Home Blog Page 4

„გამჭვირვალობის კანონზე“: ევროკავშირს არავინ გულისხმობს და არ არის მთავარი აქტორი ევროკავშირი, არამც და არამც – ბექა ოდიშარია

x

ჩვენ დიდი ხიფათი გვაქვს რუსეთისგან, დიდი ხიფათი გვაქვს სხვა ქვეყნებისგან. არის რელიგიური ექსტრემიზმის გამოწვევები. არავინ გულისხმობს აქ და არ არის მთავარი აქტორი ევროკავშირი, არამც და არამც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

„უბრალოდ, ჩვენ პარტნიორი ქვეყნებიდან, დონორი ორგანიზაციებისგან, რომელთა მადლიერიც ვართ, გვინდა, რომ შემსრულებლები, რომლებიც ველზე მუშაობენ მათი სახელით, რაში ხარჯავენ ამ ფულს, იცოდნენ მათაც, ჩვენც და ჩვენმა საზოგადოებამაც“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია

ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია. დაიტბორა ქუჩები, რის გამოც მანქანების გადაადგილება გარკვეული პერიოდით გართულდა.

განსაკუთრებით რთული ვითარება იყო გლდანის რაიონში. წვიმის შედეგად ახმეტელის მეტროსთან დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელი და იქ განთავსებული სავაჭრო ობიექტები.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, ასევე, იმყოფებოდნენ გამგეობის წარმომადგენლები.

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ საცხოვრებლად გამგზავრებით დაინტერესებულ პირებს უმზადებდა ყალბ დოკუმენტებს, რომელთა გამოყენებითაც პირს შეეძლო შედარებით მარტივად მიეღო თავშესაფარი, როგორც პოლიტიკურ და ძალადობის მსხვერპლს.

დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ ასეთ პირს 500 აშშ დოლარისა და 550 ლარის საფასურად დაუმზადა სამართალდამცავი ორგანოს მიერ გაცემული ყალბი წერილი მასზედ, რომ პირის მიმართ განხორციელებული მუქარების გამო თითქოსდა მიმდინარეობდა გამოძიება და ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ გაცემული ყალბი ცნობა თითქოსდა პირი იყო პოლიტიკური დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი. ასევე, მეტი დამაჯერებლობისათვის, გაყალბებულ იქნა სამედიცინო დაწესებულების სახელით გაცემული ფორმა #100, რომლის თანახმადაც მოქალაქეს მიყენებული ჰქონდა ფიზიკური დაზიანებები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა ყალბი დოკუმენტაციის დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ორგანიზაციის ბეჭედი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მოკავშირეების გადაწყვეტილებები ერთი წლით იგვიანებს – ყველა შეეჩვია იმ ფაქტს, რომ უკრაინელები კვდებიან – ვოლოდიმირ ზელენსკი

დასავლელ მოკავშირეებს ძალიან დიდი დრო სჭირდებათ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

”ყოველი გადაწყვეტილება, რომლამდეც ჩვენ, შემდეგ ყველა ერთად მივდივართ, დაახლოებით ერთი წლით იგვიანებს, მაგრამ ეს არის ის, რაც არის: ერთი დიდი ნაბიჯი წინ, მაგრამ მანამდე ორი ნაბიჯი უკან. ამიტომ ჩვენ ცოტა უნდა შევცვალოთ პარადიგმა“,, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სურდა, რომ უკრაინის პარტნიორები უფრო პირდაპირ ჩართულიყვნენ ომში, მაგრამ ესმოდა, რომ ისინი უფრთხილდებიან რუსეთის ანტაგონიზაციას.

”ეს ნების საკითხია, მაგრამ ყველა ამბობს სიტყვას, რომელიც ყველა ენაზე ერთნაირად ჟღერს: ყველას ეშინია ესკალაციის. ყველა შეეჩვია იმ ფაქტს, რომ უკრაინელები კვდებიან – ხალხისთვის ეს ესკალაცია არ არის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას, საკუთარი ცის დასაცავად, მინიმუმ, 120 -130 საბრძოლო თვითმფრინავი სჭირდება

„რუსები უკრაინის ტერიტორიაზე 300 თვითმფრინავს იყენებენ. ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 120-130 თვითმფრინავი ცაში წინააღმდეგობის გასაწევად”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ ქვეყნებს თვითმფრინავების დაუყოვნებლივ მიწოდება არ შეუძლიათ, მათ შეუძლიათ თვითმფრინავებით, რომლებიც ნატო-ს მეზობელ ქვეყნებში ჰყავთ, რუსული რაკეტები მოიგერიონ და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვან.

უკრაინელებმა რუსების გაშვებული 29 დრონიდან 28 ჩამოაგდეს

რუსებმა უკრაინას ღამით Shahed-131/136 ტიპის დრონებით შეუტიეს, უკრაინელებმა 29 დრონიდან 28 ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

”საზენიტო ბრძოლის შედეგად ჩამოგდებულია 28 დრონი ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ჩერკასის, ხერსონის და კიროვოგრადის ოლქებში“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მათივე ინფორმაციით, რუსები უკრაინას წუხელ სამი მიმართულებიდან დაესხნენ თავს: რუსეთის ქალაქებიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან.

რუსების საჰაერო შეტევა უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, საჰაერო ძალების და სახმელეთო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა მოიგერიეს.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები სანქციების დაწესებას განიხილავენ

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები სანქციების დაწესებას განიხილავენ, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.

„კონგრესი განიხილავს ყველა ვარიანტს, მათ შორის სანქციებს, რათა დაისაჯოს ჰააგის სასამართლო და უზრუნველყოს, რომ მისი ხელმძღვანელობა ნახავს შედეგებს, თუ ისინი იმოქმედებენ. თუ ჰააგის სასამართლოს მიეცემა უფლება, დაემუქროს ისრაელელ ლიდერებს, ჩვენი ლიდერები შეიძლება, იყონ შემდეგი. ჰააგის სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება ისრაელზე ან აშშ-ზე და დღევანდელი უსაფუძვლო და არალეგიტიმური გადაწყვეტილება გლობალურად უნდა იყოს დაგმობილი. საერთაშორისო ბიუროკრატებს არ უნდა მიეცეთ იმის შესაძლებლობა, გამოიყენონ კანონი დემოკრატიული ქვეყნების ძალაუფლების უზურპაციისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ კანონის უზენაესობას“, – განაცხადა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს.

იბრაჰიმ რაისის სიკვდილი არ ცვლის აშშ-ის ფუნდამენტურ პოზიციას ირანის მიმართ – მეთიუ მილერი

ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის სიკვდილი არ ცვლის აშშ-ის ფუნდამენტურ პოზიციას ირანის მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„იბრაჰიმ რაისი იყო ირანელი ხალხის რეპრესიების სასტიკი მონაწილე თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში. ის მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა მრავალრიცხოვან, საშინელ დარღვევაში, მათ შორის, ასრულებდა მთავარ როლს 1988 წელს ათასობით პოლიტპატიმრის არასამართლებრივ მკვლელობაში. ადამიანის უფლებების ყველაზე საშინელი დარღვევა მოხდა მისი პრეზიდენტობის დროს, განსაკუთრებით ქალთა მიმართ უფლებების დარღვევის კუთხით. ჩვენ ვწუხვართ სიცოცხლის ნებისმიერი დანაკარგის გამო. არ გვინდა, ვნახოთ, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ვინმე დაიღუპება, მაგრამ ეს არ ცვლის რეალობას, რომ, როგორც ირანის პრეზიდენტს, მას ხელები სისხლიანი ჰქონდა. ჩვენი ფუნდამენტური მიდგომა ირანის მიმართ არ შეცვლილა და არ შეიცვლება. ჩვენ გავაგრძელებთ ირანის ხალხის მხარდაჭერას, რათა დაიცვან თავიანთი უფლებები, თავიანთი მისწრაფებები ღია, თავისუფალი საზოგადოებისა და დემოკრატიისკენ“, – განაცხადა მილერმა.

მისივე თქმით, ირანმა დახმარება სთხოვა ვაშინგტონს მას შემდეგ, რაც ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდა, მაგრამ აშშ-მა ლოგისტიკური მიზეზების გამო დახმარების გაწევა ვერ შეძლო.

„ჩვენ არ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას ჩვენი სანქციების რეჟიმისთვის. ირანის მთავრობამ გამოიყენა თავისი თვითმფრინავი აღჭურვილობის გადასაზიდად ტერორიზმის მხარდასაჭერად, ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სანქციების რეჟიმის აღსრულებას. საბოლოო ჯამში, ირანის მთავრობაა პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებაზე, რომ გაფრენილიყვნენ 45 წლის ვერტმფრენით“, – აღნიშნა მილერმა.

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს განსაკუთრებულ შედეგებს არ უნდა ელოდოთ – საქმეს გულს ვერ უდებთ. ირგვლივ მყოფები ან უცნაურ რჩევებს გაძლევენ, ან ინიციატივას იჩენენ, როდესაც ეს არავის სჭირდება. ყველაფერთან ერთად, სრულიად უინტერესო და მოსაწყენ საქმეზე მუშაობა გიწევთ. მოერიდეთ საეჭვო პროექტებში ჩართვას და საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. პრობლემების განხილვამ შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

კურო

დღის დასაწყისი საინტერესო, მაგრამ დაძაბული იქნება. უსიამოვნო სიურპრიზების მიუხედავად, რთული ვითარებიდან გამოსავალს სწრაფად იპოვით. ახალ ნაცნობებს თავს ადვილად მოაწონებთ და მათ მხარდაჭერას მიიღებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სიხარულით გავსებთ. შესაძლოა, ამ დღეს ერთობლივად საინტერესო გეგმები შეიმუშაოთ.

ტყუპები

დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას ადვილად შეძლებთ. სულ ერთია, მარტო იმოქმედებთ თუ მოკავშირესთან ერთად. შეგიძლიათ ვარსკვლავების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. გამორიცხული არ არის, რომ საქმიანმა პარტნიორებმა შეთანხმების პირობები დაარღვიონ და გეგმების შეცვლა მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი სტუმრები ან მოულოდნელი სიახლეები გელით.

კირჩხიბი

ფინანსურ საკითხებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ – გამორიცხული არ არის, რომ დაუფიქრებლად უსარგებლო საგანი შეიძინოთ და დიდი ფული გადაიხადოთ. ზოგ კირჩხიბს სამართლებრივი პრობლემების მოგვარება მოუწევს, რომლის შესახებ ამ დრომდე არაფერი იცოდა. ახლობლებთან ურთიერთობა დაძაბულია, რაშიც თავად ხართ დამნაშავე. ეცადეთ, სხვა ადამიანების მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება ისწავლოთ.

ლომი

თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, წარმატებას მიაღწევთ. მით უმეტეს, რომ სირთულეები არც ისე სერიოზულია, როგორც ფიქრობთ. ეცადეთ, იღბლიანი შემთხვევა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოთ. ფრთხილად იყავით ფულთან და ხარჯები შეძლებისდაგვარად შეამცირეთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობის, პროფესიული საკითხების განხილვისა და კარიერული წინსვლისთვის. შეიძლება მაცდური შეთავაზება მიიღოთ.

ქალწული

მიზნების მისაღწევად ყველაფრისთვის მზად ხართ. დღის პირველ ნახევარში იპოვით საშუალებას, რომ არაკეთილის მსურველები დასაჯოთ და საკუთარი ინტერესები დაიცვათ. ზოგჯერ საკმაოდ ხისტად მოქმედება გიწევთ, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ სწორად იქცევით. ეცადეთ როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში ინიციატივა ხელში აიღოთ.

სასწორი

წინააღმდეგობრივი დღეა. ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ მიზანს მიაღწიეთ, მაგრამ დაბრკოლებები ჩნდება, რომელთა გადალახვა გიჭირთ. უცნაურია, მაგრამ ყველაზე რთულ დროს თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები გაიხსნება და სერიოზული წარმატების შანსი გაჩნდება. ნებისმიერ სიტუაციაში წინ უნდა იაროთ. თუ შეჩერდებით, შეიძლება არახელსაყრელ ვითარებაში აღმოჩნდეთ.

მორიელი

მშვიდი დღეა. მისგან შთამბეჭდავ ემოციებს ან დიდ გამარჯვებებს არ უნდა ელოდოთ. ეცადეთ, დაასრულოთ საქმე, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყეთ. ნუ აჩქარდებით, რომ შეცდომა თავიდან აიცილოთ. დროა, საყვარელ ადამიანებთან ერთად სამომავლო გეგმები განიხილოთ. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი გაგიჩნდეთ. მოითმინეთ და ნუ ეცდებით ყველაფერი ერთდროულად მიიღოთ, თორემ უფრო მეტს დაკარგავთ.

