Home Blog Page 4

რა ეღირება დოლარი და ევრო 6 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7318 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7318 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7320 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1203 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1087 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0116 ლარი შეადგინა.

ძალიან აირია სიტუაცია ბევრი საკითხის მიმართ, საჭიროა ვიცოდეთ, საითკენ მივდივართ -სალომე ზურაბიშვილი

ძალიან აირია სიტუაცია ბევრი საკითხის მიმართ, რომელიც დღეს ჩემგან სიცხადეს მოითხოვს. როცა ვსაუბრობთ უახლოეს მომავალზე და პოლიტიკურ განვითარებებზე, საჭიროა, ვიცოდეთ, რას ვამბობთ და საითკენ მივდივართ. რადგან მსჯელობა დაწყებულია, საჭიროა, მეც ვთქვა ჩემი სათქმელი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი მისთვის გასაკვირი და გაუგებარია.

„ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ პლატფორმის სახელით, ჩემი სახელით ვლაპარაკობ. ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მასში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60 თუ 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ჩემთვის ცოტა გასაკვირი და გაუგებარიც კი არის. როგორ შეიძლება, შეხვიდე არჩევნებში, როდესაც ციხეში არა მხოლოდ აქტივისტები არიან, არამედ პოლიტიკური ლიდერები? პოლიტიკური ლიდერები თუ ციხეში არიან, რანაირად შეგვიძლია, ვილაპარაკოთ თავისუფალ არჩევნებზე? ამიტომ არის, რომ პლატფორმის ფორმატში შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც შეთანხმებულია და აღრიცხავს ყველა იმ პირობას, ყველა იმ ცვლილებას, რაც უნდა იყოს შემოტანილი, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა. ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ ცალ-ცალკე და ამ რეჟიმს, რომელიც ნახევრად ჩამოშლილია, მივცეთ ის გამარჯვება, რომელიც არც ეკუთვნის და ვერც აღწევს იმ პროტესტზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე. ასე რომ, პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობა თუ რამეა, არის, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა აუცილებელია და აუცილებელია სიტუაციის კარგად გაგება. რაც დროს გადის, უფრო რეალურია, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთობლივად იყოს, მაგრამ ეს არჩევნები მიღწეული იქნება მხოლოდ, თუ პროტესტი გაგრძელდა, თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორების ზეწოლა გაგრძელდა და თუ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს, ერთობლივად წარადგინონ თავიანთი ხედვა, თავიანთი ალტერნატივა მომავლისთვის. არავის არასდროს არ უნდა, რომ შეიცვალოს რამე, რათა ვაკუუმი შედგეს ქვეყანაში. ყველას პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ჯერ დავფიქრდეთ და მერე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“პუტინმა მტკიცედ განაცხადა, რომ უკრაინის შეტევა რუსეთის აეროდრომებზე უპასუხოდ არ დარჩება”-The New York Times

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“  (The New York Times) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პუტინმა მტკიცედ განაცხადა, რომ უკრაინის შეტევა რუსეთის აეროდრომებზე უპასუხოდ არ დარჩება“ (ავტორები – ზორან კანო-იანგსი და ჯონათან სვონი). პუბლიკაციაში კომენტირებულია დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი, რომელიც 4 ივნისს გაიმართა. გარდა ამისა, მასალაში აღნიშნულია, თუ ვის მიმართ აქვს სიმპათიები აშშ-ის პრეზიდენტს და ვინ არის მისთვის „ცუდი ბიჭი“ – პუტინი თუ ზელენსკი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოსკოვი საპასუხო დარტყმას  გეგმავს უკრაინის მიმართ – მას შემდეგ, რაც კიევმა მოულოდნელი შეტევა განახორციელა რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე. ამ საკითხზე დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს იმსჯელეს.

„პრეზიდენტმა პუტინმა ნამდვილად თქვა და ძალიან მტკიცედ, რომ მას მოუწევს რეაგირება მოახდინოს აეროდრომებზე [უკრაინის] ამასწინანდელი შეტევების გამო“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის პოსტში, რომელიც Truth-ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. მან სატელეფონო საუბარი  შეაფასა როგორც „კარგი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დაუყოვნებლივ მიგვიყვანს მშვიდობასთან“. სხვათა შორის, პოსტი ცოტა ხნით საიტიდან გაქრა და შემდეგ ისევ გამოჩნდა. თეთრ სახლს ამ ფაქტის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

განცხადებაში დონალდ ტრამპს არ დაუზუსტებია, შეეცადა თუ არა იგი ვლადიმერ პუტინისათვის გადაეთქმევინებინა უკრაინისათვის საპასუხო დარტყმის მიყენების განზრახვა. ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ იმსჯელეს რიგ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის ირანთან დამოკიდებულებაზე და ოპტიმიზმი გამოხატა ირანის ბირთვული პოტენციალის შეკავებასთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპის რეაქცია აეროდრომებზე შეტევასთან დაკავშირებით საკმაოდ დაყოვნებული იყო იმ ფონზე, როცა იგი სწრაფად აკეთებს ხოლმე კომენტარს საერთაშორისო საკითხებზე. ეს იყო მისი პირველი განცხადება რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ იმ საოცარი შეტევიდან, რომლის შედეგად რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენები – ბირთვული იარაღის მზიდი თვითმფრინავები – განადგურდნენ. უკრაინული დრონების შეტევამ მათი მნიშვნელოვანი მოწყვლადობა გამოავლინა.

უკრაინამ რუსეთს სტრატეგიული და სიმბოლური დარტყმა მიაყენა – კიევმა, სანამ აეროდრომებს შეუტევდა, თავისი დრონები რუსეთის ღრმა ზურგში განალაგა, ხუთ რეგიონში, რომლებიც სხვადასხვა სასაათო სარტყელებში მდებარეობენ. მიყენებული მატერიალური ზარალი საკმაოდ საგრძნობია – 7 მილიარდი დოლარი.

დონალდ ტრამპმა ეს ეპიზოდი თავის პოსტში ისე აღწერა, თითქოსდა იგი გარე დამკვირვებელი იყო და ისეთი ვარაუდით, რომ რუსეთის აგრესიული პასუხი უკვე გარდაუვალად მოსახდენ ფაქტად ჩათვალა.

თავის მხრივ იური უშაკოვს, პუტინის თანაშემწეს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, არაფერი უთქვამს იმის შესახებ, განაცხადა თუ არა პუტინმა რაიმე საპასუხო ნაბიჯზე, თუმცა მან აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა „ტერორისტულია“ რუსეთის რკინიგზაზე მომხდარი ხიდების აფეთქების გამო. უკრაინელების „ტერორიზმზე“ ლაპარაკის დროს იური უშაკოვმა განგებ „დაივიწყა“ ის ფაქტი, რომ სწორედ რუსეთი დაესხა თავს უკრაინას 2022 წლის თებერვალში, ხოლო ბოლო დროს კრემლმა უკრაინის ქალაქების დაბომბვა გააძლიერა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს ოთხშაბათს განუცხადა, რომ ოპერაცია „აბლაბუდა“ („ობობას ქსელი“) არ განხორციელდებოდა, კრემლი რომ დაზავებაზე დათანხმებულიყო: „ცეცხლი რომ შეწყვეტილიყო, განა ჩვენ ამ ოპერაციის რეალიზებას მოვახდენდით? რა თქმა უნდა, არა“.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლების თქმით, დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა როგორც ვლადიმერ პუტინით, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკით, მაგრამ იგი განსაკუთრებით ვერ იტანს უკრაინის ლიდერს, ანუ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც რუსეთის აგრესიის მსხვერპლს წარმოადგენს. დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს თავისი თანაშემწეებისათვის, რომ მისტერ ზელენსკი „ცუდი ბიჭია“, რომელიც მსოფლიოს ბირთვული ომის უფსკრულისაკენ უბიძგებს. ამასთან, რიგ შემთხვევებში მას ისიც უთქვამს თავის თანაშემწეებთან, რომ სრულიად გასაგებია ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგობა – იმის გათვალისწინებით, რომ იგი ისეთ მტერს ებრძვის, რომელიც უკრაინის ქალაქებს შეუბრალებლად ბომბავს.

დონალდ ტრამპის სიმპათიები უფრო ვლადიმერ პუტინისაკენ იხრება, თუმცა ზოგჯერ იგი იმედგაცრუებას და აღშფოთებას გამოხატავს. აშშ-ის პრეზიდენტი ადრე, როგორც ჩანს, იმედოვნებდა, რომ რადგან პუტინთან ურთიერთობას „ძალიან-ძალიან კარგი“ უწოდა, ასეთი შეფასება მას ცეცხლის სწრაფ შეწყვეტაში დაეხმარებოდა. დონალდ ტრამპი საკუთარი მწარე გამოცდილებით დარწმუნდა, თუ როგორია აშშ-ის გავლენის ზღვარი, როცა მას თვითონ არ სურს უკრაინას მეტი იარაღი და ფული მისცეს. ვლადიმერ პუტინი ამას ხედავს და შესაბამისად იქცევა. კრემლი ასევე იმითაც არის დაიმედებული, რომ დონალდ ტრამპი დამატებითი სანქციების დაწესებისაგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს. გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტმა მხარი არ დაუჭირა სენატის ორპარტიულ კანონპროექტს ანტირუსული სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მისმა თანაპარტიელმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა (სამხრეთ კაროლინის შტატიდან) შეიმუშავა.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს „აბსოლუტურად ჭკუიდან შეშლილი“ უწოდა, მან ტონი შეცვალა და თქვა, რომ რუსეთის ლიდერს ორი კვირის ვადას მისცემს პროგრესის ნიშნების გამოსავლენად. ახლა კი ტრამპი ამბობს, რომ მას პუტინის დახმარება ჭირდება ირანთან ბირთვული გარიგების დასადებად.

„მე განვუცხადე პუტინს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს და ამ საკითხში, ჩემი ვარაუდით, ჩვენ შეთანხმებამდე მივედით“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში, – „პრეზიდენტმა პუტინმა თქვა,

რომ იგი, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს ირანთან დისკუსიაში და რომ იგი, ალბათ თავის წვლილს შეიტანს ამ პროცესის სწრაფ დასრულებაში“.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს წინადადება გაუგზავნა შეთანხმების დადების მიზნით: „გთავაზობთ გარიგებას – თუ ურანის გამდიდრებას შეწყვეტთ, მაშინ ატომური ელექტროსადგურებისთვის ურანს რეგიონული კონსორციუმისგან მოგცემთო“, მაგრამ ეს შეთავაზება თეირანმა უარყო.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

 თავად დანიგანმა იცის, რამ უბიძგა თანამდებობის დატოვებისკენ, შეიძლება, ახალმა ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ უნდა დაინიშნოს ის, ვინც საქართველოსთან ურთიერთობაში ახალ ხაზს გაატარებს-თენგიზ შარმანაშვილი

სამწუხაროდ, რობინ დანიგანს საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში დიდი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ბოლოს გაუგებარი ნაბიჯი იყო პრეზიდენტ ტრამპის მისალოცი წერილის არგამოქვეყნება, რომელიც თვითონვე პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაუგზავნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, რამ უბიძგა რობინ დანიგანს ელჩის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებისკენ, ეს იცის თავად მან და აშშ-ის ხელისუფლებამ.

„პირველ რიგში, როგორც ყოფილი დიპლომატი, ჩემს კოლეგას, ელჩს სასიამოვნო პენსიას და მომავალში თავისი გეგმების განხორციელებას ვუსურვებ. ელჩის მთავარი მოვალეობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაა და თუ რამე გაუგებრობა არსებობს, მან უნდა იზრუნოს, რომ ეს გაუგებრობები აღმოიფხვრას, ურთიერთობები სხვა ხარისხში გადავიდეს. სამწუხაროდ, დანიგანმა ეს შესაძლებლობა სათანადოდ ვერ გამოიყენა. მან აქტიური ელჩის შთაბეჭდილება არ დატოვა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ურთიერთობების გაუმჯობესებაში დიდი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ბოლოს გაუგებარი ნაბიჯი იყო პრეზიდენტ ტრამპის მისალოცი წერილის არგამოქვეყნება, რომელიც თვითონვე პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაუგზავნა. ეს ხომ დაძაბული ურთიერთობების განმუხტვისაკენ იყო მიმართული? ამიტომ გულდასაწყვეტია. ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ რამ უბიძგა, ეს თავისი ქვეყნის ხელისუფლებამ და თავად იცის“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ამასთან, შარმანაშვილის თქმით, აშშ-ის მომავალმა ელჩმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებაზე უნდა იმუშაოს.

„ეს არის ელჩის მოვალეობა, თორემ ურთიერთობების გაფუჭებას ელჩის თანამდებობა არ სჭირდება. ველოდები, რომ მომავალი ელჩი მიიღებს დავალებას, ორ ქვეყანას შორის არსებული გაუგებრობები აღმოფხვრას, ელჩი ამ ურთიერთობებში მხოლოდ პირად აზრს არ გამოხატავს. ერთი ელჩი მეორისგან იმით განსხვავდება, რამდენად შემართებით და ნიჭიერად ასრულებს იმ დავალებას, რომელიც თავისი ხელისუფლებისგან აქვს მიღებული. ფაქტი იყო, რომ მას წინა ადმინისტრაციის დავალება ჰქონდა გამოყოლილი და როგორც ჩანს, დღემდე მაგ ხაზს ასრულებდა – სხვა ახსნა ამას არ აქვს. შეიძლება, ახალმა ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ის ადამიანი უნდა დაინიშნოს, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობებში ახალ ხაზს გაატარებს. ფაქტი ერთია – თუ ასე იქცევი და შენი ხელისუფლება არაფერს გეუბნება, ერთხელ თუ მოიქეცი და შეცდომა დაუშვი, შენი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებიდან მიგითითებენ, რომ მეორედ ასე არ გააკეთო, მაგრამ როცა თვეების განმავლობაში ამას აკეთებ და მიმთითებელი არავინ გყავს, მაშინ შეგიძლია დაასკვნა, რომ ეს დავალება იქიდან არის მიღებული. როგორც ჩანს, ეს დავალება ახალი ადმინისტრაციისგან ასე მთლად არ ჰქონდა მიღებული და ძველი დავალების შესაბამისად მოქმედებდა. ანუ, თეორიულად, შეიძლება, „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ ყოფილიყო, სხვა ლოგიკური ახსნა არ მაქვს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

რობინ დანიგანი აშშ-ის ელჩის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. რობინ დანიგანი განცხადებაში განმარტავს, რომ „მიიღო პირადი გადაწყვეტილება, გავიდეს პენსიაზე და მისი გაწვევა აშშ-ის მთავრობას არ მოუთხოვია“.

თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია

თიბისი კამპუსი განათლების პროგრამაა მათთვის, ვისაც სჯერა, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლია.

თიბისიმ შექმნა უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცე, სადაც სტუდენტები, არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და კამპუსის დასრულების შემდეგ შეძლებენ არჩეული მიმართულებით კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას.

თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია აღნიშნავს: „თიბისი კამპუსში ვისწავლე მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება. ზოგადად, მაინტერესებს ყველაფერი, რაც სტარტაპების შექმნასა და მენეჯმენტს უკავშირდება. თიბისი კამპუსმა შემძინა რწმენა, რომ გონივრული იდეა არასოდეს უნდა დარჩეს განუხორციელებელი. სწორი დაგეგმარებისა და მოტივაციის პირობებში, ინვესტიციის მოპოვება და იდეის რეალობად ქცევა, სრულიად შესაძლებელი ხდება“.

თიბისის გუნდის სპეციალისტების და მოწვეული პროფესიონალ ლექტორებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, თეორიულ ცოდნასთან ერთად, კამპუსის კურსდამთავრებულებს, აძლევს შესაძლებლობას, დარგში არსებული მაღალი კონკურენციის მიუხედავად, გაუმკლავდნენ თანამედროვე საბაზრო გამოწვევებს, დასაქმდნენ და მათთვის საინტერესო იდეები რეალობად აქციონ.

როგორც ნუგო აღნიშნავს: „კურსი, რომელიც გავიარე ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის. ყველაზე ღირებული ჩემთვის ის იყო, რომ ორი წარმატებული ბიზნესმენისგან მათი წარმატების ისტორია, რჩევები და მიდგომები მოვისმინეთ, რაც პირადად მე, საკუთარ საქმეში ძალიან დამეხმარა. კურსი იმდენად მომეწონა, რომ თიბისი კამპუსის ახალ ნაკადსაც შევუერთდი და ტექნოლოგიური პროექტების მართვის კურსზე ვაპირებ სწავლას“.

ახალი თაობა ქმნის ახალ დღეს, ახალ მომავალს, ახალ ისტორიას, ამ გზაზე კი მათი ხელშეწყობა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობა თიბისისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია.

განათლებით შენს ამბავს ქმნი, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების. თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

(R)

გოჩა ჩხაიძე Who is Who-მ ღვინის კულტურის გლობალურ პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე ქართული ღვინის კულტურის გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის მსოფლიოში გამორჩეულ ადამიანად დასახელდა.
აღიარება მას Who is Who International Awards-ის ფარგლებში გადაეცა, საერთაშორისო ჯილდოს, რომლის ლაურეატები წარსულში ბარაკ ობამა და რიანა იყვნენ.

როგორც გოჩა ჩხაიძე “ჯორჯიან თაიმსთან საუბარში აცხადებს ღონისძიება კვიპროსში ჩატარდა. და მას პოლიტიკის, კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მისი თქმით, მთელი მსოფლიოდან ის იყო ერთადერთი ღვინის კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა.

“ეს ჯილდო არა მხოლოდ პიროვნული, არამედ კომპანიისთვისაც მნიშვნელოვანი წარმატებაა.ჩემი ქვეყანა ძალიან კარგად წარმოვაჩინე. ფაქტობრივად, ყველა იმ ადამიანმა, ვინც იქ იყო, პირველად გაიგეს, რომ საქართველო არის ღვინის აკვანი. გარდა სიტყვით წარდგენისა, საშუალება მომეცა, რომ დამსწრე საზოგადოებისთვის ჩვენი წარმოებული ღვინის გარკვეული სახეობები გამესინჯებინა, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. დარწმუნებული ვარ, რომ იქ მყოფთა 50% საქართველოში ჩამოვა, რისი პირობაც დადეს, – განაცხადა ჩხაიძემ.
გოჩა ჩხაიძის ეს წარმატება კვიპროსის საზღვრებს აუცილებლად გასცდება და საქართველოს, როგორც ქვეყნის და მეღვინეობის განვითარებას ხელს შეუწყობს.


„ჩვენი კომპანიისთვის, ამ ჯილდოს მიღება და აღიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ძალიან დიდ პოპულარიზაციას გაუწევს როგორც ჩემს კომპანიას, ისე ქართულ ღვინოს. რეალურად, “ასკანელი” მართლა ლიდერია საქართველოში. საერთაშორისო ბაზარზე 30-ზე მეტ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და 1000-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო გვაქვს მიღებული. გასულ წელს, ჯამში 20 მლნ ბოთლი გავყიდეთ, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში კარგად გვიცნობენ”, -განაცხადა გოჩა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ,  კომპანია “ასკანელი” მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” 2023-2024 წლის ბიზნეს რეიტინგის  გამარჯვებული და   ბიზნეს რეიტინგის   XXIII-ე  დაჯილდოების ეროვნული ჯილდოს მფლობელია.   ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე,  რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, ბიზნესმენებმა  ფარული კენჭისყრის საფუძველზე თავად გამოვლინეს.

ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია, რომლის მთავარ თემასაც წარმოადგენს „საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესზე“, ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ გახსნეს.

მათ საკუთარ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა დროული და მნიშვნელოვანია, რის შემდეგაც მონაწილეებს კონფერენციის თემებთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა გაუზიარეს. ლევან იოსელიანმა და რუსუდან კოხოძემ დეტალურად ისაუბრეს იმ საქმიანობის შესახებ, რასაც მათი უწყებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო პროცესთან მიმართებაში ახორციელებენ.

კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელებენ, როგორებიცაა: საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება – მსოფლიოში არსებული პრაქტიკა და მიღებული გამოცდილება, არჩევნების მოდერნიზება და ელექტრონული სერვისების დანერგვა, დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება და მისი პოტენციური გავლენა არჩევნების შედეგებზე, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა. მან კონფერენციის მონაწილეებს აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია წარუდგინა.

„საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ყოველ წელს ვმასპინძლობთ, გვაძლევს საშუალებას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ პროფესიული გამოცდილება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. ამჯერად ვისაუბრებთ ორ თემაზე. პირველი – საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვაა; მეორე – დეზინფორმაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. როგორც ყოველთვის, კონფერენცია არის მასშტაბური, მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები და მიმდინარეობს ექსპერტული და პროფესიული განხილვები. 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციამ წარმატებით განახორციელა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების ინტეგრირება და მიიღო მნიშვნელოვანი გამოცდილება, თუმცა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების, მათი რეკომენდაციებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს 2025 წლისა და შემდგომი არჩევნების ადმინისტრირების პროცესში. ის ფაქტი, რომ წლევანდელ კონფერენციაზე განსახილველი თემების მიმართ არის განსაკუთრებული ინტერესი, ადასტურებს, რომ ეს საკითხები ყველას საერთო გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთად ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი ამ საკითხების ეფექტიანად გადასაჭრელად“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის/აპარატის უფროსმა საარჩევნო ადმინისტრაციის ელექტრონულ სერვისებსა და არჩევნების მართვის პროგრამებზე ისაუბრა, ელექტრონული ტექნოლოგიების მენეჯერმა გიორგი სტურუამ კი მონაწილეებს საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე გამოყენებული საარჩევნო ტექნოლოგიები გააცნო.

კონფერენციის მეორე დღე დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ თემებს დაეთმობა. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვედრის მონაწილეებს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების, არსებული გამოწვევებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს.

კონფერენცია 5-6 ივნისს გაიმართება. მასში 22 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 100-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე-რობინ დანიგანი აშშ-ის ელჩის თანამდებობას ტოვებს

რობინ დანიგანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„მას შემდეგ, რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად.

ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია.

მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ, რომ გამოვცადეთ ქართველი ხალხის გასაოცარი სიკეთე და სითბო. არ აქვს მნიშვნელობა ამ საოცრად ლამაზი ქვეყნის რომელ მხარეში ვმოგზაურობდით, ყველგან გვხვდებოდნენ შეუდარებელი ქართული სტუმართმოყვარეობით. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული ქართველის გულით, სულითა და ენთუზიაზმით. დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებთ, უზრუნველყოფს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას. მე განვაგრძობ დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ“, – აღნიშნულია დანიგანის განცხადებაში.

https://www.facebook.com/usingeo/posts/pfbid02KZBc7jW1UUnwC8pdrDvs3ii2jgNtoD9FuNoqxyQcmmgeehLAhPX1bBZRVGbq2djyl

ჩვენმა უახლესმა ისტორიამ გვასწავლა, რომ შეუძლებელია განვითარებაზე საუბარი მშვიდობის გარეშე – მაკა ბოჭორიშვილი

წლევანდელი ფორუმის მთავარი აქცენტი მშვიდობის როლია, რაც არც შემთხვევითია და არც მხოლოდ სიმბოლური, – განაცხადა თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ევროპის ქალაქებს შორის, თბილისი ის ქალაქია, რომლისთვისაც ომი და მისი დამანგრეველი შედეგები, არც თუ ისე შორეული წარსულია.

„ჩვენმა უახლესმა ისტორიამ გვასწავლა, რომ შეუძლებელია განვითარებაზე საუბარი მშვიდობის გარეშე. ამიტომაც ვიბრძვით ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის და შესაბამისად, ჩვენი უკეთესი მომავლის უზრუნველყოფისთვის.

ჩვენი ქალაქი, რომელიც დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე განვითარდა, მკაფიო ინდივიდუალიზმთან ერთად გამორჩეულია მრავალფეროვნებით. ეს კულტურული სიმდიდრე კარგად ასახავს იმ როლს, რომელსაც ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა.

დღეს ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ დაკავშირებადობის განვითარებაზე, შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, საქართველოს როლზე ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. ქვეყნის სტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის მთავარი წინაპირობა, რეგიონში მდგრადი მშვიდობაა.

