Home Blog Page 4

„…მინდა, თითოეული ის გმირი, ის ადამიანი, ვინც საქართველოს ერთიანობას და თავისუფლებას თავი შესწირა, უკვდავყოთ!.. ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და თავისუფალი!” – კობა კობალაძე

დღეს, ტამიშის ბრძოლიდან 32-ე წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ, მისმა მოადგილემ, ანზორ მარგიანმა, ვეტერანებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.გმირთა მოედანზე, ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად, ასევე, იმყოფებოდნენ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია, ა(ა)იპ ”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე, აფხაზეთის მეომართა კავშირისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრები.

„… მინდა, თითოეული, ის გმირი, ის ადამიანი, ვინც საქართველოს ერთიანობას და თავისუფლებას თავი შესწირა, უკვდავყოთ!.. ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და თავისუფალი,”-განაცხადა კობა კობალაძემ.

1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, მოწინააღმდეგე მხარემ, რუსეთის სამხედრო ხომალდით, საზღვაო დესანტი გადმოსხა 600 კაცის შემადგენლობით. გამთენიისას, პირველი დარტყმა, ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, აფხაზური ფორმირებები და ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატებიც გააქტიურდნენ. მოწინააღმდეგემ, ქართული შენაერთების ნაწილს, ჩრდილოეთიდან _ ტყვარჩელის მიმართულებიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ბრძოლას, პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ბრძოლაში ჩაერთო იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული ყველა ქართული, საბრძოლო შენაერთი; ქართულმა მხარემ, რამდენიმედღიანი, თავგანწირული ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. ქართულ შენაერთებზე დიდი ზარალი მიადგათ რუსულ-აფხაზურ-ჩრდილო-კავკასიურ დაჯგუფებებს. ქართული საჯარისო ფორმირებების ერთიანი ძალისხმევის შედეგად, 10-11 ივლისს, ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში, რუსული დესანტის გადმოსხმა, სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ, ეს გეგმა, რამდენიმე თვით გადაწია.

ტამიშის ბრძოლა_ აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.

თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში? – ზურაბ ჯაფარიძე

[გივი მიქანაძე] ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და ვერ თქვა, თუნდაც იგივე შეხვედრებზე, რომ დაბოდიალობდა ეულად დერეფნებში დარტანიანივით ბორდოსფერ პიჯაკში გამოწყობილი? – თუ ხედავდა, რომ ქვეყანას ვღალატობდი, რა გულმა გაუძლო, რომ იქვე არ მეცა ყელში? – ამის შესახებ “კოალიცია ცვილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერილში წერს, რომელიც 26 ივნისით თარიღდება.

აღნიშნულით ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარლამენტის წევრ გივი მიქანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

„ეს მიქანაძე წულუკიანს რომ უყვება, როგორი საშინელებები ჩავიდინეთ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, წულუკიანი რა, იქ არ იყო? თან დელეგაციის ხელმძღვანელი, ანუ მიქანაძის უფროსი არ იყო? წულუკიანი არ იყო, რომ „დააბრიფინგა“, გვეწყინა და ვტოვებთ PACE-სო? ჰოდა, რას უყვება ახალს? რა ვერ გაიგო იქ წულუკიანმა? ან ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და ვერ თქვა, თუნდაც იგივე შეხვედრებზე, რომ დაბოდიალებდა ეულად დერეფნებში დარტანიანივით ბორდოსფერ პიჯაკში გამოწყობილი? თუ ხედავდა რომ ქვეყანას ვღალატობდი, რა გულმა გაუძლო, რომ იქვე არ მეცა ყელში? „დიფ სთეითის“ ერთ-ორ წარმომადგენელს რატომ არ გადაუღო ფოტო?

ეს ახალი ამომავალი ვარსკვლავი, შარმანაშვილი, ვოლსკი რომ ჩაანაცვლა ასაკოვანი სპიკერების კვოტაში, 2013 წელს, თუ სწორად მახსოვს, ჯერ კიდევ საქართველოს ელჩი იყო სომხეთში, სააკაშვილის დანიშნული, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიყავი ჩასული ერევანში, ეუთოს ეგიდით, რესტორანში დამპატიჟა და ორი აგური არა, მაგრამ ორი ქაბაბი ეჭირა და თავში ირტყამდა, ეს რა დაგვემართა, რანაირად წავაგეთ არჩევნებიო. ახლა „დიფ სთეითისგან“ იცავს სამშობლოს.

