Home Blog Page 4

სრულიად მოულოდნელად დამაკავეს მიცნეს, მითხრეს, კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ და მაგინებდნენ – ლაზარე გრიგორიადისი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა დიღმის მთავარი სამმართველო დატოვა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაზარე გიგორიადისი 48-საათის გასვლის შემდეგ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

როგორც სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ გრიგორიადისმა განაცხადა, ის პარლამენტის წინა ტერიტორიაზე დააკავეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს.

“სრულიად, მოულოდნელად დამაკავეს, საერთოდ ვერ მივხვდი, რატომმ დამაკავეს. გვირტყამდნენ, გვცემდნენ გვაგინებდნენ და ამავდროულად, გვიღებდნენ. პარლამენტის წინ ვიდექი, როდესაც ჩემი დაკავება მოხდა. ჩემს წინ “რენდომ” – შემთხვევითობის პრინციპით დაიწყო დაკავებები და ვეხმარებოდი სხვები არ დაეჭირათ, სწორედ მაგ მომენტში შემითრიეს მეც. რკინის კონსტრუქციაზე გაშლილი ხელის ბრახუნი უბრალოდ პროტესტის, ხმაურის გამოსაწვევად და არაფერს აშავებ. ცნობით მიცნეს – კიდევ შენ ხარო მითხრეს? და თან მირტყამდნენ და თან მაგინებდნენ.რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ჩემი დაჭერა, რადგან რუსულ კანონს ვაპროტესტებ”, – განაცხადა გრიგორიადისმა.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეების აქციაზე 14 მაისს დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

საქართველო მსოფლიო რუკაზე, თავისი საუკეთესო სახით, სწორედ „ვარდების რევოლუციამ“ გამოაჩინა – სააკაშვილი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის” ხსენებით იწყებენ -საქართველო მსოფლიო რუკაზე, თავისი საუკეთესო სახით, სწორედ „ვარდების რევოლუციამ” გამოაჩინა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ხოლო დღევანდელი მოვლენები და ახალგაზრდობა საქართველოს მსოფლიოს დემოკრატიის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ლიდერად აქცევს.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის” ხსენებით იწყებენ. საქართველო მსოფლიო რუკაზე, თავისი საუკეთესო სახით, სწორედ „ვარდების რევოლუციამ” გამოაჩინა, ხოლო დღევანდელი მოვლენები და ჩვენი ახალგაზრდობა (რომელიც სწორედ ამ „ვარდების რევოლუციის”თაობაა) საქართველოს მსოფლიოს დემოკრატიის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ლიდერად აქცევს. ჩვენი გამარჯვების შემდეგ, საქართველო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება გლობალური მასშტაბით, ვიდრე როდისმე ჩვენს ისტორიაში და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენზე ბევრად დიდი და მდიდარი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა”, – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრების მიმართვის შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა. აქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა შეძახილები: „ევროპა“.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 17 მაისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7323 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0273 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0002 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9577 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0425 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ადრე მოსკოვში დარბოდნენ და ითხოვდნენ კონკურენტების დასჯას, დღეს ბრიუსელსა და ვაშინგტონში დარბიან რათა დააბეზღონ კონკურენტები – შალვა პაპუაშვილი

x

ადრე მოსკოვში დარბოდნენ და ცენტრისგან ითხოვდნენ თავისი კონკურენტების დასჯას, დღეს იმავე ხალხის შთამომავლები ბრიუსელსა და ვაშინგტონში დარბიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის 14 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

„ქართული და ევროპული ღირებულება გვკადრულობს, რომ ყოველთვის ვიყოთ სიმართლის მხარეს და არა განცხადებების, აღქმების, ვეძიოთ ჭეშმარიტება. გადამწყვეტი მნიშვნელობა რომ ჰქონდეს განცხადებებს და არა სიმართლეს, ანტისამთავრობო მიტინგზე ევროპელი მინისტრებისგან ისეთი განცხადებები მოვისმინეთ, რომ მაშინ ამას უნდა ავყვეთ. ჩვენ ხომ ჭეშმარიტება, სიმართლე გვაინტერესებს.

