Home Blog Page 4

რეჟიმი არსად წავა, თუ მისი თამაშის წესებს მივიღებთ, როდესაც არჩევნებიც მათი წესებით იმართება, მონაწილეობა ნიშნავს მორჩილებას და არა წინააღმდეგობას -პაატა მანჯგალაძე

რეჟიმი არსად წავა, თუ მისი თამაშის წესებს მივიღებთ. როდესაც არჩევნებიც მათი წესებით იმართება, მონაწილეობა ნიშნავს მორჩილებას და არა წინააღმდეგობას, – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მტრის თამაშში ჩართვით წინასწარ ეწერება ხელი იმ შედეგს, რომელსაც რეჟიმი წერს.

„არ ვიცი, თვითმმართველობის არჩევნებზე დისკუსიები ახლა რას ემსახურება. ჩვენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ გვაქვს გასარკვევი, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და როგორ შევქმნათ საერთო-ეროვნული დღის წესრიგი. ახლო წარსულის დავიწყება ნიშნავს იმავე შეცდომების ხელმეორედ გამეორებას. როცა მტრის თამაშში ვერთვებით, წინასწარ ვაწერთ ხელს იმ შედეგზე, რომელსაც ეს რეჟიმი წერს. ფასადური არჩევნები და პარტიული თამაშები არ გვიშველის, თუ არ ვიქნებით მზად ბოლომდე ბრძოლისთვის.

ეს რეჟიმი არსად წავა, თუ მისი თამაშის წესებს მივიღებთ. როცა არჩევნებიც მათი წესებით იმართება, ამაში მონაწილეობა ნიშნავს მორჩილებას, არა – წინააღმდეგობას. დღეს საჭირო არ არის ვიწრო პარტიული ინტერესები, საჭიროა ეროვნული ერთობა. პირველ რიგში, ხალხში, მერე პოლიტიკაშიც. ვიმეორებ, უნდა შევქმნათ საერთო-ეროვნული დღის წესრიგი არა შიდა თამაშებისთვის, არამედ რეალური ცვლილებებისთვის. დრო არ იცდის.

რეჟიმი ყოველდღე იპარავს ჩვენს მომავალს და თუ დღეს არ ვიმოქმედეთ, ხვალ უკვე გვიან იქნება. გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ ერთობით და ჩვენი წესებით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, თურქეთის, ირანის, ინდოეთის, ერაყის და ეგვიპტის – ჯამში ექვსი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

„ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე.

გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს.

უწყების ცნობით, სამინისტროს სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო. შედეგად, აქამდე არსებული ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა.

„მოგახსენებთ, რომ 2024 წლიდან სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი დაემატა. მანდატურის სამსახურში ფუნქციონირებს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ მიმდინარე და ახალ სერვისებზე, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობა და გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა. ამას მოწმობს 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია. სამინისტრო აქტიურად აგრძელებს და კიდევ უფრო აძლიერებს ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით მუშაობას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

ელჩები უნდა იყვნენ თავიანთი ქვეყნის წარმომადგენლები და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები, ქართველმა ხალხმა საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება დააგროვეს, რათა უცხოური ჩარევა დანახვისთანავე ამოიცნოს-შალვა პაპუაშვილი

ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, მშვიდობა კვლავ ხდება რეგიონული და მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე სასურველი მიზანი, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა კვლავ უნდა აქციონ დიპლომატია ურთიერთგაგების, მშვიდობის დამყარებისა და თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს საშუალებად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში დიპლომატია გამოიყენება მისი რეალური მიზნის სრულიად საპირისპირო შედეგების მისაღწევად – პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, მათი გაღვივებისთვის.

„სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ხშირად ვხედავთ, რომ დიპლომატია გამოიყენება არა როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ინსტრუმენტი, არამედ როგორც პროპაგანდის, შიდა საქმეებში ჩარევისა და ხელისუფლების გარედან შეცვლის საშუალებაც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიპლომატია გამოიყენება მისი რეალური მიზნის სრულიად საპირისპირო შედეგების მისაღწევად – პრობლემების გაღვივებისთვის და არა მათ გადასაჭრელად.

სახელმწიფოებს მრავალი საშუალება აქვთ თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციებისა და უკმაყოფილების გამოსახატავად, მაგრამ როდესაც დიპლომატია არა უთანხმოების გადასაწყვეტად, არამედ მის გასაღრმავებლად გამოიყენება, ჩვენ ვართმევთ შანსს მშვიდობასა და თანამშრომლობას, რამაც მსოფლიო უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს.

როდესაც ვხედავთ, რომ აკრედიტებული დიპლომატები ცდილობენ მასპინძელი ქვეყნის საშინაო საქმეებში ერთი კონკრეტული პოზიციის მხარდაჭერას, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, იდეოლოგიური მიზნებისთვის ექსტრემიზმის წაქეზებას, მთავრობაზე ზეწოლას ომში ჩასათრევად, და “რევოლუციის” გზით ხელისუფლების შეცვლის ხელშეწყობასაც კი, გვახსენდება საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის დიპლომატიის გამოყენებით, “მსოფლიო რევოლუციის” წახალისებას ისახავდა მიზნად.

როდესაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები თავიანთ უფლებამოსილებებს აჭარბებენ, ჩვენი ერთადერთი გზა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა. ქართველებს, საბჭოთა პერიოდიდან, ჯერ კიდევ კარგად გვახსოვს კომუნისტური პარტიის ე.წ. მეორე მდივნის ინსტიტუტი, რომელიც ექსკლუზიურად მოსკოვიდან ინიშნებოდა და საქართველოს შიდა საქმეებში გადამწყვეტი სიტყვა ჰქონდა. ამ მტკივნეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ, „მეორე მდივანს“, დანახვისთანავე ვცნობთ.

გარდა ემოციური განზომილებისა, არსებობს აღნიშნული საკითხის სამართლებრივი ასპექტიც: „ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“ ხაზს უსვამს დიპლომატების უფლებებსა და მოვალეობებს, როდესაც განსაზღვრავს, რომ „დიპლომატიური მისიების ყველა წარმომადგენლის მოვალეობაა… პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს. მათ, ასევე, აქვთ ვალდებულება, არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში“, – წერს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რასაც ბოლო რამდენიმე წელია ვუყურებთ, ღიად ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

,,კონკრეტული პოლიტიკოსებისადმი პირდაპირი მხარდაჭერის გამოხატვა, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის დაფინანსება, პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობასთან დაკავშირებით მოსაზრებების გამოთქმა და საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობის პრეტენზიის გამოხატვა – ეს არის იმ საქმიანობის არასრული სია, რომლებიც საქართველოში ზოგიერთი უცხოური მისიისა და დიპლომატისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

არ არსებობს პრივილეგია პასუხისმგებლობის გარეშე. როდესაც უცხოელი დიპლომატები მოქმედებენ როგორც ადგილობრივი პოლიტიკოსები, ისინი მზად უნდა იყვნენ, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე, რაც მათ კრიტიკის ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს. ასეთი კრიტიკა კი ვერ იქნება განხილული „თავდასხმად“. ადგილობრივი პოლიტიკოსების პოლიტიკური დღის წესრიგის კოპირებითა და მათი გზავნილების გამეორებით, დიპლომატებმა თავი არ უნდა გააიგივონ ადგილობრივ პოლიტიკოსებთან. ქართველმა ხალხმა საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება დააგროვა, რათა უცხოური პოლიტიკური მიკერძოებულობა და ჩარევა დანახვისთანავე ამოიცნოს.

ელჩები უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები, და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები. პირადი დამოკიდებულებებისა და პროფესიული მოვალეობების აღრევა დიპლომატიური ურთიერთობების არსს ეწინააღმდეგება. როგორც ვენის კონვენციაშია აღნიშნული, „მიმღებ სახელმწიფოსთან ყოველგვარი ოფიციალური საქმიანობა, რომელიც მისიას წარმგზავნი სახელმწიფოს მხრიდან ევალება, უნდა განხორციელდეს მიმღები სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ან მისი მეშვეობით“. როდესაც დიპლომატები, მათი საეჭვო ქმედებების გამო, ვერ ახერხებენ მასპინძელი ქვეყნის ოფიციალურ ინსტიტუტებთან სათანადო კომუნიკაციას და, სანაცვლოდ, პროპაგანდას ეყრდნობიან, ეს სხვა არაფერია, თუ არა დიპლომატის როლზე უარის თქმა და მასპინძელი საზოგადოების საკუთარ გემოვნებაზე მორგების მცდელობა.

ისტორიის ამ ტურბულენტურ პერიოდში, დიპლომატიის თავის კუთვნილ ადგილას დაბრუნება უდიდეს სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს,“- წერს პაპუაშვილი.

7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს შესაძლოა თქვენი და ახლობლის ინტერესები გადაიკვეთოს. ეცადეთ, არ აჰყვეთ კონფლიქტს. თავშეკავება და თანაგრძნობა სასურველ შედეგს მოგიტანთ.

კურო
შესაძლოა, მოულოდნელი ფინანსური სიახლეები შეგხვდეთ. ემოციურად სტაბილურობა და დაკვირვებული გადაწყვეტილებები წარმატებას განაპირობებს.

ტყუპები
დღეს ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და მოერიდეთ სარისკო ნაბიჯებს. ემოციური რეაქციები შესაძლოა დაგაზარალოთ. დაგეგმვა და სიმშვიდე საუკეთესო სტრატეგიაა.

კირჩხიბი
გირჩევთ, დრო დაუთმოთ დასვენებას და ოჯახურ გარემოს. მცირე პაუზა დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენასა და მენტალური ბალანსის შენარჩუნებაში.

ლომი
შესაძლოა, მიიღოთ გადაწყვეტილება კარიერულ თემაზე. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების – დღეს დასმული მიზნები საფუძვლიანად განხორციელდება.

ქალწული
დააკვირდით ჯანმრთელობას. შეიძლება თავს მოულოდნელად დაღლილად იგრძნოთ. ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება დადებითად იმოქმედებს.

სასწორი
დღე დაგეხმარებათ საკუთარ თავში უკეთ გარკვევაში. დროა, გააანალიზოთ წარსული შეცდომები და დადებითად გარდაქმნათ ისინი.

მორიელი
სახლში დროის გატარება და გარემოს მოწესრიგება დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე. დღის მეორე ნახევარი მშვიდად გაატარეთ.

მშვილდოსანი
გირჩევთ, იფიქროთ სამომავლო გეგმებზე. თქვენი იდეები შესაძლოა ახალი მიმართულების საწყისად იქცეს. ენდეთ თქვენს ინტუიციას.

თხის რქა
ეცადეთ, თავი აარიდოთ უარყოფით ადამიანებთან კონტაქტს. პოზიტიური ფიქრი და მიზნების მკაფიოდ დანახვა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მერწყული
ხელსაყრელი დღეა ინფორმაციის გაცვლისა და კომუნიკაციისთვის. თუმცა მოერიდეთ საჯარო ან ოფიციალურ განცხადებებს. უმჯობესია, პირადი გეგმების გადახედვა.

თევზებიდღეს დაგეხმარებათ შიდა ჰარმონიის დამყარება. დაგეგმეთ მომავალი კვირა და დაისვენეთ საღამოს. შინაგანი სიმშვიდე თქვენს მოტივაციას გააძლიერებს.

რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ – ელენე ხოშტარია

რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ, – ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, მზად არის პირდაპირ ეთერში დაასაბუთოს, რატომ აზიანებს „რუსულ რეჟიმთან“ ბრძოლის პროცესს, თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა.

„მე მზად ვარ პუნქტობრივად დავასაბუთო რატომ აზიანებს რუსულ რეჟიმთან ბრძოლას ბიძინას არჩევნებად წოდებულში გასვლა, ვრცლად ვსაუბრობ ტელევიზიებში ამაზე და ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ, მათ შორის დებატში.

ასევე მზად ვარ პუნქტობრივად მოვყვე რა უნდა გავაკეთოთ ოპოზიციამ არგასვლის პარალელურად და დავასაბუთო, რომ ის ნაბიჯები რეჟიმს დაასუსტებს.

ახლა მაინტერესებს, ვინც მხარს უჭერს გასვლას ახსნას ბრძოლის კონკრეტულად რა სტრატეგიაა ეს? ერთი მოვისმინე ხალხმა დაინახოს რომ აყალბებსო? ცოტა მეტად რომ ახსნათ? ანუ ის კი არ მოჰყვეთ აბა რა ვაკეთოთო, გასვლით რას ვაღწევთ ბრძოლაში ეგ მოყევით“, – წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“.

ტრამპი თავს იკავებს ჩინეთზე ზეწოლისგან, რათა პეკინმა შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში – Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავს იკავებს ჩინეთზე ზეწოლისგან, რათა პეკინმა შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, დონალდ ტრამპი ორიენტირებულია სხვა საკითხებზე თავის გეოპოლიტიკურ მეტოქესთან ურთიერთობებში.

აღინიშნება, რომ ჯერჯერობით ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთთან ორმხრივ პრობლემებზეა ორიენტირებული. ოფიციალური პირების თქმით, უკრაინაში ომი აშშ-ისთვის სულ უფრო ნაკლებ პრიორიტეტული ხდება. თუმცა, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვაშინგტონში პოზიციის შეცვლა მაინც შესაძლებელია.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ასეთი მიდგომა ნიშნავს G7-ის ქვეყნების მრავალწლიანი პოზიციიდან გადახვევას, რომლებიც ჩინეთს მიიჩნევენ გადამწყვეტ ფაქტორად, რაც ხელს უწყობს რუსეთის ომის გაგრძელებას უკრაინის წინააღმდეგ.

მარტში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საჯაროდ დაგმეს პეკინი მოსკოვის მხარდაჭერისთვის.

„ლელო“ და ანა დოლიძე ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება – გიორგი ვოლსკი

საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება თუ ცალკე, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

„არც ანა დოლიძისთვის არის დიდი დანაკარგი, თუ „ლელოს“ სივრცეში აღარ იმოძრავებს და არც „ლელოსთვის“ არის დიდი დანაკარგი, თუ ანა დოლიძე მის რიგებში არ იქნება. ზოგადად, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, თუ „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად ან ცალკე იქნება, როგორც დღეს არიან. მათ წარმატება არც ერთად და არც ცალ-ცალკე არ ექნებათ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა. როგორც ანა დოლიძე წერს, ის დამოუკიდებელ საქმიანობას უბრუნდება.

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 66.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

2025 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 66.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, ხოლო აპრილში 266.4 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-აპრილში წმინდა შესყიდვებმა 368.1 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების მაისის სტატისტიკა კი 25 ივნისს გამოქვეყნდება.

2025 წლის მაისის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.4% (752.1 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 252.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 ივლისს გამოაქვეყნებს.

ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად, თბილისის მეჩეთში იმყოფებოდა.

პრემიერმა ქვეყნის განვითარებაში მუსლიმი თემის მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მათ მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.

„ჩვენი ქვეყანა ამაყობს როგორც ეროვნული, ისე რელიგიური მრავალფეროვნებით. ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის ურთიერთობები, ის მეგობრობა, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს შორის. ამას ძალიან ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს მუსლიმი თემის ინტერესებზე და ეს ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება. თქვენ ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში და მინდა ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეჩეთში შეკრებილ მუსლიმ მრევლს ყურბან-ბაირამი მიულოცეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა და საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა. ყურბან ბაირამთან დაკავშირებულ ლოცვას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ნაჩო სანჩეს ამორის განცხადება სულელურია, თავისი მოკლე ჭკუით გადაწყვიტა, გარკვეული შეურაცხყოფა მიაყენოს “ქართულ ოცნებას”-გია ვოლსკი

ნაჩო სანჩეს ამორის განცხადება სულელურია. თავისი მოკლე ჭკუით მან გადაწყვიტა, გარკვეული შეურაცხყოფა მიაყენოს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის წევრის, ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „საქართველოდან რეკავენ ევროკავშირში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და კითხულობენ, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან ამოშლა“.

„სანჩესს კარგად ვიცნობ და განცხადება როგორი გულუბრყვილოცაა, ისეთი გულუბრყვილო, მსუბუქი და ზედაპირული ადამიანია. ვერ ვიტყოდი, რომ სერიოზული პიროვნებაა, ვინც პოლიტიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ის ჩვეულებრივი კონიუქტურული ადამიანია, „სოციალ-დემოკრატია“, ვისაც თავისი მოსაზრებები მაშინ აქვს, როცა „სახალხო პარტიასა“ და „სოციალისტებს“ შორის თანამდებობის გადანაწილებაზეა საუბარი. ყოველ შემთხვევაში, მას ასეთად ვიცნობდი და, რასაკვირველია, მისი განცხადება სულელურია, სხვა შეფასებას ვერ მივცემ. ისეთი გულუბრყვილო ადამიანი არ არსებობს, ვინც მათ მიმართავდა სანქციების სიიდან ამოღების თაობაზე. ასეთი ადამიანები არ არსებობენ არც „ქართულ ოცნებაში“ და არ მგონია, თუნდაც ოპოზიციაში იყოს ადამიანი, ვინც ასეთ ნაბიჯს გადადგამს. ვფიქრობ, სანჩესმა თავისი მოკლე ჭკუით გადაწყვიტა, გარკვეული შეურაცხყოფა მიაყენოს „ქართულ ოცნებას““, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კოალიციები იქმნება არჩევნების წინ და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ამ შემთხვევაში ანა დოლიძეს სურს, დამოუკიდებლად განავითაროს თავისი პარტია, მაგრამ ჩვენ ვრჩებით პარტნიორებად -ბადრი ჯაფარიძე

ვხედავთ, რომ ანა დოლიძეს სურს, დამოუკიდებლად განავითაროს თავისი პარტია, მაგრამ ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, პარტნიორებად, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძეს კითხვა დაუსვეს ანა დოლიძის მიერ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ დატოვებაზე.

„ანა დოლიძემ თავად ძალიან მკაფიოდ თქვა. ანა არის ჩვენი პარტნიორი, მეგობარი. კოალიციები იქმნება არჩევნების წინ და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. დანარჩენი უკვე პარტიის გადასაწყვეტია. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ მას სურს, დამოუკიდებლად განავითაროს თავისი პარტია, მაგრამ ჩვენ ვრჩებით მეგობრებად და პარტნიორებად.

ბადრი ჯაფარიძეს კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს: „ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერობის კანდიდატობა სურდა ანა დოლიძეს და ამის გამო დატოვა კოალიცია. თანამდებობებს ვერ იყოფენ თქვენს პარტიაში?“ – რაზეც ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ეს სულელური შეკითხვაა.

„აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის. ეს არის სულელური შეკითხვა, სრულიად იდიოტური კითხვაა. რა თანამდებობებზეა ლაპარაკი? ეს არის თქვენი შეთხზული კითხვა, ამას არანაირი კავშირი არ აქვს სიმართლესთან. იმიტომ წავიდა, რომ სურს, თავისი პარტია განავითაროს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში „ლელოს“ მონაწილეობას, საკითხის კომენტირებისას ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ აპირებენ, ხალხთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან ერთად განიხილონ შემდეგი ნაბიჯები.

„ჩვენ ახლა მოსული ვართ პოლიტიკური რეპრესიების ჯაჭვის შემადგენელი ერთ-ერთი პროცესის განხილვაზე. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, მკაფიოდ მოგახსენეთ, რომ ვაპირებთ, ჩვენს ხალხთან, პოლიტიკურ მეგობრებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები, რათა „ქართულ ოცნებას“ არ დავუთმოთ არცერთი სფერო წინააღმდეგობის და ბრძოლის გარეშე. ეს არის ჩვენი პოზიცია. შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ გადაწყვეტილებას როდესაც მივიღებთ, პირველებს თქვენ გეტყვით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ.