორ გზას დაანახვებს – დაეთანხმოს უკრაინის პირობებს.

კაცმა რომ თქვას, ეს ყველაზე ოპტიმისტური სცენარი იქნებოდა, მაგრამ ევროპა არც ამისთვის არ არის მზად – არც მორალური და არც სამხედრო თვალსაზრისით. ევროპა ვერ ბედავს უკრაინას არამარტო წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმაროს, არამედ ომში გამარჯვებისთვისაც.

როცა თქვენ პრინციპებს თმობთ, საბოლოოდ დათმობთ ტერიტორიასაც. ასეთია უმოქმედობის ფასი. და უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი გაგრძელდება.

წყარო

მდიდრები და ღარიბები: როგორ ცხოვრობენ ქართული სოფლები – ჭორვილა და შუქრუთი – BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) რუსულენოვანმა სამსახურმა (BBC russian) მოამზადა ვრცელი ვიდეორეპორტაჟი საქართველოდან სათაურით „მდიდრები და ღარიბები: როგორ ცხოვრობენ ქართული სოფლები – ჭორვილა და შუქრუთი” (ავტორი – ოლღა ივშინა, კორესპონდენტი).

გთავაზობთ 25-წუთიანი ვიდეომასალის მოკლე შინაარსს:

„იმ მიზნით, რომ გაგვეგო როგორ ცხოვრობენ ადამიანები საქართველოში, გადავწყვიტეთ თბილისიდან შორს გავმგზავრებულიყავით და საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გავემართეთ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ (უბედურ) და ყველაზე  უპრობლემო (ბედნიერ) სოფლებში“, – ამბობს რეპორტაჟის დასაწყისში ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტი.

“ბედნიერ სოფელში – ჭორვილაში –  ბიძინა ივანიშვილია დაბადებული, მილიარდერ-ოლიგარქი და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამაარსებელი. ჭორვილაში კარგი გზებია, სახლები შეკეთებულია, მოსახლეობის კომფორტით ცხოვრება უზრუნველყოფილია. ჭორვილელები სიამოვნებით საუბრობენ იმაზე, თუ რა დიდი მხარდაჭერა აქვს საჩხერის მუნიციპალიტეტს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდებიდან და სახელმწიფოსაგან. „ჭორვილაში, შეიძლება ითქვას, ცხოვრება საამურია“, – ხაზს უსვამს რეპორტაჟის ავტორი.

უბედურ სოფელში – შუქრუთში – მარგანეცის მადნის საბადოა. შუქრუთელები საპროტესტო აქციებს აწყობენ და ცდილობენ თავიანთ სიტუაციას სახელმწიფო ორგანოების ყურადღება მიაპყრონ. საქმე იმაშია, რომ ამ სოფელში საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობაშია, მიწაში ნაპრალებია გაჩენილი, ნაგებობები ინგრევა. მიზეზი – მიწისქვეშ არსებული მარგანეცის მომპოვებელი ძველი, მიტოვებული  მაღაროების ნგრევის გამო ნიადაგის ჩაწოლა ხდება. სოფლის მცხოვრებელები დიდი ხანია ჩივიან, რომ ხელისუფლება მათ პრობლემის მოგვარებას სათანადო ყურადღებას არ აქცევს. მართალია, კომპენსაციები ზოგიერთმა შუქრუთელმა მიიღო, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც საჭირო იყო. ისისნი იძულებულნი გახდნენ სოფელი მიეტოვებინათ და ქალაქში დასახლებულიყვნენ. ამჟამად სოფელში დარჩენილი უკმაყოფილო შუქრუთელები საქმეში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლების ჩართვას და ობიექტური დასკვნის მომზადებას ითხოვენ.

კომპანია „ქართული მარგანეცის“ მტკიცებით, მარგანეცის მოპოვება საქართველოს ეკოლოგიური კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ხდება, სახლების ნგრევა კი საბჭოთა პერიოდში მადნის მოპოვების წესების დარღვევითაა გამოწვეული.