P.S და აი, სანამ ამას ვწერდი – რიმა ბერიძე: ჯინ შაჰინმა თავის ქვეყანას მიხედოსო.

ოზურგეთი რაიონის რაიკომის პირველი მდივანი, რომელიც დარჩა ამ თანამდებობაზე, ანუ გააგრძელა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მსახურება (ვოლსკის მსგავსად) 1989 წლის 9 აპრილის შემდეგაც, ამერიკელ სენატორზე იძახის – ამერიკას მიხედოსო. ოჰ, დონალდ, შენ რა გითხარი“,- წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გამოიკითხნენ. მათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ევროპულ სტრუქტურებში ვიზიტებთან დაკავშირებით მიაწოდეს კომისიას ინფორმაცია, სადაც მათი თქმით, ოპოზიციონერები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და ზოგადად, ქვეყნის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებს ლობირებდნენ.

ფინანსური დანაშაულებისთვის გასამართლებული პირებისთვის ქონების გადაცემა ცალკე დანაშაული იქნება – ამ შემთხვევაშიც ქონება ჩამორთმევას დაექვემდებარება და დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად მიექცევა

თუ თაღლითის, მიმთვისებლის, გამფლანგველის ოჯახის წევრები ან მეგობრები გადაწყვეტენ, რომ საკუთარ სახლებში აცხოვრონ, ეს ცალკე დანაშაული იქნება – პირები, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გამოსულ პირს სარგებლობაში უძრავ ქონებას ან საავტომობილო საშუალებას გადასცემენ, ეს ცალკე დანაშაული იქნება, გადაცემული ქონება ჩამორთმევას დაექვემდებარება და დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად მიექცევა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომელმაც ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით ჯერ კომიტეტში წარადგინა, შემდეგ კი სესიაზე გაიტანა.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი გადამუშავდა. გორდულაძის ინფორმაციით, ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულის ჩადენის შედეგად დაზარალებულებისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცალკე დანაშაულად მსჯავრდებულთან უკანონო გარიგება განისაზღვრა.

“მოგახსენებთ, რა იგულისხმება ამაში: – მსჯავრდებულებს, რომელთაც დაზარალებულებს ზიანი მიაყენეს და დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება შესრულებული არა აქვთ, არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ერთი თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებელი მიიღონ. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია და ადამიანები დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას არ გაექცნენ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ შესაბამისი თანხა მხოლოდ და მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით მიიღონ, მაგრამ მხოლოდ ეროვნული ბანკის მმართველობას დაქვემდებარებულ იურიდიულ პირებში. თანხის ჩარიცხვა მათ საკუთრებაში არსებულ ანგარიშებზე უნდა მოხდეს, რათა ჰქონდეთ შრომის საშუალება და შესაბამისი ანაზღაურების მიღების საშუალება.

კონკრეტული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, პირებს შესაძლებლობა ექნებათ მემკვიდრეობით უძრავი ქონება მიიღონ. მიიღონ ავტომობილები, მაგრამ როგორც კი მათ სახელზე ქონება აღმოჩნდება და თუ ვალდებულება შესრულებული არ ექნებათ, უძრავი ქონების დაყადაღება მოხდება, ხოლო თანხების ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხული თანხებიც დაყადაღება, რაც დაზარალებულის ასანაზღაურებლად მიექცევა.

თუ ასეთი პირები სხვა სარგებელს – ერთი თვის განმავლობაში საარსებო მინიმუმზე ორმაგ ოდენობაზე მეტს თუ მიიღებენ, ეს ცალკე დანაშაულად ჩაითვლება. რის პრევენციას მოახდენს ეს? – სამწუხაროდ, გარკვეული ადამიანები დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ქონებას სხვის სახელზე მიაქცევენ ხოლმე, სასჯელს მოიხდიან და ცხოვრებას გადამალული ქონებით აგრძელებენ ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარა. თუ დამნაშავე დანაშაულის ჩადენის შემდეგ ქონებას უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად სხვა პირებს გადასცემს, ეს ქონებაც ჩამორთმევას დაექვემდებარება და დაზარალებულთა ზიანის ასანაზღაურებლად მიექცევა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება, მაგრამ „არა მისი შემსუბუქების, არამედ ეფექტურობის მიზნით, რათა დაზარალებულის სწრაფი მექანიზმით დაკმაყოფილება მოხდეს“.

