Home Blog Page 4

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულის ხსენების დღეს – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს “წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი 12 მოციქულის სახელზეა აგებული, რის გამოც 13 ივლისის დღესასწაული სვეტიცხოვლობადაც იწოდება.

სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამ დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას, ანდრიას, იაკობსა და მის ძმას, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.

სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს, თქვენი არგუმენტირებული და დასაბუთებული შეხედულებები კარგ შეფასებასა და მოწონებას დაიმსახურებს. შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო პროექტი ჩაგაბარონ.

კურო

ყურადღებით იყავით სიტყვებთან, შესაძლოა, უადგილო ფრაზამ კონფლიქტამდე მიგიყვანოთ და ტკივილი მიაყენოთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს.

ტყუპები

შესაძლოა, ნაცნობებისგან საკმაოდ ღირებული ინფორმაცია მიიღოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

კირჩხიბი

ყურადღება გამოიჩინეთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც თქვენს გარშემო ტრიალებენ, მათი მხარდაჭერითა და ხელშეწყობით საშუალება გექნებათ, წინ წაიწიოთ კარიერულ ასპარეზზე.

ლომი

არის მოტყუების ალბათობა, მოუფრთხილდით თქვენს ბიუჯეტს, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ეს დღე გამოიყენეთ ყოველდღიური საქმეების მოგვარებისთვის.

ქალწული

დღეს, ნუ გექნებათ განსაკუთრებული მოლოდინი, სჯობს, იყოთ საკუთარი თავის იმედად, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და დაიცავით ემოციური ბალანსი.

სასწორი

თუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით, შეეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობებით გაუმკლავდეთ. ელოდეთ ახალ ნაცნობობასა და მხიარულ თავგადასავალს, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენს მომავალზე.

მორიელი

თავი გაარიდეთ სხვათა პრობლემებს და სათქმელს გულში ნუ ჩაიტოვებთ, უფლება გაქვთ, ხმამაღლა გამოთქვათ თქვენი აზრი, თუნდაც, ის ვინმესთვის იყოს საწყენი.

მშვილდოსანი

დღევანდელი შეხვედრები, საქმიან პარტნიორებთან და ხელმძღვანელ პირებთან, კარგი და ნაყოფიერი ახალი პერსპექტივების და კარგი ურთიერთობების საწინდარი იქნება.

თხის რქა

წინასწარ ნუ ისაუბრებთ თქვენს გეგმებზე და ნუ მიიქცევთ ზედმეტ ყურადღებას. მოერიდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ, ან ადრე თავი ცუდად მოიქცნენ.

მერწყული

გაუგებრობებისა და კონფლიქტების ალბათობა მატულობს, არის ქრონიკული დააადებების გამწვავების და  განწყობის მკვეთრი ცვლილების ალბათობა, ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ყველაფერი მალე დალაგდება.

თევზები

დღეს, შესაძლოა, საკუთრებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, ნუ აჰყვებით ნეგატიურ ემოციებს, მალე, ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ გადაწყდება.

13 ივლისს საქართველოში სვეტიცხოვლობა – 12 მოციქულის ხსენების დღე აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში დღეს წირვა-ლოცვა შესრულდება.

კრება წმიდა დიდებულთა და ყოვლადქებულთა  ათორმეტთა მოციქულთა ეკლესიის ერთიანობას ნიშნავს.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე IV საუკუნიდან აღინიშნება. თითოეულ მოციქულს ცალკე ხსენების დღე აქვს, მაგრამ ეკლესიამ, 12_ვე მათგანის ერთად მოხსენიების დღე დააწესა პეტრე-პავლობის მომდევნო დღე – 13 ივლისი.

 ამავე დღეს იზეიმება სვეტიცხოვლობა. მოგეხსენებათ მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი 12 მოციქულის სახელზეა აგებული.

მათეს სახარებაში მოთხრობილია, თუ როგორ გამოარჩია მაცხოვარმა 12 მოციქული.

გამოირჩია თორმეტი მოციქული და მისცა მათ “ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა” (მთ. 10, 1).

