Home Blog Page 4

“თუ გამოძიება ჩატარდება, რა თქმა უნდა, გიორგი გახარია არსად გაქცევას არ აპირებს” – თამარ კეკენაძე 

“გიორგი გახარია არასდროს არ გაქცევია პასუხისმგებლობას არცერთ შემთხვევაში, როდესაც მისგან ითხოვდნენ პასუხებს – იქნებოდა ეს კომისია თუ სხვადასხვა ტიპის გამოძიება,” – ასე გამოეხმაურა პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, თამარ კეკენაძე 20 ივნისის მოვლენებზე საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას.

მისივე თქმით, ამ გამოძიებას პოლიტიკური მოტივი აქვს.

“გიორგი გახარია ამ პასუხებისთვის მზად არის, იყო მზად, გასცა პასუხები და, შესაბამისად, თუ გამოძიება ჩატარდება, რა თქმა უნდა, გიორგი გახარია არსად გაქცევას არ აპირებს. დანარჩენი, ძალიან ნათელია ის პოლიტიკური მოტივი, რაც აქვს “ქართულ ოცნებას,” – აცხადებს კეკენაძე.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული რეკომენდაციის შესრულება დაიწყო. ხელახალმა გამოძიებამ პასუხები უნდა გასცეს კითხვებს 6 წლის წინ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით – რამდენად სწორად დაიგეგმა 20 ივნისს აქციის შეწყვეტის ოპერაცია და შეიძლებოდა თუ არა ზიანის შემცირება, ჰქონდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი და ვინ არიან შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირები.

,,ტრამპი და პუტინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”- ავთანდილ წულაძე

დონალდ ტრამპმა მკვეთრად შეცვალა რიტორიკა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ. ტრამპსა და პუტინს შორის მეექვსე სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასობრივი თავდასხმა დაიწყო, რამაც ამერიკაში აღშფოთება გამოიწვია არა მხოლოდ დემოკრატების, არამედ რესპუბლიკელებს შორის. ტრამპს სურს გამარჯვებულად და მსოფლიოში უძლიერეს ლიდერად გამოიყურებოდეს. პუტინის მხრიდან საჯარო დამცირება აიძულებს ტრამპს, მკვეთრად შეცვალოს რიტორიკა. ორშაბათს ტრამპი აპირებს განცხადებას, რომელიც პუტინისთვის უსიამოვნო სიურპრიზი იქნება.

ექსპერტები კამათობენ იმაზე, მთლიანად მიატოვა თუ არა ტრამპმა პუტინთან შეთანხმების მიღწევის იდეა, თუ მისი მკაცრი განცხადებები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლის საშუალებაა. ტრამპის არაპროგნოზირებადობა არ იძლევა ამ კითხვაზე მკაფიო პასუხის გაცემის საშუალებას.

თუმცა, სიტუაციის განვითარება აიძულებს ტრამპს შეცვალოს საგარეო პოლიტიკისადმი მიდგომები.  ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ევროპელებს პირადად განუცხადა, რომ ჩინეთი არ დაუშვებს რუსეთის დამარცხებას, რადგან ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები გააძლიერებდა ზეწოლას ჩინეთზე. სი ძინპინის ავადმყოფობის შესახებ ჭორების ფონზე, ჩინეთში „ქორების“ პოზიციები გაძლიერდა, რომლებიც მზად არიან დასავლეთთან სიტუაციის ესკალაციისთვის.

რუსეთში შეერთებულ შტატებთან კომპრომისის მომხრეებმაც წააგეს მკაცრი ხაზის მომხრეებთან. შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შესაძლო ერთობლივი ბიზნესპროექტების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებსაც დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ვიტკოფი აწარმოებდა, წარუმატებელი აღმოჩნდა. პუტინმა „ქორების“ მხარე დაიკავა და ზაფხულის შეტევის წარმატებაზე დებს ფსონს. პუტინი არ თანხმდება ტრამპის მიერ მოთხოვნილ ცეცხლის შეწყვეტას ზაფხულის სამხედრო კამპანიის დასრულებამდე.

