Home Blog Page 4

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 ივლისს სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში – დღისით +32 და ღამით +21 გრადუსია მოსალოდნელი.

ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19.

ბათუმშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი.

იწვიმებს ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +29, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმში. +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა, ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება.

ბორჯომში ნალექიანი ამინდია, +31 იქნება დღისით, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +34 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +25, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმის ალბათობა დიდია.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +36 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ნალექიანი დღე იქნება თელავშიც, +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +36 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +35 გრადუსი იქნება, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში იწვიმებს. დღისით +36 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვერძებისთვის ცვლილებების დრო დგება. გრძნობთ, როგორ გეცვლებათ გემოვნება, სურვილები და შეხედულებები. ის, რაც ადრე უინტერესოდ და უმნიშვნელოდ გეჩვენებოდათ, შეიძლება ახლა თქვენს მთავარ საქმიანობად იქცეს. სავარაუდოდ, პრიორიტეტები და ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. ფრთხილად იყავით – ემოციების აყოლამ შეიძლება წლების მანძილზე ნაშენები საქმე დაგინგრიოთ. სახლის დალაგების დროს შეიძლება ისეთი ნივთი იპოვოთ, რომელიც ძველ სიყვარულს გაგახსენებთ.

კურო

პირად ცხოვრებასა და სამსახურზე ფიქრი და შინაგანი შფოთვა მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ. შეეცადეთ, ბის მიხედვით დაალაგოთ. რაც უფრო მალე დამშვიდდებით, მით უფრო მალე დალაგდება ყველაფერი და შედეგს მიაღწევთ. დროა, სამსახურის შეცვლაზე, ახალი ცოდნის მიღებაზე ან იმ ურთიერთობის დასრულებაზე დაფიქრდეთ, რომელიც დიდი ხანია აღარ გაკმაყოფილებთ.

ტყუპები

თქვენს გარშემო საერთო ინტერესების მქონე ადამიანები იკრიბებიან. ასეთ გარემოში თავს კომფორტულად იგრძნობთ და ისეთ რამეს გააკეთებთ, რაც მარტო ყოფნის დროს შეუძლებელი იქნებოდა. სასიამოვნო გარემო მხოლოდ პროფესიულ სფეროს არ გულისხმობს — ეს შეიძლება ოჯახი, მეგობრები ან ინტერესების სფერო იყოს. დაინტერესდით სოციალური კავშირების გაძლიერებით — მალე ეს თქვენი შემოსავლის წყაროდ იქცევა.

კირჩხიბი

ამ დღეს ვარსკვლავები კირჩხიბებს ახალ წამოწყებებში მხარს უჭერენ. დაიწყეთ ახალი პროექტი, შეეგუეთ ახალ თანამდებობას ან ოცნების ასრულებისთვის იმოქმედეთ. არსებობს შანსი, რომ სამსახურში მაცდური და საინტერესო წინადადება მიიღოთ, თუმცა სანამ დათანხმდებით, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე უნდა შეაფასოთ — პასუხს წარსულში იპოვით.

ლომი

ლომების უმეტესობას ამ დღეს წარსულზე ფიქრი მოეძალება. თქვენი ცხოვრების განსაკუთრებული მომენტების თავიდან განცდის სურვილმა და წარსულის დღევანდელობასთან შედარებამ შეიძლება დეპრესიამდე მიგიყვანოთ. ადამიანების მიმართ ზედმეტმა ნდობამ შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ — სანამ მნიშვნელოვან დავალებას კოლეგას ანდობთ, სჯობს მისი საიმედოობა გადაამოწმოთ.

ქალწული

შესაძლოა, ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ცვლილებების დასაწყისი გახდეს. დღის პირველ ნახევარში როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობები წარმატებით წარიმართება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მთელი ყურადღება სამუშაოსკენ მიმართოთ, განსაკუთრებით, თუ ამჟამად სამსახურს ეძებთ. როგორც გასაუბრება, ისე საქმიანი მოლაპარაკება წარმატებით ჩაივლის.