თუკი ვიღაცას აქვს შიში, რომ რეგულირების შემთხვევაში, საზოგადოებისთვის აშკარა გახდება, რომ ფული იხარჯება არაკეთილსინდისიერ საკითხებში, ამ შიშის საფუძველზე არ უნდა მოხდეს ქართველ ხალხზე თავდასხმა, სანქცირების მუქარა, რაც ზოგიერთი პოლიტიკოსისგან გვესმის. რაც შეეხება შანტაჟს, მუქარას, რომელსაც ცდილობს ზოგიერთი პოლიტიკოსი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს არა სანქციების იმედით თუ შიშით, არამედ ქართველი ხალხის მანდატით. ეს არის ჩვენი განმაპირობებელი, თორემ სანქციებით ხან რუსეთი გვემუქრება და ხან ვინ.

საქართველოს სანქციები დაწესებული ჰქონდა რუსეთისგან და სხვათა შორის, დასავლეთის მხრიდანაც, 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოზე ვრცელდებოდა არაფორმალური სანქცია იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით. არავინ გვაძლევდა ომგამოვლილ ქვეყანას იარაღს, 2013 წლამდე ვიყავით ფაქტობრივი სანქციის ქვეშ დასავლეთის მხრიდან. წელს რას ვხედავთ, თურმე არსებობენ ქართველები, რომლებიც ისტორიულად ვიცით, რომ ადრე სხვა დედაქალებში დარბოდნენ, სპარსეთში თუ სხვა იმპერიებში, რომელსაც გავლენა ჰქონდა. დარბოდნენ და აბეზღებდნენ კონკურენტებს, ითხოვდნენ, წამოდი, ლაშქარი წამოასხი და დასაჯე ჩემი კონკურენტი, შემდეგ იმავე ხალხის შთამომავლები დარბოდნენ მოსკოვში და იქ ითხოვდნენ ცენტრისგან, რომ დაესაჯათ თავისი კონკურენტი, რათა გზა გათავისუფლდებოდა თანამდებობისკენ. დღეს იმავე ხალხის შთამომავლები დარბიან ბრიუსელსა და ვაშინგტონში, რათა დააბეზღონ კონკურენტები, სთხოვონ, მოდი, დასაჯე, რომ მე გზა გამეხსნას ხელისუფლებისკენ. ასეთ ქართველებთან გვაქვს საქმე.

ჩვენ გვყოლია ასეთი „ენჯეოები“, პოლიტიკოსები, რომლებიც უცხო ქვეყანაში დადიან და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩარევას ითხოვენ, იქნება ეს სანქცია თუ შემდეგ, შეიძლება, ჯარიც მოითხოვონ, რათა რამენაირად ჩარიონ სხვები. თუკი რამე არის ღალატი, თითოეული ეს ადამიანი სჩადის ღალატს, ასეთმა ხალხმა მოიყვანა გუშინ უცხო ქვეყნის მინისტრები, დააყენა სცენაზე და დაუორგანიზა. ტაშს უკრავდნენ და აზიარებენ, რა კარგია, უცხო ქვეყნის მინისტრი ჩამოდის და ხალხის არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგში იღებს მონაწილეობასო. თუ რამე არის ქვეყნის ღალატი, ეს არის ღალატის მთელი ანატომია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

17 მაისს, გმირთა მემორიალზე რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინება

მიმდინარე წლის 17 მაისს, 11.00 საათზე, გმირთა მემორიალზე აღევლინება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებსა და უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. პანაშვიდს, სასულიერო პირებთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობასთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრებიან ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები.

პანაშვიდის შემდეგ, გმირთა მოედანზე შეკრებილნი, შეუერთდებიან ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას, რომელიც 12:00 საათზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან დაიწყება და დასრულდება წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საზეიმო პარაკლისს აღავლენს.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.

ლარის კურსი არის უმართავი – ამ აჟიოტაჟის ჩაცხრობის პირველი ნაბიჯი არის ეროვნული ბანკის მხრიდან ადეკვატური ქმედებები – რომან გოცირიძე

დღეს არის პანიკა, ლარის კურსი არის უმართავი – ამ აჟიოტაჟის ჩაცხრობის პირველი ნაბიჯი არის ეროვნული ბანკის მხრიდან ადეკვატური ქმედებები, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატი არსებულ ვითარებას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს უკავშირებს და აცხადებს, რომ ამ კანონის ძალაში შესვლა საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს.

მან ეროვნულ ბანკს მოუწოდა, სასწრაფოდ განახორციელოს ინტერვენცია.

“ეროვნული ბანკი აგვიანებს თავისი არაპროფესიონალიზმით და იმ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. დღეს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ინტერვენციები უნდა განახორციელოს, ბევრი – 50 მლნ, 60 მლნ, რათა დააწყნაროს სავალუტო ბაზარი. ეროვნული ბანკი ასევე არის დამნაშავე შექმნილ ვითარებაში, ვინაიდან დახარბდა უცხოური ვალუტის შესყიდვას. მას რომ ზომიერად ეფიქრა რეზერვების შევსებაზე და ასევე, ლარის კურსის გამყარებაზე და ბუნებრივი მსვლელობისთვის ხელი არ შეეშალა, დღეს ვითარება აბსოლუტურად განსხვავებული იქნებოდა. ამიტომ ამ აჟიოტაჟის ჩაცხრობის პირველი ნაბიჯი არის ეროვნული ბანკის მხრიდან ადეკვატური ქმედებები. რაც შეეხება გრძელვადიან და საშუალო ვადიან პროგნოზებს – “აგენტების კანონის” ძალაში შესვლა დაანგრევს საქართველოს ეკონომიკას,” – განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. 

ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის რესპუბლიკის ტრასპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

აბდულქადირ ურალოღლუ და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

დღეს თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს. 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

კომენტარი სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს მიმართ განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით – უცხოური პრესა

ბრიტანული ტელეარხის „სქაი ნიუსის“ (Sky News) ეთერში გადაიცა ვიდეოსიუჟეტი სათაურით „კომენტარი სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს მიმართ განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით“, რომელშიც ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი, სამხედრო ანალიტიკოსი მაიკლ კლარკი საუბრობს.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

პროფესორ მაიკლ კლარკი ვარაუდობს, რომ რადგანაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს პოლიტიკური კარიერა აშკარად პრორუსულია, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ტერორისტული აქტი უკავშირდებოდეს მის კეთილგანწყობილ პოზიციას კრემლის მიმართ.

გარდა ამისა, რობერტ ფიცო გარკვეულ წინააღმდეგობას უწევს ევროკავშირის საერთო პოლიტიკას და ცდილობს მხარი არ დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს, იგი უარს აცხადებს უკრაინისადმი სამხედრო დახმარების გაწევაზეც, რაც ბრიუსელის კურსს ეწინააღმდეგება.

„წლების განმავლობაში რობერტ ფიცო ძალიან პრორუსულ პოლიტიკოსად გადაიქცა. რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზეზები აქვს. შესაძლოა საქმე პირად განწყობებსა და ხედვებშია. ისევე როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რობერტ ფიცოც აქტიურად გამოდიოდა ევროკავშირის მიერ დაწესებული ანტირუსული სანციების წინააღმდეგ და უარს აცხადებდა უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე.

ორივე – ბრატისლავაც და ბუდაპეშტიც – ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან და მაინც ბრიუსელის პოლიტიკის საწინააღმდეგო კურსს ატარებენ: ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო თიტქმის პოზიტიურად არიან ვლადიმერ პუტინის მიმართ განწყობილნი, ომის დაწყებიდან არ შეხვედრიან ვოლოდიმირ ზელენსკის და არანაირ თანაგრძნობას არ აცხადებენ კიევის მიმართ. ორივე ხაზს უსვამს, რომ მათ „ომის სწრაფად დასრულება და მშვიდობა სურთ“. ამაში ისინი რეალურად გულისხმობენ იმას, რომ ომში რუსეთმა გაიმარჯვოს, კრემლმა წარმატებას მიაღწიოს და სამშვიდობო მოლაპარაკება მოსკოვის პირობების მიხედვით გაიმართოს, ანუ უკრაინამ კაპიტულაცია გამოაცხადოს და ტერიტორიების დათმოს“, – ამბობს ინტერვიუში პროფესორი მაიკლ კლარკი.

