Home Blog Page 4

რა თბილისს გამოვგლეჯთო, ერთი და ორი მანდატი რომ გამოგლიჯეს? წარმოუდგენელი ამორალურობაა, დროა, “ლელომ” შეცდომა გაანალიზოს – თინა ბოკუჩავა

რა თბილისს გამოვგლეჯთო, ერთი და ორი მანდატი რომ გამოგლიჯეს? წარმოუდგენელი ამორალურობაა, დროა, „ლელომ“ შეცდომა გაანალიზოს, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ამ სპეცოპერაციის თანამონაწილე გახდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის„ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მაინც თქვან, რომ უარს აცხადებენ ამ ღალატის მანდატებზე, ფარსში და ცირკში მონაწილეობაზე.

„გულწრფელობის დროა, აღარ არის ლიტონი სიტყვების და პოლიტიკური თამაშების, პოლიტიკური მიზანშეწონილობის დრო.  რა თბილისს გამოვგლეჯთო, ერთი და ორი მანდატი რომ გამოგლიჯეს? წარმოუდგენელი ამორალურობაა. არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება აქვს თუ არა მიღებული „ლელოს“, მაგრამ ჩემი მოწოდება არც სჭირდებათ, უბრალოდ სიმართლეს შეხედონ თავლებში, გვიან არასდროს არის – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. გვიან არასდროს არის, რომ ადამიანმა შენი შეცდომა გაანალიზო, მათ შორის, პოლიტიკოსმა და, პირიქით, ამას ყოველთვის ძალიან დიდსულოვნებით და მიმღებლობით ხვდება ხოლმე საზოგადოება. ახლა მაინც გაანალიზონ და მიხვდნენ „ლელოს“ წარმომადგენლები, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ამ სპეცოპერაციის თანამონაწილე გახდნენ. ახლა მაინც თქვან, რომ უარს აცხადებენ ამ ღალატის მანდატებზე, ფარსში და ცირკში მონაწილეობაზე. ისევ მოვიდნენ რუსთაველზე და გაერთიანდნენ. შეიძლება, იქ ბრაზი და იმედგაცრუება დახვდეთ, მაგრამ შეიძლება, სხვასაც დახვდეს იმედგაცრუება და ბრაზი. უნდა რაღაცნაირად გამოვნახოთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები, გავერთიანდეთ ყველა, ვინც გარეთ არის, ვინც ტყვეობაშია, რეალური ერთობა უნდა შევქმნათ, რეალური წინააღმდეგობის ფრონტი შევქმნათ საზოგადოებასთან, პოლიტპატიმრებთან ერთად, დემონსტრანტებთან და პროტესტებთან ერთად, მაშინ გარდაუვალია რეჟიმის დამხობა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება, ვიდრე ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას -ირაკლი კირცხალია

საქართველოში აკრედიტებული დასავლელი, მათ შორის, ევროპული და ევროკავშირის წევრი კონკრეტული ქვეყნების ელჩების ქმედებები გასცდა ყოველგვარ დიპლომატიურ საზღვრებს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა ნიშნებს შეიცავს. კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლების მხრიდან, ვისაც ჩვენ საქართველოს მეგობრებად მივიჩნევთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე განაცხადა.

კირცხალიას თქმით, მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ მოთმინების პოლიტიკას ატარებს და განმარტა, რატომ იკავებენ თავს მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისგან, მათ შორის, ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის გაძევებისგან.

„გვსურს, განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხს გამოვეხმაუროთ – თემას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არაერთხელ გამხდარა ობიექტური ვნებათაღელვის მიზეზი. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი, უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, ვხედავთ, რომ საქართველოში აკრედიტებული დასავლელი, მათ შორის, ევროპული და ევროკავშირის წევრი კონკრეტული ქვეყნების ელჩების ქმედებები გასცდა ყოველგვარ დიპლომატიურ საზღვრებს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა ნიშნებს შეიცავს. ასევე, ანალოგიურ განცხადებებს ვისმენთ ცალკეული ევროპული ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებისა, თუ უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდანაც კი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლების მხრიდან, ვისაც ჩვენ საქართველოს მეგობრებად მივიჩნევთ, თუმცა, საზოგადოებას, რომელიც სრულიად სამართლიანადაა აღშფოთებული და „ქართული ოცნების“ მხრიდან გადამჭრელი ზომების მიღებას ითხოვს, გვსურს, განვუმარტოთ, რატომ ვატარებთ მოთმინების პოლიტიკას და რატომ ვიკავებთ თავს მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისგან, მათ შორის, ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის გაძევებისგან.

ჩვენთვის გასაგები რომ გახდეს, ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის ქცევა, დავიწყოთ იმით, რაც ქართულმა საზოგადოებამ უკვე კარგად იცის: დღეს არაერთი მოწინავე ევროპული სახელმწიფო, ისევე, როგორც ევროკავშირი, მისი სტრუქტურები და ევრობიუროკრატია, „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშაა, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, თავად ამ ქვეყნების მოსახლეობას და მომავალს, ასევე, მთლიანად ევროკავშირს, არაერთ სერიოზულ პრობლემას უქმნის და მრავალი საფრთხის წინაშე აყენებს.

„დიფ სთეითის“ გავლენით და დაკვეთით, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შედეგები საქართველოს ხელისუფლებამ და მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოცადა. ყველას კარგად გვახსოვს, თავის დროზე, როგორ არ მოგვანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მაშინ, როდესაც კანდიდატ ქვეყნებს შორის ამას ყველაზე მეტად ვიმსახურებდით; კარგად გვახსოვს, როგორ იქცა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი პოლიტიკური ვაჭრობის თემად, ვიდრე ევრობიუროკრატთა ზეწოლისა და სპეკულაციების მინიმუმამდე შესამცირებლად, ხელისუფლებამ პრევენციული ნაბიჯები არ გადადგა; გვახსოვს ევროპარლამენტის აბსოლუტურად უსამართლო და აბსურდული რეზოლუციები, რომელთა მიზანიც საქართველოს სუვერენიტეტში უხეში ჩარევა, პროცესების რადიკალიზაცია და ხელისუფლების რევოლუციური გზით შესაცვლელად, ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა იყო; გვახსოვს ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებშიც ანგაჟირებული ევროპარლამენტარები სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებდნენ და სამკურნალოდ მის სხვა ქვეყანაში გადაყვანას, შემდეგ კი გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ეს იმ ფონზე, როდესაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანის საჭიროება არ არსებობდა, მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია და სასჯელს სრულიად სამართლიანად იხდის; გვახსოვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კრიტიკული, დაუსაბუთებელი და არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციები საქართველოს წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ეს ის ორგანიზაციაა, საიდანაც, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სრულიად უსამართლოდ მოქმედების გამო, ხელისუფლებამ დელეგაცია გაიწვია;

რა თქმა უნდა, კარგად გვახსოვს ევროკავშირის წევრი მთელი რიგი ქვეყნების ელჩების და პოლიტიკოსების განცხადებები, რომლითაც, ლამის პირდაპირ უჭერდნენ მხარს საქართველოში კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობებს; გვახსოვს საქართველოს შიდა საქმეებში ევრობიუროკრატების უშუალოდ ჩართვის მცდელობაც, როდესაც ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო დემონსტრაციას შეუერთდნენ. აღარაფერს ვამბობთ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მიერ, გაუგონარი და აბსურდული მიზეზებით, ქართველი მოსამართლეებისა და პოლიტიკოსებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, რაც ასევე კარგად ასახავს იმ არადიპლომატიურ და არამეგობრულ ქმედებებს, რომლის საბოლოო მიზანსაც საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ქვეყნის „დიფ სთეითისთვის“ დაქვემდებარება წარმოადგენს.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ „ქართული ოცნების“ და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მსგავს არადიპლომატიურ ქმედებებთან და პოლიტიკურ ზეწოლასთან გვქონდა საქმე ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის და მათ მიერ დანიშნული ელჩის პირობებშიც. ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, მათ საქართველოში აკრედიტებული ელჩის პენსიაში გაშვება მოუწიათ. წინა ადმინისტრაციის და ელჩის ქმედებების მიუხედავად, საქართველო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩა და როგორც ვხედავთ, ამან თავისი შედეგი გამოიღო. დღეს, დონალდ ტრამპი ღიად აცხადებს, რომ ებრძვის „დიფ სთეითს“ და მის სტრუქტურებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ველით, რომ ის გარკვეული პაუზა, რომელიც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში შეიმჩნევა და რომელიც უკვე დიდხანს გაგრძელდა, მალე დასრულდება და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან მიმართებით სწორ პოზიციას დააფიქსირებს“, – განაცხადა კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალიას თქმით, „საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება, ვიდრე, ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას“.

„ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ამ ელჩებთან, ქვეყნებთან, ორგანიზაციებთან თუ ინსტიტუტებთან, ვაგრძელებთ პროფესიულ ურთიერთობას და არ ვდგამთ იმ მკვეთრ ნაბიჯებს, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მოითხოვს. რა თქმა უნდა, ჩვენი ეს პოლიტიკა კონკრეტულ გეგმას ეფუძნება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში დღეს აშკარად იგრძნობა „დიფ სთეითის“ გავლენა და არაერთი ევრობიუროკრატი სწორედ მათზე მუშაობს. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რამდენად უჭირს დღეს ევროპას, რამდენად დიდია იქ „დიფ სთეითის“ გავლენა, რამდენად რთულ ვითარებაში ჩააყენეს ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და, ზოგადად, ევროკავშირის სტრუქტურები – კონკრეტული ელჩების ქცევა ჩვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ევრობიუროკრატია სწორედ იმ ქვეყნების წარმომადგენლებით კომპლექტდება, რომელთა ელჩებიც ასე უხეშად და არადიპლომატიურად მოქმედებენ საქართველოში.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება, ვიდრე, ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი სახელმწიფო, აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობას წლების განმავლობაში აშენებდა და ავითარებდა, შესაბამისად, „დიფ სთეითის“ მართულ ევრობიუროკრატიას არ მივცემთ საშუალებას, ელჩების არადიპლომატიური ქმედებების გამო, მიღწეული შედეგები სახელმწიფოებისა და ხალხების ურთიერთობების დონეზე გააფუჭოს. ცხადია, კონკრეტული ქვეყნის ელჩის გაძევება გამოიწვევს მთელ რიგ დიპლომატიურ სვლებს, რაც საქართველოსა და კონკრეტული ქვეყნების ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება.

შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ადრე თუ გვიან, ევროპაში „დიფ სთეითის“ გავლენა შესუსტდება, რისი ნიშნებიც მთელ რიგ ქვეყნებში და მათ მოსახლეობაში ნელ-ნელა იკვეთება, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რამეთუ მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული ვითარება დროებითია და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ელჩების, თუ ევრობიუროკრატების განცხადებებმა, ქმედებებმა ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობები დაძაბოს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვიდრე ევროპა „დიფ სთეითის“ გავლენისგან არ გათავისუფლდება. პარალელურად კი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „დიფ სთეითის“ გავლენა არ გავრცელდეს საქართველოზე, რადგან უკვე კარგად ვიცით, რა შედეგი მოაქვს ამას ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულებით მივაღწევთ იმ შედეგს, რისთვისაც ვიღწვით“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 27 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, ერაყის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ჩინეთის, კამერუნის, აზერბაიჯანის, ანგოლას, განას, პაკისტანის და თურქეთის – ჯამში 27 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ექსპერტებმა სქემა გაშიფრეს – შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე და თბილისთან ახლოს ამოღებული საბრძოლო მასალები

ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე, 4 ოქტომბრის აქციასა და სუს-ის მიერ ამოღებულ იარაღს, საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს შორის კავშირის უარყოფას ცდილობს.

ბარამიძეს ინტერვიუში არაფერი უთქვამს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე, რომლის თანახმად, იმ პირთა წრის განეიტრალება მოხერხდა, რომლებსაც ტყეში, სამალავიდან, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ.

რა კავშირი აქვს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბერს განხორციელებულ შტურმს სპეცსამსახურის მიერ თბილისთან ახლოს ამოღებულ საბრძოლო მასალებთან – სქემა გაშიფრეს ექსპერტებმა. პირი, რომელსაც ამბოხის მომხრეებისთვის შეიარაღება უნდა მიეწოდებინა, შსს-მ 4 ოქტომბერს, დილით დააკავა. ლევან ქართველიშვილის ინფორმაციით, ეს პირი რუსლან შამახიაა – “ნაციონალური მოძრაობის” დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი და ერთ-ერთია, მათ შორის, რომელმაც იარაღის სამალავის ადგილსამყოფელი იცოდა და შეიარაღებული ამბოხის მომხრეებისთვის საბრძოლო მასალა უნდა მიეწოდებინა. გეგმა შამახიას დაკავების შემდეგ ჩავარდა.

ის, რომ ორგანიზატორები, გეგმის სისრულეში მოსაყვანად, რაღაცას ელოდებოდნენ – ეს 4 ოქტომბერს მათ კომენტარებშიც იგრძნობოდა. დღეს უკვე არსებობს ვარაუდი, რომ შამახიას დაკავების შემდეგ მათ უკვე იცოდნენ, რომ სცენარი, რომელიც ათონელის რეზიდენციასთან უნდა განეხორციელებინათ – ჩავარდებოდა, რადგან ვინც საბრძოლო მასალის სამალავის ადგილსამყოფელი იცოდა – უკვე დაკავებული იყო. დღის ბოლოს ორგანიზატორები და პაატა ბურჭულაძის ოჯახის წევრი ღიად საუბრობდნენ ჩავარდნილ გეგმასა და ღალატზე.

4 ოქტომბერს, დილით, შსს-მ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის რუსლან შამახია დააკავა, 5 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული ბრიფინგიდან კი გაირკვა, რომ სპეცსამსახურმა დედაქალაქში თვითმმართველობის არჩევნების დღეს დივერსიული აქტები აღკვეთა და იმ პირთა წრე გაანეიტრალა, რომლებსაც შეიარაღება სამალავიდან თბილისში აფეთქებების მოსაწყობად და სამართალდამცველებისთვის ცეცხლის გასახსნელად უნდა შემოეტანათ. სუს-ის მიერ ამოღებულ იარაღს შორის იყო ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, ხელის ტყვიამფრქვევი და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები.

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეიძლება, ძვირფასი ადამიანის გამო მნიშვნელოვანი რამის მსხვერპლად გაღება მოგიწიოთ, თუმცა, საბოლოო შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
გირჩევთ ოჯახს მეტი დრო დაუთმოთ — ესტუმრეთ მშობლებს, უფრო ხშირად ესაუბრეთ და დაუკავშირდით და-ძმებს და შორეულ ნათესავებსაც.
სამსახურში მოსალოდნელია უსიამოვნო სიტუაციები, მაგრამ შეგიძლიათ თქვენს გამჭრიახობას დაეყრდნოთ. მოვალეობების სრულყოფილად შესრულება პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

კურო

ყურადღებას თუ მოადუნებთ, შესაძლოა სერიოზულ პრობლემებში გაეხვიოთ.
თუ დაქორწინებული ხართ, გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს, „მარცხნივ“ყველაზე უვნებელ ფლირტსაც კი შეუძლია ოჯახურ ურთიერთობებში პრობლემები გამოიწვიოს.
მომდევნო 24 საათის განმავლობაში უამრავი საქმე და საზრუნავი გელით, ასე რომ, მოწყენას ვერ მოასწრებთ და ეს ძალიან კარგია.
შესაძლოა ემოციურმა დაძაბულობამ გადაღლილობა გამოიწვიოს. დღის ბოლოს მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა, ამიტომ მაღალკალორიული საკვების მიღებას მოერიდეთ.

ტყუპები

ეს დღე ყოველგვარი მოულოდნელობისა და ემოციური რყევების გარეშე ჩაივლის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიწყენთ. დღე უფრო შესაფერისია ფიქრისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ვიდრე უაზრო სირბილისა და ზედაპირული ურთიერთობებისთვის.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი ნდობა გამოიჩინოთ — გადაჭარბებულმა ეჭვიანობამ და დაუსაბუთებელმა უნდობლობამ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს.
სამუშაო საათებში ჯობს, ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ და სამუშაო სივრცე მოაწესრიგოთ.
ამ დღეს ინტუიციას ნუ დაეყრდნობით, თორემ შეიძლება მძიმე შეცდომა დაუშვათ.

კირჩხიბი

ახლობელ ადამიანს გაუჭირდება მიხვდეს, რას ითხოვთ მისგან და რატომ. მოგიწევთ თქვენი სურვილებისა და მიზნების შესახებ პირდაპირ და გასაგებად უამბოთ.
გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, ოჯახის სხვა წევრების მოსაზრებები და საჭიროებებიც გაითვალისწინოთ. იურიდიული საკითხები წარმატებით მოგვარდება, მთავარია იმ კონფლიქტებში არ ჩაებათ, რომლებიც თქვენ არ გეხებათ.
თქვენს ცხოვრებაში ხელსაყრელი შესაძლებლობა გაჩნდება, მაგრამ მის შესამჩნევად მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი იმოძრაოთ — სიარული, სპორტი, გართობა, ნებისმიერი აქტიურობა თქვენთვის სასარგებლო იქნება.

ლომი

მეგობრული ურთიერთობები შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობებში გადაიზარდოს. ვენერასა და იუპიტერს შორის ტრინი რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
თქვენი მხარდაჭერა შესაძლოა დასჭირდეს ადამიანს, რომელიც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.
გაუგებრობა და უთანხმოებები წარსულში დარჩება – ამ დღეს შეიძლება საერთო ენა დაუძინებელ მტერთანაც კი გამონახოთ.
გამორიცხული არ არის, რომ საინტერესო სამსახური ან დამატებითი შემოსავლის წყარო შემოგთავაზონ.
სამსახურში კონფლიქტურ სიტუაციებში ჩარევას ერიდეთ.
დაუგეგმავი ხარჯები გელით — ეცადეთ, ვალებში არ გაეხვიოთ.
ფრთხილად იყავით უცნობი საკვების დაგემოვნებისას — არსებობს მოწამვლის რისკი.

ქალწული

ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ დღეს მიღებული ინფორმაცია საყვარელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
ნუ ეცდებით ყველა საქმის ერთდროულად დასრულებას — ეტაპობრივად იმოქმედეთ.
ბევრი ქალწული ამ დღეს მნიშვნელოვან შეთანხმებებს და ხელშეკრულებებს გააფორმებს ან მოლაპარაკებებს გამართავს.
შესაძლოა, საღამოს თავი შეუძლოდ იგრძნოთ. თქვენი იმუნური სისტემა ბოლოდროინდელი სტრესების გამო დასუსტებულია. ახლა მნიშვნელოვანია დაისვენოთ და არაფერზე იდარდოთ.

სასწორი

ვარსკვლავების მწყობრი განლაგება ახალ რომანტიკულ თავგადასავალს გპირდებათ! თქვენგან მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო — გაბედოთ და პირველი ნაბიჯი გადადგათ.
შესაფერისი დღეა მეგობრული და ოჯახური კავშირების გასამყარებლად. ჰოროსკოპი ამბობს, რომ ძველი წყენა წარსულში დარჩება, ხოლო თქვენ შეძლებთ წარსულში დაპირისპირებულ ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ.
ფინანსური საკითხების განხილვა უმჯობესია სხვა დღისთვის გადადოთ. იუპიტერის გავლენის ქვეშ გონივრულ კომპრომისზე წასვლა რთული იქნება.
იზრუნეთ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის – დღეს ამისთვის ხელსაყრელი დროა.

მორიელი

ამ დღეს საპირისპირო სქესის ადამიანებს მაგნიტივით იზიდავთ. ნუ შეეწინააღმდეგებით გრძნობას, რომელიც თქვენში იღვიძებს.
ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ და საყვარელ ადამიანს ყურადღებით მოუსმინოთ. ეს გაუგებრობების გადალახვაში და ნდობის განმტკიცებაში დაგეხმარებათ.
ზედმეტმა შფოთვამ შეიძლება დაძაბულობა და თავის ტკივილი გამოიწვიოს. ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე და მოდუნება გჭირდებათ.
ოჯახის მხარდაჭერა დროებითი სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

უმჯობესია, თქვენი პირადი ურთიერთობები საიდუმლოდ შეინახოთ, რადგან გარშემო ბევრი შურიანი ადამიანი გყავთ. არ არის გამორიცხული მეზობლებთან კონფლიქტი ყოფით საკითხებზე. გირჩევთ, საკუთარი ინტერესები არ დათმოთ.
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენთვის გამოცდის პერიოდი ჯერ არ დასრულებულა. ნაჩქარევ და დაუფიქრებელ შენაძენებს მოერიდეთ, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით.
დღის მეორე ნახევარში შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ – სატურნის ძლიერი ზეგავლენა დაღლილობასა და გაღიზიანებას გამოიწვევს.

თხის რქა

გირჩევთ, რომ საკუთარ თავზე და პირად ცხოვრებაზე დაფიქრდეთ – განსაზღვრეთ რა არ მოგწონთ ურთიერთობებში და რისი შეცვლა გსურთ.
მოსალოდნელია მცირე უთანხმოება ოჯახში, რაც დიდ პრობლემას არ გამოიწვევს, თუმცა განწყობას გაგიფუჭებთ. შანსი გექნებათ, სამსახურში უფროსს გონივრული რჩევით დაეხმაროთ, რაც კარიერული წინსვლის დასაწყისი გახდება. ფინანსურ ოპერაციებში განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, რადგან ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს.
ეცადეთ საკუთარი პრინციპების ერთგული იყოთ და სამყარო ჯანმრთელობით და ენერგიით დაგაჯილდოებთ.

მერწყული

მზად იყავით იმისთვის, რომ პარტნიორის პოზიცია გაიგოთ, შემდეგ კი საკუთარი აზრი ისე გამოხატოთ, რომ არავინ შეურაცხყოთ და დაადანაშაულოთ. ასეთი საუბარი თქვენს კავშირს გააძლიერებს და ურთიერთგაგებას მოიტანს.
ამ დღეს ნათესავი ქალის ან მეგობრის სიტყვებს ნაკლებად უსმინეთ — მათი რჩევები შეიძლება არაგულწრფელი ან მავნებელი იყოს.
დაიცავით თქვენი პრინციპები, თუმცა არც კომპრომისის მნიშვნელობა დაივიწყოთ.
ფინანსურ საკითხებში ინტუიციას ენდეთ — ის არ მოგატყუებთ.

თევზები

თუ ახლა მეორე ნახევრის ძიებაში ხართ, ვარსკვლავები გირჩევენ, იმიჯი შეიცვალოთ. ამასთანავე, ეცადეთ, ცდუნებები დაძლიოთ და ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ.
თქვენი ენერგია იმ სფეროსკენ მიმართეთ, სადაც პასუხისმგებლობის აღების არ გეშინიათ.
თუ სურვილი გაქვთ, დღევანდელი შოპინგი წარმატებული იქნება.
მოსალოდნელია ენერგიისა და სიცოცხლის ძალის ზრდა, რაც თავდაჯერებას შეგმატებთ.

“ნაცმოძრაობის” და მისი ფილიალების საკითხი დამთავრებულია, პროცესები სწრაფად განვითარდა”- გურამ მაჭარაშვილი

“ნაცმოძრაობის” და მისი ფილიალების საკითხი დამთავრებულია, პროცესები სწრაფად განვითარდა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამართლებრივად გაკეთდება ყველაფერი, რომ საქართველოში „ნაცმოძრაობა“ და მათი ფილიალები აღარ არსებობდნენ.

“იმდენად შეიძლება დეგრადირდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მათი გაუქმების პროცესში საკუთარი წარმომადგენელიც კი ვერ გაუშვან. ეს მათი ქმედებების შედეგია. ვისაც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა უნდა, პოლიტიკური ტრიბუნა უნდა გამოიყენოს. ამ ხალხმა პარლამენტისა და საკრებულოს ტრიბუნები დათმო. საზოგადოებას ეუბნებოდნენ, ქუჩაში გასულიყვნენ. ქუჩის პროტესტს მაშინ აქვს აზრი, როცა პარლამენტისა და საკრებულოს ტრიბუნას გართმევენ. როცა ხალხმა აგირჩია და მანდატი არ გამოიყენე, ასეთ შემთხვევაში, ქუჩის პროტესტს აზრი არ აქვს.

ტრიბუნები ჰქონდათ და ვერ გამოიყენეს. „გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა“. სამართლებრივად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში „ნაცმოძრაობა“ და მათი ფილიალები აღარ არსებობდნენ. მარცხის გარდა რას ელოდებოდნენ, როცა ოპოზიციის ლიდერად ჯერ სალომე ზურაბიშვილი დააყენეს, შემდეგ პაატა ბურჭულაძე?”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დონალდ ტრამპის მიერ ეროვნული გვარდიის განლაგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, ილინოისმა და ჩიკაგომ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ეროვნული გვარდიის განლაგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, ილინოისმა და ჩიკაგომ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზანი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის შეჩერებაა.

„პრეზიდენტ ტრამპის მიერ ჩიკაგოსა და ილინოისის წინააღმდეგ დიდი ხნის განმავლობაში გამოცხადებული „ომის“ წინსვლა უკანონო და საშიშია. ამერიკელი ხალხი შტატების სამხედრო ოკუპაციის საფრთხის ქვეშ არ უნდა იმყოფებოდეს“, – აღნიშნულია სარჩელში.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული გვარდიის განლაგების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სასამართლომ მეორედ დაბლოკა, ტრამპი კალიფორნიიდან პორტლენდში ჯარისკაცების განლაგებას მაინც გეგმავს. მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა კალიფორნიიდან ორეგონში ჯარები მას შემდეგ გაგზავნა, რაც მოსამართლის ბრძანებას უგულებელყოფს. აშშ-ის ილინოისის შტატის გუბერნატორის, ჯეი ბი პრიცკერის განცხადებით კი, პრეზიდენტი ტრამპი ტეხასის ეროვნული გვარდიის 400 წევრის განლაგებას ილინოისში, ორეგონსა და სხვა ადგილებში განლაგებას გეგმავს. ამ გადაწყვეტილებას ჯეი ბი პრიცკერი ტრამპის უსაფუძვლო შეჭრას უწოდებს და აცხადებს, რომ „ეროვნულ გვარდიაში მომსახურე ადამიანები პოლიტიკურ ბუტაფორიებად არ უნდა გამოიყენებოდნენ“.

„ბიბისის“ ინფორმაციით, პენტაგონმა კალიფორნიის ეროვნული გვარდიის 200 წევრის პორტლენდში გადაყვანა უკვე დაადასტურა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა გამოიყენა თავისი კანონიერი უფლებამოსილება პორტლენდში ფედერალური აქტივებისა და პერსონალის დასაცავად, ძალადობრივი არეულობებისა და სამართალდამცავ ორგანოებზე თავდასხმების შემდეგ“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, აბიგაილ ჯექსონმა. მისივე თქმით, კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომიც „კანონმორჩილი მოქალაქეების მხარეს უნდა იდგეს და არა იმ დამნაშავეების, რომლებიც პორტლენდსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალაქებს ანადგურებენ“.

ყველა კითხვა შეეხებოდა ჩემს Facebook-პოსტებს, დაფინანსებასთან დაკავშირებითაც იყო კითხვები – გიორგი ქადაგიძე

საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების წარმომადგენელთა და კერძო პირების გამოკითხვები გრძელდება. დღეს, გამოძიების კითხვებს გიორგი ქადაგიძემ უპასუხა.

მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული, ითვალისწინებს საბოტაჟის, უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ქვეყნის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.

როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ქადაგიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან აღნიშნა, ყველა კითხვა სოციალურ მედიაში მის აქტიურობას და დაფინანსებას უკავშირდებოდა.

„ყველა კითხვა შეეხებოდა ჩემს „ფეისბუქ“ პოსტებს და რას ვგულისხმობდი „ფეისბუქ“ პოსტების ქვეშ. დაფინანსებასთან დაკავშირებითაც იყო კითხვები, გადარიცხული რამდენიმე ათასი ლარი ნამდვილად მაქვს დახმარების ფონდებში. ზუსტად არ მახსოვს, შარშანდელ რიცხვებზეა საუბარი“, – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ქადაგიძემ.

,,ჯერჯერობით ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლები არ არიან მზად საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად”- ირაკლი ქადაგიშვილი

ჯერჯერობით ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლები არ არიან მზად საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად. ეს აზიანებს ევროკავშირის იდეას. თვითდაზიანების პროცესში არიან, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატი ევროკავშირისა და ევროპული სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მიერ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.

„ჯერჯერობით ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლები არ არიან მზად საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად. ეს აზიანებს ევროკავშირის იდეას. თვითდაზიანების პროცესში არიან. ისინი ჯერჯერობით რჩებიან იმ პროექტის ერთგულები, რომელიც გულისხმობდა საპარლამენტო მანდატების დატოვებით, არჩევნების ბოიკოტით, ფერადი რევოლუციური სცენარის განვითარებით ხელისუფლებაში მათთვის სასურველი ძალების მოყვანას.

ეუთო/ოდირზეც დაიწყეს უცებ სპეკულაცია, ჩამოსვლა ვერ მოასწრესო. როცა მოასწრეს წინა საპარლამენტო არჩევნებზე, იმედია წაიკითხეს ეუთო/ოდირის დასკვნა და აღიარეს?! ასევე არ დაგმეს 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, თუმცა სამიოდე დღის წინ ევროკავშირის პრესსპიკერმა მხარი დაუჭირა 4 ოქტომბრის დამხობის აქციას“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 7 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7201 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7201 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7238 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1714 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1967 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0253 ლარი შეადგინა.

საარჩევნო ადმინისტრაციას ამერიკულმა კომპანიამ “Pro V&V” შესაბამისობის აუდიტის მესამე ფაზის შედეგები გადმოსცა

საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ „Pro V&V“-მ საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისობის აუდიტის მესამე ფაზის შედეგები გადმოსცა.

შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია აუდიტის ძირითადი მიგნებების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, სამივე ფაზის აუდიტის შედეგები ცხადყოფს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები მუშაობს გამართულად და შესაბამისობაშია საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან.

„გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა ამერიკული კომპანია „Pro V&V“-ის შესაბამისობის განმახორციელებელ აუდიტორებთან, რომლის ფარგლებშიც გადმოგვეცა მესამე ფაზის ანგარიში ტექნოლოგიურ საშუალებებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ სამივე ფაზის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ტექნოლოგიური საშუალებები, ისევე როგორც შესაბამისი ბიზნეს პროცესები სრულ თანხვედრაშია ქართულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან. ფაქტობრივად, ყველა კითხვაზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, ამომწურავი პასუხია გაცემული. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მეორე თანამშრომლობა წარმატებით განხორციელდა ისეთ მნიშვნელოვან აუდიტორულ კომპანიასთან, რომელიც ამერიკულ ბაზარზე ორიდან ერთ-ერთს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ პასუხს სცემს ყველა იმ მანიპულაციასა და სპეკულაციას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობდა“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ, „Pro V & V“- ის დირექტორმა, ჯეკ კობიმ აუდიტის შედეგების წარდგენისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები გამართულად მუშაობს.

„ამ დროისთვის აუდიტის სამივე ფაზა შევასრულეთ. პირველ ეტაპზე გადავამოწმეთ მონაცემთა ბაზა და გადავამოწმეთ სისტემაში ხომ არ იყვნენ დამატებითი ამომრჩევლები, ან ისეთი პირები, რომელთაც ერთზე მეტი პირადობის მოწმობა აქვთ. მეორე ეტაპზე კონფიგურაციის პროცესის მონიტორინგი განვახორციელეთ, თითოეულ მოწყობილობაზე, მათ შორის ვერიფიკაციის აპარატზე, ხმის მთვლელი აპარატსა და პლანშეტებზე. მეორე ეტაპი, რა თქმა უნდა, არჩევნებამდე განხორციელდა. მესამე ეტაპი კი იყო საველე სამუშაოები. გავედით 23 საუბნო საარჩევნო უბანზე და მოვახდინეთ პროცესის იდენტიფიკაცია. ამ იდენტიფიკაციის საფუძველზე უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ ელექტრონული ტექნოლოგიებს ჰქონდა სწორედ ის კონფიგურაცია, რაც ჩვენ წინა ორ ეტაპებზე დავაფიქსირეთ. დღეს კი ცესკოში გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ სამივე ფაზის აუდიტის შედეგები“, – განაცხადა ჯეკ კობიმ.

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისობის აუდიტი ითვალისწინებდა კვლევის განხორციელებას სამ ფაზად.

„შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ფაზის შედეგები არჩევნებამდე გადმოეცა საარჩევნო ადმინისტრაციას. საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ:
• ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებისთვის საჭირო მოწყობილობების კონფიგურაციისთვის წარმატებით განახორციელა პროცედურები, რომლებიც ადრე ჩატარებული პილოტისა და ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული არჩევნების ფარგლებში გამოიყენებოდა;
• ცესკომ წარმატებით დანერგა კონფიგურაციის პროცესის ხარისხის მონიტორინგის პროგრამა;
• არჩევნების ჩასატარებლად საჭირო მოსამზადებელი პროცესები, პროცედურები და შემოწმებები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად იყო მომზადებული;
• ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის პირადი ნომერი არ არის დუბლირებული და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი;
• ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან;
• ვერიფიკაციის აპარატის საწყის კოდში განხორციელდა მცირე ცვლილება და განხორციელებული არცერთი ცვლილება არ არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას და არ ახდენს უარყოფით გავლენას საარჩევნო სისტემის მთლიანობაზე, საიმედოობაზე ან უსაფრთხოებაზე.

შესაბამისობის აუდიტის წარმატებით დასრულება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გამჭვირვალობას და უსაფრთხოებას. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი არის არა მხოლოდ ტექნიკური შემოწმება, არამედ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მკაფიო გამოხატულებაა იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები ტარდება ღიად და საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს პროფესიონალიზმისა და საზოგადოების ნდობის განმტკიცების პრინციპებით.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ამერიკული აუდიტორული კომპანია „Pro V&V“ ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გააჩნია შესაბამისი ავტორიზაცია. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც აშშ-ში, ისე სხვა ქვეყნების საარჩევნო ორგანოებთან თანამშრომლობის მიმართულებით და თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას მწარმოებელი ვენდორი კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ ამერიკულ ბაზარზე“, – აცხადებენ ცესკოში.

არ მივიღებ შენიშვნას, თითქოს ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მივატოვე, შეგრძნება მქონდა, რომ ისინი აღარ იყვნენ რუსთაველზე, პაატა მანჯგალაძე კი სახლში მეგონა -ლევან სანიკიძე

არ მივიღებ შენიშვნას, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მე მივატოვე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

სანიკიძეს კითხვა დაუსვეს, რატომ არ იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ირაკლი ნადირაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან ერთად და ხომ არ გაემიჯნენ პროცესებს.

„დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების კამერებს გადასარევად აქვს ნანახი, ხუთი საათის განმავლობაში სად ვიყავი და სად ვმოძრაობდი. ბოლოს თქვენი კამერებით ვნახე, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა იყვნენ რუსთაველის გამზირზე. როგორც პაატა მანჯგალაძე მეგონა, რომ სახლში იყო წასული, იგივე შეგრძნება მქონდა, რომ ის ადამიანები აღარ იყვნენ რუსთაველის გამზირზე. ჩატებში რა ხდებოდა, ყველამ კარგად იცის და საკუთარ თავზე არ მივიღებ შენიშვნას, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მივატოვე. რომ მცოდნოდა, იქ იყვნენ დარჩენილი, მივიდოდი“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ჟურნალისტმა ლევან სანიკიძეს აჩვენა ვიდეოკადრი და სანიკიძეს მიმართა: „კადრში მურთაზ ზოდელავა, ასევე ირაკლი ნადირაძე სპეცრაზმელების პირისპირ იყვნენ, მიდიოდნენ დასალაპარაკებლად და შემდეგ დაიძაბა ვითარება. მათთან ერთად მხოლოდ სამი ადამიანია, არცერთი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“, რაზეც სანიკიძემ აღნიშნა:

„არ ვიცოდი ამ გეგმის შესახებ, მაგალითად, ამ კადრიდან 5 წუთში ვიყავი ორბელიანის მოედანზე და ირაკლი ნადირაძე უკვე წიწაკის სპრეით იყო მოთხვრილი. მგონი, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ვნახე და ფიზიოლოგიური ხსნარი ვასხი სახეში“.