Home Blog Page 4

ანდრეი შევჩენკო „უეფას“ აღმასკომის წევრად არ აირჩიეს

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო „უეფას“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრად არ აირჩიეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

კენჭისყრის შედეგების თანახმად, შევჩენკომ 55 ეროვნული ფედერაციიდან მხოლოდ 15-ის მხარდაჭერა მოიპოვა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მას მინიმუმ 28 ხმა სჭირდებოდა.

სააგენტოს ცნობით, შევჩენკოს ადგილი „უეფას“ აღმასკომში ისრაელის საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტმა, მოშე ზუარესმა დაიკავა. მან 31 ხმა დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს პარიზში ჩატარებულ „უეფას“ კონგრესზე უკრაინამ „უეფას“ პრეზიდენტის, ალექსანდრე ჩეფერინის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ხმა არ მისცა.

ეროვნული ბანკი – საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

2025 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

კერძოდ, ამავე მონაცემებით, 2025 წლის მარტის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.6% (714.9 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ზრდის გამო, მარტის მონაცემებით წინა თვესთან შედარებით, რეზერვების მოცულობა 64.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ოქროს შესყიდვის მომენტიდან მონეტარული ოქროს ღირებულება დაახლოებით 195 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 მაისს გამოაქვეყნებს.

„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე”, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

ტრამპი ჩინეთს 50%-იანი ტარიფებით დაემუქრა, თუ პეკინი უარს არ იტყვის საპასუხო ზომებზე

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთს 50%-იანი ტარიფებით დაემუქრა, თუ პეკინი უარს არ იტყვის საპასუხო ზომებზე.

ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ აშშ-დან იმპორტირებულ ყველა საქონელზე დამატებით 34%-იანი საბაჟო გადასახადის შემოღება გამოაცხადა. დადგენილება ძალაში 10 აპრილს შედის. ჩინეთის მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება ამერიკის ხელისუფლების მსგავს ქმედებებზე საპასუხო ნაბიჯია.

„თუ ჩინეთი ხვალამდე არ გააუქმებს 34%-იან სატარიფო ზრდას, აშშ ჩინეთის მიმართ დამატებით 50%-იან გადასახადებს დააწესებს 9 აპრილიდან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ჩინეთის ხელისუფლება ამ პირობას არ შეასრულებს, „ჩინეთთან მოლაპარაკებები მათივე თხოვნით ჩვენთან შეხვედრის შესახებ შეწყდება“.

,,რეზოლუციაში რომ ჩაგიწერენ, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და კეზერაშვილი მედიამენეჯერიო, იქ თემა დამთავრებულია, მათ რაზე უნდა ველაპარაკოთ?”- ზარქუა

„რეზოლუციაში რომ ჩაგიწერენ, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და კეზერაშვილი მედიამენეჯერიო, იქ თემა დამთავრებულია. მათ რაზე უნდა ველაპარაკოთ?“ – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ბოკუჩავებს და სამადაშვილებს საერთოდ არ აქვთ ლეგიტიმაცია ქართულ საზოგადოებაში.

„იქ, სადაც საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს ულტიმატუმებით ელაპარაკებიან, თან უსამართლოდ, ყოველგვარი უფლებების დარღვევით, ბუნებრივია, ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრად, თუმცა ამ ტონალობაში, ულტიმატუმებით საუბარს არავის გავუტარებთ.

დღეს ევროსაბჭოს სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებს და სამადაშვილებს, რომელთაც საერთოდ არ აქვთ ლეგიტიმაცია ქართულ საზოგადოებაში და ერთმანეთი ატყუონ. ჩვენ ასეთ გაერთიანებასთან და ამ ლიდერებთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს.

რეზოლუციაში რომ ჩაგიწერენ, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და კეზერაშვილი მედიამენეჯერიო, იქ თემა დამთავრებულია. მათ რაზე უნდა ველაპარაკოთ? ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამხედრებული ლობისტური ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულები არიან და ამ პოლემიკაში ჩვენ არ შევალთ. ჩვენ ვუთხარით, რომ ულტიმატუმებით ვერ დაგველაპარაკებით და კარგად იყავით, მორჩა“, – აღნიშნავს ზარქუა.

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მნიშვნელოვანია, რადგან გარე ძალებმა ვერ შეძლონ, დააფინანსონ ძალადობრივი აქციები თუ სხვა დესტრუქციული ქმედებები”- ირაკლი კირცხალია

ვინაიდან გრანტი თავისი ბუნებით გრანტის მიმღებისათვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია, მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობის წესის დამკვიდრება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მნიშვნელოვანია, რადგან გარე ძალებმა ვერ შეძლონ, დააფინანსონ ძალადობრივი აქციები თუ სხვა დესტრუქციული ქმედებები.

„საზოგადოებას გვინდა, ვაცნობოთ, რომ დავაინიციირეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, დარეგულირდება უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი. საქართველოს კანონმდებლობა გრანტის გამცემ სუბიექტთა ფართო წრეს ითვალისწინებს, მათ შორის, უცხო ქვეყნის ხელისუფლებასა და მის წარმომადგენლობებს, აგრეთვე საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

ამასთანავე, ვინაიდან გრანტი, თავისი ბუნებით, გრანტის მიმღებისათვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია, მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობის წესის დამკვიდრება, რათა გარე ძალებმა ვერ შეძლონ ჩვენს ქვეყანაში დააფინანსონ მოლოტოვის კოქტეილების სროლის რომანტიზების კამპანიები, ძალადობრივი აქციები თუ სხვა დესტრუქციული ქმედებები, რაც მრავლად იხილა საზოგადოებამ, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ და არა მხოლოდ, რომელთა მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა და ხელისუფლების სათავეში „დიფსთეითის“ აგენტურის მობრუნებაა. წარმოდგენილი ცვლილებით: უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტთან დაკავშირებით სავალდებულო გახდება საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობა. გრანტის მიღების მონიტორინგს უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო“, – განაცხადა კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, კანონპროექტით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა შესაბამისი თანხმობის გარეშე გრანტის მიღებასთან დაკავშირებით.

„კერძოდ: თუ პირი შესაბამისი თანხმობის გარეშე მიიღებს გრანტს, ის დაჯარიმდება მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით; იმისათვის, რომ ცალკეულმა სუბიექტურად დაინტერესებულმა თუ აგენტურულმა ჯგუფებმა მიზანმიმართულად არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია, საზოგადოებისთვის ხაზგასმით განვმარტავთ, რომ მთავრობის თანხმობას არ დაექვემდებარება: საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემული ინდივიდუალური სტიპენდიები და გრანტები; ასევე, საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემა და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღება.

გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობა მართალია კრძალავს პოლიტიკური პარტიის მიერ შემოწირულების მიღებას იურიდიული პირისგან, თუმცა, საკანონმდებლო მოწესრიგება ტოვებს სივრცეს, რომ საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა და რადიკალური ოპოზიციის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეში მხარდაჭერა და დაფინანსება შენიღბოს ლექციის, სემინარის ან სხვა, მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობის გზით, რისი ნათელი მაგალითიც საზოგადოებამ არაერთხელ იხილა თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, დეპუტატი აცხადებს, რომ წარმოდგენილი ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ უცხოურ და ქართულ იურიდიულ პირებს აღარ შეეძლებათ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი ღონისძიების ჩატარების დაფინანსება პარტიული ინტერესების სასარგებლოდ.

„ხაზგასასმელი და ძალიან სიმბოლურია, რომ საკანონმდებლო პაკეტის დაინიციირების პარალელურად, დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ევროკომისიის აღიარება, რომლის მიხედვითაც, ევროკომისია არასამთავრობო ორგანიზაციებს სინამდვილეში იყენებდა ლობისტური საქმიანობისთვის. კომისიამ თავისსავე განცხადებაში მიუთითა, რომ აქტივისტი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამუშაო პროგრამები შეიცავდა არასათანადო ლობირებას, ანუ თანხები იხარჯებოდა არამიზნობრივად და ემსახურებოდა განსხვავებული აზრის ჩახშობას.

ეს კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის წარმოდგენილი ცვლილებების მიღების აუცილებლობას. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ემსახურება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულებას, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ხარისხის, ეროვნული იდენტობის დაცვას და კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ქვეყნის სწრაფი განვითარების და ღირსეული, ჭეშმარიტად ევროპული მომავლის უზრუნველყოფის საფუძველია“, – განაცხადა კირცხალიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტო, „სოფლის ნობათთან“ დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

„სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის (“სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა. პროდუქციის ამოღების პროცესს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ ზედამხედველობას, – ამის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„კომპანია “ვიმ- ბილ-დან საქართველო” აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და დარღვევის გამოვლენისთანავე, მყისიერად დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა. ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული “სოფლის ნობათის” პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი,ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამმუშავებელ კომპანიებს გეგმურად წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ მაინც ამოწმებს. შარშან სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით, 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო, მათ შორის “ვიმ- ბილ-დან საქართველო ”15- ჯერ შემოწმდა (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება ნიმუშების კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის აფლატოქსინზე) და არცერთი დარღვევა არ გამოვლინდა.~

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს რძის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს და ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებიც პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.

სურსათის ეროვნული სააგენტო, აფლატოქსინის შემცველობაზე რძეს ევროკავშირის რეგულაციის შესაბამისად 2022 წლიდან იკვლევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება

გრანტების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, „აკრძალული გრანტის“ მიღებასთან დაკავშირებით პირის გამოკითხვის წესი და საფუძვლები იქნება განსაზღვრული.

ცვლილებების მიხედვით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება კი, აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. პროექტით, ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ აკრძალული გრანტის მიღების მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია ჰქონდეს, შეიძლება ანტიკორუფციულმა ბიურომ ნებაყოფლობით გამოკითხოს.

კანონპროექტით, აკრძალული იქნება, პირის იძულება მტკიცებულების წარდგენის ან ინფორმაციის გაცემისთვის. ასევე, გამოსაკითხ პირს უფლება ექნება, საკუთარი ხარჯით ადვოკატის მომსახურებით ისარგებლოს, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

ინიციატივის გათვალისწინებით, გამოსაკითხი პირი ვალდებული იქნება, გამოკითხვისას ანტიკორუფციულ ბიუროს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. თავის მხრივ, ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოსაკითხი პირი წერილობით უნდა გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე გამოსაკითხ პირს უნდა განემარტოს მაგისტრატ მოსამართლესთან დასაკითხად შესაძლო დაბარების თაობაზე.

კანონპროექტით გათვალისწინებულია გამოსაკითხი პირისთვის წინასწარ ცნობის საფუძველზე, გამოკითხვისას ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გამოსაკითხი პირის დისტანციურად, ელექტრონული საშუალების გამოყენებით გამოკითხვის შესაძლებლობას.

ცვლილებებით, ასევე შემუშავებულია აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი. კერძოდ, „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს დაადგენს, რომელიც განსახილველად სასამართლოს გაეგზავნება. ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილი იქნება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად, სამართალდამრღვევის ქონებას – მათ შორის საბანკო ანგარიშებს, ყადაღა დაადოს. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად სასამართლოს წარედგინება.

ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია, რომ ამას ფეხდაფეხ გაჰყვეს შსს-ს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება – პრემიერი

ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ამ სფეროში და მნიშვნელოვანია, რომ ფეხდაფეხ ამას გაჰყვეს შსს-ს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ებრძოდეს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბათუმში.

პრემიერის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მაქსიმალური ყურადღება იქნება მიმართული მომავალშიც.

„პრაქტიკაში კანონის რეალიზება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონის გამკაცრება. ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ამ სფეროში და მნიშვნელოვანია, რომ ფეხდაფეხ გაჰყვეს ამას შსს-ს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ებრძოდეს და შესაბამისად, მომავალშიც მაქსიმალური ყურადღება იქნება მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ დავამარცხოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სენი. ეს საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 8 აპრილს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7561 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7561 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7576 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0232 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0438 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0206 ლარი შეადგინა

ჩვენ წინაშე არის ორი გზა: ერთი ყოვლადწმინდა ქალწულის გზა, გზა რწმენისა, სიყვარულისა, სიმართლისა და სიწმინდისა, მეორე გზა კი არის ბოროტების, უსამართლობის – მეუფე შიო

ჩვენ წინაშე არის ორი გზა – ერთი ეს არის გზა რწმენისა, სიყვარულისა, სიმართლისა და სიწმინდისა, მეორე გზა არის ბოროტების, უსამართლობის, არაწმინდების – დღევანდელ დღეს ვევედროთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ შევძლოთ ამ საღვთო გზით სიარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მან მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს.

ამ მოვლენას, რომელსაც დღეს ჩვენ ვზეიმობთ, კაცობრიობა ელოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში. ელოდნენ მხსნელს, რომელიც შეაერთებდა ზეცას და მიწას, რომელიც ასწავლიდა ადამიანებს სიმართლით ცხოვრებას. ეს სიხარული მაცხოვრის შესახებ სამყაროს ეუწყა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეშვეობით. როგორ ეუწყა? – მას გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი და უთხრა, რომ მისგან იშვება ძე, რომელსაც იგი უწოდებს იესოს. „როგორ იშვება, როდესაც მან მამაკაცი არ იცის?” – ჰკითხა ყოვლადწმინდა ქალწულმა მთავარანგელოზს. მან მიუგო და აუხსნა, რომ სულიწმინდა გადმოვა მასზე და მისგან შობილი იქნება ძე ღვთისა.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, როგორი რწმენა და სიმდაბლე უნდა ჰქონოდა ყოვლადწმინდა ქალწულს, რომ ამ საოცარ სიტყვებზე მან უპასუხა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა, მეყოს მე შენი სიტყვისამებრ“ (ლკ. 1, 38). აი, ასე გახდა ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი ღვთის დედა.

კაცობრიობის ისტორია ორ ნაწილად იყოფა – ქრისტეს მოსვლამდე და ქრისტეს მოსვლის შემდეგ. ქრისტეს შობამდე ადამიანები ეძებდნენ ღმერთს და ელოდნენ მხსნელის მოსვლას, ემზადებოდნენ ამისთვის საუკეთესო წარმომადგენლები კაცობრიობისა. უფალთან შესახვედრად, მის მოსამზადებლად მათ გაიღეს ყველაფერი საუკეთესო, ყველაზე კარგი, რაც კი შეძლეს – ეს არის ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის პიროვნება.

ქრისტეს შობის შემდეგ კაცობრიობა უკვე იცნობს ღმერთს შეძლებისდაგვარად, რამდენადაც ეს მისთვის შესაძლებელია. ქრისტეს სახარება მიმართულია ყველა ადამიანისკენ, ყველას მოუწოდებს. ეს არის ჭეშმარიტება რწმენაზე, სიყვარულზე, ღმერთზე, სულის ცხონებაზე. ეს ჭეშმარიტება, როგორც ნათქვამია უფლის გამოცხადების წიგნში, დგას ყოველი ადამიანის გულის კართან და აკაკუნებს, მაგრამ ჩვენს გულამდე მიღწევა რთულია, რადგან ზურგს ვაქცევთ და უარს ვეუბნებით ხოლმე მას. უფალი კი მაინც აკაკუნებს და მოგვიწოდებს. უეცრად ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანს გული მოულბება, გონება გაეხსნება და როგორც ღვთისმშობელი, წარმოთქვამს ასეთ სიტყვებს: „აჰა, მე ვარ მხევალი ღვთისა, ან მონა ღვთისა, მეყოს მე შენი სიტყვებისამებრ”… და ასე ხდება ადამიანი ღმერთშემოსილი.

ძვირფასო ძმებო და დებო, გავიხედოთ ჩვენ ირგვლივ, რას ჩადიან ადამიანები ქრისტეს გარეშე, რწმენის გარეშე.

ამდენად, ჩვენ წინაშე არის ორი გზა – ერთი გზა არის ღვთისმშობლისა, ყოვლადწმინდა ქალწულის გზა. ეს არის გზა რწმენისა, სიყვარულისა, სიმართლისა და სიწმინდისა. მეორე გზა არის ბოროტების, უსამართლობის, არაწმინდების და ა.შ. ჩვენ რომელ გზას ვირჩევთ, რომელი გზით გვსურს სიარული?!

დღევანდელ დღეს ვევედროთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ შევძლოთ ამ საღვთო გზით სიარული, ღვთისმშობლის გზით სიარული და ყველა ღონე ვიხმაროთ იმისთვის, რომ არ გადავუხვიოთ ამ გზიდან, სულის ცხონების გზიდან. ამ გზაზე ყოველთვის ვადიდოთ ყოვლადწმინდა ქალწული ღვთისმშობელი და ვუგალობდეთ მას: „გიხაროდენ, სახარულევანო! გიხაროდენ, მიმადლებულო! გიხაროდენ, წმიდაო სძალო უსძლოო“. ამინ!

გილოცავთ ხარებას, ღმერთმა მრავალი სიხარული მოგცეთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ! ჩვენთან არს ღმერთი!,“ – განაცხადა მეუფე შიომ.

თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მედალი მოიპოვა

კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხვადასხვა ქართული კომპანიიდან და უნივერსიტეტიდან, რომელთაც რამდენიმე გუნდის წარდგენა შეეძლოთ, ჯამში 334-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

თიბისი სახელით მონაწილე გუნდებიდან ერთ-ერთმა, თიბისის მარკეტინგის ბრენდ მენეჯერებმა – ქეთო შურღაიამ და ანკა ნაცვლიშვილმა მარკეტერის კატეგორიაში ოქრო მოიპოვეს.

საქართველოში „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალი 2015 წლიდან ტარდება. კონკურსში, სხვადასხვა წლებში, თიბისის გუნდის წევრებმა მარკეტერის კატეგორიაში, ჯამში, 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული.

წლევანდელ კონკურსში გამარჯვებულები და საუკეთესო ნამუშევრების ავტორები 4 აპრილს, 6 კატეგორიაში გამოვლინდნენ:

  1. Marketer – ქეთო შურღაია, ანკა ნაცვლიშვილი (TBC)
  2. Digital – თამარ ხუციშვილი, ნელი ბობოხიძე (REDBERRY)
  3. PR – ნიკოლოზ ნინიძე, საკო ტვილდიანი (AT.GE)
  4. Design – ნინო ყაველაშვილი, დანიელ გრიგორიანი (Holy Motors)
  5. Film – დავით წაქაძე, თეკლე დარჩიაშვილი (Industria)
  6. Print – გიორგი ჯაფარიძე, ლუკა სააკაშვილი (Free University of Tbilisi)

გამარჯვებული გუნდები ივნისში, კანში, საქართველოს სახელით იასპარეზებენ, სადაც თავიანთ შემოქმედებით პოტენციალს ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანენ და მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესო მონაწილეებს შეეჯიბრებიან.

„თიბისისთვის ახალი თაობისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა ძალიან ღირებულია, ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კანის ახალგაზრდული შეჯიბრის მხარდაჭერა. ინდუსტრია ყოველწლიურად ვითარდება და იზრდება, მონაწილეები საინტერესო გამოწვევებზე მუშაობენ და ღირებულ გამოცდილებას აგროვებენ. გამარჯვებულებს კი კანში განსაკუთრებული შეჯიბრი ელით, სადაც ქვეყნის სახელით იასპარეზებენ. ვგულშემატკივრობთ ახალგაზრდა პროფესიონალებს და გვჯერა, რომ მათ სახელს მალე უფრო ფართო აუდიტორია გაიგებს“ – მარიამ მიქელაშვილი, თიბისის ბრენდის მარკეტინგის ლიდერი.

ფესტივალზე წელს ნიკა გუჯეჯიანის საპატიო ჯილდო, ინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გადაეცა გიორგი ოკმელაშვილს.

თიბისი მიზნად ისახავს, ახალ თაობას საკუთარი პოტენციალის გამოვლენის მეტი შესაძლებლობა მისცეს, დაეხმაროს განსხვავებული პროფესიული გამოცდილების მიღებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. სწორედ ამიტომ, თიბისისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა და უკვე 30 წელზე მეტია, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას და პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში ასევე, ქვეყნის გარეთ.

R

ამერიკულ მხარეს სასათბურე პირობები ჰქონდა საქართველოს მხრიდან შექმნილი, არაერთგზის მოხდა ვალდებულებების შესრულების გადავადება – მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ეხმიანება შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯინ შაჰინის გაკეთებულ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ იგი იმედგაცრუებულია „ ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების უფლების ჩინური კომპანიისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

მათიკაშვილის განცხადებით, ამერიკულ მხარეს სასათბურე პირობები ჰქონდათ საქართველოს მხრიდან შექმნილი, არაერთგზის მოხდა გადავადება ვალდებულებების შესრულების, იყო თხოვნა, ხვეწნა, ქართული სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომ შეერთებულ შტატებს შეესრულებინა მასზე დაკისრებული ვალდებულებები და აეშენებინათ ანაკლიის პორტი, მაგრამ მათ უბრალოდ მონაწილეობა არ მიიღეს კონკურსში.

„ხელისგულზე დევს მოცემულობა, რომ ანაკლიის პორტში როდესაც კონსორციუმის ფარგლებში იყო მიღებული გადაწყვეტილება აეშენებინათ ანაკლიის პორტი, ფაქტობრივად მთელ ამ კონსორციუმს, მათ შორის, იმ ამერიკულ მხარეს სასათბურე პირობები ჰქონდათ საქართველოს მხრიდან შექმნილი, არაერთგზის მოხდა გადავადება ვალდებულებების შესრულების, იყო თხოვნა, ხვეწნა, ქართული სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომ მათ შეესრულებინათ მათზე დაკისრებული ვალდებულებები და აეშენებინათ ეს პორტი. როგორ დასრულდა ეს ყველაფერი თქვენ კარგად იცით, მათ უბრალოდ არ მიიღეს მონაწილეობა ამ ყველაფერში, ამერიკულმა მხარემ არ ჩადო ფული ანაკლიის პორტის მშენებლობაში, ამიტომაც ვერ შეასრულა, კიდევ რაღაც წვრილმანი მიზეზებიც შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ კონსორციუმმა თავისი ფინანსური ვალდებულებები, რომელიც ამერიკული მხარის სახსრებით უნდა შევსებულიყო ვერ შეასრულა სახელმწიფოს წინაშე და ვერ ააშენა პორტი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, მეორედ გამოცხადებულ ღია კონკურსზეც არ მიიღო ამერიკულმა მხარემ მონაწილეობა, შესაბამისად კონკურსში გაიმარჯვა უკეთესი პირობების მქონე კომპანიამ და მისთვის უცნობია, თუ რაზე წყდება შეერთებულ შტატებს გული.

„აი ახლა, როდესაც ცხადი გახდა, რომ კონსორციუმი ვერ იფუნქციონირებდა ის არღვევდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ის ვერ ააშენებდა პორტს, უკვე მეორედ გამოცხადდა ღია კონკურსი, სადაც, ასევე სრულიად თავისუფლად შეეძლო მიეღოთ ამერიკელებს მონაწილეობა, ამერიკული კომპანიების საშუალებით და აქ მოეხდინათ ინვესტირება, ვთქვათ თუ კი წინა შემთხვევაში რაიმე ფორმით ვერ შეძლეს. ამ შემთხვევაშიც არავინ არ მიიღო მონაწილეობა, ამერიკელებს ვგულისხმობ, ხოლო კონკურსში გაიმარჯვა იმ კომპანიამ, რომელმაც უკეთესი პირობა შესთავაზა კონკურსის გამომცხადებელს. ამ შემთხვევაში რაზე სწყდებათ ამერიკელ კონგრესმენებს გული, რას არის გულდაწყვეტის საფუძველი, რომ ანაკლიის პორტი, რომელიც არის შუა დერეფნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი საბოლოოდ შენდება, კეთდება, ამაზე სწყდებათ გული?! როცა თვითონვე შეეძლოთ ძალიან მარტივად ის მილიარდობით დოლარი არა ენჯეო სექტორში და რადიკალიზმის დასაფინანსებლად კი არ გადმოეგზავნათ საქართველოში, არამედ საქმის გასაკეთებლად ჩაერიცხათ და მოეხდინათ ამ ფულის აკუმულირება, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო და არ დაეფინანსებინათ რადიკალიზმი და უსამართლობა საქართველოში და დემოკრატიის ნგრევა. ახალ როდესაც დადგა დრო და ეს პორტი შენდება ამაზე სწყდებათ გული?! საკვირველია ეს ყველაფერი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.