Home Blog Page 4

,,პროტესტი უფრო მასშტაბური და უფრო აქტიური უნდა გახდეს”- პაატა ბურჭულაძე

პროტესტი უფრო მასშტაბური და უფრო აქტიური უნდა გახდეს. მდუმარე პროტესტმა, რასაც ჩვენ მშვიდობიანად ვაკეთებთ, თავისი საქმე გააკეთა. მგონია, რომ პროტესტს უკვე პოლიტიკოსები უნდა ჩაუდგნენ, – ამის შესახებ ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ “ინტერპრესნიუსს” რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა, სადაც რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა უნდა გაიმართოს.

ბურჭულაძის თქმით, ხალხის აქციები დროა “ქმედებაში გადაიზარდოს”.

“მინდა, ყველას მივულოცო დიდებული დღე. როგორც მისალოცია, ასევე, სამწუხარო დღეა იმით, რომ ჩვენ, 34 წლის შემდეგ კიდევ გვიწევს თავისუფლებისთვის ბრძოლა და დამტკიცება, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ერი. ოკუპანტი ძალა გვიზის პარლამენტში, ისინი უკიდურეს ზომამდე მივიდნენ, უნდათ, რომ გააუქმონ საქართველოს დამოუკიდებლობა. ასეთი რამ არ მოხდება. ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ. მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ! გარე მტერი უფრო ადვილი მოსაგერიებელია, ვიდრე შიდა. ახლა ვიცი ვინ არის შიდა მტერი, რას აკეთებს. ძნელია, მაგრამ აუცილებლად მოვიშორებთ მათ.

პროტესტი უფრო მასშტაბური და უფრო აქტიური უნდა გახდეს. მდუმარე პროტესტმა, რასაც ჩვენ მშვიდობიანად ვაკეთებთ, თავისი საქმე გააკეთა. მგონია, რომ პროტესტს უკვე პოლიტიკოსები უნდა ჩაუდგნენ. მდუმარე და ხალხის აქციები დროა გადაიზარდოს ქმედებაში. როგორ ქმედებაში არ ვიცი, ეს პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

,,ოპოზიცია თავიანთი მზაკვრული მიზნებისთვის გმირებს ვერ გამოიყენებს”- კირცხალია

„ოპოზიციაში ვინ ვისზეა ნაწყენი და ვის უნდა, ლიდერად წარმოჩნდეს, ეს ნაკლებად საინტერესოა, რადგან საზოგადოება მათი უნიჭო სპექტაკლებისა და სერიალების ყურებით დაიღალა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია თავიანთი მზაკვრული მიზნებისთვის გმირებს ვერ გამოიყენებს. 

„ამ უსამშობლოებმა რაღაც თავისუფალი მარში დაგეგმეს. ამ ყველაფერს რა კონტექსტი აქვს, ეს ნიშანდობლივია, კონტექსტი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობიდან მომდინარეობს. მათი პარტაქტივი გამოდის, აგენტურული ქსელის დანაყოფები გამოდიან და ისტორიულ დღეს, გმირი ბიჭების სახელებს ამოფარებულები მარშის მოწყობას აპირებენ. სად, როდის და რა კონტექსტში აწყობენ? გახსოვთ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო სასამართლოებში რა სასამართლო პროცესები მოიგო, სადაც წერტილი დაესვა იმ თემას, რასაც ჰქვია ჩვენი მხრიდან რაიმე სახის დანაშაულს რუსეთის მიმართ.

რომელ ჯარზე, რომელ ღირსებაზე მელაპარაკებიან ეს უსამშობლოები, თავიანთი მზაკვრული გეგმებით აგენტურული ქსელი არიან. ანწუხელიძის სახელის ამოფარებას როგორ ბედავენ? სირცხვილია და შეურაცხყოფის მიყენებაა როგორც ჯარის, ასევე, ქვეყნის მიმართ. თავიანთი მზაკვრული მიზნებისთვის გმირებს ვერ გამოიყენებენ“, – აღნიშნა კირცხალიამ. 

ბართოლომეოსი “დიფ სტეიტის” ნაწილია – საქართველოში შეუმჩნეველი არ რჩება კონსტანტინეპოლის პატრიარქის პოლიტიკა

კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებლობის ლიდერობას იჩემებს, ე. წ. „დიფ სტეიტის“ ნაწილია და შეერთებული შტატების პოლიტიკას ატარებს – მიიჩნევენ ქართველი მართლმადიდებლები, ძირითადად, ახალგაზრდა თაობების წარმომადგენლები, რომლებმაც თურქეთის საელჩოსთან პიკეტი მოაწყეს.

„კითხვაზე პასუხი, თუ რატომ შევიკრიბეთ აქ, თურქეთის საელჩოსთან, ჩვენს მიერ მოტანილ პლაკატებზეა. ბართოლომეოსი, რომელიც ჩემულობს მსოფლიო პატრიარქობას, ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. მან საეკლესიო კანონების დარღვევით, ერთპიროვნულად მიანიჭა უკრაინის არაკანონიკურ ეკლესიას ტომოსი ანუ საეკლესიო წესდება, რის უფლებაც მას არ ჰქონდა. ბართოლომეოსი არის კონსტანტინეპოლის პატრიარქი, ბიზანტიის დედაქალაქისა, რომელიც 1453 წლის შემდეგ აღარ არსებობს და არის თურქეთის უდიდესი ქალაქი.

ასევე შეგახსენებთ, რომ პირველად ისტორიაში, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა, ბართლომეს სახით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაუკითხავად გამართა შეხვედრები აფხაზეთის სეპარატისტ სასულიერო პირებთან. ეს კაცი არის დიდი საფრთხე მთელი მართლმადიდებლობისთვის და მათ შორის, საქართველოს ეკლესიისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს პატრიარქ ილიას, მის ქრისტიანულ მეგობრობას რუსეთის პატრიარქ კირილთან და ვფიქრობთ, რომ საეკლესიო პრობლემები საეკლესიო სამართალთან სრულ შესაბამისობაში უნდა გადაწყდეს. ამ აზრს გამოვხატავთ ახლა აქ, თურქეთის საელჩოს წინ და ვეუბნებით თურქ მეზობლებს, რომ ჩვენ მათი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ჩვენ გვყავს საერთო მოწინააღმდეგეები. სწორედ “დიფ სტეიტის” ძალებს, რომლებსაც წარმოადგენს ბართოლომეოსი, სურდათ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და ისინი გვებრძვიან ჩვენ, მართლმადიდებლებს. ჩვენი ეკლესია განუყოფელია და მარადჟამს ასე იქნება“ – ხაზგასმით თქვეს აქციის ორგანიზატორებმა, რომლებასაც ასეთი შინაარსის პლაკატები ეკავათ: „მართლმადიდებელი ეკლესია განუყოფელია!“, „რეალური მართლმადიდებლები და რეალური მუსლიმები მეგობრები არიან!“, „ბაიდენის საუკეთესო მეგობარი ვერ იქნება თურქეთის მეგობარი“ და სხვ.

აქციის წინა დღით თბილისშივე გაიმართა კონფერენცია, რომელზეც ბართოლომეოსის სახიფათო, ანტიმართლმადიდებლური პოლიტიკის დეტალები განიხილეს. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ ქართველი და უცხოელი პოლიტოლოგები, ჟურნალისტები, სასულიერო პირები.

„სვისოტელში“ გამართულ კონფერენციაზე პოლიტოლოგიის დოქტორმა გულბაათ რცხილაძემ შეაჯამა ბართოლომეოსისადმი ქართველი მართლმადიდებელი საზოგადოებრიობის პრეტენზიები:

„ბართოლომეოსს საერთოდ არ ჰყავს მრევლი და თავად იგი იმართება შეერთებული შტატების მიერ. ამას მოწმობს არა მხოლოდ დასავლურ მასმედიაში ბოლო დროს გაჟონილი ინფორმაციები, არამედ თუნდაც ბართოლომეოსის ზედმეტად ხშირი შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. წარმოიდგინეთ, აშშ-ის პრეზიდენტი უმრევლო პატრიარქს თავისი მმართველობის პერიოდში (ჯერ როგორც ვიცე-პრეზიდენტი, შემდეგ როგორც პრეზიდენტი) 4-ჯერ ხვდება. ნუთუ აშშ პრეზიდენტს მეტი საქმე არ აქვს? მაგრამ ეს შეხვედრები მოწმობს იმას, რომ ძირგამომთხრელი საქმიანობა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ სწორედ ბართლომეოსის ხელით კეთდება. ჩვენ ვეუბნებით ჩვენს თურქ მეზობლებს, რომ ასეთი პიროვნება – ბართოლომეოსი, რომელიც, სხვათა შორის, თურქეთის პასპორტს ფლობს ანუ თურქეთის მოქალაქეა, ვერ იქნება თურქეთის სახელმწიფოს ერთგული და მისი ინტერესების გამტარებელი. ბართოლომეოსი არის იარაღი გლობალური ძალების ხელში, რომლებიც ცდილობენ, შეარყიონ და დაანგრიონ მართლმადიდებელი სამყაროს ერთიანობა“ – აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ.

 

,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

“ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის, ასევე, ამ პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადების შემჭიდროებას გეგმავს.

შესაბამისი ცვლილებები “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია.

“ქართული ოცნების“ კანონპროექტით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი – მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას გაიმეორებს.

სწორედ აღნიშნულ ინიციატივას ერთვის თან “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიღებით შედეგად, პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადები მჭიდროვდება.

კერძოდ, პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში – 14 დღეს.

კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება

საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი – მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. ასეთია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შინაარსი, რომელიც პარლამენტში “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

საქართველოს კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მოქმედი კანონის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

პარტიის საქმიანობა ასევე შეიძლება რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე შეწყდეს.

პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.

„ნაცმოძრაობის“ აკრძალვა, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო”- ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო და, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვეს, ამ მიზანს ისინი მაინც მიაღწევენ.

„ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოვიპოვეთ, მაინც ვასრულებთ ამ დაპირებას იმიტომ, რომ ქართველი ხალხი უკვე 12 წელია ამას ელოდება. საგამოძიებო კომისია რაც მიმდინარეობს და ახლა, ვინც პირდაპირ ეთერში თვალ-ყურს ადევნებს, იქ უკვე ხედავს, თუ რა მჟღავნდება.

იქ, ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით, როგორ მძიმე ისტორიებს ვისმენთ, ომთან დაკავშირებით როგორი ქაოსი იყო, თუ როგორ გაათავისუფლეს გამოცდილი სამხედროები რამდენიმე თვით ადრე, სანამ ომი დაიწყებოდა. იმასაც ვაკვირდებით პირდაპირი ჩვენებებიდან, რომ თურმე სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები იღებდნენ. იყო სრული ქაოსი, არც გაუფრთხილებიათ მოქალაქეები. არც კოდორი ხეობაში, არც ცხინვალში, მიატოვეს და გაწირეს სასიკვდილოდ და ა.შ.

რა თქმა უნდა, იქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ აიკრძალოს, როგორც პარტია. როგორც კი მორჩება საგამოძიებო კომისია მუშაობას, რა თქმა უნდა, მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობილ რეკომენდაციებს გადავცემთ პროკურატურასა და შესაბამის უწყებებს.

ამასთანავე, რა თქმა უნდა, სარჩელს შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნავს მაჭავარიანი. 

,,სწორედ 31 მარტის რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი” – ილია მეორე

გილოცავთ საქართველოს ტერიტორიაზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მისალოც ტექსტში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც ილია მეორე მისალოც ტექსტში აღნიშნავს, სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა.

„34 წლის წინ, 31 მარტს, ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი (მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) და მოსახლოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთადერთ კითხვას – „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ – დადებითად უპასუხა. სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს, ჩვენი ერისა და, საერთოდ, საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა. გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და მონაპოვარს და, ასევე, ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს“, –  ნათქვამია ილია მეორეს მისალოც ტექსტში.

რა ეღირება დოლარი და ევრო პირველ აპრილს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7648 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7648 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7673 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9890 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9818 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0072 ლარი შეადგინა.

მე, რა თქმა უნდა, არ მინდა საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ, მაშინ, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მარინ ლე პენის გასამართლებას ეხმიანება და წერს, რომ არ უნდა საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევა, თუმცა მისი თქმით, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში.

,,მე, რა თქმა უნდა, არ მინდა საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ, მაშინ, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში. აქ დაბალი ღობე არავინაა“, – წერს პაპუაშვილი.

მთავრობის გუნდი ძალისხმევას არ ზოგავს, რომ მაქსიმალურად მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პროგნოზით, 2025 წელი შესაძლოა, დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დასრულდეს. როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წლის იანვარ – თებერვალში საკმაოდ მაღალი, 9.4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეს წელიც საკმაოდ დინამიურად წარიმართება.

„ჩვენ ეკონომიკური ზრდა 6%-ზე გვაქვს დაგეგმილი, თუმცა, მიმდინარე წლის ორ თვეში საკმაოდ მაღალი ზრდა გვქონდა და აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინია, რომ შესაძლოა, ეს წელი დაგეგმილზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდით დავამთავროთ. რა თქმა უნდა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალისხმევას არ ზოგავს, რომ მაქსიმალურად მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს და ამავე დროს, ეკონომიკური ზრდა ინკლუზიურიც იყოს“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

საქსტატის მონაცემებით, იანვარში ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელი 11.1%, ხოლო თებერვალში 7.7% დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ გასულ თვის ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა აქტივობის ზრდამ არაერთ სექტორში. ამასთან, თებერვალში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 5,954 შეადგინა.

„წელს პირველ თვეში გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, თებერვალშიც საკმაოდ მაღალი ზრდა დაფიქსირდა, მიუხედავად საბაზისო მაჩვენებლისა. ასე რომ, ჩვენი მოლოდინით მიმდინარე წელი საკმაოდ დინამიური უნდა იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრი პროექტი გვაქვს, რომლებიც წელს უნდა განხორციელდეს, 2025 წელს უნდა მოხდეს ძალიან ბევრი საინვესტიციო გადაწყვეტილების რეალიზებაც. ასევე წელს გვაქვს ძალიან ბევრი ინიციატივა, მათ შორის ეკონომიკური ინიციატივები, რომლებიც მიმდინარეობს და თავის შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

არავის არ უთქვამს გამეკეთებინა მოსახლეობის ევაკუაცია, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ – 2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი კაპანაძე

ესე რომ რამე მქონოდა, ან ვინმეს ეთქვა, რომ გამეკეთებინა მოსახლეობის ევაკუაცია, არავის არ უთქვია, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ და მე არ მინდა გითხრათ, რომ ამაში მე რაღაცა ლომის წვლილი მივიღე ან გმირად წარმოვაჩინო თავი. ხალხმა თავს თვითონ უშველა, თვითონ დააღწია ხალხმა თავი, – განაცხადა 2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი კაპანაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილება.

როგორც მან აღნიშნა, 8 აგვისტოს აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები და თავად უთხრა მოსახლეობას, რომ გადაერჩინათ თავი და წასულიყვნენ, ხოლო 9 აგვისტოს სკოლის ავტობუსით გაიყვანა მოხუცები. მისივე თქმით, პოლიციის უფროსმა ვანო დათაშვილმა უარი უთხრა ხალხის გაყვანაზე, რადგან არ ჰქონდა ბრძანება მიღებული, მაგრამ კაპანაძემ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და მოახსნევინა ბლოკპოსტები.

„რა თქმა უნდა წინა დღეებში ვფიქრობდი, რომ საით გამეყვანა ხევებით, როგორღაც, რომ არ გამოჩენილიყო ღამის საათებში, მაგრამ დერეფანი მოგვცეს და გამოვიყვანეთ. ხოლო მეორე დღეს უკვე 8-ში, ჯარი რომ წამოვიდა და აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები, სადღაც 7 საათზე აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები ჩვენთან, მოსახლეობას ვუთხარი, რომ თავს უშველეთ მეთქი, ვისაც რა საშუალება გაქვთ წადით იქ, უკვე დარჩენილ მოსახლეობას. იქ იყო რა თქმა უნდა ქალები, იყვნენ კაცები, რომლებსაც თავიდან ავუკრძალე რომ არ უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ მერე ვუთხარი გაერიდეთ და წადით მეთქი და მივედი, პოლიციის უფროსი იყო მაშინ ვანო დათაშვილი და ვუთხარი, რომ ყველა ბლოკპოსტი მოეხსნა სოფელ ნულიდან და ავნევიდან და გამოეყვანა თავისი ხალხი. მითხრა, რომ ბრძანება არ მიმიღიაო და ვერ გავაკეთებო. მე ვუთხარი, რომ დამაბრალე მე, პირველ რიგში დაგხოცავენ ფორმიანებს, არცერთს არ დაგინდობენ, ყველას დაგხვრეტენ და გადით დატოვეთ, იმიტომ, რომ იქ აღარავინ აღარ იყო, მოხუცები იყვნენ. რა თქმა უნდა დამიჯერეს, წამოვიდნენ. მე დავრჩი და 9 აგვისტოს სოფელ ავნევში დავაყენე სასკოლო ავტობუსი და ვინც მსურველი იყო მოხუცი გამოვიყვანეთ და ქარელში ჩამოვიყვანეთ. ორივე სოფელში დაახლოებით 50 მოხუცი დარჩა, ნულში და ავნევში, არ გამოგვყვნენ. რატომღაც ეგონათ, რომ დაინდობდნენ, მაგრამ უკვე ჩვენი გამოსვლის მერე, იმათ შემოსვლა დაიწყეს 11 რიცხვში, დაიწყეს ძარცვა და პირუტყვის წართმევა და ბევრი მაშინ დაიხოცა. გამოყვანის დროს არცერთი ადამიანი არ დამეღუპა“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ჯეი დი ვენსის ავისმომასწავებელი ვოიაჟი გრენლანდიაში – რას წერს BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჯეი დი ვენსის ავისმომასწავებელი ვოიაჟი გრენლანდიაში“ (ავტორი – ენდრიუ ჰარდინგი), რომელშიც გაანალიზებულია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ყოფნა არქტიკულ კუნძულზე. აშშ-ის დელეგაცია გრენლანდიაში დანიის მთავრობის ნებართვის გარეშე ჩავიდა.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

პარასკევს, გვიან საღამოს, გრენლანდიის ავტონომიის დედაქალაქი ნუუკი უჩვეულოდ ელვარე ჩრდილოეთის ციალმა გაანათა – თითქოსდა ცაში მომწვანო ნათების მქონე ფარდა იყო დაკიდებული.

ჩრდილოეთის ციალი (ნათება) არქტიკაში, სადაც გრენლანდია მდებარეობს, ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ უჩვეულო ის იყო, რომ მისი მკვეთრი ნათება კუნძულზე მომხდარ ასევე მკვეთრ პოლიტიკურ მოვლენას დაემთხვა, რომელმაც მთელი სიმწვავით გამოავლინა ყინულებით შებოჭილი გრენლანდიის პრობლემები და იმედები.

ამ დღეს სიმდიდრეს დახარბებულმა უცხო სახელმწიფომ მსოფლიოს ყველაზე დიდ კუნძულზე დელეგაცია მისი მფლობელის ოფიციალური ნებართვის გარეშე გაგზავნა, თანაც ძალზე არასასიამოვნო განზრახვით.

აშშ-ის ვიცე-პრეზდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი, თავისი ხანმოკლე ვიზიტის დროს ამერიკის სამხედრო ბაზაზე, რომელიც გრენლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ალბათ, შეეცადა დონალდ ტრამპის სკანდალური განცხადება შეერბილებინა გრენლანდიის – დანიის კუთვნილი ავტონომიური ტერიტორიის – ანექსირების თაობაზე. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ოდესმე სამხედრო ძალის გამოყენება დაგვჭირდება“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა, რომელიც ხაზგასმული სიმშვიდით ცდილობდა დარწმუნებინა გრენლანდიელები და დანიელები.

მაგრამ ვიცე-პრეზიდენტის გზავნილის საერთო ხასიათი მკაცრი და შემაშინებელი დარჩა: მსოფლიო, კლიმატი და არქტიკის რეგიონი გრენლანდიისათვის ძალიან იცვლება; კუნძულის მოსახლეობა უნდა გამოფხიზლდეს და თვალი უნდა გაუსწოროს იმ მუქარა-საფრთხეებს, რომლებსაც ჩინეთს არქტიკული გეგმები ითვალისწინებს; უსაფრთხოების სფეროში არსებულმა ძველმა დასავლურმა პარტნიორობამ საკუთარი თავი ამოწურა; თავდაცვისა და საკუთარი სიმდიდრის – სასარგებლო წიაღისეულის დაცვის ერთადერთი მეთოდი ის არის, რომ გრენლანდიელებმა უარი უნდა თქვან თავიანთი ძუნწი და სუსტი დანიელი მბრძანებლისაგან (მეფისგან) და მფარველობისათვის მძლავრკუნთიან ამერიკას მიმართოს.

„ჩვენ გონს უნდა მოვეგოთ 40-წლიანი ჩაშლილი კონსენსუსის შემდეგ, რომელმაც ვერ გაამართლა და რომელმაც მიგვაჩვია იმას, რომ ყურადღებას არ ვაქცევდით ზოგიერთი სახელმწიფოს ამბიციების გაფართოებას. ჩვენ სირაქლემასავით თავი ქვიშაში – აქაური გაგებით, თოვლში – არ უნდა ჩავყოთ და არ უნდა მივიღოთ ისეთი სახე, რომ ჩინელები გრენლაბდიით არ არიან დაინტერესებულები“, – თქვა ჯეიმს ვენსმა აშშ-ის სამხედრო ბაზის – პითუფიკის – სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას.

თუ მსოფლიოს რუკას ისეთი რაკურსით შევხედავთ, რომლის ცენტრში ჩრდილოეთი პოლუსი ჩანს და არა ეკვატორი, ადვილად დავინახავთ, თუ როგორ შეიძლება თითქმის დაუსახლებელი გრენლანდია იმ სტრატეგიული ბრძოლის ბრძოლის ცენტრში მოიექცეს, რომელსაც აშშ, ჩინეთი და რუსეთი იწყებენ არქტიკის გასაკონტროლებლებლად, მისი ულევი სასარგებლო წიაღისეულისა და საზღვაო გზების გამოსაყენებლად.

მაგრამ ამერიკის მხრიდან ბოლო დროს გამოვლენილმა გულგრილმა დამოკიდებულებამ ნატოს მიმართ მისი პარტნიორები „კალაპოტიდან ამოაგდო“.

„ეს მიუღებელი ზეწოლაა“, – გაღიზიანებით გასცა პასუხი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა, როცა გაიგონა, თუ როგორი არასასიამოვნო სიტყვებით მოიხსენიებდა დანიის კუთვნილ მიწაზე მდგარი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დანიის ხელისუფლებას.

რა სურთ ინუიტებს

მაგრამ პიტუფიკიდან 1500 კილომეტრით სამხრეთით მდებარე ნუუკში სრულიად სხვა, საწინააღმდეგო მოვლენა ხდებოდა – გრენლანდიელები საზეიმოდ ესალმებოდნენ თავიანთი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას: „ჩვენ გავიმარჯვებთ“, – მღეროდნენ მომიტინგეები. მათი განწყობა ოპტიმისტური იყო.

ნუუკში ჩატარებული საზეიმო ცერემონია  იმის მინიშნება იყო, რომ ადგილობრივი აბორიგენი კუნძულელები – ინუიტები – უფრთხილდებიან თავიანთ ფასეულობებს და თვლიან, რომ ყველაფერი კონსენსუსით  და ტანამშრომლობით უნდა გადაწყდეს. უნდა იყოს დაცული მათი კულტურა და ტრადიციები უცხოტომელთა (ამერიკელთა) ზეწოლისაგან. მათ სურთ, რომ ადგილობრივ ისტორიულ მოსახლეობას პატივი სცეს ყველა უცხოელმა, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი – შორეული დანიელები თუ ახლოს მდებარე ამერიკელები.

„ბევრი ხერხი და მეთოდი არსებობს სურვილის გამოსახატავად, მაგრამ როგორც დონალდ ტრამპი ლაპარაკობს, ასე არ უნდა იყოს. მისი ნათქვამი მუქარასა და ულტიმატუმს ჰგავს“, – ამბობს 43 წლის ლისბეთ პოულსენი, გრენლანდიელი მხატვარი, რომელიც მთავრობის ჩამოყალიბების ცერემონიას ესწრებოდა. მისი რეაქცია, როგორც ჩანს, გრენლანდიელთა უმრავლესობის აზრს ასახავს. ამას წინათ ჩატარებულმა საზოგადოებრივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ აშშ-სადმი მიერთებას მხარს უჭერს მოსახლეობის მხოლოდ 6%.

გზა დამოუკიდებლობისაკენ

ახალი მთავრობის ხელმძღვანელობით და ადგილობრივი მოსახლეობის უპირატესი მხარდაჭერით გრენლანდია ფრთხილ მოძრაობას იწყებს სრული დამოუკიდებლობისაკენ. ეს პროცესი, როგორც ჩანს, მრავალწლიანი იქნება და ხანგრძლივ დიალოგს მოითხოვს როგორც კოპენჰაგენთან, ასევე ვაშინგტონთან.

ბოლოსდაბოლოს, გრენლანდიელებსაც მშვენივრად ესმით, რომ მათი ეკონომიკა უფრო განვითარებული უნდა იყოს, რათა დამოუკიდებლად არსებობას წარმატების შანსი ჰქონდეს. მაგრამ მათ მოუწევთ კუნძულის განვითარება დააბალანსონ, რათა არ მოხდეს მტაცებლური სარგებლობა სასარგებლო წიაღისეულით, გარე ძალების მიერ. ასეთ რეალობას ჩვენ მივყავართ ფუნდამენტალურ საკითხამდე როგორ ც გრენლანდიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის გამო.

რა სურს თეთრ სახლს?

ჯეიმს ვენსმა გრენლანდიური ვოიაჟის დროს კუნძულელების დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა ახზენა და განაცხადა, რომ ამერიკის რეალური განზრახვა გრენლანდიის უეცარი ანექსია კი არ არის, არამედ რათაც უფრო ნელი, მოსათმენი და გრძელვადიანი მოქმედება.

„ჩვენი გზავნილი ზალიან მარტივია: დიახ, გრენლანდიელი ხალხი მიიღებს თვითგამორკვევის უფლებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი აშშ-სთან პარტნიორობას აირჩევენ – იმიტომ, რომ ჩვენ დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც პატივს სცემს თქვენს სუვერენიტეტს და თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – თქვა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა.

თუ ნამდვილად ასეთია აშშ-ის პოზიცია – მაგრამ დონალდ ტრამპი სრულიად განსხვავებულ აგრესიას ამჟღავნებს, ვიდრე ჯეიმს ვენსი – მაშინ გრენლანდიელები უნდა დაწყნარდნენ. კაცმა რომ თქვას, კუნძულელები ამერიკის მიმართ მტრობას არ ამჟღავნებენ, აქ არის ადგილობრივ ბიზნესმენთა დაინტერესება ამერიკული კომპანიების მიმართ.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, დანიასთან 74 წლის წინ ხელმოწერილი შეთანხმების ძალით, ამერიკას უფლება აქვს ნებისმიერ შემტხვევაში გააფართოვოს თავისი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა გრენლანდიაზე – ახალი ბაზებით დაწყებული, ნავსადგურების მშენებლობით დასრულებული. ეს ნიშნავს, რომ ვაშინგტონის შიშები – სანამ კუნძული ჩემი არ არის, ჩინეთი მომასწრებს შესვლასო – ზედმეტია და თითიდან გამოწოვილი, ცივი ომის გადმონაშთის სახით.

ამიტომ გასაკვირია დონალდ ტრამპის მოუთმენლობა – ზუსტად ისევე, როგორსაც იგი უკრაინის ომის დასრულების საკითხში ამჟღავნებს. ბოლოს და ბოლოს, ნორმალურად თუ მოიქცევა, ამერიკის პრეზიდენტს რაც სურს, კუნძულიდან ყოველგვარი ზედმეტი აგრესიის გამოვლენის გარეშეც მიიღებს. გრენლანდიელები თვლიან, რომ ამერიკის ლიდერი მათ აგდებულად ექცევა.

ასეთი მოქმედება კონტრპროდუქტიულია. ამერიკის მხარე იძულებული გახდა ჯეიმს ვენსის ცოლის – უშას – კულტურული ტური გაეუქმებინა, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ფონზე.

ალბათ, კარგი იქნებოდა უფრო ნელი და ურთიერთპატივსაცემი და კულისური ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც უეჭველია უფრო მეტ პოზიტიურ შედეგს მოიტანდა… მაგრამ ასეთი ნაბიჯების გადადგმა ბევრი პოლიტიკოსის გემოვნებაში არ შედის.

წყარო