Home Blog Page 4

 ,,უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაეროს, ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს”- ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაეროს, ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს, საარჩევნო რეჟიმია და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, უშუალოდ ვარ ჩართული პროცესებში, შესაბამისად, ფიზიკურადაც რთულია ჩემთვის გაეროში სტუმრობა

სხვადასხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, წელს გაეროს ესტუმროს მიხეილ ყაველაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა ნიუ იორკში არის აბსოლუტურად სწორი. 

„ჩვენ შევთანხმდებით, გვექნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაეროს, მათ შორის ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს, არის საარჩევნო რეჟიმი და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, უშუალოდ ვარ ჩართული საარჩევნო პროცესებში, შესაბამისად, ფიზიკურადაც რთულია ჩემთვის გაეროში სტუმრობა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, წელს გაეროს ესტუმროს მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა ნიუ იორკში არის აბსოლუტურად სწორი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძე: წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით

წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით, – განაცხადა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში პროპორციული სიის წარდგენისას.

სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ ყურადღება იმ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა, რომელსაც მას თბილისის მერის თანამდებობა აკისრებს.

„თბილისი ხომ მხოლოდ ქალაქი არ არის. იგი საქართველოს ისტორიის, მისი კულტურისა და იდენტობის სახეა – ჩვენი ერის ერთიანობის, გამარჯვებებისა და წინსვლის სიმბოლო. ამდენად, იყო პასუხისმგებელი თბილისის აწმყოსა და მომავალზე, უდიდესი პასუხისმგებლობაა, რასაც ჩემს გუნდთან ერთად, კარგად ვაცნობიერებ. ამასთან, თბილისი არის ქალაქი, რომელსაც ისევე, როგორც ნებისმიერ ქალაქს, სჭირდება განახლება, განვითარება, მეტი რეკრეაციული სივრცე, განვითარებული ინფრასტრუქტურა, კომფორტული საცხოვრებელი გარემო, უძველესი ისტორიის შენარჩუნება, კიდევ უფრო ბევრი სიახლე და თანამედროვე ქალაქად გარდაქმნა. ყველა რეფორმა, რაც ბოლო რვა წლის მანძილზე წამოვიწყეთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ბოლო რვა წლის განმავლობაში, საკუთარი მერობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა.

„შედეგი სახეზეა: გაპარტახებული სკვერები და პარკები იქცა ულამაზეს რეკრეაციულ სივრცეებად, სადაც ყველა თაობის ადამიანს შეუძლია გართობა და დასვენება. განახლდა და მოდერნიზდა თბილისის უძველესი ქუჩები და გამზირები. დავიწყებას მიეცა ამორტიზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გაცოცხლდა ისტორიული უბნები. რეალობად იქცა ასობით თბილისელის ოცნება – მიეღო ქონება, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ მის მშობლებსა და ბებია-ბაბუებს დაკარგულად მიაჩნდათ. დაწყებულია მშენებლობებით დაზარალებულთა პრობლემების მოგვარება. დღეის მდგომარეობით, დავეხმარეთ 12 ათასამდე ოჯახს და მივეცით შესაძლებლობა, მიიღონ საკუთარი ფართები, რომლებიც ათეულობით წლების წინ შეიძინეს. მიმდინარეობს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უძველესი ქალაქის განახლებისთვის. ჩვენს ახალგაზრდებს აქვთ ბევრად უკეთესი შესაძლებლობა, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, დაკავდნენ სპორტით, გაერთონ და ივარჯიშონ თანამედროვე სპორტულ მოედნებზე და სკეიტ პარკებში. საპენსიო ასაკის თბილისელებს შეუძლიათ, ისარგებლონ უფასო სპორტული თუ შემოქმედებითი პროგრამებით. აღარაფერს ვამბობ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ხელმისაწვდომობაზე, კულტურის, სპორტის, განათლების, მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით არსებულ სერვისებზე, მაგრამ ჩვენ, რა თქმა ნუნდა, ამაზე არ ვჩერდებით. გვინდა, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისთვის, უფრო გავალამაზოთ ჩვენი დედაქალაქი, რათა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი იყოს საცხოვრებლად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტების განხორციელებაში დედაქალაქის საკრებულოს როლიც მნიშვნელოვანია.

„თბილისმა დაიბრუნა ის ხიბლი, რაც მას გამოარჩევს – სიცოცხლისუნარიანობა, სილაღე და სიხალისე. ეს კი თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმის, ჩვენი გუნდის მიერ შემუშავებული რეფორმების, პროექტებისა და პროგრამების დამსახურებაა. ამაში, რასაკვირველია, დიდია თბილისის საკრებულოს როლი, რომელიც არის ქალაქის განვითარებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო. საკრებულოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და თბილისელების წინაშე აღებული დიდი პასუხისმგებლობით, შემუშავდა და მიღებულ იქნა ჩვენი ქალაქისთვის უმინიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები. წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ხმას აქცევენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებად“, – განაცხადა თბილისის მერმა.

2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ხვალ, სექტემბრის პირველ სამშაბათს, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის რეგლამენტით, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება.

„ჩვენ სწორედ ამ გრაფიკს მივყვებით – მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები გაიმართება, შემდეგ კი, არჩევნებამდე იქნება პაუზა.

მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, შეიძლება გაგრძელდეს საკომიტეტო სხდომები. პარლამენტი არჩევნების შემდეგ პლენარულ სხდომებს განაახლებს. რა თქმა უნდა, თუ საჭიროება იქნება, ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია პლენარული სხდომის გამართვა, თუმცა იმისთვის, რომ კოლეგებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობის შესაძლებლობა ჰქონდეთ, მიმდინარე თვეს პლენარული სხდომები არ გაიმართება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები 2 და 3 სექტემბერს ჩატარდება.

„მიმდინარე სასესიო კვირაში განსახილველი გვექნება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, უნდა ავირჩიოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ასევე უნდა ვცნოთ პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება, რომლებიც ამ პოლიტიკური გაერთიანების უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრების ნაცვლად პარლამენტის წევრები გახდებიან. პლენარულ სხდომებზე, რა თქმა უნდა, გაიმართება კანონპროექტების განხილვა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად გადასცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 9 ივლისის №3 წარდგინება „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან ნემსაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ“. 

მაიკლ ფლინი: ევროპელი ლიდერების ქედმაღლობა გამარჯვებას ვერ მოიტანს

ყველა ის ბრწყინვალე ნეოკონსერვატორი და გეოპოლიტიკური მრჩეველი, რომელიც დონალდ ტრამპს უბიძგებს გააკეთოს ზუსტად ის, რაც არ უნდა გააკეთოს, ამერიკას ისეთ ომში ჩაითრევს, რომელიც არ გვჭირდება და რომელიც შესაძლოა, მთელი მსოფლიოსთვის ძალიან ცუდად დასრულდეს, – წერს გენერალი მაიკლ ფლინი სოციალურ ქსელში X.

ის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც სხვა ლიდერებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც არის გამოსახული და აღნიშნავს, რომ პუტინი სურათზე იზოლირებულად სულაც არ გამოიყურება.

„ყველა ის ბრწყინვალე ნეოკონსერვატორი და გეოპოლიტიკური მრჩეველი, რომელიც დონალდ ტრამპს უბიძგებს გააკეთოს ზუსტად ის, რაც არ უნდა გააკეთოს, ამერიკას ისეთ ომში ჩაითრევს, რომელიც არ გვჭირდება და რომელიც შესაძლოა, მთელი მსოფლიოსთვის ძალიან ცუდად დასრულდეს. თუ ევროკავშირს უნდა ეს არეულობა, მათი იყოს. მეტი სიკვდილი, მეტი ხარჯი და ევროპელი ლიდერების მეტი ქედმაღლობა გამარჯვებას ვერ მოიტანს. ამერიკამ ამ არეულობიდან გამოსავალი ძალიან სწრაფად უნდა იპოვოს“, – მიიჩნევს გენერალი.

რა ეღირება დოლარი და ევრო 2 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6940 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6940 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1579 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1438 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0141 ლარი შეადგინა.

საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა

საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.

როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება 12 იურიდიული პირის – ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გასარკვევად, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებული არიან ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ასევე ცალკეული ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნული გარემოებები და სისხლის სამარათლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საფუძვლად დაედო 12 იურიდიული პირის – ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჩვენ მძლავრი, კეთილგანწყობილი მოკავშირე გვჭირდება – რესურსი არსებობს, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ასეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს – გია ვოლსკი 

აშშ – ის ახალი ადმინისტრაციის ხედვებს ის ხედვები ზედმიწევნით ემთხვევა, რაც საქართველოს ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდეც ჰქონდა. ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ინტენსიურ თანამშრომლობას ითხოვს, წერილში პრეზიდენტიც ყურადღებას სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მიხეილ ყაველაშვილის დონალდ ტრამპისადმი მიწერილ წერილზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკი იმედოვნებს, რომ წერილი კიდევ ერთი სერიოზული საფუძველი გახდება იმისათვის, რომ ორმა ქვეყანამ ამ თემებზე იმსჯელოს.

„საკმაოდ სერიოზული გლობალური გამოწვევებია, ბევრი საფრთხეა რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოს მიმართ „დიფ სთეითის“ რესურსები საკმაოდ აგრესიულია. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხედვებს ის ხედვები ზედმიწევნით ემთხვევა, რაც საქართველოს ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდეც ჰქონდა. ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ინტენსიურ თანამშრომლობას ითხოვს, წერილში პრეზიდენტიც ყურადღებას სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებს. იმედია, ეს კიდევ ერთი სერიოზული საფუძველი გახდება იმისათვის, რომ ამ თემებზე ვიმსჯელოთ. ამერიკის რესურსი შეუდარებლად დიდია საქართველოს რესურსთან შედარებით. ჩვენ მძლავრი, კეთილგანწყობილი მოკავშირე გვჭირდება – რესურსი არსებობს, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ასეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, რატომ ვერ დაიმსახურა აქამდე ამერიკის ყურადღება საქართველომ, ვოლსკიმ უპასუხა, რომ „მთელი რიგი ფაქტორები არსებობს, რაც შესაძლოა, ორმხრივ ურთიერთობაში პროგრესის განვითარებას აფერხებს“.

„ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები, ასევე ამერიკასა და ჩინეთს შორის. ბევრი თემა და კითხვაა ამერიკასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. შესაძლოა, ეს არის გარემოებები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მთელი რიგი გარემოებების მიუხედავად, საფრთხეები, რომელიც საქართველოშია და სამხრეთ კავკასიას ახასიათებს, ვაშინგტონისგან გაცილებით უფრო მეტ და ინტენსიურ ყურადღებას ითხოვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ჟურნალისტის შეკითხვას, ვინ დაწერა წერილი, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა დონალდ ტრამპს გაუგზავნა, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ოპოზიციური ლიდერებისგან განსხვავებით ყაველაშვილს არ აკლია არც ინტელექტი და არც ცოდნა.

„სერიოზული კითხვებიდან არასერიოზულზე გადადიხართ. თქვენი ლიდერებისგან განსხვავებით, ჩვენს პრეზიდენტს არ აკლია არც ინტელექტი, არც ცოდნა. დამოუკიდებლად ყაველაშვილს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ურთიერთობებში დამოკიდებულებას ახასიათებს. ყაველაშვილისგან ჩამოყალიბებული პოზიცია არ მოგისმენიათ გინდათ პარლამენტში და გინდა ინტერვიუების დროს?” – განაცხადა ვოლსკიმ.

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე შეცვლის.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განმარტა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომის თაობაზე განცხადებას პარლამენტი ცნობად იღებს, დასკვნის პროექტს კი საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამზადებს.

„საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის და 212-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაადგინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანრი ოხანაშვილის მიერ თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 26 აგვისტოს წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, კომიტეტს მიაჩნია, რომ ანრი ოხანაშვილს ვადამდე შეუწყდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილება“, – ნათქვამია დასკვნის პროექტში.

კომიტეტის დასკვნის პროექტი პარლამენტის ბიუროს და პლენარულ სხდომას წარედგინება.

„ბატონი ანრი, როგორც ვიცით პრემიერის განცხადებიდან, გადაინაცვლებს მისი მრჩევლის პოზიციაზე, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ის გამოცდილება, ის მაღალი პროფესიონალიზმი, რომელიც ბატონ ანრი ოხანაშვილს აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც აუცილებლად ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით ანალიტიკური თვალსაზრისით. ამიტომ, მას ახალ პოზიციაზე წარმატება მინდა ვუსურვოთ.

ასევე, როგორც ვიცით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე გათვალისწინებულია ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურა. იქნება შესაბამისი პროცედურები მისი მოსმენის თავდაცვის კომიტეტის ფარგლებში, ზოგადად, ამ საკითხის განხილვის კომიტეტის ფარგლებში და შემდგომ უკვე ეს საკითხი გადაინაცვლებს კენჭისყრაზე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან მას სრული მხარდაჭერა ექნება. ამიტომ მას, როგორც მაღალი დონის პროფესიონალს, საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონეს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის, გამორჩეულ პატრიოტს და ლიდერული თვისებებით დაჯილდოებულ ადამიანს, მინდა მხოლოდ და მხოლოდ წარმატება ვუსურვო იმ პოზიციაზე, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ის დაიკავებს“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

“რატომ მიიწვია ჩინეთმა შერჩევით სამხედრო აღლუმზე დამსწრე ქვეყნები – აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერები ჩინეთში არიან, საქართველოს ლიდერი კი – არა”

რუსული ანალიტიკური გამოცემა „აქცენტები“ (Акценты) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით: “რატომ მიიწვია ჩინეთმა შერჩევით სამხედრო აღლუმზე დამსწრე ქვეყნები // აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერები ჩინეთში არიან, საქართველოს ლიდერი კი – არა” (ავტორი – პოლინა იზმაილოვა). პუბლიკაციაში გადმოცემულია სავარაუდო მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არის მიწვეული საქართველო ჩინეთში დაგეგმილ ღონისძიებებზე, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები კი იქ არიან.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ჩინეთი შერჩევითი მიდგომას მეორე მსოფლიო ომში იაპონელი ოკუპანტებზე გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშავად მასშტაბური სამხედრო აღლუმის მომზადების პროცესში, გამოვლინდა ჩინეთის ხელისუფლების შერჩევითი მიდგომა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიწვევასთან დაკავშირებით.

იმ დროს, როცა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობამ მიიღო მიწვევა პეკინში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებზე, საქართველო, რომელთანაც ჩინეთმა ორიოდე წლის „სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა, „ბორტსმიღმა აღმოჩნდა“.

აღლუმზე დაესწრებიან ცენტრალური აზიის 5 პოსტსაბჭოთა ქვეყნის და ირანის ლიდერები. ევროპული ქვეყნების ლიდერებიდან მიწვეულნი არიან ბელარუსის (პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის), სერბეთისა და სლოვაკეთის მეთაურები. სულ ღონისძიებას 26 სახელმწიფოს პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები დაესწრებიან.
სამხედრო აღლუმი, რომელიც 3 სექტემბერს არის დაგეგმილი პეკინის ტაიანამენის მოედანზე, მოწოდებულია აჩვენოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძლიერება სი ძინპინის მმართველობის დროს. აღლუმში მონაწილეობას მიიღებს 10 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 100-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი და ასეულობით სამხედრო ტექნიკა. წარმოდგენილი იქნება მათი მხოლოდ ჩინური წარმოების ნიმუშები – უახლესი მოდიფიკაციის დრონები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, ჰიპერბგერითი იარაღი, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ტექნოლოგიები.

სამხრეთ კავკასიაში ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა დამყარებული აქვს მხოლოდ ორ ქვეყანასთან – საქართველოსთან (2023 წელს) და აზერბაიჯანთან (2025 წელს). მაგრამ საინტერესოა, რომ აღლუმზე დასწრების მიწვევა მხოლოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო (ალბათ, რეჯეფ ერდოღანის დახმარებით, რომელიც იმავე სამიტში „დიალოგის პარტნიორის“ სტატუსით მონაწილეობს). რაც შეეხება სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანი მხოლოდ ტაინძინში მიმდინარე შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების სამიტშია მიწვეული და არა აღლუმის დამსწრედ.

ჩინეთი კავკასიას მნიშვნელოვან სატრანზიტო რეგიონად განიხილავს პროექტის „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ (ანუ ახალი აბრეშუმის გზის) ჩარჩოებში. პეკინის ისწრაფვის გააფართოვოს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა რეგიონში და ამ მიზნით სხვადასხვა ბერკეტს იყენებს, მათ შორის დიპლომატიურ ძალისხმევასაც.

საქართველოს იგნორირება აღლუმზე მიწვევის საკითხში შეიძლება იმის სიგნალი იყოს, რომ ჩინეთი მზად არ არის მხარი დაუჭიროს ისეთ ქვეყანას, რომელიც აშკარად არ იჩენს პროჩინურ პოზიციას.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

შეხვედრა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან

ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ცესკოს სწავლების ცენტრის ინიციატივით რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენების პროცესის მიმოხილვა, მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნები, არჩევნებში მედიის როლი და საერთაშორისო სტანდარტები არჩევნების ორგანიზების პროცესში, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო.

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან, კომისიის მდივანთან გიორგი ჯავახიშვილთან და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან ნათია ზაალიშვილთან ერთად გახსნა. მათ ყურადღება გაამახვილეს ჟურნალისტების არსებით როლზე საარჩევნო პროცესებში, ასევე აუცილებლობაზე საზოგადოებამ მუდმივად მიიღოს სწორი და ზუსტი ინფორმაცია არჩევნების შესახებ და გამორჩეულად კი საარჩევნო პერიოდში.

ღონისძიებას ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირიც ესწრებოდა. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში და იმ პროცესების შესახებ ისაუბრეს, რომელიც არჩევნებისთვის მზადების პროცესში და უშუალოდ კენჭისყრის დღისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში ხორციელდება.

“ამომრჩეველთა ინფორმირება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რაშიც, რა თქმა უნდა, მედიას განსაკუთრებული როლი აქვს. შესაბამისად, იმისთვის, საარჩევნო პროცესები აქტიურად გაშუქდეს, მნიშვნელოვანია მედიას მუდმივად მივაწოდოთ ზუსტი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია. ამ მიზნით ჩვენ უკვე რამდენიმე წელია მედია საშუალებებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც ინსტიტუციის ხელმძღვანელი პირებისგან მათ აქვთ შესაძლებლობა, უშუალო სამუშაო გარემოში მოისმინონ დეტალები ყველა იმ საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დღეს, როგორც საზოგადოებაში, ასევე მედიაში განსაკუთრებულ ადგილს იძენს,“ – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ კონფერენციის დასრულებისას.

„იმისათვის, რომ მედიამ, სწორად მოახდინოს საკუთარი უფლებების რეალიზება, იმისათვის, რომ გვყავდეს ინფორმირებული ელექტორატი, მნიშვნელოვანია მუდმივად ზრუნვა საარჩევნო კულტურისა და ცნობიერების ამაღლებაზე. ამ თვალსაზრისით კი ჩვენი მხრიდან ადმინისტრირებას ხელს უწყობს, როცა ყველა ჩართული მხარე, ამომრჩეველი, პოლიტიკური პარტია, მედია თუ დამკვირვებელი არის ინფორმირებული. ამიტომ სწავლების ცენტრი საარჩევნო ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს შეხვედრებსა და საინფორმაციო სასწავლო პროგრამებს, რაც სწორედ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“ – აღნიშნა სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა.

როგორც შეხვედრის დასასრულს გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა ამ ტიპის შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რითაც საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მჭიდრო, საქმიან ურთიერთობებს მედიასთან ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას საარჩევნო პროცესებთან მიმართებაში.

საქართველოს პრეზიდენტს ყველა წინადადებაში ვეთანხმები – ჩვენ მზად ვართ აშშ-თან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ -კახა კალაძე

ჩვენი ხელისუფლების ყველა განცხადება თუ წერილი მიუთითებს, რომ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება გვინდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

კალაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც ძველი ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, სრული კატასტროფა იყო.

„პრეზიდენტს აბსოლუტურად ყველა წინანადებაში ვეთანხმები. ჩვენთვის აშშ-თან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება და კიდევ უფრო გაღრმავება პრინციპულად მნიშვნელოვანია. პარალელურად, ჩვენ დონალდ ტრამპს ვგულშემატკივრობთ ორი მთავარი დაპირების შესრულებაში – ე.წ. დიფ სთეითის დამარცხებასა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში. ჩვენი ქვეყნისთვის ორივე საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ მაინც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ და, როგორც წერილშია აღნიშნული, სტრატეგიული პარტნიორობისთვის ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს.

ის, რაც ძველი ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, სრული კატასტროფა იყო. ამხელა სახელმწიფოს წარმომადგენლები ურცხვად გვიმტკიცებდნენ თეთრზე, რომ შავია. გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. მათი ყველა განცხადება სიცრუით, მუქარითა და ბინძური პროპაგანდით იყო გაჯერებული რაც კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ჩვენ მიერ გაკეთებული ყველა განცხადება თუ წერილი მიუთითებდა იმაზე, რომ ჩვენ ახალი ფურცლიდან დაწყება გვინდა. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის და ეს უნდა იყოს ორმხრივი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპმა გაპრეზიდენტებისთანავე გააკეთა განცხადება იმაზე, რაზეც მანამდე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საუბრობდა, კერძოდ, ე.წ. დიფ სთეითის საკითხის შესახებ.

„ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ხელმოწერა მოხდა. რეგიონში საქართველო თავისი ადგილმდებარეობით, კულტურით, ტრადიციებით უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობებისთვის.

ამდენი წელია, ამ თემაზე ვსაუბრობთ და გლობალურ ომის პარტიას ვახსენებთ. ჩვენი მისამართით ისმოდა ქილიკი. მაგრამ აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა მეორე დღესვე გააკეთა განცხადება და მთელ მსოფლიოს დაანახა ის, რაზეც თუნდაც „ქართული ოცნება“ მანამდე საუბრობდა. დღეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა სწორედ ე.წ. დიფ სთეითის დამარცხებაა. დონალდ ტრამპმა პირდაპირ ხელისგულზე დაგვიდო ყველაფერი, თუ რომელი ორგანიზაციები იყვნენ დაკავებული, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოში, რევოლუციები და სახელმწიფო გადატრიალებები დაეფინანსებინათ. ბინძური კამპანია ჩვენ წინააღმდეგ, რომელიც იფუთება ისე, თითქოს ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს, ესეც კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ჩვენ გვინდა, აშშ-თან მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართა.

ევროკავშირზე უკეთესი გაერთიანება ჯერ არ ყოფილა, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ, საკმაოდ მძიმე ვითარებაა, დაცლილია იმ ღირებულებებისგან, საითაც ქართველი ხალხი მიისწრაფოდა -კახა კალაძე

ევროკავშირზე უკეთესი გაერთიანება ჯერ არ ყოფილა, თუმცა დაცლილია იმ ღირებულებებისგან, საითაც ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო მიისწრაფოდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „მემარცხენე ალიანსის“ მიერ ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ევროპულმა ბიუროკრატიამ სერიოზული პრობლემები შექმნა როგორც თავად ევროპისთვის, ისე მეგობარი ქვეყნებისთვის.

„ევროპული გაერთიანება თავისი შინაარსით, რაზეც იყო დაფუძნებული, ძალიან კარგია და ამაზე უკეთესი გაერთიანება ჯერ არ ყოფილა, მაგრამ რასაც ბოლო დროს ვხედავთ, რა პროცესებიც ვითარდება, საკმაოდ მძიმე ვითარებაა. ევროკავშირი აბსოლუტურად დაცლილია იმ ღირებულებებისგან, საითაც ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო მიისწრაფოდა. ევროპულმა ბიუროკრატიამ სერიოზული პრობლემები შექმნა დღეს როგორც თავად ევროპისთვის, ისე მეგობარი ქვეყნებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებული განცხადებები შეუთავსებელია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან.

„ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესები. მოთხოვნები, რომლებსაც ვისმენთ, აბსოლუტურად შეუთავსებელია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან, რასაც ქართული სახელმწიფო ზედმიწევნით ასრულებს. ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ რაიმე შეუსრულებელია. ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში დაცულია ისე, როგორც არასდროს. ორმაგი სტანდარტია, რაზეც ისინი აპელირებენ. ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში. ადამიანის უფლებები თუ ილახებოდა, ეს იყო სწორედ 2012 წლამდე პერიოდში. განსხვავებულ მოსაზრებას ვერ გამოხატავდი, მაშინვე ან შენ დაგიჭერდნენ, ან შენი ოჯახის წევრებს გააუბედურებდნენ, წაართმევდნენ და ამას უწოდებდნენ დემოკრატიის შუქურას. წარმოგიდგენიათ? ის, რაც ხდებოდა 2012 წლამდე, თურმე დემოკრატიის შუქურა ყოფილა და დღევანდელი მოცემულობა, ვითარება – პრობლემური. რა გგონიათ, ხალხს თვალები აქვს ახვეული და ვერ ხედავს იმ რეალურ ვითარებას, რა იყო და დღეს რა მდგომარეობაა? ხალხს აქვს საშუალება, გააკეთოს სწორი ანალიზი და იმიტომ იღებს ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას, როგორც ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ქართული სახელმწიფო აპირებს, კვლავ ზედმიწევნით შეასრულოს ის მოთხოვნები, რაც ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.

„ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაც არის, ყველა ნაბიჯის ზედმიწევნით შესრულებას ვაპირებთ. პოლიტიკური მოტივებით არის გაკეთებული განცხადებები, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიღაცამ მაინც გვითხრას, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი? ვიღებთ ერთადერთ პასუხს – იმიტომ. არ არის ეს სერიოზული. პრემიერ-მინისტრმა თქვა, მზად ვართ, დავსხდეთ დიპლომატიურ კორპუსთან და მომიყვანეთ მაგალითები, არგუმენტები, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი ან რატომ ეწინააღმდეგება აღნიშნული კანონმდებლობა ევროპულ მომავალს, ევროპულ ღირებულებებსო. არანაირი პასუხი, რადგან ვიცით, რეალურად რაც ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.