სასწორი

ეს დღე ინტრიგებს, ჭორებს და პროფესიულ სფეროში დაძაბულობას უკავშირდება. კონკურენცია ადამიანებს აიძულებს, რომ უარყოფითი თვისებები გამოავლინონ, ხელმძღვანელობა კი ამ პროცესებს ხელს უწყობს. ეცადეთ ადამიანური თვისებები შეინარჩუნოთ — სჯობს ზოგჯერ დათმოთ, ვიდრე მოგვიანებით საკუთარი საქციელი ინანოთ. დღის ბოლოს ბევრი სასწორი გადაღლილობას იგრძნობს. ეცადეთ, დაისვენოთ და თავი არ გადაიტვირთოთ.

მორიელი

წინააღმდეგობრივი დღეა. ერთი მხრივ, მიზნის მიღწევა მცირე ძალისხმევითაც შეგიძლიათ, თუმცა ყველაზე მარტივი საკითხიც კი შეიძლება გართულდეს და უამრავი პრობლემა გამოიწვიოს, რომელთა სწრაფად გადაჭრა მოგიწევთ. პირად ცხოვრებაში დაგროვილი უთანხმოება მალე თავს იჩენს. გამოიყენეთ თქვენი მომხიბვლელობა და ადამიანების დარწმუნების უნარი – ისინი დღეს თქვენი ძლიერი იარაღია.

მშვილდოსანი

შესანიშნავი დღეა ახალი წამოწყებებისთვის – რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერი გამოგივათ. ოპტიმისტური განწყობა და შრომისმოყვარეობა რთული საქმეების დასრულებაში დაგეხმარებათ. უცხო ადამიანი საინტერესო იდეას შემოგთავაზებთ – ყურადღებით მოუსმინეთ, რადგან ეს იდეა მომავალზე მინიშნებადაც შეიძლება იქცეს. საღამოს შესაძლოა ძველი მეგობრები დაგიკავშირდნენ – აუცილებლად გამონახეთ დრო მათთან შეხვედრისთვის.

თხის რქა

დილის ენერგია და კარგი განწყობა დღის პირველ ნახევარში ძალიან დაგეხმარებათ. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე შუადღემდე დაგეგმოთ. სახელმწიფო უწყებებში ოფიციალური შეხვედრები წარმატებით ჩაივლის, მაგრამ დღის მეორე ნახევარში ტემპი შენელდება. ის, რაც ვერ მოასწარით, ჯობია სხვა დღისთვის გადადოთ. ახლა დროა, რომ ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლდეთ — ერთ-ერთი მათგანი დღეს კვლავ თავს შეგახსენებთ.

მერწყული

ამ დღეს ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და პროფესიული ღონისძიება წარმატებით დასრულდება. გაითვალისწინეთ, რომ შედეგის მისაღწევად დიპლომატიური უნარები და შთამბეჭდავი გარეგნობა მნიშვნელოვანი იქნება – ბევრი ადამიანი სწორედ თქვენი გარეგნობის მიხედვით შეგაფასებთ. სავარაუდოდ, დღეს გაიგებთ სიმართლეს, რომელიც აქამდე დაფარული იყო ან ყურადღებას არ აქცევდით.

თევზები

თევზებისთვის განახლების ეტაპი იწყება. თქვენს ცხოვრებაში ბევრი სიახლე ჩნდება, რისთვისაც ჯერ მზად არ ხართ. ვიღაცას საკუთარ ნაკლოვანებებთან გამკლავება მოუწევს, ვიღაცას კი ახლობლების ერთგულების გადამოწმება. რაც არ უნდა მოხდეს, მიიღეთ როგორც სამყაროს მინიშნება და დახმარება. უარყოფა გარდაუვალს მხოლოდ დროებით შეაჩერებს. კარგი დროა სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის.

გახარია გაიქცა და ეძებს თავშესაფარს, მადლობა, გიორგი, რომ მზად ხარ, მოკურცხლო ბრძოლის ველიდან, ხაზარაძეს დაუტოვა პარტია, ისიც ბედნიერია, რომ ხელში ჩაიგდო, კომედიაა-თამარ ჩერგოლეიშვილი

მამუკა ხაზარაძესთან ერთადაც მარტო იქნება ბიძინა, ეს იქნება ჩვენი ამოცანა და ამას უზრუნველვყოფთ. ეს ორი პარტია რასაც გააკეთებს, ყველაფერი კომიკური იქნება. ნორმალური და ღირსეული ადამიანი მათ მერობის კანდიდატად ყოფნას არ დათანხმდება, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიზანია, მთავარი ოპოზიცია გახდეს.

„ყველაფერს იტყუებოდა, საკუთარ თავზე რაღაც რეალობებს იგონებდა, ხალხს ატყუებდა, რათა თავის გარშემო რაღაც შემოეშენებინა. ამ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსს ხედავს იმად, რომ თვითონ გახდეს მთავარი ოპოზიცია. რეჟიმი რომ მოვარყიოთ და ახალი არჩევნები ჩაინიშნოს, ხაზარაძე პარლამენტში შედის თანასწორად დანარჩენ ძალებთან ერთად, მაგრამ თანასწორობა არ უნდა. უნდა, თვითონ იყოს უფროსი და თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსს თუ „ჩაუფენს“, შანსი აქვს, თვითონ იყოს მთავარი.

გახარიასთან გაერთიანებას სალომე ზურაბიშვილის ეგიდით რატომ არ დათანხმდა? რადგან გახარია არ დათანხმდა გაწევას. ხაზარაძემ მეტი არაფერი იცის, 90-იან წლებში როგორც ითრევდნენ ბიზნესებს, ისე ხედავს პარტიის ლიდერობასაც. გახარიას პარტიის დათრევა უნდოდა, შენ გაიწიე და პარტია მომეციო. მისცა პარტია, ის გაიქცა და თავშესაფარს ეძებს, ბრიუსელში უფრო გამოვადგები ქვეყანასო. მადლობა, გიორგი, რომ მზად ხარ, მოკურცხლო ბრძოლის ველიდან. გაქცეულებისა და იქიდან ტრაბახის მეტი რა მინახავს. იმ ხალხს მონაწილეობა უნდა არჩევნებში, ფული არ აქვთ, ტელევიზია არ აქვთ და თვითონ რომ არ არის, ხაზარაძეს დაუტოვა. ხაზარაძეც ბედნიერია, რომ ხელში ჩაიგდო გახარიას პარტია. სასაცილო და კომედიაა, რაც ხდება“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, სექტემბერში ისეთი განწყობა თუ იქნება ხალხში, როგორიც დეკემბერში იყო, „ხაზარაძე არჩევნებში ვერ შევა, უბრალოდ გადაირეცხება“.

„ამ ადამიანებთან შეთანხმებებს აზრი არ აქვს. არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს არა შეთანხმებები და პოლიტიკოსების ნალაპარაკები, არამედ გარემოებები, ის, რას იზამს ქართველი ხალხი. ჩვენ თუ შევძელით, რომ სექტემბერში იყოს აქ ისეთი განწყობა, როგორიც იყო დეკემბერში, ვერ შევა ხაზარაძე, უბრალოდ გადაირეცხება. პროცესის ლოგიკაა, რომ ოლიგარქიას რეცხავს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ამასთან, ჩერგოლეიშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძეს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „დეკორაციად გამოყენება“ უნდოდა.

„არავის ბრალი არ არის ის, რაც ხაზარაძის თავს ხდება. ხაზარაძე უარყოფს რეალობას. იმდენად გახარბებულია, რომ უნდა დამარცხებულებში რაღაც სტატუსი მოიპოვოს და ვიღაცამ უფროსად აღიაროს. ეს მოთხოვნილება აქვს, რომ სადღაც იყოს უფროსი. ამას ითხოვდა, თავისი ალტერნატიული პარლამენტი უნდოდა და ამაზე უარს რატომ მეუბნებითო. დეკორაციად უნდა ყველაფერი, ჩვეულებრივი ოლიგარქია. სალომე ზურაბიშვილის გამოყენება უნდოდა დეკორაციად, რომ თავის რაღაც ყუთლუ არსლანის კარავი გაეკეთებინა და შიგნით თავი უფროსად ეგრძნო. სალომე უნდოდა სადღაც მხარზე დეკორაციად, მეტი არაფერი“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

გენერალური პროკურატურა ტელეკომპანიის და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა – მოითხოვა არხთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის სრულად ამოღება -“მთავარი არხი”

საქართველოს გენერალური პროკურატურა ტელეკომპანია “მთავარ არხში” და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხის“ ვებგვერდი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, პროკურატურამ მოითხოვა არხთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის სრულად ამოღება.

„შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას და გაყიდვების სახლს დღეს გადაეცა.

გამოძიება დაწყებულია “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე, რომელიც ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს მენეჯმეჯმენტს და არხის თანადამფუძნებლებს.

როგორც ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ვაცხადებდით, ზაზა ოქუაშვილი ყალბ და უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებდა არხის მენეჯმენტსა და თანადამფუძნებლებს და ამით ემსახურებოდა რუსული რეჟიმის ინტერესებს.

სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” მოახერხა მიზნის მიღწევა და ზაზა ოქუაშვილის ხელით დახურა ქვეყნის მთავარი კრიტიკული არხი. თუმცა, როგორც ჩანს, “მთავარ არხზე” ზეწოლა ამით არ ამოიწურა და რეჟიმი ისევ ოქუაშვილის ცილისწამების საფუძველზე ცდილობს კომპანიის მენეჯმენტსა და სხვა დამფუძნებლებზე ანგარიშსწორებას.

“მთავარი არხის” ფინანსურ ოპერაციებში არანაირი დანაშაული არ არის და მიუკერძოებელი პროკურატურა ქურდაძის საჩივარზე გამოძიებასაც კი არ დაიწყებდა, ვინაიდან ზედაპირზეა ოქუაშვილის დირექტორის ბრალდებების აბსურდულობა. თუმცა ყველას გვესმის, რომ “ქართული ოცნება” მომართულია არა სიმართლის დადგენისკენ, არამედ საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესრულებისკენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებისთვის მზადაა, კარგი იქნებოდა ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღონ სხვა ლიდერებმა – ტრამპმა, ერდოღანმა, ევროპელმა ლიდერებმა -ანდრეი სიბიგა

J

უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის მზადაა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

ანდრეი სიბიგამ ლუბლინში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა კიევის მოწოდება რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის შეხვედრისთვის, რაც, მისი თქმით, ყველაზე ეფექტური ნაბიჯი იქნება ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებისთვის.

„ასეთი მოლაპარაკებისთვის მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ადგილას. კარგი იქნებოდა ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღონ სხვა ლიდერებმა, პირველ რიგში, პრეზიდენტმა ტრამპმა, ევროპელმა კოლეგებმა, პრეზიდენტმა ერდოღანმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთმა შეხვედრამ, შეიძლება, შეცვალოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტით, რაც გზას გაუხსნის შემდგომ უფრო ფართო მოლაპარაკებებს რუსეთის მხარესთან. ჩვენ ასეთი მოლაპარაკებისთვის მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ადგილას, სამართლიანი მშვიდობის მიღწევის მიზნით“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ოთხი თვის წინ ცეცხლის უპირობო შეწყვეტას დათანხმდა.

„საუბარი უკრაინულ მხარეზე არ არის, საუბარი რუსეთზეა. იმედი გვქონდა, რომ გუშინ სანქციების მე-18 პაკეტზე შევთანმხდებოდით. იმედი გვაქვს, ეს ყველაზე შესაფერის დროს მოხდება, რადგან ვხედავთ, რომ აუცილებელი ზომაა. ამაზე არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ კოორდინაციას პარტნიორებთან აშშ-ში და დავიწყებთ მუშაობას სანქციების შემდეგ პაკეტზე. ამ გზით წავალთ წინ, სანამ ომი არ შეჩერდება“, – განაცხადა კუსტუტის ბუდრისმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმები, მათ შორის, ვინიცაში პოლონური კომპანიისთვის მიყენებული ზარალი.

“მოვითხოვ ვიზალიბერალიზაციისთვის ახალ არჩევნებს” – საერთოდ სად წერია ან რასთან კავშირშია” – ირაკლი ქადაგიშვილი

“ოპოზიციას რესურსი არ აქვს, რომ გაიმარჯვოს არჩევნებში. ამიტომ არიან მახვეწრებად გადაქცეული, რომ რამენაირად გარედან ამ ქვეყანას დამართეთ ისეთი რამ, რაც ხალხისთვის იქნება მტკივნეული და იქნება დავბრუნდეთ ხელისუფლებაშიო”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

„მოვითხოვ ვიზალიბერალიზაციისთვის ახალ არჩევნებს“ – საერთოდ სად წერია ან რასთან კავშირშია. დაკავშირებაც კი არ არსებობს ამ საკითხების. გაათავისუფლეთ დაპატიმრებული ადამიანები, ჯერ ხომ უნდა მოხდეს იმის შეფასება, რომ ეს ადამიანები, რომ არიან დაპატიმრებული, სასამართლო პროცესი შედგა ამასთან დაკავშირებით და ვინ არის მსაჯული, რომ ვინ უნდა განთავისუფლდეს და ვინ არ უნდა განთავისუფლდეს. ზოგადად, კეთილი ნება სახელმწიფოსი, რომ გამოიჩინოს და ვიღაცა გაათავისუფლოს არ არის ულტიმატუმის წესით. ეს არის ასე ვთქვათ, კეთილი ნების გამოხატვა სახელმწიფოს მიერ და არა გარედან ულტიმატუმის წესით.

ჩვენი ოპოზიცია რა მდგომარეობაშია?! მათ არანაირი რესურსი ქვეყნის შიგნით სანდოობისა არ აქვთ, რომ გაიმარჯვონ არჩევნებში. ამიტომ არიან მთლიანად დამოკიდებული და მახვეწრებად გადაქცეული, რომ რამენაირად გარედან ამ ქვეყანას დამართეთ ისეთი რამ, რაც ხალხისთვის იქნება მტკივნეული და იქნება ამ სიტუაციაში დავბრუნდეთ ხელისუფლებაში. არიან გარე ძალები, რომლებიც აი, ამ მახინჯ ფორმულის ასე ვთქვათ კულტივაციას ეწევიან. თუ მყარად არ დადგა ქვეყანა, საზოგადოება ასეთი მახინჯი მიდგომების კულტივაცია არასდროს არ დამთავრდება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული საქართველოსთან დამოკიდებულება, რომ თქვენი ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებასთან ერთად და მხოლოდ ამ შემთხვევაში არის ევროპა ის ევროპა, ვისკენაც საქართველო ყოველთვის გულწრფელად მიილტვოდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ასახულია გაზპროდუქტებით დატვირთული ავტომობილები, არ ასახავს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ რეალურ ვითარებას.

„შემოსავლების სამსახური ეხმაურება გარკვეული მედიასაშუალებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ მორიგ დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში სომხური ტვირთების, მათ შორის გაზპროდუქტების თითქოს „ბლოკირების“ შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული არის სრული სიცრუე, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უწყების დისკრედიტაციას და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას.

აქვე განვმარტავთ, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში განსაკუთრებულ/აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სანტრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება. ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან, 24 საათიან რეჟიმში, სწრაფად განახორციელონ როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა (გაზპროდუქტებით დატვირთული ავტომობილები) არ ასახავს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ რეალურ ვითარებას, სადაც ხანმოკლე დროის განმავლობაში სატვირთო ავტომობილების მიმართ არსებობდა მცირე შეფერხება, რომელიც სრულად იქნა აღმოფხვრილი.

ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ორივე მიმართულებით, 364 670 სატვირთო ავტომობილის მიმართ განხორციელდა საბაჟო ფორმალობები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ საბაჟო კონტროლის პროცედურები მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწოდებაა, ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში 150,000 – ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სიღარიბე კი განახევრდა -ვახტანგ ცინცაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეაფასა.
მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, საშუალოდ, 9,7 პროცენტი შეადგინა და ამ მაჩვენებლით საქართველო გლობალურად ერთ-ერთი ლიდერია ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 4 წლის პერიოდში  ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, ფაქტობრივად გაორმაგდა და თითქმის 25,000 ლარს გაუტოლდა. „აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო. ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ვაჭრობის, მშენებლობის და სხვა სექტორებმა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში 150,000 – ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა,” – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ. მისი თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში სიღარიბის დონე თითქმის განახევრდა და 9,4 პროცენტს გაუტოლდა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბოლო 4 წელიწადში სიღარიბეს თავი 445,000-მა ადამიანმა დააღწია.
„ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 2025 წელს და მომავალ წლებშიც გაგრძელდება. მათ შორის, აღნიშნულს ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება, რომლის მიხედვითაც 2025 – 29 წლებში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება.

რა ეღირება დოლარი და ევრო 17 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7127 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7127 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7138 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1511 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1703 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0192 ლარი შეადგინა.

თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს.

გოგონების მეტი ჩართულობისათვის თიბისი, კრეატიულ სააგენტო Playmakers-თან კოლაბორაციით, დაუკავშირდა ქართველ ინფლუენსერებს. მათმა ჩართულობამ და TikTok-ზე გავრცელებულმა სამოტივაციო  ვიდეოებმა რეგისტრაციის რიცხვი საგრძნობლად გაზარდა და საერთო ჯამში თიბისის საზაფხულო Crash კურსებზე 600-ზე მეტი გოგონა დარეგისტრირდა

თიბისის Crash კურსები გოგონები ეს არის ონლაინ კურსები ტექნოლოგიების ოთხი მიმართულებით, რომლებიც 9-12 კლასის მოსწავლე გოგონებს, მთელი საქართველოდან და არა მხოლოდ, სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს.

6000-ზე მეტი დარეგისტრირებული გოგონადან, კონკურსის შედეგად, შეირჩა 140 მონაწილე, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში შეისწავლიან:

  • შესავალი ხელოვნურ ინტელექტში
  • შესავალი მობილური აპლიკაციების შექმნაში
  • შესავალი ვებგვერდები პროგრამირებაში: Back-End (Python & Flask)
  • შესავალი ვებგვერდების პროგრამირებაში: Front-End (HTML,CSS)

ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

გაუქმდეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა – უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად ევროკავშირის 8 რეკომენდაცია

ევროკომისია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს.

ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა გაუქმდეს კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

გარდა ამისა ევროკომისია მოუწოდებს საქართველოსб უზრუნველყოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითად უფლებებს, შეკრების თავისუფლების, აზრის გამოხატვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო სამსახურში მუშაობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ჩათვლით.

ბრიუსელი თბილისს აგრეთვე მოუწოდებს შეიტანოს შესწორება ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა უზრუნველყოს.

ევროკომისიის განცხადებით, საქართველომ საკუთარი სავიზო პოლიტიკა ევროკავშირისთვის მესამე ქვეყნების სიის შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. განსაკუთრებით ეს ეხება იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირის უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს და არალეგალურ მიგრაციას უწყობენ ხელს.

საქართველოს აგრეთვე ევალება გაააქტიუროს ღონისძიებები თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნის პრობლემის აღმოსაფხვრელად, უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოება, უფრო მკაცრი სასაზღვრო კონტროლის დაწესება.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შექმნას აქტივების დაბრუნებისა და მათი მართვის ოფისები, გააგრძელოს მუშაობა აქტივების მონიტორინგის, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და უტილიზაციის კუთხით.

დაამტკიცოს კორუფციასთან ბრძოლის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს საკმარისი რესურსები მათი რეალიზაციისთვის და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ხელისუფლების უმაღლეს დონეზე კორუფციული საქმეების გამოძიებას, სამართლებრივ დევნასა და განხილვებს.

თბილისმა ბრიუსელის მოთხოვნით აგრეთვე შესწორებები უნდა შეიტანოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში და ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რომელიც ბიუროს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ეფექტურ საქმიანობას უზრუნველყოფს.

ბოლო რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას ეხება.

ტრამპი, პუტინზე ზეწოლისას, თვლის, რომ ომის ესკალაციით მის დეესკალაციას მოახდენს – The Washington Post

„დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინზე ზეწოლისას, თვლის, რომ ომის ესკალაციით მის დეესკალაციას მოახდენს“ – ასეთი სათაური აქვს აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ იგნატიუსი, ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველი. „აშშ-ის პრეზიდენტი მიხვდა, რომ რუსეთი მანამ არ დათანხმდება სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე, სანამ კრემლის სამხედრო ხარჯები საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად კატასტროფულად არ გაიზრდება“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

როცა ორშაბათს დონალდ ტრამპის განცხადებას ვუსმენდი რუსეთის მიმართ მიდგომების გამკაცრების თაობაზე, ვიჯექი და ვფიქრობდი – აქვს თუ არა მას რაღაც იდუმალი კავშირი ალფრედ ნობელთან – მშვიდობის პრემიის დამაარსებელთან – რომლის მინიჭებასაც პრეზიდენტი ესოდენ დაბეჯითებით ცდილობს. საქმე იმაშია, რომ ორივეს – დონალდ ტრამპსაც და ალფრედ ნობელსაც – აფეთქებებისაკენ სწრაფვა აქვთ.

ტრამპი ამას ხატოვნად აკეთებს – იგი სარგებლობს დამანგრეველი ბიზნეს-ტაქტიკით, რომელიც მან თეთრ სახლში მიიტანა და ამგვარი მოქმედებით ცდილობს უკრაინის კონფლიქტი ჩიხიდან გამოიყვანოს. ალფრედ ნობელს რაც შეეხება, ყველაფერი დიდი ხანია ცნობილია – მისი  ქველმოქმედება და მეცენატობა, პირდაპირი გაგებით, ასაფეთქებელ ნივთიერებაზე იყო დაფუძნებული: ფული დინამიტის გამოგონებითა და გაყიდვით დააგროვა.

თავდაპირველად დონალდ ტრამპი ფიქრობდა, რომ თავისი მეგობრის ვლადიმერ პუტინის დარწმუნებას საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე მაინცდამაინც დიდი ძალისხმევა არ დაჭირდებოდა. როგორც მან თვითონ თქვა ორშაბათს, „მე ოთხჯერ მაინც მომეჩვენა, რომ ჩვენ თითქმის მოვილაპარაკეთ“, მაგრამ საბოლოო ჯამში პრეზიდენტი მიხვდა, რომ ერთადერთი მეთოდი რუსეთის პრეზიდენტის თანხმობის მისაღწევად არის ის, რომ ომის გასაგრძელებლად მას მეტი თანხების დახარჯვა დაჭირდეს. ამ გადაწყვეტილებით დონალდ ტრამპმა ახალი თავი გახსნა უკრაინის ისტორიაში, რომელიც ერთდროულად იმედის მომცემიც არის და საფრთხის მომტანიც.

ორშაბათს დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ რუსეთის წინააღმდეგ „მკაცრ სავაჭრო ტარიფებს“ შემოიღებს, თუ 50 დღის განმავლობაში კრემლი ზავის დადებაზე არ დათანხმდება. მან ასევე აღუთქვა უკრაინას, რომ მისცემს „პეტრიოტის“ რაკეტებს, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, მაგრამ არაპირდაპირი გზით: ჯერ ნატოს ევროპელ წევრებს მიაწოდებს, ისინი ფულს გადაუხდიან ამერიკას და შემდეგ იარაღს უკრაინას გაუგზავნიან. „სამხედრო დახმარების პაკეტი 10 მილიარდი დოლარისაა“, – შემატყობინა ერთ-ერთმა წყარომ თეთრი სახლიდან. ეს სულის მოთქმის საშუალებას მისცემს უკრაინას რუსეთის დაბომბვებისაგან – ბოლო დღეებში უკრაინის ქალაქებზე თითქმის განუწყვეტლივ ხდება თავდასხმები რეკორდული რაოდენობის რუსული დრონებისა და რაკეტების მიერ.

დონალდ ტრამპს არაფერი უტქვამს იმის თაობაზე, რომ უკრაინას შეუძლია ნებართვა მიიღო ბევრად ძლიერი იარაღის გამოყენების თაობაზეც. წყარომ, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა, მითხრა, რომ კიევს ნებართვა მიეცემა ისარგებლოს ATACMS-ის ტიპის შედარებით შორ მანძილზე (300 კმ.)  მოქმედი 18 რაკეტით, რომლებიც უკრაინის არმიას აქვს. რა თქმა უნდა, მოსკოვამდე და სანქტ-პეტერბურგამდე ისინი ვერ მიფრინდებიან, მაგრამ შეუძლიათ ფრონტის ხაზიდან დაშორებით მდებარე სამხედრო ბაზებს, აეროდრომებს, საწყობებს დაარტყან და ხელი შეუშალონ რუსეთის არმიის მომარაგებას. არ არის გამორიცხული, რომ პაკეტში ATACMS-ის უფრო მეტი რაოდენობის რაკეტები შევიდეს.

პენტაგონელი ჩინოვნიკები თვეობით მოუწოდებდნენ თეთრ სახლს, რომ ნება მიეცა უკრაინის არმიისათვის რუსეთის ზურგის ობიექტებზე ATACMS-ის რაკეტებით დაერტყა. ყოველთვის, როცა მათი მოქმედების რადიუსი იზრდებოდა, რუსეთის არმია იძულებული ხდებოდა ფრონტის ხაზიდან სულ უფრო შორს გადაეტანა თავისი თვითმფრინავები და სხვა სამხედრო ტექნიკა, რომ ისინი უკრაინელების მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ. ახლა ამის გაკეთება უფრო რთული იქნება.

დონალდ ტრამპი, ალბათ, ასევე დაფიქრდა უკრაინისათვის ფრთოსანი რაკეტების – „ტომაჰავკების“ მიწოდების თაობაზეც, რომლებიც აშშ-მა გასულ თვეში ირანის წინააღმდეგ გამოიყენა. უკრაინის ტერიტორიიდან მათ მოსკოვამდე და სანქტ-პტერბურგამდე მიღწევა შეუძლიათ. როგორც მითხრეს, ეს საკითხი გასულ პარასკევს იხილებოდა, მაგრამ „ტომაჰავკები“ პაკეტში არ შეუტანიათ. თუმცა შეიძლება უფრო მოგვიანებით შეიტანონ, როცა დონალდ ტრამპს ზეწოლის ახალი ბერკეტები დაჭირდება.

ერთ-ერთმა წყარომ მაცნობა, რომ დონალდ ტრამპმა მკაცრი გადაწყვეტილება საბოლოოდ უკრაინის პრეზიდენტთან ტელეფონით საუბრის დროს მიიღო: ტრამპმა მას ჰკითხა, თუ რატომ არ ბომბავს მოსკოვს. „ჩვენ არ გვეშინია, იარაღს თუ მოგვცემთ, მოსკოვსაც დავარტყამთ და სანქტ-პეტერბურგსაც“, – უთქვამს ზელენსკის. ტრამპი დათანხმებულა.

ტრამპი პუტინს ხისტად ეთამაშება. იგი ძალიან არის გაბრაზებული. რუსეთის პრეზიდენტი კერკეტი კაკალი გამოდგა. ვლადიმერ პუტინი არც ისეთი კეთილია, როგორც უყვარს ხოლმე თქმა აშშ-ის პრეზიდენტს. „მკვლელს ვერ ვუწოდებ, მაგრამ აშკარაა, რომ იგი ძალიან სასტიკი ადამიანია“, – ხაზგასმულად თქვა დონალდ ტრამპმა ნატოს გენმდივან მარკ რიუტესთან საუბრის დროს.

საქმეში ჩახედული წყაროს თქმით, დონალდ ტრამპმა სიტუაციის ესკალაცია სამი მიზეზის გამო გადაწყვიტა: პირველი – მან დაინახა, რომ პუტინმა მის მიმართ უპატივცემლობა გამოიჩინა, როცა  თითქოსდა სიტყვით მზადყოფნა გამოავლინა მშვიდობის დამყარებაზე, საქმით კი უარყო მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტაზე. მეორე – დონალდ ტრამპმა თავისი თვალით დაინახა აშშ-ის არმიის ძლიერება, რაც ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვაში გამოიხატა და მესამე – ტრამპმა ჩათვალა, რომ პუტინი მოლაპარაკებაზე მხოლოდ მაშინ დათანხმდება, როცა იგი თავისზე ძლიერი ძალის წინაშე აღმოჩნდება. როგორც რუსები ამბობენ ხოლმე, „სოლს სოლითვე ამოაგდებ“, ანუ „ესკალაცია დეესკალაციისათვის“.

კაცმა რომ თქვას, დონალდ ტრამპმა გონივრული არჩევანი გააკეთა, როცა აღიარა, რომ ზეწოლის გაძლიერების გარეშე ვლადიმერ პუტინი დათმობაზე არ წავა, თუმცა ისიც აშკარაა, რომ პრეზიდენტი ისეთი ესკალაციის გზაზე დადგა, რომელიც გაურკვეველ რისკებს შეიცავს. საინტერესოა, რომ ერთადერთი კითხვა, რომელზეც ტრამპმა პასუხის გაცემა არ ისურვა ორშაბათს ოვალური კაბინეტში გამართული შეხვედრის დროს, ასეთი იყო: „თუ ვლადიმერ პუტინი უკან არ დაიხევს და ისიც სიტუაციის გამწვავებაზე წავა, თქვენ რამდენად ღრმა პასუხს გასცემთ?“.

„ნუ მეკითხებით, რამდენად ღრმა იქნება ჩემი პასუხი… – მოჭრა ტრამპმა, – მე უბრალოდ მინდა, რომ კონფლიქტი დასრულდეს“.

თუ დონალდ ტრამპის ახალი ზეწოლა იმუშავებს, მან შეიძლება მართლაც მიიღოს ნობელის პრემია… მაგრამ ეს გზა დინამიტით იქნება მოფენილი.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