Home Blog Page 4

თიბისის კამპუსი –  ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა

თიბისი ზრდის განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ამჯერად, სტუდენტებისთვის, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა თიბისი კამპუსი დააარსა.

თიბისის კამპუსი სტუდენტებს ბიზნესის მიმართულებით სრულად დაფინანსებულ,  სხვადასხვა ონლაინ სასწავლო კურსებს სთავაზობს.

პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის.

შეარჩიეთ და 10 ოქტომბრის ჩათლით დარეგისტრირდით თქვენთვის სასურველი კურსზე:

  • ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები
  • მონაცემთა ანალიზი
  • გრაფიკული დიზაინი
  • UI/UX დიზაინი
  • მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება
  • სარეკლამო კონტენტის შექმნა
  • საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – SEO
  • ციფრული მარკეტინგი

კურსები, რომლებსაც თიბისის გუნდის და სფეროს სხვა სპეციალისტები გაუძღვებიან, სტუდენტებს საბაზისო ცოდნას აძლევს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

„თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა პრიორიტეტია. ტექსკოლის წარმატებული გამოცდილების შემდეგ, ახლა უკვე სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა შეარჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულება, მიიღონ ახალი გამოცდილება ან გაიუმჯობესონ ცოდნა თიბისი კამპუსში ბიზნესის და ტექნოლოგიების მიმართულებით“ – მაკუნა თავბერიძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

თიბისი კამპუსში სწავლა უფასოა, კურსებზე მისაღებად საჭიროა გაიაროთ 2 ეტაპიანი კონკურსი. რეგისტრაცია 26 სექტემბერს დაიწყო და 10 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

თიბისი კამპუსის ბიზნეს კურსების პარტნიორია „კოლაბი“.

(R)

“უკრაინა ცდილობს დონალდ ტრამპი თავის მხარეზე გადაიბიროს”-Time

ამერიკულ ჟურნალ „თაიმ“-ში (Time) გამოქვეყნებულია ცნობილი ჟურნალისტის საიმონ შუსტერის სტატია სათაურით: „უკრაინა ცდილობს დონალდ ტრამპი თავის მხარეზე გადაიბიროს“, რომელშიც განხილულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის ზოგიერთი ასპექტი, კერძოდ, დამოკიდებულება პრეზიდენტობის კანდიდატებთან.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

მსოფლიოს ბევრი ქვეყანა შეშფოთებით აკვირდება აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას, მაგრამ არცერთი ხალხისთვის არ არის ფსონები ისეთი მაღალი, როგორც უკრაინელებისათვის: კიევს ვაშინგტონის იმედი აქვს, უკრაინელებისათვის რუსეთთან ომის ბედი ამერიკაში წყდება. უკრაინის ლიდერები თვეობით იბრძვიან პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის გულის მოსაგებად. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამინდელ ვიზიტს აშშ-ში, გაეროს სესიის ფონზე, მის შეხვედრებს აშშ-ის მმართველი წრეების წარმომადგენლებთან, ხელი შეუწყო სამღვდელოებამ, მილიარდერებმა, მაღალი ანაზღაურების მქონე ლობისტებმა და თვით დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმაც ბორის ჯონსონმა…

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის პერიპეტიებით ჩანს, მის გარემოცვას მოლოდინები გაუცრუვდა. დელეგაციის ერთ-ერთი წევრის აღიარებით, „უკვე მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი.

ჩვენთვის ყველა შემთხვევაში სიტუაცია მძიმე იქნება“. მისი აზრით, კამალა ჰარისის გამარჯვებით ჯო ბაიდენის კურსი გაგრძელდება, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მრჩევლები რუსეთის მიმართ ძალზე ფრთხილს და გაუბედავს უწოდებენ. დონალდ ტრამპის გამარჯვება კი უკრაინელებისთვის დიდ რისკებსაც ნიშნავს და გარკვეულ შესაძლებლობებსაც.

„არის გარკვეული იმედები დონალდ ტრამპის მიმართ“, – ამბობს უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთი წევრი „თაიმთან“ საუბრის დროს (მან ანონიმად დარჩენა ისურვა საკითხის დელიკატურობის გამო), – რასაკვირველია, ჩვენ შეიძლება ვცდებით და ბოლომდე არ ვიცით მისი ჭეშმარიტი პოზიცია… შეიძლება მას დასავლელი მოკავშირეების პოზიციის დასუსტება სურს… მაგრამ აშკარაა, რომ ეს ომის ვიღაცამ უნდა შეაჩეროს. კამალა ჰარისი ომის შემჩერებელი ადამიანის როლისთვის ნამდვილად არ გამოდგება. თეორიულად დონალდ ტრამპს მართლად შეუძლია გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას“.
არადა, დონალდ ტრამპი, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ყოფნის დროსაც კი, თავის წინასაარჩევნო მიტინგებზე, უკრაინის პრეზიდენტს დაუზოგავად აკრიტიკებს, დასცინის, პოლიტიკურ „ვაჭრუკანას“ უწოდებს… მისი ასეთი ქცევა უკრაინელებს აკვირვებს: სულ ორიოდე თვის წინათ ამერიკელმა ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინელმა მოქმედმა პრეზიდენტმა ერთმანეთთან ტელეფონით ისაუბრეს, რომლის დროსაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინას. „აბა, მაშ როდის ამბობს დონალდ ტრამპი სიმართლეს?, – ასეთი კითხვა დასვა უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, – ჩვენ ამაზე პასუხი არ გვაქვს“.

ვოლოდიმირ ზელენსკი, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს აუცილებლად შეხვდება (უკვე ცნობილია, რომ შეხვედრა 27 სექტემბერს გაიმართება – რედ.) აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დაძაბული კამპანიის გათვალისწინებით, უკრაინელებისათვის ორივე კანდიდატთან და მათი გარემოცვის წევრებთან კონტაქტები აუცილებელია – როგორც დემოკრატებთან, ასევე რესპუბლიკელებთანაც.
ზოგიერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ცდილობს რა დონალდ ტრამპი უკრაინით დააინტერესოს, ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულზე, რესურსების სიმდიდრეზე, რომელიც შეიძლება ამერიკამ დაამუშაოს კონფლიქტის დასრულების შემდეგ. ჩრდილოეთ კაროლინელი სენატორი ლინდსი გრემი აღნიშნავს, უკრაინას ტრილიონობით დოლარის ბუნებრივი სიმდიდრე აქვს, რომლის გამოყენება ამერიკელებისთვისაც კარგი იქნება და უკრაინელებისთვისაც. ეს მან რამდენიმე თვის წინ კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა. თავის მხრივ, პრეზიდენტი სენატორის ნათქვამს ღიმილით შეხვდა, თავი აარიდა აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებზე საუბარს და დასძინა, რომ უკრაინა მოსკოვთან ომით არამარტო თვითონ იცავს თავს, არამედ დასავლეთსაც იცავს და ეს გარემოება ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

აშშ-ში ვიზიტის დროს, ორიოდე დღის წინათ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჭურვების დამამზადებელი სამხედრო ქარხანა დაათვალიერა ქალაქ სკრენტონში, პენსილვანიის შტატში. ერთი შეხედვით, თითქოსდა ამ ფაქტში ცუდი არაფერი არ უნდა იყოს, მაგრამ… ეს ის ქალაქია, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაიბადა და გაიზარდა. ანუ გამოდის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უპირატესობას დემოკრატებს აძლევს?

შედეგმაც არ დააყოვნა: დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკას მოუმატა და სწორედ ქარხნის მონახულების შემდეგ უწოდა მას „მსოფლიოს უდიდესი ვაჭრუკანა“. „როგორც ჩანს, ტრამპს ეწყინა. ალბათ, ჩვენც შევცდით, სამხედრო ქარხნები სხვა ქალაქებშიც ბევრია და მაინცდამაინც ჯო ბაიდენის მშობლიური ქალაქი არ ამოგვერჩია“, – აღიარა უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა.

მოკლედ, აშშ-ში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის მნიშვნელობა უკრაინისთვის ძალიან დიდი და საბედისწერო მნიშვნელობა აქვს. უკრაინის პრეზიდენტს განზრახული აქვს თავისი „გამარჯვების გეგმის“ მიმართ ამერიკელებში მხარდაჭერა მოიპოვოს. იგი უკვე შეხვდა ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს, მაგრამ ახლა მატავარია, როგორ დასრულდება მისი სეხვედრა „მტრულად განწყობილ მეგობართან“ – დონალდ ტრამპთან, რომელიც შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტი გახდეს.

წყარო:

ბაიდენთან ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ და თავად გამოიტანოს დასკვნები -ირაკლი კობახიძე

ბაიდენთან ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ და თავად გამოიტანოს დასკვნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს.

„რაც შეეხება გაუქმებულ მიწვევას, ვახშამზე, ხელის ჩამორთმევაზე, რომელიც იყო დაგეგმილი, ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი. ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს. გაბუტვა ბავშვური საქციელია. რაც შეეხება ხელის ჩამორთმევას, ერთი რამე უნდა იცოდეს საზოგადოებამ და გამოიტანოს დასკვნები – ამ ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, თუ რაც იყო, ბაიდენის მიწვევით ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი. იქ მიწვეული იყო 150-ზე მეტი სახელმწიფო ლიდერი, საიდანაც დაახლოებით ნახევარი არის ავტორიტარული, მათ შორის გაფორმებულად, კონსტიტუციურად არის ავტორიტარული. ავტორიტარულ ქვეყნებს იწვევენ და შენ გიუქმებენ მოწვევას, ამაზე გამოიტანოს საზოგადოებამ დასკვნები. მას შემდეგ, რაც გაუქმდა ბაიდენის ვახშამი, მათ შორის დავით ზალკალიანთან ერთად წავედით და ვივახშმეთ ქართულად“, – განაცხადა პრემიერმა.

გაერო-ში გამოსვლისას საუბარი იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს -პრემიერი

გაერო-ში გამოსვლისას საუბარი იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს.

„საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, ეს ყველამ კარგად იცის. რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს. გაერო-ში საუბარი იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთზე, ცხინვალის რეგიონზე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ომისა და მშვიდობის შედარება არის პრინციპული, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი -ირაკლი კობახიძე

ომისა და მშვიდობის შედარება არის პრინციპული, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, რადგან რაც არის გამოსახული სურათებზე, არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი.

„მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ ამ კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ საზოგადოებას ვახსენებთ იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს და ზოგადად რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2022, 2023 წელს და რა უნდა ავიცილოთ თავიდან, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

მიუღებელი არის ის, რაც ხდება უკრაინაში. რაც შეეხება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება ომისა და მშვიდობის შედარებას, ეს არის პრინციპული, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, რადგან რაც არის გამოსახული სურათებზე, არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ, სხვათა შორის ძალიან დიდი ბრძოლის ფასად. 2022-23 წლებში ჩვენს ქვეყანას ელოდებოდა იგივე ბედის გაზიარება ჩვენ რომ სწორი ნაბიჯები არ გადაგვედგა  და იმავეს აპირებენ ვიღაც ვიღაცები ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, თუ ღმერთმა არ ქნას და საზოგადოებამ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.

საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი. ძალიან ხშირად მათ შორის თქვენი ტელევიზიები, თქვენი პოლიტიკური პარტიები, თქვენი ენჯეოები იმას, რაც ხდება უკრაინაში წარმოაჩენენ რომანტიულად, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ამასაც აკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო და ქართველი ხალხი შეაგუოთ ომის იდეას, მაგრამ საქართველოში ომს და საქართველოში უკრაინული სცენარის განხორციელებას ვერ ეღირსებით, ვერც თქვენი მედია საშუალებები, ვერც თქვენი პარტიები და ვერც თქვენი ენჯეოები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს

საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა – 27 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში”, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის  მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნება.

მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში  ჩამოვიდა 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს-სექტორის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი ლიდერები ტურიზმის ინდუსტრიიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

მსოფლიო ტურიზმის  დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა”. ღონისძიების  ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სადისკუსიო პანელი. დისკუსიის მიმდინარეობისას სპიკერები იმსჯელებენ ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციებსა და ტრენდების შესახებ, ინდუსტრიის განვითარების პროცესში მშვიდობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება პრეზენტაციები და ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს  ხელს საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას. მსოფლიო ტურიზმის დღის მიმდინარეობას თბილისიდან წამყვანი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები გააშუქებენ.

2023 წლის გაზაფხულზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში აღნიშვნასთან დაკავშირებით. ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

აშშ-ში ქარიშხალ “ჰელენს” სამი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მძვინვარე ქარიშხალ „ჰელენს“ სამი ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისის თქმით, ერთი ადამიანი დაიღუპა იმ მიზეზით, რომ მის მანქანას საგზაო ნიშანი დაეცა. კიდევ ორი ადამიანი ჯორჯიის შტატში ტორნადოს ემსხვერპლა, რომელიც ქარიშხალმა განაპირობა.

აშშ-ის ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. ქარიშხალი ამერიკის სანაპიროს დღეს ღამე მიუახლოვდა. მას მეოთხე კატეგორია მიენიჭა.

არჩევნები საერთო საქმეა, ამ საერთო საქმეში ყველა ჩართულ მხარეს, მონაწილე პირს აქვს თავისი პასუხისმგებლობა -გიორგი კალანდარიშვილი

არჩევნები საერთო საქმეა და ამ საერთო საქმეში ყველა ჩართულ მხარეს, მონაწილე პირს აქვს თავისი პირდაპირი თუ ირიბი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“ განაცხადა.

„ეს პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ თვითონ ამომრჩევლის ინფორმირებულობა და ამ ინფორმირებულობის შედეგად შესაბამისი ქმედებების განხორციელება, აქტიურობა და ჩართულობა განაპირობებს იმას, რომ სიაში იქნება იქ, სადაც საკუთარი ქმედებით განახორციელებს გარკვეულ მოქმედებას. ზოგადად, უბნის ფორმირება ხორციელდება პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საარჩევნო უბანი იქმნება იმ კონკრეტულ საზღვრებში და ლოკაციის ფარგლებში რეგისტრირებულ პირთა მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის, რომ თუ ამომრჩეველმა, ან მისმა ოჯახის წევრებმა შეიცვალა რეგისტრაციის ადგილი, ადგილი ჰქონდა უძრავი ქონების გასხვისებას და სხვა ლოკაციაზე ხელახალი რეგისტრაციის განოხორციელებას, ან ოჯახის წევრების არგადაწერას, მათ მოახდინონ რეგისტრაცია შესაბამის ლოკაციაზე“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, ხშირად არის ხოლმე ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით საკითხების მიზანმიმართულად, მანიპულაციურად წარმოჩენა.

„რა თქმა უნდა, უპირატესი, ფუნდამენტური და კონსტიტუციური გახლავთ ის საკითხი, რომ ამომრჩეველმა უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და მას უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. თუ ამომრჩეველი არის უმისამართო, მას არ აქვს რეგისტრაციის მისამართი, ცხადია, ეს არ უნდა გახდეს ხელის შემშლელი გარემოება იმისთვის, რომ ამომრჩეველმა ვერ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ამიტომ, კანონმდებელმა, საგამონაკლისო წესით, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე განსაზღვრა წესი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი არჩევნებში მონაწილეობა. რაც მდგომარეობს იმაში, რომ თუ პირს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტში აქვს მითითებული – უმისამართო, 5 ოქტომბრის ჩათვლით თუ არ მიმართა სერვისების სააგენტოს, არ მოითხოვა სხვა მისამართზე რეგისტრაცია და ახალი მისამართის დაფიქსირება, სერვისების სააგენტო ბოლო რეგისტრაციის მიხედვით, რომელიც დაფიქსირებული იყო სააგენტოში, ამ ადგილზე მიაკუთვნებს და განსაზღვრავს მის არჩევნებში მონაწილეობის მიზნებისთვის რეგისტრაციის ადგილს, რაც არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს შესაბამის ჩაწერას იმ კონკრეტულ ლოკაციაზე სხვა მესაკუთრესთან. სამწუხაროდ, ჩვენ გვინახავს პრაქტიკაში შემთხვევები, როცა მესაკუთრე წუხს, რომ მან თითქოს აღმოაჩინა მის ოჯახში ჩაწერილი რამდენიმე უცხო პირი. რა თქმა უნდა, ამას შეიძლება, ჰქონდეს რამდენიმე ობიექტური მიზეზი, მათ შორის ერთ-ერთი – ჩემ მიერ დასახელებული. მესმის, რომ ამან შეიძლება, ბუნებრივი წუხილი გამოიწვიოს, როდესაც ამოწმებთ სიას და უცებ ნახულობთ, რომ რამდენიმე უცხო ადამიანია რეგისტრირებული თქვენ მისამართზე, თუმცა ეს ასე დავარქვათ მიწერა, არის საარჩევნო რეგისტრაცია არჩევნების მიზნებისთვის და ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს საკუთრებაში ჩაწერას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართა, 8 ოქტომბრის ჩათვლით გადაამოწმონ საკუთარი და ოჯახის წევრთა მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და უზუსტობის აღმოჩენის, ან დაზუსტების საჭიროების შემთხვევაში მიმართონ, როგორც ცესკო-ს ცხელ ხაზს და სხვა საკომუნიკაციო არხებს, ასევე სერვისების განვითარების სააგენტოს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, როგორც ერთიან საარჩევნო სიაში მონაცემების გადამოწმება, ასევე, შესაბამისი დოკუმენტის ვალიდურობის შემოწმება, პირადობის მოწმობის, ან პასპორტის უფლებამოსილების ვადებში არსებობა.

„ქართული ოცნების” წევრებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით გაიხსენეს

,,ქართული ოცნების” წევრებმა, სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით გაიხსენეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში. ადგილზე იმყოფებოდა მმართველი გუნდის ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუაც.

მდუმარე აქციაზე სანთლებით დაწერეს – „მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს”, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ენგურის ხიდთან გავიდნენ.

დღეს ჯვართამაღლებაა

27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს მსოფლიო ამაღლებას პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა – ჯვართამაღლებას.

ღვთის განგებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ, ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე – ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს.

რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმიდა ადგილების ხსოვნა, სადაც ევნო მაცხოვარი და დიდებით აღდგა. იმპერატორმა ადრიანემ (117-138) მიწით დააფარვინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი, შემდეგ კი ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე წარმართული ქალღმერთის, ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღამართვინა. კონსტანტინე დიდმა სასწაულებრივად ირწმუნა ქრისტე მას შემდეგ, რაც იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე იხილა ჯვრის ნიში წარწერით: „ამით სძლო!“. უფლის რჩეულმა ჯვრის ძალით მართლაც გამანადგურებელი დამარცხება აგემა წინააღმდგომებს, რის შემდეგაც არ ასვენებდა სურვილი იმ ძელის მოძიებისა, „რომელთა ზედა მაცხოვარმა ჴელნი განიპყრნა“. მან მოოხრებულ იერუსალიმში გაგზავნა დედამისი – კეთილმსახური დედოფალი ელენე, რომელსაც პატრიარქ მაკარისთან წერილიც გაატანა თხოვნით, ხელი შეეწყო წმიდა საქმისთვის. ნეტარი ელენე უკვე საკმაოდ მოხუცებული იყო, მაგრამ, ღვთის სიყვარულით აღძრული, ფრიად დაშვრა დიდი სიწმიდის ძიებაში. იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. ბოლოს უფალმა მხცოვანი იუდეველის, იუდას მეშვეობით გააცხადა დაფარული. იპოვეს მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი  – სამი ჯვარი, დაფა პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი წარწერით და ოთხი სამსჭვალი, რომლითაც ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე. რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველსმყოფელი ძელი უფლისა სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა. ურიცხვი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმიდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რომ ყველას შეძლებოდა მისი დანახვა.

მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად სიწმიდის ამაღლება დაიწყო, ხალხი კი ხადილით: „უფალო, შეგვიწყალენ“, კრძალვით თაყვანს სცემდა მას. წმიდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა. მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებისას იუდას კვირიაკე დაარქვეს. შემდგომში იგი იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა, იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას კი მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე (ხს. 28 ოქტომბერს).

წმიდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრებით შეამკო: ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა. კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული. 

ტროპარი

აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.

კონდაკი

რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგვანიჭე, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანაშემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი ყოვლადძლიერი.

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის პირველ ნახევარში სასიხარულო სიახლეები ძალას და ოპტიმიზმს შეგმატებთ. მოვლენების ცენტრში იტრიალეთ და უსმინეთ, რას ამბობენ თქვენ გარშემო. შესაფერისი დროა საყვარელ ადამიანებთან რთული საუბრისა და პარტნიორთან საკამათო საკითხების გარკვევისთვის. ამ დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილება ყურადღებით უნდა განიხილოთ. საღამოს სხვების საქმეებზე ზრუნვის ნაცვლად, აჯობებს საკუთარი საქმეები მოაწესრიგოთ.

კურო

რაღაც უჩვეულო მოვლენა გაიძულებთ, კომფორტის ზონა დატოვოთ და ახალი გამოცდილება შეიძინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი თავი გაახალისოთ – მაგალითად, პატარა საჩუქარი იყიდოთ. რთულ სიტუაციაში შეგიძლიათ დახმარებისთვის მეგობრებს მიმართოთ. ცდუნებას ებრძვით, რომ სახლისთვის მორიგი უსარგებლო ნივთი არ იყიდოთ, არადა ახლა ზედმეტი ხარჯი დაგჭირდებათ.

ტყუპები

დინამიკური და საინტერესო დღეა. მოვლენები სწრაფად იცვლება, ამიტომ ახალ გარემოებებთან შეგუება და ახალი გადაწყვეტილებების პოვნა მოგიწევთ. შესაძლოა, 27 სექტემბერს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს. დროა, მოიშოროთ ის, რაც გამძიმებთ და წინსვლასა და პოზიტიურად აზროვნებაში ხელს გიშლით. კომპიუტერთან მუშაობის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა თქვენი პირადი ინფორმაცია სხვებისთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს.

კირჩხიბი

რთული და საინტერესო დღე გელით. შექმნილი გარემოებების გამო ბევრი გადაადგილება და ბევრი პრობლემის სწრაფად მოგვარება მოგიწევთ. გირჩევთ, მომხდარს სხვა მხრიდან შეხედოთ და პრობლემის ახლებურად გადაჭრა სცადოთ. ნუ გადაიღლებით, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. ინტუიცია გკარნახობთ, როგორ შეათანხმოთ პირადი ამბიციები გარშემო მყოფთა სურვილებთან. გირჩევთ, დიეტის დაცვა დაიწყოთ და მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვები შეზღუდოთ.

ლომი

ამ დღეს უჩვეულო მოვლენები, ახალი ნაცნობები და ხელსაყრელი გარემოებები გელით. ეცადეთ, შემოსავლები სწორად გაანაწილოთ და გადასახადები დროულად გადაიხადოთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალი ბიზნესპარტნიორები შეიძინოთ ან გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ. რომანტიკული თავგადასავლებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ გირჩევთ, საყვარელ ადამიანთან შეხვედრა სხვა დროისთვის გადადოთ.

ქალწული

მშვიდი და წარმატებული დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ სულიერი კომფორტი და ჰარმონია იგრძნოთ. სამსახურში ყველაფერი მშვენივრადაა, სახლში, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაც გაბედნიერებთ. თუ არსებობს ადამიანი, რომელსაც გაუგებრობის ან სულელური მიზეზის გამო დაშორდით, გახსოვდეთ, რომ 27 სექტემბერი შერიგებისა და კომპრომისებისთვის ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ, შემოსავლები სწორად გაანაწილოთ და გადასახადები დროულად გადაიხადოთ.

სასწორი

ამ დღის ამოცანაა სამოქმედო სტრატეგიის შედგენა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, წვრილმანების დასრულებას სხვა დროსაც შეძლებთ. უარს ნუ იტყვით კოლეგების ან მეგობრების დახმარებაზე, რაც ახლა ძალიან გამოგადგებათ. თქვენი კომუნიკაბელურობის დამსახურებით ყველგან სასურველი სტუმარი ხართ, თუმცა ამ დღეს სტუმრებს თავად უნდა ელოდოთ.

მორიელი

დაიმახსოვრეთ იდეები, რომლებიც ამ დღეს მოგივათ. გირჩევთ, სანამ მოქმედებას დაიწყებთ, საკუთარი შესაძლებლობები შეაფასეთ და საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერისთვის გავლენიან ადამიანებს მიმართეთ. ერიდეთ კატეგორიულ განცხადებებს და ინდივიდუალურ მუშაობას, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. მაღაზიებში სიარული და დიდი შესყიდვები სამომავლოდ გადადეთ – შეიძლება ფული უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაგჭირდეთ.

მშვილდოსანი

გირჩევთ პრობლემის წარმოქმნისთანავე იმოქმედოთ და ახალი შანსებითა და შესაძლებლობებით ისარგებლოთ. მოწვევაზე უარს ნუ იტყვით – შესაძლოა, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან. ეცადეთ, ავტორიტარიზმის სურვილს გაუმკლავდეთ და გარშემო მყოფთა მიმართ უფრო დამთმობი გახდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, სრულიად მარტო დარჩეთ. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე და ფიზიკური აქტივობა გაზარდეთ.

თხის რქა

ნაჩქარევად მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ბევრი პრობლემა მოგიტანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პასუხის გაცემა არ იჩქაროთ და ყველა რისკი კარგად აწონ-დაწონთ. თქვენთვის მოსახერხებელი ტემპით და კარგად ნაცნობი ხერხებით უნდა იმუშაოთ – სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა. შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი განუყრელი მეგობარი გახდება.

მერწყული

ამ დღის მოვლენებმა შეიძლება თქვენი ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალოს. ეცადეთ, დრო აქტიურად გაატაროთ, ახალი ადგილები მოინახულოთ და საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. მცირე, თითქოს უმნიშვნელო საქმეების დასრულება დიდ დროს და ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ ისინი სამომავლოდ უნდა გადადოთ. ზოგადად, ეცადეთ, სერიოზულ და შრომატევად სამუშაოს ერიდოთ და არ გადაიღალოთ. ახალი იდეები ინტელექტუალურ და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებას მოგიტანთ

თევზები

წარმატებული და საინტერესო დღეა. ვარსკვლავების დახმარებით შეიძლება რთული და შრომატევადი საკითხები სწრაფად და ადვილად მოაგვაროთ. არ დაივიწყოთ იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ – მან შეიძლება შემოსავალი მოგიტანოთ. ოჯახში დაძაბული ატმოსფერო გიბიძგებთ, რომ საღამო მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

ექიმების რეკომენდაცია როცა იქნება, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში -რატი ბრეგაძე

ექიმების რეკომენდაცია როდესაც იქნება, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბრეგაძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„დანარჩენზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა. მე სიხარულით შემიძლია გამცნოთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესებულია. ადრეც გიკითხავთ და ახლაც გავიმეორებ, რომ ექიმების რეკომენდაცია როდესაც იქნება, აუცილებლად დაბრუნდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.