ბრიტანული გაზეთი „დეილი მეილი“ (Daily Mail) რუბრიკით „ექსკლუზივი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ბრიტანელთა ბანდა გოგონას, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი, თავის მოკვეთით და ოჯახის წევრების სიკვდილით ემუქრებოდა და ცხელი უთოთი აწამებდა იმ მიზნით, რომ საქართველოში ნარკოტიკები გადაეტანა. მან დახმარება ტაილანდის პოლიციას სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ“ (ავტორი – ენდი ჯერინგი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი ბრიტანელი გოგონა, 18 წლის ბელა ქოლი, რომელიც თბილისის (საქართველო) აეროპორტში, ბანგკოკიდან (ტაილანდი) ჩამოფრენისას (დუბაის – არაბთა გაერთიანებული საემიროების გავლით) 10 მაისს დააკავეს, ამბობს, რომ ტაილანდში არსებული ბრიტანელთა ბანდა მას და მის ოჯახს სიკვდილით ემუქრებოდა, თუ იგი 11 კილოგრამ კანაბისს კონტრაბანდის სახით არ წაიღებდა.
ბელა ქოლი, რომელიც ფეხმძიმეა, ჰყვება, რომ მას შემდეგ, როცა მას ცხელი უთოთი დაწვით დაემუქრნენ, დიდ ბრიტანეთში თავის ოჯახს ტექსტური გზავნილით აცნობა, რომ შველა სჭირდებოდა. გოგონას თქმით, მან დახმარებისთვის მიმართა ბანგკოკელ პოლიციელს და უთხრა, რომ მას იძულებულს ხდიან ნარკოტიკები შავიზღვისპირა ქვეყანაში – საქართველოში წაიღოს, მაგრამ პოლიციამ გოგონა ბანდას დაუბრუნა. იმ დროისათვის, როცა ბელა ქოლის მშობლებმა გზავნილი წაიკითხეს, უკვე ძალზე დაგვიანებული იყო.
ამჟამად ბელა საქართველოში, ქალთა მე-5 შრომით გამასწორებელ კოლონიაში იმყოფება. გუშინ მას სასამართლოს სხდომაზე უარი ეთქვა გირაოთი გათავისუფლებაზე და თუ დამნაშავედ შერაცხავენ ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ბელა ქოლის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ, რომელიც [სამართალდამცველებთან] მოხერხებული მომლაპარაკებლის სახელით სარგებლობს (იგი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მკვლელობის საქმესაც იძიებდა), განაცხადა, რომ „ბრიტანელი ტურისტი გოგონა იმ ასაკის არ არის, რომ გულდასმით დაფიქრებულიყო, თუ რა მოუვიდოდა, როცა მას ნარკოვაჭრობაში ამხელდნენ“.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბელა ქოლის საქმის მოსმენაზე გამოსვლის შემდეგ მალხაზ სალაყაია „დეილი მეილს“ ესაუბრა და უთხრა, რომ გოგონა ბანგკოკში არსებული ბრიტანელთა ბანდის სამიზნე გახდა. „ბანდიტებმა მათ უთხრეს: ჩვენ ვიცით შენი მშობლების მისამართი. ასევე ვიცით, თუ სად იმყოფება შენი 16 წლის ძმაც… მათ ბელა ქოლს აჩვენეს ვიდეო თავმოკვეთილი მამაკაცის კადრებით და უთხრეს, რომ თუ იმას არ გააკეთებდა, რასაც ეტყოდნენ, ასეთი ბედი ექნება მას და მისი ოჯახის წევრებსაც. კადრების ყურებისას მას გული აერია და თითქმის გონება დაკარგა, მაგრამ ბანდიტებმა მაინც აიძულეს ვიდეოსათვის ბოლომდე ეყურებინა“.
მისტერ მალხაზ სალაყაიას თქმით, „ბელა ქოლს მარჯვენა ხელზე ახლაც ემჩნევა იძულების კვალი – მას, ასე ვთქვათ, დაღი გაუკეთეს – ხელი ცხელი უთოთი დაუწვეს, ანუ განახორციელეს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ზეწოლა… რაც შეეხება იმ კითხვას – იყო თუ არა ბელა ქოლი ბანდიტურ ჯგუფთან ახლო კავშირში, გეტყვით, რომ იგი რამდენიმე მათგანც იცნობდა, რომლებიც ბრიტანელები იყვნენ. მან ჯერ ერთი გაიცნო, შემდეგ კი, მისი მეშვეობით, სხვებიც. ჩვენ გვაქვს იმის საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამ ბანდიტურ ჯგუფს ტაილანდში ადგილობრივი ქსელი ჰქონდა“.