და ამის შემდეგ მახარებელი ჩამოთვლის სახელებს: პირველად, სიმონი რომელსაც ეწოდა პეტრე და ანდრეა, მისი ძმა; იაკობ ზებედესი და იოანე, მისი ძმა; ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მეზვერე; იაკობ ალფესი და ლებეოსი, რომელსაც თადეოზი ეწოდა მოგვიანებით; სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გახდა მაცხოვრის გამცემელი.

როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, გაგზავნა ისინი “ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა” (ლკ. 9, 2).

და როდესაც მაცხოვარი ამაღლდა ზეცად, მოციქულებს მოუწოდა გალილეის ერთ-ერთ მთაზე (ელეონის) და უკანასკნელი კურთხევა მისცა მათ: “მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა” (მთ. 28, 18-20).

ეკლესია 12 მოციქულის ხსენებისას ზეიმობს იმ თორმეტ მოციქულს, რომელიც სულთმოფენობის წინ დადგინდა, იგულისხმება იუდა მოციქულის ნაცვლად მატათა მოციქულის გამორჩევა.

სწორედ 12 მოციქულის სახელზე აიგო მცხეთაში უდიდესი ტაძარი – სვეტიცხოველი.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერსა და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

13 ივლისს ასევე კეთილმორწმუნე დინარა დედოფლის ხსენება აღინიშნება, რომელიც ჰერეთის დედოფალი იყო და მოსახლეობას სპარსთა მონოფიზიტური სარწმუნოებისგან იცავდა. დღესასწაულის გამო მარხვა თევზით ხსნილია.

,,2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, ეს იყო მისწრაფებების მკაფიო ჩვენება, სად გვინდა წასვლა, საქართველომ დასავლური ორიენტაციისკენ არჩევანი გააკეთა”- მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა და ამ სტრატეგიულმა მდებარეობამ ჩამოაყალიბა ქვეყნის ისტორია, კულტურა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გეოპოლიტიკურ კონტექსტში, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას.

მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რაც გარშემო ხდება, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შემდეგ ეს ტრანზიტული გზა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

„საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა და ამ სტრატეგიულმა მდებარეობამ ჩამოაყალიბა ჩვენი ისტორია, კულტურა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ჩვენს გარშემო ხდება, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შემდეგ, ეს ტრანზიტული გზა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. აქ ვარ ჩემს კოლეგებთან ერთად აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. ორივე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან, როდესაც ვსაუბრობთ რეგიონის ტრანზიტულ პოტენციალზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების ერთად განხილვა. ჩვენ გვაქვს ათწლეულების განმავლობაში შესანიშნავი თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გამოცდილება, რამაც გამოიწვია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები – ენერგეტიკული კავშირი, სატრანსპორტო კავშირი და, ზოგადად კავშირი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი და ვმუშაობთ, რომ ხელი შევუწყოთ შუა დერეფანს, ცენტრალურ აზიის და აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთად, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ რეგიონისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ევროპული ქვეყანაა, ძალიან მკაფიო ევროპული იდენტობითა და ძალიან მკაფიო საუკუნოვანი, ევროპული მისწრაფებებით.

„საუკუნეები გავატარეთ ევროპული ღირებულებების დაცვაში, რაზეც ევროპა დღეს დგას. ეს არ არის ახალი. 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას და ეს არ იყო ადვილი პერიოდი, როდესაც ეს მოხდა. ყველამ ვიცით, რა ხდებოდა იმ დროს რეგიონში. საქართველომ, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, უკრაინამ მოგვიანებით, ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ეს იყო ჩვენი მისწრაფებების მკაფიო ჩვენება, რისი გაკეთება გვინდა და სად გვინდა წასვლა. ეს ნამდვილად ძალიან მკაფიო იყო ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდანვე, 90-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც საქართველომ ძალიან მკაფიო არჩევანი გააკეთა დასავლური ორიენტაციის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულებიდან 10 წლის შემდეგ საქართველომ ბევრს მიაღწია რეფორმების თვალსაზრისით, სტრუქტურული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, რაზეც რიცხვებიც მეტყველებს.

„საქართველოს თუ შეხედავთ, ის პირველ ადგილზეა ბიუჯეტის, პარტნიორობის რეიტინგში, 2023 წლიდან საქართველო პირველ ადგილზეა ღია ბიუჯეტის ინდექსის რეიტინგში და, „ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების“ ინდექსს თუ შეხედავთ, საქართველო მსოფლიოში 35-ე ადგილზეა და მსოფლიო ბანკის ეკონომიკურ რეიტინგში – ტოპ სამეულშია 50 ქვეყანას შორის. ეს იმ სტრუქტურული რეფორმების შედეგია, რომლებიც საქართველოს მთავრობამ, რომელიც დღეს საქართველოში არის, განახორციელა და ბევრს მიაღწია ქვეყნის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. ამ ყველაფრის შემდეგ, შეგვიძლია, ვთქვათ, ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ევროკავშირში ინტეგრაციის მისაღწევად, გვჭირდება სტაბილური განვითარება, გვჭირდება სტაბილური ზრდა და რეფორმები, რომლებიც ამის შედეგი იქნება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მოლაპარაკებებში ტრამპის მონაწილეობის შემთხვევაში, უკრაინას ტერიტორიების ნაწილის დათმობა მოუწევს – The Telegraph

თეთრმა სახლმა ნათლად განაცხადა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს, უკრაინას, სავარაუდოდ, გარკვეული ტერიტორიების დათმობა მოუწევს, წერს The Telegraph-ის ჟურნალისტი ლიზა ჰესელდაინი.

„რუსეთი ამჟამად სწრაფად მიიწევს წინ ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში და თეთრმა სახლმა ნათლად განაცხადა, რომ ტრამპის შუამავლობით მიღწეული ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, სავარაუდოდ, ამ ტერიტორიების კრემლისთვის გადაცემას მოიცავს“, – აღნიშნულია სტატიაში.

ამავდროულად, როგორც ჰესელდაინი წერს, ევროპელი ლიდერები შეშფოთებულები არიან იმით, რომ ტრამპმა შესაძლოა, ასეთი შეთანხმების მიღწევა უკრაინის თანხმობის გარეშე სცადოს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ დასავლელი მოკავშირეების ყველა დაპირების მიუხედავად, რომ ისინი კიევს იქამდე დაუჭერენ მხარს, „სანამ საჭირო იქნება“, მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ალტერნატიული, თუნდაც გარკვეულწილად ღირსეული გეგმის შემუშავება მოლაპარაკებებში პუტინის პოზიციის შესასუსტებლად.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, არსებობს იმედი, რომ სიტუაცია შესაძლოა, კიევის სასარგებლოდ შეიცვალოს. კერძოდ, ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ პირველად დაჰპირდა უკრაინას ახალი სამხედრო დახმარების გაწევას და ასევე, მიანიშნა რუსეთთან დაკავშირებით „მნიშვნელოვანი განცხადების“ გაკეთებაზე, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორი იქნება ეს განცხადება, კარგი, თუ ცუდი.

„მაგრამ მაშინაც კი, თუ ტრამპი საბოლოოდ დააწესებს ახალ, მკაცრ სანქციებს და ევროპასთან ერთად დაიწყებს იარაღის სრული სპექტრის მიწოდებას, რომელსაც უკრაინა მუდმივად ითხოვს, სამწუხაროდ, უნდა დავსვათ კითხვა: იქნება თუ არა ეს ძალიან ცოტა და ძალიან გვიანი?“, – ხაზგასმით აღნიშნავს The Telegraph-ის მიმომხილველი.

იგი ხაზს უსვამს იმ „ნიშანდობლივ ფაქტს“, რომ ამ კვირაში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დროს ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის გეგმებმა უკანა პლანზე გადაიწია, „რაც ნიშნავს იმის მდუმარე აღიარებას, რომ ცეცხლის შეწყვეტა უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა“.

ფონ დერ ლაიენი ტრამპის ტარიფებზე: მზად ვართ, პროპორციული საპასუხო ზომებით დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც, აშშ 1-ელი აგვისტოდან ევროკავშირის იმპორტზე 30%-იან ტარიფებს დააწესებს. 

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფი „ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს დააზარალებს“.

„ჩვენ 1-ელ აგვისტომდე შეთანხმების მისაღწევად მუშაობას გავაგრძელებთ.

ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ, პროპორციული საპასუხო ზომების საფუძველზე დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა.

“თუ გამოძიება ჩატარდება, რა თქმა უნდა, გიორგი გახარია არსად გაქცევას არ აპირებს” – თამარ კეკენაძე 

“გიორგი გახარია არასდროს არ გაქცევია პასუხისმგებლობას არცერთ შემთხვევაში, როდესაც მისგან ითხოვდნენ პასუხებს – იქნებოდა ეს კომისია თუ სხვადასხვა ტიპის გამოძიება,” – ასე გამოეხმაურა პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, თამარ კეკენაძე 20 ივნისის მოვლენებზე საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას.

მისივე თქმით, ამ გამოძიებას პოლიტიკური მოტივი აქვს.

“გიორგი გახარია ამ პასუხებისთვის მზად არის, იყო მზად, გასცა პასუხები და, შესაბამისად, თუ გამოძიება ჩატარდება, რა თქმა უნდა, გიორგი გახარია არსად გაქცევას არ აპირებს. დანარჩენი, ძალიან ნათელია ის პოლიტიკური მოტივი, რაც აქვს “ქართულ ოცნებას,” – აცხადებს კეკენაძე.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული რეკომენდაციის შესრულება დაიწყო. ხელახალმა გამოძიებამ პასუხები უნდა გასცეს კითხვებს 6 წლის წინ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით – რამდენად სწორად დაიგეგმა 20 ივნისს აქციის შეწყვეტის ოპერაცია და შეიძლებოდა თუ არა ზიანის შემცირება, ჰქონდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი და ვინ არიან შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირები.

,,ტრამპი და პუტინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”- ავთანდილ წულაძე

დონალდ ტრამპმა მკვეთრად შეცვალა რიტორიკა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ. ტრამპსა და პუტინს შორის მეექვსე სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასობრივი თავდასხმა დაიწყო, რამაც ამერიკაში აღშფოთება გამოიწვია არა მხოლოდ დემოკრატების, არამედ რესპუბლიკელებს შორის. ტრამპს სურს გამარჯვებულად და მსოფლიოში უძლიერეს ლიდერად გამოიყურებოდეს. პუტინის მხრიდან საჯარო დამცირება აიძულებს ტრამპს, მკვეთრად შეცვალოს რიტორიკა. ორშაბათს ტრამპი აპირებს განცხადებას, რომელიც პუტინისთვის უსიამოვნო სიურპრიზი იქნება.

ექსპერტები კამათობენ იმაზე, მთლიანად მიატოვა თუ არა ტრამპმა პუტინთან შეთანხმების მიღწევის იდეა, თუ მისი მკაცრი განცხადებები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლის საშუალებაა. ტრამპის არაპროგნოზირებადობა არ იძლევა ამ კითხვაზე მკაფიო პასუხის გაცემის საშუალებას.

თუმცა, სიტუაციის განვითარება აიძულებს ტრამპს შეცვალოს საგარეო პოლიტიკისადმი მიდგომები.  ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ევროპელებს პირადად განუცხადა, რომ ჩინეთი არ დაუშვებს რუსეთის დამარცხებას, რადგან ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები გააძლიერებდა ზეწოლას ჩინეთზე. სი ძინპინის ავადმყოფობის შესახებ ჭორების ფონზე, ჩინეთში „ქორების“ პოზიციები გაძლიერდა, რომლებიც მზად არიან დასავლეთთან სიტუაციის ესკალაციისთვის.

რუსეთში შეერთებულ შტატებთან კომპრომისის მომხრეებმაც წააგეს მკაცრი ხაზის მომხრეებთან. შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შესაძლო ერთობლივი ბიზნესპროექტების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებსაც დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ვიტკოფი აწარმოებდა, წარუმატებელი აღმოჩნდა. პუტინმა „ქორების“ მხარე დაიკავა და ზაფხულის შეტევის წარმატებაზე დებს ფსონს. პუტინი არ თანხმდება ტრამპის მიერ მოთხოვნილ ცეცხლის შეწყვეტას ზაფხულის სამხედრო კამპანიის დასრულებამდე.

ტრამპის გეგმები რუსეთის ჩინეთისგან ჩამოცილება შესახებ არარეალური აღმოჩნდა. მისმა სამშვიდობო ინიციატივებმა „ქორების“ პოზიციების გაძლიერება გამოიწვია როგორც ჩინეთში, ასევე რუსეთში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი და ჩინეთი მზად არიან გაზარდონ ფსონები.

ცნობილია, რომ ტრამპისთვის ეკონომიკური ინტერესები გადამწყვეტია. ტრამპმა სატარიფო ომის ახალი ეტაპი დაიწყო. კანადის წინააღმდეგ ტარიფების შემოღებამ უკვე გამოიწვია აშშ-ში საფონდო ბირჟების ინდექსების ვარდნა.

თუმცა, ტრამპს საფონდო ბირჟის რყევები არ აჩერებს. ტრამპი მიიჩნევს, რომ ტარიფები საერთაშორისო პოლიტიკაში ყველაზე ეფექტური იარაღია. ტრამპი, სავარაუდოდ, ამ იარაღს რუსეთის წინააღმდეგაც გამოიყენებს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ომს დაასრულებს, მაგრამ ტრამპისთვის  მნიშვნელოვანია, რომ მან ძლიერი ლიდერის იმიჯი შეინარჩუნოს. პუტინსაც ძლიერი ლიდერის იმიჯი უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ის უკრაინაზე თავდასხმების გაძლიერებას გააგრძელებს.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ტრამპის სურვილი, მიიღოს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. ვაშინგტონში ვიზიტის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს გადასცა დოკუმენტი ისრაელის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის ნობელის პრემიაზე წარდგენის შესახებ. უკრაინაში ომის გაგრძელება აზიანებს ტრამპის, როგორც მშვიდობისმყოფელის იმიჯს. ტრამპის პირადი წყენა პუტინის მიმართ შესაძლოა საერთაშორისო პოლიტიკაში უფრო მნიშვნელოვან ფაქტორად იქცეს, ვიდრე აშშ-ის გლობალური ინტერესები.

ამრიგად, სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია ნოემბერში წვიმიანი სეზონის დაწყებამდე გაიზრდება. ტრამპის ტარიფების ომი გლობალურ ეკონომიკაში ქაოსს გამოიწვევს. მსოფლიოში ეკონომიკური ზრდა შენელდება, ნავთობის ფასები კვლავ დაეცემა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთში და ჩინეთში „ქორები“ ამოწურავენ თავიანთ არგუმენტებს და ეკონომიკური კრიზისი აიძულებს ამ ქვეყნების ელიტებს, შეერთებულ შტატებთან კომპრომისი ეძიონ.

ავტ: ავთანდილ წულაძე – პოლიტოლოგი

“მე კითხვები მაქვს, 9 ტყვია რატომ მომხვდა, როდესაც მშვიდობიანი პროტესტანტი ვიყავი” – ირაკლი ფავლენიშვილი

“მე კითხვები მაქვს, 9 ტყვია რატომ მომხვდა, როდესაც მშვიდობიანი პროტესტანტი ვიყავი და ამის გამო დაზარალებულის სტატუსიც მაქვს”, – ასე გამოეხმაურა პარტია “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი 20-21 წლის მოვლენებზე საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას.

მისივე თქმით, ახლა ამ გამოძიების დაწყება “ქართული ოცნების” პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა.

“იყო უბრალოდ ბრუტალური თავდასხმა, დასახიჩრება, გამიზნული სპეცოპერაცია საათების განმავლობაში. ახლა ამ ყველაფრის გაკეთება, რა თქმა უნდა, არის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. შეიძლება, გახარიაზე აპირებენ ჯოხის გადატეხას მხოლოდ და მხოლოდ. იმდენად კომპლექსური დანაშაული იყო, რომ ძალიან ბევრი დამნაშავე არის,” – აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული რეკომენდაციის შესრულება დაიწყო. ხელახალმა გამოძიებამ პასუხები უნდა გასცეს კითხვებს 6 წლის წინ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. რამდენად სწორად დაიგეგმა 20 ივნისს აქციის შეწყვეტის ოპერაცია და შეიძლებოდა თუ არა ზიანის შემცირება, ჰქონდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი და ვინ არიან შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ხორბლის წარმოებაშია და ეტაპობრივად გავზარდოთ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი -დავით სონღულაშვილი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ხორბლის წარმოებაშია და ეტაპობრივად გავზარდოთ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, ფერმერებს მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესში შეფერხებები არ ჰქონდეთ.

„ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. შექმნილი გვაქვს საორგანიზაციო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს ხორბლის მოსავლის აღების და დაბინავების ლოგისტიკური ჯაჭვის გამართულ მუშაობას. ფერმერებთან, წისქვილკომბინატებთან, შემსყიდველ საწარმოებთან ოპერატიული კომუნიკაცია უზრუნველყოფილია ჩვენი შესაბამისი სამსახურების მიერ.

რაც შეეხება ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხს, მოსავლის აღების პროცესში ჩართულია 300-მდე კომბაინი. დღეისთვის ხორბლის მოსავალი უკვე აღებულია 15 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მეხორბლე ფერმერებს მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესში შეფერხებები არ ჰქონდეთ. სახელმწიფოს მიერ 9,6 მლნ ლარით თანადაფინანსებულია მარცვლოვანი კულტურების შემნახველი 23 საწარმოს შექმნა, რაც დარგისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღების აუცილებელი წინაპირობაა მოსავლის აგროვადებში აღება – ამინდებმაც უნდა შეგვიწყოს ხელი – და შესაბამის პირობებში განთავსება-დაბინავება.

აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში გაზრდილია საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა და ორ და სამ ტონამდე მერყეობს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ხუთ ტონამდეა. წარმოებაც სტაბილურია და, ვფიქრობთ, იმ მხარდაჭერით, რაც სახელმწიფოსგან ფერმერებს აქვთ და გულისხმობს, როგორც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, ისე ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ზრდის ტენდენციაც გვექნება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში, ხორბლისა და ქერის შემნახველ საწარმოში მეხორბლე ფერმერებს შეხვდნენ და ალოობის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრი შირაქის ველზეც იმყოფებოდნენ, სადაც ხორბლის აღების პროცესს გაეცნენ.

შალვა პაპუაშვილსა და დავით სონღულაშვილთან ერთად დედოფლისწყაროში პარლამენტის დეპუტატები, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები იმყოფებოდნენ.

სირცხვილია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ უნდა ვიყოთ ვასალი ან არშემდგარი ქვეყანა, რომელსაც სხვები ჩაუტარებენ არჩევნებს, დაუნიშნავენ მოსამართლეებს -შალვა პაპუაშვილი

სირცხვილია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის 34 წლისთავზე ამბობს, რომ უნდა ვიყოთ ჩვეულებრივი ვასალი, ან არშემდგარი ქვეყანა, ან რაღაცა არარსებული წარმონაქმნი, რომელსაც ჩაუტარებენ არჩევნებს, დაუნიშნავენ მოსამართლეებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  სალომე ზურაბიშვილმა სინამდვილეში თქვა, რა არის სხვების გეგმები საქართველოსთან მიმართებით, რომ იმართებოდეს გარედან, თითქოს ქვეყანაში პირველყოფილი თემური წყობილებაა.

„ქალბატონი სალომე უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, იქ დაბადებული, გაზრდილი და, როგორც ჩანს, ვერ გახდა ქართველი. ქართული პასპორტი აიღო, ძარღვებში აქვს ქართული სისხლი, მაგრამ არ აქვს ქართული გონი, ქართული სული და ქართული ხასიათი. არ აქვს ბმა იმასთან, რაც ნიშნავს, იყო ქართველი, იყო ამ ქვეყნის შვილი და ზრუნავდე მის დამოუკიდებლობაზე. სირცხვილია, რასაც ის ამბობს. ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის 34 წლისთავზე ამბობს, რომ უნდა ვიყოთ ჩვეულებრივი ვასალი, ან არშემდგარი ქვეყანა, ან რაღაცა არარსებული წარმონაქმნი, რომელსაც სხვები ჩაუტარებენ არჩევნებს, სხვები დაუნიშნავენ მოსამართლეებს. ამბობს, მაგრამ ამაში ახალი არაფერია, ამას ნელ-ნელა გვაპარებდნენ, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი დაფინანსებული ორგანიზაციები უნდა იყვნენ გადამწყვეტი, ვინც მოსამართლეებს დაგინიშნავთ, ვინც ცესკო-ს დაგინიშნავთ, ვინც სხვა თანამდებობებზე დაგინიშნავთ. ამიტომ, ქალბატონმა სალომემ რაც ქნა, ამით გაყიდა, სინამდვილეში რა არის სხვების გეგმები საქართველოსთან მიმართებით, რომ ჩვენ ვიმართებოდეთ გარედან, თითქოს აქ არის პირველყოფილი თემური წყობილება და არ შეგვიძლია, ჩვენი ქვეყანა თვითონ ვმართოთ, რაც არის სირცხვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს უნდა ქვეყნის დამოუკიდებლობა წყალში გადაყაროს.

„საკუთარი ერის ამ დონეზე დაკნინება, ერის, რომელმაც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე ადრე შექმნა ევროპული ყაიდის სახელმწიფო, ვგულისხმობ 1918-1921 წლების რესპუბლიკას, როდესაც სხვებთან არჩევნები არ ტარდებოდა, რა დემოკრატიაზე და რა ადამიანის უფლებებზე იყო საუბარი, ჩვენთან კი ეს ყველაფერი იყო მოცემული. ახლა კი ჩვენ უნდა მოგვადგეს სხვა ქვეყანა და გვიტაროს არჩევნები? არ ვიცი, ამ დონეზე ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა მიყვანილი ჰყავს, სამწუხაროდ, ბრიუსელს, მაგრამ ეს განზრახვები თუ აქვს ჩვენ მიმართ, აბა, რაღად გვინდოდა დამოუკიდებლობა? საბჭოთა კავშირს იმიტომ დავეხსენით, რომ ჩვენ თავს ვყოფილიყავით მიყუდნებული. ქალბატონ სალომეს უნდა, ეს ყველაფერი წყალში გადაყაროს, რასაც ჩვენი დამოუკიდებლობა ჰქვია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „სინდისის პატიმრები, ჟურნალისტები, პოლიტიკური ლიდერები უნდა გათავისუფლდნენ, რეპრესიული კანონები გაიწვიონ, საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს“.

მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა გააცნობიერონ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, რომ იბრძვის ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისთვის -მაკა ბოჭორიშვილი

x

ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ საქართველოს დღის წესრიგში მდგარი ამოცანები იყოს კარგად ცნობილი კოლეგებისთვის, რომ საქართველო იბრძვის ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორშვილმა დუბროვნიკის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა კარგად გააცნობიერონ, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა.

„დუბროვნიკის ფორუმი კარგი შესაძლებლობაა, რომ მქონდეს კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან. მქონდა რამდენიმე შეხვედრა, კიდევ მაქვს დაგეგმილი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოზიციები იყოს გაზიარებული, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე გვქონდეს მსჯელობა. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ საქართველოს დღის წესრიგში მდგარი ამოცანები იყოს კარგად ცნობილი კოლეგებისთვის, რომ საქართველო იბრძვის ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა კარგად გააცნობიერონ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. ასევე განხილვების დროს ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, ვისაუბროთ იმ როლზე, რაც საქართველოს აქვს რეგიონში ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ეს არის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რომელიც დღეს განიხილება სწორედ ამ ფორუმის ფარგლებში და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთმა ქვეყანამ, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი. სწორედ ამ მიმართულებით არის ჩვენი ქვეყანა მოწვეული და გვექნება შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები და პრიორიტეტები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.