Home Blog Page 4

ჩვენ არ ვიპყრობთ და არ ვსჯით ჩვენს მეზობლებს -ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის „არაპროგნოზირებადი სატარიფო პოლიტიკის“ შედეგად მთელი მსოფლიო დაზარალდება.

როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე განაცხადა.

„მილიონობით მოქალაქეს მოუწევს, გაუმკლავდეს უფრო მაღალ ფასებს პროდუქტებზე, გაძვირდება მედიკამენტები, ტრანსპორტი უფრო მეტი ეღირება, ინფლაცია გაიზრდება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა: „ჩვენ არ ვიპყრობთ ჩვენს მეზობლებს და არ ვსჯით მათ“, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა.

ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები, გადატრიალების მცდელობები, რაც სუს-ის დამსახურებაა -ალექსანდრე ტაბატაძე

ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები, გადატრიალების მცდელობები, რაც სუს-ის დამსახურებაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშს გამოეხმაურა.

ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, საქართველოსთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების სიძლიერე, მდგრადობა მნიშვნელოვანია.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის პირველი ნაწილი სწორედ ოკუპაციის საკითხით იწყება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის უპირველესი გამოწვევაა – საქართველოს 20% ოკუპირებულია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თვალხილულია, რასაც საზოგადოება ხედავს – აგრესიას და იმ მოვლენებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზზე ხდება. გარდა ამისა, სახელმწიფოს ჰიბრიდული ომის ნაწილში ყოველთვის აქვს გამოწვევა. ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო. პროვოკაციის მცდელობები იყო და სწორედ ამიტომ ვახსენებ სუს-ის გამართულ მუშაობას. ჩვენ შევძელით და თავიდან ავიცილეთ ესკალაციები, სახელმწიფოში გადატრიალების მცდელობები. სწორედ მათი დამსახურებაა, სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანაც ამაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოსთვის მძიმე, არასასურველი შედეგი ვიდრე დადგება, იქამდე პრევენციული ღონისძიებები გაატაროს და სახელმწიფოს საშიშროება არ დაემუქროს. ბევრჯერ ისმის კითხვა, რა არის გამოძიების შედეგი? გამოძიების მიზანი ხომ არ არის, ვინმეს მიმართ რეპრესიული ღონისძიებები გამოიჩინოს? გამოძიებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანია, თავიდან აიცილოს ესა თუ ის დანაშაული. სწორედ ამგვარ ქმედებებზეა საუბარი, როცა ვამბობთ, რომ სუს-ი ერთ-ერთი ძლიერი სამსახურია. ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, სწორედ ამ სამსახურების სიძლიერე, მდგრადობაა მნიშვნელოვანი. ამას ძალიან კარგად ართმევენ თავს, რადგან ბევრი პროფესიონალი მუშაობს. მინდა, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა ვუთხრა გაწეული საქმიანობისა და მოღვაწეობისთვის“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

სამდღიანი ზავი აბსურდია, პრეზიდენტ ტრამპს სურს უკრაინაში ცეცხლის მუდმივი, ყოვლისმომცველი შეწყვეტა -კიტ კელოგი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის შეთავაზებული „სამდღიანი ზავი“ აბსურდია და დონალდ ტრამპს სურს ცეცხლის მუდმივი, ყოვლისმომცველი შეწყვეტა.

ამის შესახებ კიტ კელოგმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კელოგმა აღნიშნა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში უკრაინასთან დაკავშირებით იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე წინა ადმინისტრაციამ 1 200 დღის განმავლობაში.

კიტ კელოგმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში, ლონდონში უკრაინელებთან ძალიან გულწრფელი და ღია საუბარი შედგა, რა დროსაც ამერიკულმა მხარემ 22 პუნქტისგან შემდგარი კონკრეტული ნაბიჯების წინადადება წარადგინა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინას ყველა მათგანი არ მოსწონს, თუმცა ეს ნორმალურია, რადგან მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება.

„სამდღიანი ზავი აბსურდია. ის, რაც პრეზიდენტს სურს, არის ცეცხლის მუდმივი, ყოვლისმომცველი შეწყვეტა – ზღვაზე, ხმელეთზე, ცაში და ინფრასტრუქტურაზე, სულ მცირე, 30 დღით და შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, ის გავაგრძელოთ“, – თქვა კელოგმა.

როგორც ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ერთი მხარე დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას, ახლა საჭიროა რუსეთის თანხმობა.

„ვფიქრობ, ჩვენ ახლოს ვართ ამასთან“, – აღნიშნა კიტ კელოგმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში 8-11 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

მოხალისეთა ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის”, გომბორის მოსამზადებელ ცენტრში, 2025 წლის სეზონის გახსნის ოფიციალურ ცერემონია გაიმართა

მიმდინარე წლის 29 აპრილს, მოხალისეთა ორგანიზაციის – ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის”, გომბორის მოსამზადებელ ცენტრში, 2025 წლის სეზონის გახსნის ოფიციალურ ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე, სიმბოლურად, ვეტერანმა და მოხალისემ ორგანიზაციის დროშა საზეიმო ვითარებაში აღმართეს.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს, „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, “საქართველოს გენერალთა კლუბის” დირექტორმა, მალხაზ ჩიხლაძემ.

ჩვენი ორგანიზაციის აქტიურმა მოხალისემ, სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა ნანა გორგასლიძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართულია ორგანიზაციის საქმიანობაში და აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამები ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო, არამედ აუცილებელიცაა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, მუნიციპალიტეტების, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, გენერლები, ვეტერანები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები.

ცერემონია მუსიკალურად გააფორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო კაპელამ.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა გომბორის სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

მოხალისეთა ორგანიზაციამ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” 2025 წლის პირველი ნაკადი დღეს მიიღო, სწავლება კი ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, შეავსონ ელექტრონული ანკეტა და ჩაერთონ მოხალისეთა პროგრამაში.

პროექტის ფარგლებში მოხალისეები შეისწავლიან შემდეგ დისციპლინებს:

თვითგადარჩენა

საცეცხლე მომზადება

დრონების მართვა

პირველადი სამედიცინო დახმარება

საინჟინრო მომზადება

ტოპოგრაფია

კიბერუსაფრთხოება

მოსამზადებელი კურსის პერიოდში, მოხალისეები უზრუნველყოფილი იქნებიან – კონტეინერის ტიპის კომფორტული საცხოვრებლით, სამჯერადი კვებით, 24-საათიანი სამედიცინო ბრიგადის მეთვალყურეობით, ტერიტორიის ვიდეო მონიტორინგით, ტერიტორიაზე უფასო ინტერნეტითა და ტრანსპორტირებით.

თაობები სამშობლოს სადარაჯოზე!

სასამართლოს წარვუდგინეთ დოკუმენტაცია, რატომ უნდა ყოფილიყო ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული გირაო 50 000 ლარის ოდენობით – იყო მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე – პროკურორი

პროკურორ ნათია თათიაშვილის განცხადებით, პროკურატურამ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ნიკა მელიამ ნამდვილად ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც გამოიხატა მელიას მიერ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობაში.

შესაბამისი განცხადება პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის საკითხი. არსებობდა, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები, აღნიშნულის დასასაბუთებლად ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ დოკუმენტაცია, რატომ უნდა ყოფილიყო ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული გირაო 50 000 ლარის ოდენობით.

ფაქტობრივ საფუძვლებთან მიმართებით საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც გამოიხატა მის მიერ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობაში.

რაც შეეხება ფორმალურ საფუძვლებს, ამ შემთხვევაში ორ საფრთხეზე გვქონდა საუბარი, ეს იყო მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ორივე საქმესთან დაკავშირებით შუამდგომლობა მოსამართლემ გაიზიარა, შესაბამისად დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა”,- განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, თუ რას უპასუხებდა ნიკა მელიას კითხვას, საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რა კითხვითაც მელიამ მოსამართლეს და პროკურორს სხდომის მიმდინარეობისას მიმართა, პროკურორმა განაცხადა, რომ “ეს კითხვა ისმოდა მათი მხრიდან, თუმცა ეს არის მათი სუბიექტური შეფასება, რაც მიმართული იყო პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისკენ”.

“დღეს ნამდვილად არ ფასდებოდა საკითხი კომისიის ლეგიტიმაციაზე და კომისიის ჩამოყალიბების კანონიერებაზე. დღეს ფასდებოდა ბრალდებულის ქცევა, რომელიც გამოიხატა კომისიაში არ გამოცხადებით.

ის ფაქტი, რომ კომისია შექმნილია ლეგიტიმურად თუ არა ეს დღევანდელი სხდომის განხილვის საკითხი არ არის. აქვე დავძენ, რომ კომისია შესაბამისი წესების საფუძველზეა შექმნილი. განსაზღვრულია წევრთა რაოდენობაც და ტარდება საგამოძიებო სხდომებიც”,- განაცხადა პროკურორმა.

ინფორმაციისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.

როგორც პროკურორი ნათია თათიაშვილი საკუთარ შუამდგომლობაში აღნიშნავდა, მელიას მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. პროკურორის განმარტებით, ბრალდებული წარსულში აღნიშნული ქმედებებიდან გამომდინარე, გულგრილია კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.

ამასთან, პროკურორის განმარტებით, მათ ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობის შესწავლით დაასკვნეს, რომ 50 000-ლარიანი გირაო არის თანხა, რომლის გადახდასაც ნიკა მელია შეძლებს. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ გირაოს თანხის ოდენობას უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ფაქტორი, ამ შემთხვევაში 50 000-ლარის ოდენობით. გადახდის ვადად კი განესაზღვროს – 30 დღე.

შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, საგამოძიებო კომისია გადაქცეულია “პროპაგანდის ინსტრუმენტად”. ადვოკატის თქმით, ნიკა მელიას საჯაროდ დანაშაულიც არ ჩაუდენია, რადგან “არაკონსტიტუციური ორგანოს მოთხოვნა” ვერ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. ამასთან, როგორც გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, მიმალვის საფრთხე ჰიპოთეზურია. ადვოკატის თქმით, ნიკა მელიას წარსულში არანაირი კანონი არ დაურღვევია. მას წარსულში დაკისრებული გირაო ევროკავშირმა გადაუხადა, ამიტომ გირაოს დარღვევა არასდროს ყოფილა ნიკა მელიას მხრიდან. ამასთან, კონდახიშვილის თქმით, საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს. ადვოკატის მოთხოვნა იყო, რომ სასამართლოს ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა.

სასამართლო სხდომაზე ისაუბრა ნიკა მელიამაც, როგორც თავად მელიამ განაცხადა, ბრალდების მხარე, არც სიმართლეს არც მართლმსაჯულებას არ ემსახურება.

“ის რომ დღეს აქ ვარ, არ ნიშნავს, რომ გეთანხმებით. 50 000 გირაო უსამართლოა. ამას მე და არც ჩემი მეგობრები არ ვიღებთ. წულუკიანის კომისია თავიდან ბოლომდე არის უკანონო. როგორც მურუსიძის თანამშრომელმა, რა თქმა უნდა, ეს არ იცით. თქვენ არ ემსახურებით სიმართლეს, არც ღირსებას. მე საკუთარი თვალით დაგინახეთ, როგორ შედიოდით რესტორან “ბაბილოში”. კონსტიტუციის თანახმად, სავალდებულო მოთხოვნაა ე.წ. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრების ნახევარი მაინც უნდა იყოს ოპოზიციიდან, ხომ შეიძლება თქვენ მითხრათ ან პროკურორმა, 50 000 ლარის გადახდას მთხოვთ და ვერ მეუბნებით სახელს და გვარებს” , – მიმართა მელიამ მოსამართლეს.

ამასთან დაკავშირებით მოსამართლემ მელიას მიმართა, რომ დღევანდელ სხდომაზე არ განიხილება საგამოძიებო კომისიის საკითხი და არც ის ლეგიტიმურია თუ არა კომისია.

არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებულები და მოტივირებულები იმისთვის, რათა ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება – მიხეილ ყაველაშვილი

არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებულები და მოტივირებულები იმისთვის, რათა ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთში ქართველ ჟურნალისტებს.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ურთიერთობები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გამყარდება და გაგრძელდება.

„დავასრულე შეხვედრები. ჩემთვის, პრეზიდენტის რანგში, პირველი სტუმრობა იყო სომხეთის რესპუბლიკაში. მქონდა ჩემს კოლეგასთან, პრეზიდენტთან შეხვედრა, შემდეგ პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან. შევხვდი მის უწმინდესობას. დავათვალიერე სერგეი ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმიც.

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო პრეზიდენტთან, ჩვენ გვქონდა საუბარი სხვადასხვა დეტალზე და მინდა საზოგადოებას, ყველას მივმართო, რომ არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებული და მოტივირებული იმისთვის, რათა ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება.

როგორც მოგეხსენებათ, მანამდე აზერბაიჯანში ვიმყოფებოდი და იქაც ანალოგიური განწყობაა. როგორც მოგეხსენებათ, არსებობს სამმხრივი ფორმატი, სადაც ვმონაწილეობთ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, სადაც მიმდინარეობს საუბრები. ყველაზე გამოკვეთილი თემა, რა თქმა უნდა, არის სამშვიდობო პოლიტიკა. იცით ალბათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დასრულებულია მოლაპარაკება, ყველასთვის ნათელია, რომ ყველა ელოდება ხელმოწერას, რომ ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა დაისადგურებს. ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ხალხების ურთიერთობები, ხაზგასასმელი იყო ის, რომ თითქმის ერთ აზრზე ვართ ყველა ამ ქვეყნის ლიდერები, რომ ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. შემდეგ ენერგეტიკული თემა, ტურიზმი, კულტურული თემები, ეს ყველაფერი მოსდევს პოლიტიკურ სიმყარეს და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი არის პოზიტიური.

მიმაჩნია, რომ იქნება წარმატებული იმიტომ, რომ ვხედავ მზაობას ამ ქვეყნის ლიდერების. რა თქმა უნდა, ჩვენი განწყობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე რეგიონში არის ცნობილი, რომ ეს არის მშვიდობის გრძელვადიანი პროცესი, მას ალტერნატივა არ აქვს. რატომ გვინდა მშვიდობა? იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოებები იყვნენ უფრო წარმატებულები. იყოს უფრო მეტი კეთილდღეობა და მეტი გარანტიები თითოეული მოქალაქისთვის.

ეს ჩვენი ურთიერთობები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გამყარდება და გაგრძელდება“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

“კლიმატის გლობალური ცვლილების შედეგი: პირველად ბრიტანეთის ცის ქვეშ, ადგილობრივი ციტრუსების პლანტაციები ნაყოფს იძლევიან”-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „კლიმატის გლობალური ცვლილების შედეგი: პირველად ბრიტანეთის ცის ქვეშ, ადგილობრივი ციტრუსების პლანტაციები ნაყოფს იძლევიან“ (ავტორი – კლერ უოლში). „თითქოსდა დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: დიდ ბრიტანეთში სუბტროპიკული მცენარეების პლანტაციების გაშენებას იწყებენ“, – ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

დიდ ბრიტანეთში, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ციტრუსოვანი ხეები დარგეს ღია ცის ქვეშ, იმ იმედით, რომ შეცვლილი კლიმატის პირობებში, მცენარეები ნაყოფს მოისხამენ.

გაერთიანებული სამეფოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუნძულ უაიტზე, ტემპერატურა 5 გრადუსით მაღალია, ვიდრე ქვეყნის სხვა ნაწილებში.

როგორც წესი, დიდ ბრიტანეთში ციტრუსოვანები – ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, გრეიპფრუტი და სხვა ხეები მხოლოდ დახურულ სათავსოებში იზრდებიან (ორანჟერეებში), რადგან ზამთრობით დაბალ ტემპერატურაზე იყინებიან და ხმებიან.

მაგრამ ბოლო წლებში კორნუელის საგრაფოში იმდენად დათბა, რომ მებაღეებმა სითბოს მოყვარული სუბტროპიკული მცენარეების ღია გრუნტზე გაშენება გადაწყვიტეს და გასულ წელს პირველი მოსავალიც მოიწიეს.

როგორც გაი ბარტნერი, მებაღეობის სამეფო საზოგადოების კონსულტანტი „დეილი ტელეგრაფთან“ საუბარში ამბობს, „ინგლისელი ენთუზიასტები ადრეც ცდილობდნენ ციტრუსოვანი მცენარეების ღია გრუნტზე გაშენებას, მაგრამ მათი მცდელობა წარუმატებლად მთავრდებოდა, ახლა კი ისეთი რამ ხდება, რაც ისტორიას არ ახსოვს“.

მართალია, გლობალური დათბობა დიდი ბრიტანეთისათვის მთლიანობაში ზარალის მომტანია, მაგრამ სულ უფრო რბილი ზამთრის გამო ქვეყანაში შესაძლებელი ხდება ისეთი კულტურების მოყვანა, რასაც ადამიანი წარსულში ვერც კი წარმოიდგენდა – ყურძნის, გარგარის, ლეღვისა და სხვა სამხრეთული ხილის მოსავალი ზარალის გარკვეულ კომპენსაციას მოახდენს.

„რა თქმა უნდა, კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე ახლო მომავალში ჯერ კიდევ შეიძლება იყოს ცივი ზამთრები, რაც პრობლემებს შეუქმნის ციტრუსებს და სხვა სამხრეთულ მარადმწვანე მცენარეებს, მაგრამ კლიმატს ისეთი პირი უჩანს, რომ მალე ლიმონისა და მანდარინის პლანტაციებს ლონდონის ახლოსაც ვნახავთ“, – ამბობს გაი ბარტნერი.

ამჟამად ლონდონის ჩელსის ბაღში ღია გრუნტზე ხარობს მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით დარგული გრეიფრუტის ხე.

რაც შეეხება კუნძულ უაიტზე არსებულ რბილ ჰავას, მეცნიერთა აზრით, თუ ასე გაგრძელდება, რამდენიმე წელიწადში იქაური კლიმატი ხმელთაშუაზღვისპირა ჰავას დაემსგავსება.

უაიტის ბოტანიკური ბაღის „ვარტნორის“ მთავარი მებაღის უინ უილიამსის თქმით, გლობალური დათბობა უკვე აშკარად შესამჩნევია: „ადრე ვლაპარაკობდით, ახლა კი ფაქტებს ვხედავთ“. კუნძულზე უკვე რამდენიმე წელია კარგად ხარობს ზეთისხილი, არის ფინიკის პალმისა და ბანანის გაშენების მცდელობები.

როგორც ჯონ კერტისი – ბოტანიკური ბაღის დირექტორი – ამბობს, უაიტის მიკროკლიმატი შესაძლებლობას იძლევა ისეთი მცენარეები დაირგოს, რომლებიც ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და იაპონიის ფლორისთვისაა დამახასიათებელი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინას რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა მოუწევს – ფინეთის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიულ დათმობებს დათანხმდება, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუს დროს.

„მან [ტრამპმა] აღიარა, რომ უკრაინას, სავარაუდოდ, ტერიტორიულ კომპრომისებზე წასვლა მოუწევს, რაც ბრძოლის ველზე სიტუაციას ასახავს“, – განაცხადა სტუბმა.

მან აგრეთვე დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, უკრაინა წავა ტერიტორიულ დათმობებზე თუ არა, ფინეთი უკრაინულ ტერიტორიებს რუსულად არასდროს აღიარებს.

რა ეღირება დოლარი და ევრო 30 აპრილს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი – 2.7516 ლარი ეღირება, ევრო – 3.1305 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6827 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი – 2.7496 ლარი ღირდა, ევრო – 3.1227 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6682 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 აპრილს ამოქმედდება.

2024 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევას კვლავ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესი წარმოადგენდა -სუს-ის ანგარიში

2024 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევას კვლავ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესი წარმოადგენდა, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გასული წლების მსგავსად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, სხვა დესტრუქციულ აქტივობებთან ერთად, განაგრძობდა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის სამხედრო წვრთნას.

„2024 წელს უმნიშვნელოვანესი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ (ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე), რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თანამდევი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხებოდა და პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებდა.

ერთ-ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობის მიუხედავად, ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ რეგიონში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება გაატარა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული მექანიზმებისა და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გასათავისუფლებლად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას განაგრძობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE), ევროპის საბჭოს (CoE) და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლებთან“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

“ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი ნაბიჯების გადადგმით და არჩევნების გზით მიიღო და არა სხვა სახის ქმედებებით” -ირაკლი ქადაგიშვილი

x

ამ ქვეყანაში კანონები არსებობს, რომელებიც დემოკრატიულია, ამიტომ როცა გინდა, კანონის დარღვევა იმით გაამართლო, რომ რაღაც გეკუთვნის, რადგან ოპოზიციაში ხარ და რაღაცას აპროტესტებ, ეს ასე არ გამოვა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ კეთილი ინებოს და კანონის მიხედვით იმოქმედოს.

„„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი ნაბიჯების გადადგმით და არჩევნების გზით მიიღო და არა სხვა სახის ქმედებებით. ამიტომ ოპოზიციამ კეთილი ინებოს და გაითვალისწინოს, რომ კანონის დარღვევა და საბოტაჟის შენიღბვა რაღაც ლოზუნგებით გამართლებული არ არის და მიზანს ვერ მიაღწევენ. პროკურატურა კანონის მიხედვით მოქმედებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.