მშვილდოსანი

ენერგიით სავსე ხართ, მზად ხართ ინიციატივა ხელში აიღოთ და საკუთარი იდეებით გარშემო მყოფები შთააგონოთ. ამ დღეს ისეთ ადამიანებსაც კი იზიდავთ, რომლებიც ურთიერთობებს გაურბიან და ეს ადამიანები განსაკუთრებით დაგეხმარებიან. ეცადეთ, საღამოს გამაჯანსაღებელი პროცედურების ან სპორტისთვის დრო გამონახოთ. ეს თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება და შეძლებთ ბევრ რამეს უფრო ოპტიმისტურად შეხედოთ. მზად იყავით მოულოდნელი სტუმრებისა და დაუგეგმავი შეხვედრისთვის, რომელზეც რაღაც სიახლეს შეიტყობთ.

თხის რქა

ამ დღეს შეიძლება რთულ ვითარებაში აღმოჩნდეთ და ძლიერი ოპონენტებისგან საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწიოთ, თუმცა ვარსკვლავების დახმარებით ყველა გამოწვევას ღირსეულად გადალახავთ და სასარგებლო გამოცდილებას შეიძენთ. ოჯახში და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და მომავალს ოპტიმიზმით შეხედოთ.

მერწყული

დაძაბული, მაგრამ ძალიან საინტერესო დღეა. მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ გეგმების ხშირად შეცვლა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწევთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ყველაფერი კარგად იქნება. საქმიან მოლაპარაკებებზე სასურველ მიზანს მიაღწევთ, რადგან თანამოსაუბრეებზე სწორი შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ. ზოგჯერ საყვარელ ადამიანებთან საერთო ენის პოვნა უფრო რთულია, ვიდრე უცნობებთან – შეურაცხმყოფელია, როდესაც ყველაზე ახლობელ ადამიანებს თქვენს სიტყვებში ეჭვი ეპარებათ.

თევზები

შესაძლოა, ამ დღემ ბევრი პრობლემა მოგიტანოთ, მაგრამ ყველაფერს სწრაფად გაუმკლავდებით. თქვენ გონიერი ადამიანი ხართ და იქ, სადაც სხვები მარცხდებიან, წარმატებას მიაღწევთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გარშემო მყოფები რჩევისთვის ხშირად გაკითხავენ – ბევრს სურს თქვენი მიღწევები გაიმეოროს.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება.

ამის შესახებ „ბიბისი“ ირანის საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით წერს.

მათივე ცნობით, საპრეზიდენტო კანდიდატებს 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ დარეგისტრირება, ხოლო საარჩევნო კამპანია 12 ივნისიდან 27 ივნისის დილამდე გაგრძელდება.

ირანის კონსტიტუციის თანახმად, ახალი არჩევნები უახლოეს 50 დღეში უნდა ჩატარებულიყო.

შეგახსენებთ, ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდა. რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანულმა მედიამ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვა დაადასტურა.

ამერიკის მხრიდან პირობად სამართლიანი არჩევნების ჩატარების წამოყენება უადგილოა, რადგან მმართველი გუნდი ისედაც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აპირებს – დიმიტრი ხუნდაძე

„არავითარი საჭიროება მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბების არ აქვს, ამას ქუჩაც მეტყველებს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში კონგრესში უნდა განიხილონ კანონპროექტი, სადაც ნათქვამია, რომ თუ საქართველოს მმართველი გუნდი ანტიდასავლურ რიტორიკას შეცვლის და ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს, მაშინ მათი მხრიდან გაიზრდება სამხედრო დახმარება და დაიწყება ვიზალიბერალიზაციაზე მსჯელობაც.

„კონგრესში ამ დღეებში უნდა განიხილონ კანონპროექტი, სადაც ნათქვამია, რომ თუ მმართველი გუნდი ანტიდასავლურ რიტორიკას შეცვლის და თუ სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს, მაშინ საქართველოსთვის გაიზრდება სამხედრო დახმარება ანუ მეტ იარაღს მოგვაწვდიან, დაიძვრება ვიზალიბერალიზაციის თემაც ანუ შერბილდება სავიზო რეჟიმი, ასევე საუბარია სავაჭრო ურთიერთობების ხელმისაწვდომობაზეც.

საგულისხმოა, რომ ამას ამერიკულ მხარეს „ქართული ოცნება“ საყვედურის სახით სრულიად დამსახურებულად ისედაც ეუბნებოდა, რადგან ჩვენი 30-წლიანი ურთიერთობა ამ ყველაფერს იმსახურებდა. ეს საყვედური დაუკავშირეს არჩევნებს, თუმცა სრულიად უადგილოდ.

პირობად სამართლიანი არჩევნების ჩატარება უადგილოა, რადგან მმართველი გუნდი ამ პირობის გარეშეც, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აპირებს. აქამდეც ასე უქნია და ახლაც ასე იზამს. არავითარი საჭიროება მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბების არ აქვს, ამაზე ქუჩაც მეტყველებს. მე არ ვთვლი თავებს, მაგრამ საარჩევნოდ ხმები ითვლება,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

აშშ-ს შეთავაზების პაკეტი საქართველოსთვის მხოლოდ დასაწყისია იმ უდიდესი სარგებლის, რასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი ეღობება – გიორგი ვაშაძე

აშშ-ს შეთავაზების პაკეტი “Megobari” საქართველოსთვის, რომელიც გულისხმობს სავიზო რეჟიმის გამარტივებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას, არის მხოლოდ დასაწყისი იმ უდიდესი სარგებლისა, რასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი ეღობება , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „თუ ჩვენ დავამარცხებთ “ქართულ ოცნებას”, საქართველოს ექნება წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობა თავისუფალ სამყაროში“.

„ეს არის ნამდვილი მეგობრული აქტი, რომელიც შეეხება თითოეულ ქართულ ოჯახს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ამ პერსპექტივისა და შესაძლებლობის დაკარგვის უფლება არ გვაქვს! ბრძოლა ბოლომდე!“, – წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში.

Politico -ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.

მიხაელ როთმა, მას შემდეგ რაც, დაინახა, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მის სიტყვებს არ ეთანხმებოდა შეცვალა რიტორიკა – გურამ მაჭარაშვილი

საზოგადოების 29 აპრილის და შემდეგ უკვე 17 მაისის მასშტაბური გამოსვლა იყო ნიშანი ზუსტად იმისა, რომ საქართველომ აირჩია სუვერენიტეტი მონობის ნაცვლად; აირჩია გამჭვირვალობა გაუმჭვირვალობის ნაცვლად და აირჩია ევროპული ღირებულება ქართულ ღირებულებასთან ერთად, საბჭოთა მენტალიტეტის ნაცვლად, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, მას აქვს იმედი, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები პოზიტიურად დასრულდება და ყველა შეიცვლის რიტორიკას. „რატომ იცით? დაინახეს, რომ ჩვენ ღირსება დავიცავით,“ – აღნიშნა მან.

„გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა, მას შემდეგ რაც, დაინახა, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მის სიტყვებს არ ეთანხმებოდა და ეს უმრავლესობა იყო ბევრად მეტი, ვიდრე მან მიტინგზე ნახა, აი მაშინ კი შეცვალა რიტორიკა და თქვა, რომ არ არის გამორიცხული, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგოს იმიტომ, რომ ოპოზიცია არის დანაწევრებულიო ანუ ოპოზიციას დააბრალა ყველაფერი.

გარწმუნებთ, რომ ამ რიტორიკას შეცვლიან, თუ აკვირდებით უკვე შეცვლილიც არის. რატომ იცით? დაინახეს, რომ ჩვენ ღირსება დავიცავით. ნახეთ ხომ თურქეთმა როგორ მიიღო ჩვენი პრემიერ – მინისტრი? ეს იყო ჟესტი იმისა, რომ მათ თვალში საქართველო, როგორც სახელმწიფო შედგა და დიდი მადლობა მათ ამისათვის. ჩინეთის ელჩის განცხადებაც იყო ზუსტადაც რომ დიპლომატიური. მან დაადასტურა, რომ მართლა პატივს სცემს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას და როგორც სტრატეგიულ პარტნიორს. მისი განცხადება, რომ არ ერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში, არის დასტური სტრატეგიული პარტნიორობის. თუმცა აქაურმა ელჩებმა ჩამოიყვანეს თავიანთი ქვეყნების მინისტრები, რომლებმაც გაგვლანძღეს და ამ ყველაფერს ტაში დაუკრეს აქციაზე მდგომმა ადამიანებმა.

ეს არის მონობა, ის ფსიქოლოგია, რომელიც დამუშავდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. შედეგი, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება პოზიტიური იმიტომ, რომ საზოგადოების 29 აპრილის და შემდეგ უკვე 17 მაისის მასშტაბური გამოსვლა იყო ნიშანი ზუსტად იმისა, რომ საქართველომ აირჩია სუვერენიტეტი მონობის ნაცვლად; აირჩია გამჭვირვალობა გაუმჭვირვალობის ნაცვლად და აირჩია ევროპული ღირებულება, ქართულ ღირებულებასთან ერთად, საბჭოთა მენტალიტეტის ნაცვლად,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.