კომპანია მსახლეობას კომპენსაციას უხდის, რათა შუქრუთელების სოციალურ-ეკონომიური პრობლემა როგორმე მოაგვაროს, თუმცა შეთავაზებული თანხა ძალიან მცირეა და რეალობას არ ითვალისწინებს.

წყარო

ოპოზიცია რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ბულდოზერსაც მიაყენებენ თავისუფალ მედიას – შალვა პაპუაშვილი

რა თქმა უნდა, აუცილებლად ასეც იქნება, ოპოზიცია ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, ბულდოზერსაც მიაყენებენ „იმედსა“ და სხვა თავისუფალ მედიას და უფრო მეტიც, ეს ბულდოზერი გრანტებით იქნება დაფინანსებული, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას, რომელიც სხვადასხვა მედიაზე ზეწოლას ეხებოდა. ამ კონტექსტში ჟურნალისტმა მაგალითად მოიყვანა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის, დავით პაიჭაძის ფეისბუქ-პოსტი, სადაც ის აცხადებს, რომ შესაძლოა მომდევნო ხელისუფლებამ, სააკაშვილი გაასამართლოს „იმის გამო, რომ 2007 წლის ნოემბერში არ მიაყენა ბულდოზერები და მიწასთან არ გაასწორა TV IMEDI-ს შენობა თავისი ტექნიკით“.

„შეხედეთ მოლდოვასა და უკრაინას, შეხედეთ რა უქნეს იქ მედიას. ყველა ვინც არ ეთანხმებოდა ცალკეული პოლიტიკური ისტებლიშმენტის აზრს, ეს ტელევიზიები უკრაინაში ან აჩუქებინეს (და გვეცნობა ნაციონალური მოძრაობის ხელწერა) სახელმწიფოსთვის თუ შესაბამისი ჯგუფებისთვის და მოლდოვაშიც რამდენიმე ტელევიზია ასე დახურეს და კრიტიკული აზრი ასე ჩაასხეს. ეს არის მეთოდები, რომლებიც ჩვენ 2012 წლამდე ვნახეთ და აუცილებლად ბულდოზერითაც მიადგებიან და კედელთანაც მიაყენებენ მათ, ვისაც არ ეთანხმებიან. ეს არის ბოლშევიკური მეთოდები, 100 წლის წინ რაც მოხდა საქართველოში, მაშინაც გარედან მოგვახვიეს თავს ბოლშევიზმი და მაშინაც ტყავის ლაბადიანი და მაუზერებიანი ქალები და კაცები დარბოდნენ, მიადგებოდნენ ხან ერთ მეცნიერს, ხან მეორე პედაგოგს, ხან მესამე ხელოვანს გამოიყვანდნენ სახლიდან და ტროიკები ასამართლებდნენ. 100 წლის თავზე რა ხდება დღეს – ასევე გარედან თავსმოხვეული 21-ე საუკუნის ბოლშევიზმი, ასევე ქალები და კაცები თანასწორობის ლოზუნგით, იმავე სიმბოლურ ტყავის ლაბადებში, რომელიც ახლა ჭრელი ქურთუკებით შეიცვალა, მაუზერები მაშხალებმა ჩაანაცვლა და იგივე მეთოდები მიდგომა ხდება, გამოყვანა და ტროიკები, რომელიც ფეისბუქზე იმართება იმისთვის, რომ ადამიანები გაანადგურონ. მათ დღეს უბრალოდ არ აქვთ უფლება ხელში ეჭიროთ იარაღი, თორემ ისინი ხელისუფლებაში რომ იყვნენ, იარაღით დაადგებოდნენ ყველა ამ ადამიანს და არავის დატოვებდნენ შურისძიების გარეშე. ეს დაინახა ქართველმა ხალხმა და ამ ხალს, რომლებიც ზოგი ენჯეოს ნიღბით, ზოგი, პოლიტიკური პარტიის ნიღბით, ზოგი ბიზნესისა და ზოგი ხელოვანის ნიღბით შეფარული 21-ე საუკუნის ბოლშევიკები არიან, რომლებიც გარედან იმართებიან. რა თქმა უნდა ტვ იმედის მიმართ მათ განსაკუთრებული აგრესია აქვთ და ვერ მოისმენთ ვერცერთი ელჩის განცხადებას, რომელიც თქვენ დაიცავთ, ვერ მოისმენთ ვერცერთი ენჯეოს განცხადებას, რომელიც დაგიცავთ, რადგან ასეთია ის კონიუნქტურა, ზუსტად ასე გაუჩუმდნენ უკრაინაში და მოლდოვაში ტელევიზიების დახურვას ელჩებიც, ენჯეოებიც და სხვა აქტორებიც, რომლებსაც შეიძლება რამე ეთქვათ. არათუ მედიაში ვინმე პოსტი დაწერა, პირდაპირ თავდასხმაა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელსაც უვარდებიან შენობაში ნაციონალური მოძრაობის ცენზორები და მის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლას ცდილობენ და საკუთარი დღის წესრიგი გაატარონ. ამაზე ყველა ენჯეო და საელჩო ჩუმადაა. ის რაც ხდება ტელეკომპანიების მიმართ, ახალი არ არის. მთელი ცინიზმი ამ მოწოდებების ის არის, რომ ეს ყველაფერი გაკეთებული აქვთ და ეს ადამიანები ამის გამკეთებლები არიან კიდევ უფრო მეტი სისასტიკით, ცინიზმითა და ღია მხარდაჭერით ზოგიერთი გარე აქტორისგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე უცხოელი ელჩები დაპატიჟებულები არ არიან – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები არ არიან.

