Home Blog Page 4

 შემაშფოთებელი და სამწუხაროა, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან აფინანსებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას საქართველოში -ირაკლი კობახიძე

ყველაზე შემაშფოთებელი და სამწუხარო არის ის, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან აფინანსებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ის იყო მაღალჩინოსანი, ძარცვავდა ქართულ ჯარს, ბიზნესმენებს, ახლა არის დაკავებული ევროპაში პენსიონერების ძარცვით.

„ყველამ იცის, რით არის კეზერაშვილი დაკავებული. ჯერ რით იყო დაკავებული, როცა იყო „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსანი, როცა იყო მინისტრი, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი. ძარცვავდა ქართულ ჯარს, ბიზნესმენებს, ახლა არის დაკავებული ევროპაში პენსიონერების ძარცვით. ამასთან დაკავშირებით უკვე არაერთი გამოძიება წარიმართა, მათ შორის, უცხოელ პარტნიორებთან ერთად და საბოლოო ჯამში, ყველაფერი დევს ხელის გულზე. ყველაზე შემაშფოთებელი და სამწუხარო არის ის, რომ ეს ადამიანი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან აფინანსებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას საქართველოში, რასთან დაკავშირებითაც ყველამ საკუთარი დასკვნები უნდა გამოიტანოს“, – განაცხადა პრემიერმა.

საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალ AD BLACK SEA-ის მთავარ სცენაზე კვლავ გამოვლინდება Young Creative 2024

თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება.

ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative და წლის ყველაზე შემოქმედებითი ახალგაზრდა გამოვლინდება.

გამარჯვებულს სპეციალურად შერჩეული ადგილობრივი ჟიური შეაფასებს. თიბისი, როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულისთვის 10 000 ლარს გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდა შემოქმედს შეეძლება თავისი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს თანხა შემოქმედებითი კარიერის განსავითარებლად.

თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. თიბისისთვის, როგორც ბრენდისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მერვე წელია იმართება ბათუმში, სადაც ევროპის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალები უძღვებიან.

Young Creative -ის ნომინაციაში განცხადებების მიღება დასრულებულია. გამარჯვებული 14 სექტემბერს, AD BLACK SEA-ის დასკვნით დაჯილდოებაზე, მთავარ სცენაზე გამოვლინდება.

(R)

გერმანელი დეპუტატები საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ – თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას,- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერების: დებორა დიურინგის (Deborah Düring, კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტის (Jürgen Hardt, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტეს, (Ulrich Lechte, თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდის (Nils Schmid, სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD) ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ისინი საქართველოში 4-6 სექტემბერს გამართულ ვიზიტს აჯამებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის და „საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება საარჩევნო პროცესს“.

„საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ევროკავშირში გაწევრიანება სახელმწიფო მიზნადაც კი არის ჩაწერილი. ბოლო დროინდელი ავტორიტარული ტენდენციები და არადემოკრატიული ღონისძიებები ძირს უთხრის ამ დემოკრატიულ ნებას. ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთგულება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი სამაგალითოა რეგიონში. არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა აუცილებელია დემოკრატიული პროცესისთვის. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როგორიცაა ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას. ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტია დემოკრატიული განვითარებისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ზღუდავს უმცირესობების უფლებებს, პრესის თავისუფლებას და პოლიტიკურ ოპოზიციას.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ყველა დემოკრატიის საფუძველია. საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება საარჩევნო პროცესს. ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას და მოვუწოდებთ ყველას არაძალადობრივი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის გაძლიერება არა მხოლოდ გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის, არამედ მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა თავისუფალი საზოგადოების დასაყრდენს წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა და ათმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ხელოვნური ინტელექტის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას ხელი მოაწერეს

ევროკავშირმა და კიდევ ათმა სახელმწიფომ, მათ შორის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ანდორამ, საქართველომ, ისლანდიამ, ნორვეგიამ, მოლდოვამ, სან-მარინომ და ისრაელმა ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოს ჩარჩოკონვენციას ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ.

როგორც ევროპის საბჭოს ვებგვერდზეა ნათქვამი, ეს არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ, რომელსაც სავალდებულო იურიდიული ძალა ექნება. დოკუმენტი, რომლის მიზანია ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენების „სრულ შესაბამისობაში მოყვანა ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან“, ხელმოსაწერად ღიაა. დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ შეთანხმება „ხელს შეუწყობს პროგრესსა და ინოვაციებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში“, ამავდროულად, ხელს შეუწყობს იმ საფრთხეების მართვას, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი შეიცავს.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა განმარტა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება „უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს და მათ ძირს არ უნდა უთხრიდეს“.

ჩარჩოკონვენცია შემუშავდა ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნისა და 11 არაწევრი სახელმწიფოს (არგენტინა, ავსტრალია, ვატიკანი, ისრაელი, კანადა, კოსტა რიკა, მექსიკა, პერუ, აშშ, ურუგვაი და იაპონია) თანამშრომლობით. დოკუმენტი არეგულირებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და ავალდებულებს მხარეებს, შეამოწმონ ასეთი ტექნოლოგიების გამოყენებისას ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვა ან დააწესონ აკრძალვა მათ გამოყენებაზე, თუ ამ მოთხოვნის უზრუნველყოფა შეუძლებელია.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს გარკვეული ზომების გატარებას, რათა ხელოვნური ინტელექტის სისტემები არ იყოს გამოყენებული დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, ასევე ხელისუფლების დანაწილების, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრინციპების შესარყევად.

მარტში კონვენცია დაამტკიცეს ევროპარლამენტის დეპუტატებმა, ხოლო მაისში დოკუმენტი მიიღეს ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – სენტიმენტები და სავალუტო ბუფერები

თიბისის არხებით განხორციელებული ტრანსაქციების ანალიტიკა აგვისტოშიც სავალუტო შემოდინებებისა და ზოგადად ეკონომიკური აქტივობის მაღალ დონეზე მიუთითებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2024 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 9%-ით განისაზღვრება. ამასთან, ძლიერი სავალუტო შემოდინებები ასევე იწვევს ე.წ. ბუფერების დაგროვებას. საკუთრივ, წინასწარი მონაცემებით, სახეზეა სებ-ის სავალუტო რეზერვების დამატებით შევსება. ამავდროულად, როგორც ყოველთვის, სენტიმენტების ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რაც, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდის განმავლობაში იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის მნიშვნელოვან ზრდაში აისახება.

ამ კუთხით ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება. პირველი: სავალუტო შემოდინებები იმდენად ძლიერია, რომ ეს გარემოება ლარის კურსზე არ ისახება. უფრო მეტიც, როგორც აღინიშნა, საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაც კი არის შესაძლებელი. და მეორე: ერთგვარად, აღნიშნულიც სწორედ ბუფერია, რაც სენტიმენტების ცვლილებისას უკვე ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. ამასთან, ასევე საყურადღებოა, რომ აგვისტოში არარეზიდენტების წილი ლარის სახელწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელებში ოთხთვიანი კლების შემდეგ კვლავ გაიზარდა.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

(R)

რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა-სერგეი ლავროვი

თანამედროვე ქართული ხელმძღვანელობის პოლიტიკა დაკავშირებულია ეროვნული ქართული იდენტობის გაცნობიერებასთან და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების მავნებლობის გააზრებასთან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მედიაჰოლდინგ РБК-თან ინტერვიუში ინტერვიუში.

„რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს მათ მიერ საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგებაა, რომ ქართველ ხალხს აქვს მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები, რომლებიც წაიშლება, წაილეკება და გაითელება იმ „წესებით“, რომელსაც დასავლეთი ყველას უწესებს, უპირველეს ყოვლისა, ლიბერალური დემოკრატიის ან, თუ გნებავთ, დემოკრატიული ლიბერალიზმის ღირებულებების კონტექსტში. ქართველებს ეს არ ახარებთ. ისევე, როგორც არ ახარებთ ლგბტ დღის წესრიგის აღვირახსნილი თავს მოხვევა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თიბისის მხარდაჭერით ტარდება, წლის მთავარი ღონისძიება ტესტერებისთვისა და ტექ ენთუზიასტებისთვის: რატომ უნდა დაესწროთ Tester’s Day 2024-ს

 9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ენთუზიასტები არაერთ საინტერესო საერთაშორისო თუ ადგილობრივ სპიკერს მოუსმენენ, პანელურ დისკუსიებს დაესწრებიან, მონაწილეობას მიიღებენ ვორქშოფებში და იმ მრავალფეროვანი აქტივობებით დაკავდებიან, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებაზე დადებითად აისახება.

GeoSTQB-ის ორგანიზებით გამართული Tester’s Day-ის ყოველი ღონისძიება წინაზე მასშტაბური, საინტერესო და სასარგებლოა. GeoSTQB-ის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი, ნათია სირბილაძე თვლის, რომ წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული იქნება და იმ მიზეზებზეც დეტალურად საუბრობს, თუ რატომ უნდა დაესწროთ და რას უნდა ელოდოთ Tester’s Day 2024-ისგან.

უნიკალური, მრავალფეროვანი პროგრამა და დინამიური პანელური დისკუსიები

ცხადია, ნებისმიერი ტექნოლოგიური ღონისძიების მთავარი და ყველაზე მნშვნელოვანი ნაწილი სპიკერები არიან, რომელთა გამოსვლებიც, საბოლოო ჯამში, ამა თუ იმ ღონისძიების წარმატებულობას განსაზღვრავს. ამ მხრივ, Tester’s Day 2024 ნამდვილად გამორჩეული იქნება. მაგალითად, ენდრიუ ნაითი – ავტომატიზაციის გურუ და AutomationPanda-ს დამფუძნებელი – ავტომატური ტესტების სკალირების შესახებ თავის გამოცდილებას გააზიარებს.

“ყოველი წელი არის განსაკუთრებული, რადგან თემებს გამორჩეულად ვარჩევთ, არასდროს მეორდება ან მიმართულება აქვს განსხვავებული. ვაკვირდებით საერთაშორისო ტენდენციებსა და ადგილობრივ ბაზარს, შესაბამისად ხდება თემების შერჩევაც. გარდა ამისა, წელს გვემატება ისეთი თემები როგორიცაა თამაშების ტესტირება”. – გვიყვება ნათია სირბილაძე.

როგორც ნათია ამბობს, Tester’s Day 2024-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ისეთი მნიშვნელოვანი თემებისა და მიდგომების განხვილვა იქნება, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას რაღაც ახალს, თანამედროვეს ასწავლის, რაც მათ თავდაჯერებასა და პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება.

მაგალითად, ტესტერების თერაპია – ტესტირება მხოლოდ ტექნიკურ უნარებს არ მოიცავს. ის ასევე სწორი მიდგომებისა და პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვს. ნათია ფიქრობს, რომ ეს სესია კონცენტრირებული იქნება იმ რბილ უნარებზე, რომლებიც ყველა ტესტერმა უნდა განავითაროს.

“ასევე, ძალიან ხშირად რაც ყველას აწუხებს უკვე არსებულ პროდუქტზე ტესტირების მიდგომების ჩაშვება და დანერგვაა, ამ თემასაც შევეხებით; ამასთან, ტესტირების პირამიდის მიდგომასაც განვიხილავთ, რომელსაც ადრე არ შევხებივართ. გვექნება ახალი პროდუქტის პრეზერნტაციაც – Practical Tester-ი, რომელიც AI-ის იყენებს. ეს მსოფლიოში სიახლეა და ცხადია, საქართველოშიც უნდა შემოვიდეს”. – ამბობს ნათია.

წლევანდელი ღონისძიების ახალი ელემენტი “ღია სივრცე” იქნება, სადაც ყველას, ვისაც პროგრამული უზღუნველყოფის ტესტირების გარშემო რაიმეს გაზიარების სურვილი ექნება, შეეძლება თავისი თავი საჯარო გამოსვლებში გამოსცადოს.

ტესტერთა დღეზე თიბისის ტექ გუნდის წევრი, ალეკო ისკონიანი, რომელსაც ტექნოლოგიების სფეროში 20 წლიანი გამოცდილება აქვს, დამსწრე საზოგადოებას თიბისიში ახალი ტესტირების სტრატეგიის გამოყენების პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებს. ხოლო თიბისის ტექ გუნდის კიდევ ერთი წევრი, ირინა ინაშვილი ტექნოლოგიების ენთუზიასტებს იმ ხელსაწყოებსა და პრაქტიკებზე ესაუბრება, რომლებიც ტესტირების დროს გამოწვევებისა და პროცესების ეფექტურ მართვაში დაგეხმარებათ. ცხადია, ეს იმ სპიკერებისა და თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც Tester’s Day 2024-ზე თქვენი ყურადღების მიპყრობას შეეცდებიან.

“თიბისი ჩვენი მთავარი სპონსორია და უკვე სამი წელია ერთგულად ერთად მოვდივართ. მსგავსი მასშტაბის ტექ კომპანიის ჩართულობა ამ ღონისძიებაში საინტერესოა ტექ ქომუნითისთვის, რადგან სწორედ ასეთი კომპანიებისგან შეუძლიათ უკვე არსებული, ჩაშვებული პროექტები, ქეისები და გამოცდილება მოისმინონ. ერთად ვახერხებთ, რომ ღონისძიება იყოს მიმართული ზრდისკენ , სიახლეებისკენ და განვითარებისკენ”, – ამბობს ნათია.

საერთო ჯამში, ტესტერების დღე 2024 დაუვიწყარი ღონისძიება იქნება, რომელიც თქვენი უნარების განვითარებაზე, თანამედროვე ტენდენციებთან თქვენს სიახლოვესა და პროფესიულ გაზრდაზე იზრუნებს.

ღონისძიებაზე რეგისტრაცია და ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

®

 პიტერ სტანოს განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულების მთავარი მიზეზია უარი ლგბტ-იდეოლოგიით ქრისტიანობის ჩანაცვლებაზე-“ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

ევროკომისიის საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებამ, რომელშიც ის ევროკავშირის სახელით გმობს ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით მიღებას, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სრული ფარსია საუბარი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა თუ ევროატლანტიკური ტრაექტორიიდან გადახვევაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულების მთავარი მიზეზია საქართველოს სვლა ლიბერალური დოქტრინის საწინააღმდეგოდ და უარი ლგბტ-იდეოლოგიით ქრისტიანობის ჩანაცვლებაზე, – აღნიშნულის თაობაზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

მათივე თქმით, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია სრულად ექვემდებარება აშშ-ის რეალურ მმართველ ძალებს, რომელთა გლობალური მიზნებისთვის ლგბტ-იდეოლოგიის გაბატონება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. აღნიშნულია ისიც, რომ ევროკავშირის მიერ პრიორიტეტად ქცეული გაუკუღმართებული ფსევდო-ღირებულებები ეწინააღმდეგება არა მარტო მართლმადიდებლობას, არამედ ყველა სხვა ტრადიციულ რელიგიებს, რაც პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის სხვადასხვა რელიგიური ლიდერის მიერ გაკრიტიკებამაც დაადასტურა.

“საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნებიდან დღემდე, არაერთი განცხადება გავავრცელეთ, სადაც ნათლად განვუმარტეთ საზოგადოებას, რომ დღევანდელ რეალობაში ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოჩვენებითი დაწინაურება 4 ძირითად პირობაზე გადის, ესენია – ხელისუფლებაში აგენტურის მოყვანა და შესაბამისად, სუვერენიტეტის დათმობა ბრიუსელისა და ვაშინგტონის სასარგებლოდ, ლგბტ-პროპაგანდის ხელშეწყობა და მისი გამაგრება საკანონმდებლო დონეზე, მიგრანტების უკონტროლო მიღება, ძალდატანებით მათი ინტეგრირება ეთნიკურ საზოგადოებაში, რაც პირდაპირ ქმნის ერების იდენტობის გაქრობის საფრთხეს დაბოლოს, დამორჩილებული, დამონებული მედია, რომლის დახმარებითაც საკუთარი მიზნების მისაღწევად საზოგადოების ტვინების გამორეცხვას აწარმოებენ. აღნიშნული ოთხი სავალდებულო დათქმაა ყველაზე მნიშვნელოვანი და არა აქამდე საჯაროდ დეკლარირებული ფასეულობები: დემოკრატია; ადამიანის უფლებები; კანონის უზენაესობა; სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული და გამჭვირვალე ფუნქციონირება; კორუფციის დამარცხება და ა.შ.

მათ შორის არსებობს პირდაპირი ურთიერთკავშირი და ევრობიუროკრატიისთვის, თითოეულს თანაბრად მაღალი მნიშვნელობა ენიჭება. ევროკომისიის საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებამ, რომელშიც ის ევროკავშირის სახელით გმობს ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით მიღებას, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სრული ფარსია საუბარი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა თუ ევროატლანტიკური ტრაექტორიიდან გადახვევაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულების მთავარი მიზეზია საქართველოს სვლა ლიბერალური დოქტრინის საწინააღმდეგოდ და უარი ლგბტ-იდეოლოგიით ქრისტიანობის ჩანაცვლებაზე.

ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია სრულად ექვემდებარება აშშ-ის რეალურ მმართველ ძალებს, რომელთა გლობალური მიზნებისთვის ლგბტ-იდეოლოგიის გაბატონება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. პირობითი ბრიუსელის მხრიდან ანალოგიური შეტევა მოხდა უნგრეთის მისამართით, როდესაც ვიქტორ ორბანის პარტიამ მიიღო კანონი ,,ბავშვთა დაცვის შესახებ“, რომელიც მისი სულისკვეთებით ჰგავს საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მეორე მოსმენით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. მაშინ, ბუდაპეშტი სადამსჯელო ღონისძიებების ადრესატიც კი გახდა. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ცალკეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ინტერესები, ტრადიციული ღირებულებები, სარწმუნოება და მომავალი თაობები. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის მიერ პრიორიტეტად ქცეული გაუკუღმართებული ფსევდო-ღირებულებები ეწინააღმდეგება არა მარტო მართლმადიდებლობას, არამედ ყველა სხვა ტრადიციულ რელიგიებს – ეს იმ მკვეთრად ნეგატიურ შეფასებებშიც გამოჩნდა, რაც სხვადასხვა რელიგიის სასულიერო პირებისგან მოჰყვა პარიზის ოლიმპიადის გახსნის ,,ვოუკ“ (woke) ცერემონიას”, – ნათქვამია განცხადებაში.

 ვლადიმირ პუტინმა უნდა შეწყვიტოს საუბარი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე -ჯონ კირბი

J

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა უნდა შეწყვიტოს საუბარი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ხუთშაბათს, პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მოსკოვის ფავორიტი მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იყო, რომელმაც საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლის შემდეგ თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, მხარი დაეჭირათ კამალა ჰარისისთვის.

„ჩვენც იგივეს გავაკეთებთ, მხარს დავუჭერთ მას“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

„პუტინმა უნდა შეწყვიტოს ჩვენს არჩევნებზე საუბარი. წერტილი. მან არავის უნდა მიანიჭოს უპირატესობა, ასე თუ ისე. ერთადერთი, ვინც უნდა განსაზღვროს, ვინ იქნება შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი, არის ამერიკელი ხალხი. და ჩვენ ძალიან მადლობელნი ვიქნებით, თუ პუტინი შეწყვეტს საუბარს ჩვენს არჩევნებზე და აღარ ჩაერევა საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

ოპოზიციურმა გაერთიანება „ძლიერმა საქართველომ“ საარჩევნო პროგრამა – „ილიას გზა“ წარადგინა

„ძლიერმა საქართველომ“ საარჩევნო პროგრამა „ილიას გზა“ წარადგინა. როგორც ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, ილიას აზრები და იდეები, ისევე როგორც მათი გეგმა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა სფეროს ეხება.

„„ილიას გზა“ – ეს არის ჩვენი დიდი გუნდის, „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო გეგმა და სწორედ იმ იდეის განხორციელება, რომელიც 117 წლის წინ, წიწამურთან გააჩერეს.

ილიას აზრები და იდეები, ისევე როგორც ჩვენი გეგმა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა სფეროს ეხება, ესენია: განათლება, კულტურა, ეკონომიკა, თვითმმართველობა, თანასწორობის იდეა, ქალთა უფლებები, სამოქალაქო აქტივიზმი. ილიამ დაგვიტოვა ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ფორმულა – „მამული, ენა, სარწმუნოება“ – და ამავე დროს ილიას თაობამ საქართველოში შემოიტანა თანამედროვე, ევროპული იდეები და განსაზღვრა დამოუკიდებელი საქართველოს მომავალი გზა.

ეს არის ის სულისკვეთება, რომელსაც წარმოადგენს „ძლიერი საქართველო“ და ჩვენი გეგმა.

26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ილიას იდეა და ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს!“ – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

შესაძლოა, შეცდომა დაუშვათ და საკუთარი ენერგია არასწორი მიმართულებით დახარჯოთ. ცდილობთ სასურველი რეალობად აღიქვათ, ეს კი აუცილებლად უსიამოვნებებსა და დანაკარგებს გამოიწვევს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. ეცადეთ გაიგოთ მიზეზი, რომელმაც დაძაბულობა გამოიწვია.

კურო

თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებში გარკვევა გიჭირთ, ამიტომ დღის დაგეგმვას ვერ ახერხებთ. საკმაოდ რთული დღეა. შეიძლება ბევრი რამ ისე არ მოხდეს, როგორც ელოდით. ნუ აჩქარდებით, ეცადეთ მშვიდად და გააზრებულად იმოქმედოთ. გირჩევთ ძველ ბიზნესპარტნიორებს შეეხმიანოთ და ახალი პირობებით თანამშრომლობა შესთავაზოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, გარეშე პირთა რჩევებს ნაკლებად უსმინოთ, ინტუიციურად იმოქმედოთ და ყველა საქმეს პრაქტიკულად მიუდგეთ. დროა, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და მიმდინარე მოვლენები რეალურად შეაფასოთ. შეწყვიტეთ გარშემო მყოფებით მანიპულირება, ეს მხოლოდ თქვენ დაგაზარალებთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – დღეს მათ თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს სიმტკიცე და მონდომება უნდა გამოიჩინოთ და თქვენთვის მიუღებელ პირობებს არ დათანხმდეთ. დაიცავით საკუთარი აზრი ნებისმიერ დისკუსიაში და საკუთარი სიმართლის გჯეროდეთ. პირად ურთიერთობებში არსებობს ჩხუბის ან უსიამოვნო სიტუაციის რისკი. შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, რადგან მათი შედგენის დროს ბევრი რამ არ გაითვალისწინეთ. ნუ ინერვიულებთ – მალე სიტუაცია თქვენთვის ხელსაყრელი მიმართულებით განვითარდება.

ლომი

ამ დღეს ფინანსური საკითხების მოგვარებას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ, ოჯახურ ბიუჯეტს გადახედოთ და ხარჯები შეამციროთ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხებს ნუ უგულებელყოფთ – საქმის საბოლოო წარმატება მათზეა დამოკიდებული. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან.

ქალწული

ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობას და აზრის მკაფიოდ გამოხატვას ვერ ახერხებთ, ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა მნიშვნელოვანი მოლაპარაკება სხვა დღისთვის გადადოთ. ეცადეთ, მანიპულატორების მსხვერპლი არ გახდეთ და გადაწყვეტილებები სხვისი ზეწოლის ქვეშ არ მიიღოთ. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს – ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს.

სასწორი

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მთავარია საკუთარ სხეულს უსმინოთ. ხშირად შეისვენეთ და ზედმეტად რთულ ან შრომატევად საქმეებს ერიდეთ. ამ დღეს ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციოთ – მცირე შეცდომამ შეიძლება სამუშაოს საბოლოო შედეგზე უარყოფითად იმოქმედოს. პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება, თუ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად შეაფასებთ.

მორიელი

დღეისთვის ახალი და რთული საქმეები არ უნდა დაგეგმოთ. გარემოებები თქვენთვის არახელსაყრელია, ამიტომ ეცადეთ, ალტერნატიული გზები იპოვოთ. კარგი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. ამ პროცესში შეიძლება ახალი მოკავშირეები და დამხმარეები იპოვოთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები.

მშვილდოსანი

ადვილი წარმატების იმედი ნუ გექნებათ. თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, ხანგრძლივი შრომისთვის მზად უნდა იყოთ. ეცადეთ, ოჯახში მყუდრო და მშვიდი ატმოსფერო შეინარჩუნოთ. საჭირო არაა, რომ საკუთარი აზრი ნებისმიერ ფასად დაამტკიცოთ. ნუ იქნებით ზედმეტად ეჭვიანი და ეცადეთ, გარშემო მყოფებს ენდოთ. მშვიდობიანი განწყობა ნდობისა და ურთიერთობების გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

თხის რქა

მოვლენების გაკონტროლება გიჭირთ და ამის გამო არასასურველ შედეგებთან შეგუება გიწევთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, საპასუხისმგებლო საქმეებს და სტრესულ სიტუაციებს მოერიდოთ. ამ დღეს უპირატესობა კარგად ნაცნობ და მარტივ სამუშაოს უნდა მიანიჭოთ. ხელმძღვანელობა თქვენს აზრს მოისმენს და გაითვალისწინებს. ეცადეთ, დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე იმუშაოთ, რადგან ეს სასურველი შედეგის მიღწევას გაგიადვილებთ.

მერწყული

გირჩევთ, ზედმეტი ხარჯები თავიდან აიცილოთ და ფინანსური საკითხების განხილვაზე უარი თქვათ – დღეს ამისთვის არახელსაყრელი დღეა. მეგობრებთან შეხვედრები სასარგებლო იქნება – ვიღაცამ შეიძლება საინტერესო იდეა მოგაწოდოთ, რომლის განხორციელება პროფესიულ სარგებელს მოგიტანთ.

თევზები

თქვენს განწყობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ამიტომ ეცადეთ, დილიდან პოზიტივით დაიმუხტოთ. თქვენი ქმედებები შედეგზე გათვალეთ, სხვა შემთხვევაში შეცდომების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, დიდი ხნის უნახავი ადამიანები მოინახულოთ და შეურიგდეთ მათ, ვისთანაც უთანხმოება გქონდათ.

26 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” ამომრჩეველი მაქსიმალურად უნდა დაირაზმოს ხმის მისაცემად, რათა მმართველმა გუნდმა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და განახორციელოს ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც საქართველოს ესაჭიროება – გია აბაშიძე

“26 ოქტომბრის მორიგ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში, “ქართული ოცნება” გარანტირებულად მოიპოვებს საპარლამენტო უმრავლესობას“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ამომრჩეველი მაქსიმალურად უნდა მობილიზდეს და მივიდეს არჩევნებზე, რათა მმართველმა გუნდმა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

“26 ოქტომბრის მორიგ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში, “ქართული ოცნება” გარანტირებულად მოიპოვებს საპარლამენტო უმრავლესობას. თუმცა, “ქართული ოცნების” ელექტორატის ნაწილმა იცის რა, რომ მისი პარტია ახლაც გაიმარჯვებს, შესაძლოა, სოციალური სიზარმაცე გამოიჩინოს და არ მივიდეს საარჩევნო უბნებზე. ამიტომ 26 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” ამომრჩეველი მაქსიმალურად უნდა დაირაზმოს ხმის მისაცემად, რათა მმართველმა გუნდმა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და განახორციელოს ის ფუნდამენტური, ისტორიული ცვლილებები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს ესაჭიროება”, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.