Home Blog Page 39

დარწმუნებული ვარ, ილჰამ ალიევთან შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას -ირაკლი კობახიძე

დარწმუნებული ვარ, რომ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

„საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ფარგლებში მქონდა პატივი, შევხვედროდი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი დიალოგი ორმხრივი და რეგიონული მნიშვნელობის ძირითად საკითხებზე. ხაზი გაესვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას“, – აღნიშნავს პრემიერი.

მილიონ 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას და წავიდა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც მოღალატე, გამყიდველი აგენტურა წარმოადგენს -კახა კალაძე

ოპოზიციის წარმომადგენლები გაგიჟებულები არიან და ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ ქვეყანას, ვითომ არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ის შედეგი ვერ მიიღო, რასაც ელოდა, რის შემდეგაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

„ყველაფერი ძალიან მარტივია. სიყალბეა და გარედან მოწოდებული მესიჯები იყო, თითქოს არჩევნები გაყალბდა. უნდა ეაქტიურა „გაფარჩაკებულ“, გაუბედურებულ ოპოზიციას, რადგან დამარცხდნენ. გარე ძალებმა ვერ მიიღეს ის შედეგი, რასაც ელოდებოდნენ. გაგიჟებულები არიან და ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ ქვეყანას, ვითომ არჩევნები გაყალბდა. 300 000 ხმაზეა საუბარი, წარმოგიდგენიათ?! ამ დროს მათ ვეუბნებით, რომ წარმოადგინონ ერთი, კონკრეტული მტკიცებულება, ფაქტი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ არსებობს ბუნებაში. არჩევნების არანაირი გაყალბება არ მომხდარა. „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეულად გაიმარჯვა. 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას და წავიდა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც მოღალატე, გამყიდველი აგენტურა წარმოადგენს. პროკურატურამაც ჩაატარა გამოძიება და გაყალბების არანაირი ფაქტი არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველმაც ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არჩევნების შესაძლო გაყალბების ვერანაირი მტკიცებულება ვერავინ წარმოადგინა.

ვერანაირი მუქარა, სანქციები და შანტაჟი ვერ შეგვაშინებს – ქვეყნის ინტერესი არ ითმობა -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო თვეების განმავლობაში ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც უსამართლობაზეა დაფუძნებული.

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბრიტანული მხარის მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზეა საუბარი.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ისეთ განცხადებებსა და იმ ტიპის გადაწყვეტილებებს ვისმენთ, რომლებიც უსამართლობაზეა დაფუძნებული. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც გადაწყვეტილება დაფუძნებულია სიცრუეზე – პირდაპირ გვეუბნებიან თეთრზე, რომ შავია. ვხედავთ, თუ რა ვითარებაა მთელ მსოფლიოში. 20 იანვრის შემდეგ, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, ამის იმედი აქვს ყველას. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი თავად საუბრობს ამ ყველაფერზე, რომ პირველი, რასაც გააკეთებს, ე.წ. დიფ სთეითის დამარცხებაა. ამაზე არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რადგან წარმოუდგენელია, ცხოვრების ამგვარი უსამართლობით გაგრძელება, როდესაც ძალით არის ყველაფერზე საუბარი და გადაწყვეტილებების მიღება. თუ იცავ შენს ქვეყანას და მის ინტერესს, მაშინვე ბევრ სისულელეს მოიგონებენ ხოლმე, შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და იღებენ არასამართლიან გადაწყვეტილებებს. არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს ბრიტანეთმა, თუმცა თუ მიიღებენ, ეს ძალიან ცუდი იქნება. ის, რომ ბრიტანეთი ყოველთვის სამართლიანობასთან ასოცირდებოდა, ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე – ხომ არ არის პოლიტსაბჭოს მძაფრი რეაქციის მიზეზი ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორულ კომპანიებს ფლობს, თბილისის მერი პასუხობს, რომ საქართველოს ინტერესები, სხვა რომელიმე ქვეყნის სასარგებლოდ, არ ითმობა.

„ოფშორული კომპანიები რა შუაშია?! ადამიანს აშანტაჟებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ ქვეყნის ინტერესები დაეთმო. აშანტაჟებდნენ პირადი თანხებით. იცით, რომ დავა მიმდინარეობდა შვეიცარიის სასამართლოში. მან ეს დავა მოიგო, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თანხას არ უბრუნებდნენ – აშანტაჟებდნენ, რომ გადაედგა შესაბამისი ნაბიჯი, რომელსაც შემდეგ მისი დასანქცირება მოჰყვა. საბოლოო ჯამში, დაინახეს, რომ ქვეყნის ინტერესი არ ითმობა. ვერანაირი მუქარა, სანქციები და შანტაჟი ვერ შეგვაშინებს, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, საქართველო და ქართველი ხალხი გამოიყენონ რომელიმე სხვა, დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. უკრაინა საქართველოში ვერ განმეორდება და ვერ მოხდება. ჩვენ დავიცავთ ხალხს, ქვეყანას და მოვახდენთ მის ეკონომიკურ განვითარებას“, – განმარტა დედაქალაქის მერმა.

მურუსიძე ვინ იყო, საერთოდ არ ვიცოდი, ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა, რადგან სასამართლო არ იყო არაფრის ცენტრი -მიხეილ სააკაშვილი

მურუსიძე ვინ იყო, მე მაშინ საერთოდ არ ვიცოდი, ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, სასამართლო არაფრის ცენტრი არ იყო და ორიენტირებული იყო ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე.

„იმ ცხრა წელსა და ამ უბედურ 12 წელს შორის განსხვავება არის ის, რომ მაშინ ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვიყავით პოზიტივზე – ეს გაიხსნა, ეს გაკეთდა, ეს ახალი პროგრამა შევქმენით. ესენი ორიენტირებული არიან იმაზე, რომ ყველაფერი გადასულია პოლიტიკური პროცესით – ე.წ. სასამართლოს დერეფნებში, დარბაზებში. იძახიან ხშირად, მურუსიძე სააკაშვილის დროსაც იყო. მურუსიძე ვინ იყო, მე მაშინ საერთოდ არ ვიცოდი, ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა. რატომ არ მქონდა გაგონილი? რადგან სასამართლო არ იყო არაფრის ცენტრი. სასამართლო იყო სადღაც იქ, სხვათა შორის. ცხოვრების ცენტრი იყო სულ სხვა რაღაცაზე ორიენტირებული, ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იანვრის ბოლოს საქართველოს ვეწვევი, რათა ქვეყანა 2025 წლის მსოფლიო მშვიდობის სამიტისთვის მოვამზადო -კიმბერლი ლოუ

იანვრის ბოლოს ვეწვევი საქართველოს, როგორც მსოფლიო მშვიდობის სამიტის თანაორგანიზატორი, რათა მოვამზადო ქვეყანა 2025 წლის სამიტისთვის,- ამის შესახებ ამერიკის რეკომენდებული კანდიდატი ევროკავშირში, კიმბერლი ლოუ სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მსოფლიო სამშვიდობო სამიტი უმასპინძლებს რამდენიმე ძალიან ისტორიულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხელს შეუწყობს საქართველოს ერთიანობისა და მსოფლიო უსაფრთხოების, მათ შორის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხს.

კიმბერლი ლოუმ საქართველოში ვიზიტის რამდენიმე მიზანს გაუსვა ხაზი.

“ჩემი ვიზიტის მიზანი:
1. გაიმართოს პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრები საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებთან, ბიზნეს სექტორის, პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.
2. განვიხილოთ საქართველოში ინიციირებული ყოველწლიური სამშვიდობო ფორუმისა და სხვა რეგიონალური სამშვიდობო ინიციატივების არსებული შედეგები.
3. მოვითხოვოთ საქართველოს მასპინძლობა ისტორიული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რამდენიმე დღის განმავლობაში (კონკრეტული დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი)”,- აღნიშნავს აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წევრი.

მშვიდობის მსოფლიო ფორუმის თანაორგანიზატორი საქართველოში აცხადებს, რომ ის და მისი გუნდის წევრები იმუშავებენ და მოამზადებენ საჭირო ლოგისტიკურ და ორგანიზაციულ საკითხებს.

“საქართველოში მშვიდობის მსოფლიო ფორუმის პირველ პრეზენტაციაზე მოწვეულნი იქნებიან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სხვა მსოფლიო ლიდერები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, მთავრობის წევრები/წარმომადგენლები შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, სამხრეთ ამერიკიდან. საქართველოს, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ აზიისა და ავსტრალიის მეზობელი ქვეყნები მსოფლიო წარმომადგენლობით”,- წერს კიმბერლი ლოუ.

https://www.facebook.com/kimberlyloweforvirginia/posts/pfbid02bek4XDTD6vzUHBtbu7NWHiNMSbo2L9U5U5A8roJDC5sEwWpYvYGBj7EGgUnJSXCtl

“ვერაგული დარტყმა ზურგში” საქართველოსათვის: ბერლინი თბილისზე სავიზო ზეწოლას ახორციელებს”-Berliner Zeitung

გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ვერაგული დარტყმა ზურგში“ საქართველოსათვის: ბერლინი თბილისზე სავიზო ზეწოლას ახორციელებს“ (ავტორი – ნიკოლას ბუტილინი). „გერმანიის ფედერალური მთავრობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ოპოზიციის საპროტესტო აქციების გათვალისწინებით, გადამწყვეტი ზომების მიღებას ცდილობს და განზრახული აქვს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი შეაჩეროს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გაუქმება ემუქრებათ: ამ კავკასიურ სახელმწიფოში მიმდინარე რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციების კვალობაზე გერმანიის მთავრობა ევროკავშირთან იხილავს საკითხს შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზოდ გადაადგილების უფლების შეწყვეტის შესახებ. თუ ევროკავშირი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება შოკი საქართველოს მოსახლეობისათვის, რომლის რიცხოვნობა 3,7 მილიონს აღწევს.

როგორც ევროპარლამენტის დეპუტატი BSW-ის ჯგუფიდან (Bündnis Sahra Wagenknecht – სარა ვაგენკნეხტის ალიანსი) ანდრე ხუნკო ამბობს თავის წერილში, გერმანიის ფედერალური მთავრობა არ გამორიცხავს უვიზო რეჟიმის შეწყვეტას ქართველებისათვის. ოლაფ შოლცის მთავრობამ უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა თავისი კონტაქტები ოფიციალურ თბილისთან და მმართველ პარტიასთან. მიუხედავად იმისა, რომ „შემზღუდავ-დამსჯელი“ ზომები უპირველეს ყოვლისა მიმართული უნდა იყოს საქართველოს სამთავრობო აპარატის მიმართ, ბერლინში და ბრიუსელში იხილავენ უვიზო რეჟიმის „სრული შეჩერების შესაძლებლობას“ ქვეყნის მთელი მოსახლეობისათვის.

სანიმუშო ქვეყნიდან დასანქცირებულ მტრამდე

უკანასკნელ 20 წელიწადში საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთ-ერთი ლიდერი ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით. სამხრეთკავკასიურ ქვეყანას 2009 წლიდან ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს როგორც „აღმოსავლური პარტნიორობის“, ისე ასოცირების შეთანხმებით. გარდა ამისა, 2017 წლიდან ქართული ბიომეტრიული პასპორტების მფლობელებს უფლება აქვთ უვიზოდ იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში. ეს ერთგვარი „გადატრიალება“ იყო საქართველოს – თითქმის ბავარიის ტოლი ფართობის მქონე ქვეყნისათვის, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

საქართველო ოფიციალურად ითვლება ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნად 2023 წლის დეკემბრიდან, მაგრამ ბრიუსელმა თბილისთან მოლაპარაკება გასულ ზაფხულს შეაჩერა – ამ გადაწყვეტილების მიზეზს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური აგენტების კანონი“ წარმოადგენდა, რომლის თანახმად, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედიის წარმომადგენლები, რომლებიც დაფინანსების 20%-ს უცხოეთიდან იღებენ, ვალდებულების არიან ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირდნენ. ამას მოჰყვა საპროტესტო აქციები საზოგადოებიდან და ძალადობა სამართალდამცველებისგან. კანონის მოწინააღმდეგეების აზრით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლების ანალოგიურად მოქმედებს – სწორედ მსგავსი კანონებით გააუქმა კრემლმა ბოლო 15 წელიწადში რუსული ოპოზიციური ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.

„ცეცხლზე ნავთი დაასხა“ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადებამ 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების მიზნით მოლაპარაკების შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, ბრიუსელიდან თბილისი საბიუჯეტო სუბსიდიებს აღარ მიიღებს. ევროკავშირის წარმომადგენლები „ქართულ ოცნებას“ ასევე მწვავედ აკრიტიკებენ გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებში დაშვებული დარღვევების გამო, თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ არჩევნებზე ნეგატიური გავლენა სწორედ ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა მოახდინა. დასკვნა: ძალიან მცირე დროის განმავლობაში ქართულ-ევროპული ღრმა პარტნიორობა გადაიქცა მწვავე დაპირისპირებად ევროპულ ისტებლიშმენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის.

ანდრე ხუნკო ქართველებისათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინააღმდეგია და ამბობს, რომ გერმანიამ ასეთი ქმედება უნდა შეწყვიტოს: „იმის ნაცვლად, რომ გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველოს მთავრობასთან გონივრული და პრაგმატული ურთიერთობა ააწყოს, ბერლინი ევროკავშირის დესტრუქციულ კურსს ატარებს რეჟიმის შესაცვლელად… ევროკავშირის ანტიქართული სანქციები ზიანს მიაყენებს არა იმდენად საქართველოს მთავრობას, რამდენადაც ქვეყნის მოსახლეობას“, – ამბობს BSW-ის საპარლამენტო ჯგუფის წევრი.

უვიზო რეჟიმის დასასრული – შოკი ქართველებისათვის

საქართველოს მოსახლეობისათვის ვიზა-ლიბერალიზების შეწყვეტა შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება იქნება. როგორც დავით გარსიაშვილი – პროევროპულად განწყობილი თბილისელი –  ამბობს „ბერლინერ ცაიტუნგთან“ საუბარში, მსგავსი ზომებით დაზარალდებიან არა იმდენად სამთავრობო ჩინოვნიკები და სახელისუფლებო სტრუქტურების თანამშრომლები, არამედ რიგითი მოქალაქეები: „განსაკუთრებით 30 წლამდე ასაკის მქონე ახალგაზრდები, პროევროპულად განწყობილები, რომლებიც პარიზის, რომისა და ბერლინის დათვალიერებას ვერასოდეს ვეღარ შეძლებენ“.

თუ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს შეაჩერებს, ეს გამოიწვევს საქართველოს მოსახლეობის მიგრაციის გაზრდას დასავლეთის ქვეყნებში. დავით გარსიაშვილი შიშობს, რომ „ვიზა-ლიბერალიზების შეწყვეტით ქართველი ახალგაზრდები საბოლოოდ წავლენ უცხოეთში და ჩვენთან, ქვეყანაში, ძალიან ცოტანი დარჩებიან“. ქართული საზოგადოების წარმომადგენელთა აზრით, მსგავსი ზომებით ევროკავშირი თავის გავლენას საქართველოში, განმტკიცების ნაცვლად,  უფრო დაკარგავს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ყველაფერს გავაკეთებ, რათა საქართველო დავიხსნა, ახლა არ არის კეკლუცობის დრო, საჭიროა მეტი მიწოლა -მიხეილ სააკაშვილი

მე არ დავნებდები, ყველაფერს გავაკეთებ, რათა საქართველო დავიხსნა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ახლა არ არის კეკლუცობის, ურთიერთანგარიშსწორების ან ერთმანეთზე გაკვრით ლაპარაკის დრო. მისივე განცხადებით, „საჭიროა უფრო მეტი მიწოლა, ორგანიზებულობა და ერთიანობა“.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს უბედურება დასრულდეს. მე არ ვცნობ არც ამ სასამართლოს, არც გამოძიებას. ბუნებრივია, რომ არ ვცნობ, რადგან ეს არის თეთრი კონვერტების სასამართლო და გამოძიება, მაგრამ მე ვცნობ ქართველ ხალხს და მის სუვერენიტეტს, უკრაინელ ხალხს და მის სუვერენიტეტს, უკრაინის, რომლის ამაყი მოქალაქე ვარ. ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. მე ვგმობ ყველანაირ პოლიტიკურ ძალადობას. მათ შორის ქორიძისა და გახარიაზე თავდასხმას, მანამდე ლევან ხაბეიშვილზე, უამრავ სხვა ადამიანზე. გოგონა აჩვენეს ტელევიზიით, რომელსაც მუცელი მოეშალა პოლიციის ძალადობის შედეგად. ასეთი უბედურებები ხდება. ამიტომ, ცოტაც უნდა გავძლოთ და უფრო მაგრად უნდა მივაწვეთ. ახლა არ არის დრო კეკლუცობის, ურთიერთანგარიშსწორების ან ერთმანეთზე გაკვრით ლაპარაკის და ა.შ. უფრო მეტი მიწოლა, კიდევ მეტი ორგანიზებულობა, კიდევ მეტი ერთიანობა და ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ კრიმინალურ სინდიკატს, რომელმაც ხელში ჩაიგდო თითოეული ქართველის ბედი. საქართველო გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს. დიდება ჩვენს გმირებს, დიდება ყველას, ვინც აგრძელებთ ბრძოლას თბილისის ქუჩებში, ყველგან, სადაც თავისუფლების ბედი წყდება, სადაც იმ იდეალისტების ბედი წყდება, რომელთაც გაბედეს და თავის დროზე ჯერ კიდევ ააფრიალეს დროშა, რომ საქართველო უნდა იყოს თავისუფალი და წარმატებული. საქართველო იქნება თავისუფალი და წარმატებული, ყველანი ვიქნებით ამ წარმატების ნაწილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არნახული საყოველთაო გაფიცვა გაიმართა.

ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში – ამომრჩეველთა 54%-მა მხარი დაუჭირა “ქართულ ოცნებას” -კახა კალაძე

ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში, ამომრჩეველთა 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ რიშის განცხადებას, რომ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი არიან და იმედი აქვთ, რომ ქართველი ხალხი აიღებს კონტროლს.

„ეს ადამიანი ყოველთვის გამოირჩევა სიცრუით, სიყალბით. რაც შეეხება კონტროლს, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში, ამომრჩეველთა 54%-მა, 1 200 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, მხარი დაუჭირა მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას; ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმ ბოროტებას, რომელსაც ქადაგებს პატივცემული; უთხრა „არა“ იმ სიყალბეს, რომელსაც ქადაგებს კონკრეტული ადამიანი; უთხრა „არა“ წარსულს, რომელთა მხარდაჭერით ხდებოდა ის, რაც ხდებოდა ქვეყანაში ცხრა წლის განმავლობაში. მათი უშუალო მხარდაჭერით ხდებოდა ის ბოროტება ქვეყანაში, რასაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას. მერწმუნეთ, ყველა ურთიერთობა დალაგდება, ძალიან ბევრი რამე შეიცვლება. ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში და უფრო საინტერესო იქნება 20 იანვრის შემდგომი პერიოდი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აზერბაიჯანი და საქართველო იქნებიან ის კავშირი, ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის -ილჰამ ალიევი 

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ „შუა დერეფნის“ პროექტზე, აზერბაიჯანი და საქართველო იქნებიან ის კავშირი, ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ალიევის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა.

„პირისპირ შეხვედრაზე ვისაუბრეთ დაკავშირებადობაზე და „შუა დერეფნის“ პროექტზე. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ და პარტნიორები არიან. ჩვენი ჩართულობა რეგულარულია და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება. ბუნებრივია, ამ პროექტში მჭიდრო კავშირები უნდა შევინარჩუნოთ სხვა ქვეყნებთან სამეზობლოში, ეს მოიცავს ფართო გეოგრაფიას. ბუნებრივია, აზერბაიჯანი და საქართველო იქნებიან ის კავშირი, ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის.

ჩვენ წარმატებულად ვახორციელებთ ამას და ვიცი, რომ ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა ფართოვდება საქართველოშიც, ისევე როგორც აზერბაიჯანში. განსაკუთრებით ეს შეეხება გაციფროვნებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაციფროვნებას. ამდენად, ეს ძალისხმევა პარალელურად მიმდინარეობს ორივე ქვეყანაში და იმ ერების საკეთილდღეოდ, რომელსაც წარმოვადგენთ. ჩვენ ვართ უცილობელი პარტნიორები და ძალიან ფასეული სერვისები შეგვიძლია, შევთავაზოთ სხვებსაც. ჩვენ ბევრი რამის მიღწევა მოვახერხეთ, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ამას გაფართოებულ ფორმატში განვიხილავთ. თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა თქვენი ძმობის, მეგობრობის რანგში. გვახარებს თქვენი წარმატება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში გვახარებს ეს წარმატება -ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს მიმართა

თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში გვახარებს ეს წარმატება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო დაკავშირებადობა და შუა დერეფნის პროექტი.

„პირისპირ შეხვედრისას ვისაუბრეთ დაკავშირებადობასა და შუა დერეფნის პროექტზე. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ და პარტნიორები არიან. ჩვენი ჩართულობა რეგულარულია და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ ამ მიმართულებებით. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებული იქნება. ბუნებრივია, ამ პროექტში ჩვენ მჭიდრო კავშირი უნდა შევინარჩუნოთ სხვა ქვეყნებთან სამეზობლოში და ეს მოიცავს ფართო გეოგრაფიას. აზერბაიჯანი და საქართველო იქნება ის კავშირი და ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ამას და ვიცი, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ფართოვდება საქართველოშიც, ისევე როგორც აზერბაიჯანში. განსაკუთრებით ეს შეეხება გაციფროვნებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაციფროვნებას. ეს პარალელურად მიმდინარეობს ორივე ქვეყანაში, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. ჩვენ ვართ ძლიერი პარტნიორები და ძალიან ფასეული სერვისები შეგვიძლია შევთავაზოთ სხვა ქვეყნებსაც.

ჩვენ ბევრი რამის მიღწევა მოვახერხეთ, რასაც გაფართოებულ ფორმატში განვიხილავთ. აქვე მინდა დავამატო, რომ თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში გვახარებს თქვენი წარმატება, გისურვებთ მომდევნო წარმატებებს მომავალშიც“, – აღნიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

გოგა ხაინდრავა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს ღია წერილით მიმართავს

გოგა ხაინდრავა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა“

ათი მცნება

მედიასივრცეში შემთხვევით წავაწყდი საჯარო განცხადებას, შემდეგი წინათქმით:

„მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია, მით უფრო, თუ ეს მოქალაქეები ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში იბრძვიან თავისი სამოქალაქო უფლებების და უკეთესი მომავლისთვის“.

ინფორმაციის წყარო − „მთავარი არხი“ (6 იანვარი 2025 წ. 22:44).

არ შევაჩერებდი ყურადღებას, რომ არა ერთი გარემოება. აღმოჩნდა, რომ ეს არის ამონარიდი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილის საშობაო მილოცვიდან. როდესაც ვკითხულობდი ამ მილოცვას, ჩემდა უნებურად გონებაში ამომიტივტივდა მეცხრე მცნება, რომელიც ამ წერილის სათაურში მაქვს გამოტანილი.

მიტროპოლიტო გრიგოლ!

თქვენს „საშობაო მილოცვაში“ ბრძანებთ:

„დღეს, საქართველოში, ჩვენ თვალწინ იბადება ახალი საზოგადოება“.

საინტერესოა, რომელი ახალი საზოგადოების დაბადებას გულისხმობთ, მღვდელმთავარო?
იმ საზოგადოების, რუსთაველის გამზირზე, მჩხიბავების მიერ ნემსებით დაჩხვლეტილი ცოცხალი ადამიანის ფიტულის, უფლის გამოსახულებით შემკულ კუბოში, საშობაო ნაძვის ხის ქვეშ დაწვას აღტაცებული ტაშით რომ ეგებება?! თუ იმ, ჩვენ თვალწინ დაბადებული ახალი საზოგადოების, შობის კვირაში, ქაშვეთის ეკლესიის წინ, ქალის ჭრელ ტანსაცმელში გამოწყობილი წვერებიანი მამაკაცის თავდავიწყებული როკვით რომ ერთობა?! თუ იმ ყმაწვილი ქალების გუნდს გულისხმობთ, ახალდაბადებულ საზოგადოებაში, უშვერი ბილწსიტყვაობით გაჯერებულ სიმღერას რომ გაჰკივიან სახალხოდ ქუჩებში, შობის მარხვაში, და ამით იწონებენ თავს?! ან იქნებ იმ ახალდაბადებულ საზოგადოებას, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ლანძღვა-გინებისას დუჟი რომ ადგათ პირზე?! თუ იმ, ლგბტ-ატრიბუტიკაში გახვეულ ახალდაბადებულ საზოგადოებას გულისხმობთ, ევროპელ მამათმავალ პოლიტიკოს-პროპაგანდისტებს, ანტისახელმწიფოებრივ მიტინგებზე ოვაციებს რომ უწყობენ?! იმათ ხომ არა, მღვდელმთავარო გრიგოლ, რესტორნებში და სასტუმროებში, სტუმრებს კერძების შარდით და ნერწყვით შეკაზმვას რომ უქადიან?!

სხვა, მშობიარობის ჭინთვები, ახალი საზოგადოების დაბადების პროცესის მანიშნებელი, ანდა მშობიარეთა გულშემატკივრების თავყრილობები, თბილისის ქუჩებში თუ სრულიად საქართველოში არ შეიმჩნევა! იქნებ თქვენს ეპარქიაში ხდება რაიმე განსხვავებული და ჩვენ ეს გამოგვრჩა?

„მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია, მით უფრო, თუ ეს მოქალაქენი ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში იბრძვიან თავისი მოქალაქეობრივი უფლებების და უკეთესი მომავლისთვის…“ − ბრძანებთ თქვენს საშობაო მილოცვაში, მიტროპოლიტო გრიგოლ.

საინტერესოა, თქვენთან ერთად კიდევ ვის მიაჩნია (მილოცვაში მრავლობით პირში ბრძანებთ, იმიტომ ვკითხულობ), რომ „მოლოტოვის კოქტეილის“, პიროტექნიკის, ქვების, ნავთით, წყლით და ქვიშით სავსე ბოთლების პოლიციელებისთვის მიზანმიმართულად სროლა, მათ მიმართ ძალადობა, მათი ცოცხლად დაწვის მცდელობა და დასახიჩრება! პარლამენტის შენობის შტურმი! სახელმწიფო და კერძო ქონების განადგურება, ქუჩებში მანქანების დაწვა და თბილისის ცენტრალური გამზირის გავერანება! დაშვებულია კონსტიტუციის ფარგლებში და მოქალაქეობრივი უფლებებისთვის და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას ნიშნავს! ქართველი პოლიციელები კი, ქვეყნის მოქალაქეების კატეგორიას არ განეკუთვნებიან?!

იქნებ თქვენ, მვღდელმთავარო, ან იმ ადამიანებმა, რომლებსაც ერთნაირად მიგაჩნიათ, მიგვითითოთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში, კონკრეტულად რომელი მუხლები გულისხმობენ და განსაზღვრავენ, იმ ვანდალური აქტების განხორციელების უფლებას, რომლის მოწმენი გავხდით ჩვენ თბილისის ქუჩებში, ახალი საზოგადოების მშობიარობის პროცესში.

„ადამიანის ღვთივბოძებული თავისუფალი ნების ჩახშობისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა არის ძალადობა ადამიანის მიმართ. ადამიანის თავისუფალი ნების მიმართ ხელშეუხებლობა კი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ქრისტიანული აზროვნების, ამასთანავე, წარმმართველი პრინციპი უძველესი ქართული კულტურის“, – აღნიშნავთ თქვენს საშობაო მილოცვაში, მიტროპოლიტო გრიგოლ.

შეუძლებელია არ დაეთანხმო, მღვდელმთავარო, თქვენს ამ მოსაზრებებს. თუმცა იმის გაფიქრებაც კი, რომ თქვენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარს, მიგაჩნიათ, რომ იმ ბარბაროსულ აქტებს, დაბადების პროცესში მყოფი ახალი საზოგადოების წარმომადგენლები – „ღვთივბოძებული თავისუფალი ნების და ქრისტიანული აზროვნების, ამასთანავე, უძველესი ქართული კულტურის წარმმართველი პრინციპებით“ შთაგონებულები სჩადიოდნენ?! წარმოუდგენელია!

„ქრისტიანული მრწამსი ჩვენ გვავალებს, რომ ამ პრინციპების უგულებელყოფის შემთხვევაში ხმა ავიმაღლოთ და ვამხილოთ კიდეც ძალადობა!“ – სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ, მიტროპოლიტო გრიგოლ!

მე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წევრი, მოკრძალებით მოგმართავთ თხოვნით, მიტროპოლიტო გრიგოლ, გაგვარკვიოთ, როგორ მიგაჩნიათ, ახალი საზოგადოების დაბადების პროცესში, ვის მიერ და რა შემთხვევაში იყო „უგულებელყოფილი ქრისტიანული მრწამსის პრინციპები“?

რათა ჩვენც, თქვენი კურთხევით, ხმა ავიმაღლოთ და ვამხილოთ ძალადობა!

ქრისტესმიერი მორჩილებით,
გიორგი ხაინდრავა“.

პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მივეცი ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, ის ამას იკვლევს -ჯო უილსონი

მე პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მივეცი ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, ის ამას იკვლევს,- ამის შესახებ „რესპუბლიკელმა კონგრესმენმა“, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა განმა განაცხადა.

უილსონის თქმით, შთაგონება არის ქართველი ხალხი, რომელიც მშვიდობიან პროტესტს აგრძელებს და ითხოვს სამართლიან, თავისუფალ არჩევნებს.

„ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მტკიცედ იდგებიან ქართველი ხალხის გვერდით. მე თვითონ ძალიან მოხარული ვარ, რომ ვავრცელებ ინფორმაციას საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შესახებ. ისევ და ისევ, ჩვენ გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში. ნამდვილად არსებობს მსგავსება, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოს ოჯახი თავად გამოიქცა კომუნისტური ქვეყნიდან. მას კარგი აღქმა აქვს იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მასზე უკეთესი სახელმწიფო მდივანი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების წასახალისებლად ვერ გვეყოლებოდა. იგივეს ვიტყვი, დონალდ ტრამპზე, რომელიც ის ადამიანია, ვისაც მთელ მსოფლიოში სურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

მე პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მივეცი ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ის, ამას იკვლევს, მაგრამ გავიმეორებ, ჩვენ შთაგვაგონებს ქართველი ხალხი, რომელიც მშვიდობიან პროტესტს აგრძელებს და ითხოვს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. პრეზიდენტ ტრამპისთვის პრიორიტეტია, რომ მსოფლიოს ქვეყნები ატარებდნენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საკუთარი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ჯო უილსონმა, რომლის კომენტარსაც „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.