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის მიმართვა საქართველოს მოსახლეობას

კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია  და  მისი თავმჯდომარე,  – ზაალ კასრელიშვილი, საქართველოს მოსახლეობას მიმართავენ, რასაც, „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მაქვს პატივი, მოგმართოთ და გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა ქვეყანაში და პირად ცხობრებაში.

საარჩევნო მართონი იწყება და უკვე მერამდენედ, 1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ერთი და იგივე ტექსტები, ერთი და იგივე თემები გვესმის დაპირისპირებული მხარეებიდან, უყურებთ ერთი და იგივე სახეებსა და პარტიებს, რომელთა დაპირებებეს აღსრულება არ უწერია, რადგან მათი უმარავლესობის მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა ანუ კომფორტში და პრივილეგირებულ მდგომარეობაში დარჩენაა. დიახ დარჩენა, არ მოგესმათ ისინი იყვნენ, არიან და უნდათ რომ დარჩნენ. შეიძლება რამდენიმე სახელი და გვარი შეიცვალოს მათივე ახლობლებით და შინაურებით.

ცივილიზებულ გარეგნობას ამოფარებული თანამედროვე ფეოდალები (კლანები) ნებისმიერი ფორმით ცდილობენ დაიცვან თავისი ქონება და ინტერსები.

საქართველოს მოსახლეობა 32 წელია იმ მანკიერ წრეშია სადაც არ არის ჯანმრთელი კონკურენცია და სერიოზული არჩევანის საშუალება, ადამიანები ვერ ახერხებენ შესაძლებლობების რეალიზაციას რადგან თავის გადარჩენისთვის იბრძვიან. ამიტომ მათ უჭირს ეკონომიკურედ და ორმოში არიან ფსოქოლოგიურად.

ახალი ცხოვრება წარსულის ანალიზით და სინანულით იწყება. ესეა მედიცინაშიც, ჯერ სწორი დიაგნოზი უნდა დასვა, მერე დაავადების გამომწვევი მიზეზები გაანალიზო და მერე მთელი ორგანიზმის გამოსაჯანმთელებელი კომპლექსური მკურნალობა დაიწყო და არა მარტო რომელიმე ორგანოს ლოკალური მკურნალობა.

საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, მოსახლეობა გაჭირვებული და უსამართლობით შეწუხებული და დაჩაგრული რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არის დასუსტებული. ეს არის დიაგნოზი ანუ შედეგი, რომელიც დადგა სხვადასხვა მიზეზების გამო, რომელთა შეგნებულმა დაფარვამ ამ სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანა.

1991 წლის 31 მარტს საყოვლთაო არვევნებით და რეფერენდუმით, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დაცვით საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა იმ გეოგრაფიულ საზღვრენში რომელშიც ის იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ეს იყო პირველი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა ეკონომიკური რეფორმები სრულფასოვანი სახელმწიფოს ანუ თვითკმარი ქვეყნის მშენებლობის გზაზე სადაც მოსახლეობის მოთხოვნილებების მინიმუმ 70%-ს აკმაყოფილებს სახელმწიფო. ამ პროცესს შემდეგ ავტომატურად მოსდევს სურვილი და მოთხოვნა ინტეგრაციაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში.

სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცოდა რომ , საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბალტიის პირეთის რესპუბლოკების გარდა პოსტსაბჭოური ქვეყნები რუსეთის გავლენის სფეროდ მოიაზრებოდა საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ამიტომ                    რუსეთმა არ დაუშვა დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების და წარმატების  პერსპექტივა და თავისი ქართველი აგენტების ხელით, (როგორც 1921 წელს) დაიწყო საპროტესტო აქციები, რომელსაც დემოკრატიის უკმარისობის ფონი შეუქმნა შემოქმედებითმა ინტელიგენციამ და საქართველოში და საერთაშორისო საზოგადოებაში შეიქმნა აზრი შეიარაღებული დაპირისპირების გარდაუალ აუცილებლობაზე. ამას მოჰყვა სამხედრო გადატრიალება რუსეთის რეგულარული არმიის დახმარებით (ისნის მოტომსროლელი დივიზიიდან და დიდუბის სამრედრო ნაწილებიდან) და საქართველოში უკვე მეორედ რუსეთის, ქართველმა შეიარაღებულმა აგენტებმა რუსეთის არმიის ნაწილენთან ერთად დაამხო კანონიერი ხელისუფლება.          

