Home Blog Page 4

2024 წელს აშშ-მა უკრაინას დაპირებული სამხედრო დახმარების მხოლოდ ნახევარი მიაწოდა – Reuters

2024 წელს აშშ-მა უკრაინას დაპირებული სამხედრო დახმარების მხოლოდ ნახევარი მიაწოდა, – წერს Reuters-ი.

როგორც გამოცემა წერს, რაც შეეხება შეფერხებების მიზეზებს, ისინი მოიცავს არა მხოლოდ ხანგრძლივ დისკუსიებს კონგრესში, არამედ შიდა დებატებს რუსეთთან ესკალაციის რისკების შესახებ, ასევე, შეშფოთებას იმის შესახებ, არის თუ არა საკმარისი აშშ მარაგები.

„როიტერის“ მიერ ჩატარებულ გამოძიებაში აღნიშნულია, რომ ეს შეფერხებები ემთხვევა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვადის ბოლო თვეებს და სწორედ ამ დროს დაკარგა უკრაინამ თითქმის მთელი ტერიტორია, რომელიც დაიბრუნა 2023 წლის კონტრშეტევის დროს.

მას შემდეგ, რაც პენტაგონმა გაზაფხულზე გამოაცხადა 1 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, უკრაინელი დეპუტატის და თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, ტეტიანა უსტინოვას თქმით, რეალური მიწოდება უფრო ნელი იყო.

და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მაშინდელმა მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა მაისში განაცხადა, რომ აშშ ცდილობდა მიწოდების „ტემპის დაჩქარებას“, უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, შეფერხებები გაგრძელდა.

გამოცემა წერს, რომ ომის დროს ამერიკული იარაღის საზღვარგარეთ გაგაზავნა მოითხოვს კომპლექსურ ლოგისტიკას და კოორდინაციას მრავალ ამერიკულ სააგენტოსა და მოკავშირე მთავრობას შორის. ამას შეიძლება თვეები დასჭირდეს.

აშშ-ის ოთხი ოფიციალური პირის თქმით, იარაღის მცირე პაკეტები შეიძლება ჩავიდეს ერთ-ორ კვირაში. დიდი მიწოდებას კი თვეები სჭირდება. 

„ამერიკის შეერთებული შტატებიდან ზაფხულის განმავლობაში მიწოდების უმეტესი ნაწილი შეზღუდული იყო, დახმარება მოიცავდა – რაკეტებსა და არტილერიას, რათა უკრაინას შეეძლებოდა თავის დაცვა, მაგრამ ვერ დაიწყებდა მნიშვნელოვან შეტევით მოქმედებებს“, – ნათქვამია Reuters-ის ანალიზში.

ამ საკითხთან დაკავშირებული მრავალი ამერიკელი ოფიციალური პირი გასულ ზაფხულს აგრესიული იარაღის შეზღუდვის გადაწყვეტილებას მიაწერდა შიშს, რომ ამერიკული მარაგი იწურებოდა.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ არ არსებობს მკაფიო კავშირი აშშ-ის დახმარების შეფერხებასა და უკრაინის ტერიტორიულ დანაკარგებს შორის.

„ომებს ვერასოდეს ვერ მოიგებ ან წააგებ დახმარების პაკეტებით. ამას სჭირდება სტრატეგია, ძალის დაგეგმვა, ძალის გამოყენება, ლიდერობა, მორალი და სხვა რამ და არა მხოლოდ დახმარების ნაკადი“, – ციტირებს გამოცემა თავდაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის პრეზიდენტის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის სეტ ჯონსის სიტყვებს.

სააგენტო წერს, რომ აშშ-ში დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, გაურკვევლობა უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით მხოლოდ გაძლიერდა.

„მის ახალ ადმინისტრაციას შეუძლია ნებისმიერ დროს შეაჩეროს მიწოდება, რომელიც უკვე მზად არის… მან და მისმა მხარდამჭერებმა კონგრესში ნათლად განაცხადეს, რომ მათ სურთ შეწყვიტონ მხარდაჭერა უკრაინის“, – წერს გამოცემა. 

მასკი აცხადებს, რომ USAID-ი ბიოლოგიური იარაღის კვლევებს აფინანსებდა

იცით თუ არა, რომ USAID-ი, თქვენი გადასახადებიდან დოლარების გამოყენებით, აფინანსებდა ბიოლოგიური იარაღის კვლევებს, მათ შორის COVID-19-ს, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა? – წერს აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი სოციალურ ქსელში.

ამასთან, მან გააზიარა სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლის პოსტი, რომელშიც ის USAID-ს „აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ფიქტიურ ორგანიზაციას“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ სააგენტომ 53 მილიონი დოლარი გადარიცხა EcoHealth Alliance-ში, რომელმაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხები გამოიყენა ჩინეთის ქალაქ უხანის ლაბორატორიაში კორონავირუსების კვლევების მხარდასაჭერად.

გარდა ამისა, მასკმა გააზიარა მრავალი ტვიტი, რომლებშიც მომხმარებლები მხარს უჭერენ USAID-ისთვის დაფინანსების შეწყვეტის განზრახვას და სააგენტოს უწოდებენ „ისტორიაში ყველაზე გიგანტურ გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციას“.

ტრამპის სპეცწარმომადგენელი: ზელენსკიმ მიგვანიშნა, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ საკუთარ პოზიციებს ტერიტორიებთან დაკავშირებით შეარბილებს.

მისი თქმით, იმავეს გაკეთება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსაც მოუწევს.

„უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მიგვანიშნა, რომ საკუთარ პოზიციას ტერიტორიებთან დაკავშირებით შეარბილებს. პუტინსაც მოუწევს საკუთარი პოზიციის შერბილება. დროთა განმავლობაში, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ჩვენ ყველასთან ერთად გავმართავთ დისკუსიას. და ეს კარგი იქნება ორივე მხარისთვის“, – თქვა კელოგმა.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონს სურს უკრაინაში წლის ბოლომდე არჩევნები ჩატარდეს, განსაკუთრებით, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიიღწევა.

„ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ საკმაოდ ბევრი საქმეა დაგროვებული”- სოზარ სუბარი

ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური საქმიანობის გამოძიებას. თუმცა დღეს ნამდვილად დადგა ის დრო, როდესაც ამის საჭიროებაც და აქტუალობაც კიდევ უფრო გამოიკვეთა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლის.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ საკმაოდ ბევრი საქმეა დაგროვებული, რომელიც მისი მხრიდან ჩადენილ სისტემურ დანაშაულს ადასტურებს.

„შარშან იყო რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომლის შემდეგაც ვალდებულებაც კი გვაქვს, რომ ასეთი კომისია შევქმნათ და ერთ -ერთი ასეთი არის „ოჩიგავა-საქართველოს წინააღმდეგ“ და ამ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ სისტემურ დანაშაულებს ჩადიოდა „ნაციონალური მოძრაობა“.
რაც შეეხება უშუალოდ კომისიას, ის შეიქმნება ძალიან მალე. კანონით არის განსაზღვრული, რომ მინიმუმ ნახევარი უნდა იყვნენ ოპოზიციის წევრები. შესაბამისად, თუ შემოვა დანარჩენი ოპოზიცია, რომელიც არ აპირებს პარლამენტში შემოსვლას და ღალატობს თავის ამომრჩეველს, ამ შემთხვევაში მათ ექნებათ თავისი კვოტები და სავარაუდოდ „ხალხის ძალის “კვოტა იქნება ერთი ადამიანი. თუ ეს არ მოხდება, ამ შემთხვევაში ამ კვოტებს ჩვენ ავითვისებთ.

რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებს, რომელიც არის გამოსაძიებელი იმდენი გვაქვს დაგროვებული თუნდაც მარტო ჩემი მოხსენებები, რომ ავიღოთ ან იმ სახალხო დამცველების მოხსენებებიც, რომლებიც ჩემს შემდეგ იყვნენ მარტო ესენი საკმარისი, როგორც პოლიტიკური , ისე სისხლის სამართლებრივი გასამართლებისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

,,ქვეყანაში წესრიგის შესანარჩუნებლად საჭიროა კანონის გამკაცრება”- გიორგი ვოლსკი

არანაირი ცვლილება არ მომხდარა იმ გეგმაში, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია. რა საკვირველია კანონის გამკაცრებაა საჭირო, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა.

მისი თქმით, ქვეყანაში წესრიგის შესანარჩუნებლად საჭიროა კანონის გამკაცრება.

„გეგმაზომიერი მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ დესტაბილიზაციას ჰქონდეს შეუქცევადი პროცესი. არანაირი ცვლილება არ მომხდარა იმ გეგმაში, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია. რა საკვირველია კანონის გამკაცრებაა საჭირო იმისთვის, იმისთვის რომ ქვეყანაში წესრიგი იყოს შენარჩუნებული. არ შეიძლება უარყოფითი ტენდენციების გაგრძელება იმ ქვეყანაში, რომელიც ყველა მაჩვენებლით არის წინ. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები.

,,როდესაც ბრიუსელელი ბიუროკრატები ძალადობას მშვიდობას ეძახიან, ეს აქეზებს ძალადობას”- შალვა პაპუაშვილი

ვიხილეთ დანაშაულის მცდელობა, რომ მოეხდინათ ავტომაგისტრალის ბლოკირება – პოლიციის ამოცანა არის ის, რომ დანაშაულის ჩადენა არ დაუშვას და ზუსტად ეს გააკეთა გუშინ მან – რაც შეეხება ცალკეულ ინციდენტებს, მე ამის შინაარსში და კომენტარში არ შევალ, ამისთვის არსებობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და შეუძლიათ მიმართონ , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი აქცია ძალადობრივი იყო და ზუსტად ის იყო გამაოგნებელი, რომ ბრიუსელელმა პოლიტიკოსებმა ძალადობრივ აქციას მშვიდობიანი უწოდეს.

პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც ბრიუსელელი ბიუროკრატები ძალადობას მშვიდობას ეძახიან, ეს აქეზებს ძალადობას.

“ამბობდნენ, რომ პოლიციელებისთვის მაშხალების სროლა, პარლამენტის დაწვის მცდელობა, ქვების სროლა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა იყო მშვიდობა. მაშინ ვთქვი, რომ თუკი ეს არის მშვიდობა, ასეთ მშვიდობა ჰქონდეთ თავის დედაქალაქებში ყოველ დღე. აუხდათ ხომ?! ახლაც, თუკი მათთვის მშვიდობა არის საერთაშორისო მაგისტრალების გადაკეტვა და ამის დაანონსება, ასეთი მშვიდობა ჰქონოდეთ თავის მაგისტრალებზე და ავტობანებზე.

დაანონსდა ძალადობრივი აქცია. დაანონსდა უცხოეთიდან დაფინანსებული “ენჯეოების” და “ნაცმოძრაობის” მხრიდან, რომ შეიკრიბებოდნენ მაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიაზე და მოახდენდნენ მაგისტრალის ბლოკირებას. თავისთავად მაგისტრალის ბლოკირების საშუალებას რომ სამართალდამცავები არ მისცემდნენ, ცხადია. იქ რომ მივიდნენ დახვდათ პოლიციის კორდონი, რომელიც მათ აფრთხილებდა, რომ არ მოეხდინათ მაგისტრალის ბლოკირება. მიუხედავად ამისა, სცადეს კორდონის გარღვევა და ბლოკირება.

ის, რაც ვიხილეთ პირდაპირ ეთერში, ეს იყო დანაშაულის მცდელობა, რომ მოეხდინათ ავტომაგისტრალის ბლოკირება. პოლიციის ამოცანა არის ის, რომ დანაშაულის ჩადენა არ დაუშვას და ზუსტად ეს გააკეთა გუშინ პოლიციამ, რომელიც მაგისტრალის ბლოკირება არ მოახდენინა. შესაბამისად, ამ დროს, როდესაც არის ძალადობრივი აქცია, თავისთავად საჭიროა საპოლიციო ძალის გამოყენება იმისათვის, რომ მოხდეს შეკავება. რაც შეეხება ცალკეულ ინციდენტებს, მე ამის შინაარსში და კომენტარში არ შევალ. არსებობს ამისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელსაც შეუძლიათ მიმართონ და სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამით დაკავდება.

რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას – ზუსტად ის იყო გამაოგნებელი, რომ ჩვენ გუშინვე მოვისმინეთ ბრიუსელელი პოლიტიკოსების, ჩინოვნიკების, თუ დიპლომატების განცხადება, რომლებმაც ძალადობრივ აქციას მშვიდობიანი უწოდეს. აი, ამას რომ ეძახიან მშვიდობიანს ამის გამოა, რომ ხდება შემდეგ ეს ძალადობა. ამიტომ არის, რომ როდესაც ძალადობას ეძახიან მშვიდობას და მშვიდობიან აქციას ზოგიერთ ბრიუსელელი ბიუროკრატი, ეს აქეზებს ძალადობას,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აღარ იარსებებს

საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აღარ იარსებებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით მიიღო.

აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად,  სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს არაერთი ფუნქცია გამოაკლდა. მათ შორის თანამდებობის პირთა დეკლარაციებისა და საჯარო სამსახურში ეთიკისა და კეთილსინდისიერების კონტროლის ფუნქციები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს რეგულირების სფეროში გადავიდა.

ამ ეტაპზე საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები არსებითად შემოიფარგლება საჯარო ადმინისტრირების რეფორმაზე მუშაობით, რაც მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის დეპარტამენტთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება  და საჯარო სამსახურში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რაც მეტწილად ტექნიკურ ფუნქციას წარმოადგენს. 

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სამსახურის ბიურო თავდაპირველი ფუნქციების ერთ მესამედს უკვე აღარ ფლობს, სსიპ-ის ფორმით მისი არსებობა მიზანშეუწონელია.

აქედან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1-ლი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო სსიპ-ის ფორმით აღარ იფუნქციონირებს და მის უფლებამოსილებაში დარჩენილ ფუნქციებს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტები განახორციელებენ.

მოქალაქეები არიან დაზიანებულები, მაგრამ არცერთი სამართალდამცავი არ არის მხილებული უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით – ლევან იოსელიანი 

25 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 22 მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, რაც საგანგაშოა – დღემდე არის სიტუაცია, როცა ჩვენი მოქალაქეები არიან დაზიანებულები, მაგრამ არცერთი სამართალდამცავი არ არის მხილებული უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით , – ამის შესადებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, დიღმის იზოლატორში დაკავებული პირების მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ფაქტი სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გადაგზავნილია შესაბამისი დოკუმენტაცია. სახალხო დამცველი უწყებას გამოძიების დაწყებისკენ და ყველა სამართალდამცავის, რომელმაც უფლებამოსილებას გადაამეტა, პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს.

“მე და ჩემმა წარმომადგენლებმა ყველა დაკავებული მოვინახულეთ, რომლებიც იმყოფებიან, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში და სადაც ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. შევადგინეთ სპეციალური დოკუმენტაცია და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადავუგზავნეთ. აქაც, დიღმის იზოლატორში ვინც კი ვნახე დაკავებული, ერთის გარდა, ყველა ძალის გადამეტებაზე და არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს. რამდენიმე მათგანს აღენიშნებოდა სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალი. სამწუხაროდ ისე, როგორც წინა აქციების დროს ვნახეთ, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება, იქცა ჩვეულ ამბად. 25 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 22 მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, რაც საგანგაშოა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვინც ჩაიდინა სავარაუდო დანაშაული, ყველანი პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები. დღემდე არის სიტუაცია, როცა ჩვენი მოქალაქეები არიან დაზიანებულები, მათ შორის ინგოროყვას კლინიკაში არიან მოთავსებულები, მაგრამ არცერთი სამართალდამცავი არ არის მხილებული უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით.

