Home Blog Page 4

ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გვჭირდება – შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება გვახსენებს, რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში – ირაკლი კობახიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე

შვედეთის პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება გვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სოციალურ ქსელში შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის მიერ გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაარეგულიროს ერთნაირსქესიანი პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.

მისი თქმით, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება და ერთ-ერთი ასეთი იყო სწორედ „ოჯახური ღირებულებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი“.

„ჩვენ ვსაუბრობდით სერიოზულ საფრთხეებზე, რაც ზოგადად, ამ თემებთან [ერთსქესიანთა ქორწინება] არის დაკავშირებული. ძალიან აქტიურად წარმოებს პროპაგანდა ამ მიმართულებით, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის ევროპაში, ამერიკის კონტინენტზე და მსოფლიოს სხვადასხვა სივრცეში. ეს ყველაფერი პირდაპირ სტატისტიკაზე აისახება, პირდაპირ საფრთხეს უქმნიან ადამიანის პიროვნულ იდენტობა. ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გვჭირდება. შვედეთის პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება გვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება და ერთ-ერთი ასეთი იყო სწორედ „ოჯახური ღირებულებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი“, რომელსაც, მაქსიმალურად დავიცავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა გუშინ სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

„დღეს საგერსკაში უკრაინელი LGBTQI ვეტერანები მივიღე. როდესაც ისინი ფრონტის ხაზზე სიცოცხლეს რისკავენ და სხვა გზებით მონაწილეობენ წინააღმდეგობაში, ისინი უკრაინის დაცვას ეხმარებიან. თუმცა, ისინი ასევე იმ ლიბერალური ღირებულებების ცოცხალი გამოხატულება არიან, რომელთათვისაც უკრაინა იბრძვის.

დღეს, ერთსქესიან წყვილებს უკრაინაში არ შეუძლიათ ქორწინება ან რეგისტრირებული პარტნიორობა. ყველა უმცირესობის, მათ შორის LGBTQI თემის, უფლებების სრული სამართლებრივი დაცვა ჩვენთვის უკრაინის ევროკავშირთან მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ მხარს ვუჭერთ. როგორც უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი, შვედეთი ყურადღებით დააკვირდება ამ ყველაფრის შესრულებას.“- დაწერა მან.

გაეროში მოამზადეს მოხსენება იმის შესახებ, რომ გაეროს მოხსენებებს თითქმის არავინ კითხულობს

გაეროს მოხსენებაში, რომელიც ეფექტიანობის გაზრდისა და ხარჯების შემცირების გზებს ეძღვნება, ორგანიზაცია აღიარებს: მის მოხსენებებს ძალიან ცოტანი კითხულობენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, 2024 წელს გაეროს სისტემამ უზრუნველყო 27 ათასი სხდომის გამართვა 240 ორგანოს მონაწილეობით, ხოლო მდივანმა 1100 მოხსენება მოამზადა, რაც 20%-ით მეტია, ვიდრე 1990 წელს.

„შეხვედრებისა და მოხსენებების უზარმაზარ რაოდენობას სისტემა და ყველა ჩვენგანი ზღვარზე მივყავართ. ამ მოხსენებების დიდ ნაწილს არავინ კითხულობს. ყოველ მეხუთე დოკუმენტს ათასზე ნაკლები ჩამოტვირთვა აქვს. და ჩამოტვირთვა აუცილებლად არ ნიშნავს წაკითხვას“, – განაცხადა გუტერეშმა.

გუტერეშმა კოლეგებს ნაკლები სხდომის ჩატარება და ნაკლები მოხსენების მომზადება შესთავაზა.

„ლელო” თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის” წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა – უცნაურია, რომ ALDE-სგან არაფერი ისმის: რამდენად თავსებადია ALDE-ს მორალურ საზომთან, მათ რიგებში ასეთი ადამიანების ყოფნა? – შალვა პაპუაშვილი

დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსური და პოლიტიკური თაღლითობა სრულად მხილებულია

– უცნაურია, რომ ოთხი დღეა, არაფერი ისმის ALDE-სგან, რომელიც სხვა დროს მყისიერად ეხმაურება ხაზარაძის საკითხებს, არადა კითხვა მარტივია: რამდენად თავსებადია ALDE-ს მორალურ საზომთან, მათ რიგებში ისეთი ადამიანების ყოფნა, რომლებიც მსჯავრდებულები არიან თაღლითობისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე” წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „ლელო” თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის” წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა”.

„უკვე მეოთხე დღეა, რაც ვაშინგტონის არბიტრაჟმა დაადასტურა ის, რაც მანამდე პარიზის არბიტრაჟმა და ქართულმა მართლმსაჯულებამ თქვა – ხაზარაძე და ჯაფარიძე, თაღლითური სარჩელებით, ცდილობდნენ, ხალხის ჯიბიდან, 1,5 მილიარდი დოლარის (საქართველოს ბიუჯეტის 15%) ამოცლას.

მანამდე, ასევე სასამართლო გზით, დადასტურდა, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მეანაბრეების მიერ მათი ბანკისთვის მიბარებული 17 მილიონი დოლარი თაღლითურად გააქრეს.

დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსური და პოლიტიკური თაღლითობა სრულად მხილებული და, შიდა და საერთაშორისო დონეზე, დადასტურებულია. დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ, ვითომ დაზარალებულის მანტიით პარტია „ლელოს” დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო.

უცნაურია, რომ ოთხი დღეა, არაფერი ისმის ALDE-სგან (ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის), რომელიც სხვა დროს მყისიერად ეხმაურება ხაზარაძის საკითხებს. არადა კითხვა მარტივია: რამდენად თავსებადია ALDE-ს მორალურ საზომთან (რომელიც ALDE-ს ისედაც მორყეული აქვს), მათ რიგებში, ისეთი ადამიანების ყოფნა, რომლებიც მსჯავრდებულები არიან თაღლითობისთვის და რომელთა თაღლითური სარჩელები, რომლის მიზანიც ქვეყნის ბიუჯეტის 15%-ის მითვისება იყო, საერთაშორისო სასამართლოებმაც ამხილეს.

ცალკე საკითხია ამ პარტიის ტოპტვინი წევრები და მხარდამჭერები, რომლებსაც ან ტოპტვინობა არ ჰყოფნით, რომ მიხვდნენ, რამდენად პრიმიტიული თაღლითური სქემის მონაწილეები არიან, ან ხვდებიან, მაგრამ, „დიდი კომბინატორის” მაგალითზე, ტოპთაღლითობას ეწაფებიან.

ფაქტია, „ლელო” თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის” წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა”,- წერს პაპუაშვილი.

უკრაინაში პარლამენტის წევრი და რამდენიმე მაღალჩინოსანი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში ანტიკორუფციულმა სააგენტოებმა ქრთამის აღების მასშტაბური სქემა გამოავლინეს, რომელიც დრონებისა და ბრძოლის რადიოელექტრონული საშუალებების შესყიდვებისას გამოიყენებოდა. დაკავებულია რადის დეპუტატი ალექსეი კუზნეცოვი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი.

მომხდარს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და დაწერა, რომ ქვეყანაში კორუფციის მიმართა „ნულოვანი ტოლერანტობა“ იქნება.

„უკრაინის პარლამენტის წევრი, ოლქებისა და ქალაქების ხელმძღვანელები და ეროვნული გვარდიის რამდენიმე წევრი ქრთამის აღებაში არიან მხილებულები. მადლობას ვუხდი ანტიკორუფციულ სააგენტოებს მათი მუშაობისთვის“, – დაწერა ზელენსკიმ.

უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოების დამოუკიდებლობა ხუთშაბათს, საპროტესტო აქციების შემდეგ აღდგა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს

4 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება, სადაც კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე იმსჯელებენ და დაამტკიცებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასკვნითი სხდომა საქართველოს პარლამენტში 11:00 საათზე გაიმართება.

“4 აგვისტოს, 11:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა.

სხდომაზე განსახილველი საკითხია საქართველოს პარლამენტის 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე მსჯელობა და დამტკიცება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის პირველ ნახევარში გაფრთხილდით – მოსალოდნელია ტრავმები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. დღის მეორე ნახევარში კი ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული გატაცება გელით. ამ დღეს ნებისმიერ საქმეს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით. შეგიძლიათ მეგობრების და ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ან წარმატებული შენაძენი. შეგიძლიათ, ერთგული მეგობრების და საიმედო პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. ქალებს ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული გატაცება ელით. მამაკაცებს ვურჩევთ, ხმაურიან წვეულებებს და სპირტიან სასმელებს ერიდონ. ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

ტყუპები

არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით, მამაკაცებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება ან წარუმატებელი შენაძენი. მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებს და სპირტიან სასმელებს.

კირჩხიბი

შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ ყველა საქმეში წარმატებას მიაღწიოთ. შეგიძლიათ, ძველი მეგობრების და ერთგული პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. გამორიცხული არ არის მოულოდნელი რომანტიკული თავგადასავალი.

ლომი

დღის პირველ ნახევარში ახალი ნაცნობობა და სასიყვარულო თავგადასავალი გელით. პროფესიულ საქმიანობაში ნებისმიერ საქმეს სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. ბრწყინვალე ორგანიზატორული მონაცემები თანამოაზრეების შემოკრებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია პრობლემები გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში.

ქალწული

დღის პირველ ნახევარში არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი. გამორიცხული არ არის პრობლემები გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. შესაძლოა, ახლობელი ადამიანისგან ცნობა ან თხოვნა მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა. საქმეში შეგიძლიათ, ერთგული მეგობრების ან პარტნიორების რჩევებს დაეყრდნოთ.

სასწორი

კრიტიკული დღეა, რომელიც თქვენს საქმეებზე და გეგმებზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ – გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა წვრილმანი უნდა გაითვალისწინოთ.

მორიელი

ამ დღეს ბევრი მორიელი კაცის მოქმედება არაპროგნოზირებადი იქნება, რადგან კომპრომისის მიღება უჭირთ. შეგიძლიათ, ადამიანები საკუთარი სურვილის მიხედვით მართოთ, ამიტომ მათი თავმოყვარეობის და ღირსების რეალურად შეფასება გიჭირთ. ამის გამო ოჯახშიც კი მოსალოდნელია კონფლიქტი. დღის მეორე ნახევარი მთლიანად საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას უნდა დაუთმოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი, ამიტომ ერიდეთ სპირტიან სასმელებს და ხმაურიან წვეულებებს. კარგი იქნება, თუ საღამოს სუფთა ჰაერზე, ოჯახის წევრებთან ერთად გაატარებთ. სიმშვიდე და დასვენება ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

თხის რქა

ამ დღეს ურთიერთობებში სირთულეები და საყოფაცხოვრებო პრობლემები ახლავს. გამოცდას, რომელსაც ბედი გიმზადებთ, ახლობელი ადამიანის დახმარებით ადვილად გაუმკლავდებით. თავი შეიკავეთ კომერციულ საქმეებში აქტიურობისგან.

მერწყული

დაძაბული, წინააღმდეგობრივი დღეა. მოულოდნელი ცნობა გაიძულებთ, საკუთარ მოქმედებს გადახედოთ და პრიორიტეტები შეცვალოთ. გამორიცხული არ არის პარტნიორთან კონფლიქტი. ყველაფრის მიუხედავად, ამ დღეს დადებული გარიგებები შემოსავლიანი იქნება.

თევზები

მოსალოდნელია ცნობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. გამორიცხული არ არის მძიმე არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ, რომელიც, სავარაუდოდ, არასწორი იქნება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გირჩევთ, დამშვიდდეთ და ყველა მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ. შეცდომებს მხოლოდ ამ შემთხვევაში აიცილებთ.

 ,,პუტინი ამჟამად მზად არ არის სერიოზული მოლაპარაკებებისთვის”- ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ამჟამად მზად არ არის სერიოზული მოლაპარაკებებისთვის უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ.

„მას ჯერ კიდევ მაქსიმალისტური და იმპერიალისტური ამბიციები აქვს. ბრძოლა, რომელსაც უკრაინა აწარმოებს ბრიტანეთის, ევროპისა და აშშ-ის მხარდაჭერით, ნამდვილად რთულია. ვფიქრობ, რომ ერთი წლის განმავლობაში მოლაპარაკებები გაგრძელდება. საკითხავია, რამდენად სერიოზულად აღიქვამს რუსეთი ამ მოლაპარაკებებს“,  – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა.

ამასთან, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აღფრთოვანებას გამოხატავს უკრაინელი ხალხის მიმართ – მათი სიმამაცისა და გამძლეობისთვის.

2-დღიანი პაუზის შემდეგ, მამუკა ხაზარაძის ოჯახის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ

მამუკა ხაზარაძის ოჯახის ადვოკატები, 2-დღიანი პაუზის შემდეგ, განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიის ელჩისთვის, ხაზარაძეების ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გადაცემის შესახებ არსებობს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით შედგენილი, ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება.

“გუშინ სამთავრობო არხებმა გაავრცელეს დამახინჯებული ინფორმაცია, მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის საიჯარო ურთიერთობის შესახებ, რაც მორიგ პროპაგანდისტულ თავდასხმას წარმოადგენს, ერთის მხრივ მამუკა ხაზარაძის ოჯახის და მეორეს მხრივ გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, რასაც ბოლო პერიოდში არაერთხელ ჰქონია ადგილი. გერმანიის ელჩისთვის, ხაზარაძეების ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გადაცემის შესახებ არსებობს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით შედგენილი, ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება (N221439682 / 21.10.2022 წ.).

გერმანიის ფედერაციის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან სხვაგვარი, ანუ არადოკუმენტირებული თანამშრომლობა შეუძლებელია!” – ნათქვამია ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ “კურიერმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბინას “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს. ირკვევა, რომ ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე 300 კვადრატული, სადაც გერმანელი დიპლომატი ცხოვრობს, სწორედ ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაა. ამ დრომდე უცნობი იყო, გაფორმებულია თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება და იხდიდა თუ არა ხაზარაძის ოჯახი საშემოსავლო გადასახადს.

“კურიერმა” ინფორმაციის დაზუსტება სცადა ირინა ხაზარაძესთან, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. ასევე, “კურიერმა” წერილი მისწერა გერმანიის საელჩოს, თუმცა დიპლომატიური უწყებაც ამ დრომდე დუმს.

საჯარო რეესტრში გავრცელებული ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2022 წლამდე ძველ თბილისში მდებარე დაახლოებით 300 კვ.მეტრის ფართობის სახლი იყო მამუკა ხაზარაძის საკუთრება, თუმცა 3 წლის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ის მეუღლეს, ირინა ხაზარაძეს გადაუფორმა.

გასაკვირი არ არის ის ფაქტიც, რომ ხაზარაძის მეუღლის სახელზე არსებული ქონებით სარგებლობს გერმანიის ელჩი. რა გადასახადებზეა საუბარი, ხაზარაძე თავის ხალხს სთხოვდა 1,5 მლრდ დოლარს – გურამ მაჭარაშვილი

“მამუკა ხაზარაძემ არჩევნები წააგო, ქართული სასამართლო წააგო, ევროპული სასამართლო წააგო, ამერიკული სასამართლო წააგო. ანუ, საითაც გაიქცა, ყველგან წაიქცა,” – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, აღნიშნული თემა მამუკა ხაზარაძისგან გასაკვირი არ არის.

“ასეთი გამოთქმა არსებობს, შენ არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო – რამდენჯერმე ვუთხარით, რომ დაანებოს პოლიტიკას თავი, რადგან არ არის მაგის საქმე, იმიტომაც სამწუხაროდ, აღმოჩნდა იქ, სადაც დღეს არის. ისიც თავისი ნებით. ამიტომ, ასეთი ადამიანისგან, რომელსაც პოლიტიკა არ ესმის, მაგრამ მაინც თავს არ ანებებს და შესაბამისად, აღმოჩნდა უცხოური ძალების აგენტურის შემსრულებელი, გასაკვირი არ არის ის ფაქტიც, რომ მისი მეუღლის სახელზე არსებული ქონებით სარგებლობს გერმანიის ელჩი და ზოგადად, უცხოური ძალები.

რა გადასახადებზეა საუბარი – ხაზარაძე თავის ხალხს სთხოვდა 1,5მლრდ დოლარს, ჯიბიდან ამოიღეთ და მომეცითო. მართალია, ყველა სასამართლომ უთხრა, აქეთ 7 მლნ დოლარი აქეთ გადაუხადე შენს სახელმწიფოსო. ბუნებრივია, სადაც იქნება შესაძლებელი, რომ თავი აარიდოს ნებისმიერი ტიპის გადასახადს, ასეც იქნება”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა” – მეუფე შიო

უწმინდესი და უნეტარესი გახდა ჩვენთვის სახე და მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა და ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა, – იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის წმინდა დიდებული წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენება. დღეს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღეს, ამიტომ განსაკუთრებით საზეიმო განწყობა იყო დღევანდელ წირვაზე.

წმინდა წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელი მოღვაწეობდა ქრისტესშობამდე ათი საუკუნით ადრე, მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვა ისტორიაში იმ საქმეებისა და სასწაულების გამო, რომლებიც მან აღასრულა იუდეისა და ისრაელის სამეფოებში.

წმინდა ეკლესია მისდამი მიძღვნილ ლოცვებსა და საგალობლებში მას უწოდებს „წინასწარმეტყველთა საფუძველს“, „მიწიურ ანგელოზს“ და „ქრისტეს მოსვლის მეორე წინამორბედს“, რითაც ცხადყოფს თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამ დიდი წმინდანისადმი.

მას ეწოდება „წინასწარმეტყველთა საფუძველი“ იმ მოშურნეობისთვის, ღვთისადმი ერთგულების და ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის სიმამაცისთვის, უშიშრობისთვის, რაც მან გამოავლინა თავისი ღვაწლისა და ცხოვრების დროს. რატომ „საფუძველი“? – იმიტომ, რომ ეს თვისებები არის ყველა წინასწარმეტყველის და მოძღვრის ღვაწლის, წარმატების აუცილებელი პირობა. ამიტომ ყოველი წინასწარმეტყველი, ვინც მოღვაწეობდა ძველი აღთქმის პერიოდში, შთაგონებული იყო წმინდა ილია თეზბიტელის პიროვნებით და მაგალითით.

მას, როგორც გითხარით, ეწოდება ასევე „მიწიური ანგელოზი“, რადგან ჭეშმარიტად ანგელოზებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. ძალიან მწირად იკვებებოდა, მკაცრი მმარხველი იყო და დიდ საღვთო საქმეებს აღასრულებდა. ანგელოზების მსგავსად, იგი იყო ღვთის ნების მაუწყებელი. „ანგელოზი“ ხომ „წარგზავნილს“, „მაუწყებელს“ ნიშნავს და აი, ილია თეზბიტელიც იყო მაუწყებელი და განმცხადებელი ღვთის ნებისა. იგი ამბობდა და ქადაგებდა იმას, რასაც ღმერთი უბრძანებდა უღვთოთა სამხილებლად.

იგი იყო სრულიად გამორჩეული და უნიკალური ადამიანი ისტორიაში, რადგან მას არ უგემია სიკვდილი, არამედ ცოცხლად იყო ატაცებული ზეცაში ცეცხლოვანი ეტლით და მას ჯერ კიდევ მოელის გარდაცვალება, როდესაც დედამიწაზე ჩამოვა, იქადაგებს და მოწამებრივ სიკვდილს მიიღებს. ასეთია უძველესი საეკლესიო გადმოცემა. სწორედ ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, მას ეწოდება „იესო ქრისტეს მოსვლის მეორე წინამორბედი“. როგორც იცით, პირველი წინამორბედი ვინ იყო? – წმინდა იოანე ნათლისმცემელი. იესო ქრისტეს მეორე, დიდებით მოსვლის წინამორბედი იქნება წმინდა ილია თეზბიტელი, რომელიც, როგორც გითხარით, იქადაგებს ანტიქრისტეს დროს, ბოლო ჟამის პერიოდში, როდესაც უფალი იესო ქრისტე მოვა სამყაროს განსასჯელად, როცა იქნება საშინელი სამსჯავრო.

ამრიგად, წმინდა წინასწარმეტყველი ილია ჩვენთვის არის დიდი მაგალითი ღვთისადმი ერთგულების, მოშურნეობის, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის, ქადაგებისა და სიმამაცის. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ მისი ლოცვით ჩვენც მოშურნეობით შევასრულოთ ჩვენი ქრისტიანული ვალი და უშიშრად, მამაცურად ვაღიაროთ ჭეშმარიტი სარწმუნოება ჩვენი სიტყვითაც და საქმითაც.

მოგეხსენებათ, წმინდა ილია თეზბიტელი განსაკუთრებით ახლოს არის ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ერისთვის, ვინაიდან მისი წმინდა ხალენი ჩამობრძანებული იყო საქართველოში ჯერ კიდევ ექვსი საუკუნით ადრე ჩვენი ერის მოქცევამდე და მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარშია დავანებული. მას შემდეგ წმინდა ილია თეზბიტელი არ გვტოვებს ჩვენ, საქართველოს, ქართველ ხალხს არ აკლებს თავის მეოხებას და შეწევნას. მათ შორის ეს განსაკუთრებით გამოვლინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენაში, რომელსაც ასევე დღეს აღვნიშნავთ. ეს მოხდა 325 წელს, ზუსტად ამ დღეს, ილიაობას.

როგორც მოგეხსენებათ, წმინდა მოციქულთასწორი დედოფალი ნანა ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია წმინდა ნინომ, მას შემდეგ, რაც იგი მძიმე სენისგან განკურნა, მაგრამ დედოფლის მოქცევა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მეფე მირიანს მიეტოვებინა თავისი წარმართული რწმენა. მას თვითონ უნდა ეხილა რაღაც სასწაული, რომ ერწმუნა და ასეც მოხდა. ერთხელ სწორედ ამ დღეს, ილიაობა დღეს, იგი წავიდა სანადიროდ თხოთის მთაზე. უეცრად უკუნი სიბნელე ჩამოწვა. მეფე ვერაფერს ხედავდა. შეშინებული მუხლებზე დაეცა და თავის კერპებს სთხოვა დახმარება, მაგრამ სინათლე არსაიდან არ იყო. შემდეგ სასოწარკვეთილებაში მყოფს გაახსენდა წმინდა ნინოს ღმერთი და მას, იესო ქრისტეს, მიმართა; სთხოვა, გამოეხსნა ამ სიბნელიდან და აღუთქვა, რომ თუ დაეხმარებოდა, ის მიიღებდა ქრისტეს რჯულს და სალოცავებს ააშენებდა. დაასრულა თუ არა ეს ლოცვა, სიბნელე გაიფანტა და სინათლემ დაისადგურა. გაოცებული და გახარებული მეფე ბრუნდება მცხეთაში, მიეახლება წმინდა ნინოს, რომელმაც იგი სიხარულით მიიღო და ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა ასწავლა.

ამრიგად, ძვირფასო ძმებო, სწორედ ამ დღეს, ილიაობა დღეს, მოხდა ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა, როდესაც მეფე მირიანი მობრუნდა ქრისტეს სარწმუნოებისკენ. და ამას რა მოჰყვა შემდეგ? – მთელი ქართლის მოქცევა, ნათლობა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. სწორედ ეს დიდი მოვლენა – საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება – მოხდა 1700 წლის წინ, უფრო სწორად, გაისად სრულდება 1700 წელი. ჩვენ განსაკუთრებით ვემზადებით ამ დიდი თარიღის აღსანიშნავად უკვე წლევანდელი წლიდან. გვსურს, ამაში ჩაერთოს ყველაზე ფართო წრეები, რაც კი შესაძლებელია, მთელი ჩვენი ხალხი, რა თქმა უნდა, ხელისუფლება, ეკლესია, ახალგაზრდობა და ა. შ. დღეს შევთხოვოთ წმინდა ილია თეზბიტელს, რომ ღირსეულად შეგვაძლებინოს ამ დიდი თარიღის და დღესასწაულის აღნიშვნა.

ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც გითხარით, დღეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღე. ჩვენ განსაკუთრებით ვხარობთ ამ დღით ყოველთვის, რადგან მას არაერთგზის უთქვამს, რომ მთელი მისი ღვაწლი და ცხოვრება შთაგონებულია წმინდა ილია თეზბიტელის მაგალითით. შეიძლება ითქვას, დღეს თვითონ უწმინდესი და უნეტარესი გახდა ჩვენთვის სახე და მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებზეც მოგახსენეთ და რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა და ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა.

მივულოცოთ გულითადად, დიდი სიყვარულით მის უწმინდესობას და უნეტარესობას ანგელოზის დღე. წმინდა ილია თეზბიტელის ლოცვით, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ლოცვით, უფალმა გააძლიეროს, გაახაროს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, მისცეს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, რომ კიდევ დიდხანს შეძლოს ამ მაღალი მსახურების აღსრულება ჩვენი ერის საკეთილდღეოდ და მართლმადიდებელი ეკლესიის გასაძლიერებლად. ამინ“, – აღნიშნა ქადაგებისას მეუფე შომ.

 ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ -ირაკლი კობახიძე 

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ვემზადებით ჩვენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი პარტიის მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები.
„ორი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და თბილისის მერობის კანდიდატზეც კი ვერ არის ჩამოყალიბებული ოპოზიცია. ვისზეც არის საუბარი, ეს კანდიდატები მეტყველებენ იმაზე, რომ ძალიან უჭირს ოპოზიციას. ეს არის მათი საქმე. ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია. ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ვემზადებით ჩვენ. ხედავთ, რომ ჩვენ ვემზადებით ძალიან აქტიურად. გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით არჩევნებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და მთლიანად ამ დღის წესრიგით ვმოქმედებთ”, – განაცხადა პრემიერმა.

არაფერი ისე არ ინახავს ქართულ სულს და ქართულ ტრადიციებს, როგორც ქართული მთა და ამ კუთხით მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია -ირაკლი კობახიძე

არაფერი ისე არ ინახავს ქართულ სულს და ქართულ ტრადიციებს, როგორც ქართული მთა და ამ კუთხით გამორჩეულია მაღალმთიანი აჭარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბეშუმში, „შუამთობის“ დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას „შუამთობის“ დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე ყველას აერთიანებს.

„არაფერი ისე არ ინახავს ქართულ სულს და ქართულ ტრადიციებს, როგორც ქართული მთა და ამ კუთხით გამორჩეულია მაღალმთიანი აჭარა. ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩამოდიხარ ზემო აჭარაში, ის გაოცებს თავისი ბუნების განსაკუთრებული სილამაზით, მაგრამ ყველაზე გასაოცარი არის ის განსაკუთრებული სითბო, რომელსაც აქაური მოსახლეობა გიზიარებს ყოველ ჩამოსვლაზე, განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობა, რითაც გამოირჩევა ეს ხალხი. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ.

ძალიან მიხარია, რომ გრძელდება ტრადიცია, ეს დღესასწაული აერთიანებს მთას და ბარს, ერს და ბერს, ყველას გვაერთიანებს და ყველა ერთად ვზეიმობთ ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულს – ეს არის იმ ტრადიციების გამოძახილი, რომელიც საუკეთესოდ არის წარმოდგენილი ამ მხარეში. მინდა ქართულ მთას და მაღალმთიან აჭარას ვუსურვო გაძლიერება, თითოეულ თქვენგანს – კეთილდღეობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.