Home Blog Page 4

ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა. უკრაინის პრეზიდენტი ევროპული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ევროპის ერთობა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპელი ხალხის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

„ჩვენ „მშვიდობის ფორმულის“ ფარგლებში ოთხი შეხვედრა გავმართეთ. მეხუთე დღეს საფრანგეთში ჩატარდება. მასპინძლობისთვის საფრანგეთის მადლობელი ვარ. ჩვენ ნოემბერში სრულფასოვან დოკუმენტს შევიმუშავებთ, რომელიც „მშვიდობის ფორმულაზე“ იქნება დაფუძნებული და მას მშვიდობის სამიტზე ყველას გავუზიარებთ, მათ შორის რუსებსაც“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, „გამარჯვების გეგმის“ მიზანს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროატლანტიკური საზოგადოების გაძლიერება წარმოადგენს.

„თუ ახლა დავიწყებთ და „გამარჯვების გეგმას“ მივყვებით, ჩვენ ამ ომის დასრულებას არაუგვიანეს მომავალი წლისა შევძლებთ. რუსეთი დიპლომატიას მხოლოდ მაშინ მიმართავს, როცა დაინახავს, რომ ძალით ვერაფერს მიაღწევს. ჩვენ ამ ომის დასასრულებლად შესაბამისი პირობები უნდა შევქმნათ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს „გამარჯვების გეგმის“ თითოეული პუნქტი გააცნო.

მივმართავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, სათანადოდ შეაფასონ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დარღვევების იგნორირება -გივი მიქანაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიცია, მათთან დაკავშირებული სუბიექტები გადავიდნენ რადიკალურ ქმედებებზე, რაც გამოიხატება წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ ხელის შეშლის კონტექსტში.

როგორც მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს განსაკუთრებით ეხება „ქართული ოცნების“ კუთვნილი წინასაარჩევნო ბანერების დაზიანებას და საარჩევნო რგოლების არგაშვებას.

გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე ისაუბრა და ამ კუთხით დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„გუშინ, 16 ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა, მამუკა ჯევაიშმა, თანმხლებ პირებთან ერთად, დააზიანა „ქართული ოცნების“ ორი საარჩევნო ბილბორდი. „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბმა აღნიშნულის შესახებ შეტყობინება გადასცა 112-ს, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე.

საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლა, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებიდან. ამის დასადასტურებლად საზოგადოებას შევახსენებთ შემდეგ დარღვევებს:

15 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ განახორციელეს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბილბორდების დაზიანება, რაც ცალსახად სხვისი ნივთის დაზიანებას წარმოადგენს.

5 ოქტომბერს ჩუღურეთის რაიონში, მამარდაშვილის ქუჩა ნომერ 12-ში „ლელოს“ აქტივისტმა, სალომე ტიმჩენკომ ცეცხლი წაუკიდა „ქართული ოცნების“ სიმბოლიკას, დაწვა „ქართული ოცნების“ დროშა.

8 სექტემბერს აეროპორტის დასახლებაში პარტია „ახლის“ აქტივისტებმა, პარტიის ლიდერების, მაია კოპალეიშვილისა და ანა გოგოლაძის ხელმძღვანელობით, დახიეს მმართველი გუნდის გაკრული პლაკატები.

სექტემბრის დასაწყისში ოპოზიციის აქტივისტებმა საბურთალოზე, ვარკეთილში, ნაძალადევსა და დიდუბეში არაერთგზის გადააკრეს, ჩამოხიეს და დააზიანეს „ქართული ოცნების“ პლაკატები.

საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ ხაზარაძის, გვარამიასა და კეზერაშვილის კუთვნილმა ტელევიზიებმა: „მთავარმა არხმა“ „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“, კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, დღეის ჩათვლით არ გაუშვეს „ქართული ოცნების“ სარეკლამო რგოლების ნაწილი, რითიც, საერთო ჯამში, ხუთ საათზე მეტი დროით უფასო სარეკლამო ზიანი მოგვაყენეს.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, გრძელდება ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წარმოდგენილი დარღვევების იგნორირება. მოვითხოვთ, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან ასახონ თავის შუალედურ თუ შემაჯამებელ ანგარიშებში ის მრავლობითი წინასაარჩევნო დარღვევა, რომელიც ჩვენ მიერ გასაჯაროვდა და ასახულია „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე ატვირთულ ანგარიშებში.