ჩვენთვის გარდა დაკავებულების წარმომადგენლებისა არავის მოუმართავს, თუმცა ვნახე კადრები, სადაც მოქალაქეების მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა, რაც მიუღებელია საკუთარი მოქალაქეების მიმართ და შსს-ს მოვუწოდებ, დაიწყოს მოკვლევა და გამოავლინოს ყველა ის პირი, რომლებიც მოქალაქეებს ასე მიმართავდა.

სახალხო დამცველის ფუნქციაა, რომ ყველა ფაქტზე, სადაც ადგილი აქვს ადამიანია უფლებების დარღვევას განცხადება გააკეთოს და დროული გამოძიება მოითხოვოს. ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც დაინდიტიფიცირებულია პოლიციელის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მიმართული გვაქვს. საგამოძიებო სამსახური და კანონმდებლობა იმიტომ გვაქვს, რომ ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები იქნეს გამოძიებული. მე აღმასრულებელი მანდატი არ მაქვს, აღმასრულებელი მანდატი აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელმაც ამ ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს და მე მეტი კომპეტენცია არ მაქვს. ჩემი ბერკეტია, რომ ყველა ფაქტი, რომელსაც ვაფასებთ ხვდება, ომბუდსმენის წლიურ ანგარიშში, რომელიც მნიშვნელოვანი დოკუმენტია და რომელსაც ყველა საქართველოს პარტნიორი კითხულობს და ამით აფასებენ საქართველოში არსებულ ვითარებას.

ასევე, შემაშფოთებელია, როცა მედიის თანამშრომლებზე ხდება ძალადობა და მათ არ ეძლევათ საშუალება უსაფრთხო გარემოში განახორციელონ საქმიანობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ყველა ფაქტი დროულად გამოიძიოს და ყველა პირი მისცეს პასუხისგებაში”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 4 თებერვალს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8403 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8403 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8563 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0160 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9090 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9651 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0561 ლარი შეადგინა.

გამოცხადდა 2025 წლის სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ – ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2025 წლის  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ – ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის მიზანია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), მათი მმართველობის სფეროში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების აღჭურვა თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურით,  სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამებით, კომპიუტერული ტექნიკით, საჭირო მასალებით, სათანადო ლიტერატურის შეძენის და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების  და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის, აუცილებელი სახსრებით უზრუნველყოფა.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ რუსთაველის ფონდის ვებგვერდზე.

https://shorturl.at/ruQCp

იმედია გამოიჩენთ სახელმწიფოებრივ აზროვნებას და დაიცვათ აშშ-ს შელახულ ღირსებას! – გოგა ხაინდრავა დანიგანს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს მიმართავს.

„ელჩო დენიგან!
იმედია გამოიჩენთ სახელმწიფოებრივ აზროვნებას და დაიცვათ აშშ-ს შელახულ ღირსებას!
საჯაროდ ბოდიშს მოუხდით ქართველ ხალხს იმ ბოროტი საქმიანობის გამო რასაც წლების მანძილზე ჩასდიოდა
აშშ-ს საელჩოში მოკალათებული კორუფციის და ექსტრემიზმის ბუნაგად ქცეული
USAID!
GOD BLESS USA!“,- წერს ხაინდრავა.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები რვა კანონში შედის – საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

შეკრება-მანიფესტაციებთან, ასევე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები რვა კანონში შედის და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი განსახილველად კომიტეტებს გადაეცა, რის შემდეგაც სესიაზე გავა.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან: – არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ისე, სისხლის სამართლის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს. უფრო კონკრეტულად: მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე აიკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება; წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება – იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც 60 დღემდე; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით; ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება განისაზღვრება პატიმრობა 3-წლამდე ვადით; იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის და იქნება 5 წლიდან 6 წლამდე; მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში; სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც; სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარაც.