Home Blog Page 4

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

დაკავებული ლაშა ცანავა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დამფინანსებელია და ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის დროს, მისი თანაშემწეც იყო.

ლაშა ცანავა, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით 31 ივლისს დააკავეს.

მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება თაღლითობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.

სუს-ის ცნობით, ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 დოლარი მოსთხოვა.

“მოთხოვნილი თანხის ნაწილი ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი – 2500 აშშ დოლარი 2025 წლის მაისში და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა”. – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული ლ.ა. და 1972 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულები საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდნენ.

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლ.ა.-ს თან ნაქონი მცირე ზომის ჩანთიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ხოლო გ.ჭ.-სგან ამოღებულია 336 აბი ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსი”, რომელიც ბრალდებულმა საქართველოში სხეულით შემოიტანა.

პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი შემცირებულია -შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე  2025 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, დანაშაულის მაჩვენებელი წინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 795 ფაქტით (-2,96%) არის შემცირებული.

ამასთან, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაზრდილია და 66,16%-ს შეადგენს.

ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ გატარებული შედეგიანი სამართლებრივი პოლიტიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკომპრომისო ბრძოლის შედეგად, 2025 წლის ორ კვარტალში ნარკოდანაშაულის ფაქტების გამოვლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის ექვს თვეში, ჯამში ნარკოდანაშაულების 3919 შემთხვევა იქნა სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით მეტია. პოლიციის მხრიდან გატარებული აქტიური ღონისძიებების შედეგად, 2025 წლის ორ კვარტალში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით 263 პირი იქნა პასუხისგებაში მიცემული, რაც თითქმის ორჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2025 წლის 6 თვეში ასევე შემცირებულია საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. მათ შორის, შემცირებულია ბინიდან ქურდობის, ყაჩაღობის, თაღლითობის, გამოძალვისა და მითვისება/გაფლანგვის შემთხვევები.

2025 წელს ასევე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაკლებია სქესობრივი დანაშაულები, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა ვაჭრობის ფაქტები, კიბერდანაშაული (-80 ფაქტი) და სამოხელეო დანაშაულები (-46 ფაქტი).

მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში გაზრდილია სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტები და სატრანსპორტო დანაშაულების რაოდენობა, მათ შორის 175 ერთეულით მომატებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტები. თუმცა, ამავდროულად, მომატებულია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი.

ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

კობა კობალაძემ და ვეტერანებმა უკრაინაში დაღუპული ვალერი ბაძაღუა უკანასკნელ გზაზე გააცილეს

კობა კობალაძემ და ვეტერანებმა უკრაინაში დაღუპული ვალერი ბაძაღუა უკანასკნელ გზაზე გააცილეს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, წალენჯიხაში იმყოფებოდნენ, სადაც უკრაინაში დაღუპული ვალერი ბაძაღუას ოჯახს მიუსამძიმრეს და ქართველი მეომარი უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
კობა კობალაძესთან ერთად, ვალერი ბაძაღუას ხსოვნას პატივი მიაგეს მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც თავად იბრძოდნენ უკრაინაში, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, მალხაზ ჩიხლაძემ და ვეტერანებმა.
დედით უკრაინელი და მამით ქართველი, 23 წლის უკრაინის მოქალაქე, ვალერი ბაძაღუა, წარმოშობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალიდან იყო. ინფორმაცია, მისი დაღუპვის შესახებ, 25 ივლისს გავრცელდა. 26 ივლისს, იგი, თბილისში ჩამოასვენეს, შემდეგ კი_ წალენჯიხაში გადაასვენეს; ვალერი ბაძაღუა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.
მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა!
ინფორმაციისთვის, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ, რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი, საქართველოდან, უკრაინაში, 2022 წლის მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან და ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

1 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს შესაძლოა, მოვლენები ვერძებისთვის არასასურველი სცენარით წარიმართოს. თქვენს განწყობაზე უარყოფით გავლენას მოახდენენ „გარედან“ მოსული ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი მიზეზის გარეშე თავიანთი წყენისა და აგრესიის თქვენზე გადმოტანას ეცდებიან. მათთან კონტაქტი მაქსიმალურად უნდა შეამციროთ — კონფლიქტები მხოლოდ სასიცოცხლო ძალას წაგართმევთ და გამოგფიტავთ. რთული დილის მიუხედავად, დღის მეორე ნახევარი მშვიდად, ძლიერი ემოციური რყევების გარეშე ჩაივლის.

კურო

გარშემომყოფები შენიშნავენ, რომ გაღიზიანებული ხართ და კამათის მიზეზს ეძებთ. ამას ყველა სხვადასხვანაირად შეხვდება: ვიღაც გაითვალისწინებს და წვრილმანებით თავს არ მოგაბეზრებთ, ზოგი საერთოდ ურთიერთობას თავს აარიდებს, ხოლო ზოგი კი, პირიქით, კონფლიქტის გამოწვევას ეცდება. დღეს თქვენ აფეთქების ზღვარზე მყოფ დენთის კასრს ჰგავხართ — ერთი ნაპერწკალიც საკმარისია, რომ აინთოთ.