პირველად მან ეს გააკეთა 1921 წელს.

მოკლედ: სამხედრო გადატრიალება იყო პირველი დანაშაული საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის წინაშე ასევე საბედისწრო შეცდომა საქართველოს ისტორიისა და ჩვენი მომავლი წინაშე. მეორე დანაშაული და შეცდომა ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს როცა გადატრიალების შემდეგ დაიწყეს განსცვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების დახვრეტები ქალაქის ქუჩებში, რაიონებში, სოფლების გადაწვა და სამაგალითო სადამსჯელო ოპერაციები რეგიონებში.

ციხეებში გამოკეტეს ეროვნული ცნობიერების მქონე ლიდერები და მოკლეს კანონიერი პრეზიდენტი. ეროვნული ცნობიერების პატრიოტი ადამიანებისათვის ჩაიკეტა საარსებო სივრცე და პერპექტივა პოლიტიკაში, მედიაში და ბიზნესშიც კი. მესამე დანაშაული ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა ჩვენი ხალხის წინაშე იყო მათი ანაბრებიდან, წლების მანძილზე შრომითა და წვალებით დაგროვილი თანხების წართმევა და მიტაცება, რითიც მოსახლეობა შეგნებულად გააღატაკეს. მეოთხე დანაშაული იყო როვა გაძარცვულ ქვეყანაში და გაღატაკებულ ხალხში ჩაატარეს ე.წ. პრივატიზაცია რის შემდეგ ყველა ის სიკეთე რაც დამსახურებულად ეკუთვნოდა ხალხს დაუმსახურებლად ჩაიგდეს ხელში რევანშისტმა კომუნისტებმა, კომკავშირელებმა, კგბ-ემ, წითელმა დირექტორებმა და კრიმინალებმა.

ამ პროცესის შედეგ  შეიქმნა დაპირისპირებული კარტელები და ყოფილმა ,,თანამოაზრეებმა” დაიწყეს ერთმანეთის მორალური და ფიზიკური განადგურება. ამ ტიპის შიდა დაპირისპირების და არეულობის ფონზე მეხუთე დანაშაული ქვეყნისა და ერის წინაშე იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე აგორებულ პროვოკაციულ ომში ჩათრევა თუ შეგნებული ჩაყოლა, მაშინ როცა ფრონტის ზურგი, სამეგრელო რამდენიმეჯერ იყო დარბეული, გაძარცვული და მტრულად განწყობილი. მეექვსე შეცდომა იყო ქართული წინააღმეგობის მოძრაობის ჩახშობა რუსეთის საზთვაო ფლოტის (ბალტინის ფლოტის). მეშვეობით, რომელიც ოფიციალურად შემოიყვანა მაშინდელმა ე.წ. მთავრობამ თავის გადასარჩენად, რადგან მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მათ მხარს არ უჭერდა. 

აფხაზეთის დაკარგვის შედეგ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, მეომრები, რევანშისტები, სპეც-სამსახურები, კომკავშირელები და კრიმინალები კონკრეტული ინტერესების გარშემო დაჯგუფდნენ, კარტელები გამსხვილდნენ და კლანურ-კორპორაციული მართველობა დაიწყეს. ,,ზედმეტი” ხალხი თავისი წრეებიდანაც მოიშორეს, და მფარველობის სანაცვლოდ წილი დატოვეს მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რითაც მოკლეს ჯანმრთელი კონკურეცია ანუ ქვეყნის ნორმალური განვითარების პერსპექრივა. შემდეგ თავისი წესებით ჩატარებული არჩევნებით ხელისუფლება ოფიციალურად ჩაიგდეს ხელში მთაბრობაც თვითონ გახდნენ და დანარჩენი საქართველო სიღატაკისათვის გაწირეს. ამას მოჰყვა შემდეგი მეშვიდე დანაშაული ცხინვალის და კოდორის დაკარგვა. (ამ თემაზე ვისაუბრებთ 2004-2012 წლების პერიოდის განხილვის დროს).

არც მანამდე და არც მერე კლანურ- კორპორაციული მართველობა არავის შეუცვლია უფრო თანამედროვე მეთოდებით, ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ.   არსებული სისტემა ფორმით თავის ინტერესებს მოარგეს, შიანაარსით კი იგივე დატოვეს.      

ხალხო, შეგახსენებთ რომ, ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულებები ხდებოდა მაშინ, როცა ჩენი ქვეყანა დამოუკიდებლობის გზაზე პირველ ნაბიჯებს დგავდა და ახლად ფეხადგმული ბავშვივით განსაკუთრებული ყურადღება და პატრონობა ჭირდებოდა .

საარჩევნო მარათონი ნელ-ნელა კდევ უფრო უფრო მეტი შოუებით იქნება წარმოდგენილი მედია სივრცეში. არჩევნები ჩვენი კონკრეტული შანსია უკეთესი პერსპექტივისაკენ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება ამიტომ სანამ ვინმეს ხმას მივცემთ რაიმე დაპირებების გამო, ჯერ ვიკითხოთ ვის რა უკეთებია ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ წარულში ან თავის სპეციალობაში რა დონის პროფესიონალია. არ დაგვავიწყდეს რომ, იმდენჯერ მოგვატყუებენ რამდენჯერაც თავს მოვიტყუებთ და თუ მოგბეზრდათ დამამცირებელი სიღარიბე, ყოველი თეთრის ეკონომია ,,შავი” დღისათვის გადადებული და ამავე დროს ერთი და იგივე ხალხის, მათი შვილების და პარტიების სიხარბე და უმადურება კარგად დავფიქრდეთ ჩვენი თუ უცხო ქვეყნების სასარგებლოდ ვაკეთებთ არჩევანს.    

უიმედო მოლოდინს რომელიც არ მთავრდება სხვანაირად უბედურება ჰქვია და ამ განსაცდელს ერთად უნდა დავაღწიოთ თავი ღირსეულად. გარე პატრონების ნებას არ უნდა ავყვეთ მათი ინტერესების გასატარებლად, ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ ერთმანეთს დავეხმაროთ და ერთად გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან რათა წარსულის შეცდომები აღარ გავიმეოროთ და კიდევ უფრო მეტი პრობლემები არ შეუქმნათ მომავალ თაობებს. 

მეტი კონკრეტიკისათვის დავამატებ, რომ სამართლიანობის აღსადგენად 1992-2025 წლების პერიოდი უნდა გაიყოს სამ პერიოდად, ეს მიმართვა პირველი პერიოდია და მოიცავს 1992-2003 წლების პერიოდს. ამის შემდეგ უნდა გამოვიძიოთ 2004-2012 წლების მმართველობა და შემდეგ 2012 დან ვიდრე დღემდე პერიოდის მოვლენები.

გამოუალი მდგომარეობა არ არსებოს და ჩვენ წინასაარჩევნო კომპანიის დროს პერიოდულად გაგიზიარებთ ჩვენს ხედვას ჩვენი ქვეყნის განვითარების და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისაკენ მიმავალ გზაზე როგორც საქართველოში ისე მთელ რეგიონში”, – ნათქვამია მიმართვაში.

ცესკო პარტიებს მიმართავს, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებული პროცედურები დროულად განახორციელონ

ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია შესაბამის განცხადებას ავრცელებს.

„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს – ოქტომბრის პირველ შაბათს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობით, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად საჭირო პროცედურები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელმა პირმა (პირებმა), განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს:

  • საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ან არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;
  • ხოლო თუ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ვერცერთ პირობას მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით. პარტიას განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

ამასთან შეგახსენებთ რომ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38[1] მუხლის შესაბამისად, რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით, უფლებამოსილი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა ცესკოში უნდა წარმოადგინოს განცხადება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივლისისა.

თუ პოლიტიკური გაერთიანება არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას და არ მომართავს ცესკოს განცხადებით რიგითი ნომრის მოთხოვნის შესახებ, მას რიგითი ნომერი მიენიჭება წილისყრით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროებისა ან კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51″, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი რასაც აკეთებს, არაფრით განსხვავდება რუსეთისგან -პეტრე პოროშენკო

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი რასაც აკეთებს, არაფრით განსხვავდება რუსეთისგან, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, „თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პოროშენკოს თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ავტორიტარულ ინსტინქტებს ავლენს და პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას ცდილობს.

პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ზელენსკი ცდილობს პოლიტიკური ლანდშაფტიდან ნებისმიერი კონკურენტის მოშორებას და უკრაინის რკინის ხელით მართვას.

„რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ ბიოლოგიურ, ქიმიურ დონეზე ვერ მიტანს და, სიმართლე გითხრათ, ზელენსკი არც მე მომწონს, მაგრამ ომის დროს არასდროს გამიკეთებია მის მიმართ მტრული ქმედება. და ის ფიქრობს, რომ უფლება აქვს, პარლამენტის სხდომაზე არ შემიშვას? თქვენ უბრალოდ არღვევთ კონსტიტუციას. და ამას აბსოლუტურად არანაირი განსხვავება არ აქვს რუსეთისგან“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

ფაქტების დონეზეა გაშიფრული, დიდი ბრიტანეთის ელჩს რამდენჯერ აქვს ვენის კონვენცია დარღვეული, როგორ ერევა შიდა საქმეებში, რამდენი უსამართლო განცხადება აქვს გაკეთებული -ლევან მაჭავარიანი

ფაქტების დონეზეა გაშიფრული, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს რამდენჯერ აქვს ვენის კონვენცია დარღვეული, როგორ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში და რამდენი უსამართლო განცხადება აქვს გაკეთებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ევრობიუროკრატებს უსამართლო რეაქციები აქვთ.

„მსგავსი რიტორიკა მას შემდეგ გვესმის, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, რადგან ომში მონაწილეობისთვის ვერ გამოგვიყენეს. სწორედ ამიტომ აქვთ უსამართლო რეაქციები ევრობიუროკრატებს. ახლა იგივე ხდება დიდი ბრიტანეთის მხრიდან. ფაქტების დონეზეა გაშიფრული, რამდენჯერ აქვს ვენის კონვენცია დარღვეული საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს. ვხედავთ, როგორ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში და რამდენი უსამართლო განცხადება აქვს გაკეთებული. ჰაერზე როცა გვესაუბრებიან და ბრალდებები ჰაერიდან მოაქვთ, ჩვენ პირდაპირ ფაქტებით ვასაბუთებთ იმას, რის გამოც მათ ვაკრიტიკებთ. ჩვენ შორის სწორედ ეს არის განსხვავება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მინდა, გიორგი გახარია მკაცრად გავაფრთხილო, მისი მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც იგულისხმებს სხდომის ჩაშლას, ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევად -თეა წულუკიანი

მინდა, გიორგი გახარიას მკაცრად მივმართო და გავაფრთხილო, მისი მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც იგულისხმებს ამა თუ იმ ფორმით სხდომის ჩაშლას, ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევად და გადაიგზავნება იქ, სადაც საჭიროა, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სხდომაზე გიორგი გახარიას ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება კომისიას გაუჭირდა და ეს გააკეთა მისი მხრიდან მრავალდღიანი ვედრების შემდეგ.

„16:00 საათზე, წესით, ბატონი გიორგი გახარია უნდა ჩაგვერთოს, ვინაიდან ასეთი იყო მისი მრავალდღიანი ვედრებადა და ჩვენ ის დავაკმაყოფილეთ. ბატონმა გახარიამ თავისი პარტიის გვერდზე გამოაქვეყნა „ქარდი“ და თქვა, გამორთვებს არ ვართო. ძალიან გაგვიჭირდა მისი ჩართვის შესახებ თხოვნის დაკმაყოფილება. არ მინდა, ზედმეტად ეჭვიანი ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, მას მართლაც აქვს განზრახული ჩაერთოს და შემდეგ ეთერი გათიშოს. მინდა, მას მკაცრად მივმართო და გავაფრთხილო, განსაკუთრებით მის გარემოცვას, რომ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ამ თმენის ვალდებულებას აქვს ლიმიტი. მისი მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც იგულისხმებს ამა თუ იმ ფორმით სხდომის ჩაშლას, ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევად და გადაიგზავნება იქ, სადაც საჭიროა, კომპეტენტური პირები კი მისცემენ კვალიფიციკაციას და შეაფასებენ. იმედი მაქვს, 16:00 საათზე ჩანიშნული სხდომა მშვიდობიანად ჩაივლის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პროექტის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს გაიმართება, სადაც პროექტის წლევანდელი გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

პროექტის ფინალური ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.  დაჯილდოების ცერემონიამდე, მთავარი სცენა საინტერესო თემატიკის ბიზნესსაუბრებს, პანელურ დისკუსიას და ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალურ სესიას დაეთმობა. საღამოს მთავარი თემა იქნება – „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“.

ღონისძიების პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც პროექტისთვის შერჩეული სპეციალური ჟიური,  5 ნომინაციაში, 15 გამარჯვებულ ბიზნესს გამოავლენს.

თიბისის ბიზნესდაჯილდოება უკვე მეცხრე წელია იმართება და ის ქვეყანაში, ბიზნესის კეთების პოპულარიზაციასთან ერთად, მათი წარმატების ისტორიების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად. 

წელს, პროექტის  მთავარი პარტნიორია- Visa. მხარდამჭერები –  აჭარა ჯგუფი და Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

(R)

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივლისს საქართველოში

2 ივლისს ქუთაისში დღისით +25 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.

ოზურგეთში წვიმიანი ამინდია. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმს სოხუმში. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმს, ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმს ჭიათურაში, სადაც დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც წვიმს. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, +23 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმს. დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +16, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზეა. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება თელავში, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც მზეა. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ნალექს და მსუბუქ ქარს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს უამრავი საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდება, რაც მოვლენების განვითარების სხვადასხვა გზას გააჩენს. გირჩევთ საკუთარი სურვილები აკონტროლოთ, რათა წესიერების ზღვარს არ გადახვიდეთ. სასურველია, ეს დღე სახლში გაატაროთ და საღამოს პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ. მოერიდეთ ცხიმიან კერძებს – ახლა თქვენს ორგანიზმს ადვილად მოსანელებელი საკვები სჭირდება.

კურო

ეს დღე ხელსაყრელია ფიზიკური აქტივობებისთვის, ადამიანებთან ურთიერთობისთვის, აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. ამ დღეს მიხვდებით, რომ თქვენი გულწრფელობა და დიდსულოვნება ზოგჯერ ურთიერთობებში ხელს გიშლით. ხანგრძლივი შრომა და მიზანსწრაფულობა, ბოლოს და ბოლოს, წარმატებას მოგიტანთ. წარსულის წარუმატებელი სცენარის გამეორება განწყობას გაგიფუჭებთ. ეცადეთ, საღამო აქტიურად და მხიარულად გაატაროთ.

ტყუპები

ვარსკვლავების მხარდაჭერას ყოველი ფეხის ნაბიჯზე გრძნობთ. გამოიყენეთ ეს შანსი რთული ამოცანების გადასაჭრელად. თუ რთული საკითხის დამოუკიდებლად მოგვარებას ვერ ახერხებთ, დახმარება გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ, მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

კირჩხიბი

შესანიშნავი დროა უძრავი ქონების ან ავტომობილის შესაძენად. გაუფრთხილდით ფულს და ძვირფასეულობას, რადგან შეიძლება ვიღაცამ მათი მოპარვა სცადოს. შესანიშნავი დღეა ოჯახური საქმეების მოსაგვარებლად. აუცილებელი არ არის, რომ ყველა რჩევა გაითვალისწინოთ ან, მით უმეტეს, მიჰყვეთ — მოტყუების რისკი მაღალია. ეცადეთ, ყურადღება პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილოთ და მეორეხარისხოვან დავალებებზე დრო არ დაკარგოთ.

ლომი

ოჯახური ბიუჯეტის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო შესაძლებელია ოჯახური კონფლიქტები გაღრმავდეს. თუ შინაგან სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ბევრ პრობლემას აირიდებთ. მოერიდეთ სარისკო ფინანსურ გარიგებებს და აზარტულ თამაშებს.

ქალწული

ეს დღე მოულოდნელი ამბებით სავსეა, ამიტომ აქტიურად იმოქმედეთ და ყველა სიტუაციაში მოქნილობა გამოიჩინეთ. შეთავაზებაზე პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ, რათა შეთანხმების მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოტოვოთ. კარგი იქნება თუკი ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება, პოზიტიური დამოკიდებულება გექნებათ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ეცადეთ, მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

სასწორი

პროფესიულ სფეროში მზად ხართ რთული ამოცანების გადასაჭრელად. მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა, რომელიც მღელვარებით აგავსებთ და დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ. პირად ცხოვრებას მეტი ყურადღება მიაქციეთ – უახლოეს ხანებში ოჯახის ერთ-ერთ წევრს თქვენი დახმარება დასჭირდება. ქალაქგარეთ გამგზავრება და ნათესავებთან შეხვედრა განტვირთვაში დაგეხმარებათ და სიმშვიდეს დაგიბრუნებთ.

მორიელი

ამ დღის საუკეთესო ტაქტიკა სპონტანური მოქმედებაა — ამ გზით საუკეთესო შედეგების მიღწევას შეძლებთ. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს პარტნიორს ცუდი განწყობა აქვს, მიზეზით დაინტერესდით და დაეხმარეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ 2 ივლისის საღამო სახლის მყუდრო გარემოში გაატაროთ და საყვარელ ადამიანებთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის იღბლიანი დღეა. შესაძლოა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ბოლო დროის ყველაზე დიდი ოცნების ასრულება შეძლოთ. გირჩევთ, ადრე გაღვიძება ჩვევად გაიხადოთ, რადგან დილის საათები თქვენთვის ყველაზე ნაყოფიერი და წარმატებულია. გახსოვდეთ, თქვენი უნარები და სიძლიერე სწორედ ამ დროს იღვიძებს.

თხის რქა

ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში ზედმეტად ნუ გაჯიუტდებით — უმჯობესია, მშვიდი და მოქნილი სტრატეგია შეარჩიოთ. თუ ჯანმრთელობის პრობლემები დიდი ხანია გაწუხებთ, მათ მოგვარებას სამომავლოდ ნუ გადადებთ. გამონახეთ დრო ფიზიკური აქტივობისთვის: ფეხით იარეთ ან სპორტით დაკავდით.

მერწყული

ამ დღეს შესაძლოა მცირე სირთულეების დაძლევა მოგიწიოთ, მაგრამ ყველაფერს გაუმკლავდებით და იპოვით თანამოაზრეებს, რომლებიც სწორ გზას გიჩვენებენ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, თორემ შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. მეგობრები საინტერესო საღამოს შემოგთავაზებენ, რაც სამუშაო დღის მშვენიერი დასასრული იქნება.

თევზები

ამ დღეს იღბალი თევზების მხარესაა! შესანიშნავი დროა, რომ ბედი სცადოთ — საქმემ, რომელიც უიმედო გეგონათ, შეიძლება დიდი შემოსავალი მოგიტანოთ. დროა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და თქვენთვის შესაფერისი, დაბალანსებული დიეტა დაიწყოთ.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია საქართველოს უყურებს როგორც მაგალითს, რომლისგანაც ვსწავლობთ მეზღვაურის პროფესიის სტანდარტებს-არსენიო დომინგესი

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია საქართველოს უყურებს როგორც მაგალითს, რომლისგანაც ვსწავლობთ მეზღვაურის პროფესიის სტანდარტებს, – ამის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, არსენიო დომინგესმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესა და ეკონომიკის მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ბათუმში მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

„საქართველოს კარგად იცნობენ მთელ მსოფლიოში, რადგან 20 000-მდე მეზღვაურია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განფენილი საქართველოდან. ეს არის ქვეყანა, რომელიც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ახალი თაობის შემოსვლას საზღვაო დარგსა და პროფესიაში, ამ სფეროში ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები, მათ შორის, გადამზადებისა და სერტიფიცირების კუთხით, სწორედ ამიტომ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია საქართველოს უყურებს როგორც მაგალითს,  რომლისგანაც ვსწავლობთ მეზღვაურის პროფესიის სტანდარტებს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მეზღვაურების ყოფა და დავაკმაყოფილოთ მათი საჭიროებები“, – აღნიშნა დომინგესმა.

მისასალმებელ სიტყვაში დომინგესმა ხაზი გაუსვა საქართველოს  მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან. მისი შეფასებით, მეზღვაურის დღის ღონისძიებაზე უმაღლესი დონის წარმომადგენლობის, საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დასწრება იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება საზღვაო ისტორიისა და მისი მომავლის ერთგულია.

„საქართველოში ჩვენი დელეგაციის ძალიან  წარმატებული ვიზიტი  შედგა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ქვეყანაში ვიმყოფები და აღვნიშნავ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. საქართველო ინვესტიციებს ახორციელებს ახალ ტექნოლოგიებში და მივესალმები ასეთ ურთიერთობას ჩვენს ორგანიზაციასთან. ქართველი მეზღვაურები ყოველდღე გვიდასტურებენ, რამდენად მაღალი დონის პროფესიონალები არიან, მე პირველად ვარ საქართველოში და დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება ჩემი ბოლო ვიზიტი“ – განაცხადა არსენიო დომინგესმა.

აღსანიშნავია, რომ საზეიმო ღონისძიების ფარგლებში არსენიო დომინგესმა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან,  ალექსი ახვლედიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს გამორჩეული მეზღვაურებისა და საზღვაო სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიალში.