Home Blog Page 4

ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს

საქართველოს 7-ქალა ნაკრები გერმანიაში, ჰამბურგში იმყოფება, სადაც 27-29 ივნისს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ითამაშებს.

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, რომელსაც ხორვატიამ, მაკარსკამ უმასპინძლა, საქართველოს 7-ქალამ ერთი გამარჯვება მოიპოვა და მე-11 ადგილი დაიკავა.

ჰამბურგის ეტაპზე, ჯაბა მალაღურაძის გუნდი B ჯგუფში იასპარეზებს და მეტოქეებად საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია ეყოლება.

მაკარსკას შემდეგ, გუნდში სამი ცვლილება მოხდა და ნაკრებს ირმა გულიაშვილი, ანი კაპანაძე და მარიამ ბერანძე შეუერთდნენ. საბოლოო განაცხადი კი, ასეთია:

ირმა გულიაშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, ანა დათიაშვილი, მარიამ გოგუაძე, ანა ხაბულიანი, ლიკა ხუფენია, სალომე მაკასარაშვილი, ანა პოღოსიანი, ანი კაპანაძე, მანონი საღარაძე, სალომე საღარაძე, ნინო წიკლაური, მარიამ ბერანძე.

საქართველოს 7-ქალა ჰამბურგში ასპარეზობას 27 ივნისს, საფრანგეთთან მატჩით დაიწყებს:

საფრანგეთი Vs საქართველო | 27 ივნისი

ესპანეთი Vs საქართველო | 27 ივნისი

გერმანია Vs საქართველო | 28 ივნისი

საქართველოს 7-ქალამ ახალი ისტორია უკვე დაწერა და წარმატების გზაზე სვლას მიზანმიმართულად აგრძელებს. მაკარსკაში იტალიის ნაკრებთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ახლა შემდეგი ნაბიჯის მოლოდინში ვართ.

თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა სპორტის განვითარება და ის იმპულსი, რომელსაც ქალი სპორტსმენები ამ სფეროში ქმნიან. სწორედ, ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს 7-ქალა ნაკრებს – ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მაგალითით ამტკიცებენ, რომ სიძლიერეს სქესი არ აქვს, მთავარია გჯეროდეს.

#ერთადგავიმარჯვებთ

(R)

“ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ყველა ძირითადი პარამეტრი ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება”-მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, სტრატეგიული პროექტების და ინიციატივების მნიშვნელობა, შესაძლებლობები და გამოწვევები“.

„ეკონომიკური ფორუმის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მინისტრმა იმ ძირითადი ეკონომიკური ასპექტების, პროექტებისა და გეგმების შესახებ ისაუბრა, რაზეც სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.

„მთავარი და ფუნდამენტური არის, რომ ყველამ ერთად განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარება. ბუნებრივია, ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ყველა ძირითადი პარამეტრი ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება. ჩვენი მიზნები სამთავრობო პროგრამის ფარგლებში გვაქვს გამოცხადებული, რომ 2028 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა გაიზარდოს 130 მლრდ ლარამდე, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ბიუჯეტის ზრდას. ამავდროულად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უმუშევრობის დონის 4%-მდე შემცირებაა. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის მამოძრავებელი სექტორების, მათ შორის ენერგეტიკის სექტორის განვითარება, ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.

პანელის „ბიზნესინსაიდერი – საქართველოს“ და „ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებლის, გიორგი აბაშიშვილის მოდერატორობით წარიმართა და მასში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

მარიამ ქვრივიშვილმა დისკუსიაში მონაწილე დარგის ექსპერტებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ქვეყნის მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის, ასევე საკვანძო ეკონომიკური სექტორების განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას, მათ შორის, ტურიზმისა და ავიაციის დარგების უახლესი სტატისტიკური მონაცემები გააცნო. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 7,368,149 შეადგინა, რაც 4.2%-იანი ზრდაა 2023 წლის მონაცემთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 7.3%-იანი ზრდა აჩვენა და 4.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2025 წლის მონაცემებს – იანვარი-მარტის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების კვარტალური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს – 826 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

ასეთივე, ზრდის პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება სამოქალაქო ავიაციის სექტორში – 2024 წელს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 24%-ით გაიზარდა და რეკორდულ 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა. ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა და იანვარი-აპრილის პერიოდში ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტი 2 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტებში 60-ზე მეტი სამგზავრო ავიაკომპანია დაახლოებით 100 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.

„ტურიზმის და ავიაციის სექტორების განვითარების თვალსაზრისით ჩვენმა ქვეყანამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ბევრმა უფრო განვითარებულმა ქვეყანამ. ჩვენ ასევე აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით – იქნება ეს მაგისტრალური გზების დასრულება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი თუ ახალი საერთაშორისო აეროპორტი. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ძირითადი, მამოძრავებელი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ კონკრეტული სექტორების, შემდგომ ფართო სურათში კი ჩვენი ქვეყნის მდგრად განვითარებას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ეკონომიკურ საზოგადოებას ასევე მთავრობის ეკონომიკური ხედვის უმთავრესი რამდენიმე მიმართულება გააცნო, მათ შორის მან აქცენტი გააკეთა ინვესტიციების მოზიდვის, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერის და ინფრასტრუქტურული პროექტის წარმართვის კუთხით არსებულ გეგმებზე.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

არ გამოტოვოთ თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის ბოლო პრემიერა „ამარკორდი“

თეატრი „სახელოსნო 42“, რომლის მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი, ზაფხულის სეზონს „ამარკორდის“ საპრემიერო ჩვენებებით ასრულებს.

ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე ივლისის სცენას, ფედერიკო ფელინის ფილმის „ამარკორდის“ მიხედვით შექმნილ, თეატრალურ წარმოდგენას უთმობს. ინსცენირების ავტორი და რეჟისორია ლევან წულაძე.

10, 11, 12 და 13 ივლისს, ლევან წულაძე, მისეული ოსტატობით, თეატრი „სახელოსნო 42“-ის სცენაზე, მაყურებელს ფელინისეულ ნოსტალგიურ, შთამაგონებელ და სიურეალისტურ მოგზაურობას აჩუქებს.

თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და VISA.

თიბისი კონცეპტის VISA ბარათის მფლობელებისთვის მეოთხე რიგის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

®

“ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში”-მიხეილ ყაველაშვილი

ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უწყების 31 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მიხეილ ყაველაშვილმა უწყების ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თანამშრომლებსა და ვეტერანებს, ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომისთვის მადლობა გადაუხადა.  მისივე განცხადებით, სწორედ მათი დამსახურებაა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი დონის ინსტიტუტს რომ წარმოადგენს.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ უწყების ხელმძღვანელობას,  პირად შემადგენლობას, თანამშრომლებსა და ვეტერანებს – ყველას, ვინც ყოველდღიურად ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგახართ.  სწორედ  თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი დონის ინსტიტუტს წარმოადგენს. თითოეული ქართველის სახელით განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირებს. მინდა პატივი მივაგო მათ ნათელ ხსოვნას,  ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მათი გაკეთებული საქმეები და [ჩადენილი] გმირობა“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსხურის როლი სახელმწიფო  სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში .

„ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსხურის როლი სახელმწიფო  სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში . თქვენ გაკისრიათ უმნიშვნელოვანესი, საპატიო და ამავდროულად ურთულესი მისია – დაიცვათ სახელმწიფოს უსაფრთხოება და იყოთ ეროვნული სიმშვიდის გარანტი. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ თითოეული თქვენგანი ამ მისიას თავს წარმატებით ართმევთ, სიმშვიდე და უსაფრთხოება, რასაც ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიურად გრძნობენ,  სწორედ ეს არის თქვენს მიერ პროფესიონალურად შესრულებული საქმის, უდიდესი ერთგულებისა და ფართო საზოგადოებისთვის შეუმჩნევლად  ჩადენილი გმირობის და თავდადების შედეგი. ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს ერთიანი, ძლიერი, უსაფრთხო და  განვითარებული სახელმწიფო.  ამ მიზნის მიღწევა კი თქვენს გარეშე, რა თქმა უნდა,  შეუძლებელია. თქვენ ხართ ადამიანები, ვისი საქმიანობაც ერთგულებას, ღირსებასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს . სწორედ ამ ფასეულობებისადმი თქვენი ერთგულება ქმნის ქვეყნის უსაფრთხო მომავალის მყარ საფუძველს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სიტყვის დასასრულს, მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს მოუწოდა იყვნენ  მუდამ ერთიანები,  რათა მომავალ თაობებს ძლიერი სახელმწიფო დაუტოვონ. პრეზიდენტმა თითოეულ მათგანს მშვიდობა, სიძლიერე და წარმატებები უსურვა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს და უწყების სხვა თანამშრომლებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო დასაცავ პირზე შენობაში თავდასხმისა და ევაკუაციის, ასევე კორტეჟზე თავდასხმა-მოგერიების და კინოლოგების საჩვენებელი იმიტაცია.

„მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში” – თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელშიც მზის ენერგიის უახლესი გლობალური ტენდენციები და საქართველოში მზის ენერგიის პოტენციალი მიმოიხილა. კვლევის მთავარი მიგნებები თიბისი კაპიტალის გუნდმა სასტუმრო „ტელეგრაფში“ წარადგინა, რომელიც თიბისის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. ამ ფორმატის ღონისძიება ახლადგახსნილ ლოკაციაზე პირველად სწორედ თიბისისთან ერთად ჩატარდა.

კონფერენციაზე სპეციალურ სტუმრად მოწვეული იყო სპიკერი სომხეთიდან – ჰაკობ ხოცანიანი, რომელიც კომპანია Shtigen Ventures-ს წარმოადგენს და მზის ენერგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ბოლო ათი წლის განმავლობაში მზის ენერგიის დადგმული სიმძლავრეები მნიშვნელოვნად გაიზარდა და გლობალურად მზის ენერგიის წილმა განახლებადი ენერგიის წყაროებში 42% შეადგინა. სიმძლავრეების მნიშვნელოვანი ზრდა ტექნოლოგიებზე ფასის შემცირებამ გამოიწვია – 2010 წელთან შედარებით მზის პანელების საშუალო ფასი გლობალურად 89%-ით არის შემცირებული.

მზის სადგურებზე მოთხოვნა იზრდება საქართველოშიც, რაც სიმძლავრის აუქციონებსა და პირდაპირ მოლაპარაკებებში კერძო სექტორის აქტიურობით დასტურდება. კვლევა საქართველოში მზის ენერგიის პოტენციალსაც მიმოიხილავს და მიუთითებს, რომ მზის სადგურებისთვის ოპტიმალური ლოკაცია სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლია.

თიბისი კაპიტალის გუნდის წევრებმა კონფერენციაზე ის ფაქტორებიც განიხილეს, რომელთა გათვალისწინება მზის ენერგიაში ინვესტირებამდეა აუცილებელი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიაც, რომელშიც მონაწილეობდნენ თიბისის, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მზის ენერგიის შესახებ კონფერენციას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, დაინტერესებული ინვესტორები ესწრებოდნენ.

(R)

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პროფესიონალიზმი, სამშობლოსადმი ერთგულება ქმნის მყარ საფუძველს სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის -ირაკლი კობახიძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ძლიერ და თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი, საქმისა და სამშობლოსადმი ერთგულება ქმნის მყარ საფუძველს სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს, სამსახურის პირად შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს პროფესიული დღე მიულოცა.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა მათი საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

„თქვენი მისიის ჭეშმარიტი არსია, იზრუნოთ არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების უსაფრთხოებაზე, არამედ განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ მისიებზე. თქვენ იცავთ ინსტიტუტებს, რომლებზეც ჩვენი სახელმწიფო დგას და იცავთ თავად ქართულ სახელმწიფოებრიობას – ჩვენს სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წესრიგს და უსაფრთხოებას. სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ძლიერ და თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. სამსახურის 13 სტრუქტურული ერთეული სრულყოფილად ფარავს უსაფრთხოების ყველა ასპექტს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურაში ასრულებს მუდმივად მზარდ როლს და ამ ყველაფერში მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო ბატონი ანზორ ჩუბინიძის პირადი წვლილი. ჩვენ ყველა ვხედავთ, ყოველდღიურ რეჟიმში როგორ ზრუნავს ის სახელმწიფო დაცვის სამსახურის გაძლიერებაზე, რაც არის აუცილებელი პირობა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება სათანადოდ იყოს დაცული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ანზორ ჩუბინიძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. სახელმწიფო ჯილდო – მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ გადაეცათ გრიგორი ურიდიას, ჯაბა გამჯაშვილს, თორნიკე ჯანელიძეს, ზურაბ დარბაისელს და ალექსანდრე ქურდაძეს. ღირსების მედლით პრეზიდენტმა დააჯილდოვა ილია შუბითიძე, ლევან ცეცხლაძე, ირაკლი ნათენაძე და გიორგი ნატრაძე.

Global Tech Weekend Tbilisi 2025 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართა

20 ივნისიდან, თბილისმა რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას უპასპინძლა. იდეებისა და ინოვაციების ვიქენდზე, საქართველოს დედაქალაქში თავი ქართველმა და უცხოელმა წამყვანმა ტექ პროფესიონალებმა მოიყარეს.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით – “Shaping the New Era” 21 ივნისს, Radio City | District 4-ში ჩატარდა და 3000-ზე მეტი სტუმარი, 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანია და 80 სპიკერი გააერთიანა.

“ასეთი კონფერენციები საქართველოსთვის და მთლიანად, რეგიონისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობების მომცემია, რადგან, უპირველესად, საშუალებას იძლევა, რომ საინტერესო ადამიანებმა ერთმანეთი გაიცნონ და გააჩინონ შესაძლებლობები როგორც ქვეყნისთვის, ასევე, ბიზნესებისთვის.

ქვეყანაში და რეგიონში თიბისის როლიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ასეთ პლატფორმებს მხარი დავუჭიროთ, გვერდში დავუდგეთ და განვავითაროთ, რადგან ტექნოლოგიური დღის წესრიგი ახლა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია” – ამბობს ნიკა ქურდიანი, “თიბისი უზბეკეთის” გენერალური დირექტორი, რომელიც 21 ივნისს, GTWT-ს ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო და აუდიტორიას გაუზიარა გამოცდილება, თუ როგორ იქმნება ციფრული ბანკი საქართველოში, გადის ახალ ბაზარზე უზბეკეთში და 5 წელიწადში აღწევს 20 მილიონამდე მომხმარებელს.

Global Tech Weekend 2025-ის სამი დღე მინი სესიებს, შთამაგონებელ გამოსვლებს, ვორქშოფებს, meet & greet-ებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებდა, რომლებიც ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის და არამხოლოდ, დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-მა მომავლის, ინოვაციებისა და პროგრესის იმპულსები ერთ სივრცეში გააერთიანა. თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექ კომპანიისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ეკოსისტემების განვითარება, ტექ კომუნების გაძლიერება და მხარდაჭერა. ქვეყანაში საერთაშორისო პრაქტიკების და გამოცდილებების შემოტანა და ასევე, საკუთარი ცოდნის გლობალური აუდიტორიისთვის გაზიარება.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამჯერად, ცენტრალური საარჩევნო კომისია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით რეგიონულ შეხვედრებში იღებს მონაწილეობას, რომელიც პროექტის – „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები -იდეიდან ცვლილებამდე“ ფარგლებში მიმდინარებს.

25 ივნისს, ფორუმის პირველ დღეს, ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა. მან მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობასა და არჩევნების ისტორიაზე, ასევე ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

გიორგი შარაბიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციაზე, როგორც საარჩევნო პროცესის გლობალურ გამოწვევაზე და ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე. 

პროექტის ფარგლებში ოთხი რეგიონული შეხვედრა გაიმართება და მასში  სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მიერ, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ჯანსაღი ფასეულობების განმტკიცებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა, სწორად მოაზროვნე თაობების საფუძველია, რაც ნარკოტიკებთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია! – მიხეილ ყაველაშვილი

ჯანსაღი ფასეულობების განმტკიცებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა, სწორად მოაზროვნე თაობების საფუძველია, რაც ნარკოტიკებთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

იგი ამგვარად ეხმაურება 26 ივნისს – ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დღეს ეროვნული პრიორიტეტია.

„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ნარკომანია და ნარკოდანაშაული ერთ-ერთ უმთავრეს გლობალურ გამოწვევად რჩება, რომელიც საფრთხეს არამხოლოდ კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის, არამედ უამრავ საზოგადოებრივ პრობლემას წარმოშობს და მომავალ თაობებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

ჩვენი მიზანია მკაფიო, სწორი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმით, მომავალი თაობა მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ.

ქვეყანაში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გამკაცრება და ნარკოტიკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება ჩვენი ვალდებულებაა, რათა მომავალი თაობა უსაფრთხო გარემოში აღიზარდოს, არჩევანი კი ცხოვრების ჯანსაღ წესზე, განათლებასა და განვითარებაზე გააკეთოს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად, პრინციპულად მნიშვნელოვანია ნარკოდამოკიდებული ადამიანების დახმარება და მხარდაჭერა.

ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დღეს ეროვნული პრიორიტეტია. ამ მიზნის განხორციელებისთვის ყველა ინსტიტუციურ დონეზე იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ, რასაც აუცილებლად მოჰყვება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები.

მივესალმები ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებასთან დაკავშირებით უკვე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე უმნიშვნელოვანესია პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ორი ინიციატივა, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლას უკავშირდება.

მნიშვნელოვანია ყველამ კარგად გავითავისოთ, რომ ჯანსაღი ფასეულობების განმტკიცებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა, სწორად მოაზროვნე თაობების საფუძველია, რაც ნარკოტიკებთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია!” – წერს პრეზიდენტი.

საქართველოში ოპოზიციის ლიდერების დაკავება ქვეყნის დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმას წარმოადგენს – ნორვეგიის საგარეო უწყება

საქართველოში ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელი დაკავებები ქვეყნის დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმას წარმოადგენს, – ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„ნორვეგია უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებისა და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ რეპრესიების დასრულების მოწოდებით გამოდის“, – აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის თაობაზე შეთანხმება ძალაში შევიდა

საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება, ძალაში მიმდინარე წლის 21 ივნისიდან შევიდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შეთანხმების ამოქმედებისთანავე, მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ, თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდგომ, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, გადაცვლას დაექვემდებარება მართვის მოწმობის AM“, „A“,„A1“, „A2“, „B“, „B1“, „C“, „D“, „C1“, „D1“, „BE“, „CE“, „DE“,„C1E“, „D1E“კატეგორიები/ქვეკატეგორიები.

საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას, 2024 წლის 26 ივნისს, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ათენში მოეწერა ხელი.

მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს, ასევე, გაფორმებული აქვს, ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან, სადაც ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპი აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი პრეზიდენტი ხდება? – The Independent

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი პრეზიდენტი ხდება? ირანზე დარტყმით და კონგრესის დაქვემდებარებით დონალდ ტრამპი აბრამ ლინკოლნის დროიდან ყველაზე მეტი ცალმხრივი და ერთპიროვნული ძალაუფლების მქონე ლიდერია“ (ავტორი – ჯონ ბოუდენი). პუბლიკაციაში განხილულია დონალდ ტრამპის მართვის მეთოდები – იგი ყველა საკითხში ჩარევასა და ყველაფრის დაქვემდებარებას ერთპიროვნულად ცდილობს, იგნორირებს საკუთარი ადმინისტრაციის წევრების პოზიციას და ყველას თვითონ მიუთითებს, რა და როგორ გააკეთოს.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა გასულ კვირას ნათლად მიანიშნა, რომ მას სურს ყველაზე ძლევამოსილი პრეზიდენტი იყოს აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში. შესაძლოა, იგი უკვე არის უძლიერესი ლიდერი. დონალდ ტრამპის განცხადებამ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის თაობაზე დემოკრატების მწვავე რეაქცია გამოიწვია – მათ პრეზიდენტი მორიგი ახლოაღმოსავლური ომის ესკალაციაში დაადანაშაულეს, რომელიც უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.

ირან-ისრაელის კონფლიქტში უშუალოდ ჩარევამ დონალდ ტრამპს შესაძლებლობა მისცა გაეფართოვებინა აღმასრულებელი ხელისუფლების საზღვრები და გაეგრძელებინა ის ტენდენცია, რომელიც მან იანვარში დაიწყო, სახელდობრ, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს ცენტრალიზაცია და მისი პირადად მართვა ოვალური კაბინეტიდან. ამ ძალისხმევის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს პრეზიდენტის მზადყოფნა – არაფრად არ ჩათვალოს თავისი მოადგილის (ვიცე-პრეზიდენტის) და მრჩევლების პოზიცია, რომლებსაც ხშირად საჯაროდ აკრიტიკებს და უარყოფს თავის გამოსვლებში

რაც შეეხება ირანს, დონალდ ტრამპმა ამ საკითხში დინამიკა ისე ააჩქარა, რომ მისი ბრძანებით ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის გამართლება ძალიან დაემსგავსა ერაყის ომში, 2002 წელს, ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის თავის მართლებას.

ხომ გახსოვთ, რომ ჯორჯ ბუშმა ერაყში შეჭრა იმით გაამართლა, რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი აქვსო. დონალდ ტრამპმა კი საწინააღმდეგო ტაქტიკა აირჩია: მან საჯაროდ უარყო მთავრობის ერთ-ერთი პასუხისნგებელი პირის, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ტულსი გაბარდის განცხადება, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს.

როცა პრეზიდენტს ჟურნალისტმა ჰკითხა, „რას იტყვით დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებაზე, რომ ირანს ბირთვული ბომბის შესაქმნელად რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამსო, პრეზიდენტმა უპასუხა:

„- ჩემი სადაზვერვო უწყება სცდება… მოიცა, რომელმა თქვა ასე დაზვერვის უწყებაში?

– თქვენს მიერ დანიშნულმა ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა…

– იგი სცდება… და საერთოდ, მე სულ არ მადარდებს, თუ რა თქვა ტულსი გაბარდმა. მე გეუბნებით, რომ ირანელები ძალიან ახლოს იყვნენ ბირთვული ბომბის შექმნასთან“.

აი, ასე ამბობს პრეზიდენტი დაზვერვის ინფორმაციის საწინააღმდეგოდ. გამოიცანით, ვინ გაიმარჯვა…

იგივე შეიძლება ითქვას ვიცე-პრეზიდენტის მიმართაც: ჯეიმს ვენსმა ტელეარხ NBC-ის გადაცემაში „შეხვედრა პრესასთან“ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ამერიკას არ აქვს განზრახული ირანის მმართველი რეჟიმის შეცვლა. რამდენიმე საათის შემდეგ კი დონალდ ტრამპმა  თავის სოციალურ ქსელში დაწერა: „პოლიტიკურად არაკორექტული იქნება „რეჟიმის შეცვლა“ ვთქვა, მაგრამ თუ ირანის დღევანდელ რეჟიმს არ შეუძლია ქვეყნისათვის ძველი დიდების დაბრუნება, მაშინ ის უნდა შეიცვალოს. MAKE IRAN GREAT AGAIN! MAGA – MIGA!!!”

აზრი ერთიდაიგივეა: ამჟამად მხოლოდ პრეზიდენტის შინაგან რწმენას უნდა დავუჯეროთ. სამწუხაროდ, დონალდ ტრამპი თავის რწმენას ელვისებურად იცვლის ხოლმე: ჯერ ამბობს, რომ „მე მტკიცე სამშვიდობო ზავი დავადებინე ისრაელს და ირანსო“, მაგრამ შემდეგ მტკიცე მეგობარს და მოკავშირეს ბენიამინ ნეთანიუჰუს ზავის დარღვევაში ადანაშაულებს და გაბრაზებული ეუბნება – „დააბრუნე უკან თვითმფრინავებიო“.

ორშაბათს MAGA-ს წარმომადგენელმა, რესპუბლიკელმა მარჯორი ტეილორ-გრინმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის წევრია ჯორჯიას შტატიდან და მხარს უჭერს დონალდ ტრამპს, ამჯერად ანტიტრამპისტულად განაცხადა, რომ ირანში რეჟიმის ცვლილებისადმი აშშ-ის ძალისხმევა ხანგრძლივ  სისხლიან ომს გამოიწვევსო. როც კონგრესვუმენს უთხრეს, რომ იგი პრეზიდენტის ნათქვამის წინააღმდეგ გამოდის, მან ასე უპასუხა: „ტრამპი მეფე არ არის, და არც MAGA არ არის კულტი… და საერთოდ, მე ჩემი აზრი მაქვს ამ საკითხში“.

დემოკრატებისათვის, რასაკვირველია, სასიამოვნო იყო ტრამპისტ მარჯორი ტეილორ-გრინის განცხადება, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ჯორჯიელ დეპუტატს მაინცდამაინც დიდი გავლენა არ აქვს არც კონგრესის წევრ რესპუბლიკელებში და არც სახელმწიფო დეპარტამენტში, რომ მისმა მოქმედებამ ტრამპისტებში რაიმე ღრმა განხეთქილება გამოიწვიოს

პრეზიდენტის მცდელობის კვალობაზე, რომ მან მთლიანად დაიქვემდებაროს კონგრესის წევრი რესპუბლიკელები, მას ასევე განზრახული აქვს (და აკეთებს კიდეც), რომ ფედერალური სააგენტოების ფუნქციებიც კი ოვალური კაბინეტიდან განახორციელოს, თავისი მაგიდიდან. ანუ თეთრი სახლი მართვის ცენტრალიზებას ცდილობს, ყველგან და ყველაფერში.

დონალდ ტრამპის მოქმედებაში შესამჩნევია ერთი ნიუანსი – იგი არ ცდილობს კონგრესისათვის „კისერის მოგრეხვას“, რაც ყველა დროის ამერიკელი პრეზიდენტების ნატვრას წარმოადგენდა, კონგრესის ორივე პალატა მას ისედაც ხელში ჰყავს: წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც რესპუბლიკელები არიან უმრავლესობაში. ეს საკმაოდ უნიკალური სიტუაციაა რესპუბლიკელი პრეზიდენტისათვის. მაგრამ სამაგიეროდ, მან ბრძოლა გამოუცხადა ამერიკულ თემიდას – სასამართლოებს და ადგილობრივ ხელისუფლებს. ტრამპის იუსტიციის სამინისტრო რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა იმ მოსამართლეებს, რომლებიც შეცდომით დეპორტირებულ სალვადორელ კილმარ აბრეგო გარსიის უკან, ამერიკაში დაბრუნებას ითხოვდნენ. იგი დღეს ისევ ამერიკაშია, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საბოლოოდ მას მაინც გააძევებენ ქვეყნიდან. საერთოდ, დონალდ ტრამპი, მისი საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი ინციდენტების გამო, მოსამართლეებს ნეგატიურად უყურებს და ცდილობს, ნებისმიერი მომენტით ისარგებლოს მათ საწინააღმდეგოდ.

ცალკე ყურადღების ღირსია კალიფორნიაში მომხდარი გამოსვლების დეტალები. პრეზიდენტის ძალის დემონსტრაცია, რომელიც შტატში ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების შეყვანაში გამოიხატა, იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი ცდილობს მისთვის საძულველ  სახელმწიფო ჩინოვნიკებს – კერძოდ, შტატის გუბერნატორს გევინ ნიუსომს და ლოს-ანჟელესისი მერს კარენ ბასს (სხვათა შორის, ორივენი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები არიან) უფლებამოსილება წაართვას და თვითონ შეასრულოს.

და ბოლოს, ინციდენტი ტელეარხ „სი-ენ-ენთან“ დაკავშირებით, რომლის ჟურნალისტმა ნატაშა ბერტრანმა ეჭვქვეშ დააყენა დონალდ ტრამპის განცხადება ირანის ბირთვული ობიექტების განადგურების შესახებ და გამოაქვეყნა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის საიდუმლო მოხსენების ფრაგმენტები (ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით), რომლის თანახმად, აშშ-ის ბომბდამშენების მიერ განხორციელებული ოპერაცია ფაქტიურად უშედეგო აღმოჩნდა – ირანმა თავისი ბირთვული პოტენციალი შეინარჩუნა. „ნატაშა ბერტრანი მატყუარაა და ის CNN-დან უნდა გათავისუფლდეს. მას საყვედური უნდა გამოეცხადოს და ძაღლივით უნდა იქნას გაგდებული ტელეარხიდან. მან ჩვენი პატრიოტი პილოტების დამსახურება ცუდად წარმოაჩინა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ში.

მოკლედ, დონალდ ტრამპისათვის საკითხი იმით კი არ გამოიხატება, მზადაა თუ არა ადმინისტრაცია „წითელ ხაზს“ გადააბიჯოს (მან ეს უკვე გააკეთა), არამედ იმაში, თუ რამდენად შორს წასვლა შეუძლია. როგორ შეძლებენ დემოკრატები დონალდ ტრამპისათვის წინააღმდეგობის გაწევას და საერთოდ, ექნებათ თუ არა მათ ამის შესაძლებლობა უახლოეს წლებში? ეს კითხვა ჯერ-ჯერობით პასუხგაუცემელი რჩება.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