გვწამს, რომ რაც უფრო ფართო იქნება მშვიდობის საზღვრები, ჩვენი შესაძლებლობები მხოლოდ გაიზრდება. ამიტომაც, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას და ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული როლი ვითამაშოთ ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში.

ძვირფასო სტუმრებო, დღეს საქართველო ამაყობს ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მეტი ყურადღება დავუთმოთ ჩვენი ქალაქის განვითარებას. განვითარებასთან ერთად, ბუნებრივია იზრდება გამოწვევებიც, რაც მოითხოვს ეფექტიან პასუხს, იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხო, მიმზიდველ და ჯანსაღ გარემოში ცხოვრობდნენ.იზრდება ჩვენი ქალაქის მიმზიდველობაც, რასაც აძლიერებს ჩვენი განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობის კულტურა. შესაბამისად ტურისტების მზარდი რაოდენობა არ არის უცხო და გასაკვირი.

ტურიზმის განვითარება მეტ შესაძლებლობას ქმნის ეკონომიკური აქტივობისთვის, თუმცა მეტ საჭიროებებსაც აჩენს, იმისათვის, რომ ქალაქი იყოს ყველასთვის მიმზიდველი. საქართველო ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ და ამ პროცესში ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სოციალური ცხოვრების ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კარგი მმართველობით, კარგი თანამშრომლობით და დიდი სიყვარულით შეიქმნა ის პროგრესი, რომელიც დღეს შეუმჩნეველი არავის რჩება.

თბილისი 10 წლის უკან და თბილისი დღეს, საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება შეცვალო დრამატულად, ისე, რომ არ დაკარგო მთავარი – იდენტობა.

გლობალიზაციის პირობებში საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე განვითარება რთული წარმოსადგენია. გამოცდილების გაზიარება, ახალი შესაძლებლობების ძიება, საერთო მიზნების ერთობლივი ძალისხმევით მიღწევა უნდა იყოს პარტნიორებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი. დღევანდელი ფორუმი შესანიშნავი შესაძლებლობაა, ერთად ვიმსჯელოთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც თანამედროვე პირობებში პრიორიტეტულია ჩვენი ქალაქის და ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მალე მოვა არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას – რასაც უბრძანებენ გარედან, იმას გააკეთებენ – კახა კალაძე

„ხომ ჰქონდათ ის პრინციპული პოზიცია, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში? ძალიან მალე მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას – რასაც უბრძანებენ გარედან, იმას გააკეთებენ“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

„ისინი გაერთიანდებიან, თუ დაშლილები იქნებიან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი რა არის: ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვისმენდით რადიკალურ განცხადებებს, რომ არც ერთი მათგანი არ მიიღებდა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. გაიხსენეთ ჩემი განცხადებები აღნიშნულთან დაკავშირებით – ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: რასაც დაავალებენ, გააკეთებენ იმას. ხომ ჰქონდათ ის პრინციპული პოზიცია, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში? ძალიან მალე მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომელსაც არანაირი პრინციპი არ გააჩნია. როდესაც ხარ აგენტი, შენ არ ეკუთვნი არც საკუთარ თავს, არც საკუთარ ოჯახს, არც ქვეყანას. ისინი ემსახურებიან კონკრეტულ პატრონებს გარედან და შესაბამისად, რასაც უბრძანებენ, იმას გააკეთებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, მისივე თქმით, „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს.

„ვთვლით, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი არჩევნებია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნა განხორციელებული რეგიონებში, ასევე მე, როგორც დედაქალაქის მერმა, ძალიან ბევრი შემიძლია ვთქვა თბილისზე, სადაც მართლაც უამრავი კარგი საქმეა გაკეთებული, ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები და გვაქვს ძალიან სწორი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი დედაქალაქი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ძალიან მალე, საზოგადოებას ვეტყვით კონკრეტიკას, თუ რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ივნისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ივნისის თვეში, 5 სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი. 

ივნისი შეხვედრების განრიგი:

  • პირველი ტრენინგი 13 ივნისს, ონლაინ ფორმატში, ოპერაციების მართვის თემატიკაზე ჩატარდება და მას ბიზნესკონსულტანტი, მირანდა მანჯგალაძე გაუძღვება.
  • მეორე შეხვედრა 17 და 19 ივნისს ასევე, ონლაინ ფორმატში გაიმართება და ის ელექტრონული კომერციის თემატიკას დაეთმობა. ტრენინგს ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი ჩაატარებს.
  • მესამე ტრენინგი, 24 ივნისს გაიმართება საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
  •  კიდევ ერთი ონლაინ ტრენინგი 26 ივნისს ჩატარდება და ის ხშირად დაშვებულ ფინანსური შეცდომების თემატიკას დაეთმობა. ტრენინგს  ბიზნესკონსულტანტი, შალვა ახრახაძე გაუძღვება.
  • ივნისის  თვის ბოლო, მეხუთე ტრენინგი 30 ივნისს, ექსპორტის ციკლის თემატიკას დაეთმობა  და  მას, გიორგი გუდაბაძე, Savvy-ს ასოცირებული პარტნიორი ჩაატარებს.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს   წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.

კურსებზე დასწრება უფასოა და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.

ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს საკმაოდ კარგად გამოგვდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმ დიდი ზეწოლისა, რომელიც იყო ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ მოახერხა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და არამხოლოდ შეინარჩუნა მშვიდობა, არამედ საქართველო მუდმივად ახერხებს მშვიდობის მხარდაჭერას რეგიონშიც.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის და მოხარულები ვართ, რომ მეთოთხმეტედ ვმასპინძლობთ ამ ღონისძიებაზე ძალიან მაღალი რანგის სტუმრებს. წლევანდელი კონფერენციის თემაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი – ეს არის მშვიდობის როლი ქვეყნის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის და, ზოგადად, მსოფლიოს მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს საკმაოდ კარგად გამოგვდის, მიუხედავად იმისა, რომ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ძალიან დიდი ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე, მოვახერხეთ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება. არამხოლოდ ქვეყანაში ვინარჩუნებთ მშვიდობას, არამედ ვახერხებთ რეგიონშიც ჩვენს გარშემო მშვიდობის მხარდაჭერას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვისაც. არის სხვადასხვა ტიპის სირთულეები ჩვენს ფართო რეგიონში და ამ ვითარებაში, საქართველო ყოველთვის, მთელი წლების განმავლობაში, დადებით როლს ასრულებდა მშვიდობის განვითარებაში და შესაბამისად რეგიონში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში. დღევანდელი სამყარო არის ძალიან დიდი გამოწვევებით სავსე, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულად მშვიდობას – ჩვენ გვაქვს ფართო რეგიონში მიდინარე სამხედრო კონფლიქტი, მასშტაბური ომი, ჩვენს გარშემო, სამწუხაროდ, არის არაერთი ომი და ასეთ ვითარებაში საჭიროა, ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი ყოველთვის ასრულებდა ძალიან საინტერესო პლატფორმის როლს მნიშვნელოვან საკითხებზე აზრთა გაცვლისთვის.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ღონისძიება ქმნის ძალიან კარგი პლატფორმას იმისთვის, რომ გაიმართოს დისკუსიები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.

„წლევანდელი თემა, მშვიდობა და მშვიდობის როლი კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ამ ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება რეგიონების განვითარებაზე. აქაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას. სწორედ მშვიდობამ მოგვცა ჩვენ იმის საშუალება, რომ მაქსიმალურად გვეზრუნა ჩვენს ქვეყანაში რეგიონების თანაბარ სოციალირ-ეკონომიკურ განვითარებაზე. გვაქვს ძალიან დიდი, განსაკუთრებული წინსვლა ბოლო წლების განმავლობაში სწორედ რეგიონების განვითარების თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციას ესწრებიან ჩვენი მეზობელი ქვეყნების ქალაქების წარმომადგენლები, 40-მდე ადგილობრივი მერი, საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენთვის სწორედ რეგიონულ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან, განსაკუთრებით, ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან.

ასევე ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ღონისძიებას ესწრებიან ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტები, ექსპერტები, რომლებიც ამ 2 დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ საინტერესო დისკუსიებში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება იქნება საინტერესო თითოეული თქვენგანისთვის. ყველას გისურვებთ ნაყოფიერ დისკუსიებს და წარმატებებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.