სასამართლოს სხდომაზე ბელას მამა, 49 წლის ნილ ქოლი და დეიდა, 51 წლის ქერი ქოლი და ეჭვმიტანილის პაპა ესწრებოდნენ. დედამისი ვიდეოჩართვებით სარგებლობდა. ოჯახის წევრებმა სასამართლოს გირაოს გადახდა შესთავაზეს 13500 გირვანქა სტერლინგის ოდენობით, მაგრამ მოსამართლემ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოს სხდომაზე გაირკვა, რომ ზოგიერთი დეტალი იმ მუქარისა, რომელიც ბანდის წევრებმა ბელა ქოლზე განახორციელეს. „ინსტრუქცია, უფრო ზუსტად კი მუქარა-ულტიმატუმი, რომელიც მას ბანდიტებმა წაუყენეს, გამოიხატებოდა ასეთნაირად; „შენ აიღებ ამ ბარგს და გადაიტან „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში (კონკრეტული ქვეყნის მითითებით) და თუ ასე არ გააკეთებ, მოგკლავთ. არანაირი ლაპარაკი და პირობა რაიმე კომპენსაციაზე და ფულის გადახდაზე არ ყოფილა. ბელა, უბრალოდ, აიძულეს, რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩაედინა“.
„ვარაუდი იმისა, რომ ბანდის ერთ-ერთი წევრი ბელა ქოლის ბავშვის მამაა, სიმართლეს არ შეესაბამება. მე ამას კატეგორიულად უარვყოფ. გოგონას ფეხმძიმობას ბანდის წევრთან არავითარი კავშირი არ აქვს. ვერც იმას ვიტყვი, იცის თუ არა ბავშვის მამამ ბელას მდგომარეობა“, – ამბობს მისტერ მალხაზ სალაყაია.
ადვოკატმა ტაილანდის პოლიცია ბანდიტებთან კავშირში დაადანაშაულა და თქვა, რომ „სანამ ბელა ქოლი ბანგკოკში იყო, ძალიან შემაშფოთებელი და საგანგაშო ეპიზოდი მოხდა: ბელამ ისარგებლა მომენტით, რომ რომელიმე პოლიციელთან მისულიყო და თავისი გასაჭირი ეთქვა. პოლიციელები სამნი იყვნენ და ქუჩაში იდგნენ. მან უთხრა, რომ პრობლემა ჰქონდა და დახმარებოდნენ. ისინი 20 წუთი ლაპარაკობდნენ და ბოლოს მათ ისევ იმ ადამიანებთან დააბრუნეს, ვისგანაც ბელა გაიქცა და თავის გადარჩენას ცდილობდა. ეს ფაქტი საფუძველს გვაძლევს მარტივი დასკვნა გავაკეთოთ – ბანდიტური ჯგუფი ადგილობრივ პოლიციასთან კავშირში იმყოფებოდა“.
მალხაზ სალაყაია ვრცლად მოჰყვა, თუ როგორ ჩამოაღწია თბილისამდე ბელა ქოლმა: „მას უთხრეს, რომ იგი ერთ-ერთ ქვეყანაში გზავნიდნენ. ჩასვეს ავტომანქანაში, მიიყვანეს აეროპორტში, იქ გამყოლმა პასპორტი და ჩანთა მისცა. ბელა ქოლმა, როგორც ირკვევა, საპასპორტო კონტროლის დროს კონტროლიორს უთხრა, რომ ჩანთა მისი არ იყო, მაგრამ მან ყურადღება არ გაამახვილა“.
„როცა იგი თბილისში ჩამოფრინდა, პოლიციელებმა ბარგის შემოწმებისას ნარკოტიკები იპოვეს ვაკუუმური შეფუთვით. ბელა ქოლმა მათ აცნობა, რომ ჩანთა მისი არ არის და რომ მას უბრძანეს თბილისში ჩასვლისას ბარგი სხვისთვის გადაეცა და ამით მისი მისია შესრულებული იქნებოდა. ბელა ქოლი ნაწილობრივ აღიარა პოლიციელებთან, რომ იგი მუქარისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და ამიტომ იძულებული გახდა ნარკოტიკები წამოეღო. მას ბანგკოკში ფოტოსურათი აჩვენეს და უთხრეს, რომ ბარგი იმ ადამიანისათვის გადაეცა“, – ამბობს ადვოკატი.
მალხაზ სალაყაია ამბობს, რომ ნარკოტიკები ბელა ქოლს არ ეკუთვნის, ხოლო ბარგი უცნობმა პიროვნებამ დაარეგისტრირა მის სახელზე.
ადვოკატმა იმედი გამოხატა, რომ მოსამართლე ისარგებლებს შემამსუბუქებელი გარემოებებით და ბელა ქოლი მხოლოდ დაჯარიმდება და იგი დეპორტირებული იქნება დიდ ბრიტანეთში. „ეს რეალური სცენარია“, – განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.
სასამართლო პროცესი 10 ივლისს გაიმართება.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: