Home Blog Page 4

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

ბიზნესებისთვის თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა და ამისთვის, ბანკის ფილიალში, კომპანიის წარმომადგენლის  ვიზიტი საჭირო აღარ არის.

თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის ახალი ფუნქციონალით, ბიზნესებს შესაძლებლ ობა აქვთ, რამდენიმე წუთში, დამატებითი პროცედურების გარეშე  ჩაერთონ სახელფასო პროექტში, თანამშრომლებისთვის გააქტიურონ სახელფასო ბარათები, დაზოგონ დრო და კიდევ უფრო გაიმარტივონ ბანკთან ურთიერთობა.

სახელფასო პროექტში ჩასართავად, საკმარისია თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის შეთავაზებების გვერდიდან სახელფასო შეთავაზების არჩევა და საჭირო მონაცემების შევსება, რის შემდეგაც კომპანიას თიბისის წარმომადგენელი დაუკავშირდება.

„ჩვენთვის მომხმარებლების დრო ძალიან ღირებულია. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესებს დისტანციური სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ და მათი სურვილები და საჭიროებები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. დარწმუნებული ვარ, ახალი სერვისი თანაბრად  დაუზოგავს დროს, როგორც სტარტაპების,  ისე – დიდი კომპანიების HR მენეჯერებს თუ ხელმძღვანელ პირებს“, – ია კალმახელიძე, თიბისის სახელფასო გუნდის კაპიტანი.

თიბისის სახელფასო პროექტის და მასში ჩართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/daily-banking/payroll .

®

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა.

ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მოსამართლის განცხადებით  პოლიტიკოსმა არ შეასრულა გასული თვეში მისთვის დაწესებული სასამართლო შეზღუდვები, კერძოდ სოციალური მედიის გამოყენებაზე დაწესებული აკრძალვა დაარღვია.

ახალი ბრძანების მიხედვით, ბოლსონარუს უკრძალავენ სახლიდან გასვლას და ვიზიტების მიღებას, გარდა იურისტებისა და სასამართლოს მიერ ნებადართული პირებისა. ასევე ეკრძალება მობილური ტელეფონის გამოყენება.

ცნობისთვის, ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ედავებიან 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შედეგების არაღიარებას და ხელისუფლებაში დარჩენის მცდელობას. სასამართლოს აზრით, მან მოკავშირეებთან ერთად დაგეგმა სახელმწიფო გადატრიალება არჩევნების შედეგების გასაბათილებლად. ამასთან, ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ედავებიან, რომ ის ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სთხოვდა მხარდაჭერას ამ საქმეში.

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

საქმიან სფეროში კონკურენცია იჩენს თავს, თუმცა, წარმატება თქვენს მხარესაა. მოეშვით, მოდუნდით და ეცადეთ, საღამო საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

კურო

აქტიურდება შემოქმედებითი სფერო და სასიყვარულო საკითხები, შედეგებიც სასიკეთოა, თანამოაზრეებთან ურთიერთობა ოპტიმიზმით აგავსებთ და გაგახალისებთ.

ტყუპები

სარეკლამო საქმიანობისთვის მეტად ხელსაყრელი პერიოდია, კარგი დროა ექსპერიმენტებისთვის, სასიკეთო და წარმატებულიც შეიძლება იყოს თქვენი ემოციების ფურცელზე გადატანა. გაწერეთ სამომავლო გეგმები.

კირჩხიბი

შესაძლოა, დღეს დაგეგმოთ მოგზაურობა, შესაძლოა, ასევე, სარფიანი გარიგება და ხელშეკრულების დადება მოგიწიოთ პარტნიორებთან, ან წამოიწყოთ ახალი პროექტი.

ლომი

არ გამოგეპაროთ სამყაროს მინიშნებები, აიმაღლეთ განწყობა, იზრუნეთ გარეგნობაზე და კომფორტული გარემოს შექმნაზე, იყავით კეთილგანწყობილი და ლაღი.

ქალწული

სამსახურში საქმისადმი ენერგიული და პროფესიონალური მიდგომა წარმატებას მოგიტანთ. გადაანაწილეთ საკუთარი ძალები გონივრულად და ძალიან ნუ გადაიტვირთებით.

სასწორი

ნუ მოდუნდებით, იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით. ნურავის ნურაფერს აუხსნით, რადგან თქვენს ირგვლივ კონსერვატიული ადამიანებისთვის თქვენი კეთილშობილური ქმედებები ცოტა გაუგებარია.

მორიელი

შესაძლოა, სამსახურში განვითარებული მოულოდნელი სიტუაცია ზოგიერთმა კოლეგამ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და ხელში აიღოს საქმის სადავეები, ნუ აღელდებით, მალე ყველაფერი ძველებურ რეჟიმში გადავა და დალაგდება.

მშვილდოსანი

დიდად დაგიფასდებათ ოჯახის წევრებზე ზრუნვა და მათ მიმართ გამოხატული ყურადღება, მათ გვერდით ყოფნა და საქმეებში მხარდაჭერა იოლად გადაგაჭრევინებთ ნებისმიერ პრობლემას.

თხის რქა

შესაძლებლობა გაქვთ, დატკბეთ სასიამოვნო სიახლეებით. გაინებივრეთ თავი, გაისეირნეთ ბუნებაში, იმხიარულეთ  ძვირფას ადამიანებთან ერთად.

მერწყული

კარგი დროა საქმიანი გარიგებებისთვის, ახალი შენაძენისთვის, აირჩიეთ რაიმე საინტერესო საქმიანობა და შეუთავსეთ სასარგებლო და სასიამოვნოს. პირად ურთიერთობებში მეტი გულისხმიერება გამოიჩინეთ.

თევზები

შესაძლოა, ძველი პრობლემური სიტუაციები დალაგდეს, გაუმჯობესდეს, ან ახალი საქმეც კი დაიწყოთ. შეუდექით საქმეს გულმოდგინებით და მიიღეთ პროცესით სიამოვნება.

5 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

5 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რეგიონში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +31 – უმეტესად მზიანი

სოხუმი +30 – უმეტესად მზიანი

ზუგდიდი +31 – უმეტესად მზიანი

მესტია +28 -მზიანი

ფოთი +29 – უმეტესად მზიანი

ბათუმი +28 – წვიმა

ოზურგეთი +29 – წვიმა

ქუთაისი +33 – უმეტესად მზიანი

ამბროლაური +32 – მზიანი

ახალციხე +33 – უმეტესად მზიანი

ბორჯომი +29 – უმეტესად მზიანი

ბაკურიანი +28 – მზიანი

გორი +37 – მზიანი

ცხინვალი +34 – მზიანი

სტეფანწმინდა +26 – მზიანი

გუდაური +22 – მზიანი

თელავი +35 – მზიანი

რუსთავი +40 – მზიანი

თბილისი +38 – მზიანი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც თურქმენეთი ქალაქ ავაზაში მასპინძლობს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 5  აგვისტოს, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე. ირაკლი კობახიძე  აქცენტს გააკეთებს საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის როლზე, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდება კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის, თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს.
ირაკლი კობახიძე სამიტზე დასასწრებად დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მიიღო

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მიიღო.

„ამ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე ჩადიოდნენ.

ეს არის ის დოკუმენტი, რომლის გაცნობისას ნებისმიერი ადამიანი ნახავს რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და როგორი ფაქტები იყო“, – განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა დასკვნის პროექტზე მსჯელობისას.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, 5 თებერვლის შემდეგ კომისიამ 46 სხდომა გამართა, 139 პირი გამოჰკითხა, მათ შორის, ოთხი პირი ორჯერ, ასევე გამართა ერთი გასვლითი შეხვედრა ხონში, სადაც სასჯელაღსრულების ყოფილი მე-13 დაწესებულება დაათვალიერა.

„დასკვნას საფუძვლად დაედო გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებები და განცხადებები, რომელთა რაოდენობაც დღეის მდგომარეობით არის 775. შევისწავლეთ ყველა ის საერთაშორისო ანგარიში თუ შეფასება, ასევე, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, განაჩენები და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებიც მოცემულ პერიოდში  იყო გამოცემული და  საკვლევ საკითხებს ეხებოდა“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, დასკვნა რამდენიმე თავისგან შედგება და ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიცაა:

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას; სახელმწიფოს წარმომადგენლების მის ჩადენილ მკვლელობებსა და ძალადობას; ქონებრივი უფლებების დარღვევასა და ბიზნესის რეკეტს; მედიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მესაკუთრეების წინააღმდეგ ტერორსა და მათი უფლებების დარღვევებს; მოქალაქეების პირადი ცხოვრების დაცულობის ხელყოფის უხეშ ფაქტებს, მათ პირად სივრცეებში  ფარული ჩანაწერების გაკეთებასა და შემდეგ ამ ჩანაწერების შანტაჟისთვის გამოყენების ფაქტებს; 2008 წლის აგვისტოს ომს და ასევე, 2012 წლიდან დღემდე ომის პროპაგანდასა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისიის დასკვნა 430-გვერდიანია და  მასში  იმ დანართების ნუსხა არ შედის, რომელიც რამდენიმე ათეულ გვერდს მოიცავს.