ტყუპები

ამ დღეს შეიძლება თქვენ მიმართ გამოვლენილ სიცრუეს და უსამართლობას შეეჯახოთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც ცდილობს, საკუთარი წყენა და ბოღმა თქვენზე გადმოაფრქვიოს ან წარსულში არსებული კონფლიქტის გამო თქვენზე შური იძიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ იმავე ხერხით არ უპასუხოთ, თორემ ეს ყველაფერი ხანგრძლივ მტრობაში გადაიზრდება. გახსოვდეთ: შურისძიება ადამიანს ბედნიერს ვერ ხდის.

კირჩხიბი

კირჩხიბებო, ამ დღეს საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის დრო უნდა გამონახოთ. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლამ შეიძლება ნერვიული სტრესი გამოიწვიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, მუშაობა ცოტა ხნით შეწყვიტოთ და დაისვენოთ. დროა, საკუთარ თავს პატარა საჩუქარი გაუკეთოთ – იშოპინგეთ, სილამაზის სალონს ეწვიეთ ან მასაჟი გაიკეთეთ. თუ საშუალება გაქვთ, რამდენიმედღიანი შვებულება აიღეთ და გარემო შეიცვალეთ.

ლომი

ამ დღეს შეიძლება საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ და გაუბედაობაც კი იგრძნოთ. იმუშაოთ ამ პრობლემაზე და რამდენიმე დღეში თავს უკეთ იგრძნობთ. თუ კოლეგებთან ან პარტნიორებთან სამუშაო გეგმების განხილვას გეგმავთ, ეცადეთ უფრო რბილად იმოქმედოთ და მოწინააღმდეგეზე ზეწოლა არ მოახდინოთ. შემოქმედებითი მიდგომა და მუშაობის უჩვეულო მეთოდები ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

უახლოეს ხანებში შესაძლოა ისეთი სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომელიც თქვენგან მტკიცე ხასიათის გამოჩენას მოითხოვს. სავარაუდოდ, ეს თქვენზე ემოციურად იმოქმედებს, რადგან შფოთვისა და პანიკისკენ ხართ მიდრეკილი. გირჩევთ, საკუთარი თავი დაარწმუნოთ, რომ ეს მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდაა, თანაც დროებითი. დღის მეორე ნახევარი მშვიდად და სტაბილურად ჩაივლის, ემოციური რყევების გარეშე.

სასწორი

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ დასვენების ან საინტერესო ფილმის საყურებლად. ერთად გატარებული დრო საყვარელ ადამიანებთან უფრო დაგაახლოებთ და ბავშვობას გაგახსენებთ, როცა ადამიანური ურთიერთობისთვის მეტი დრო გქონდათ. დაფიქრდით სწავლების განახლებაზე — მიღებული ცოდნა თქვენი შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში დაგეხმარებათ და თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება გარშემო მყოფებისთვის მიზიდულობის ცენტრად იქცეთ და ადამიანებმა რჩევის, მხარდაჭერის ან დახმარების თხოვნით მოგმართონ. ვიღაცამ შეიძლება ძველი წყენაც კი გაგახსენოთ. მოიქეცით ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით და ნუ ეცდებით ყველას ასიამოვნოთ. ახლობელი ადამიანის თითქოს საწყენი სიტყვები გულთან ახლოს არ მიიტანოთ – ზოგჯერ დაუფიქრებელ სიტყვებს ყველა ვამბობთ.

მშვილდოსანი

ეს დღე წარმატებულია ნებისმიერი ახალი საქმისთვის. მოემზადეთ მოულოდნელი შეხვედრებისთვის — ძველმა ნაცნობებმა შეიძლება თავი შეგახსენოთ, თუმცა ეს შეხვედრები, მეგობრული ურთიერთობის აღდგენაზე მეტად სასარგებლო კავშირების დამყარებისკენ იქნება მიმართული.

თხის რქა

თხის რქებო, გაანებივრეთ თავი რაიმე სასიამოვნოთი. უარს ნუ იტყვით იმ ნივთების შეძენაზე, რომლებზეც დიდი ხანია ოცნებობთ. რაც მეტი დადებითი ემოცია გექნებათ, მით უფრო გაუმჯობესდება თქვენი განწყობა და შრომის უნარი. შემოსავლის გაზრდით არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ საყვარელი ადამიანების გახარებასაც შეძლებთ. ეს შეგახსენებთ, რამდენად დამოუკიდებელი და ფინანსურად ძლიერი გახდით.

მერწყული

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარი გონიერება და ინტელექტი გამოაჩინოთ. გარშემომყოფები თქვენს უნარებს ღირსეულად დააფასებენ და თავადაც კმაყოფილი დარჩებით საკუთარი თავით. კვირის ბოლო სახლის მოწესრიგებას და დასუფთავებას დაუთმეთ. გადახედეთ ნივთებს, რომლებსაც დიდი ხანია აღარ იყენებთ. გადაყარეთ ან გააჩუქეთ ის, რაც თქვენთვის უკვე უსარგებლოა.

თევზები

თქვენი გეგმები შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს — ამის მიზეზი რაღაც ახალი ინფორმაცია იქნება, რომელსაც მოგვიანებით გაიგებთ. ნუ აჰყვებით საკუთარ კაპრიზებს — ამან შეიძლება ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაზე იმოქმედოს. შეცდომების თავიდან ასაცილებლად ყოველი ნაბიჯი ყურადღებით უნდა დაგეგმოთ, შედეგები შეაფასოთ და პასუხის გაცემა არ იჩქაროთ. ამ ეტაპზე შემთხვევითი ნაცნობობა კარგი იდეა არ არის — ამის გამო შეიძლება საკუთარ ვალდებულებებს უღალატოთ.

მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ, დაძლიონ საბჭოური მიდგომა და ევროპული მიდგომებით იმოქმედონ, ასე იგზავნებოდა თავის დროზე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოში -ირაკლი კობახიძე

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ გვესაუბრონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ უნდა დაძლიონ საბჭოური მიდგომა და ისაუბრონ, იმოქმედონ ევროპული მიდგომებით.

„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ გვესაუბრონ. დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ. ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, თავის დროზეც გახსოვთ, რომ „რუსული კანონი“ დაარქვეს კანონს, რომელიც პირდაპირ რევოლუციების წინააღმდეგ იყო მიმართული, მაშინაც შევთავაზეთ ევროპულ ბიუროკრატიას, მაშინდელ ყოფილ ამერიკულ ბიუროკრატიას, გვესაუბრა საჯაროდ, საზოგადოების თვალწინ, ყველა თემასთან დაკავშირებით. თუ დაგვიმტკიცებდნენ, დაასაბუთებდნენ, რომ რაღაც იყო ცუდი ამ კანონში, ჩვენ ვიყავით მზად, დაგვეხია უკან. არავითარი დისკუსია, საბჭოური მიდგომა. აქაც იგივეა, დეპეშებს გვიგზავნიან. მოდით, დაძლიონ საბჭოური მიდგომა და გვესაუბრონ, ევროპული მიდგომებით იმოქმედონ. ეს არის ჩვენი მოწოდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ. არის ნული კომუნიკაცია, გარდა გამოგზავნილი დეპეშისა. ასე იგზავნებოდა თავის დროზე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოში. გარდა ასეთი ტიპის დეპეშისა, არავითარი კომუნიკაცია არ ყოფილა ევროპულ ბიუროკრატიასთან, რაც არის საბჭოური მიდგომა. მე ვისურვებდი, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ეს საბჭოური მიდგომა დაძლიოს. ჩვენ ვართ ღია საუბრისთვის, იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ვართ აბსოლუტურად მართლები. საჯაროდ იქნება, არასაჯაროდ იქნება, მოვიდნენ და სცადონ კომუნიკაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროპულ ბიუროკრატიას არ აქვს არავითარი უფლება, ისაუბროს ძალადობაზე არცერთი მხრიდან, იმ პირობებში, როდესაც 2023 წლის გაზაფხულის ძალადობაც, 2024 წლის ძალადობაც იყო მათი წაქეზებული.

„ადამიანის უფლების დაცვას ეძახიან იმას, რომ ჩვენ უნდა გავაუქმოთ კანონი, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება სქესის შესახებ ჩანაწერის გადაკეთება. ასევე, რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, უწოდეს „რუსული კანონი“ და ათასი უბედურება, აქაც ნული არგუმენტი, ნული მტკიცებულება. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ერთი რამ მინდა, შევახსენო ევროპულ ბიუროკრატიას, მათი ელჩი აქეზებდა იმ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ყოფილი ამერიკელი ელჩი აქეზებდა იმ ძალადობას, რომელიც თავის დროზე ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ასეთ პირობებში მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ იქ სამართალდამცველმა იძალადა მომიტინგეზე, არის აბსოლუტურად უადგილო. მათ არ აქვთ ამის მორალური უფლება. შეიძლება, სხვამ გვითხრას ეს ყველაფერი, შეიძლება, რიგითმა ჩვენმა მოქალაქემ გვითხრას ეს ყველაფერი, მაგრამ ევროპულ ბიუროკრატიას არ აქვს არავითარი უფლება, ისაუბროს ძალადობაზე არცერთი მხრიდან, იმ პირობებში, როდესაც 2023 წლის გაზაფხულის ძალადობაც და 2024 წლის ძალადობაც იყო მათი წაქეზებული. 2024 წლის შემოდგომის ძალადობაც იყო მათი წაქეზებული. უფრო ადრე კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს და მათი დაფინანსებული „ენჯეოებით“ ცდილობდნენ ასევე ხელისუფლების გადატრიალებას. ამ პირობებში და ამ ფონზე მათ არ აქვთ არავითარი მორალური უფლება, რომ ვინმეს ესაუბრონ ძალადობაზე. ჩვენმა მოქალაქეებმა დაგვისვან ეს შეკითხვები, გაგვაკრიტიკონ იმისთვის, რომ გამოძიება ვერ მივიდა ბოლომდე, იქნება ეს ობიექტური თუ არაობიექტური მიზეზებით, მაგრამ ევროპულ ბიუროკრატიას, განსხვავებით საქართველოს მოქალაქისგან, ამის მორალური უფლება უბრალოდ არ აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

თბილისის მერიამ დააფინანსა ჯანდაცვის 3,842,017 შემთხვევა; 64,000-ზე მეტი ოჯახი იღებს კომუნალურ სუბსიდიას; 1,375 სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შშმ პირი იღებს 800-ლარიან დახმარებას -ირაკლი კობახიძე

თბილისის მერიამ დააფინანსა ჯანდაცვის 3,842,017 შემთხვევა, 64,000-ზე მეტი ოჯახი იღებს კომუნალურ სუბსიდიას, 1,375 სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შშმ პირი იღებს 800-ლარიან დახმარებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს.

მისი განცხადებით, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდებზე ზრუნვის მიმართულებით, განხორციელდა 5 ათასზე მეტი პროექტი და ინიციატივა.

„დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო მწვანე, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. გასული 8 წლის განმავლობაში, თბილისისთვის და თბილისელებისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა

მერიამ დააფინანსა ჯანდაცვის 3,842,017 შემთხვევა; 64,000-ზე მეტი ოჯახი იღებს კომუნალურ სუბსიდიას; 1,375 სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შშმ პირი იღებს 800-ლარიან დახმარებას; 10,000-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვს და მოზარდს უფინანსდება სწავლა ახალგაზრდობის სახლებსა და ეროვნულ სასახლეში, ხელოვნებისა და სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებზე; 73 ათასზე მეტი პირი დაფინანსდა სოციალურად დაუცველ პენსიონერთა 500-ლარიანი მედიკამენტების პროგრამით; 347-ჯერ გაიცა 100 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმულებზე ერთჯერადი დახმარება 1,000 ლარის, ხოლო 2025 წლიდან – 10,000 ლარის ოდენობით;

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდებზე ზრუნვის მიმართულებით, განხორციელდა 5 ათასზე მეტი პროექტი და ინიციატივა; სწავლა დაუფინანსდა 19,000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ, 4,000-მდე მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შშმ სტუდენტს; 5,000-მდე წარმატებული მაგისტრანტი გახდა თბილისის მერიის სტიპენდიატი; პროფესიული განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, 11,000-ზე მეტი თბილისელი გადამზადდა, საიდანაც 75% დასაქმდა; 2021 წელს თბილისმა მოიპოვა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის, 2025 წელს კი – სპორტის ქალაქის სტატუსი; აშენდა და რეაბილიტირდა 500-ზე მეტი სპორტული მოედანი; აშენდა 5 სპორტული კომპლექსი; ამოქმედდა პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 მუზეუმს, 8 სახელოვნებო სკოლას და 5 ბიბლიოთეკას,“ – აღნიშნა კობახიძემ.

სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით პროექტის განსახორციელებლად, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, ნაცვლად ამისა, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს ხალხის ფულის მითვისება-პრემიერი

სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით ჩვენ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი იმისთვის, რომ ამ პროექტის განხორციელება გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა ვერცერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვაშინგტონის არბიტრაჟში ანაკლიის პორტის საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ შეტანილი სარჩელის საქართველოს გამარჯვებით დასრულებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნაცვლად ინვესტორის მოძიებისა, მათ დაიწყეს სახელმწიფოსთან დავა და სცადეს ხალხის ფულის უსამართლოდ მითვისება.

„ძალიან მარტივადაა საქმე. სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით ჩვენ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი იმისთვის, რომ ამ პროექტის განხორციელება გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა ვერცერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს. ამის სანაცვლოდ, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს, რომ ხალხის ფული, ბიუჯეტის ფული წაეღოთ უსამართლოდ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მიღებულ იქნა სამართლიანი გადაწყვეტილება და არბიტრაჟმა მიიღო ზუსტად ის გადაწყვეტილება, რაც შეესაბამებოდა სინამდვილეს. ჩვენ შევუქმენით ყველა პირობა კონსორციუმს იმისთვის, რომ მოეზიდათ ინვესტორი, თუმცა სწორედ მათ ჩააგდეს ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. შესაბამისად, არბიტრაჟმა მიიღო აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერმა.

შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ჩვენ უნდა შევიტანოთ კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე და მეტი სიკეთე საქართველოს თითოეულ კუთხეში- ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე:

„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, პარლამენტარებსა და მინისტრებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მივესალმები ჩვენი ღონისძიების ღრმად პატივცემულ სტუმრებს, მივესალმები საზოგადოებას.

დღეს ვხსნით საარჩევნო კამპანიას და წარვადგენთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მთავარ კანდიდატს, ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის, თბილისის მერის კანდიდატურას. დღეს, ამ ლამაზ და მშვიდ საღამოს, არ გვაქვს უფლება, პირველ რიგში, მადლობა არ გადავუხადოთ ქართველ ხალხს შარშან, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებული ნდობისთვის. შარშან შედგა რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი მშვიდობის, ღირსებისა და განვითარების სასარგებლოდ. სწორედ ამ გამარჯვებამ მოგვცა შესაძლებლობა, დღეს მთელი ყურადღება გადავიტანოთ თითოეული მუნიციპალიტეტის, თითოეული ქალაქისა და სოფლის განვითარებაზე.

შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ჩვენ უნდა შევიტანოთ კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე და მეტი სიკეთე საქართველოს თითოეულ კუთხეში. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს, მეტი სიკეთე და განვითარება საქართველოს თითოეულ მხარეს, საქართველოს თითოეულ კუთხეს – ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელსაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში, საზოგადოების მხარდაჭერით, აუცილებლად შევასრულებთ. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2012 წელს საქართველო გარედან მართული უმძიმესი ავტორიტარიზმისგან გაათავისუფლა და ჩვენი ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა.

2012 წლიდან საქართველოს აქვს 13-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს, უკვე მეხუთე წელია, საქართველო არის პირველ ადგილზე ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ეს ყველაფერი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელსაც, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს ვხსნით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას და წარვადგენთ თბილისის მერობის კანდიდატს“, – განაცხადა კობახიძემ.

პირველ რიგში, მინდა გავიხსენო, რომ დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო მწვანე, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. გასული 8 წლის განმავლობაში, თბილისისთვის და თბილისელებისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა: – თბილისი გახდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე დედაქალაქი: მოეწყო 2,500-ზე მეტი ახალი და განახლებული პარკი და სკვერი; აღდგა და განახლდა ტყე 142 ჰექტარ ფართობზე; დაირგო 665 ათასზე მეტი ძირი მწვანე ნარგავი; – რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის 100-მდე უმნიშვნელოვანეს ობიექტს, მათ შორის – ორბელიანის მოედანს, გუდიაშვილის მოედანს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს, მშრალ და ზაარბრიუკენის ხიდებს, დარეჯან დედოფლის სასახლეს, დედაენისა და 9 მარტის ბაღებს; – ქალაქს შეემატა 916 ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსი; სრულად განახლდა მიკროავტობუსების პარკი; მეტროს დაემატა და ემატება 138 ახალი ვაგონი, შეკეთდა 208 ვაგონი; რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2 მეტროსადგურს; დაიხაზა ავტობუსის 81-კილომეტრიანი და ველოსიპედის 40-კილომეტრიანი ზოლები; ამოქმედდა 90-წუთიანი უფასო გადაჯდომის ტარიფი და შეღავათიანი სამგზავრო აბონემენტები; მოეწყო და უახლოეს მომავალში მოეწყობა ჯამში 300-მდე ელექტროდამტენი ელექტრომობილებისთვის; 3 ეტაპად გატარდა ტაქსების მასშტაბური რეფორმა; – 700-ზე მეტ ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს ჩაუტარდა გამაგრება; ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამით უახლოეს მომავალში ბინას დამატებით 1,100 ოჯახი მიიღებს; დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართი მიიღო 12,000-მდე დაზარალებულმა ოჯახმა; სამშენებლო ამნისტიის პროექტის შედეგად, უფლებრივად უნაკლო ბინა 30 ათასზე მეტმა თბილისელმა მიიღო; – თბილისში მოწესრიგდა მრავალი გამზირი, ქუჩა და გზა: შეკეთდა და რეაბილიტირდა 8,5 მილიონი მ2 გზის საფარი; რეაბილიტირდა და მოწესრიგდა 1,754 ქუჩა და გამზირი; აშენდა ახალი გზები, ესტაკადები, პანდუსები, საავტომობილო ხიდები და გვირაბები; 2,000-ზე მეტი პროექტი განხორციელდა წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელების მოსაწესრიგებლად; გამაგრების სამუშაოები ჩატარდა 800 მისამართზე; 128,000 მ2 ფართობზე დამონტაჟდა ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები; მოეწყო გარე განათების ახალი ქსელები – დამონტაჟდა 7,500 ბოძი და 20,000 სანათი, მოეწყო 3,800 მხატვრული მინათების სანათი; – თბილისი გახდა უფრო მზრუნველი ქალაქი ბავშვებისთვის: აშენდა და გაიხსნა 26 ახალი საბავშვო ბაღი, სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 14 საბავშვო ბაღს, სრულად გარემონტდა 8 საბავშვო ბაღი, შენდება 6 ახალი საბავშვო ბაღი და სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება 2 ავარიულ საბავშვო ბაღს; დაინერგა ბავშვთა უსაფრთხოებისა და საბავშვო ბაღის მართვის თანამედროვე სტანდარტები; გაორმაგდა საბავშვო ბაღების 13,500 თანამშრომლის ხელფასები; მომზადებისა და გადამზადების კურსები გაიარა საბავშვო ბაღების 9,000-მდე თანამშრომელმა; – მერიამ დააფინანსა ჯანდაცვის 3,842,017 შემთხვევა; 64,000-ზე მეტი ოჯახი იღებს კომუნალურ სუბსიდიას; 1,375 სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შშმ პირი იღებს 800-ლარიან დახმარებას; 10,000-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვს და მოზარდს უფინანსდება სწავლა ახალგაზრდობის სახლებსა და ეროვნულ სასახლეში, ხელოვნებისა და სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებზე; 73 ათასზე მეტი პირი დაფინანსდა სოციალურად დაუცველ პენსიონერთა 500-ლარიანი მედიკამენტების პროგრამით; 347-ჯერ გაიცა 100 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმულებზე ერთჯერადი დახმარება 1,000 ლარის, ხოლო 2025 წლიდან – 10,000 ლარის ოდენობით; – კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდებზე ზრუნვის მიმართულებით, განხორციელდა 5 ათასზე მეტი პროექტი და ინიციატივა; სწავლა დაუფინანსდა 19,000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ, 4,000-მდე მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შშმ სტუდენტს; 5,000-მდე წარმატებული მაგისტრანტი გახდა თბილისის მერიის სტიპენდიატი; პროფესიული განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, 11,000-ზე მეტი თბილისელი გადამზადდა, საიდანაც 75% დასაქმდა; 2021 წელს თბილისმა მოიპოვა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის, 2025 წელს კი – სპორტის ქალაქის სტატუსი; აშენდა და რეაბილიტირდა 500-ზე მეტი სპორტული მოედანი; აშენდა 5 სპორტული კომპლექსი; ამოქმედდა პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 მუზეუმს, 8 სახელოვნებო სკოლას და 5 ბიბლიოთეკას. ეს არის იმ საქმეების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც გასული 8 წლის მანძილზე თბილისისთვის და თბილისელებისთვის გაკეთდა. და ყველა ეს საქმე გაკეთდა გამორჩეული სიყვარულითა და მზრუნველობით თბილისისა და თბილისელების მიმართ. ყველა ეს საქმე გაკეთდა გამორჩეული პროფესიონალიზმით და გამორჩეული გემოვნებით“, – განაცხადა კობახიძემ.

ჩვენ დღეს შეგვეძლო თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს – ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე. ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი. მეტი სიცოცხლე თბილისს, მეტი სიცოცხლე თბილისის თითოეულ უბანს, განვითარება დედაქალაქის თითოეულ კუთხეს, უფრო ლამაზი, უფრო მწვანე და უფრო მოწესრიგებული ქალაქი – ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენს უსაყვარლეს დედაქალაქს და თითოეულ თბილისელს, და ეს არის ის, რაც ყველაზე უკეთ კახა კალაძეს შეუძლია. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით, მაქვს პატივი საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უფრო სწორად – მომავალ მერად წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი – კახა კალაძე“.

დიდი პატივია, კვლავ ვიყო თბილისის სამსახურში, ერთად ყველაფერს შევძლებთ, გაიმარჯვებს თბილისი, გაიმარჯვებს საქართველო, მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე ჩვენს ულამაზეს თბილის ქალაქს -კახა კალაძე

ზედიზედ მესამედ წარვდგე თბილისის მერობის კანდიდატად – ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს, – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს,

მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, რეგიონების წარმომადგენლებს, თბილისის საკრებულოს და მთავრობის წევრებს, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას. მივესალმები ჩემს თბილისს და თბილისელებს.

ზედიზედ მესამედ წარვდგე თბილისის მერობის კანდიდატად – ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს. გამოცხადებული ნდობისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდამხარ 2011 წლიდან ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივია. მინდა, ცოტა გადახვევა გავაკეთო და გავიხსენო 2011 წელი, როდესაც პირველად შევხვდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი საუბარი, რა თქმა უნდა, ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, იმ მძიმე პოლიტიკურ ფონს და მახსოვს ბატონი ბიძინას შეკითხვა – თუ სად მოვიაზრებდი საკუთარ თავს პოლიტიკაში და როგორ ვხედავდი ჩემს მომავალს. მაშინ ჯერ კიდევ ფეხბურთით ვიყავი დაკავებული. სპორტში ვმოღვაწეობდი. არ მქონდა არანაირი პოლიტიკური გამოცდილება და ჩემი პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, ვიყო იქ, სადაც ჩემს ხალხს სჭირდება. დღეს, 14 წლის შემდეგ ცხადია, დავაგროვე უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და შემიძლია, იგივე სიტყვები გავიმეორო, რომ მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს და ვიყო იქ, სადაც სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს.

მადლობას ვუხდი  ჩვენს მხარდამჭერებს – თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც, მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენთან, მათ შორის, პირადად ჩემ გვერდით იდგა და დგას მთელი ამ წლების განმავლობაში. 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერი გავხდი, ერთად ბევრი რამ შევძელით. ყველა დიდ წამოწყებას დიდი სირთულეები ახლავს, მაგრამ ჩვენი გუნდურობით, მიზანსწრაფულობით, თბილისელების ნდობით და ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლის რწმენით, ყველამ ერთად, თბილისის განვითარებაში არაერთი გარდამტეხი ცვლილება შევიტანეთ.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ნდობისა და თანამშრომლობისთვის, თითოეული გამამხნევებელი სიტყვისთვის, საქმიანი კრიტიკისთვის და თითოეული იმ ინიციატივისთვის, რომლის განხორციელების შემდეგ, ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი, მწვანე, განვითარებული, მოწესრიგებული და სიცოცხლით სავსე გახდა.

დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ როგორც მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც ბოლო რვა წელია, თბილისის თითოეული რაიონის, თითოეული უბნის ცხოვრებით ცხოვრობს, ბედნიერია იმ ცვლილებებით, რამაც თბილისი აქცია თანამედროვე ქალაქად, იცის, რა პრობლემები აწუხებს თბილისელებს და გულწრფელად სჯერა, რომ თბილისი ამოუწურავი შესაძლებლობების ქალაქია.

კარგად მესმის, რომ თბილისი არ არის უბრალოდ ქალაქი – ის ჩვენი კულტურის, რელიგიის, ტრადიციების, ქართული სულის გამოძახილია. მის უძველეს ქუჩებში საქართველოს ისტორია სუნთქავს.

ეს ქალაქი საუკუნეებია, დგას, როგორც გზაჯვარედინი – აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური კულტურის გადაკვეთის სივრცე. თუმცა, ამ მრავალფეროვნებაში მას არ დაუკარგავს თავისი სული, არ დაუკარგავს ეროვნული ღირებულებები, რაც ძვირფასია თითოეული ქართველისთვის. ერთდროულად ქართული იდენტობა და მრავალმხრივი მრავალფეროვნება განსაზღვრავს ჩვენი ქალაქის უნიკალურობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით ისაუბრა იმ დაპირებების შესახებ, რომლის შესრულებასაც გეგმავს.

„დღეს, როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ვფიქრობ, შემიძლია მოგცეთ ორი საერთო დაპირება ჩემს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით: თბილისი, როგორც პასუხისმგებლობა და თბილისი, როგორც შესაძლებლობების ქალაქი – ესაა ის ორი მთავარი პირობა, რომლის შესრულებასაც ვპირდები თბილისელებს.

თბილისი ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა – არა მხოლოდ მის აწმყოსა და მომავალზე, არამედ მის წარსულზეც. თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება ნიშნავს ქალაქის სულის გადარჩენას. ვაცნობიერებ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ისტორიით სავსე ამ უძველესი ქალაქის მერი.

თბილისი შესაძლებლობების ქალაქია. დიახ, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ სიძველის მიუხედავად, დღეს თბილისი საოცრად თანამედროვე ქალაქია, თავისი პარკებით, სკვერებით, კულტურული სივრცეებით, სპორტული მოედნებით, მოდერნიზებული ქუჩებით, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მაგრამ თბილისი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს – უნდა განვითარდეს სწორად, თანმიმდევრულად, სწორი და ზუსტი ხედვითა და გეგმით.

რასაკვირველია, ამხელა ტვირთს საკუთარ თავზე ვერ ავიღებდი, რომ არ მქონდეს თქვენი, თბილისელების დიდი მხარდაჭერა. რომ არ იდგეს ჩემს ზურგს უკან ძლიერი პოლიტიკური გუნდი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც გამორჩეული წვლილი აქვს შეტანილი ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის განმტკიცებაში. ცხადია, რთული იქნებოდა დედაქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევა, რომ არა თბილისის მერიის გამოცდილ, პროფესიონალ თანამშრომელთა უზარმაზარი არმია.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მუნიციპალიტეტის თანამშრომელს, დაწყებული მეეზოვედან, დამთავრებული ვიცე-მერამდე მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ 24-საათიან რეჟიმში ჩვენ ვართ ქალაქის, თბილისელების სამსახურში. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, რომელიც ესწრება დღევანდელ ღონისძიებას და ჩემს უფროს ვაჟს, ლევანს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

როგორც უკვე ვახსენე, თბილისი შესაძლებლობების ქალაქია, ამის გარანტი კი ხართ თქვენ, ახალგაზრდები, მომავალი თაობა – ჩვენი ხვალინდელი დღის საყრდენი და იმედი. თითქმის ყოველდღიური შეხება მაქვს ახალგაზრდობასთან, რომელთა ენერგია და იდეები ჩვენი ქალაქის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. გაძლევთ პირობას, ამ ძალას მომავალშიც გამოვიყენებთ მეტი განვითარებისთვის, შენებისთვის. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ქალაქის განვითარებას – ესაა პასუხისმგებლობის გაზიარება, იდეების გაცვლა და ერთობლივი შრომა უკეთესი თბილისისთვის.
ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, თქვენი სიყვარული ქვეყნისა და ქალაქისადმი გვაძლევს იმედს, რომ თბილისი ნამდვილად იქნება ცოცხალი, თანამედროვე და განახლებაზე ორიენტირებული ქალაქი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განმარტებით, დღეს თბილისი და მისი თითოეული უბანი არის ბევრად სიცოცხლით სავსე, ვიდრე იყო რვა წლის წინ.

„როდესაც რვა წლის წინ პირველად წარვდექი თბილისელების წინაშე თბილისის მერობის კანდიდატად, ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირება იყო „სიცოცხლით სავსე ქალაქი“. მაშინ, როდესაც ქალაქში დავდიოდი, ვცდილობდი, ჩემთვის ცხადად წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა, შესხმოდა ხორცი ამ დაპირებას, როგორი უნდა გამხდარიყო თბილისი ამ დაპირების შესრულების შემდეგ. პირველი, რაც მაშინ შევამჩნიე, იყო ცარიელი ეზოები, პარკები, სკვერები და სხვა საჯარო სივრცეები. სამწუხაროდ, 2017 წლის თბილისში სიცოცხლე არ ჩქეფდა ისე, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქალაქში მინახავს. და მაშინ გავიაზრე, რომ მთავარი, რამაც ქალაქს მეტი სიცოცხლე შეიძლება შესძინოს, არის ადამიანების ხალისი, ჰქონდეთ მეტი ურთიერთობა საკუთარ ქალაქთან და თანაქალაქელებთან. დღეს, ალბათ, ყველა ვამჩნევთ ადამიანების სიმრავლეს ეზოებში, სკვერებსა და პარკებში, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, თუ გარეუბნებში, კულტურულ და სპორტულ სივრცეებში. დღეს თბილისი და მისი თითოეული უბანი არის ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ.

დღეს ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირებაა – „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“. ჩვენ ვამაყობთ, რომ გამოწვევებით სავსე თანამედროვე სამყაროში დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული, რაც მის განვითარებას განსაკუთრებულ პერსპექტივას უქმნის. მშვიდობა გვაძლევს იმაზე ზრუნვის საშუალებას, რომ მეტი სიკეთე მივანიჭოთ ჩვენს ულამაზეს ქალაქს. მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია საუბარი ქალაქის განვითარებაზე, წინსვლაზე და ის, რომ დღეს ქვეყანაში ჩვენ გვაქვს მშვიდობა, არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და აქაც მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

სიტყვა „სიკეთეს“ ორი მნიშვნელობა აქვს – მატერიალური და არამატერიალური. ჩვენს ქალაქს სჭირდება მეტი სიკეთე მატერიალური თვალსაზრისით. ეს არის კიდევ უფრო უკეთესი ინფრასტრუქტურა, ძველი თბილისის ახალი რეაბილიტირებული უბნები, კიდევ უფრო მეტი სიმწვანე და სილამაზე, კიდევ უფრო მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა, ახალი კულტურული და სპორტული ობიექტები, სკოლები და ბაღები. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ამ დაპირებას და მომდევნო 4 წელიწადში შევუქმნით მეტ მატერიალურ სიკეთეს თბილისს და თბილისელებს.

სიკეთეს, მატერიალურთან ერთად, აქვს არამატერიალური დატვირთვაც. თბილისი ტრადიციულად იყო ურთიერთობების ქალაქი, სიკეთით სავსე ქალაქი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავამარცხოთ სიძულვილი და თბილისელებს შორის ურთიერთობის მთავარ მორალურ ღერძად ვაქციოთ სიკეთე. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს – ეს არის დაპირება, რომელსაც მომდევნო 4 წლის მანძილზე მთელი პასუხისმგებლობით და გულისყურით შევასრულებთ.

მეგობრებო, თბილისი არჩევანზე მეტია. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ თბილისის მომავალზე და ვაქციოთ ის კიდევ უფრო განვითარებულ ქალაქად.

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მადლობა ნდობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ მაძლევთ შესაძლებლობას, ვემსახურო ჩემს ქალაქს, ჩემს ხალხს და ჩემს სამშობლოს. ჩემო თბილისელებო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გასული 8 წლის მანძილზე გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის, რამაც ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთების შესაძლებლობა მოგვცა.

ჩემთვის დიდი პატივია, კვლავ ვიყო თბილისის სამსახურში. მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.  გაიმარჯვებს თბილისი, გაიმარჯვებს საქართველო, მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე ჩვენს ულამაზეს თბილის ქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა.

მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიება მთაწმინდის პარკში იმართება.

კახა კალაძე დედაქალაქის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ღონისძიებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

„ჩვენ დღეს შეგვეძლო, თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს. ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე, ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძემ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პოლიტიკურ გუნდს და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

„ზედიზედ მესამედ წარვდგე თბილისის მერობის კანდიდატად – ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს. გამოცხადებული ნდობისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდამხარ 2011 წლიდან ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე თბილისის მერად მესამე ვადითაა წარდგენილი. კალაძე დედაქალაქის მერად პირველად – 2017 წელს, მეორე ვადით კი 2021 წელს აირჩიეს.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.

დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, გამშვებ პუნქტ “დარიალიდან” მოხდა დასაქმებულთა ევაკუაცია, პრევენციის მიზნით დაკეტილია საავტომობილო გზა -შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე.

„მონიტორინგის მიზნით ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფები. დაშავებული არავინ არის.

ამავდროულად, პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.