Home Blog Page 4

უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე , სრულ ერთიანობაზე წინააღმდეგობაში და ბოიკოტში -ირაკლი ფავლენიშვილი

„ელენე ხოშტარიას ეს ნაბიჯი აღქმული უნდა იქნას, რომ აღარ არსებობს უკან დახევა რეჟიმთან ბრძოლაში, ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი არის ღალატი, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე და  მათ შორის სრულ ერთიანობაზე წინააღმდეგობაში და ბოიკოტში.“ – განაცხადა
„ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა

“ქვეყანაში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, როდესაც ადამიანები მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმას გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის ეგზისტენციალური საფრთხე არა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, მათ შორის ადამიანები წირავენ არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამ ბრძოლაში ეს ნაბიჯი უნდა აღქმულ იქნეს მათ შორის

საპროტესტო ელექტორატის და სხვა აქტორების მიერ, რომ აღარ არსებობს უკან დახევა რეჟიმთან ბრძოლაში, ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი არის ღალატი, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე და მათ შორის სრულ ერთიანობაზე წინააღმდეგობაში, ბოიკოტში და არა სხვა ფორმატში.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ შიმშილობა დაიწყო. 

რუსეთი მზად არის, უკრაინასთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სტამბოლში გამართოს – პუტინი

მოსკოვი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სტამბოლში გამართოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია თარიღისა და ადგილის შეთანხმება და იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გააგრძელებს დარეგულირების პროცესის მხარდაჭერას.

„ჩვენ ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ“, – აღნიშნა პუტინმა.

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ურთიერთობებისთვის სასიკეთო დღეა. ადვილად შეძლებთ სხვებთან საერთო ენის გამონახვას და კარგი შთაბეჭდილების მოხდენას. იაქტიურეთ, წარმატებას მიაღწევთ პირად ფრონტზეც.

კურო

ძლიერ დატვირთული და საქმიანი დღეა, თქვენი ნიჭისა და ცოდნის დემონსტრირებით, შთამბეჭდავად შეძლებთ ნებისმიერ საქმეში თავის წარმოჩენას. შესაძლოა, მეტად სარფიანი და საინტერესო წინადადებაც შემოგთავაზონ.

ტყუპები

თუ თქვენს გეგმებს უფრო დააკონკრეტებთ და მოხერხებულად იმოქმედებთ, დაეყრდნობით ინტუიციას საჭირო მომენტში, დარწმუნებული იყავით, რომ სასურველ შედეგს გაცილებით იოლად მიიღებთ.

კირჩხიბი

მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, არის კარგი ცვლილებების ალბათობაც, შესაძლოა, სწორედ დღეს დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში ახალი მნიშვნელოვანი ცვლილებები.

ლომი

თუ რაიმე სირთულე იჩენს თავს, გამოიჩინეთ კეთილგონიერება და ცივი გონებით გააანალიზეთ, სხვისი თვალით შეხედეთ ყველაფერს და პრობლემებს თავს იოლად გაართმევთ.

ქალწული

კარგი დროა, ნებისმიერი სახის თანამშრომლობისთვის, არავითარი პრობლემები არ გემუქრებათ იმ ადამიანებისგან, ვინც თქვენი იდეების რეალიზებაში დაგეხმარებათ. უბრალოდ, გაითვალისწინეთ რომ ეს საქმიანობა, ყველასთვის სარგებლიანი უნდა იყოს.

სასწორი

შესაძლოა, ამ დღემ არაერთი მოულოდნელობა მოიტანოს და საქმეებს თავი ვერ გაართვათ, თუმცა, კარგი პერსპექტივებიც სწრაფად გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში.

მორიელი

გამოიჩინეთ ინიციატივა, როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროში და არავითარ შემთხვევაში არ მიატოვოთ დაწყებული საქმე. თქვენი იდეები ნაყოფიერი და სარგებლიანი იქნება და ბევრ მხარდამჭერს გაიჩენთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, გეგმები თქვენი ჩანაფიქრის მიხედვით არ განვითარდეს, მაგრამ სერიოზული მიდგომითა და მონდომებით, შეძლებთ მიაგნოთ ახალ შესაძლებლობებს, ეს დროულად გამოიყენეთ და შესაბამისად იმოქმედეთ.

თხის რქა

დიდია პოზიტიური ცვლილებების შანსი, სასიკეთო და მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთობა დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან ან ნაცნობებთან, შესაძლოა, შექმნათ ერთიანი სამოქმედო გეგმა მომავალი საქმიანობისთვის.

მერწყული

რთული, მაგრამ საინტერესო დღეა. თუ არ იზარმაცებთ და საჭირო ინიციატივას გამოიჩენთ, თვითონვე გაგაკვირვებთ მიღწეული შედეგები და მეტად კმაყოფილიც დარჩებით საკუთარი თავით.

თევზები

შესაძლოა, მარტოს გაგიჭირდეთ საქმეებში გარკვევა, ნუ იწუწუნებთ და ნუ აჰყვებით ნეგატიურ ფიქრებს, სთხოვეთ დახმარება ახლობელ ადამიანებს და ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდებით. 

 ეს ქვეყანა თავისუფალი ხალხის ასაშენებელია და არა მშიშარების – მინდა, მოგიწოდოთ, კითხვა „გვეშველება რამე?” უნდა ამოვიღოთ სასაუბრო ლექსიკონიდან, პასუხი არის ერთი – დიახ, გვეშველება! – მამუკა ხაზარაძე 

„ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე განთავსდა.

როგორც ხაზარაძე წერს, ქვეყნის სრული გათავისუფლებისთვისა და გაერთიანებისთვის ბრძოლა გრძელდება.

ამასთან, ხაზარაძის თქმით, ეს ქვეყანა თავისუფალი ხალხის ასაშენებელია და არა მშიშარების.

„წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას. ანას, ნიკას, ელენეს, სოფოს, იოანეს, ასეთ წერილს პირველად გწერთ ყველას – ჩემს ხუთივე შვილს.

მადლობით მინდა დავიწყო ასეთები რომ ხართ – მართლები, ლაღები და თავისუფლები, უბრალოები და არაფრით გამორჩეულები, გარდა თქვენი ინდივიდუალიზმისა.

ბევრი უსამართლობის და წინააღმდეგობის, ხშირ შემთხვევაში გადაულახავის დროსაც, ერთხელაც არ გითქვამთ, რომ ქვეყანა დაგვეტოვებინა, იცოდით რა, რომ ამის შესაძლებლობა სულ გვქონდა.

მადლობა, რომ არც თქვენ გაგჩენიათ სურვილი სხვა ქვეყანაში ცხოვრების იმიტომ, რომ ზუსტად იცით და გრძნობთ, რომ ამ ქვეყანას დიდი მომავალი აქვს. იცით და ამაყობთ ამ ქვეყნის ტრადიციით და ისტორიით. იცით და გრძნობთ, რომ თუ თქვენ არა, სხვა ვერავინ უშველის ამ მართლაც უნიკალურ საქართველოს. თავისუფლები ხართ და ამიტომ ვარ ამაში ასე დარწმუნებული. თავისუფალმა ადამიანებმა მოიტანეს ეს ქვეყანა დღემდე. თავისუფლებას ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს – რაც უფრო ვიწროვდება შენს გარშემო სივრცე, უფრო ძლიერდება ეს გრძნობა. დღეს, ამ ოთხ კედელში გამოკეტილი, ამას განსაკუთრებული ძალით ვგრძნობ.

ეს ქვეყანა თავისუფალი ხალხის ასაშენებელია და არა მშიშარების. მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან რაიმე ღირებული, ინოვაცია, ბიზნესი თუ ხელოვნება. მშიშარა ადამიანზე საწყალი და უბედური არ არსებობს ქვეყანაზე არავინ. მადლობა ირინას თქვენი ასეთი აღზრდისთვის! მადლობა ყველა დედას თავისუფლებისმოყვარე შვილების აღზრდისთვის!

მიყვარხართ!

ბრძოლა გრძელდება ქვეყნის სრული გათავისუფლებისთვის და გაერთიანებისთვის. დიახ, რუსული რეჟიმის ჩამოშორება მხოლოდ ნაწილია დიდი მიზნის მისაღწევად, რასაც ქვეყნის გაერთიანება ჰქვია.

ბედნიერი ვარ, რომ ამ ბრძოლის ნაწილი ვარ, ჩემს ოჯახთან და თანამებრძოლებთან ერთად! მინდა, მოგიწოდოთ – კითხვა “გვეშველება რამე?” უნდა ამოვიღოთ სასაუბრო ლექსიკონიდან.

პასუხი არის ერთი – დიახ, გვეშველება! ამაყად და ხმამაღლა უნდა ვიძახოთ და ვიმეოროთ – ჩვენ გავიმარჯვებთ!

ერთად საქართველოსთვის!

ერთად თავისუფლებისთვის!” – წერს ხაზარაძე.

ჩვენ ვქმნით ისეთ რეგულაციებს, რომ საქართველო არალეგალი მიგრანტების თავშეყრის ადგილი არ იყოს – დავით მათიკაშვილი

შრომითი კუთხით ჩვენ ვცდილობთ, რომ მიგრანტებთან დაკავშირებით იყოს სწორი საკანონმდებლო რეგულაციები, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, რომელმაც „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე განმარტება გააკეთა.

„ჩვენ ვქმნით ისეთ პირობებს, რომ არალეგალი მიგრანტების თავშეყრის ადგილი არ იყოს საქართველოში და ამ მხრივ მოხდეს რეგულაციების გამკაცრება. ხდება კანონმდებლობის სრულყოფა, რომელიც მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას მოაგვარებს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა და 84 ხმით მხარი დაუჭირა.

წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის გზა და ლენტეხი-მესტიის გვირაბის პროექტები ძალიან ძვირი ჯდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საკმაოდ დიდი რეგიონის განვითარებისთვის – სოზარ სუბარი ირაკლი კობახიძეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრემიერს კითხვებით მიმართა.

სოზარ სუბარმა ისაუბრა მაგისტრალური პროექტების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია საკმაოდ დიდი რეგიონის განვითარებისთვის.

„ბატონო პრემიერო, აქ შევეხები მაგისტრალურ გზებს, რომლებზეც უკვე ისაუბრეთ. რამდენიმე მაგისტრალური გზა გადის ქვეყანაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი. ესენია: ქვეშეთი-კობის გვირაბი, რომელიც მალე დასრულდება; თბილისიდან ბათუმთან დამაკავშირებელი გზა; დაწყებულია და იგება კახეთის გზა და სადახლოს და წითელი ხიდის მიმართულებითაც მალე უნდა დაიწყოს პროექტი. პარალელურად, არის ბევრი გზა, რომელთა გაკეთებაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის რეგიონების განვითარებისთვის. ერთ-ერთ ასეთი გზის პროექტზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რომელიც გამზადებულია (იმ ეტაპზე იყო ყველაფერი მისული, რომ დონორების მოძიებაც უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პროექტი გაჩერდა პანდემიის გამო). ლაპარაკია წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის გზასა და შემდეგ, ლენტეხი-მესტიის გვირაბზე. მესმის, რომ ძალიან ძვირი ჯდება ეს პროექტი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საკმაოდ დიდი რეგიონის განვითარებისთვის და საუკუნეების განმავლობაში მოემსახურება მოსახლეობას. იქნებ, ამ პროექტის განახლებაზე იფიქროთ და სამომავლო პრიორიტეტებში გაითვალისწინოთ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის პასუხად პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მაგისტრალური პროექტების, კონკრეტულად კი, ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით კომპლექსური მსჯელობაა საჭირო.

„რაც შეეხება ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გვირაბს, საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია – მილიარდი ჯდება მისი განხორციელება. სწორედ ამიტომ, მაღალი ხარჯებიდან გამომდინარე, რთულია გადაწყვეტილების მიღება. ამ საკითხზე კომპლექსურად დაგვჭირდება მსჯელობა“, – აღნიშნა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.

ციხეში, სიზმარისეული მდგომარეობაა, სულ ცოტაც და გურამ აბსანძესაც დაიჭერენ და შემდეგ ბატონი გურამი კვლავ გათხრის გვირაბს და ჩვენც გამოგვიყოლებს – ნიკა მელია

რუსთავის ციხეში, სიზმრისეული მდგომარეობაა, თითქმის ყველა აქ არის, სულ ცოტაც და გურამ აბსანძესაც დაიჭერენ და ამის შემდეგ ბატონი გურამი კვლავ გათხრის საიდუმლო გვირაბს და ჩვენც გამოგვიყოლებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ციხიდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც მის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ნიკა მელიას განცხადებით, „რეჟიმის შემოტევების ამოცანაა თავი უსუსურებად გვაგრძნობინოს, გაუბედავებად გვაქციოს და საკუთარი „მე“ წაგვართვას”.

„გამარჯობა და გამარჯვება! მართალია საბჭოთა კავშირი კი შემოგვიბრუნდა აწმყოში და უნდა ჩვენი გონება სულ წარსულს ეპოტინებოდეს, თუმცა წარმოუდგენლად დიდი პატივია ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელიც თავგადასავლიან ცხოვრებას მოითხოვს და ამაში გასაკვირი არაფერია.

ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე! ამ და ასეთ ბრძოლაში პრინციპულები გაიმარჯვებენ, პრინციპულობით გავიმარჯვებთ. ასე მჯერა, ასე ვიცი, ასე მიბრძოლია და ასე ვიბრძოლებთ. მაგრად მახარებს შეუპოვრების რაოდენობა, შემგუებლებს ცვლილება არასოდეს მოუტანიათ.

რეჟიმის შემოტევების ამოცანაა თავი უსუსურებად გვაგრძნობინოს, გაუბედავებად გვაქციოს, საკუთარი „მე“ წაგვართვას.

არ გამოუვათ, იმიტომ რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლის ძალა, რაც ყველასთვის მოულოდნელ მომენტში გამარჯვების ენერგიად გადაიქცევა და ნაკუწებად ვაქცევთ მილიარდერის ბადეს, რომელშიც ყველანი ვართ გახლართულები, მათ შორის თვითონაც.

მოკლედ, რაც არ უნდა ბედნიერების ხრონწით ხმაში ამბობდნენ, რომ თუ ჩვენს პარლამენტს არ აღიარებენ, მაშინ ყველანი ციხეში წავლენო, აი ზუსტად ასეთ დილიხორში მყოფები დაიშლებიან, როგორც ქიმიური შენაერთი სინჯარაში.

საქართველო ვერ გახდება ბიძინასი და რუსების, ჩასუნთქული გვაქვს უკვე თავისუფლების ჰაერი და ძალიან ბევრს მენტალურად დატოვებული გვაქვს საბჭოთა კავშირი და ვაპირებთ მისი ყველა კარი სამუდამოდ გამოვიხუროთ!

აქ კი, რუსთავის ციხეში, სიზმრისეული მდგომარეობაა, თითქმის ყველა აქ არის, სულ ცოტაც და გურამ აბსანძესაც დაიჭერენ და ამის შემდეგ ბატონი გურამი კვლავ გათხრის საიდუმლო გვირაბს და ჩვენც გამოგვიყოლებს. ამაზე ნაკლები სცენარით, ეს ჩვენი თავგადასავალი არ უნდა დასრულდეს.

ყველას მოკითხვა, მაგრად იყავით! მოკითხვა სართულის მეზობელს – გიორგის, მოკითხვა ქვედა სართულის მეზობლებს- ნიკას, ზურას, ირაკლის, მამუკას და ბადრის. მოკითხვა გივი თარგამაძეს! მოკითხვა სხვა ციხეში მყოფ სინდისის პატიმრებს”, – ნათქვამია წერილში.

თუკი რაიმე იქნება გასათვალისწინებელი, ვდებთ პირობას, რომ უპირატესად არ გავითვალისწინებთ არავის, გარდა ქართველი ხალხისა – მამუკა მდინარაძე

თუკი რაიმე იქნება გასათვალისწინებელი, ვდებთ პირობას ქართველი ხალხისა და ერთმანეთის წინაშე, რომ არცერთ შემთხვევაში უპირატესად არ გავითვალისწინებთ არავის, გარდა ქართველი ხალხისა, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი წარმოადგენს ქართველ ხალხს, მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს და არავის სხვას.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წარსულის, მშობლების, ოჯახების პატივისცემაზე, წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი დოლარით თუ ევროთი ფინანსდებოდა ამის საწინააღმდეგო არაერთი კამპანია, ამიტომაც ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ წარსულის პატივისცემაზე დაფუძნებული ზრუნვა მომავალზე არის იმის გარანტი, რომ მომავალმა თაობებმაც პატივი სცენ საკუთარ წარსულს და ღირსეული მომავალი უზრუნველყონ.

თუ ჩვენ არ ვცემთ ჩვენს მშობლებს, ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს, ჩვენს წარსულს, ჩვენს ტრადიციებს პატივს, ვერ უზრუნველყოფთ ჩვენი შვილებისა და ჩვენი მომავალი თაობების ღირსეულ მომავალს და ეს შვილებიც სხვანაირად, სწორად ამ ღირებულებებზე ვერ გაიზრდებიან.

და როდესაც კითხვა ისმის, პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს კონკრეტულ ქართულ, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ ხედვებს და დეტალებში ჩადის აბსოლუტური გონიერებით და სიზუსტით, ამ დროს ვის წარმოადგენთ თქვენ, ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს და არცერთი ჩვენგანი არავის სხვას.

და თუკი რაიმე იქნება გასათვალისწინებელი, ვდებთ პირობას ქართველი ხალხისა და ერთმანეთის წინაშე, რომ არცერთ შემთხვევაში უპირატესად არ გავითვალისწინებთ არავის, გარდა ქართველი ხალხისა.

და ვინ არის ეს გუნდი და ვინ ვართ ჩვენ. ვინ არის ჯერ „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება“ არის აი ეს გუნდი, 41 ათასზე მეტი წევრი ამ გუნდისა ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, რომლებმაც 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე უღალატოდ მოაღწიეს და ასე თამამად შეუძლიათ ლაპარაკი.

და რა არის ჩვენი „ქართული ოცნება“. როდესაც ირაკლი კობახიძის იმ სიტყვებს უსმენთ, რომელიც ორიენტირებულია დემოგრაფიაზე, კორუფციის აღმოფხვრაზე და ა.შ. ეროვნულ საკითხებზე, რა პრიორიტეტები გვაქვს. ამ კითხვაზე პასუხამდე რომ მივიდე, რამდენიმე საკითხს ძალიან მოკლედ შევეხები და შემდეგ ძალიან კონკრეტულ პასუხს გავცემ ჩემივე დასმულ ამ კითხვას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ჩვენი გუნდის ერთიანობამ, ერთად დგომამ, საერთო გადაწყვეტილებებმა განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, წინ დიდი ამოცანები გვაქვს დასახული და ერთიანობით ყველა მიზანს მივაღწევთ -ირაკლი კობახიძე

ყველა ის საქმე, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ თქვენს წინაშე, ეფუძნება სწორედ იმ ნდობას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობს მეთაურმა დეპუტატებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის, რომელიც მათ მთავრობას ჯერ წელიწად-ნახევრის წინ, გასული წლის თებერვალში და შემდეგ ნახევარი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოუცხადეს. 

„მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებთ საერთო საქმეს – ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და სწორედ ამ გუნდის ერთიანობამ, ერთად დგომამ, საერთო გადაწყვეტილებებმა განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ამაყობს თავისი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით, დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, ყველამ ერთად განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე. წინ კიდევ ძალიან დიდი ამოცანები გვაქვს დასახული და ჩვენი ერთიანობით აუცილებლად ყველა მიზანს მივაღწევთ. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და დღევანდელი დღისთვის, თქვენი ყურადღებისთვის!” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა ქორწილში მიწვევაზე და ვენეციაში არ გაემგზავრება”-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ეხმაურება ცნობილი მილიარდერის ჯეფ ბეზოსის ქორწილთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს და აქვეყნებს სტატიას სათაურით: „დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა ქორწილში მიწვევაზე და ვენეციაში არ გაემგზავრება“ (ავტორი – დევიდ მილუორდი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა უარი თქვა ჯეფ ბეზოსის ქორწილში მიპატიჟება-მონაწილეობაზე, რომელსაც ცნობილი ბიზნესმენი, კომპანია „ამაზონის“ დამაარსებელი და გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ მფლობელი ვენეციაში იხდის.

როგორც იტყობინებიან, ჯეფ ბეზოსი ცდილობს აშშ-ის პრეზიდენტის კეთილგანწყობა დაიმსახუროს და ილონ მასკის წასვლის შემდეგ გამოთავისუფლებული „უპირველესი მეგობრის“ ვაკანტური ადგილი დაიკავოს.

The Wall Street Journal-მა (WSJ) გაავრცელა ცნობა, რომ 61 წლის ჯეფ ბეზოსი, რომელიც თავის სამდღიან დიდებულ ქორწილს აწყობს ვენეციაში (იგი ცოლად ირთავს ცნობილ ჟურნალისტს ლორენ სანჩესს), ორჯერ ელაპარაკა მისტერ დონალდ ტრამპს ბოლო კვირაში.

თეთრი სახლის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ჯეფ ბეზოსისაგან ქორწილში მიწვევა მართლაც არის მიღებული, მაგრამ მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ვენეციაში ვერ გაემგზავრება მოუცლელობისა და მჭიდრო სამუშაო გრაფიკის გამო.

ასევე მოსალოდნელია, რომ ქორწილს დაესწრება დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა (პირველი ცოლისგან), ქმართან – ჯერად კუშნერთან ერთად: ლორენ სანჩესი ივანკას ახლო მეგობარია. ქორწილში გაემგზავრება აგრეთვე დონალ ტრამპ-უმცროსი, პრეზიდენტის უფროსი ვაჟი.

ქორწილის გადახდა სურვილის მიხედვით ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ცოტა სხვაგვარადაა: როგორც გაზეთ „დეილი მეილს“ აცნობეს, სინამდვილეში ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი საკმაო ხნის შეუღლებულები არიან, აშშ-ის კანონების შესაბამისად, თუმცა ეს ფარულად მოხდა და არ გამჟღავნებულა.

როგორ გადაიქცა ტრამპის მოწინააღმდეგე ტრამპისტად

2019 წელს დონალდ ტრამპი, რომელიც იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი იყო პირველი ვადით, მწარედ გაეხუმრა მისტერ ბეზოსს და მას “Jeff Bozo”უწოდა, მისი გაზეთის – „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ დაკავებული [ანტიტრამპისტული] პოზიციის გამო.

თუმცა მოგვიანებით, უკვე 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს გაზეთმა მხარი არ დაუჭირა კამალა ჰარისს და ამით ის ლიბერალური ტრადიცია დაარღვია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო ჩამოყალიბებული.

თებერვალში „ვაშინგტონ პოსტმა“ უარი განაცხადა იმ რეკლამის გამოქვეყნებაზე, რომელშიც ტრამპის ადმინისტრაცია იყო გაკრიტიკებული: მასში კითხვა იყო დასმული – „ვინ მართავს ამერიკას – დონალდ ტრამპი თუ ილონ მასკი?“.

როგორც დღეისათვის ჩანს, მისტერ ჯეფ ბეზოსს სურს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის მომხდარი განხეთქილება, რომელიც გასულ თვეში მოხდა. აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი თავისი კომპანიის SpaceX-ისკოსმოსური პროგრამის შეწყვეტით დაიმუქრა, რომელიც NASA-სთან თანამშრმლობს, ჯეფ ბეზოს კი მსგავსი კომპანია აქვს – Blue Origin, რომელსაც  SpaceX-ის ჩანაცვლება შეუძლია. როგორც ცნობილია, აშშ-ის აეროკოსმოსურმა უწყებამ რუსული კოსმოსური ხომალდების გამოყენება შეწყვიტა და ილონ მასკის ხომალდებზეა დამოკიდებული, რომ დედამიწის ორბიტაზე არსებულ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ამერიკელი ასტრონავტები მიიყვანოს. ამიტომ NASA-სთვის SpaceX-ის ჩანაცვლება კარგი ალტერნატივა იქნებოდა.

