Home Blog Page 4

ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს, მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება – ირაკლი კობახიძე 

ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს, მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ და დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინა ხაზზე.

„ალბანეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტზე სიტყვით მივმართე ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დემოკრატიული მედეგობის განმტკიცების თემაზე ორგანიზებული მრგვალი მაგიდის მონაწილეებს.

საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ერთგული მოკავშირე, თუმცა მას [საქართველოს] არაერთხელ ექცეოდნენ უსამართლოდ.

ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს, მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება.

საქართველო რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ და დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინა ხაზზე”,- აღნიშნავს პრემიერი.

საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებისა და „ბარსელონას” ლეგენდების მატჩი 1:3 დასრულდა

თბილისში, „დინამო არენაზე“  საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი ჰქონდა – გიორგი ქინქლაძე, არჩილ არველაძე, ლევან ცქიტიშვილი, ნუკრი რევიშვილი და ლევან კობიაშვილი ტრავმების გამო მოედანზე ვერ გავიდნენ. გულშემატკივარი ტრიბუნებს ეტაპობრივად ემატებოდა და შესვენებამდე სტადიონი გაივსო.

მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ გუნდების მეკარეები და მცველები. პირველი გოლი რონალდინიოს გადაცემით ლიტმანენმა გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

ანგარიში 25-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა, ალექსანდრე იაშვილის პასის შემდეგ გიორგი ნავალოვსკიმ გაიტანა. ესპანური ფეხბურთის გრანდის ლეგენდებმა წონასწორობა 34-ე წუთზე აღადგინეს, გოლი ხავიერ სავიოლას ანგარიშზეა.

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება – პრემიერი

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა ლიდერებთან, გვქონდა საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას და ჩვენს როლს რეგიონში, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მან პოლიტიკურ ლიდერებს გაუზიარა გზავნილები საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უშუალო საუბრები, ჩვენ არ გვაქვს გასაჯაროების უფლება, თუმცა ზოგადად, რა თქმა უნდა, შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ეხებოდა საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას, როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან“, – განაცხადა პრემიერმა.

თვის ბოლოს გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ თვის ბოლოს გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ საინტერესო არ არის, მიღებს თუ არა „გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან „რადიკალური ოპოზიციური სპექტრი განწირული მარცხისათვის“.

„გიორგი გახარიას ეშინია ბულინგის სხვა პარტიების მხრიდან და ამას ემსახურება მისი პოსტები. ჩვენთვის საინტერესო არ არის, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, შეუძლიათ არ მიიღონ, ასეც და ისეც, მთლიანად ეს რადიკალური ოპოზიციური სპექტრი განწირულია მარცხისათვის. 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში: „ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში თემაზე – „ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება”.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ძლიერი ევროპის მნიშვნელობაზე ძლიერი მსოფლიოსთვის და ბოლოდროინდელ ტენდენციებს შემაშფოთებელი უწოდა.

„ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფოების დიდი ნაწილი იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, ამავდროულად, ევროპა კარგავს ძალას, იყოს ძლიერი მოთამაშე და დაიცვას პარტნიორები.

ამ კონტექსტში პრემიერმა უკრაინის მაგალითზე ომის მძიმე შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში სხვა ქვეყნებს დაცვის გარანტია ვერ ექნებათ.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიღწევებზე და ხაზი გაუსვა ქვეყნისადმი უსამართლო დამოკიდებულების შეცვლის აუცილებლობას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო მრავალი კრიტერიუმით უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ და მსგავსი უსამართლო დამოკიდებულება ევროპული ინსტიტუტების იმიჯისთვის დამაზიანებელია.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება და ევროპა გაძლიერდება, რაც აუცილებელია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველსაყოფად.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომლის თანათავმჯდომარეები იყვნენ გაერთიანებული სამეფოსა და შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრები, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პოლონეთის, სლოვაკეთის, სომხეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრები, საბერძნეთის, უკრაინის, ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის პრეზიდენტები და ეუთოს გენერალური მდივანი მონაწილეობდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტამბოლის მოლაპარაკებებს „მსოფლიო მშვიდობისთვის მნიშვნელოვან დღედ“ აფასებს

JPG resized with https://ezgif.com/resize

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა, რომელმაც პარასკევს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრას უხელმძღვანელა, მოლაპარაკებები „მსოფლიო მშვიდობისთვის მნიშვნელოვან დღედ“ შეაფასა.

„ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა თურქეთის ხელშეწყობით სტამბოლში გაიმართა“, – დაწერა ჰაკან ფიდანმა სოციალურ ქსელ X-ზე.

„შეხვედრის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, 1000-1000 ტყვე გაცვალონ. ისინი ასევე შეთანხმდნენ, წერილობით გაუზიარონ ერთმანეთს ის პირობები, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას გახდის შესაძლებელს“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ფიდანმა დასძინა, რომ ორივე მხარე პრინციპულად შეთანხმდა ხელახლა შეხვედრაზე.

ცალკეული ევროპოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან შერჩევითი გაბუტვა და არაფრის მომტანი ზეწოლა დასრულებადია – გია აბაშიძე

ცალკეული ევროპოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან შერჩევითი გაბუტვა და არაფრის მომტანი ზეწოლა დასრულებადია; თუკი “არ ცნობ” პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, არც უნდა გამოელაპარაკო. თუმცა, ფლიდობა-თვალთმაქცობაში ევროკრატია უბადლოა, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე და EPC-ს რიგით მე-6 კონფერენციის გახსნით სესიაზე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სხვადასხვა ლიდერებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

„ცალკეული ევროპოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან შერჩევითი გაბუტვა და არაფრის მომტანი ზეწოლა დასრულებადია; თუკი “არ ცნობ” პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, არც უნდა გამოელაპარაკო. თუმცა, ფლიდობა-თვალთმაქცობაში ევროკრატია უბადლოა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს.

სამიტის მონაწილე ლიდერებს ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა მასპინძლობს.
როგორც პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ისაუბრებს მთავარ გზავნილებზე, რაც ქვეყნის ძირეულ ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება.
საქართველოს მთავრობის მეთაური EPC-ს რიგით მე-6 კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრო, რომლის შემდეგ კონფერენციის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში 50-მდე ქვეყნის ლიდერი, ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები მონაწილეობენ“, – წერს გია აბაშიძე.

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე გერმანიის ელჩის თავდასხმები ღრმად არაევროპული ქცევაა, მნიშვნელოვანია, ამგვარი თავდასხმები შეწყდეს-შალვა პაპუაშვილი

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი თავდასხმები შეწყდეს.

„კრიტიკის „ცუდად საუბრად“ შერაცხვა არის სწორედაც საბჭოური და არა ევროპული აზროვნება.

ევროპა გულისხმობს ღიაობას კრიტიკისთვის და არა კრიტიკული აზრის ჩახშობას. ის, რომ ევროკავშირი დიდია და ჩვენ იქ გაწევრიანება გვსურს, არავის აძლევს უფლებას, აგვიკრძალოს, გავაკრიტიკოთ ის, რაც კრიტიკას იმსახურებს.

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი თავდასხმები შეწყდეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა: „ვფიქრობ, თუ გსურთ, შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა, მასზე ცუდად ილაპარაკოთ“.

რა ეღირება დოლარი და ევრო 17 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7415 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7415 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7425 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0686 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0732 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0046 ლარი შეადგინა.

“თურქიშ ეარლაინსი” საქართველოს მიმართულებით დამატებით ხუთ ფრენას დანიშნავს

„თურქიშ ეარლაინსი“ თბილისის მიმართულებით დამატებით – ორ, ბათუმის მიმართულებით კი დამატებით სამ ფრენას დანიშნავს, ხოლო ჯამში, საქართველოსა და თურქეთს შორის კვირაში 48 რეისს განახორციელებს. ინფორმაციას ამის შესახებ „თურქიშ ეარლაინსი“ ავრცელებს.

ავიაკომპანიის ცნობით, გაფართოების შედეგად თბილისის მიმართულებით კვირაში – 34, ბათუმის მიმართულებით კი კვირაში 14 რეისი დაინიშნება, რაც მგზავრებს სთავაზობს უფრო მეტ მოქნილობასა და წვდომას თურქული ავიახაზების უნიკალურ გლობალურ ქსელთან სტამბოლის აეროპორტის გავლით.

„თურქიშ ეარლაინსის“ საქართველოს ოფისის მენეჯერმა, ქენან ინჯემ განაცხადა, რომ ახალი სიხშირეების დამატება ასახავს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მნიშვნელოვან საჰაერო ხიდს ტურიზმის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით.

„ხუთი ახალი სიხშირის დამატება ასახავს ჩვენს მტკიცე რწმენას საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მზარდ საბაზრო პოტენციალზე.

48 ყოველკვირეული რეისით ქართველ მოგზაურებს ვანიჭებთ მეტ შესაძლებლობას და კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მნიშვნელოვან საჰაერო ხიდს ტურიზმის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით გამოცდილების გაცვლისთვის“,- აღნიშნა ინჯემ.

„თურქული ავიახაზების ბილეთები საქართველოში და საქართველოდან ფრენებისთვის ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ოფიციალური ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის, სავაჭრო ოფისებისა და ავტორიზებული ტურისტული სააგენტოების მეშვეობით“, – წერს ავიაკომპანია.

ირაკლი კობახიძე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს.

სამიტის მონაწილე ლიდერებს ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა მასპინძლობს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ისაუბრებს მთავარ გზავნილებზე, რაც ქვეყნის ძირეულ ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება.

„სამიტზე ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი. მექნება საშუალება, სიტყვით გამოვიდე მრგვალი მაგიდის ფორმატში. ამ ფორმატს ასევე გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს გავესაუბროთ. ბუნებრივია, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაური EPC-ს რიგით მე-6 კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრო, რომლის შემდეგ კონფერენციის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში 50-მდე ქვეყნის ლიდერი, ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართა.

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეექვსე სამიტში მონაწილეობენ.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, სამშვიდობო ხელშეკრულებასა და სხვა საკითხებზე. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ცალკე შეხვედრის შემდეგ მათ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები – არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეუერთდნენ.