Home Blog Page 39

ჰააგის სასამართლომ 19 წლის პირს ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა საახალწლო დღესასწაულის დროს პოლიციელებისთვის პიროტექნიკის სროლისთვის

ჰააგის სასამართლომ 19 წლის პირს ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა საახალწლო დღესასწაულის დროს პოლიციელებისთვის პიროტექნიკის სროლისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდური მედია ავრცელებს.

სასამართლომ დაგმო ეს ქმედება, როგორც „უაღრესად საშიში“, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სამიზნე პოლიციის ოფიცრები იყვნენ, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას.

„პოლიციელების მიმართ ძალადობა, როგორც ჩანს, ნორმალურ მოვლენად იქცა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური“, – აღნიშნა პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელსაც მსჯავრდადებულმა პიროტექნიკა ესროლა.

“მამასავით მისანდობელი, სულისმიერი ადამიანია. გულში ჩაკონება იცის სხვანაირად…” – ეთერ თათარაიძე უწმინდესზე

4 იანვარი ჩვენი სულიერი მამის, საქართველოს პატრიარქის დაბადების დღეა. ის 92 წლის გახდა.

ფოლკლორისტი და პოეტი ეთერ თათარაიძე “პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ ჩვენს პატრიარქზე რამდენიმე ლექსი აქვს დაწერილი. იუბილარ უწმინდესზე კი თბილ სიტყვებს არ იშურებს.

ეთერ თათარაიძე: მე ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეს ვესწრები...

არ შემიძლია ვიფიქრო, რომ მას რაიმე სტკივა. გონებაში ასეთ რამეს არ ვუშვებ…

მე მჯერა მისი ხილვების და სიზმრების. ვარ ძალიან მშვიდად და მყუდროდ ამ ქვეყნად იმიტომ, რომ ამდენი ტკივილისა და განცდის მიუხედავად, მჯერა, რომ ის გამოსავალს ყოველთვის იპოვის. მისგან იმდენ რამეს ვარ მოსწრებული, რომ ამის მჯერა.

მაქვს მისადმი მიძღვნილი საკმაო რაოდენობის ლექსები. ერთადერთხელ გავბედე და ხმამაღლა წავუკითხე ერთი ლექსი, საპატრიარქოში ღამის ლოცვაზე მისულმა. რაღაც ვიდეო ჩანაწერი ვნახე. თორემ აღარც მახსოვდა, ასე რომ “ვითავხედე…” ტაში დაუკრა. გულში ჩაკონება იცის სხვანაირად.

მართლა მამასავით მისანდობელი, სულისმიერი ადამიანია. ჩვენი ხალხის სიბრძნესთან ვათანაბრებ.

ძალიან მადლიანია. მისგან ბევრს აქვს მადლი მიღებული.

მე მინდა მის ღვაწლს სწორად ვხედავდეთ. რამდენი უნდა გამოგვასწოროს?! ერთ ადამიანს ვერ ზრდის მთელი ოჯახი და ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა ჯაფა, რამხელა სულიერი წონასწორობა, ძალისხმევა სჭირდება ქვეყნის სულიერ გამოსწორებას?!..

 სლოვაკეთი უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდებას გააგრძელებს

სლოვაკეთი უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდებას გააგრძელებს. ამის შესახებ ჩეხურ მედიას სლოვაკეთის ელექტროსისტემების ოპერატორ კომპანია SEPS-ში განუცხადეს.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ისინი გეგმავენ, უკრაინის „უკრენერგოსთან“ არსებული კონტრაქტის პირობების შესრულებას. სლოვაკეთიდან მიღებულ ელექტროენერგიას კიევი რუსეთის დარტყმების შედეგად შეფერხებული ელექტრომიწოდების კომპენსირებისთვის იყენებს.

მანამდე, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ არ გამორიცხა 2025 წლის იანვრიდან უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის საპასუხოდ. სლოვაკეთის პრემიერის მხრიდან ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის მუქარაზე საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ „როგორც ჩანს, პუტინმა ფიცოს ბრძანება მისცა, უკრაინის წინააღმდეგ, სლოვაკეთის ხალხის ინტერესების ხარჯზე, გაეხსნა მეორე ენერგეტიკული ფრონტი“.

უკრაინამ რუსული გაზის ტრანზიტი პირველი იანვრიდან შეწყვიტა.

 უახლესი ისტორიის მანძილზე გადატანილი მრავალი ქარტეხილისა თუ განსაცდელს ჟამს, ქართული საზოგადოება სწორედ უწმინდესს – სულიერი სიმტკიცისა და შეუდრეკელობის სიმბოლოს შეჰყურებდა დიდი იმედით -ირაკლი ღარიბაშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„გულითადად ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაბადების დღეს!

განუზომელი და ფასდაუდებელია მისი უწმინდესობის ღვაწლი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირებაში, ქართველი ერის რწმენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში.

უახლესი ისტორიის მანძილზე გადატანილი მრავალი ქარტეხილისა თუ განსაცდელს ჟამს, ქართული საზოგადოება სწორედ უწმინდესს – სულიერი სიმტკიცისა და შეუდრეკელობის სიმბოლოს შეჰყურებდა დიდი იმედით.

ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, რათა ჩვეული სიბრძნით, სიმშვიდითა და სიყვარულით კიდევ მრავალი წელი უწინამძღვროს ქართულ ეკლესიას!“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაბადების დღეა – უწმინდესს 92 წელი შეუსრულდა.

ოლაფ შოლცმა ილონ მასკს ტროლი უწოდა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ამერიკელ მილიარდერს, ილონ მასკს ტროლი უწოდა.

„სოციალურ ქსელებში ბევრია, ვისაც ყურადღების მიპყრობა მკვეთრი ლოზუნგებით სურს. წესი ასეთია: ნუ კვებავ ტროლს“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა შოლცს სულელი უწოდა.

„როგორც სოციალ-დემოკრატები, ჩვენ შეჩვეული ვართ იმ ფაქტს, რომ არსებობენ მდიდარი მედიამეწარმეები, რომლებიც არ აფასებენ სოციალ-დემოკრატიულ პოლიტიკას და არც მალავენ თავიანთ მოსაზრებებს, მაგრამ ამ საკითხში ახალი არაფერია. უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე”, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიმართ ილონ მასკის მხარდაჭერის გამო გერმანიის კანცლერმა შეშფოთება გამოთქვა.

შოლცის თქმით, ამგვარ შეურაცხყოფაზე ბევრად უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მასკი მხარს უჭერს პარტიას, რომელიც პუტინის რუსეთთან დაახლოების მომხრეა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესუსტებას ცდილობს. ოლაფ შოლცის განცხადებით, საიდუმლო არ არის, რომ კომპანია „ტესლა“ გერმანიის ელექტრული დამტენი სადგურების მთავრობის მხრიდან დაფინანსების წინააღმდეგი იყო.

მანამდე „ველტის“ სტატიაში მასკმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა აღწერა, როგორც „ეკონომიკური და კულტურული კოლაფსის ზღვარზე“ მყოფი ქვეყანა და გააკრიტიკა იმიგრაციის, რეგულირებული ეკონომიკისა და განახლებადი ენერგიების გამო. „„ალტერნატივა გერმანიისთვის” ამ ქვეყნის იმედის უკანასკნელი ნაპერწკალია“, – დაწერა ილონ მასკმა.

მასკმა, რომელიც აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სპეციალურ მრჩევლად დანიშნა, ბოლო კვირებში რამდენიმე დამამცირებელი კომენტარი გააკეთა შოლცისა და გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიმართ. 20 დეკემბერს მაგდებურგში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მასკმა შოლცს – „არაკომპეტენტური სულელი“, შტაინმაიერს კი „ანტიდემოკრატიული ტირანი“ უწოდა. გერმანიის პრეზიდენტის ამგვარ დახასიათებას ოლაფ შოლცი არ ეთანხმება. „ფედერალური პრეზიდენტი არ არის ანტიდემოკრატიული ტირანი, გერმანია კი ძლიერი და სტაბილური დემოკრატიაა – მასკს შეუძლია, თქვას, რაც უნდა. გერმანიაში იმარჯვებს მოქალაქეთა ნება და არა ამერიკელი მილიარდერის აბდაუბდა განცხადებები“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

შოლცმა თქვა, რომ ის თავად შეხვდა „ტესლას“ ხელმძღვანელს ერთხელ, 2022 წლის მარტში, ელექტრომანქანების მწარმოებელი ქარხნის გახსნაზე ბრანდენბურგში და მოკლედ ესაუბრა.

მიხეილ სარჯველაძემ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა.

მინისტრი ბენეფიციარების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს გაეცნო.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ხანდაზმულებზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

„განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ ისინი თავიანთი დამსახურებებით, თავიანთი გავლილი ცხოვრებით, უზარმაზარია სითბო, რომელსაც ისინი გვჩუქნიან. მინდა, ყოველივე საუკეთესო, დღეგრძელობა, მტკიცე ჯანმრთელობა და, რა თქმა უნდა, ბედნიერება ვუსურვო თითოეულ მათგანს. აქ მყოფ ჩვენს დევნილ ბენეფიციარებს კი ვუსურვებ, რომ მალე აფხაზეთში ემასპინძლოთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრთან ერთად ხანდაზმულთა პანსიონატში მისი მოადგილე ირინე წაქაძე და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

“თქვენი ბრძნული წინამძღოლობა, სულიერი ძალით და სიყვარულით განმსჭვალული მოღვაწეობა იქცა სინათლედ, რომელმაც ჩვენი ხალხი ურთულეს, გამოწვევებით აღსავსე ათწლეულებში გამოატარა” – პრემიერი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

“თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენი ბრძნული წინამძღოლობა, სულიერი ძალითა და სიყვარულით განმსჭვალული მოღვაწეობა იქცა იმ სინათლედ, რომელმაც ჩვენი ხალხი ურთულეს, გამოწვევებით აღსავსე ათწლეულებში გამოატარა. დაე, კვლავ დიდხანს არ მოგვაკლდეს თქვენი ლოცვა-კურთხევა. გისურვებთ დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი მილოცვაში.

დარწმუნებული ვართ, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაცია საკუთარ პოლიტიკას გაატარებს, აუცილებლად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა -გურამ მაჭარაშვილი

დარწმუნებული ვართ, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაცია საკუთარ პოლიტიკას გაატარებს, აუცილებლად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, – ამის შესახებ პარტია „ხალის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ პატივი სცეს ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას, რომელმაც ტრამპი და მისი პოლიტიკა აირჩია.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვიყავით და ვართ პარტნიორული ურთიერთობის გადატვირთვისთვის ამერიკასთანაც და ევროკავშირთანაც. ეს პერიოდი აუცილებლად დადგება 2025 წელს, რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა საზოგადოებამ 26 ოქტომბერს და ამერიკულმა საზოგადოებამ 5 ნოემბერს. შესაბამისად, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებსა და კვირებში აუცილებლად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა.

რაც შეეხება ინდივიდუალურ ქმედებებს, ნაბიჯებს, ეს იქნება საკანონმდებლო ორგანოში თუ ცალკეული თანამდებობის პირების განცხადებები, რა თქმა უნდა, ეს აზიანებდა და აზიანებს პარტნიორულ ურთიერთობებს. ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილება შევა ძალაში და ტრამპის პოლიტიკა შეუდგება უკვე მოქმედი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას. ამასთან, გაატარებს იმ პოლიტიკისა, რომელიც ჩვენი და მსოფლიოს ინტერესებშიცაა, უკრაინაში ომი დასრულდეს, აშშ რომ არ ერეოდეს სხვა ქვეყნის პოლიტიკაში და ა.შ. დარწმუნებული ვართ, რომ ამის შემდგომ აუცილებლად მოხდება გადატვირთვა ამ ურთიერთობების.

მანამდე კი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველამ პატივი სცეს ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას, რომელმაც ტრამპი აირჩია პრეზიდენტად და არცერთი სხვა პირი ამერიკაში. ყველას ვთხოვთ, რომ პატივი სცენ უპირველესად ამერიკის საზოგადოების გადაწყვეტილებას და მიჰყვნენ იმ პოლიტიკას, რომელიც მიიღო ტრამპმა და რა პოლიტიკითაც ამერიკის საზოგადოებამ აირჩია თავისი პრეზიდენტი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

გვებრძვიან და გვიყენებენ საკუთარი ბრძოლის მოსაგებად, რომელიც თავად ჩიხში შეიყვანეს, ასე წააქეზეს უკრაინაც და დღეს მის პატრონობაზე უკვე ფეხს ითრევენ -დიმიტრი ხუნდაძე

ომს ანაცვალეს ყველა დემოკრატიული სტანდარტი და პატარა საქართველოს „მეგობრობის სახელით“ ბრძოლა გამოუცხადეს. მშვიდობის დამცველებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ ყველგან, სადაც კი მათი უშუალო ინტერესები იზღუდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს და კონგრესმენ ჯო უოლსონის მიერ სამ კონგრესმენთან ერთად კონგრესში ხელახლა დაინიცირებულ „მეგობრობის აქტს“ ეხმაურება.

ხუნდაძის თქმით, ქართველების ის მცირე ნაწილი, რომელსაც „გაღმიდან“ უმრავლესობას უწოდებენ, უნდა დაფიქრდეს და რეალობას თვალი გაუსწოროს.

„დაძაბულობის პიკში ასულ მსოფლიოს თუ ვერაფერი განმუხტავს, ის გადაიჩეხება. დღეს მსოფლიოს სწორედ იმ ნაწილში დგას უსამართლობის ზეიმი, რომელშიც კანონის უზენაესობა და სამართლიანობა მიმზიდველი იყო ბევრისთვის და, მათ შორის, ჩვენთვისაც.

ომს ანაცვალეს ყველა დემოკრატიული სტანდარტი და პატარა საქართველოს „მეგობრობის სახელით“ ბრძოლა გამოუცხადეს. მშვიდობის დამცველებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ ყველგან, სადაც კი მათი უშუალო ინტერესები იზღუდება.

ტრამპს აშშ-ში ესროლეს, ფიცო სლოვაკეთში ჩაცხრილეს, საქართველოს პრემიერი „გააფრთხილეს“. ზელენსკი, რომელმაც, მათივე თქმით, ომში ფული იშოვა, გმირად გამოაცხადეს და ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მშვიდობისთვის საკუთარი დახარჯა, დაასანქცირეს.

გერმანიაში პიროტექნიკით შეიარაღებული მომიტინგეები დამნაშავეები ყოფილან, საქართველოში კი – თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი. ვადაგასულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ლეგიტიმაცია საჩუქრად უბოძეს და არჩეულ პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს არჩევის წესი დაუწუნეს.

ქართველების ის მცირე ნაწილი, რომელსაც „გაღმიდან“ უმრავლესობას უწოდებენ, უნდა დაფიქრდნენ და რეალობას თვალი გაუსწორონ. საკუთარი ქვეყნის რყევით, პიროტექნიკით, „მოლოტოვის კოექტეილების“ სროლით, ლანძღვით და ვერც შარდის ბუშტის საჯაროდ დაცლით სამშობლოზე ვერ იზრუნებენ.

არც ვინმეს თქვენი დარდი არ აქვთ და არც ჩვენი ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება არ „ეპრიორიტეტებათ“. გვებრძვიან და გვიყენებენ საკუთარი ბრძოლის მოსაგებად, რომელიც თავად ჩიხში შეიყვანეს. ასე წააქეზეს უკრაინაც და დღეს მის პატრონობაზე უკვე ფეხს ითრევენ.

დაფიქრდით, თორემ თქვენთვისაც გვიან იქნება და უმრავლესობასაც გამოუსწორებელ შარში გახვევთ!“ – წერს ხუნდაძე.

ილია მეორეს ვულოცავ დაბადების დღეს, ვუსურვებ დღეგრძელობას ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ-შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

პაპუაშვილის თქმით, ურთულეს ეპოქაში ეკლესიას მშვიდი და ბრძენი მმართველი ჰყავს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ვულოცავ დაბადების დღეს. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ურთულეს ეპოქაში გვყავს ეკლესიის მშვიდი და ბრძენი მმართველი, რომლის ლოცვა და კურთხევა თან გვიძღვის ჩვენი ქვეყნის გაძლიერების და გამთლიანების გზაზე. ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობას ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მიგრაციის დეპარტამენტმა, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში, საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა.

სამინისტროს ცნობით, გაძევების პროცედურის ფარგლებში ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული საქართველოდან.

“შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ ირანის, ალჟირის, ინდოეთის, მაროკოს, შრი ლანკის, ეგვიპტის, პაკისტანის, ნიგერიის, ერაყის, თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქმენეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

გაძევებულ პირთა შორის, რომელთა მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში დაიწყო გაძევების პროცედურა, არიან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ და სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელი – ჯამში, 25 პირი. მათგან 10-მა მოქალაქემ უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია.

მიგრაციის დეპარტამენტმა, 2024 წლის მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 430 მოქალაქე გააძევა, რაც 126% -ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოა. მის მთავარ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ვულოცავ ჩვენს პატრიარქს იუბილეს, თქვენო უწმინდესობავ, ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში -მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს იუბილეს.

თქვენო უწმინდესობავ, ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი მართლმადიდებელი ეკლესიის და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და აღორძინებაში.

სამაგალითოა თქვენი ცხოვრების გზა ქართველი ერისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყნის გადარჩენის გზა ცდება პოლიტიკას და ხსნა სულიერებასა და სწორ ღირებულებებშია.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენ მაშინ აირჩიეთ ქრისტეს გზა, როცა ეკლესიას დევნიდნენ და თქვენი სიმტკიცით, რწმენით, სიმშვიდით და კაცთმოყვარეობით შეძელით ერში რწმენა და მადლი გაგემრავლებინათ.

თქვენი დაუღალავი მოღვაწეობა ქვეყნის და ეკლესიის წინაშე გვაძლევს ძალას, მყარად ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უფლის და თქვენი ლოცვის იმედით.

თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ მხნეობას და დღეგრძელობას!

მჯერა, თქვენი ლოცვა შეგვეწევა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გზაზე“, – ნათქვამია მილოცვაში.