წყარო

ოპოზიციის გეგმაა, ქვეყანაში მაქსიმალურად დესტაბილიზაცია მოაწყონ და ამის ფონზე, ამღვრეულ წყალში იქნებ თევზი დაიჭირონ -ქადაგიშვილი

ოპოზიციას არანაირი ხედვა არ აქვს იმის, რომ საპარლამენტო არჩევნებში რაიმე რეალურ წარმატებას მიაღწიოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციის გეგმაა, ქვეყანაში მაქსიმალურად დესტაბილიზაცია მოაწყონ და ამის ფონზე, ამღვრეულ წყალში იქნებ თევზი დაიჭირონ.

„რა არის სალომე ზურაბიშვილის როლი? დესტაბილიზაციის მაქსიმალური წახალისება და ხელშეწყობა. ოპოზიციის გეგმა იმას ეფუძნება, როგორც გონჩარენკომ მოუწოდა – ან მაიდანი, ან არჩევნებზე არაფერი გამოგივათო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველო: რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ახალი არენა

Georgian opposition supporters rally calling for government to follow 'pro-Western' path, outside the parliament in Tbilisi on March 9, 2023. - Thousands rallied on March 9, 2023 in the pro-Western Caucasus nation of Georgia despite the ruling party's promise to drop a controversial "foreign agent" bill reminiscent of Russian legislation used to silence critics. Waving Georgian, Ukrainian and EU flags, several thousand protesters gathered outside parliament in the capital Tbilisi, mounting pressure on the government accused of derailing the country from its EU membership path, an AFP correspondent saw. Tens of thousands took to the streets this week after lawmakers gave their initial backing to a deeply controversial "foreign agents" bill. On 7 and 8 of March Georgian police fired water cannon and tear gas at the demonstrators. (Photo by Zurab TSERTSVADZE / AFP)

„დასავლეთის სახელმწიფოები შეშფოთებულნი არიან საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, რომლის წინააღმდეგ პროევროპულად განწყობილი ქართველები, უმეტესად ახალგაზრდები გამოდიან. რუსეთი კი პოლიტიკური მარიონეტების მეშვეობით ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვას საბოტაჟს უწყობს, სურს საქართველო კრემლის ორბიტაზე დააბრუნოს და თავის მოკავშირედ გადააქციოს“, – ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში სათაურით „საქართველო: რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ახალი არენა“ (ავტორი – იზაბელ ლასერი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

საქართველოში უკრაინის მაიდნის მსგავსი სიტუაცია მეორდება: ქვეყნის მოსახლეობა, ერთი მხრივ, ევროკავშირისა და დემოკრატიული პროგრესის მომხრეა, მეორე მხრივ – რუსეთის მოწინააღმდეგეს გამოდის და გმობს ხელისუფლების „პრომოსკოვურ გადახრებს“, რომელიც რუსული კანონის მსგავსი კანონპროექტის მიღებაში გამოიხატება – სახელწოდებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (თავდაპირველად დოკუმენტს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი ერქვა).

ამ დროს კი დასავლეთი, რომელიც თვალს ადევნებს საზოგადოების საპროტესტო აქციებს და ხელისუფლების რეპრესიებს, ფრთხილად მოქმედებს და საქართველოს საშინაო პოლიტიკაში გადამწყვეტ ჩარევას, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას თავს არიდებს. პოლიციასა და პროევროპულად განწყობილ საზოგადოების წარმომადგენლებს შორის გააფთრებული შეტაკებები მიმდინარეობს, ევროკავშირი კი მხოლოდ „შეშფოთებას გამოხატავს“ აღნიშნული კანონპროექტის მიღების გამო და ოფიციალურ თბილისს, აშშ-ის მსგავსად, სანქციების შემოღებით არ ემუქრება.

როგორც დიპლომატები აღნიშნავენ, ევროკავშირის აქტიურ კრიტიკულ მოქმედებას საქართველოს მიმართ ხელს უშლის რამდენიმე მიზეზი:

ა) უნგრეთის [და სლოვაკეთის] პრემიერ-მინისტრების ვიქტორ ორბანისა [და რობერტ ფიცოს] პოზიცია, რომლებიც ბრიუსელის განზრახვებს ბლოკავენ;

ბ) ევროპარლამენტის მოახლოებული არჩევნები, რომელშიც, სავარაუდოდ, მემარჯვენე ნაციონალისტურად განწყობილი პოლიტიკური ძალები წარმატებას მიაღწევენ;

გ) საქართველოს მნიშვნელოვანი როლი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში;

დ) შიში იმისა, რომ თუ ევროკავშირი ჩაერევა, რუსეთმა შეიძლება საქართველოში დამატებითი ჯარი შეიყვანოს (ამჟამად რუსეთს ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და მისი სამხედრო ბაზა თბილისიდან 45 კილომეტრშია დისლოცირებული).

კრემლს სურს საქართველო თავის ორბიტაზე მოკავშირის სახით დაიბრუნოს და ამ მიზნით ადგილობრივ მარიონეტებს იყენებს.

ამჟამად ქვეყნის სამომავლო ბედი გაურკვეველია: საქართველოს ან მაიდანი და შემდგომ ევროპეიზაცია ელოდება, ან იძულებითი  რუსიფიკაცია საპროტესტო აქციების ჩახშობის შემდეგ. თეორიულად ევროპას ხელში ბევრი ინსტრუმენტი აქვს, რომ საქართველოს რუსიფიცირების სცენარი თავიდან აიცილოს, მაგალითად, გააუქმოს გამარტივებული „უვიზო რეჟიმი“ (ანუ ვიზის მიღების პროცედურა გაართულოს). მაგრამ ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება სასურველი შედეგები არ მოიტანოს: ბრიუსელის მხრიდან განხორციელებული მსგავსი საბოტაჟი მომგებიანი იქნება მმართველი პარტიის „ქართული ოცნებისა“ და მისი დამაარსებლისათვის – ქვეყნის ჩრდილოვანი ლიდერის ბიძინა ივანიშვილისათვის. თავის დროზე მან მოახერხა ხალხის დარწმუნება იმაში, რომ საქართველო თითქოსდა ევროკავშირთან დაახლოებას ესწრაფვის, მაგრამ სინამდვილეში ასეთი კურსის გაგრძელება არ სურს – იმიტომ, რომ ხელისუფლებას მოუწევს რეფორმების გატარება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

წყარო

ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა – საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.მათივე ცნობით, ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით მიიღო, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები.

„შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა.

ამასთან განვმარტავთ, რომ სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად არის მოკლევადიანი. ჯანსაღია მაკროეკონომიკური პარამეტრები-საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკურ ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული.

ფინანსური სისტემის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირებისთვის კომერციულ ბანკებს გააჩნიათ ჯანსაღი მომგებიანობა და აქტივების მაღალი ხარისხი, კაპიტალის და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, რათა შეუფერხებლად მოემსახურონ კლიენტებს და დააკრედიტონ ეკონომიკა. ლიკვიდური აქტივების ჯამური მოცულობა დღეს საბანკო სისტემაში 16.7 მლრდ ლარის ექვივალენტს აჭარბებს, რაც პოტენციური შოკების მიმართ უპრეცედენტო გამძლეობაზე მეტყველებს. დღესდღეობით საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია.

ეროვნული ბანკი განაგრძობს ბაზარზე დაკვირვებას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს ფინანსური ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

„მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ,

შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტოვებინა თქვენი ემოციური სატელევიზიო მომართვა ჩემ მიმართ.

სამწუხაროდ, ვერც მე და ვერც ჩემმა დამ ვერ შევძელით, ჩვენი ბავშვობის მოგონებებში აღგვედგინა თქვენთან ურთიერთობის სცენები, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ თქვენ იცნობდით ჩემს მამას და ბრძანდებით მისი თაობის წარმომადგენელი, საშუალებას მაძლევს მოგმართოთ.

უდიდეს პატივს მივაგებ თქვენს თაობას!

მადლიერების გრძნობით მინდა აღვნიშნო, რომ თქვენმა თაობამ, მიუხედავად ბევრი ქარტეხილისა, შეინარჩუნა ჩვენი საქართველო, ქართული ენა და თვითმყოფადობა! დღეს ეს ჩემი თაობის ვალდებულებაა!

თქვენ უკვე ბავშვობიდან იწვნიეთ, თუ რას ნიშნავს ომი და ომში დაღუპული გმირების ხსოვნის ტკივილი!

თქვენ ასევე კარგად იგრძენით ომის შემდგომი აღდგენის სიმძიმე და მშვიდობის შენარჩუნების სიძნელეები!

ცხოვრების ქარტეხილმა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის გაჩაღებული ბრძოლებიც არ მოგაკლოთ და 2008 წლის ომის ტრაგედიაც გადაგატანინათ!

ამდენი ტკივილის და გამოცდილების მქონე თაობას კი, დამეთანხმებით, გაცილებით მეტი მოეთხოვება, ვიდრე ახალგაზრდა სტუდენტს!

ბავშვობიდან კარგად მახსოვს, თუ როგორ ემზადებოდა მამა გეგმური ოპერაციის ჩატარებისთვის. ეს მაგალითი მუდამ თვალწინ მიდგას. სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა მამა, თავისი ცოდნა გაეღრმავებინა და არ კმაყოფილდებოდა არსებული ცოდნით და გამოცდილებით. ეს თქვენი თაობის უნიკალურობაა: შეისწავლო სიღრმისეულად საკითხი, გააკეთო ანალიზი და მხოლოდ ამის საფუძველზე გამოიტანო დასკვნა!

სწორედ ასეთი შეხედულება მაძლევს საფუძველს, ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ეს კანონმდებლობა თქვენ არამარტო წაკითხული, არამედ შესწავლილიც გაქვთ! ამიტომ წარმოუდგენლად მიმაჩნია, არ მოგისმინოთ და არ გკითხოთ – გამჭვირვალობის კანონში, კერძოდ რომელი პუნქტი არ მოგწონთ და რატომ? მე მზად ვარ, შეგახვედროთ სპეციალისტებს (თქვენთვის მისაღებ ფორმატში), რომლებთანაც შეძლებთ დისკუსიას და თქვენი შესწორებების შეტანას ან მათი არგუმენტების შემდეგ, აზრის შეცვლას.

ჩემთვის ძალიან ღირებულია თქვენი და თქვენი თაობის, ისევე როგორც თითოეული მოქალაქის აზრი.

დღეს, ამ კანონის არასწორმა ინტერპრეტაციამ გამოიწვია საზოგადოების გახლეჩა, ჩემი აზრით კი, ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ დიალოგის ფორმატში უნდა წყდებოდეს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას სამშობლოს სიყვარული გვამოძრავებს!

მე, პირველ რიგში, ვარ მეუღლე, დედა და ბებია და ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქისათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იყოს მშვიდობა ქვეყანაში და ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც ქალი ქალობს, კაცი კაცობს, დედას დედა ჰქვია და მამას მამა! ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, სადაც ჯვარი იქნება არა უბრალოდ მოდის აქსესუარი, არამედ ჩვენი რწმენის უწმინდესი სიმბოლო, ისე, როგორც აქამდე იყო საუკუნეების მანძილზე!

დღეს, ისევე როგორც 2011 წელს, მე გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს, ვინაიდან ჩემი მეუღლის ინტერესი ყოველთვის სამშობლოს სიყვარულია!

ის ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების, იდენტობის და თვითმყოფადობის დამცველი, ვინაიდან მამული, ენა და სარწმუნოება მისი არა მარტო გენეტიკური კოდი, არამედ სიცოცხლის არსიც არის!

ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს მდგრადი, ერთიანი და ძლიერი, ძლიერი ეკონომიკით და თავისუფალი ხალხით. ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი, თავისი თვითმყოფადობითა და ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ისეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, გარანტირებული იქნება ჩვენი რწმენის თავისუფლება ყოველგვარი თავსმოხვეული ფსევდოიდეოლოგიებისგან.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ასეთივე საქართველო გინდათ!

კეთილი სურვილებით, მშობლიური სიყვარულით და პატივისცემით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლექტორმა როსტომ ცხვედიანმა ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს “ფორმულას” ეთერში მიმართა.

„მჯერა, შენს ოჯახში ხმა გაქვს და სიტყვა გეთქმის, ჩააგდე მანდილი სამოქალაქო დაპირისპირებულ მხარეებს შორის… თუ შენ შენს ოჯახში სიტყვა არ გეთქმის და ამ სიტუაციის განტვირთვის ვერაფერს აკეთებ, მაშინ შუშანიკი გაიხსენე… მუხლზე დაჩოქილი გთხოვ, გემუდარები შვილო ეკა, გააკეთე ის, რაც ქართველ ქალს, რაც ქალბატონი ლუდას და ფედიას შვილს ეკუთვნის“, – განაცხადა როსტომ ცხვედიანმა.