მისი თქმით, ინაუგურაციაზე უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მოწვევა განსაზღვრული არც ჰქონდა.

„ელჩები დაპატიჟებულები არ არიან… მე არც მქონდა განსაზღვრული, რომ მოგვეწვია უცხო ქვეყნის წარმომადგენლები ამ ინაუგურაციაზე. ამავე დროს, რა თქმა უნდა, დარბაზსაც აქვს გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ეს არის მთავარი განმაპირობებელი. მთავარი არის ის, რომ ეს არის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც მნიშვნელოვანია, თავად საარჩევნო კოლეგიის წევრები დაესწრონ და ასევე კონსტიტუციური ორგანოები სრულად იყვნენ წარმოდგენილი,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში 29 დეკემბერს გაიმართება.

არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომელსაც თავისი ევროპული მომავლისთვის ყველა ეროვნული უმცირესობის ერთ მარშში გაერთიანება შეუძლია – სალომე ზურაბიშვილი

პროტესტი საქართველოში: არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომლებსაც თავიანთი ევროპული მომავლისთვის ყველა ეროვნული უმცირესობის ერთ მარშში გაერთიანება შეუძლიათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„საპროტესტო აქციები ერთთვიან ნიშნულს უახლოვდება, მოქალაქეები მნიშვნელოვან ცვლილებებს ითხოვენ, – აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, დღეს თბილისში ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეები საპროტესტო მარშს გეგმავენ.

სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობს, საქართველოს ქარავანი კი მიდის წინ – შალვა პაპუაშვილი

არ ვიცი საზოგადოებას ექნება თუ არა შესაძლებლობა პირველად ნახოს ჩვენს ისტორიაში რეალიზებული ხატოვანი გამოთქმა, რომ ვიღაცა სკამს ჩაებღაუჭა. თუ ვნახავთ პირდაპირი გაგებით იმას, რომ ქალბატონი სალომე ჩაებღაუჭება თავის სავარძელს, ამას გარდა დაცინვისა, ქართული საზოგადოებისგან არაფერი მოყვება, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს წინ რადიკალები და ექსტრემისტები ვერ დაუდგებიან.

„სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობს, საქართველოს ქარავანი კი მიდის წინ. საკუთარი თავის გართობისთვის თუ უნდათ რომ დააკავონ, ეს მათი ნებაა, მაგრამ ამას რაიმე რელევანტურობა ქართული საზოგადოებისთვის არ აქვს. ეს არის ნაწილი ექსტრემიზმის შემოტანისა ქართულ საზოგადოებაში, რასაც ჩვენ ჭარბად ვხედავთ. ეს არის მართული პროცესი გარედან, ვნახეთ პარლამენტის წინ მდგომი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ოპოზიციას მოუწოდებდნენ, რომ მაიდანის სცენარზე გადართულიყვნენ. შეგახსენებთ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც მაშინ არ მოეწონა მშვიდი ვითარება რომ იყო და პირდაპირ შეგვახსენა, რომ მაიდანის სცენარის გათამაშება იქნებოდა კარგი და ვნახეთ შემდეგ როგორ გადაეწყვნენ მაიდანის სცენარზე, როგორ დაასაწყობეს მაშხალები, ჩამოასხეს მოლოტოვის კოქტეილი და როგორ ძალადობდნენ პოლიციელებზე და თავს ესხმოდნენ პარლამენტის შენობას. ასე რომ ეს არის ნაწილი იმ შეუმდგარი მაიდანისა, რომელსაც დიდი ხანია ცდილობდნენ რომ საქართველოში განეხორციელებინათ, მაგრამ ამ ყველაფერში ვერ ითვალისწინებენ საქართველოს საზოგადოებას და მის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ და მის დამოკიდებულებას იმ ხალხის მიმართ, ვინც ცდილობს ჩვენი ქვეყანა აქრიონ. ამიტომ ყოველ ჯერზე მარცხდებოდნენ ჩვენი შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები ქართულ საზოგადოებასთან და ამ ჯერზეც ისინი მარცხდებიან. ეს უკვე სასაცილო თემად არის ქცეული; არ ვიცი საზოგადოებას ექნება თუ არა შესაძლებლობა პირველად ნახონ ჩვენს ისტორიაში რეალიზებული ხატოვანი გამოთქმა, რომ ვიღაცა სკამს ჩაებღაუჭა. თუ ვნახავთ პირდაპირი გაგებით იმას, რომ ქალბატონი სალომე ჩაებღაუჭება თავის სავარძელს, ამას გარდა დაცინვისა, ქართული საზოგადოებისგან არაფერი მოყვება, მაგრამ არ მგონია ამ ნაბიჯზე წავიდეს ქალბატონი სალომე. ყველა ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს წინ რადიკალები და ექსტრემისტები ვერ დაუდგებიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირია დაკავებული

საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში 2022 წლიდან მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში, ცალკეულ პირთა დანაშაულებრივ საქმიანობის ფაქტზე პროკურატურის მიერ, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა დანაშაულში მონაწილე პირთა კუთვნილი რამდენიმე მილიონი ლარი, ასევე დაყადაღდა მათ საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონებები.

„დაკავებულებმა ისარგებლეს შექმნილი სიტუაციით და 2021-2022 წლების პერიოდში, დანაშაულის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომლის კუთვნილი აქტივებიც ამოიღო და დააყადაღა პროკურატურამ, სხვადასხვა უწყების მაღალი თანამდებობის პირების სახელით, დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობისა და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების ცრუ დაპირებით, ეტაპობრივად, მოტყუებით გამოართვეს 2 460 000 აშშ დოლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ურთიერთშორის გაინაწილეს.

შემდგომში კი, ფულის გათეთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებული თანხების დანაწევრებით და მათი უკანონო წარმომავლობის შენიღბვით, დაკავებულებმა თავის, ოჯახის წევრების და ნათესავების სახელზე შეიძინეს ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელეს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაყადაღებული იქნა ბრალდებულების დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი ძვირადღირებული ქონებები და საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.