„იმედი მაქვს, მოცემული დოკუმენტი  შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსა და  სასამართლოებს გამოადგება, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც მოწოდებული არიან აწარმოონ  ნამდვილი კვლევა და ის საკუთარი სამშობლოსა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის გამოიყენონ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომისიის გადაწყვეტილებით, დასკვნის განუყოფელი ნაწილი იქნება ყველა ის განცხადება, რომელიც მოქალაქეებმა კომისიაში წარადგინეს.

„არაერთი განცხადება ამ დასკვნაშია ასახული, მაგრამ არის განცხადებები, რომლებიც დასკვნაში შეიძლება სრულყოფილად ასახული არ იყოს და ეს გასაგებიც არის. ამიტომ, ყველა განცხადება ჩაითვლება ამ დასკვნის განუყოფელ ნაწილად და მას შემდეგ, რაც კომისია  მუშაობას დაასრულებს, თითოეული განცხადების შესწავლა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება“, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისიის დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება, რომელიც, სავარაუდოდ, სექტემბრის პირველივე რიცხვებში საკითხს განსახილველად შეიტანს პლენარული სხდომების დღის წესრიგში.

„საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნა გასაჯაროვდება და ამ დოკუმენტის პუნქტობრივი განხილვა მოხდება. ვიდრე საქართველოს პარლამენტი ამ დასკვნას არ მოისმენს, ბუნებრივია, ჩვენ, მესამე პირებთან მასზე მსჯელობას ვერ გავმართავთ“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია დაიწყო

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბენეფიციარებმა პროცედურა 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიარონ.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად მარტივად არის ორგანიზებული, რათა ბენეფიციარებმა სახელმწიფო პროგრამაში გადასვლა შეძლონ.

„შევეცადეთ, მაქსიმალურად მარტივი ყოფილიყო რეგისტრაციის პროცესი, იმავდროულად, ყოფილიყო შესაძლებლობა, სრულად მოგვეძიებინა ინფორმაცია თითოეული იმ ბენეფიციარის შესახებ, რომელსაც სურს სახელმწიფოს პროგრამაში გადმოსვლა. ამ ინფორმაციის თავმოყრა აუცილებელია და უშუალოდ, ბენეფიციარის ინტერესებშია, რადგან მკურნალობის სწორად, სრულფასოვნად დაგეგმვას ისახავს მიზნად. სერვისებზე ხელმისაწვდომობას გარკვეულ საფასურად თუ ახერხებდნენ, 15 აგვისტოდან, ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შემდეგ, ეს მათთვის უფასო გახდება. შესაბამისად, დაიწყება მკურნალობის პროცესის დაგეგმვა, მკურნალობის განხორციელება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, თითოეული მათგანი მონახავს საკუთარ თავში ძალას, მიიღონ სახელმწიფოსგან გაწვდილი ხელი, რაც შეიძლება ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული, საერთოდ არ იყვნენ დამოკიდებული ნარკოტიკზე. შესაბამისად, ეს მათთვის იქნება მიღწევადი მიზანი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ. გარდა ამისა, ყოველდღე, კვირის გარდა, 15:00-დან 18:00 საათამდე შესაძლებელია რეგისტრაცია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ან მის ტერიტორიულ განყოფილებებში. მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 230 10 53.

რა ეღირება დოლარი და ევრო 5 აგვისტოს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7029 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7050 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1254 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0872 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0382 ლარი შეადგინა

“ო, ეს ტუჩები…”: ტრამპი თავისი პრეს-მდივნის მიმართ ორაზროვან კომენტარებს აკეთებს”-Frankfurter Rundschau

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, აღფრთოვანებულია თავისი პრეს-მდივნით – ქეროლაინ ლილითით – და არამხოლოდ მისი პროფესიული თვისებებით“, – წერს გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ (Frankfurter Rundschau) სტატიაში სათაურით: „ო, ეს ტუჩები…“: ტრამპი თავისი პრეს-მდივნის მიმართ ორაზროვან კომენტარებს აკეთებს“ (ავტორი – ინეს ალბერტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

მკაცრად კონსერვატიული, იდეოლოგიურად ერთგული, მახვილგონიერი და მიმზიდველი გარეგნობის ქალი – ასეთი კრიტერიუმები ჰქონდა დონალდ ტრამპს, როცა პირად პრეს -მდივანს არჩევდა. 27 წლის ქეროლაინ ლილითმა „გამოცდა“ იდეალურად ჩააბარა – იგი ყველაზე ახალგაზრდა პრეს-მდივანი გახდა თეთრი სახლის ისტორიაში. ასევე ჯერჯერობით იგი ერთადერთია, რომელიც პრეს-მდივნად რჩება პრეზიდენტის მეორე ვადის დროსაც. შეგახსენებთ, რომ ქეროლაინ ლილითმა თანამდებობა ჯერ კიდევ 2017 წლის ივლისში დაიკავა და, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ახლაც კმაყოფილია თავისი 8 წლის წინანდელი არჩევანით.

რა თქვა ტრამპმა პრეს-მდივანზე, რომელიც შვილიშვილად ეკუთვნის

ტელეარხ Newsmax-ის წამყვანთან რობ ფინერტისთან ინტერვიუში დონალდ ტრამპი ქეროლაინ ლილითისადმი კომპლიმენტებში „დადნა“: როცა ჟურნალისტმა პირდაპირ ჰკითხა, „რას აფასებთ ყველაზე მეტად თქვენს პრეს-მდივანშიო“, პრეზიდენტს არ მოერიდა და პასუხი სწრაფად გასცა, თან აქცენტი გარეგნობაზე გააკეთა: „იგი ვარსკვლავი გახდა. ყველაზე მეტად მე პირადად ვაფასებ მის გარეგნობას, ჭკუა-გონებას და… ტუჩებს. მისი ტუჩები ტყვიამფრქვევით მოძრაობენ“, – ღიმილით თქვა დონალდ ტრამპმა. უეცრად მან მიმოიხედა: „ქეროლაინი აქ არის?“. „დიახ, აქ არის“, – დაადასტურა წამყვანმა. ტრამპმა უკვე სერიოზული ტონით განაგრძო: „იგი მშვენიერი ადამიანია და საუკეთესო პრეს-მდივანი, რომელიც ოდესმე რომელიმე პრეზიდენტს ჰყავდა“.

როგორი რეაგირება მოახდინა თვითონ ქეროლაინ ლილითმა 79 წლის პრეზიდენტის ნათქვამზე, რომელსაც იგი შვილიშვილად ეკუთვნის, ჯერჯერობით უცნობია. ზოგადად ყველამ იცის, რომ იგი პრეზიდენტის ერთგული მომხრე და თანამოაზრეა. ივლისში, მაგალითად, მან „ინსტაგრამის“ ქსელში ასეთი პოსტი განათავსა თავისი ხელმოწერით: „ექვსი თვე ყველაზე საუკეთესო პრეზიდენტთან ისტორიაში, მის გუნდთან ერთად“. ქეროლაინ ლილითი თავის უფროსს თავგამოდებულად იცავს ყველა საკითხში, მაგალითად, როცა პრეზიდენტმა მექსიკის ყურეს სახელი გადაარქვა და მას ამერიკის ყურე უწოდა.

ქეროლაინ ლილითმა დონალდ ტრამპთან მეორედ მუშაობა 2024 წელს დაიწყო, როცა პრეზიდენტობის კანდიდატმა იგი თავის საარჩევნო შტაბში მიიწვია. უფრო ადრე იგი კენჭს იყრიდა ნიუ-გემპშირიდან კონგრესის წევრად, მაგრამ დემოკრატებთან ბრძოლა წააგო. საარჩევნო კამპანიის დროს ქეროლაინმა გაიცნო თავისი მომავალი ქმარი, 59 წლის მშენებელი ნიკოლას რიჩო. წყვილს ერთი წლის ვაჟი ჰყავთ.
ცნობილია, რომ დონალდ ტრაპი არ ერიდება საჯარო განცხადებების გაკეთებას ქალთა გარეგნობაზე, მათ შორის თავისი ქალიშვილის ივანკას მიმართაც.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული

ქართველებს პიედესტალები გვიყვარს. მარტივად შემოვსვამთ მასზე ადამიანს და კიდევ უფრო მარტივად მოვთხოვთ მის დატოვებას. და, რადგან შელამაზებაც ჩვენი კულტურის ნაწილია, ყოველდღიურ ცხოვრებაში კომპლიმენტის გასამყარებლად ბოლოში „მართლა“-ს ვუმატებთ.

ანა გოგუაძე და მის მიერ შექმნილი კაფე „მზიური“ სხვა შემთხვევაა. სივრცეს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაუღო კარი მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებს, მოაწყო პლასტმასას  ურნა და ხილვადი, ადაპტირებული გახადა  გარემო  ეტლით მოსარგებლეებისთვის, „მართლა“-ს დამატებას არ საჭიროებს. 9 წლის განმავლობაში, „მზიური“ გახდა ადგილი,  სადაც მხოლოდ ყავის დასალევად  არ მიდიხარ.

ამიტომ  გასაკვირიც არ იყო, როდესაც თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული მზიური გახდა და „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოც“ ერგო. არადა,  წლევანდელ დაჯილდოებაზე  დარეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა რეკორდული იყო – 443.

თავიდანვე შევთანხმდეთ: მზიური მხოლოდ კაფე არ არის. ეს ზუსტად იცოდა ანა გოგუაძემ როდესაც 9 წლის წინ  დანგრეულ შენობას უყურებდა და გონებაში ნოდარ დუმბაძის სამყაროს აცოცხლებდა.

„გული მწყდებოდა მიტოვებულ მზიურის პარკზე. ის ნამდვილად არ ჰგავდა იმ ადგილს, რომელზეც ნოდარ დუმბაძე წერდა და ოცნებობდა. დუმბაძის შემოქმედება ჩემთვის ყოველთვის იყო ჰუმანურობისა და ადამიანობის მაგალითი. 12 წელი თანამოაზრეებთან ერთად ვაკეთებდით ფესტივალს, რომლის მიზანიც ამ ადგილის გამოცოცხლება იყო. ვგულშემატკივრობდი ქალბატონს, რომელმაც თავდაპირველად ამ მიტოვებულ შენობაში სეზონური კაფე გახსნა, თუმცა შემდგომ ფინანსური პრობლემების გამო დაიკეტა“, – გვიყვება ანა.

2015 წელს მეგობარმა სოციალური მეწარმეობის კონცეფცია აუხსნა. სოციალური კაფის  მიზანიც კომერციულ მოგებას სცდება და სოციალურ, საზოგადოებრივ თუ ეკოლოგიური იდეების მხარდაჭერას მოიცავს.

„ანუ რა გამოდის, რაც მეტ ყავას გავყიდით, მეტი ღონისძიების ჩატარებას შევძლებთ??“- კონტრკითხვა დასვა ანამ და მიხვდა, რომ მის იდეას შესაძლოა ხორცი შესხმოდა.  მზიური უნდა გამხდარიყო ცოცხალი ფუნქციურად დატვირთული არა მხოლოდ პირველ ივნისს, არამედ მთელი წლის განმავლობაში.

პირველი მხარდამჭერი და ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი თიბისი იყო, რომელმაც პროექტისთვის 50 000 ლარის ოდენობის დონაცია გამოყო, მას შემდეგ რაც თბილისის მერიამ  მიტოვებული შენობა „მზიურს“ დროებით სარგებლობაში გადასცა. თანხა არა მხოლოდ კაფის მოწყობას მოხმარდა, ანამ და მისმა მეგობრებმა ამორტიზირებული ამფითეატრის გარემონტებაც შეძლეს. თიბისის  ნდობა პატარა კომპანიებისთვისაც ბიძგი აღმოჩნდა, რომლებმაც სხვადასხვა ფორმით „მზიურის“ იდეას შეეხიდნენ.

„ჩვენ  მომსწრე ვართ, როგორ იცვლება  ადამიანების ქცევა. თავიდან პრობლემად მიაჩნდათ რომ კაფის წინ მანქანას ვერ აპარკინგებდნენ, ახლა ზოგი ველოსიპედით, ზოგი სკუტერით გვსტუმრობს., ზოგიც სპეციალურად გრძელ გზას ირჩევს პარკის მხრიდან რომ ჩვენთან შემოისეირნოს. როდესაც პლასტმასას ყუთი დავდგით, მას ნაგვის ურნადაც იყენებდნენ, შემდეგ ვხედავდით როგორ მოჰქონდათ მაცხოვრებლებს პლასტმასის ჭუჭყიანი ბოთლები, მალევე გამჭვირვალე ყუთში უკვე გარეცხილი ბოთლები იყრებოდა. ბავშვებს, აღარ  უკვირთ ეტლით მოსარგებლე ადამიანი, იმდენად ბუნებრივი ამბავია მათთვის“,- ამბობს ანა.

„უკვე ერთი წელია მზიურის მომავალი  გაურკვეველია, რადგან თბილისის მერიას კაფე მზიურისთვის კონტრაქტი არ განუახლებია. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, პირველი რასაც ვაკეთებ, არის ის, რომ შევდივარ მერიის ვებ-გვერდზე და ვამოწმებ აუქციონი ხომ არ დაიდო. მზიური არ არის მხოლოდ კაფე, ამდენი წლის შრომა ჩავდეთ, მერიის როლი დიდია რადგან ამ საქმის პარტნიორები თავადაც იყვნენ. მჯერა, რომ გადაწყვეტილებას შეცვლიან და დიალოგის რეჟიმს დავუბრუნდებით. თიბისის დაჯილდოების აპლიკაცია შევავსე, თუმცა დედლაინამდე ერთი საათით ადრე გავგზავნე. გავიფიქრე, თუ გავიმარჯვებთ ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენი სჯერათ და მზიური ბევრისთვისაა მნიშვნელოვანი“, – ამბობს ანა.

მისი დინჯი ოპტიმიზმი გადამდებია. ადამიანები, რომლებიც მზიურს ხშირად სტუმრობენ, შემდეგ ამ ღირებულებების ერთგვარი ელჩებიც ხდებიან. სხვაგანაც ითხოვენ ადაპტირებულ სივრცეს, ცდილობენ სოციუმში რაღაც უკეთესობისკენ შეცვალონ. მთავარია სჯერათ, რომ წარმატება გზაშია!

(R)

მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს გამოცხადდება

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს გამოცხადდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.

„ჩემი დაპატიმრების პირველი დღიდან ამ სასამართლო დარბაზში არაერთგზის მკაფიოდ დამიფიქსირებია, რომ პასუხისმგებლობას არ გავუბრივარ, განსხვავებით, ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან. კანონში არსებობს ჩემი ქმედების – სილის გაწვნისთვის ადეკვატური მუხლი. არ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ. ნურც ჯანმრთელობის მდგომარეობას გაითვალისწინებთ. მტკიცებულებებიც საკმარისია.

ხშირად ვხედავ მარცხნივ საელჩოებს, ორგანიზაციებს, რომლებიც მედიისა და ჟურნალისტების უფლებებზე მუშაობენ. მათი აქ ყოფნა ჩემს პერსონალურ მხარდაჭერად არ აღმიქვამს. ისინი აქ ჩვენი მომავლის, ღირებულებების, ევროპული მომავლის, თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად არიან. მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ მარტო არ ვართ და დიქტატურისკენ მიმავალ რეჟიმთან ბრძოლაში გვერდით გვყვანან. მადლობა საქართველოს მეგობრებს.

მადლობა ჩემს კოლეგებს, ჟურნალისტებს. კრიტიკულ მედიაში მომუშავე ყველა პირს, სამოქალაქო სექტორს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც წინააღმდეგობის ჯგუფს წარმოადგენს.

ბოდიშიც მაქვს მოსახდელი. ჩემს ოჯახს, მეგობრებს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გუნდს, მინდა, ვუთხრა, რომ ძალიან ვწუხვარ, ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან დროს თქვენთან რომ არ ვარ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა, იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად ვთვლი. არ გატყდეთ! მე თქვენი მჯერა. მჯერა იმის, როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოც არ უნდა გქონდეთ, თქვენი ყველა ნაბიჯი იქნება ღირსეული, აზრის, სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მიმართული. თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს! ჩვენ დამნაშავეები არ ვართ“, – განაცხადა მზია ამაღლობელმა.

ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად ბათუმის საქალაქო სასამართლოს გარე პერიმეტრზე შეკრებილი არიან ამაღლობელის კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები.

მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ერთობლივი საგრანტო კონკურსის შედეგები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ერთობლივი საგრანტო კონკურსის შედეგები
გამოვლინდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა  და თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK)  ერთობლივი საგრანტო კონკურსის 2024 წლის გამარჯვებული პროექტები.
Შედეგების გასაცნობად ეწვიეთ ფონდის ვებგვერდს: https://shorturl.at/wCx7L
(R)