Home Blog Page 4

არსებული ინფორმაციით, მურთაზ ზოდელავა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს აფიქსირებს – ფაქტს უარყოფს მისი ადვოკატი

არსებული ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს აფიქსირებს, თუმცა, ფაქტს უარყოფს მისი ადვოკატი ბექა ბასილაია. რა ჩვენება მისცა გამოძიებას, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 11 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც დააკავა.

უწყებაში  გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, მურთაზ ზოდელავამ სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.

ზოდელავას ბრალად ედება „წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ“.

მურთაზ ზოდელავას 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა.

მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან გიორგი სანტურიანთან ერთად ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლებისა და პროფესიული გადამზადების პროცესიც.

„გრძელდება რეგიონული შეხვედრები საოლქო საარჩევნო კომისიებში. ამჯერად ვიმყოფებით ქუთაისში და გვაქვს შესაძლებლობა სამუშაო შეხვედრის ფორმატში პირადად მივიღოთ საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრისგან ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება არჩევნებისთვის მზადებას და ყველა იმ ადგილობრივ გამოწვევასა თუ საჭიროებას, რომელიც დღეს ინსტიტუციის წინაშე დგას. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები არჩევნებამდე კიდევ გაგრძელდება, რათა ჩვენ უფრო მჭიდრო კავშირში ვიყოთ ადგილობრივ დონეზე საოლქო სარჩევნო კომისიებთან, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არჩევნების ეფექტიანად და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეტაპობრივად ეცნობიან ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების მზადებას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის – ასეთია აგენტის ხვედრი -ირაკლი კობახიძე

ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის – ასეთია აგენტის ხვედრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  როდესაც ადამიანი ხდება აგენტი, ის იძულებულია, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც მასვე აზიანებს.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყველას გასაგონად, რომ არავის ვურჩევ აგენტობას. როდესაც ხდები აგენტი, შენ იძულებული ხარ, გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც შენვე გაზიანებს. მას აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა. ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის. ასეთია აგენტის ხვედრი. დანარჩენი არის გამოძიების საქმე”, – განაცხადა პრემიერმა.

იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს” სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში -ირაკლი კობახიძე

როგორც კი აშშ-ის საელჩო ჩამოყალიბდება, თუ ვის ემსახურება, ემსახურება ტრამპის ადმინისტრაციას, თუ „დიფ სთეითს”, მაშინვე ექნება რეაგირება ასეთ ფაქტებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აქციის მონაწილეების მხრიდან კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით ცინიკურ განცხადებებსა და აღნიშნულ საქმეზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში აშშ-ის ელჩი დანიშნული არ არის და გარკვეული კუთხით ბუნდოვანებაა საელჩოში.

„ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში საელჩო. დღეს, ელჩი დანიშნული არ არის, ამიტომ არის გარკვეული კუთხით ბუნდოვანება საელჩოში. იმედი მაქვს, როცა ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს” სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში,”- განაცხადა პრემიერმა.

გამოვლინდა 2025 წლის „სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ –  ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსში“ დაფინანსებული პროექტები

გამოვლინდა 2025 წლის „სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ –  ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსში“ დაფინანსებული პროექტები

გამოქვეყნდა 2025 წლის „სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ-  ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსის“  საბოლოო შედეგი.

კონკურსის მიზანია   საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), მათი მმართველობის სფეროში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების აღჭურვა თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურით,  სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამებით, კომპიუტერული ტექნიკით, საჭირო მასალებით, სათანადო ლიტერატურის შეძენის და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის, აუცილებელი სახსრებით უზრუნველყოფა.

დეტალური ინფორმაცია  კონკურსის გამარჯვებული პროექტების შესახებ იხილეთ ფონდის ვებგვერდზე

https://shorturl.at/qBIJJ

(R)

რა ეღირება დოლარი და ევრო 13 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7002 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7002 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6939 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1679 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1473 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0206 ლარი შეადგინა.

გედევან ფოფხაძე ეძგვერაძე ბარნაბასავით არის, ვერავინ გაიგო, რომელ პარტიას ეკუთვნის -გია ვოლსკი

გედევან ფოფხაძე ეძგვერაძე ბარნაბასავით არის, ვერავინ გაიგო, რომელ პარტიას ეკუთვნის. გასათვალისწინებელია მისი ფსიქოლოგიური გარემოებაც, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „გულწრფელად გეტყვით, მაგათი არავის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება, ივანიშვილს ბენზინს თუ გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ მეწყინება“.

„მგონი, გედევან ფოფხაძემ თავის მიზანს მიაღწია – გამოჩნდა. ისე, ეძგვერაძე ბარნაბასავით არის, რომელ პარტიას ეკუთვნის, ვერავინ გაიგო. მისი ფსიქოლოგიური გარემოებაც უნდა გავითვალისწინოთ. მგონი, სტაბილური არ არის. არ მგონია, მას მხოლოდ სხვისი სიკვდილი უხაროდეს. იმისათვის, რომ ისტორიაში ჩაეწეროს, თვითონაც რადიკალურ ნაბიჯებზეა წამსვლელი. მის მიერ მიზანი მიღწეულია – როგორღაც საინფორმაციო სივრცეში გამოჩნდა. ვიცი, რომ გარკვეული ვალდებულებები აქვს ნიკა გვარამიასთან, ეს მამამისთან არის დაკავშირებული. ხან ხოშტარიას მიუჯდა შიმშილობისას, ხან რა, მაგრამ დაბნეულ-დაკარგულია. არ ვიცი, გედი ფოფხაძემ რას მიაღწია, მაგრამ ტრენდი ზუსტად დაიჭირა – პოპულარობა აგრესიის კულტივირებით მოდის. მისი იდეა შეიძლება ეს იყოს. შეიძლება, დანაშაულზეც არის წამსვლელი, მაგრამ დანაშაულის წინაპირობის გაუბრალოებას ცდილობს. გედიმ დაინახა, რომ ამ მიმართულებას პოპულარობა აქვს და ამ თემაზე საუბარი დაიწყო. მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერშიპიდან გასწიეს, მანაც ამ ნიშით დაიწყო. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ახალგაზრდებში გარკვეულ მიზანს ჰპოვებს. ეს იყო მიზანი ხელის გარტყმის, ბანერის დაზიანების, განუკითხაობის და იდეალად წარმოაჩენენ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას, ადამიანის მოკვლას. მთავარი მიზანია, ამ ყველაფერმა ახალგაზრდების ფსიქიკაზე დამანგრევლად იმოქმედოს. დანაშაულზე წამსვლელები არიან. უკვე ჩადენილიც აქვთ დანაშაული, რასაც ახალგაზრდების გარყვნა ჰქვია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“პუტინი და ნეთანიაჰუ – ორმაგი პრობლემა ტრამპის დიპლომატიისათვის”-BBC

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-მ (BBC) თავის ვებ-საიტზე გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით: „პუტინი და ნეთანიაჰუ – ორმაგი პრობლემა ტრამპის დიპლომატიისათვის“ (ავტორი – პოლ ადამსი), რომელშიც განხილული და გაანალიზებულია აშშ-ის პრეზიდენტის წინაშე ბოლო დღეებში რუსეთისა და ისრაელის მოქმედებით გაჩენილი პრობლემატური მოვლენები: რა უნდა გააკეთოს დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს ჯიუტობისა და თვითნებობის აღსაკვეთად?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ერთ დღე-ღამეზე ნაკლებ დროში ორ საგარეოპოლიტიკურ ფრონტზე, რომლებზეც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყველაზე მეტ დროს და ძალას ხარჯავს, ორი საკმაოდ უსიამოვნო ამბავი მოხდა: ისრაელის ავიადარტყმა დოჰაში (კატარი) არსებულ „ჰამასის“ წარმომადგენლობაზე და რუსეთის დრონების შეჭრა პოლონეთის საჰაერო სივრცეში. ორივე ინციდენტი თეთრი სახლისათვის სერიოზულ თავის ტკივილს წარმოადგენს და, სავარაუდოდ, ორ ძლიერ დარტყმას პრეზიდენტის ავტორიტეტისათვის.

სწორედ ამ ორი კონფლიქტის – უკრაინაში და ღაზას სექტორში – სწრაფ მოგვარებას აპირებდა დონალდ ტრამპი, როგორც კი აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგებოდა.

ამ ორივე შემთხვევაში ლიდერებმა, რომლებსაც დონალდ ტრამპი თავის ბუნებრივ, და იმავდროულად „პრობლემურ მოკავშირეებად“ თვლის – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ – სერიოზულად გაართულეს თეთრი სახლის ძალისხმევა მშვიდობის დამყარებისათვის.

ოპერაცია „ცეცხლოვანი სამიტი“

გასათვალისწინებელია, როგორ იყო დრო შერჩეული დოჰაზე დარტყმისათვის (კოდური სახელწოდებით – „ცეცხლოვანი სამიტი“): ოპერაცია განხორციელდა სულ რაღაც ორიოდე დღეში მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების დასრულებასთან დაკავშირებით წინადადებების ბოლო ვერსია წამოაყენა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს „ჰამასისთვის“ უკანასკნელ შანსს წარმოადგენს: „მე გავაფრთხილე „ჰამასი“ იმ ნეგატიურ შედეგებზე, რაც მის უარს მოჰყვება. ეს ჩემი ბოლო გაფრთხილებაა, სხვა აღარ იქნება“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში.

„ჰამასის“ ხელმძღვანელობა , რომელიც დოჰაში შეიკრიბა, სწორედ დონალდ ტრამპის წინადადების განხილვას აპირებდა, მაგრამ ისრაელი გადაწყვეტილების მიღებას არ დაელოდა და დაარტყა. ბენიამინ ნეთანიაჰუს ასეთმა ნაბიჯმა არამარტო მტვრად გადააქცია აშშ-ის შეთავაზებები, არამედ, შესაძლოა, დაანგრია კიდეც ღაზას ირგვლივ რთულად მიმდინარე დიპლომატიის მთელი არქიტექტურა, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია ეყრდნობოდა.

ახლა მიდის დავა იმაზე, თუ როგორ და როდის გაიგო თეთრმა სახლმა ისრაელის დარტყმის გეგმა და შესაძლებელი იყო თუ არა მისი შეჩერება და ინციდენტის თავიდან აცილება. მით უმეტეს, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ კატარში აშშ-ის სამხედრო ბაზებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ავიაბაზა მდებარეობს, რაც ბევრს აძლევს იმის ვარაუდებს, რომ ამერიკის რადარებს არ შეეძლოთ არ დაენახათ ისრაელიდან კატარისაკენ გამოფრენილი ავიაგამანადგურებლები.

მაგრამ თუნდაც თეთრმა სახლმა, როგორც ბევრი ვარაუდობს, ისრაელს მწვანე შუქი აუნთო, განა ეს იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს გავლენის მოხდენა შეუძლია ბენიამინ ნეთანიაჰუს მოქმედებაზე?

ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2023 წლის 7 ოქტომბრის ისტორიული დამცირების შემდეგ, ისრაელი კუნთებს მთელ ახლო აღმოსავლეთში ათამაშებს. რა თქმა უნდა, ეს ხდება აშშ-ის აშკარა თუ ფარული მხარდაჭერით. ისრაელმა უდაო რეგიონული ჰეგემონის როლი მიიღო, რომელსაც შეუძლია დარტყმები მიაყენოს ისეთ შორეულ ქვეყნებსაც კი, როგორებიც არიან ირანი და იემენი. მაგრამ ირანისა და იემენის შემთხვევაში დარტყმებში ამერიკის შეერთებული შტატებიც მონაწილეობდა – ვაშინგტონს და ისრაელს საერთო მიზნები ჰქონდათ: ჰუსიტების მოქმედების შეჩერება სავაჭრო გემების წინააღმდეგ და ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება. სულ სხვა საქმეა კატარზე თავდასხმა, რომელიც რეგიონში აშშ-ის საკვანძო მოკავშირეს წარმოადგენს.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან ცუდად“ აფასებს ისრაელის ასეთ ნაბიჯს. მისი თქმით, ისრაელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან გვიან გაიგო და კატარის გაფრთხილება ვერ მოასწრო: „კატარი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და როგორც აშშ-ის ახლო მოკავშირე, ძალიან დაძაბულად მუშაობს და ძალიან რისკავს, როცა შეამავლობის ახორციელებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის, ამ დროს კი მისი ტერიტორია იბომბება… ძალიან უკმაყოფილო ვარ. ეს ფაქტი არ ემსახურება მიზნის მიღწევას არც აშშ-სათვის და არც ისრაელისათვის“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოცქსელში.

ცხადია, ეს განცხადება საკმარისი არ არის იმისათვის, რომ აშშ-ის თანამონაწილეობაზე ეჭვი გაიფანტოს, მაგრამ ისე გამოიყურება, თითქოსდა ტრამპი მართლაც ძალიან არის გაბრაზებული. თავის მხრივ, ბენიამინ ნეთანიაჰუ შეეცადა ხაზი გაესვა იმისათვის, რომ ეს იყო მთლიანად ისრაელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ცნობილმა ამერიკელმა საერთაშორისო მიმომხილველმა დევიდ იგნატიუსმა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმაც და აშშ-მაც განაცხადეს – „ჰამასის“ ლიდერებზე ნადირობა კატარში არ მოხდებაო, ისრაელმა ოპერაცია „ცეცხლოვანი სიმაღლე“ მაინც განახორციელა“.

ის, რომ ეს დაპირებები ესოდენ დემონსტრაციული სახით იქნა დარღვეული, ახლო აღმოსავლეთში ამას გარდაუვლად ჩათვლიან აშშ-ის სისუსტის მოწმობად. ახლა ამ ფრიად უსიამოვნო სიტუაციას პოლონეთთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტიც დაემატა…

ალასკის მეფური მიღებიდან პოლონეთის ინციდენტამდე

ერთი თვეც არ გასულა იმ დროიდან, როცა დონალდ ტრამპმა თავისი რუსი კოლეგა ალასკაზე მეფურად მიიღო – წითელი ხალიჩა გაუშალა უკრაინის წინააღმდეგ ომის წამომწყებ ადამიანს, რამდენიმე დღის შემდეგ კი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უთხრა – „როგორც უცნაურად და უაზროდ არ უნდა ჟღერდეს, რასაც ახლა ვიტყვი, ვიცი, რომ პუტინი გარიგებას ჩემს მიმართ ხათრის გამო დადებსო“.

მაგრამ საქმე გარიგებისაკენ კი არ მიდის, არამედ პირიქით, ალასკის სამიტის შემდეგ ჩვენ მხოლოდ სიტუაციის ესკალაციას ვხედავთ: სულ უფრო მეტი ანტირეკორდები მყარდება რუსული დრონებისა და რაკეტების მხრივ, რომლებიც უკრაინის დაბომბვაში მონაწილეობენ, ახლა კი მათი პირველი დემონსტრაციული შეჭრა მოხდა ნატოს წევრი ქვეყნის – პოლონეთის საჰაერო სივრცეში.

კაცმა რომ თქვას, რუსული დრონები და რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე პირველად არ შეჭრილან, ადრეც მომხდარა მსგავსი შემთხვევები, მაგრამ მაშინ ისინი მიწაზე საზღვართან ახლოს ვარდებოდნენ და, როგორც ჩანს, საჰაერო სივრცის დარღვევები შემთხვევით ხდებოდა. მაგრამ ის, რაც ოთხშაბათს ღამით მოხდა, მას შემთხვევითობას ვერ ვუწოდებთ. პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ერთბაშად 19 დრონი შეიჭრა და ზოგიერთები ქვეყნის ტერიტორიაზე საკმაოდ ღრმად შეფრინდნენ.

პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პოლონეთის სეიმში (პარლამენტში) გამოსვლისას განაცხადა, რომ ასე ახლოს ღია კონფლიქტთან პოლონეთი არასოდეს არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

რუსეთი ყველაფერს უარყოფს, მაგრამ ნატოელები დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ ეს იყო რუსეთის წინასწარგანზრახული მოქმედება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სიმტკიცისა და გაბედულების შესამოწმებლად. და რამდენადაც ალიანსის ყველაზე ძლიერ წევრს აშშ წარმოადგენს, მაშინ გამოდის, რომ ეს იყო დონალდ ტრამპის სიმტკიცის შემოწმების მცდელობაც. სხვათა შორის, შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს აშკარად არ სურდა პოლონეთის ინციდენტზე რეაგირება იმისგან განსხვავებით, რაც კატართან მიმართებით მოახდინა.
„იმ ფაქტს, რომ ნატოს წევრმა ქვეყანამ პირველად ესროლა რუსულ სამხედრო საბრძოლო დრონებს და ჩამოაგდო, თეთრი სახლი სამარისებური სიჩუმით შეხვდა“, – დაწერა უკრაინის გაზეთმა Kyiv Post-მა.

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა თავისი პოსტი სოციალურ ქსელში მაინც გამოაქვეყნა: „რატომ არღვევს რუსეთის თავისი დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცეს? ამასაც მოვესწარით!“ – ასეთი ორაზროვანი ჩანაწერი გაჩნდა აშშ-ის პრეზიდენტის აქაუნთში.

მაგრამ ის, რომ თავდაპირველად დონალდ ტრამპი საკმაო დროის განმავლობაში ჩუმად იყო, თანაც იმ ფონზე, რომ იგი არა და არ ასრულებს თავის მუქარებს რუსეთის მიმართ ახალი მკაცრი სანქციების გამოცხადებაზე, უკრაინის დასავლელელ მოკავშირეებს ისევ ერთი და იგივე კითხვის წინ აყენებს: ბოლოს და ბოლოს, ვის მხარეზე ხართ, მისტერ დონალდ ტრამპ?

შესაძლოა, ამ საკითხში მალე რაღაც შეიცვალოს: ევროპელი ოფიციალური პირები და მათი ამერიკელი პარტნიორები ახალი სანქციების ერთობლივ პაკეტზე მუშაობენ, რაც პირველად ხდება დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების მომენტიდან.
მაგრამ ნატოს წევრებს, ახლო წარსულში პრეზიდენტის მიერ ალიანსის მიმართ გაკეთებული ორაზროვანი განცხადებების გათვალისწინებით, სურთ იყვნენ იმაში დარწმუნებულები, რომ თუ ნატოს წევრი რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, მას შეუძლია აშშ-ის დახმარების იმედი ჰქონდეს.

დონალდ ტრამპის „ბეწვის ხიდი“

ამას წინათ ხელმოწერილმა შეთანხმებამ, რომელიც ნატოს ევროპული ქვეყნების მიერ უკრაინისათვის ამერიკული იარაღის შესყიდვას ითვალისწინებს და ალიანსის წევრების ვალდებულებამ თავიანთი სამხედრო ბიუჯეტის მშპ-ის 5%-მდე ზრდის თაობაზე, შესამჩნევად გააუმჯობესა დონალდ ტრამპის ურთიერთობა ნატოსთან: ბოლო დროს იგი აღარ აკეთებს ალიანსის მიმართ ისეთ არამეგობრულ განცხადებებს, როგორებითაც პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს გამოდიოდა.

ევროპული ქვეყნები, თავის მხრივ, მთლიანობაში დათანხმდენენ აშშ-ის ლიდერის მოწოდებას, რომ მათ თვითონ უნდა იზრუნონ საკუთარი თავდაცვის განმტკიცებაზე. პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვა ამ მხრივ კარგ მაგალითს წარმოადგენს.

მაგრამ რადგანაც მთლიანობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ძველებურად ემყარება აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურ ძლიერებას, იქნება თუ არა ამჟამინდელი პრეზიდენტი მზად გამოიყენოს აშშ-ის ძალა ევროპელების დასახმარებლად, ამის თაობაზე კითხვები ჯერ კიდევ რჩება.
ორი დღე, ორი კონფლიქტი, მოვლენათა ორი რთული განვითარება. დონალდ ტრამპისათვის – ადამიანისათვის, რომელსაც არ უყვარს, როცა გამოწვევის წინაშე აყენებენ – ეს სიტუაცია შეიძლება ერთობ მძიმე გამოცდა აღმოჩნდეს. ყველა ელოდება, წარმატებით გაივლის თუ არა „ბეწვის ხიდს“ ამერიკის მეთაური.

წყარო:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

„ჩატარებული კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე. მათ შორის არიან იორდანიის, ინდოეთის, ნეპალისა და ბანგლადეშის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას განახორციელებს რეგულარულად, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირის წევრობა არ არის უსაფრთხოების გარანტია, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება ომის საფრთხეს შემოიტანს -ორბანი

ევროკავშირის წევრობა არ არის უსაფრთხოების გარანტია, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადების საპასუხოდ წერს.

როგორც ვიქტორ ორბანი წერს, უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება ჩვენს კავშირს არ გააძლიერებს, ეს ომის საფრთხეს შემოიტანს.

„ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა თქვა, რომ „უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაა“. ბატონო პრეზიდენტო, თავს უფლებას ვაძლევ, არ დავეთანხმო ამ მოსაზრებას. ევროკავშირის წევრობა არ არის უსაფრთხოების გარანტია. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. თუ ეს ნამდვილად უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია იქნებოდა, მაშინ ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების არანაირი მიზეზი არ ექნებოდა. უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება ჩვენს კავშირს არ გააძლიერებს, ეს ომის საფრთხეს შემოიტანს. ჩვენ ვთავაზობთ უფრო გონივრულ მიდგომას“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

ლიბერალურმა ფაშიზმმა ზიზღის გარემოს მკვებავი დაჯგუფებები საქართველოშიც გააჩინა, ბოლშევიზმის იდეური მემკვიდრე ლიბერალური ფაშიზმიც ჩვენში გარედან ჩანერგილი პრაქტიკაა -შალვა პაპუაშვილი

ჩარლი კირკის მკვლელობამ ნათლად დაგვანახა, რომ ზიზღის, სიძულვილის, შუღლის მთესველი იდეოლოგები და აგიტატორები გონებას უბინდავენ მოწყვლად ადამიანებს, აქცევენ მათ დეჰუმანიზებულ არსებებად და არათუ პოტენციურ, არამედ რეალურ სასხლეტის გამომკვრელებად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ლიბერალურმა ფაშიზმმა ზიზღის გარემოს მკვებავი დაჯგუფებები საქართველოშიც გააჩინა. მისივე თქმით, ბოლშევიზმის იდეური მემკვიდრე ლიბერალური ფაშიზმიც საქართველოშიც გარედან ჩანერგილი პრაქტიკაა.

„ტრაგედიამ, რომელიც ამერიკაში დატრიალდა, შეძრა საზოგადოება მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებსაც კონსერვატორი სპიკერის ჩარლი კირკის შესახებ აქამდე არც სმენოდათ. ამ მკვლელობამ კიდევ ერთხელ, ნათლად დაგვანახა მთავარი ტრაგედია – ზიზღის, სიძულვილის, შუღლის მთესველი იდეოლოგები და აგიტატორები, რომლებიც ფაშისტური ვნებით ამრუდებენ საჯარო სივრცეს, გონებას უბინდავენ მოწყვლად ადამიანებს, აქცევენ მათ დეჰუმანიზებულ არსებებად და არათუ პოტენციურ, არამედ რეალურ სასხლეტის გამომკვრელებად.

ლიბერალურმა ფაშიზმმა შეძლო და მსგავსი დაჯგუფებები საქართველოშიც გააჩინა, ყოველდღიურად ზიზღის და სიძულვილის გარემოს მკვებავები. ისევე, როგორც საუკუნის წინანდელი ბოლშევიზმი, მისი იდეური მემკვიდრე ლიბერალური ფაშიზმიც, ჩვენში გარედან ჩანერგილი, თავსმოხვეული იდეოლოგია და პრაქტიკაა.

მათ ქსელურ მოქმედებას ყოველდღიურად ვხედავთ. ზიზღის გავრცელების ქსელში ყველას თავისი ფუნქცია აქვს. პარტიული თუ ენჯეო-მედია, „ათასი ბორცვის რადიოს“ მეთოდებით, ფაშისტურ-იდეოლოგიური სპიკერების ტირაჟირებით და ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებითაა დაკავებული. სოციალურ ქსელში დასაქმებული იდეოლოგები, თავის დროზე თავადაც რეკრუტირებულნი, ახლა თავის მიმდევრებს ეძებენ. ზოგიერთი დონორი ექსტრემიზმს სამოქალაქო აქტივიზმს ეძახის და უხვად აფინანსებს. ხოლო ზოგიერთი, გეოპოლიტიკურად დაინტერესებული უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი წახალისებით, სიტყვით თუ მხარდაჭერით სრულ კარტ-ბლანშს აძლევს.

ასე იქმნება სიძულვილის გარემო, რომელიც წამლავს ჩვენს ყოველდღიურობას, ჩვენს შვილებს და ჩვენს მომავალს. იმისთვის რომ გავუმკლავდეთ ამ საზარელ სენს, საჭიროა მეტი სიფხიზლე და მეტი სიკეთე, რომელიც აუცილებლად სძლევს ბოროტს.

ჩვენს ისტორიაში არაერთი შუღლი და შიდა დაპირისპირება გადაგვიტანია. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურის გამოცდილებაა იმის ცოდნა, რომ ბოროტება არ იკურნება ზიზღით, სიძულვილით, გილიოტინით და მოკვეთით. იკურნება სიკეთით და სიყვარულით.  ეს არის ჩვენი კულტურის ფესვი, რომელსაც უცხო, თავსმოხვეული მეთოდებით ვერ აღმოფხვრიან“, – წერს პაპუაშვილი.

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე ახალი პროექტების დასაწყებად არახელსაყრელია. უმჯობესია კოლეგების თხოვნა და საკუთარი პირობა გაიხსენოთ და დაწყებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მათი პატივისცემა დაკარგოთ და სამსახურში ურთიერთობები გააფუჭოთ. გირჩევთ ახლობლებს მეტი დრო დაუთმოთ — ისინი თქვენს დახმარებასა და მხარდაჭერას ძალიან საჭიროებენ. დროა პარტნიორის ნდობა და მისი მოსმენა ისწავლოთ. ეცადეთ ერთმანეთს ურთიერთბრალდებების და საყვედურების გარეშე, მშვიდად ესაუბროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ ძალიან რთული პერიოდი გელით.

კურო

ეს დღე ორმაგად დატვირთულია. დილიდან თავს უამრავი საქმე დაგატყდებათ, რომელთა გადასაჭრელად სხვისი დახმარება დაგჭირდებათ. შუადღის შემდეგ სირთულეები უკან დაიხევს და დასვენებას შეძლებთ. შესანიშნავი დროა ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. უარს ნუ იტყვით ახალ ნაცნობობაზე — მომავალში მას შეიძლება წარმატებული პარტნიორობა და თქვენი საქმის აყვავება მოჰყვეს. საღამო უმჯობესია მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატაროთ.

ტყუპები

ამ დღის მთავარი ამოცანა მოჭარბებული ემოციების დაძლევაა. ყველაზე რთულ და გაურკვეველ სიტუაციებშიც კი ეცადეთ სიმშვიდე არ დაკარგოთ – პრობლემების გადაჭრას და არეულობის თავიდან აცილებას მხოლოდ ასე შეძლებთ. დაგროვილი სტრესისა და დაძაბულობის მოსახსნელად გირჩევთ, საღამოს სპორტდარბაზს ეწვიოთ ან, უბრალოდ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვთ. მიზეზი შეიძლება ურთიერთობის გაციება, უმიზეზო ეჭვიანობა და უსამართლო ბრალდებები იყოს. ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ. თუ ამ დღის ღირსეულად გადატანას შეძლებთ, საბოლოოდ ურთიერთგაგებასა და სიყვარულს მიიღებთ.

კირჩხიბი

თუ სიზარმაცეს დაძლევთ, შეიძლება პროფესიულ საქმიანობაშიც და პირად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიოთ. გადაწყვეტილების მიღებისას სასურველია გამოცდილი და თქვენთვის პატივსაცემი ადამიანების აზრი მოისმინოთ. გამორიცხული არ არის, რომ დღის მეორე ნახევარში გადაღლა და სისუსტე იგრძნოთ და ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ. არსებობს საავადმყოფოში მოხვედრის რისკიც, ამიტომ ეცადეთ სამსახურზე ფიქრი დაივიწყოთ, ფიზიკური დატვირთვა თავიდან აიცილოთ და კარგად დაისვენოთ.

ლომი

ამ დღეს ჯანმრთელობას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ – არსებობს ტრავმის მიღების საფრთხე. პროფესიულ საქმიანობაში შეიძლება გარკვეული სირთულეები გაჩნდეს, მაგრამ დღის მეორე ნახევარში მათ წარმატებით დაძლევთ. სასურველია, საღამო მეგობრებთან ერთად, სასიამოვნოდ გაატაროთ, თუმცა ალკოჰოლის მიღებისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ. ბევრ ლომს ახალი ნაცნობობა ელის, რომელიც შეიძლება მალე რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ეს იქნება სიყვარულითა და ურთიერთგაგებით სავსე, მტკიცე ურთიერთობა.

ქალწული

ხელმძღვანელობას თქვენი ინტელექტი და გამჭრიახობა ძალიან მოსწონს, თუმცა ეცადეთ ამ კეთილგანწყობით ზედმეტად არ ისარგებლოთ. არსებობს საფრთხე, რომ კოლეგამ ხაფანგი დაგიგოთ, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ. საუბრისას სიტყვები ფრთხილად შეარჩიეთ და ჭორები არ გაავრცელოთ. ეცადეთ თქვენს საქმეში მაქსიმალური ძალისხმევა ჩადოთ და შედეგსაც სწრაფად მიიღებთ. თავი შეიკავეთ უჩვეულო გადაწყვეტილების მიღებისგან და არასტანდარტულ მიდგომებსაც მოერიდეთ, რადგან ეს სასურველ შედეგს არ მოგიტანთ, პარტნიორების მხრიდან კი კრიტიკას დაიმსახურებთ.

სასწორი

ყველა მნიშვნელოვანი საქმე გადადეთ, რადგან გადაღლილობის გამო მათი დასრულება გაგიჭირდებათ. გირჩევთ, ეს დღე საკუთარ თავს დაუთმოთ – იფიქრეთ იმიჯის შეცვლაზე, კოსმეტოლოგს ესტუმრეთ და მეგობრებთან ერთად ბუნებაში გაისეირნეთ. ეს ახალი გამარჯვებებისთვის ძალას მოგცემთ.
თუ არასტაბილური მატერიალური მდგომარეობის გამო სამსახურის შეცვლაზე ფიქრობთ და შეთავაზება გაქვთ, შეგიძლიათ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ცვლილებები თქვენთვის სასარგებლო იქნება და ფინანსური მდგომარეობის გამყარებას შეძლებთ.

მორიელი

ეს დღე წვრილმანი საქმეებითა და ფუსფუსით სავსეა, თუმცა თქვენს შრომის მნიშვნელოვან შედეგს მაინც ვერ ნახავთ. გირჩევთ დიდი შესყიდვებისა და ფულის დაბანდებისგან თავი შეიკავოთ, რადგან დღეს ამისთვის ყველაზე არახელსაყრელი დღეა. სასურველია, საღამო მშვიდ ოჯახურ გარემოში გაატაროთ. ამ დღეს ყველაზე მარტივი გადაწყვეტილების მიღებაც კი გიჭირთ და შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვათ. გირჩევთ, დამშვიდდეთ და დახმარება კოლეგებს სთხოვოთ – მათი დახმარებით ამ მდგომარეობას მარტივად დაძლევთ

მშვილდოსანი

შესანიშნავი და ნაყოფიერი დღეა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ. ნუ ეცდებით თქვენი სიმართლის ყვირილით დამტკიცებას და ნუ იკამათებთ – ეცადეთ ყველაფერი ჩუმად მოისმინოთ, თუნდაც ეს აბსურდული ჩანდეს. გარშემომყოფებს თქვენი ცხოვრების წესი მოსწონთ, ამიტომ შეიძლება ბევრი მოკავშირე იპოვოთ.

თხის რქა

შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ ან სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოგიწიოთ, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. თუ ავტომობილს მართავთ, სიჩქარეს არ გადააჭარბოთ და ყურადღება არ მოადუნოთ. ცდუნებებს ნუ აჰყვებით და საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნეთ, რადგან ვიღაც ეცდება თქვენი სისუსტეები თქვენ წინააღმდეგ გამოიყენოს.

მერწყული

სავარაუდოდ, მოუგვარებელი პირადი პრობლემები ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში ხელს შეგიშლით. შეიძლება საჭირო ადამიანები გაიცნოთ, რომელთა დახმარება მომავალში დაგჭირდებათ. ეცადეთ, პირადი პრობლემებისგან დროებით მაინც გათავისუფლდეთ და საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ. მიღწეულზე ნუ გაჩერდებით – თქვენში დიდ პოტენციალს ხედავენ და ეს შანსი უნდა გამოიყენოთ. მალე მატერიალური სირთულეები დასრულდება და თქვენი ფინანსური მდგომარეობა დიდი ხნის მანძილზე სტაბილური იქნება.

თევზები

თამამად იმოქმედეთ — ამ დღეს იღბალი თქვენს მხარესაა. თუ გარისკავთ, შეიძლება შესანიშნავი შედეგები მიიღოთ. მთავარია მოტყუებით არაფერს მიაღწიოთ – თქვენი ტყუილი აუცილებლად გამჟღავნდება და თქვენს წინააღმდეგ შემოტრიალდება. საუკეთესო დროა იმ შეძენისათვის, რომელზედაც ასე დიდხანს ოცნებობდით. მართალია, ეს თქვენს ბიუჯეტს მნიშვნელოვნად შეარყევს, მაგრამ თქვენი სიხარული ამად ღირს. მით უმეტეს, რომ უახლოეს მომავალში დამატებითი შემოსავლის შემოთავაზებას მიიღებთ.