ქორწილი და პროტესტები ვენეციაში

იტალიელები (ვენეციელები) მილიარდერის სამდღიანი დროსტარების წინააღმდეგნი არიან იმ დროს, როცა მსოფლიოში დიდი უბედურებები ხდება. ორგანიზაცია Extinction Rebellion-მა ქალაქის ცენტრში, სან მარკოს მოედანზე საპროტესტო აქცია მოაწყო. იტალიელებს არ მოსწონთ, რომ ჯეფ ბაზოსი დონალდ ტრამპთან თავისი კავშირებით სარგებლობს და თავისი უპირატესობის წარმოჩენას ცდილობს. ისინი თვლიან, რომ ვენეციის ექსპლუატაცია – როგორც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების გართობის ობიექტად გამოყენება – დაუშვებელია.

ხუთშაბათს მადონა დელ ორტოს ეკლესიასთან, სადაც საქორწინო ღონისძიებები უნდა გაიმართოს, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს – კარაბინერების ქვედანაყოფი განლაგდა. გადაკეტილია ხიდიც, რომელიც ეკლესიასთან მდებარეობს, დადგმულია დამცავი ფარები, რომ დემონსტრანტებმა გავლა ვერ შეძლონ. აკრძალულია დრონების გამოყენებაც. აკრძალვა ვრცელდება ახლოს მდებარე ისტორიულ ებრაულ კვარტალზეც.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

რა ეღირება დოლარი და ევრო 28 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7236 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7236 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7242 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1882 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1925 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0043 ლარი შეადგინა.

ამდენი პოლიტპატიმარი არათუ საქართველოს, ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს -სალომე ზურაბიშვილი

კვირას, 20:00 საათზე ყველანი გამოვიდეთ, ეს ის დღეა, როცა უნდა გამოვიდეთ ყველანი ერთად – პარტიების წევრები, აქტივისტები, მშობლები, არასამთავრობოები, ცალკეული ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მოდიან ყოველდღიურად პროტესტში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე გამოჩნდება, რამდენად ძლიერია ერთიანობა, რამდენად ძლიერია საზოგადოება, რამდენად ძლიერია წინააღმდეგობა.

„ეს კვირა ალბათ ყველასთვის ძალიან მძიმე კვირად არის აღქმული. ამდენი პოლიტპატიმარი ერთ კვირაში არათუ საქართველოში, ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს. მაგრამ, ეს არ არის იმის მიზეზი, რომ გავჩერდეთ, რადგან პირიქით, ის რაც ხდება, იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ ვართ უფრო ძლიერები. ის ფაქტი, რომ პლატფორმის ყველა ლიდერი ციხეშია, აჩვენებს, თუ რამდენად აწუხებთ მათ წინააღმდეგობის ერთობა. პასუხი იმაზე, თუ რაც ხდება, არის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ და ერთი ნაბიჯი წინ ნიშნავს ერთი ნაბიჯი ერთობაში, ყველას ერთად დგომა. ამის საშუალება გვეძლევა კვირას, 20:00 საათზე, რომ ყველანი გამოვიდეთ და ყველას, თითოეულ ადამიანს, რომელიც უყურებს დღეს საქართველოში რა ხდება, რომელსაც ესმის, ან რომელიც გრძნობს, საითკენ მიჰყავთ ეს ქვეყანა – ეს ის დღეა, როცა უნდა გამოვიდეთ ყველანი ერთად, პარტიების წევრები, აქტივისტები, მშობლები, არასამთავრობოები, ცალკეული ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მოდიან ყოველდღიურად პროტესტში. მე ვიქნები იქ, თქვენ იქნებით იქ და ჩვენ დავანახებთ, თუ რამდენად ძლიერია საქართველოს ერთიანობა, რამდენად ძლიერია ეს საზოგადოება, რამდენად ძლიერია წინააღმდეგობა. ეს არის ერთადერთი ღირსეული პასუხი ჩვენი ღირსეული მომავლისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.