ქართველმა ადამიანმა რა ქარტეხილები გადაიარა. ამდენი წვალების შემდეგ დგას ფეხზე მყარად, იცავს თავის სარწმუნოებასაც, იდენტობასაც, ღირებულებებსაც, ენასაც, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
პრეზიდენტმა ისაუბრა ქართველი ერის ღირებულებების შესახებ.
„ძალიან მტკიცედ გვაქვს ქართველებს – რას ნიშნავს ჩვენთვის ოჯახი, ენა, მამული, სარწმუნოება – ეს ჩვენი დიდი საუნჯე, რომელიც დიდმა ილიამ დაგვიტოვა და რაზეც უნდა ვიყოთ დაფუძნებული, ამის გარეშე არ არსებობს ჩვენი ერი და არ შეიძლება, არსებობდეს. ეს საუნჯე არის გასაფრთხილებელი იმ გამოწვევებში, რომლებიც ამ გლობალურმა იდეოლოგიამ შემოიტანა. როცა ვამბობთ, ვინ ვართ, ჩვენი იდენტობა რას წარმოადგენს, საიდან მოდის, რა არის ჩვენი ხასიათი, ამაზე გვქონდეს აქცენტი, ეს დავიცვათ და ეს წარმოვაჩინოთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მას გზავნილი აქვს აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვისაც.
ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეს ომის იარები მოვიშუშოთ და ამ ერთიან სახელმწიფოში დავიწყოთ თანაცხოვრებაც და განვითარებაც, როგორც საუკუნეების განმავლობაში ვახერხებდით ამას. ეს შესაძლებელია, ჩვენ ამის გვწამს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოების გაერთიანებაა.
„შეიძლება, რომელიმე ქვეყანას აბსოლუტურად სხვა ინტერესი ჰქონდეს შენთან მიმართებაში, მაგრამ სუსტი მხარე დაინახოს, და ფიქრობდეს – „პოლარიზაცია გამოვიწვიო და არ მივცე საშუალება ქართველ ერს, რომ ისინი გაერთიანდნენ“. სწორედ აქ დავინახე როლი პრეზიდენტის ინსტიტუციის, რომ ხელოვნურად შემოტანილ, პოლარიზაციის თემებს დავუპირისპირდე, რომელიც საზოგადოების გაერთიანებას ხელს უშლის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.