ასევე, მივმართავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საკუთარ ანგარიშებში ასახონ და სათანადოდ შეაფასონ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ჩვენ წინააღმდეგ განხორციელებული საარჩევნო დარღვევების იგნორირება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თეატრი „სახელოსნო 42“ წარმოგიდგენთ ოქტომბერ-ნოემბრის სპექტაკლებს  

თეატრი „სახელოსნო 42“ ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით – კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.

 

თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და Visa.

თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებისთვის მეოთხე რიგის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

 

გაეცანით ოქტომბერ – ნოემბრის აფიშას:

27 ოქტომბერი, 2, 10 და 14 ნოემბერი | „TooTsie“.

სპექტაკლის იდეა ამავე სახელწოდების ფილმიდან მოდის, თუმცა მთავარი აქცენტი მსახიობის პროფესიისადმი სიყვარულზე და თავგანწირვაზეა. ეს არის ამბავი მსახიობის უამრავი ფიქრის, ტკივილის, გრძნობების და იმ მთავარი მისიის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა და ამ მისიის შესასრულებლად ყოველ დღე იბრძვის.

29  და 30 ოქტომბერი, 7 ნოემბერი | „დონ ჟუანი“

ეს არის სპექტაკლი გმირის სულიერ კრიზისზე, ადამიანზე, რომელიც სიყვარულს ეძებს და ამ ძიებაში საკუთარ თავს კარგავს… ეს არის სპექტაკლი ვნებებზე, შეცდომებზე და აქედან გამომდინარე − მძიმე სასჯელზე, ასევე, თავგადასავალზე და ამ სამყაროში სიმართლისა თუ სიყვარულის აღმოჩენისკენ სწრაფვაზე.

31 ოქტომბერი, 15 ნოემბერი | „ოტელო“

ოტელო – სიყვარული ომის შემდეგ. ომი არამხოლოდ სამყაროს დამანგრეველი ძალაა, არამედ ადამიანების დაშლის მდგომარეობა, ომიდან ადამიანები სახლში ბრუნდებიან, ცოცხალია მათი მეხსიერებაც. მკვლელობა დანაშაული აღარ არის, როდესაც თავად ფსიქოლოგიურად შეცვლილები ბრუნდებიან. ვნება, სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი? თუ ეჭვისა და შურისძიების გზების ძიება.

1 ნოემბერი | „ფრეკენ ჟული“

,,ფრეკენ ჟული“ ერთ-ერთი ყველაზე, საინტერესო, მრავლისმთქმელი და ღრმა პიესაა სარეჟისორო და სამსახიობო თვალსაზრისით. ეს არის ამბავი, კლასობრივად სრულიად სხვადასხვა საფეხურზე მდგომ ადამიანებზე, რომლებიც სურვილების და მანიპულაციის გამაბრუებელ ფერხულში ებმებიან.

3, 5 ნოემბერი და 12 ნოემბერი | „1921-1924“

სპექტაკლში მოქმედება საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო დღეების და ბოლშევიკური რეპრესიების ფონზე ვითარდება. საქართველოს გასაბჭოებამ თაობებს წაართვა მომავალი, ოცნება, მთლიანად ცხოვრება და დიდი ხნით გამოუვალ, ტრაგიკულ მდგომარეობაში გამოკეტა.

6 ნოემბერი | „დირიჟორი“

1946 წელს ნიუნბერგში, ბერლინის სახელმწიფო ორკესტრის მთავარ დირიჟორს – ფურტვენგლერს ასამართლებენ.

დებორა არნოლდი ცნობილი გერმანელი დირიჟორის, დოქტორ ფურტვენგლერის წარსულის გამოძიებას ცდილობს. დაკითხვის ოთახი განსხვავებული იდეოლოგიების ბრძოლის ველად იქცევა: შეიძლება თუ არა, გამიჯნო ხელოვნება და პოლიტიკა? იცხოვრო და იმუშაო მშვიდად, მას შემდეგ რაც ეშმაკს ჩამოართვი ხელი? შეუძლია მუსიკას ადამიანის სულის გათავისუფლება? რონალდ ჰარვუდის ეს დამატყვევებელი პიესა ამ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან შეკითხვას სვამს, თუმცა პასუხის მოსმენა მარტივი არ იქნება.

(R)

,,გუშინდელი“ მოძალადეები ვერ შექმნიან ვერაფერ ღირებულს, ,,მევახშეებისაგან“ უსახლკაროებზე ზრუნვა ადამიანურობის დაცინვაა, ვითომ „გაახლებულების“ ყველაფერი ქართულის სიძულვილი ვერ გადაიფარება ,,როთების“ უღმერთოებით -ზაალ მიქელაძე

„გონიერება ქართველ კაცს არასოდეს აკლდა. ყოველთვის ქვეყნისთვის რთულ ტურბულენტურ პერიოდში იღებდა სწორ გადაწყვეტილებას“, – წერს სოციალურ ქსელში, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი ზაალ მიქელაძე და მოუწოდებს ამომრჩეველს 26 ოქტომბერს მხარი დაუჭიროს ქვეყნის მშვიდობიან და ღირსეულ მომავალს.

„ჩემო თანამოქალაქენო! მოგმართავთ საარჩევნო კამპანიის მიწურულს – თქვენ ქმნით ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ,,გუშინდელი“ მოძალადეები ვერ შექმნიან ვერაფერ ღირებულს, ,,მევახშეებისაგან“ უსახლკაროებზე ზრუნვა ადამიანურობის დაცინვაა, ვითომ ,,გაახლებულების“ ყველაფერი ქართულის სიძულვილი ვერ გადაიფარება ,,როთების“ უღმერთოებით.

საქართველოში საუკუნეებია ღირსებით, თაობიდან თაობას გადაეცემა ჩვენი ტრადიციების პატივისცემა. ოჯახის სიწმინდე და სამშობლოს სიყვარული ეროვნული ღირებულებებია.

გონიერება ქართველ კაცს არასოდეს აკლდა. ყოველთვის ქვეყნისთვის რთულ ტურბულენტურ პერიოდში იღებდა სწორ გადაწყვეტილებას.

ჩვენ ყოველთვის გვესმოდა და გვჯეროდა ერთმანეთის, ვიზიარებდით საერთო ტკივილსა და სიხარულს. არასოდეს მიმიტოვებია მარტო, ჩემი ხალხი განსაცდელის ჟამს და თავს უფლებას ვაძლევ გთხოვოთ მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მშვიდობიანი და ღირსეული მომავლისათვის…
გააფერადე 41! “ – წერს ზაალ მიქელაძემ.

 მომავალი არჩევნები იქნება ჭეშმარიტების მომენტი, ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, რომელი გზით სურს სვლა, ევროპისკენ თუ ევროპისგან დაშორება -ჯოზეფ ბორელი

მომავალი არჩევნები იქნება ჭეშმარიტების მომენტი, ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, რომელი გზით სურს სვლა, ევროპისკენ თუ ევროპისგან დაშორება – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა.

„რაც შეეხება საქართველოს, სინამდვილეში არის დემოკრატიული უკუსვლა. მომავალი არჩევნები იქნება ჭეშმარიტების მომენტი და ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი გზით სურთ სვლა – ევროპისკენ თუ ევროპისგან დაშორება. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენთვის და საქართველოსთვის კიდევ უფრო მეტად, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალია“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

საქართველოს საკურორტო პოტენციალს ამერიკის შეერთებულ შტატებში სპა მემკვიდრეობის საერთაშორისო ფესტივალზე გაეცნენ

ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის, EHTTA-ს მიწვევით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს დელეგაციამ სპა მემკვიდრეობის პირველ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპაქალაქ სარატოგა სპრინგსში (ნიუ იორკის შტატი) გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ კურორტების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფესტივალის ფარგლებში „ევროპის თერმული მემკვიდრეობის“ კონფერენციაზე კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა. მან აუდიტორიას საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების ისტორია და კურორტების განვითარების მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები გააცნო.

საფესტივალო პროგრამის ფარგლებში კურორტების განვითარების სააგენტოს დელეგაცია, EHTTA-ს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ასოციაციის წევრის სტატუსით შეხვდა სპაქალაქ სარატოგა სპრინგსის მერს, ჯონ საფორდს, ნიუ იორკის შტატის ტურიზმის განყოფილების აღმასრულებელ დირექტორსა და ვიცე-პრეზიდენტს, როს ლევის, ნიუ იორკის შტატის პარკების კომისარსა და შტაბის უფროსს, რენდი სიმონსს, სარატოგა სპრინგსის ეროვნული პარკის დირექტორს, ალენ ბალ ჩინიანს. გაიმართა B2B შეხვედრები თერმული კურორტების მმართველობაში ჩართულ, ასევე, ტურიზმის სექტორის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან.

„კურორტების განვითარების სააგენტოს, როგორც EHTTA-ს წევრ ორგანიზაციას, მოგვეცა შესაძლებლობა, ამჟამად უკვე ამერიკელ საზოგადოებას გავაცნოთ საქართველოს მდიდარი ბალნეოლოგიური პოტენციალი. ამდენად, ევროპის თერმული მემკვიდრეობის ფესტივალს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს სააგენტოსთვის, რადგან ხდება საქმიანი კავშირების დამყარება და ურთიერთობის გაღრმავება ევროპელ თუ ამერიკელ პოტენციურ პარტნიორებთან,“ -აღნიშნა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

„ოფიციალური ნაწილის გარდა, საფესტივალო პროგრამა ტურისტულ გამოფენასაც მოიცავდა, სადაც 2 დღის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების, და მათ რიცხვში, როგორც ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების მარშრუტში შემავალი დესტინაციის – საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების მდიდარ მემკვიდრეობას.

SPA მემკვიდრეობის საერთაშორისო ფესტივალს 300-მდე ექსპერტი, საზოგადოების ფართო წრეები და მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ კურორტების განვითარების სააგენტო ფესტივალზე EHTTA-ს წევრი ორგანიზაციის სტატუსით მონაწილეობდა. სააგენტო ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი გასულ თვეში გახდა. საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებას წინ უძღოდა წარმატებით განხორციელებული არაერთი ერთობლივი აქტივობა.

ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაცია (EHTTA) არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ასოციაცია და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, UNWTO-ს აფილირებული წევრი. ორგანიზაცია ევროპის 18 ქვეყნის 51 წევრს აერთიანებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს, რომ მაქსიმალურად ტრანსფარენტული და ობიექტური იყოს ჩვენი საარჩევნო პროცესი -ლევან დავითაშვილი

ჩვენთვის ახალი არ არის ის რიტორიკა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურად ხდება პროცესების შეფასება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, რადგან ვართ საარჩევნო პროცესში და ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება ყველა ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანას, იმიტომ, რომ მაქსიმალურად ტრანსფარენტული და ობიექტური იყოს ჩვენი საარჩევნო პროცესი, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უპასუხა დასმულ შეკითხვაზე, რომელიც ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადების შეფასებას ეხებოდა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, სხვა შეფასება, ამ ეტაპზე, ზედმეტია.

„არჩევნების ჩატარებამდე დაგვრჩა ათ დღეზე ნაკლები დრო, შესაბამისად, მოსახლეობას უნდა მივცეთ საშუალება, ობიექტურად, ზეწოლის გარეშე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთონ სწორი არჩევანი“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თიბისის ტექსკოლაში 600-მა უფროსკლასელმა ტექნოლოგიების შესწავლა დაიწყო

ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით.

ტექსკოლის მე-4 სემესტრზე ჯამში 1123 უფროსკლასელი დარეგისტრირდა, კონკურსის საფუძველზე, მათგან 600 მოსწავლე შეირჩა, რომლებიც მომავალი სამი თვის განმავლობაში ტექნოლოგიებს უფასოდ შეისწავლიან.

თიბისიმ ტექსკოლა, ჯეოლაბთან პარტნიორობით გასულ წელს დაარსდა და მთელი საქართველოდან, 2000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა 18%-ზე მეტმა მოსწავლემ, ტექსკოლაში, სხვადასხვა მიმართულებით ტექნოლოგიების შემსწავლელი რამდენიმე კურსი გაიარა.

თიბისისთვის ახალი თაობის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა პრიორიტეტია. თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, თიბისი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და იდეების რეალობად გადაქცევა.

(R)

 კვლავაც მაქვს შესაძლებლობა, მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღე, რომელიც ყველას ახსენებს თქვენს ღვაწლს, ჩვენი ახლო წარსულის ცოცხალ მაგალითს, ქვეყნისა და მოყვასის სამსახურისთვის გაწეულს -პატრიარქი ვეტერანებს

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მეუფე ეფრემმა ვეტერანებს პატრიარქის მილოცვა და ლოცვა-კურთხევა გადასცა.

„ჩვენო ვეტერანებო, ქვეყნისთვის დამაშვრალო, ჩვენო სულიერო შვილებო!

ღვთის შეწევნით, კვლავაც მაქვს შესაძლებლობა, მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღე, რომელიც ყველას ახსენებს თქვენს ღვაწლს, ჩვენი ახლო წარსულის ცოცხალ მაგალითს, ქვეყნისა და მოყვასის სამსახურისთვის გაწეულს. მიუხედავად იმისა, რომ 2-ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე ჩვენი ერის საუკეთესო ნაწილი ეწირებოდა ქრისტეს რწმენასა და სამშობლოს დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური რეჟიმის პირობებში ყველაზე ღირსეული და გამორჩეული მამულიშვილნი ერთიანად მოსპეს და გაანადგურეს, ქართულ გენში გმირული სული მაინც ვერ ჩაკლეს! თქვენც ამ გენის გამოვლინებანი ხართ. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ქვეყნის სამსახურისთვის კვლავაც დაუღალავი მუშაკობა.

ასევე, მინდა დავლოცო თქვენი გარდაცვლილი თანამოძმენი და შევთხოვო უფალს მათ სულთა ცხონება, ხოლო მათი შთამომავლების ოჯახის წევრებისა და ახლობლების მშვიდობით კურთხევა.

მაცხოვრისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მადლი და წყალობა და ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მეოხება არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომლის მისალოცი წერილი ღონისძიებაზე მეუფე ეფრემმა წაიკითხა.

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა. ამ დღეს საქართველო 2014 წლიდან აღნიშნავს. ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

 

ვეტერანებმა ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი, მადლობას გიხდით გმირობისთვის, სამშობლოსათვის თავდადებისთვის, იმ წვლილისათვის, რაც შეგაქვთ საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში -ირაკლი კობახიძე

გავაგრძელებთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობას და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების გაფართოებას. მათ შორის, ამ საკითხებზე გვექნება მსჯელობა 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფომ ვეტერანებისა და მათი ოჯახების ხელშეწყობისთვის აამოქმედა.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის დაწესდა ყოველთვიური სახელმწიფო კომპენსაცია, რომელიც მზარდია და თუ 2014 წელს 500 ლარი იყო, დღეისათვის უკვე 1200 ლარს შეადგენს. მოიხსნა შეზღუდვა, რომლის თანახმად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება ჰქონდათ მხოლოდ საპენსიო ასაკის ვეტერანებს; შედეგად, დახმარების მიღება შეძლო დაახლოებით 45 000-მა ვეტერანმა;დაწესდა შეღავათები, მათ შორის საგადასახადო კუთხით, მუნიციპალური ტრანსპორტით და მატარებლით მგზავრობაზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებით და სხვა მომსახურებებით სარგებლობაზე. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში შეიქმნა ვეტერანთა პაკეტი, რომლის ფარგლებშიც ვეტერანებს სამედიცინო მომსახურება 15 000-ლარიანი წლიური ლიმიტის ფარგლებში 100%-ით უფინანსდებათ. ამოქმედდა ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის პროგრამა. განათლების მიმართულებით სოციალური პროგრამის ფარგლებში, ვეტერანთა შვილები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდებიან. პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობისას უპირატესი უფლება ვეტერანებს ენიჭებათ;სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში ჩამოყალიბდა ვეტერან ფერმერთა ასოციაციები, კოოპერატივები, მეურნეობები,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს ვეტერანთა ხელშეწყობას და შესაბამისი პროგრამების გაფართოებას, მათ შორის, აღნიშნული საკითხები გათვალისწინებული იქნება 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშიც.

„ეს ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების მხოლოდ ნაწილია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს იმ ძალისხმევისათვის, რომლის შედეგადაც დღეს ვითარება არსებითად არის გაუმჯობესებული. თუმცა, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენ გავაგრძელებთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობას და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების გაფართოებას. მათ შორის, ამ საკითხებზე გვექნება მსჯელობა 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშიც.

ჩვენი გეგმების განსახორციელებლად და ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის უმთავრესი პირობაა მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება. თქვენ, ვეტერანებმა ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი. მადლობას გიხდით გმირობისთვის, სამშობლოსათვის თავდადებისთვის, იმ წვლილისათვის, რაც შეგაქვთ საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

აშშ თანამშრომლობს უკრაინასთან “გამარჯვების გეგმასა” და სხვა საკითხებზე – მეთიუ მილერი

აშშ თანამშრომლობს უკრაინასთან „გამარჯვების გეგმასა“ და სხვა საკითხებზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერს არ დაუკონკრეტებია, რა „პროდუქტიულ ნაბიჯებს“ ხედავს აშშ-ის ხელისუფლება გეგმაში, რომელიც ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს გააცნო.

ასევე, მეთიუ მილერს არ დაუზუსტებია, რომელ პუნქტებს უჭერს მხარს აშშ ამ ინიციატივაში.

„არ ვაპირებ სხვადასხვა დეტალზე საუბარს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას უკრაინის მთავრობასთან ამ გეგმაზე. დარწმუნებული ვარ, ეს იყო ბაიდენსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის დროს ერთ-ერთი თემა. ჩვენ განვაგრძობთ მათთან თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე, რომლებიც, ჩვენი აზრით, დაეხმარება უკრაინას, გაიმარჯვოს ბრძოლის ველზე და უზრუნველყოს სამართლიანი მშვიდობა“, – აღნიშნა მილერმა.

გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „გამარჯვების გეგმის“ დეტალები უკრაინელ დეპუტატებს გააცნო. დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოს ინფორმაციით, ის ხუთი პუნქტისგან შედგება და ფაქტობრივად წარმოადგენს „რუსეთის მშვიდობისკენ იძულების გეგმას“. გეგმის პირველი პუნქტი ნატო-ში უკრაინის დაუყოვნებლივ მიწვევას ითვალისწინებს.

  წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით-ირაკლი კობახიძე

ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მმართველმა გუნდმა დაიწყო აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით.

„მინდა მოგილოცოთ ვეტერანთა დღე ჩვენს ძვირფას ვეტერანებს, თავდაცვის ძალების, პოლიციის, სპეციალური სამსახურების ღირსეულ მებრძოლებს, სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებს.

ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი. ამიტომ, თქვენს კეთილდღეობაზე ზრუნვა, თქვენი ღვაწლისა და გმირობის სათანადო დაფასება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ის, რომ წელს ამ დღეს მეათედ აღვნიშნავთ, სწორედ ამის დასტურია.

წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები, საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტიც კი ვეტერანებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით; საფუძველი ჩავუყარეთ ვეტერანთა საქმეების სამსახურის შექმნას და ვეტერანებზე ზრუნვა პრიორიტეტად ვაქციეთ. ამ წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით თქვენი დამსახურებების სათანადოდ დასაფასებლად”, – განაცხადა პრემიერმა.