ტრამპის გეგმები რუსეთის ჩინეთისგან ჩამოცილება შესახებ არარეალური აღმოჩნდა. მისმა სამშვიდობო ინიციატივებმა „ქორების“ პოზიციების გაძლიერება გამოიწვია როგორც ჩინეთში, ასევე რუსეთში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი და ჩინეთი მზად არიან გაზარდონ ფსონები.

ცნობილია, რომ ტრამპისთვის ეკონომიკური ინტერესები გადამწყვეტია. ტრამპმა სატარიფო ომის ახალი ეტაპი დაიწყო. კანადის წინააღმდეგ ტარიფების შემოღებამ უკვე გამოიწვია აშშ-ში საფონდო ბირჟების ინდექსების ვარდნა.

თუმცა, ტრამპს საფონდო ბირჟის რყევები არ აჩერებს. ტრამპი მიიჩნევს, რომ ტარიფები საერთაშორისო პოლიტიკაში ყველაზე ეფექტური იარაღია. ტრამპი, სავარაუდოდ, ამ იარაღს რუსეთის წინააღმდეგაც გამოიყენებს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ომს დაასრულებს, მაგრამ ტრამპისთვის  მნიშვნელოვანია, რომ მან ძლიერი ლიდერის იმიჯი შეინარჩუნოს. პუტინსაც ძლიერი ლიდერის იმიჯი უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ის უკრაინაზე თავდასხმების გაძლიერებას გააგრძელებს.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ტრამპის სურვილი, მიიღოს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. ვაშინგტონში ვიზიტის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს გადასცა დოკუმენტი ისრაელის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის ნობელის პრემიაზე წარდგენის შესახებ. უკრაინაში ომის გაგრძელება აზიანებს ტრამპის, როგორც მშვიდობისმყოფელის იმიჯს. ტრამპის პირადი წყენა პუტინის მიმართ შესაძლოა საერთაშორისო პოლიტიკაში უფრო მნიშვნელოვან ფაქტორად იქცეს, ვიდრე აშშ-ის გლობალური ინტერესები.

ამრიგად, სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია ნოემბერში წვიმიანი სეზონის დაწყებამდე გაიზრდება. ტრამპის ტარიფების ომი გლობალურ ეკონომიკაში ქაოსს გამოიწვევს. მსოფლიოში ეკონომიკური ზრდა შენელდება, ნავთობის ფასები კვლავ დაეცემა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთში და ჩინეთში „ქორები“ ამოწურავენ თავიანთ არგუმენტებს და ეკონომიკური კრიზისი აიძულებს ამ ქვეყნების ელიტებს, შეერთებულ შტატებთან კომპრომისი ეძიონ.

ავტ: ავთანდილ წულაძე – პოლიტოლოგი

“მე კითხვები მაქვს, 9 ტყვია რატომ მომხვდა, როდესაც მშვიდობიანი პროტესტანტი ვიყავი” – ირაკლი ფავლენიშვილი

“მე კითხვები მაქვს, 9 ტყვია რატომ მომხვდა, როდესაც მშვიდობიანი პროტესტანტი ვიყავი და ამის გამო დაზარალებულის სტატუსიც მაქვს”, – ასე გამოეხმაურა პარტია “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი 20-21 წლის მოვლენებზე საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას.

მისივე თქმით, ახლა ამ გამოძიების დაწყება “ქართული ოცნების” პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა.

“იყო უბრალოდ ბრუტალური თავდასხმა, დასახიჩრება, გამიზნული სპეცოპერაცია საათების განმავლობაში. ახლა ამ ყველაფრის გაკეთება, რა თქმა უნდა, არის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. შეიძლება, გახარიაზე აპირებენ ჯოხის გადატეხას მხოლოდ და მხოლოდ. იმდენად კომპლექსური დანაშაული იყო, რომ ძალიან ბევრი დამნაშავე არის,” – აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული რეკომენდაციის შესრულება დაიწყო. ხელახალმა გამოძიებამ პასუხები უნდა გასცეს კითხვებს 6 წლის წინ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. რამდენად სწორად დაიგეგმა 20 ივნისს აქციის შეწყვეტის ოპერაცია და შეიძლებოდა თუ არა ზიანის შემცირება, ჰქონდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი და ვინ არიან შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ხორბლის წარმოებაშია და ეტაპობრივად გავზარდოთ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი -დავით სონღულაშვილი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ხორბლის წარმოებაშია და ეტაპობრივად გავზარდოთ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, ფერმერებს მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესში შეფერხებები არ ჰქონდეთ.

„ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. შექმნილი გვაქვს საორგანიზაციო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს ხორბლის მოსავლის აღების და დაბინავების ლოგისტიკური ჯაჭვის გამართულ მუშაობას. ფერმერებთან, წისქვილკომბინატებთან, შემსყიდველ საწარმოებთან ოპერატიული კომუნიკაცია უზრუნველყოფილია ჩვენი შესაბამისი სამსახურების მიერ.

რაც შეეხება ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხს, მოსავლის აღების პროცესში ჩართულია 300-მდე კომბაინი. დღეისთვის ხორბლის მოსავალი უკვე აღებულია 15 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მეხორბლე ფერმერებს მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესში შეფერხებები არ ჰქონდეთ. სახელმწიფოს მიერ 9,6 მლნ ლარით თანადაფინანსებულია მარცვლოვანი კულტურების შემნახველი 23 საწარმოს შექმნა, რაც დარგისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღების აუცილებელი წინაპირობაა მოსავლის აგროვადებში აღება – ამინდებმაც უნდა შეგვიწყოს ხელი – და შესაბამის პირობებში განთავსება-დაბინავება.

აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში გაზრდილია საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა და ორ და სამ ტონამდე მერყეობს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ხუთ ტონამდეა. წარმოებაც სტაბილურია და, ვფიქრობთ, იმ მხარდაჭერით, რაც სახელმწიფოსგან ფერმერებს აქვთ და გულისხმობს, როგორც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, ისე ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ზრდის ტენდენციაც გვექნება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში, ხორბლისა და ქერის შემნახველ საწარმოში მეხორბლე ფერმერებს შეხვდნენ და ალოობის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრი შირაქის ველზეც იმყოფებოდნენ, სადაც ხორბლის აღების პროცესს გაეცნენ.

შალვა პაპუაშვილსა და დავით სონღულაშვილთან ერთად დედოფლისწყაროში პარლამენტის დეპუტატები, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები იმყოფებოდნენ.

სირცხვილია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ უნდა ვიყოთ ვასალი ან არშემდგარი ქვეყანა, რომელსაც სხვები ჩაუტარებენ არჩევნებს, დაუნიშნავენ მოსამართლეებს -შალვა პაპუაშვილი

სირცხვილია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის 34 წლისთავზე ამბობს, რომ უნდა ვიყოთ ჩვეულებრივი ვასალი, ან არშემდგარი ქვეყანა, ან რაღაცა არარსებული წარმონაქმნი, რომელსაც ჩაუტარებენ არჩევნებს, დაუნიშნავენ მოსამართლეებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  სალომე ზურაბიშვილმა სინამდვილეში თქვა, რა არის სხვების გეგმები საქართველოსთან მიმართებით, რომ იმართებოდეს გარედან, თითქოს ქვეყანაში პირველყოფილი თემური წყობილებაა.

„ქალბატონი სალომე უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, იქ დაბადებული, გაზრდილი და, როგორც ჩანს, ვერ გახდა ქართველი. ქართული პასპორტი აიღო, ძარღვებში აქვს ქართული სისხლი, მაგრამ არ აქვს ქართული გონი, ქართული სული და ქართული ხასიათი. არ აქვს ბმა იმასთან, რაც ნიშნავს, იყო ქართველი, იყო ამ ქვეყნის შვილი და ზრუნავდე მის დამოუკიდებლობაზე. სირცხვილია, რასაც ის ამბობს. ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის 34 წლისთავზე ამბობს, რომ უნდა ვიყოთ ჩვეულებრივი ვასალი, ან არშემდგარი ქვეყანა, ან რაღაცა არარსებული წარმონაქმნი, რომელსაც სხვები ჩაუტარებენ არჩევნებს, სხვები დაუნიშნავენ მოსამართლეებს. ამბობს, მაგრამ ამაში ახალი არაფერია, ამას ნელ-ნელა გვაპარებდნენ, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი დაფინანსებული ორგანიზაციები უნდა იყვნენ გადამწყვეტი, ვინც მოსამართლეებს დაგინიშნავთ, ვინც ცესკო-ს დაგინიშნავთ, ვინც სხვა თანამდებობებზე დაგინიშნავთ. ამიტომ, ქალბატონმა სალომემ რაც ქნა, ამით გაყიდა, სინამდვილეში რა არის სხვების გეგმები საქართველოსთან მიმართებით, რომ ჩვენ ვიმართებოდეთ გარედან, თითქოს აქ არის პირველყოფილი თემური წყობილება და არ შეგვიძლია, ჩვენი ქვეყანა თვითონ ვმართოთ, რაც არის სირცხვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს უნდა ქვეყნის დამოუკიდებლობა წყალში გადაყაროს.

„საკუთარი ერის ამ დონეზე დაკნინება, ერის, რომელმაც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე ადრე შექმნა ევროპული ყაიდის სახელმწიფო, ვგულისხმობ 1918-1921 წლების რესპუბლიკას, როდესაც სხვებთან არჩევნები არ ტარდებოდა, რა დემოკრატიაზე და რა ადამიანის უფლებებზე იყო საუბარი, ჩვენთან კი ეს ყველაფერი იყო მოცემული. ახლა კი ჩვენ უნდა მოგვადგეს სხვა ქვეყანა და გვიტაროს არჩევნები? არ ვიცი, ამ დონეზე ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა მიყვანილი ჰყავს, სამწუხაროდ, ბრიუსელს, მაგრამ ეს განზრახვები თუ აქვს ჩვენ მიმართ, აბა, რაღად გვინდოდა დამოუკიდებლობა? საბჭოთა კავშირს იმიტომ დავეხსენით, რომ ჩვენ თავს ვყოფილიყავით მიყუდნებული. ქალბატონ სალომეს უნდა, ეს ყველაფერი წყალში გადაყაროს, რასაც ჩვენი დამოუკიდებლობა ჰქვია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „სინდისის პატიმრები, ჟურნალისტები, პოლიტიკური ლიდერები უნდა გათავისუფლდნენ, რეპრესიული კანონები გაიწვიონ, საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს“.

მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა გააცნობიერონ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, რომ იბრძვის ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისთვის -მაკა ბოჭორიშვილი

x

ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ საქართველოს დღის წესრიგში მდგარი ამოცანები იყოს კარგად ცნობილი კოლეგებისთვის, რომ საქართველო იბრძვის ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორშვილმა დუბროვნიკის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა კარგად გააცნობიერონ, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა.

„დუბროვნიკის ფორუმი კარგი შესაძლებლობაა, რომ მქონდეს კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან. მქონდა რამდენიმე შეხვედრა, კიდევ მაქვს დაგეგმილი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოზიციები იყოს გაზიარებული, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე გვქონდეს მსჯელობა. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ საქართველოს დღის წესრიგში მდგარი ამოცანები იყოს კარგად ცნობილი კოლეგებისთვის, რომ საქართველო იბრძვის ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა კარგად გააცნობიერონ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. ასევე განხილვების დროს ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, ვისაუბროთ იმ როლზე, რაც საქართველოს აქვს რეგიონში ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ეს არის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რომელიც დღეს განიხილება სწორედ ამ ფორუმის ფარგლებში და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთმა ქვეყანამ, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი. სწორედ ამ მიმართულებით არის ჩვენი ქვეყანა მოწვეული და გვექნება შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები და პრიორიტეტები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გილოცავთ პეტრე-პავლობას, ხვალ კი, ვიზეიმებთ თორმეტი მოციქულის ხსენებას, რომელთა სახელზეც სვეტიცხოველია აგებული და ეს დღე ერისთვის, ქვეყნის უპირველესი ტაძრისთვის განსაკუთრებულია -ილია მეორე

განსრულდა მარხვა და დადგა მოციქულთა თავთა, ქრისტიანობის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად დამაშვრალ წმინდა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე, პეტრე-პავლობა, გილოცავთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მილოცვაშია აღნიშნული.

როგორც პატრიარქი აღნიშნავს, ხვალ ვიზეიმებთ თორმეტივე მოციქულის ხსენებას, რომელთა სახელზეც სვეტიცხოველია აგებული და ეს დღე ერისთვის და ქვეყნის უპირველესი ტაძრისთვის განსაკუთრებულია.

„განსრულდა მარხვა და დადგა მოციქულთა თავთა, ქრისტიანობის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად დამაშვრალ წმინდა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე, პეტრე-პავლობა, გილოცავთ.

ხვალ კი ვიზეიმებთ თორმეტივე მოციქულის ხსენებას. მოგეხსენებათ, სვეტიცხოველი მათ სახელზეა აგებული და ამდენად, ეს დღე ჩვენი ერისთვის და ქვეყნის უპირველესი ტაძრისთვის განსაკუთრებულია. სვეტიცხოვლის გამორჩეულობას კი, არა მარტო საქარველოში, არამედ მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს ის, რომ აქ დაკრძალულია კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

დასავლეთ საქართველოში დაცულ სიწმინდეთაგან კი ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ღვთისმშობლის სამოსელი. 15 ივლისს, სწორედ მისი ხსენების დღეა, – ვლაქერნობა.
როგორი მადლით აღსავსე დღეებია! როგორი საოცარი სიწმინდეები გვაქვს და როგორი პატივისცემა გვმართებს მათი!

ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას, დაიცვას და ღირსეულად უპატრონოს ქრისტიანულ სიწმინდეთ. წყალობა და შეწევნა უფლისა, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, მოციქულთა და ყოველთა წმინდათა ღვთისათა არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, – აღნინულია პატრიარქის მილოცვაში.

როგორი ამინდი იქნება 12 ივლისს საქართველოში

12 ივლისს ქუთაისში დღისით +36 და ღამით +23 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან და უნალექო ამინდს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +36, ღამით კი +23 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი ამინდია სოხუმში. +33 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო ამინდს ვარაუდობენ, დღისით +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი ამინდი იქნება, ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +36 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, +35 იქნება დღისით, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +35 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მზიანი დღეა, ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.

ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +26, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +37 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება თელავში, +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან დღეს ვარაუდობენ გურჯაანში. დღისით +36 გრადუსი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში უნალექო ამინდია. დღისით +35 გრადუსი იქნება, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა. დღისით +36 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა.ის ჯვარზე აღესრულა და მისი სურვილით თავდაყირა დაკიდეს. პავლეს კი თავი მოკვეთეს.

დღეს, პეტრე-პავლობის მარხვა დასრულდა.

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გამორიცხული არ არის ახალი რომანტიკული გატაცება. პლანეტები გირჩევენ ყურადღება მიაქციოთ ახალ ბიზნესწინადადებას და თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის, ლაშქრობისა და ვარჯიშისთვის.

კურო

ჩანაფიქრს აუცილებლად განახორციელებთ, თუ დილიდან კარგად შედგენილი გეგმის მიხედვით იმოქმედებთ. თუ საქმიან შეხვედრას გეგმავთ, უმჯობესია დილით მოასწროთ, რადგან დღის მეორე ნახევარში შეიძლება საოჯახო საქმეების მოგვარება დაგჭირდეთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი.

ტყუპები

აქტიური დასვენებისა და გართობისთვის ხელსაყრელი დღეა. დღის მეორე ნახევარში თქვენი მხრიდან გამოჩენილი უტაქტობა შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტის ან უცნობების აგრესიის მიზეზი გახდეს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეცადეთ არ გადაიღალოთ და უარი თქვით ალკოჰოლურ სასმელებზე.

კირჩხიბი

შემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. სურვილის შემთხვევაში შეიძლება რაღაც არაჩვეულებრივი შექმნათ. სამყაროს უჩვეულო აღქმას ოპტიმისტური განწყობა გააძლიერებს. პლანეტების მხარდაჭერა ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ლომი

ვარსკვლავები შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებას და ახალ ნაცნობობას გპირდებიან. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი ჰობი შემოსავლის ახალ წყაროდ იქცეს. პლანეტა ვენერას მფარველობა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა მოხიბვლაში დაგეხმარებათ.

ქალწული

მოსალოდნელია შემოქმედებითი აღმაფრენა ან ახალი, საინტერესო ნაცნობობა. მშენებლობის, რემონტის ან სახლის კეთილმოწყობის დროს, ფრთხილად იყავით – დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ტრავმა ან შეცდომა, რაც დაწყებული სამუშაოს დასრულებაში ხელს შეგიშლით.

სასწორი

ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელი დღეა – მოსალოდნელია ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ქრონიკული დაავადებების გამწვავება და გარედან უარყოფითი გავლენა. გირჩევთ შეზღუდოთ კონტაქტები, გააუქმოთ შეხვედრები და დროებით, სტუმრების მიღებაზეც უარი თქვათ. ოპტიმიზმი ამ დღის უარყოფითი ტენდენციების შემცირებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

შესაძლებელია, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში პრობლემები შეგექმნათ. გაითვალისწინეთ, რომ კომპრომისის გარეშე სიტუაცია უკიდურესობამდე დაიძაბება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენს წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება. გირჩევთ საფრთხეს ნუ გააზვიადებთ. გახსოვდეთ, რომ სისასტიკე და დაუნდობლობა ამაზრზენი ადამიანური თვისებებია.

მშვილდოსანი

შინაგანი თავისუფლების დღეა. ხელსაყრელია აქტიური დასვენება, ვარჯიში გართობა და მეგობრებთან ერთად მოლხენა. ყურადღება მიაქციეთ მეზობლებთან, ნაცნობებთან და შორეულ ნათესავებთან ურთიერთობას – გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენთვის მახეს დაგება სცადოს.

თხის რქა

საკუთარ შესაძლებლობებს ნებისმიერ სფეროში ბრწყინვალედ გამოავლენთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვრო არაა და ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელსაც თავს ვერ გაართმევთ. თავი შეიკავეთ გლობალური პროექტების განხორციელებისგან. ახლა ამისთვის არახელსაყრელი დღეა.

მერწყული

ამ დღეს მერწყულის შემოქმედებითი პოტენციალი და ინტუიცია იზრდება. თუ გონივრულად და წინდახედულად იმოქმედებთ, შესაძლოა, ოჯახური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ. მოსალოდნელ პრობლემებს უახლოესი მეგობრების დახმარებით გაუმკლავდებით.

თევზები

სტაბილურობის დასაცავად გარკვეული ძალისხმევა მოგიწევთ. უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ახალი ძალების და ახალი იდეები შემოდინება, რომელთა განხორციელება კმაყოფილებას მოგანიჭებთ. 

ევროკავშირო, გაიღვიძე! დროა გაიღვიძო და ღირებულებებით იცხოვრო – სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე

რა ხდება დღეს მსოფლიოში? ვიჩოქებთ ძლევამოსილი ქვეყნების წინაშე, რომლებსაც სურთ იყვნენ მსოფლიოს მმართველები?! – განაცხადა სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე ურსკა კლაკოჩარ ზუპანციემ დუბროვნიკის ფორუმის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ევროკავშირი იყო ოცნება, ოცნება ქვეყნებზე, განსხვავებულ ერებზე, განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფებსა და განსხვავებულ რელიგიებზე.

„სად არის ევროპელი ხალხის ერთიანი ხმა, როდესაც მსოფლიოში სისასტიკეებს ეხება საქმე, იქნება ეს ევროპასთან ახლოს თუ უფრო მოშორებით? რატომ ვდუმვართ? და რატომ ვაკვირდებით? ან მხოლოდ ერთი-ორ სიტყვას ვიტყვით და არაფერს ვაკეთებთ.

რატომ არაფერს ვაკეთებთ გულწრფელად რომ ვთქვათ?! ახლა, თქვენ წინაშე ვდგავარ და გთხოვთ, არ იყოთ ჩუმად, არ იყოთ უმოქმედოდ. სიცოცხლის გადარჩენა ამად ღირს. იქნება ეს ისრაელის, პალესტინის, უკრაინის თუ რუსეთის მხარე. ევროკავშირო, გაიღვიძე! დროა გაიღვიძო და ღირებულებებით იცხოვრო. დაიწყო იმ ღირებულებების განხორციელება, რომელსაც ასე მტკიცედ ემხრობი – დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, კაცობრიობის დაცვა. ასე გვამოძრავებს კაპიტალი, რომ ვერ ვხედავთ რა ხდება ჩვენს თვალწინ? ვიმედოვნებ, რომ ადამიანობა გაიმარჯვებს. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირი ფეხზე წამოდგება და დაიწყებს იმის კეთებას, რაზეც ამდენი წელია ვსაუბრობთ. კაცობრიობა უპირველეს ყოვლისა“, – აღნიშნა მან.

მაგიდაზე ყველა შესაძლო ვარიანტი დევს – მომდევნო კვირაში გაკეთდება განცხადება 15 პირის სანქცირებაზე, რომელთა ნაწილი მოსამართლეა – ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახური

ვფიქრობ, რომ ყველა ვარიანტი, რომლის წარმოდგენაც შეგიძლიათ, პოტენციურად განიხილება. ამისთვის ჩვენ გვჭირდება საგარეო საქმეთა მინისტრების კონსესუსი და შეთანხმება, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის (EEAS) ოფიციალურმა პირმა ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გამართვამდე ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ რა ზომები შეიძლება დაუწესოს ევროკავშირმა საქართველოში მაღალი თანამდებობის პირებს.

მისი თქმით, მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით სამ ძირითად საკითხზე იმსჯელებენ.

„საქართველოს შესახებ სამ მთავარ საკითხს გამოვყოფ: პირველი, ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიერ 2024 წლის ივნისიდან მიღებული ზომების შეფასება, რომელიც დაფუძნებული იყო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დროს.

კაია კალასი წევრ სახელმწიფოებს ასევე მოუწოდებს მეორე მიმართულებისკენ, რაც სანქციების გზით მოქმედებას გულისხმობს, რათა უზრუნველყოს, რომ წევრი სახელმწიფოების კონსესუსი მოიპოვოს და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დარღვევების და მშვიდობიანი მომიტინგეების ჩაგვრის საკითხების მოგვარება.

მესამე საკითხია მინისტრების მოსაზრებების მოსმენა იმის შესახებ, თუ რას ხედავენ ისინი შემდგომ შესაძლებლობებად, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს არის საერთო მიმართულება ქართველი ხალხის, ქართული თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპული გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, ნამდვილად არის ის გზა, რომელსაც ხელისუფლება უნდა გაჰყვეს. მაგრამ, სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, სრულიად საპირისპიროა“, – განაცხადა მან.

„ინტერპრესნიუსის“ შეკითხვაზე, თუ რა ზომების მიღებას გეგმავს ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების გარკვეული წევრების წინააღმდეგ, EEAS-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „მაგიდაზე ყველა შესაძლო ვარიანტი“ დევს.

„ვფიქრობ, რომ ყველა ვარიანტი, რომლის წარმოდგენაც შეგიძლიათ, პოტენციურად განიხილება. და ამავდროულად, ამისთვის ჩვენ გვჭირდება საგარეო საქმეთა მინისტრების კონსესუსი და შეთანხმება“, – განაცხადა მან.

ამასთან, „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა ევროკავშირი მოსამართლეების დასანქცირებას, EEAS-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პოტენციურად სანქცირებულთა სიაში სწორედ მოსამართლეთა ნაწილია.

„მომდევნო კვირაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი განაცხადებს, რომ სიებთან დაკავშირებით სულ მცირე 15 პირზე არსებობს მყარი, იურიდიულად დასაბუთებული წინადადება და შემიძლია დავადასტურო, რომ ამ სიების ნაწილი მოსამართლეები არიან. რა თქმა უნდა, სახელებს ვერ დავასახელებ, რადგან ეს ასევე ეწინააღმდეგება შეთანხმების ძიების მთელ მიზანს. მაგრამ სწორედ ეს იქნება ძალიან რთული, რადგან ამ წინადადებებზე 27-მა ქვეყანამ ერთხმად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, 15 ივლისს, ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხს განიხილავენ.