Home Blog Page 4

დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულა” დატოვა და 26%-იანი წილი მიშა მშვილდაძეს 1 ლარად გადასცა

დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” კუთვნილი 26%-იანი წილი თანადამფუძნებლებს გადასცა, – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს. 

შესაბამისად, კეზერაშვილი “ფორმულას” მეწილე აღარ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, ცვლილება საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირდა.

“ამჟამად, ფორმულას 38,25%-ს ფლობს მიხეილ მშვილდაძე, 32.25%-ს არხის დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. 25%-ს მფლობელია არხის თანამშრომლების მიერ შექმნილი აიპი “თავისუფლების ფორმულა”. 2,25-2,25% კი ირაკლი საღინაძისა და რეჟისორ გიორგი ლიფონავას საკუთრებაში რჩება,” – ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შგახსენებთ, საჯარო რეესტრში დასრულდა 7 თებერვალს წამოწყებული სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც იმავე დღიდან 6 მარტამდე, შეჩერების აღმოსაფხვრელად დამატებით დოკუმენტების წარდგენამდე იყო შეჩერებული.

სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შეტანის მოთხოვნით შეტანილი განცხადების ავტორებმა გაითვალისწინეს საჯარო რეესტრი მოთხოვნები და მიცემული ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე წარადგინეს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დავით კეზერაშვილმა შპს ფორმულაში თავის 26%-იანი წილი ნდობით აღჭურვილი პირის სოფიო ბრიტანჩუკის მეშვეობით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გაასხვისა მიხეილ მშვილდაძეზე.

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

მთავრობის მეთაურმა ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„მხოლოდ და მხოლოდ მადლობის სიტყვები შეიძლება ითქვას ჩვენგან იმ წარმატებასთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ. 30 წელი ველოდებოდით ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და სწორედ თქვენმა თაობამ მიაღწია ამ უდიდეს წარმატებას, რაც მხოლოდ დასაწყისია განვითარების იმ ახალი ეტაპის, რომელმაც ქართულ ხელბურთს კიდევ უფრო დიდი წარმატებები უნდა მოუტანოს. ქართულ ხელბურთს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები და, რა თქმა უნდა, ამ ტრადიციებს უნდა დაეფუძნოს ჩვენი ხელბურთის შემდგომი წარმატება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მიღწეული წარმატებებისთვის ხელბურთელებს, ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანს, მთავარ მწვრთნელ ტიტე კალანდაძეს, ასევე ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და სპორტის მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, ხელი შევუწყოთ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. სპორტის წარმატებასთან ერთად იზრდება ინტერესი სპორტის მიმართ, განსაკუთრებით ბავშვებში, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ, თუმცა ჯერჯერობით ჩვენი ინფრასტრუქტურა, სამწუხაროდ, ვერ პასუხობს ამ მზარდ მოთხოვნას. ჩვენ უკვე დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც მაღალი მიღწევების სპორტისთვის, ასევე მასობრივი სპორტისთვის. ამ პროექტის ფარგლებში ხელბურთის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დაჯილდოების ცერემონია ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა.

ევროპარლამენტმა მოლდოვისთვის თითქმის 2 მილიარდი ევროს დახმარების გეგმა საბოლოოდ დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა მოლდოვისთვის თითქმის 2 მილიარდი ევროს დახმარების გეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი კენჭისყრის შემდეგ ავრცელებს.

განცხადების თანახმად, 1.9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი მოლდოვას დაეხმარება მისი სოციო-ეკონომიკური რეფორმების დაჩქარებაში, სიმყარის გაძლიერებასა და ევროინტეგრაციის წინ წაწევაში. ასევე, პაკეტი ისე არის შემუშავებული, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მოლდოვაზე მწვავე გავლენა შეამციროს.

ევროპარლამენტარებსა და ევროკავშირის საბჭოს შორის მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებულ იქნა, რომ მოლდოვას 520 მილიონი ევრო გრანტების სახით გადაეცემა (წინასწარი ინიციატივა 100 მილიონ ევროზე იყო), ხოლო დაახლოებით 1.5 მილიარდი ევრო დაბალპროცენტიანი სესხების სახით.

მოლდოვისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებას 499-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 117 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.

მოლდოვისთვის დახმარების პაკეტზე მოხსენება ევროპარლამენტარებმა ზიგფრიდ მურეშანმა და სვენ მიქსერმა მოამზადეს. მურეშანის თქმით, მოლდოვა დაფინანსების მიღებას უკვე აპრილში დაიწყებს.

პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა – თეთრი სახლი

თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ „50 გამარჯვების სია“ გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ მიღწევად წერია, რომ მან უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან საუდის არაბეთში ისტორიული სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით მშვიდობის მიღწევის მიზნით დასვა“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების შეხვედრა იმართება. ამერიკულ დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობს. მასთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობენ უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი.

უკრაინულ მხარეს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ პალისა წარმოადგენენ.

რაც მოისმინეთ, ნარკოდანაშაულით მოხეირე „ოცნების“ მორიგი თაღლითობაა – სინამდვილეში სხვა რამ აღელვებთ: აქტივისტების დევნა, „ჩადება“, შევიწროება და შემდეგ აქციის “გაშავება” – ნათია მეზვრიშვილი

“ქართულ ოცნებას“ ფეხებზე ჰკიდია ნარკოტიკებით გარდაცვლილი ახალგაზრდებიც, ნარკოტიკების გავრცელებაში ახალგაზრდების მზარდი მონაწილეობაც და გამსაღებელთა თავისუფლად თარეშიც, იმიტომ, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების გასაღებით, გამსაღებელთა მფარველობით, მომხმარებლებზე ზოგჯერ ზეწოლით და ზოგჯერ მათთან ვაჭრობით თავად ხეირობს – რაც გუშინ მოისმინეთ „ოცნებისგან“, არის ნარკოდანაშაულით მოხეირე „ოცნების“ მორიგი თაღლითობა, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრი ნათია მეზვრიშვილი “ფეისბუქზე” წერს, რითაც “ქართული ოცნების” მიერ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით დაანონსებულ ცვლილებებს ეხმაურება.

მისი თქმით, რეალურად, “ქართული ოცნება” ახლაც არჩევნებისთვის ემზადება და მიზანი “თაღლითობით ხმების მოზიდვაა”.

“ჩემი პოზიციაა, რომ ნარკოტიკების გამსაღებლები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ (არანაირი კომპრომისი), შეძენა-შენახვაზე უნდა მოხდეს სასჯელების დიფერენცირება, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების და სახეობების მიხედვით და უმკაცრესი უნდა იყოს მიდგომა ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან. ამასთან, სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს მომხმარებელთა (წამალდამოკიდებულთა) და მათი ოჯახების მხარდაჭერა-რეაბილიტაციაზე (პირველ რიგში, სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობით და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებით).

ეტაპობრივად უნდა შეიცვალოს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მოძველებული, არაეფექტიან მეთოდები და წლების განმავლობაში არსებული დასჯის პოლიტიკიდან უნდა გადავიდეთ პრევენციის, მომხმარებელთა რეაბილიტაციისა და გამსაღებელთა მკაცრად დასჯის ეფექტიან და სამართლიან პოლიტიკაზე.

ახლა, რაც შეეხება იმას, რას აკეთებს არალეგიტიმურ თაღლითთა დაჯგუფება:

„ოცნებას“ სულ ფეხებზე ჰკიდია ნარკოტიკებით გარდაცვლილი ახალგაზრდებიც, ნარკოტიკების გავრცელებაში ახალგაზრდების მზარდი მონაწილეობაც და გამსაღებელთა თავისუფლად თარეშიც იმიტომ, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების გასაღებით, გამსაღებელთა მფარველობით, მომხმარებლებზე ზოგჯერ ზეწოლით და ზოგჯერ მათთან ვაჭრობით თავად ხეირობს.

არ დაგვავიწყდეს ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც ნარკოტესტზე შემოწმების სავალდებულოობა გააუქმა იმიტომ, რომ „ოცნების“ რიგები სავსეა ნარკოტიკების მომხმარებლებით. გაუქმების მიზეზად რა დაასახელეს, ამასაც შეგახსენებთ: დეპუტატს შეურაცხყოფს შემოწმებაო.

ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც საარჩევნო მიზნებისთვის ჯერ ამნისტია შეახო ნარკოდანაშაულს და შემდეგ ყაველაშვილის შეწყალება. ანუ, როცა ხმებს ყიდულობდნენ, ამ დროს ნარკოდანაშაულის გავრცელება და ახალგაზრდებში მოხმარების ზრდა, არავის აინტერესებდა. თუ „ოცნებისთვის“ ხმა მოაქვს, ახალგაზრდების სიკვდილი რა მოსატანია.

ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელიც ჩანაცვლებითი თერაპიის, ე.წ. მეტადონის პროგრამაში კორუფციას აგუგუნებს და ნარკოდამოკიდებული ადამიანების ხარჯზე ფულს აკეთებს, ნაცვლად იმისა ამ ხალხის რეაბილიტაციაზე იზრუნოს. იმდენად ამორალურები და კორუმპირებულები არიან, აქაც ფულს აკეთებენ.

ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომლის პოლიცია “ბარიგების” გამოვლენის ნაცვლად ახალგაზრდა აქტივისტებს დასდევს. სანამ 5-6 პოლიციელი ერთ მოქალაქეს განსხვავებული აზრის გამო დასაჯარიმებლად დასდევს, მინიმუმ ერთი “ბარიგა” დათარეშობს ქვეყანაში. არც “ბარიგებთან” გარიგებაზე და ამ გზით გამდიდრებაზე ამბობენ უარს. ანუ, ივანიშვილი ახალგაზრდების მკვლელების ხარჯზეც მდიდრდება.

ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომლის პირობებში კლუბებში ახალგაზრდები იხოცებიან და არათუ რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამთ ნარკოტიკების გავრცელების პრევენციისთვის, ერთი პასუხისმგებლობიანი განცხადებაც არ გაუკეთებიათ.

ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც დააბრუნა „ჩადება“, რომელიც მოვსპეთ.

ამიტომ, რაც გუშინ მოისმინეთ „ოცნებისგან“, არის ნარკოდანაშაული მოხეირე „ოცნების“ მორიგი თაღლითობა. ახალგაზრდების სიკვდილი და ნარკოტიკების გასაღება რომ მართლა აღელვებდეთ, მინიმუმ რაც ზემოთ წერია იმას მოაგვარებდნენ. სინამდვილეში სხვა რამე აღელვებთ – აქციებზე მყოფი აქტივისტების დევნა – მათი გადაყვანა თითქოსდა ნარკოტიკების მოხმარებაზე შესამოწმებლად, მათთვის ჩადება (როგორც გიორგი ახობაძეს ჩაუდეს), ამ გზით მათი შევიწროება და შემდეგ აქციის გაშავება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მდინარაძეს ქვეცნობიერმა ამოსძახა – „როგორც ადრე იყოო“. რა სიმბოლურია, რომ რაც ადრე იყო, იმას სწორედ მდინარაძის პირით აბრუნებს „ოცნება“.

ახლაც არჩევნებისთვის ემზადებიან. მიზანი თაღლითობით ხმების მოზიდვაა. “ბარიგები” კი ისევ ითარეშებენ და ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ფეხებზე ეკიდებათ”,- აცხადებს მეზვრიშვილი.

პოლიციას გამოუძახე?! ვისთვის?! ჩემთვის ყველა კითხვას პასუხი გაეცა! – წითელი ხაზია, როცა პრინციპულ, ერთგულ, თავისუფალ ადამიანებს ასე ექცევი, იმედია, აღარასოდეს შევხვდებით! – ანდრო ჭიჭინაძე თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს

ვაპირებდი გიორგი შალუტაშვილთან დალაპარაკებას გამოსვლის შემდეგ. კითხვები მქონდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ექცევიან ჩემს მეგობრებს, ღირსეულ ადამიანებს! – რასაც აკეთებენ მთელი ამ დროის განმავლობაში, სრულიად მიუღებელია! – ამის შესახებ, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის განცხადებაშია ნათქვამი, რითაც თეატრალურ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ანდრო ჭიჭინაძე თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შალუტაშვილს მიმართავს და იმედს გამოთქვამს, რომ ერთმანეთს აღარასოდეს შეხვდებიან.

„დიდი ხანია თავს ვიკავებ განცხადების გაკეთებისგან. დაჭერის დღიდან, რადგან ყოველთვის ვერიდები „ღია დაპირისპირებაში შესვლას“. ვაპირებდი გიორგი შალუტაშვილთან დალაპარაკებას გამოსვლის შემდეგ. კითხვები მქონდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ექცევიან ჩემს მეგობრებს, ღირსეულ ადამიანებს!

რასაც აკეთებენ მთელი ამ დროის განმავლობაში სრულიად მიუღებელია! არის და აქამდეც იყო! განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს გაბედა და დაუპირისპირდა სისტემას! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კარგი და პატივსაცემი ურთიერთობა მქონდა მასთან. აქ ეს ბოლო ხარისხოვანია! წითელი ხაზია, როცა პრინციპულ, ერთგულ, თავისუფალ ადამიანებს ასე ექცევი!!!

პოლიციას გამოუძახე?! ვისთვის?! ჩემთვის ყველა კითხვას პასუხი გაეცა!

იმედია, აღარასოდეს შევხვდებით და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს უნივერსიტეტი გახდება ღირსეული სივრცე!“ – წერს ჭიჭინაძე მის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში, რომელსაც მისი ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობის გამო, მათ სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უნივერსიტეტმაც, სადაც აღნიშნული იყო რომ სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანება ჯერ არ არის გამოცემული, სტუდენტებს კი უფლება აქვთ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 12 მარტს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7894 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7766 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0128 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0396 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0162 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0234 ლარი შეადგინა

“ტრამპი ევროპას დიდებას უბრუნებს: აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპულ ინტეგრაციას ცივი ომის დასრულებიდან ყველაზე დიდი ბიძგი მისცა”-Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 11 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია მოწინავე სტატია სათაურით „ტრამპი ევროპას დიდებას უბრუნებს: აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპულ ინტეგრაციას ცივი ომის დასრულებიდან ყველაზე დიდი ბიძგი მისცა“ (ავტორი – გიდეონ რეჩმენი, საერთაშორისო მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპს არასოდეს არ მიუღია ნობელის მშვიდობის პრემია, მაგრამ იგი სერიოზული პრეტენდენტი უნდა გახდეს კარლოს დიდის პრემიის მისაღებად, რომელიც ყოველწლიურად ენიჭებათ ადამიანებს ევროპის ერთიანობაში დიდი წვლილის შეტანისათვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა თამაში დაუწყო მოსკოვს, შეასუსტა რწმენა ნატოს მიმართ, დაემუქრა ევროკავშირს ტარიფების ზრდით და მხარი დაუჭირა ევროპელ ულტრამემარჯვენეებს. ამ ყველაფერმა ევროკავშირზე მასტიმულირებელი ზემოქმედება მოახდინა. ფუნდამენტური ნაბიჯები ევროპული ერთიანობის განსამტკიცებლად, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში შენელებული იყო, ამჟამად ისევ აქტიურად გადაიდგმება.

არსებობს სამი საკვანძო სფერო, რომლებზედაც საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ. პირველი – ევროპული თავდაცვა, მეორე – საერთოევროპული ვალი, მესამე – ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული განხეთქილების აღმოფხვრა.

ამ მოვლენებს საფუძვლად უდევთ ევროპის საზოგადოებრივი აზრის მკვეთრი ცვლილება. გასულ კვირას ჩატარებულმა საზოგადოებრივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრიტანელების 78% დონალდ ტრამპს საფრთხედ მიიჩნევს დიდი ბრიტანეთისათვის. მათ ეთანხმებათ გერმანელთა დაახლოებით 74% და ფრანგების 69%. კიდევ ერთი გამოკითხვის დროს გერმანელთა 85%-მა საფრანგეთი საიმედო პარტნიორად შეაფასა. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, მას მხარს უჭერს გერმანელთა 78%. აშშ-ის რეიტინგი დაეცა 16%-მდე.

ბევრი ევროპელი ლიდერი ეთანხმება იმას, რომ ტრამპისეული ამერიკა დღეს [მათთვის] საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ამას ხმამაღლა ძალიან ცოტა ვინმე თუ იტყვის, დიპლომატიური მოსაზრებით. ისინი შეშფოთებით აცნობიერებენ იმასაც, რომ ტრანსატლანტიკურმა ალიანსმა, რომელსაც უკვე 8 წელი შეუსრულდა, ისინი ძლიერ დამოკიდებულებაში ჩააყენა აშშ-ის მხრიდან სამხედრო მხარდაჭერის საკითხში. ეს არამარტო ფულის ხარჯებთან დაკავშირებითაა, არამედ უფრო უარესადაც – ევროპა აშშ-ზე სახიფათოდ დამოკიდებული აღმოჩნდა ტექნოლოგიებისა და შეიარაღების დარგშიც.

ევროპელები ხედავენ, თუ როგორ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა უკრაინა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც სადაზვერვო მონაცემებისა და იარაღის გადაცემას ეხება. ამრიგად, საქმე ეხება ორ მიმართულებას: ერთი მხრივ, საჭიროა რაც შეიძლება გაჭიანურდეს ამერიკული დახმარების მიღება ევროპისათვის და მეორე – რაც შეიძლება სწრაფად მოემზადონ აღნიშნული მომენტისათვის

სწორედ ეს ლოგიკა ჰქონდა საფუძვლად გასულ კვირას მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ევროკომისიას ნება მიეცა 150 მილიარდი ევრო გამოყოს ევროკავშირის თავდაცვითი მრეწველობის განვითარებისათვის. ეს ახალი დანახარჯები, ალბათ, გამიზნული იქნება იმ სფეროებისათვის, რომლებშიც ევროპა ამერიკას ჩამოუვარდება (რაკეტმშენებლობა, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა და ა.შ.).

საერთოევროპულ ბიუჯეტში ვალების (დეფიციტის) დაშვება ეს არ არის მხოლოდ უბრალო მეთოდი თავდაცვის ფულის შესაგროვებლად. ეს არის აგრეთვე ევროს განმტკიცების შესაძლებლობა დოლარის ალტერნატივად, მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სახით. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კაპრიზები იმას ნიშნავს, რომ თეთრ სახლში კარგად იციან – მთელ მსოფლიოში არსებობს მნიშვნელოვანი მოთხოვნა აშშ-ის სახაზინო ვალდებულებების ალტერნატივაზე, ანუ დოლარის შემცვლელ უსაფრთხო ვალუტაზე.

გერმანია ტრადიციულად მკაცრად იცავს ხოლმე ტაბუს საერთოევროპული ბიუჯეტის დეფიციტის დაშვების საკითხში. ახლა ეს ტაბუ, დიდი ალბათობით, მოხსნილი იქნება. ფრიდრიხ მერცი, რომელიც გერმანიის კანცლერის პოსტს დაიკავებს, საფრანგეთთან შედარებით უფრო თავისუფლად იმოქმედებს: რადგანაც ბერლინი ყოველთვის ფრთხილობდა ბიუჯეტის დეფიციტი არ ჰქონოდა, მას უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება საშინაო ვალის ასაღებად, ვიდრე პარიზს, ან თუნდაც ლონდონს, რომლებიც ვალების აღების საკითხში საკმაოდ გაწაფულნი არიან და ამიტომაც აქვთ დიდი საბიუჯეტო დეფიციტი.

სხვათა შორის, ეკონომიკაში სამხედრო სექტორის გაფართოება გერმანიის ეკონომიკას საკმაოდ წაადგება. ერთ-ერთმა ცნობილმა ფრანგმა ბიზნესმენმა ჩემთან საუბარში საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა: „რა თქმა უნდა, აშკარად ასე მოხდება. გერმანია ვეღარ ჰყიდის თავის ავტომობილებს, სამაგიეროდ, დაამზადებს და გაჰყიდის ტანკებს“.

დონალდ ტრამპი თავისი მოქმედებით, ნებით თუ უნებლიედ, ხელს უწყობს ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ერთმანეთთან დაახლოების გააქტიურებას, „ბრექსიტის“ შემდეგ. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი მჭიდროდ თანამშრომლობენ უკრაინის საკითხში, ხოლო თუ მათ ფრიდრიხ მერციც დაემატება, მძლავრი პროუკრაინული ტრიუმვირატის შექმნის მოწმენი გავხდებით.

სამხედრო ხარჯების გაზრდის ერთ-ერთი მექანიზმი შეიძლება გახდეს ახალი ევროპული თავდაცვითი ფონდის ჩამოყალიბება, რომელშიც მონაწილეობის მიღება დიდ ბრიტანეთსაც შეუძლია. ეს იქნებოდა ლონდონისა და ბრიუსელის თანამშრომლობის ახალი ფორმა, რომელიც გარკვეულწილად აღმოფხვრის „ბრექსიტის“ შედეგად გახსნილი პანდორას ყუთის ნეგატიურ შედეგებს.

ბრექსიტით გამოწვეული ზიანის ნაწილობრივი ლიკვიდაციის პერსპექტივა ხაზს უსვამს, რომ ევროპისათვის შესაძლებლობების გამოხატვის დრო დგება. ევროპას ახლა, ალბათ, შეუძლია მსოფლიოს უფრო მეტად სტაბილური საქმიანი გარემო შესთავაზოს, ვიდრე ტრამპის ამერიკას.

იმდენად, რამდენადაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აძლიერებს ზეწოლას აშშ-ის უნივერსიტეტებზე, ევროპას წამყვანი ამერიკელი მკვლევრების მიზიდვის შანსი უჩნდება. მართალია, მათი ხელფასები აშშ-ში უფრო მაღალია, მაგრამ, ვფიქრობ, ევროკავშირი ამ საკითხის გადაწყვეტასაც მოახერხებს.

რასაკვირველია, დიდი ევროპული ერთიანობის გზაზე ბევრი უთანხმოება და წარუმატებლობა იქნება. საწყენია, რომ საფრანგეთი და გერმანია უკვე იწყებენ დავას იმის თაობაზე, თუ როგორ იქნება დახარჯული ევროკავშირის ახალი თავდაცვითი ფონდის სახსრები.

ყოველი მსგავსი კონფრონტაცია გააძლიერებს სკეპტიციზმს მათში, ვინც ამბობს, რომ ევროპა ძალების მოკრებას ვერასოდეს ვერ შეძლებს. ანალოგიური ეჭვები და ურწმუნოება იყო 1950-იან წლებში, როცა ევროპამ ფოლადისა და ქვანახშირის წარმოება გააერთიანა და 1990-იან წლებში, როცა საერთოევროპული ვალუტა იქნა შემოღებული. მაგრამ საბოლოოდ ევროპელმა ლიდერებმა თავისას მაინც მიაღწიეს – იმიტომ, რომ პოლიტიკური შეთანხმების სურვილი უფრო მეტი იყო, ვიდრე წინააღმდეგობა.

ევროპული ერთიანობის გზაზე მომხდარი ყველა დიდი ნახტომი გამოწვეული იყო გეოპოლიტიკური რყევებით – ჯერ მეორე მსოფლიო ომის დასრულებით, შემდეგ კი ცივი ომის დამთავრებით. ახლა, დონალდ ტრამპის წყალობით, ჩვენს თვალწინ ტრანსატლანტიკური ალიანსის დეზინტეგრირების პროცესი მიმდინარეობს. ევროპამ ენერგიული და ოსტატური რეაგირება მოახდინა წინა ორ სერიოზულ გამოწვევაზე. იმედია, რომ ევროპა იგივენაირად უპასუხებს დღევანდელ გამოწვევასაც.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი არ წარმოადგენენ ამერიკის სახელმწიფოს, ისინი ემსახურებიან “დიფ სთეითს”-კახა კალაძე

ეს ორი ადამიანი, რა თქმა უნდა, წარმოადგენს „დიფ სთეითს“, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი ებრძვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკელი სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის მიერ წარდგენილ MEGOBARI Act-თან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„ვიცით, ვის მიერ არის ინიცირებული აღნიშნული აქტი. ეს ორი ადამიანი გამოირჩევა ანტიქართული განცხადებებით, რომლებიც მათგან არაერთხელ მოგვისმენია. ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი ებრძვის „დიფ სთეითს“, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. რა თქმა უნდა, ეს სენატორები წარმოადგენენ „დიფ სთეითს“. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის თავდასხმები, რაც რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება თავად აღნიშნულ აქტს და მის სახელწოდებას, თბილისის მერი განმარტავს, რომ დოკუმენტს მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„რაც შეეხება მის სათაურს, ესეც ცინიკურია, იმიტომ, რომ მეგობრული და მეგობრობასთან კავშირი ამ აქტს არაფერი გააჩნია. ეს არის ჩვეულებრივი მტრობა. ჩვენ რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები. ისინი არ წარმოადგენენ ამერიკის სახელმწიფოს, ისინი წარმოადგენენ და ემსახურებიან კონკრეტულად „დიფ სთეითს“. შესაბამისად, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს აღნიშნულ აქტს. როდესაც გამოდიან და აშშ-ის პრეზიდენტს თავს ესხმიან „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ცხადი და ნათელია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე შეფასებით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც „დიფ სთეითის“ მომხრეებისთვის პრობლემას წარმოადგენს, რუსულ პროექტად იფუთება, რაც სრული სიცრუეა.

„ეს არის ჩვეულებრივი ბლეფი და სიცრუე – „დიფ სთეითის“ ერთგვარი მიდგომა, რომელიც მხოლოდ ჩვენთან მიმართებაში არ ხდება. ჩვენ რა უნდა გაგვიკვირდეს – დააკვირდით, ზოგადად მთელ მსოფლიოში, თუნდაც აშშ-ში, როდესაც ხდება კონკრეტული ქმედებები „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ, მაშინვე მოიშველიებენ და აქვთ ერთგვარი „მესიჯი“, პიარული სვლა – აშშ-ის პრეზიდენტზე პირდაპირ ამბობენ, რუსული პროექტიაო. რუსული „შლეიფით“ უნდათ შეფუთონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც მათ არ აწყობთ და პრობლემაა. შესაბამისად, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, რადგან ჩვენ ვატარებთ და ვიცავთ ამ ქვეყნის ინტერესს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ; ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული ვიღაცების ინტერესების გასატარებლად გარედან“, – განაცხადა თბილისის მერმა.

 დავაანონსეთ ორმილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა როგორც მაღალი მიღწევების, ასევე მასობრივი სპორტისთვის-ირაკლი კობახიძე

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, ხელი შევუწყოთ სპორტის განვითარებას და, განსაკუთრებით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელბურთელების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას ამბიციური გეგმები აქვს სპორტის მიმართულებით.

„სპორტის წარმატებასთან ერთად იზრდება ინტერესი, განსაკუთრებით ბავშვებში, სპორტის მიმართ, სპორტში ჩართულობის მიმართ, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ, თუმცა ჯერჯერობით ჩვენი ინფრასტრუქტურა, სამწუხაროდ, ვერ პასუხობს ამ მზარდ მოთხოვნას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. უკვე დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც მაღალი მიღწევების სპორტისთვის, ასევე მასობრივი სპორტისთვის. გპირდებით, რომ ამ პროექტის ფარგლებში ხელბურთის განვითარებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ყურადღება იქნება ხელბურთის განვითარებისა და ჩვენი ეროვნული ნაკრების მიმართ“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვერ გეტყვით, ოპოზიცია საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მესმის მათი შიშების, რადგან ისინი განწირული არიან მარცხისთვის-კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მარცხისთვის არის განწირული და მათ არცერთ რაიონსა თუ ქალაქში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ.

„ვერ გეტყვით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მესმის მათი შიშების, რადგან ისინი განწირული არიან მარცხისთვის. მათ არცერთ რაიონში, არცერთ ქალაქში, როგორც მერების, ისე საკრებულოების დონეზე, გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათ წაგებულ ბრძოლაში შემოსვლის არანაირი სურვილი არ აქვთ, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს უკვე დაწყებული აქვს არჩევნებისთვის მზადება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნებზე ღირსეულად წარდგეს.

„ჩვენ  დავიწყეთ მზადება არჩევნებისთვის, გვაქვს შეხვედრები, სიახლეების შემოტანა. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოებასთან. ჩვენთვის ყველაზე მთავარი გახლავთ ადამიანი, შესაბამისად, ყველა პროექტი ხორციელდება იმისთვის, რომ ქალაქში იყოს კომფორტი, ახალგაზრდებს ჰქონდეთ მრავალი შესაძლებლობა, იყოს პარკები, რეკრეაციული სივრცეები, სპორტული მოედნები და ა.შ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ღირსეულად გამოვიდეთ თვითმმართველობის არჩევნებში და მივაღწიოთ წარმატებას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბანკშია ხელმისაწვდომი

თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი.

კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც გაეცნობით თქვენთვის ხელმისაწვდომ შემდეგ მომსახურებებს:

ბიზნეს ლაუნჯების შეთავაზებაში გაეცნობით, როგორ უნდა ისარგებლოთ აეროპორტის ლაუნჯებით და რამდენ შესვლას ითვალისწინებს თქვენს ხელთ არსებული პრემიუმ ბარათები, როგორც თბილისის აეროპორტის კონცეპტ სივრცეში, ისე სხვა საერთაშორისო აეროპორტებში.

Fast Track მომსახურება კი საავიაციო უსაფრთხოების სწრაფ გავლას გულისხმობს.
მობაილბანკის აპლიკაციაშივე, ნახავთ ხელმისაწვდომ რაოდენობასა და პირობებს Fast Track მომსახურებაზე, რაც კიდევ უფრო გაგიმარტივებთ პროცესს და დაგიზოგავთ დროს გამგზავრებისას.

განაახლეთ თიბისის მობაილბანკის აპლიკაცია App Store/Play Store-დან და ისარგებლეთ ინოვაციური სერვისებით.

(R)